განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N160100118002488469
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
ბოლნისის რაიონული სასამართლო
საქმე №1/127-18 17 ივლისი 2018 წელი ქ. ბოლნისი
(გამოძიების N019210518002)
მოსამართლე: თეა ლეონიძე
სხდომის მდივანი: თამთა ჩულუხიძე
სხდომის სახე: ღია
ბრალდების მხარე:
პროკურორი: გიორგი ძიძიგური
დაცვის მხარე:
ადვოკატი: ვალერიან ასპანიძე
ბრალდებული: ე-----–----------
მამის სახელი: ამზა
დაბადებული: 15.11.1968 წელი
მოქალაქეობა: თურქეთის მოქალაქე
პასპორტის ნომერი: U13058230
განათლება: საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლობა: ნასამართლეობის არ მქონე
რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თურქეთის რესპუბლიკა, ქ.კონია, ოტუჯის ქუჩა N30
თარჯიმანი: ნაზი ბიძინაშვილი
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. ე-----–----------მა ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 21 მაისს, დაახლოებით 18:30 საათზე, ბოლნისის რაიონის სოფელ ნახიდურში, ნ----- დ-----ის კუთვნილ შპს ,,ტყავის“ შენობაში, ვალთან დაკავშირებით მომხდარი შელაპარაკებისას, ე-----– კ--------მა სახის, გულმკერდისა და კისრის არეში რამდენჯერმე დაარტყა მუშტები ნ----- დ-----ს, როგორც აღნიშნული შპს-ს შენობაში, ისე შენობის ეზოში, რის გამოც ნ----- დ-----მა ყველა შემთხვევაში განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2.1. ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის N003672418 დასკვნის თანახმად პირადი გასინჯვის მონაცემებით (23.05.2018წ) ნ----- დ-----ს აღენიშნება ნაჭდევი ზედა ტუჩზე მარჯვნივ, სისხლჩაქცევები გულმკერდის გარეთა ზედაპირზე მარჯვნივ და კისრის მარცხენა გარეთა ზედაპირზე. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.
დაზარალებული ნ----- დ-----ის, მოწმეების: სევათ ბილგეს, ადილ ისმაილოვის, ჯალალ ჯალალოვის, ელვარ ნაბიევის, სარმაია ახვერდიევას, ფარვანა იდრისოვას, ხატირა მამედოვას, გულნარა ჯაფაროვა გამოკითხვის ოქმებით, 2018 წლის 22 მაისის დათვალიერების ოქმით, 2018 წლის 6 ივნისის ამოცნობის ოქმებით, ნ----- დ-----ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობით დასტურდება, რომ აღნიშნული დაზიანებები ნ----- დ-----ს განზრახ მიაყენა ე-----– კ--------მა.
3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
3.1. ბრალის დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და ფაქტები არ გამხდარა მხარეთა მიერ სადავოდ და შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, წარმოადგენს პრეიუდიციას. ამდენად, სასამართლოს დასკვნა ე-----–----------ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა ბრალდებულ ე-----–----------ის აღიარებითი ჩვენებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, კერძოდ: დაზარალებული ნ----- დ-----ის, მოწმეების: სევათ ბილგეს, ადილ ისმაილოვის, ჯალალ ჯალალოვის, ელვარ ნაბიევის, სარმაია ახვერდიევას, ფარვანა იდრისოვას, ხატირა მამედოვას, გულნარა ჯაფაროვა გამოკითხვის ოქმებს, 2018 წლის 22 მაისის დათვალიერების ოქმს, 2018 წლის 6 ივნისის ამოცნობის ოქმებს, ნ----- დ-----ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობას, სამედიცინო ექსპერტიზის N003672418 დასკვნას.
სასამართლო სხდომაზე არ მომხდარა ე-----–----------ის სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებების გამოკვლევა, რადგანაც მხარეთა მიერ არ გამხდარა ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სადავო. სასამართლომ მოახდინა მხოლოდ მათი შეფასება. მტკიცებულებათა შეფასება მეტად რთული პროცესია. ამ დროს ხდება როგორც ფსიქოლოგიური, ასევე ლოგიკისა და სამართლებრივი კრიტერიუმების მეშვეობით მოსამართლის მიერ აღქმული ინფორმაციის გადამუშავება, გაანალიზება. სწორედ ამ პროცესის შედეგად სასამართლოს გამოაქვს მნიშვნელოვანი დასკვნები მტკიცებულებებში ფიქსირებული ინფორმაციის სხვა მტკიცებულებებთან, აგრეთვე არსებულ რეალობასთან შესაბამისობის თაობაზე. დასკვნები კი უშუალოდ აისახება იმ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სახით, რომლებიც საფუძვლად ედება გადაწყვეტილების მიღებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიერ გაკეთებული დასკვნა ყალიბდება არა მხოლოდ მტკიცებულებათა შეჯერებით, არამედ შეჯერებული ინფორმაციის შეფასებით არსებულ რეალობასთან მიმართებით.
4. სამართლებრივი შეფასება:
4.1 სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია, ე-----–----------ის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულების ჩადენა.
4.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
4.3. საქმეზე არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ ე-----–----------მა ნ----- დ-----ის მიმართ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.
5.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადექვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდებული ე-----–----------ი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას.
5.3. საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე. სასამართლომ გაითვალისწინა დანაშაულის ჩადენის მოტივი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ბრალდებულის პიროვნება, მისი ოჯახური და ეკონომიური მდგომარეობა და აღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით, მიიჩნევს, რომ ბრალდებულ ე-----–----------ს სასჯელის სახით უნდა დაენიშნოს ჯარიმა - 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, რაც სრულად უზრუნველყოფს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 20-ე, 255-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ე-----–---------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000(ორი ათასი) ლარის ოდენობით.
ჯარიმის გადახდაზე კონტროლი დაევალოს შესაბამის სააღსრულებო ბიუროს.
გაუქმდეს ე-----–----------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
განაჩენი ბრალდების მხარის და მსჯავრდებულის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: თეა ლეონიძე