გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 020210017002213252 (2/2245-17)
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
12.07.2018 წ. ქ. ზუგდიდი
შესავალი ნაწილი
ზუგდიდის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ირაკლი აბშილავა
სხდომის მდივანი ნინო დიხამინჯია
მოსარჩელე შპს ,,ფ---–-------------"’’
წარმომადგენელი ფ-------------ა
მოპასუხე გი---------
დავის საგანი: სესხის დაფარვა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
გი---------------ს სესხის ძირის და სარგებლის 113 ლარის, მიუღებელი შემოსავლის 378,04 ლარის და პირგასამტეხლოს 1454 ლარის დაკისრება
მოსარჩელე ითხოვს ასევე საპროცესო ხარჯების საკითხის გადაწყვეტას.
2. მოპასუხის პოზიცია
წერილობით შესაგებელში მოპასუხე ნაწილობრივ (ძირითადი თანხის და სარგებლის ნაწილში) ცნობს სარჩელს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. ელექტრონულად დაფიქსირებული თანხმობის საფუძველზე დადებული სესხის ხელშეკრულებით მოპასუხეზე გაიცა სესხი 100 ლარის ოდენობით 25 დღის ვადით.
სესხი სარგებლიანია. სარგებელი შეადგენდა 13 ლარს.
სესხის თანხა მიიღო მოპასუხემ.
სესხის თანხა სარგებელთან ერთად მოსარჩელისთვის უნდა დაებრუნებინათ 16.12.2015წ.
3.2. მოპასუხის დავალიანება სესხზე შეადგენს ძირითადი თანხა 100 ლარი, საკომისიო 13 ლარი, პირგასამტეხლო 1454 ლარი, მიუღებელი შემოსავალი 378,04 ლარი.
3.3. მოპასუხე ინფორმირებული დავალიანების შესახებ.
3.4. მსესხებელი არ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი, შესაგებელი
- მხარეთა განმარტებები, სხდომის ოქმი
- სესხის ხელშეკრულება
-ტრანზაქციის ისტორია
- ცნობა დავალიანების შესახებ
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, თუმცა პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია და უნდა შემცირდეს გონივრულ ოდენობამდე, ხოლო მიუღებელი შემოსავლის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სასამართლომ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე, 103-ე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 411-ე, 412-ე, 420-ე, 623-ე, მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება.
დადგენილია, რომ ასეთი ხელშეკრულებები (საბანკო კრედიტის და თავდებობის) მხარეებს შორის არსებობს. შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის საფუძველზე ვალდებულების ძალით კრედიტორი (მოსარჩელე) უფლებამოსილია მოვალეს (მოპასუხეებს) მოსთხოვოს ხელშეკრულების პირობების შესრულება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და დათქმულ ადგილას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის საფუძველზე სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
სხდომაზე გამოცხადებულმა მოპასუხემ სასამართლო სხდომაზე ფაქტიურად აღიარა ბანკის დავალიანების არსებობა და ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა. მას არ წარმოუდგენია რაიმე დასაბუთებული პრეტენზია სესხის ძირისა და სარგებლის ოდენობის გაანგარიშებასთან დაკავშირებით, ან რაიმე მტკიცებულება სარჩელის ამ ნაწილის საფუძვლიანობის საწინააღმდეგოდ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე-103-ე მუხლების თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მხარეები თვითონ არიან ვალდებულნი წარუდგინონ მტკიცებულებები სასამართლოს. მოპასუხის მხრიდან ამგვარი მტკიცების არ არსებობის პირობებში მოპასუხე ვალდებულია დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხის დარჩენილი ნაწილი და პირგასამტეხლო ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.
პირგასამტეხლოსთან დაკავშირებით სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. მოცემულ ვითარებაში, მოპასუხე მხარე სადავოდ ხდის პირგასამტეხლოს, რომლის შეუსაბამოდ მიჩნევისათვის აუცილებელია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გარკვეული გარემოებების ერთობლიობაში შეფასება. კერძოდ, როდის დაიდო ხელშეკრულება, რამდენია ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა, რა პერიოდია გასული ხელშეკრულების დადებისა და მისი მოპასუხის მიერ დარღვევის შემდეგ, სცილდება თუ არა პირგასამტეხლო ძირითადი თანხის ოდენობას, რომელი პერიოდის მდგომარეობითაა მოთხოვნილი პირგასამტეხლო, მხედველობაშია მისაღები დავის საგნის მთლიანი მოცულობა და ა.შ.
პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. იგი ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, მოცემულ შემთხვევაში 1454 ლარიდან 100 ლარამდე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე და 412-ე მუხლების მიხედვით ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. მოცემულ საქმეზე ამგვარი ზიანის არსებობა მოსარცელემ ვერ დაამტკიცა.
7. საპროცესო ხარჯები
მოსარჩელეს დავის განხილვისთვის სახ. ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე შეტანილი აქვს სახ. ბაჟი 50 ლარი, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის დანაწესების გათვალისწინებით მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244-ე, 247-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2.გი---------ს შპს ,,ფ---–-------------ს" სასარგებლოდ დაეკისროს სესხის ძირი 100 ლარი, სარგებელი 13 ლარი, პირგასამტეხლო 100 ლარი, სახ. ბაჟი 50 ლარი.
3. სხვა ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
4. . გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ირაკლი აბშილავა