გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 19.07.2018
საქმის ნომერი
170310018002480393
კატეგორია
დავის ტიპი
რეესტრის ჩანაწერებთან დაკავშირებით
თარიღი
19.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 170310018002480393

საქმე № 3/29-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი:

 

19 ივლისი, 2018 წელი ქ. თეთრიწყარო

 

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო

მოსამართლე ბადრი ნიპარიშვილი

 

სხდომის მდივანი - რუსუდან გურჩიანი

 

მოსარჩელე - ირ---------------ა

წარმომადგენლები - ად--–---------------უ, გო----------------–---–ი

მოპასუხე - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

წარმომადგენელი - კა----------------–--ე

დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ქმედების დავალდებულება

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. საჩელი:

 

1.1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის (შეჩერების) შესახებ 2018 წლის 12 აპრილის #8-------------- გადაწყვეტილება;

1.1.2. ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის (შეჩერების) შესახებ 2018 წლის 3 მაისის #8-------------- გადაწყვეტილება (დაზუსტებული მოთხოვნა);

1.1.3. ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 4 მაისის #1----- გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;

1.1.4. ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 6 ივნისის #8-------------- გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ (დაზუსტებული მოთხოვნა);

1.1.5. დაევალოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა და ირ---------------ას მიერ წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე წა-–--ს მუნიციპალიტეტის სოფელ წი-–------–ი მდებარე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია.

 

1.2. სარჩელის საფუძველი:

 

1.2.1. წა-–--ს მუნიციპალიტეტის სოფელ წი-–------–ი მოსარჩელის ოჯახი (მა---------------ი და ირ---------------ა) ფლობდა და სარგებლობდა 8010 კვ. მ. მიწის ნაკვეთით, რომელიც გადაეცა საკუთრებად და 1999 წლის 20 დეკემბერს გაიცა მიწის (უძრავი ქონების) საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობა - განაცხადის #18325, საკადასრო კოდი - 8------------ აღნიშნულ მიწის ნაკვეთს ამჟამად ფლობს მოსარჩელე, მა---------------ი კი გარდაიცვალა. 2018 წლის 4 აპრილს მოსარჩელემ მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვეს სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ზემოაღნიშნულ მიწის ნაკვეთზე ცვლილებების რეგისტრაცია. 2018 წლის 12 აპრილის #8-------------- გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა იმ მიზეზით, რომ სააღრიცხვო ბარათსა და საკადასტრო რუკაზე არ ფიქსირდება რეგისტრატორის ხელმოწერა და ბეჭედი, შესაბამისად ვერ დგინდება აღნიშნული საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე რეგისტრაციის დასრულების ფაქტი. მიწის ნაკვეთზე გაცემული იყო რეგისტრატორის ხელმოწერილი და ბეჭედდასმული მიწის (უძრავი ქონების) საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობა, რაც იძლეოდა საფუძველს მომხდარიყო ცვლილების რეგისტრაცია და რაც წარდგენილი იქნა მხარის მიერ სააგენტოში. აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრდა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, რომელმაც საჩივარი არ დააკმაყოფილა, ასევე შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება.

 

