განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100118002525105
საქმე N1-591/18წ
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
24.07.2018 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლო
სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ვიოლეტა ფორჩხიძე
სხდომის მდივანი - ხატია დევაძე
ბრალდების მხარე
პროკურორი - კონ-------------------–-ძე
დაცვის მხარე
ბრალდებული: ლა–------ძე
მამის სახელი: რა-----
დაბადებული: 2--07.1991 წელი
პირადი ნომერი: 6---------9
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: უ-----–---
ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი
ნასამართლეობა: არ მქონე
ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი: ქ.ბათუმი, კო-----------------
ადვოკატი - ზვ-------------ძე
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მესამე ნაწილი (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება);
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე N075220518002
1. აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1.1სასამართლომ დაადგინა:
2018 წლის 22 მაისს, დაახლოებით 14:10 საათზე, ქ.ბათუმში ზ.გო-----–--------------ის საცხოვრებელი სახლი წინ, ,,ი-----ს’’ მოდელის მოტოციკლმა სახ N-------, რომელსაც მართავდა ლა–------ძე, დაარღვია ,,საგზაო მოძრაობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მუხლი 31 პუნქტი 1-ის, საგზაო მოძრაობის წესის დანართის, ჰორიზონტალური მონიშვნის 1.1 პუნქტის მოთხოვნები და შეეჯახა ქვეითად მოსიარულე ნი-------------ეს, რომელმაც ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღო.
2.ქმედების სამართლებრივი აღწერა
ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა
იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს,რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება
2.1. თავად ბრალდებულმა აღიარა ჩადენილი ქმედება, რომ 2018 წლის 22 მაისს, ვერ უზრუნველყო უსაფრთხო მოძრაობა, რის გამოც, შეეჯახა ქვეითად მოსიარულე ნი-------------ეს, რომელმაც ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღო.
2.3 სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით №0--------, 08.06.2018წ დადგენილია, რომ თანახმად ექსპერტიზაზე წარდგენილი სამედიცინო საბუთების მონაცემებისა, ნი-------------ეს 22.05.2018წ დაესვა დიაგნოზი: ინტრაკრანიალური ტრავმა, დაუზუსტებელი. აღენიშნებოდა ჰემატომა საფეთქელ-თხემის არეში, თხემის ძვლის მოტეხილობა, ინტრაცერებრული ჰემორაგიული უბნები. დაზიანებები მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის/საგნების/ ზემოქმედებით და მიეკუთვნებიან მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისთვის სახიფათო. დაზიანებების ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
2.4 ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით №1----, 13.06.2018წ დადგენილია, რომ მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, მძღოლ ლა–------ძის მოქმედება არ შეესაბამება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მუხლი 31 პუნქტი 1-ის და საგზაო მოძრაობის წესის დანართის, ჰორიზონტალური მონიშვნის 1.1 პუნქტის მოთხოვნებს, რომელთა დაცვის შემთხვევაში მოცემული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევას ადგილი არ ექნებოდა.
2.5 სატრანსპორტო-ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით №ს-------, 12.06.2018წ დადგენილია, რომ მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში მოტოციკლის საჭით მართვის მექანიზმი და სამუხრუჭე სისტემა გამართულ მდგომარეობაშია.
2.5 დაცვის მხარეს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სადაოდ არ გაუხდია.
2.6 ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით (შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, საპრანსპორტო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა ,ავტო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, მოწმეების: ალ-------------------ს, ნი-------------ის ჩვენებები და საქმეში არსებული სხვა ფაქტებისა და ინფორმაციათა ერთობლიობა) სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ლა–------ძემ ჩაიდინა ავტომობილის უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება.
3. სამართლებრივი შეფასება:
სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ლა–------ძემ, მის მიერ განხორციელებული ქმედებით - 2018 წლის 22 მაისს მოტოციკლის მართვისას ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევით, რა დროსაც, ნი-------------ემ მიიღო ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება, - ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რის გამოც, იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ;
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ბრალდებული აღიარებს ჩადენილ ქმედებას; პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გამოვლენილა;
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულის პიროვნებას
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სამოსამართლო საქმიანობის ერთ–ერთ ძირითად ფუნქციას ბრალის ხარისხის შესაბამისი სასჯელის დანიშვნა წარმოადგენს. მოსამართლე სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას, რადგან სასჯელი უნდა იყოს არა დანაშაულის, არამედ დამნაშავის შესაფერისი, რომლის მიზანი დამნაშავის შეცვლას უნდა ემსახურებოდეს მის ფსიქოლოგიურ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების გზით; სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით ის უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით;
ბრალდებულ ლა–------ძეს წარსულში ნასამართლობა არა აქვს; ის აღიარებს და ინანიებს ჩადენილს; დაზარალებულს რაიმე სახით პრეტენზია ბრალდებულის მიმართ არ გააჩნია;
სასჯელის დანიშვნისას, გარდა ზემოთაღნიშნული გარემოებებისა, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ბრალდებულის მხრიდან ჩადენილი ქმედების აღიარებას და მონანიებას, როგორც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის უმნიშვნელოვანეს შემამსუბუქებელ გარემოებას, თვლის, რომ ბრალდებულის რესოციალიზაციის პროცესის საწყისი, მისი მხრივ ჩადენილი ქმედების გაცნობიერება და აღქმაა, რაც გულწრფელი მონანიების, ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი ყველა მტკიცებულების უდავოდ მიჩნევის, სახელმწიფო რესურსის სამართლიანი და ეფექტური გამოყენების და საქმის განხილვის გაჭიანურების თავიდან აცილების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.
სასამართლო მიიჩნევს, რომ ლა–------ძის მიერ ჩადენილი ქმედება არ არის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთის სახით დადგენილი სასჯელის გამოყენების საფუძველი და მისი რესოციალიზაცია შესაძლებელია სასჯელის სახედ ჯარიმის დანიშვნის პირობებშიც;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
ზემოთაღნიშნულიდან და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, ლა–------ძეს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას;
ამდენად, ლა–------ძის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სასჯელი - ჯარიმა, უფრო მკაცრი სახის სასჯელის დანიშვნა ზ/მითითებული გარემოებების და ბრალდებულის პიროვნების მხედველობაში მიღებით არ არის გამართლებული, ხოლო დანიშნული სასჯელი - ჯარიმის სახით - სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას;
მასვე, 06 (ექვსი) თვის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
6. ნივთმტკიცების, ყადაღის, ან სხვა საკითხები
ნივთიერი მტკიცებულება - ,,ი-----ს’’ მოდელის მოტოციკლი სახ.N C------, რომელიც განთავსებულია შპს "ბა------------"-ის სპეციალურ ავტოსადგომზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს კანონით დადგენილი წესით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 274-ე მუხლებით, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბრალდებული ლა–------ძე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3 000 (სამი თასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მასვე, 06 (ექვსი) თვის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
მსჯავრდებულ ლა–------ძის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.
ნივთიერი მტკიცებულება - ,,ი-----ს’’ მოდელის მოტოციკლი სახ.N C------, რომელიც განთავსებულია შპს "ბა------------"-ის სპეციალურ ავტოსადგომზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს კანონით დადგენილი წესით.
განაჩენი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს სააღსრულებო ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს, საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარ სამმართველოს, შპს "ბა------------"-ის ადმინისტრაციას
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე