განაჩენი

სისხლის სამართლის 20.07.2018
საქმის ნომერი
080100118002465085
დავის ტიპი
276 6
თარიღი
20.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/456-18 (№076170418001)

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

11 ივლისი 2018 წელი ქუთაისი

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს

მოსამართლე თათია გოგოლაური

სხდომის მდივანი ალექსანდრე ხაჭაპურიძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ქე------ თა-–------

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - ვა-–------ ან------–-ს ძე გვ-------- - დაბადებული 1--- წლის 2---------------- საქართველოს მოქალაქე, პირადი №2----------, ნასამართლობის არმქონე, ს-–----–-- განათლებით, მცხოვრები: ქუთაისი, სუ-–------------------------

 

ადვოკატი - ცი–---- ბა-----–---–-

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილი.

 

დისპოზიცია:

ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევა, იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, ჩადენილი მთვრალ მდგომარეობაში;

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

2018 წლის 17 აპრილს, , დაახლოებით 11:30 საათზე, ქუთაისში, წე------–-ს ქუჩაზე, მთვრალმა ვა-–------ გვ--------მ ,,BMW“-ს მოდელის სახელმწიფო ნომრით P-------- ავტომობილით მოძრაობისას დაარღვია ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21.15-,, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში...“, 33.1- ,, მძღოლს ეკრძალება სატრანსპორტო საშუალების მართვა ამ კანონით განსაზღვრული სიჩქარის შეზღუდვის გადაჭარბებით. შერჩეული სიჩქარე მძღოლს საშუალებას უნდა აძლევდეს, მუდმივად აკონტროლოს სატრანსპორტო საშუალება ისე, რომ დაცული იქნეს მოძრაობის უსაფრთხოება“ და 33.2- ,, სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისას მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს საგზაო პირობები, (ადგილის რელიეფი, გზისა და სატრანსპორტო საშულების მდგომარეობა, მისი დატვირთვა, ატმოსფერული პირობები, მოძრაობის ინტენსივობა, არასაკმარისი ან შეზღუდული ხილვადობა და სხვა) რათა საჭიროების შემთხვეაში, აგრეთვე, ნებისმიერი საფრთხის ან დაბრკოლების წინ, მიიღოს ყველა საჭირო ზომა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, შეამციროს სიჩქარე, ხოლო, აუცილებლობის შემთხევაში, გაჩერდეს“ მუხლების მოთხოვნები და შეეჯახა საავტომობილო გზაზე ქვეითად მოსიარულე ნი----–---- უგ-–---ს. საგზაო- სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად ეს უკანასკნელი, შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა და სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლომ, მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა საქმე და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გარდა ბრალდებულის აღიარებისა, სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა (მოწმეების: გოჩა გო--–---–--, ნიკა ცი-------ს, ირ---–- ცი-------ს, თამთა უგ-–---ს, ეკ--------- უგ-–---ს, გი------ სუ-–-----–---ს, ვა-–----- ზა-------, შმაგი ცი-----, ლერი ას--------, ზაზა კა-------, თე--------- გრ---–-–---–--, ვა-–------ გა----------–---–--, რა-----– ლუ------, ზვ---- რო-------- ირ---–- ლა------, თო------ მა-------- ლაშა ლა------, ლილი გუ--------- ჩვენებები, შეტყობინებები; ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, სქემა და ფოტოსურათები, ვა-–------ გვ--------- სისხლის ნიმუშის აღების ოქმი; დადგენილება სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ; ალკოტესტით შემოწმების ქვითარი; ექსპერტიზის დასკვნა N41/ატრ, ექსპერტიზის დასკვნა N 288/ა, ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის N002686818 დასკვნა, სამედიცინო ექსპერტიზის N002581318 დასკვნა, ავტოსაგზაო შემთხვევის დათვალიერების ოქმი, სქემა და ფოტოსურათები და საქმეზე არსებული სხვა ფაქტებისა და ინფორმაციის ერთობლიობა) ერთობლიობა ვა-–------ გვ--------- დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

 

სასამართლო სხდომაზე გარდა დაზარალებულის უფლებამონაცვლე მაია უგ-–---ს ჩვენებისა, მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

სასამართლო სხდომაზე დაზარალებულის უფლებამონაცვლე მაია უგ-–---მ განმარტა, რომ ის არის გარდაცვლილ ნი----–---- უგ-–---ს და. 2018 წლის 17 აპრილს დილის 11:25 წუთზე ვა-–------ გვ-------- დაეჯახა მის ძმას, რის შედეგად მისი ძმა გარდაიცვალა. მისთვის აღნიშნული ფაქტი ცნობილი გახდა იმავე დღეს, 13:00 საათზე, აღნიშნულის გამო ის საქართველოში ჩამოვიდა. დაზარალებულის უფლებამონაცვლემ სასჯელთან დაკავშირებით დააფიქსირა, რომ ითხოვს ვა-–------ გვ--------- კანონის ფარგლებში უმკაცრესად დასჯას.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.

სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, No. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016).

აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.

რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, ასევე დაზარალებულის უფლებამონაცვლის - მაია უგ-–---ს ჩვენებას, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები. სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ვა-–------ გვ--------მ ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, ჩადენილი მთვრალ მდგომარეობაში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.