1.2.2. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხის მიერ დარღვეულია მისი საკუთრების უფლება, ვინაიდან მას რეგისტრირებული ჰქონდა საკუთრება, მასზე მონაცემები დაცული იყო საჯარო რეესტრის არქივში და თუ ის სრულყოფილად არ იყო შევსებული ამის გამო არ უნდა შეილახოს მისი საკუთრების უფლება, მას გააჩნია სააღრიცხვო ბარათი, რომელზეც დატანილია ხელმოწერაც და ბეჭედიც.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა სარჩელს მხარი არ დაუჭირა და ითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, იქიდან გამომდინარე, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დაცულ დოკუმენტზე არ აღინიშნება ხელმოწერა და ბეჭედი, ასევე შემოსავლების სამსახურის წერილში, სადაც მითითებულია ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთი, მისი დანიშნულება მითითებული არ არის და არ წარმოადგენს რეგისტრაციისათვის საკმარის სამართლებრივ საფუძველს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. 2018 წლის 4 აპრილს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განცხადებით მიმართა ირ---------------ამ და მოითხოვა წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე მდებარე წა-–--ს მუნიციპალიტეტი, სოფელი წი-–----ო. (განცხადების რეგისტრაციის #8-----------). განცხადებას თან ერთვოდა: წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ად--–---------------უს პასპორტის ასლი, საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, მიწის (უძრავი ქონების) საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობა, რომელიც გაცემულია 1999 წლის 20 დეკემბერს და რომლის თანახმად, სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის, საკადასტრო კოდით: 8------------, 8010,71 კვ.მ. (დაზუსტებული) მესაკუთრეა მა---------------ი. დოკუმენტზე აღინიშნება რეგისტრატორის ხელმოწერა და ბეჭედი. ასეთივე სააღრიცხვო ბარათი დაცულია საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, რომელზეც არ აღინიშნება რეგისტრატორის ხელმოწერა და ბეჭედი. საარქივო ცნობის მიხედვით, ქვემო ქართლის რეგიონულ არქივში დაცულ წა-–--ს რაიონის წი-–----ოს სასოფლო საბჭოს წი-–----ოს 1964-1966 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად ჩაწერილია მა---------------ი აზ----ს ძე, კომლის შემადგენლობაში ირიცხება: ირ---------------ა ფი-–------ის ასული - ცოლი; 1967-1970 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად ჩაწერილია მა---------------ი აზ----ს ძე, კომლის შემადგენლობაში ირიცხება: ირ---------------ა ფი-–------ის ასული - ცოლი, ლე---------------ვ მა----ს ძე - შვილი, ჟუ-–---ა ტე--------ა მა----ს ასული - შვილი (გადახაზულია, გარდაიცვალა 10.12.69 წ.); 1971-1973 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად ჩაწერილია მა---------------ი აზ----ს ძე, კომლის შემადგენლობაში ირიცხება: ირ---------------ა ფი-–------ის ასული - ცოლი, ლე---------------ვ მა----ს ძე - შვილი, გეორგიი ტე-------- მა----ს ძე - შვილი (გადახაზულია, გარდაიცვალა 1971 წლის 27 ნოემბერს); 1973-1975 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად ჩაწერილია მა---------------ი აზ----ს ძე, კომლის შემადგენლობაში ირიცხება: ირ---------------ა ფი-–------ის ასული - ცოლი, ლე---------------ვ მა----ს ძე - შვილი, მა----–-ნ ტე-------- მა----ს ძე - შვილი (გადახაზულია, გარდაიცვალა 1975). შემოსავლების სამსახურის წერილის თანახმად, მა---------------ის სახელზე მითითებულია მიწის ნაკვეთი 5184,92 კვ. მ. საკადასტრო კოდით: 8------------

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- განცხადება თანდართული დოკუმენტებით - იხ. ს.ფ. 59-64;

- საარქივო ცნობა - იხ. ს.ფ. 75-76;

- საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობა - იხ. ს.ფ. 13;

- სააღრიცხვო ბარათი (№18325, თარიღი: 20.12.1999 წ.) და საკადასტრო რუკა - იხ.ს.ფ. 55-57;

- შემოსავლების სამსახურის პასუხი - იხ. ს.ფ. 17.

 

3.1.2. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 12 აპრილის #8-------------- გადაწყვეტილებით შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება. განმცხადებელს განემარტა, რომ წარსადგენია უხარვეზო უფლების დამდგენი დოკუმენტი ან უნდა დაზუსტდეს მოთხოვნა, ვინაიდან სააღრიცხვო ბარათსა და საკადასტრო რუკაზე არ ფიქსირდება რეგისტრატორის ხელმოწერა და ბეჭედი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 12 აპრილის #8-------------- გადაწყვეტილება - იხ. ს.ფ. 21;

 

3.1.3. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 3 მაისის #8-------------- გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა. განმცხადებელს კვლავ განემარტა, რომ წარსადგენია უხარვეზო უფლების დამდგენი დოკუმენტი ან უნდა დაზუსტდეს მოთხოვნა, ვინაიდან სააღრიცხვო ბარათსა და საკადასტრო რუკაზე არ ფიქსირდება რეგისტრატორის ხელმოწერა და ბეჭედი, ხოლო შემოსავლების სამსახურის #21-02-1/3985 და 21-02-1/22297 წერილების თანახმად, ირ--ა და მა---------------ების სახელზე ირიცხება 5184, 3394, 2563 და 2699 კვ. მ. ფართები, თუმცა სიაზე არ არის დაფიქსირებული მიწის ნაკვეთის დანიშნულება (სასოფლოა თუ არასასოფლო).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 3 მაისის #8-------------- გადაწყვეტილება - იხ. ს.ფ. 77;

 

3.1.4. 2018 წლის 24 აპრილს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს №2-------- საჩივრით მიმართა ირ---------------ას წარმომადგენელმა ად--–---------------უმ და მოითხოვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 12 აპრილის #8-------------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღება;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2018 წლის 24 აპრილის საჩივარი - იხ. ს.ფ. 22-24;

 

3.1.5. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 4 მაისის #1----- გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა იმავე საფუძვლებზე დაყრდნობით;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 4 მაისის #1----- გადაწყვეტილება - იხ. ს.ფ. 25-29;

 

3.1.6. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 6 ივნისის #8-------------- გადაწყვეტილებით შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება, ვინაიდან სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი/ინფორმაცია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ - იხ. ს.ფ. 78;

 

3.2. საქმეში სადაო ფაქტობრივი გარემოებები არ მოიპოვება.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი დასკვნა:

 

საქმის მასალების გაცნობის, მხარის ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, ,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონი.

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

სასამართლო ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებები წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მათი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონისა და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

6.2. ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონი განსაზღვრავს საჯარო რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივ საფუძვლებს, საჯარო რეესტრის მწარმოებელი ორგანოს – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) უფლება-მოვალეობებს.

 

აღნიშნული საკანონმდებლო აქტის მე-2 მუხლის „თ“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ რეგისტრაცია არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილების, გეოგრაფიული ობიექტების, მათი კომპლექსებისა და ნაწილების ნუმერაციის და მათ შესახებ მონაცემების, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სავალდებულო სარეგისტრაციო მონაცემების, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემთა აღრიცხვა შესაბამის რეესტრში, რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით. ამავე მუხლის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოება არის სააგენტოს საქმიანობა რეგისტრაციის მიზნით.

 

ზემოაღნიშნული ნორმების განმარტებიდან გამომდინარე, რეგისტრაციის მიზნით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საქმიანობა წამოადგენს სარეგისტრაციო წარმოებას, რაც ხორციელდება მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებით.

 

,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,კ” ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. ამავე კანონის მე-8 მუხლის თანახმად კი, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

 

ამდენად, მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ სარეგისტრაციო წარმოების განხორციელების საფუძველს წარმოადგენს სარეგისტრაციო დოკუმენტი - სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას მოცემული კანონის შესაბამისად. ამასთან, მარეგისტრირებელი ორგანო, ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე. ისინი პასუხისმგებელნი არიან მხოლოდ რეგისტრირებული მონაცემებისა და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. ამავე კანონის მე-5 მუხლის თანახმად, საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემთა მიმართ მოქმედებს უტყუარობის პრეზუმფცია, ვიდრე ისინი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად არ იქნება ცნობილი.

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციის (მოთხოვნის დაკმაყოფილების) შესახებ, თუ არ არსებობს რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლები.

 

მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს სარეგისტრაციო წარმოების შეჩერებისა და შეწყვეტის გადაწყვეტილებები, რომელსაც საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ მარეგისტრირებელ ორგანოში დაცულია სააღრიცხვო ბარათი (განაცხადის რეგისტრაციის №18325, თარიღი: 20.12.1999 წ.), რომლის თანახმად, მა---------------ი არის წა-–--ს რაიონში, სოფელ წი-–------–ი მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრე. სააღრიცხვო ბარათზე დატანილი არ არის რეგისტრატორის ხელმოწერა და ბეჭედი. იგი საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დაცულია ასლის სახით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ 1999 წლის მდგომარეობით საქართველოში მოქმედ ,,მიწის რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მიწისა და სხვა უძრავი ქონების პირველადი რეგისტრაცია ხდება სარეგისტრაციო ბარათის შედგენით ამ კანონისა და ყველა სხვა იმ ნორმატიული აქტის მოთხოვნათა შესაბამისად, რომლებითაც განისაზღვრება ამ ქონების უფლებრივი და ვალდებულებითი დატვირთვა. ამ კანონით, მიწისა და მასთან დაკავშირებული უძრავი ქონების მიმართ ამ კანონის მიღების შემდეგ წარმოშობილი ურთიერთობები იურიდიულ ძალას იძენდა სახელმწიფო რეგისტრაციის შემდეგ, რეგისტრაციას აწარმოებდა მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტი (მისი ადგილობრივი ქვედანაყოფი), რომელიც კოორდინირებდა მიწის კადასტრის სამუშაოებს და ჰქონდა საკუთარი ბეჭედი;

,,სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის გადაუდებელ ღონისძიებათა და საქართველოს მოქალაქეთათვის სარეგისტრაციო მოწმობების გაცემის შესახებ’’ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 16 მაისის №327 ბრძანებულების მე-4 მუხლის ,,ა’’ პუნქტის თანახმად, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის დაჩქარების მიზნით, რეგისტრატორმა უნდა მიიღოს მიწის საკუთრებაში გაფორმების მსურველის განცხადება და გამოიყენოს ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტებიდან ერთ-ერთი: ა) მიწის მიღება-ჩაბარების აქტი; ბ) მე-4 პუნქტის „ა” ქვეპუნქტში დასახელებული დოკუმენტის არარსებობის შემთხვევაში გამოიყენება „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების შესაბამისად, სოფლის (დაბის) ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე) დამტკიცებული მიწების განაწილების სია. აღნიშნულ სიას უნდა დაერთოს მიწის გამოყოფის გეგმა; გ) იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს მე-4 პუნქტის „ა” და „ბ” ქვეპუნქტებში დასახელებული დოკუმენტები, გამოიყენება ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების მიერ დამტკიცებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწით სარგებლობისათვის სარეგისტრაციო პერიოდში მოქმედი საგადასახადო სია, აგრეთვე მიწების განაწილების სია, რომელსაც არ ახლავს მიწის გამოყოფის გრაფიკული დადასტურება. ვინაიდან ასეთ მონაცემებზე დაყრდნობით გაცემულ სარეგისტრაციო მოწმობას არ ერთვის ნაკვეთის გეგმა, სარეგისტრაციო მოწმობასა და სარეგისტრაციო ბარათში კეთდება ჩანაწერი რეგისტრატორის „პასუხისმგებლობის აცილების” შესახებ;

,,სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის გადაუდებელ ღონისძიებათა და საქართველოს მოქალაქეთათვის სარეგისტრაციო მოწმობების გაცემის შესახებ’’ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 16 მაისის №327 ბრძანებულების მე-5 პუნქტი განსაზღვრავს, რომ ამ ბრძანებულების მე-4 პუნქტში აღნიშნული დოკუმენტები საკმარისია სასოფლო-სამეურნეო მიწის საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციისათვის, საკუთრების უფლების დამადასტურებელი სარეგისტრაციო მოწმობის მომზადებისა და გაცემისათვის, მაგრამ რეგისტრირებული მონაცემები ექვემდებარება შემდგომ აუცილებელ დაზუსტებას მიწის აგეგმვის შედეგად შედგენილი საგეგმო-კარტოგრაფიული მასალების საფუძველზე;

”მიწის რეგისტრაციის შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ”სააღრიცხვო ბარათი” - არის სარეგისტრაციო ფურცელი, რომელიც დგება თითოეული მიწის ნაკვეთზე და მოიცავს ინფორმაციას ამ ნაკვეთის მასზე არსებული სხვა უძრავი ქონების სამართლებრივი მდგომარეობისა და საზღვრების შესახებ, აგრეთვე რეგისტრირებული უფლებების ობიექტების გეგმას (გრაფიკული ასახვა ცალკე მოცემულია კადასტრულ რუკაზეც), ხოლო ”სარეგისტრაციო მოწმობა” არის მოწმობა რომელშიც მოცემულია მიწისა და მასთან დაკავშირებული სხვა უძრავი ქონების დახასიათება და უფლებრივი დატვირთვა რეგისტრაციის მონაცემების შესაბამისად.