 

3. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფა-ქცევა ქმედების შემდეგ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ვა-–------ გვ--------- მიმართ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად ითვალისწინებს იმას, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს. სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულის კანონის შესაბამის ქცევას სასამართლოში საქმის განხილვისას. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდებულის მიერ განხორცილებულმა მართლსაწინააღმდეგო და ბრალეულმა ქმედებამ გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, ამასთან საყურადღებოა, რომ ვა-–------ გვ--------ს 2016-2017 წლებში ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში სატრანსპორტო საშუალების მართვის გამო ორჯერ დაედო ადმინისტრაციული სახდელი და თითოეულ შემთხვევაში ექვსი თვით შეუჩერდა მართვის უფლება და წლის განმავლობაში გამოვლენილი იქნა შვიდი საგზაო დარღვევა, რომელთაგან ბოლო გამოვლინდა 2017 წლის 2 სექტემბერს. ამასთან საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისას კვლავ იმყოფებოდა მთვრალ მდგომარეობაში, აღნიშნული გარემოებები კი ნათლად მიუთითებს, რომ ბრალდებული არ არის კანონმორჩილი პიროვნება და მის მიმართ გამოყენებული სანქციები ადმინისტრაციული სახდელის სახით ვერ გახდა შემაკავებელი ხასიათის და მისი შემდგომი ნორმალური ქცევის გარანტი.

 

სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარემ დასკვნით სიტყვაში მიუთითა, რომ ბრალდებულ ვა-–------ გვ--------- მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სასამართლოს მიერ გამოყენებული უნდა იქნეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით კანონმდებლის მიერ მოცემული დანაწესი, თავისუფლების აღკვეთის სახით სასჯელის შეფარდებისას სასჯელის ნაწილის პირობით ჩათვლა. დაცვის მხარემ ასევე მიუთითა, რომ სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას უნდა გაითვალისწინოს ბრალდებულის წარსული ცხოვრება, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მისი მისწრაფება აანაზღაუროს ზიანი, რასაც ადგილი ჰქონდა ვა-–------ გვ--------- მხრიდან.

 

სასამართლო დაცვის აღნიშნული პოზიციასთან მიმართებით ყურადღებას ამახვილებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილზე, რომლის თანახმადაც, ,,ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია, განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან. საპროცესო შეთანხმების დადების გარდა, თუ ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, პირობით მსჯავრად შეიძლება ჩაითვალოს დანიშნული სასჯელის ერთი მეოთხედი, მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში – სასჯელის ერთი მესამედი, ხოლო ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში – სასჯელის ნახევარი“.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული მუხლის გაანალიზება, უპირველეს ყოვლისა, ცალსახად მიუთითებს სასამართლოს უფლებამოსილებაზე (და არა ვალდებულებაზე), გამოიყენოს თუ არა აღნიშნული მუხლით დადგენილ დანაწესი კონკრეტული სასჯელის შეფარდებისას.

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს, რომ ბრალდებული დღეის მდგომარეობით არ არის შერიგებული დაზარალებულის უფლებამონაცვლესთან და მას პრეტენზია გააჩნია ბრალდებულთან. ანალოგიური კატეგორიების დანაშაულების ჩადენისას კი სასამართლოსათვის რელევანტურია თავად დაზარალებულის უფლებამონაცვლის განცხადება/ჩვენება გამოსაყენებელ სასჯელთან დაკავშირებით (ამაზე მიუთითებს გარკვეულწილად საქართველოს სსსკ-ის 57-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი).

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მოცემულ შემთხვევაში, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, შემდგომი პრევენციის მიზნით, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს ბრალდებულის მიმართ იმგვარი სასჯელის გამოყენებას, რომელიც ერთი მხრივ, უზრუნველყოფს ბრალდებულის შემდგომ ნორმალურ ქცევას, ხოლო მეორე მხრივ, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას, შესაბამისად, სასამართლო თვლის, რომ ბრალდებულ ვა-–------ გვ--------ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს ბრალად წარდგენილი მუხლის შესაბამისი ნაწილით გათვალისწინებული სანქციების ფარგლებში მოცემული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა. სწორედ ამიტომ, სასამართლოს მიაჩნია, რომ დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა - არის თანაზომიერი და პროპორციული ბრალდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, რაც ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა და ვა-–------ გვ--------- პიროვნების გათვალისწინებით, სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის ინტერესს.

 

4. ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:

 

1 (ერთი) ცალი CD დისკი - შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით; BMW მოდელის სახელმწიფო ნომრით P-------- ავტომობილი - დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს ან მის ნდობით აღჭურვილ პირს; პლასტმასის ნატეხები N01 პაკეტი NFCD864593 - განადგურდეს; შავი ფერის ტყავის ფეხსაცმელები N02 პაკეტი NFCD864592 – დაუბრუნდეს დაზარალებულის უფლებამონაცვლეს;

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ვა-–------ გვ-------- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.

 

მასვე, 3 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

 

მსჯავრდებულ ვა-–------ გვ--------- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

 

მსჯავრდებულ ვა-–------ გვ--------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 17 აპრილიდან.

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

 

1(ერთი) ცალი CD დისკი - შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით;

BMW მოდელის სახელმწიფო ნომრით P-------- ავტომობილი - დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს ან მის ნდობით აღჭურვილ პირს;

პლასტმასის ნატეხები N01 პაკეტი NFCD864593 - განადგურდეს.

შავი ფერის ტყავის ფეხსაცმელები N02 პაკეტი NFCD864592 – დაუბრუნდეს დაზარალებულის უფლებამონაცვლეს;

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: თათია გოგოლაური