ამავე კანონის მე-7 მუხლის თანახმად, ყოველ რეგისტრატურაში ინახება მიწის და სხვა უძრავი ქონების სააღრიცხვო (სარეგისტრაციო) ბარათები და სარეგისტრაციო რუკები, სააღრიცხვო ბარათზე მოცემული ჩანაწერები არის ამ ქონებასთან დაკავშირებით სამართლებრივი მდგომარეობის განსაზღვრის ძირითადი იურიდიული საფუძველი.

”მიწის რეგისტრაციის შესახებ” საქართველოს კანონის 19-ე მუხლის თანახმად, უძრავი ქონების საკუთრებისა და იჯარის სარეგისტრაციო მოწმობა წარმოადგენს ოფიციალურ სახელმწიფო საბუთს. სარეგისტრაციო მოწმობა ასახავს ამ ქონების საკუთრების ან იჯარის უფლებაზე გავლენის მქონე ყველა ინფორმაციას, რომელიც აღნიშნულია სააღრიცხვო ბარათზე მისი გაცემის მომენტისათვის.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებული სადაოდ გამხდარი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები ეწინააღმდეგება კანონს, ვინაიდან როგორც საქმის მასალებიდან დგინდება მოსარჩელის მიერ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოში წარდგენილი იქნა მიწის (უძრავი ქონების) სარეგისტრაციო მოწმობა, რომელიც კანონმდებლობის შესაბამისად ასახავდა სააღრიცხვო ბარათზე არსებულ ინფორმაციას და ამ ინფორმაციის იდენტურია. მიწის (უძრავი ქონების) საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობა გაიცემოდა მას შემდეგ, რაც მოხდებოდა უძრავი ქონების აღრიცხვა და საკუთრების რეგისტრაცია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. სააღრიცხვო ბარათის გახსნის თანმდევ შედეგს წარმოადგენდა სარეგისტრაციო მოწმობის გაცემა და ბარათის გახსნისა და მოწმობის გაცემის თარიღი იდენტურია. აღნიშნულიდან გამომდინარე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მითითებული საფუძველი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, რომ მარეგისტრირებელ ორგანოში დაცულ სააღრიცხვო ბარათებზე დატანილი არ არის რეგისტრატორის ხელმოწერა და ბეჭედი, ხოლო № 8----------- სააღრიცხვო ბარათი დაცულია ასლის სახით, არ შეიძლება გახდეს სარეგისტრაციო წარმოების შეჩერებისა და საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველი.

 

საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.

 

საკუთრების უფლება ცალსახად აღიარებულია „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციითა“ და „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის“ პირველი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლით. მიუხედავად იმისა, რომ გაეროს სამოქალაქო და პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური, კულტურული და სოციალური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტებში საკუთრების უფლება არ არის დეკლარირებული, მათში ასახული მთელი რიგი უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზაციისათვის აუცილებელია, რომ საკუთრების უფლება იყოს დაცული. ყოველ ფიზიკურ და იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუზღუდავად სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრ--ციპებით გათვალისწინებულ პირობებში.

 

“სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის თანახმად, 1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (შემდგომ – სააგენტო), საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებების განხორციელების გარდა, საკუთარი ინიციატივით სახელმწიფო პროექტის ფარგლებში: ა) ახორციელებს სარეგისტრაციო დოკუმენტაციის მოძიებასა და სისტემატიზაციას; ბ) ახორციელებს მიწის ნაკვეთების საკადასტრო აღწერას და შესრულებული სამუშაოს შედეგების დოკუმენტირებას საპილოტო პროექტის მიზნებისათვის; გ) ახორციელებს საკადასტრო მონაცემების ცვლილების უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრაციას; დ) ფაქტების კონსტატაციის მიზნით მიმართავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – აღსრულების ეროვნულ ბიუროს; ე) უზრუნველყოფს საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემების სრულყოფას და მათ ურთიერთშესაბამისობას; ვ) ახორციელებს ამ კანონით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. ამავე კანონის მე-3 მუხლის „მ“ და „ნ“ ქვეპუნქტების მიხედვით, საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია ადმინისტრაციული ხელშეკრულება (მიღება-ჩაბარების აქტი ან სხვა დოკუმენტი), ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, სასამართლოს (არბიტრაჟის) კანონიერ ძალაში შესული აქტი, გარიგება ან სხვა სამართლებრივი აქტი, რომელიც წარმოშობს უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას, ხოლო მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტია 1994 წლამდე უძრავი ნივთის მფლობელად (მოსარგებლედ) ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხვის დამადასტურებელი ცნობა-დახასიათება, საკომლო წიგნიდან ამონაწერი, მებაღის წიგნაკი, „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების შესაბამისად სოფლის (დაბის) ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე) დამტკიცებული მიწების განაწილების სია თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე, ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების მიერ დამტკიცებული მიწის გადასახადის გადამხდელთა სია (საგადასახადო სია), „ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე დადგენილი წესით სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის მიმაგრების აქტი ან მიწის ნაკვეთის გეგმა, სასამართლოს აქტი ან სხვა დოკუმენტი.

 

„სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის, საკადასტრო აღწერის შედეგების საჯარო გაცნობისათვის წარდგენის, მათი გადამოწმებისა და შესაბამისი ცვლილებების შეტანისა და მედიატორის შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 1 აგვისტოს ბრძანებით დამტკიცებული დანართი #1-ის მე-11 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, ბრძანებულების („სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის გადაუდებელ ღონისძიებათა და საქართველოს მოქალაქეთათვის სარეგისტრაციო მოწმობების გაცემის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 16 მაისის №327 ბრძანებულება) საფუძველზე უძრავი ნივთი რეგისტრირებულად ითვლება, თუ სააღრიცხვო ბარათზე ან/და საკადასტრო რუკაზე დატანილია ბეჭედი ან/და რეგისტრატორის ხელმოწერა.

 

გარდა აღნიშნულისა, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილია საარქივო ცნობა, რომლის თანხმადაც კომლში, რომლის უფროსიც მა---------------ია ირ---------------ას გარდა სხვა პირებიც შედიან, რაც ასევე მნიშვნელოვანი საკითხია სარეგისტრაციო წარმოების პროცესში.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ადმინისტრაციული წარმოების დროს არ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა ზემოაღნიშნული გარემოება და გადაწყვეტილება მიიღო ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების გარეშე. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტის გამოცემისას მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დარღვეულ იქნა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით ადმინისტრაციული აქტის გამოსაცემად ადმინისტრაციული წარმოებისათვის დადგენილი მოთხოვნები, კერძოდ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილით, ცალსახად არის განსაზღვრული ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება, ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

 

6.3. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად კი, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი.

 

ზემოაღნიშნული მსჯელობისა და მოცემული ნორმიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ირ---------------ას სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 12 აპრილის #8--------------, 2018 წლის 3 მაისის #8--------------, 2018 წლის 4 მაისის #1----- და 2018 წლის 6 ივნისის #8-------------- გადაწყვეტილებები და დაევალოს მოპასუხეს, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ირ---------------ას მოთხოვნათან დაკავშირებით.

 

6.4. რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნას მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის წა-–--ს მუნიციპალიტეტის, სოფელ წი-–------–ი მდებარე უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის დავალების ნაწილში, სასამართლო განმარტავს, რომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა და ადმინისტრაციული ორგანოსთვის საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, გულისხმობს მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ სწორედ აღნიშნული საკითხის შესწავლას, რაც ამ ეტაპზე გამორიცხავს სასამართლოს მიერ მითითებულ სასარჩელო მოთხოვნაზე არსებით მსჯელობას.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც. შესაბამისად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს ირ---------------ას სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 (ასი) ლარის ანაზღაურება.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, მე-13-ე, 22-ე, 23-ე, 32-ე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249ე, 257-ე და 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ირ---------------ას სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 12 აპრილის #8--------------, 2018 წლის 3 მაისის #8-------------- და 2018 წლის 6 ივნისის #8-------------- გადაწყვეტილებები;

 

3. დაევალოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლისა და გამოკვლევის შედეგად, კანონით დადგენილ ვადაში გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ირ---------------ას მოთხოვნასთან დაკავშირებით;

 

4. ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 4 მაისის #1----- გადაწყვეტილება.

 

5. მოპასუხეს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მოსარჩელე ირ---------------ას სასარგებლოდ დაეკისროს 100 (ასი) ლარის გადახდა, ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ;

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე: ქ. თეთრიწყარო, კოსტავას ქ. #11) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.

 

მოსამართლე ბადრი ნიპარიშვილი