გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N080210017001668851
N2/13-17წ.
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
09 ივლისი 2018 წელი ქ. ქუთაისი
შესავალი ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - ციცინო კიკვაძე
სხდომის მდივანი - სოფიო ბრეგვაძე
მოსარჩელე - შპს ,,W-------P’’;
წარმომადგენელი - გი------ ჟა------–---–ი;
მოპასუხე - ზ---- ფო------ე;
წარმომადგენელი - ნ--- ფრ-----;
დავის საგანი - თანხის დაკისრება;
აღწერილობითი ნაწილი
სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე ზ---- ფო------ეს შპს ,,W-------P’’-ის სასარგებლოდ დაეკისროს 3460.70 ლარის გადახდა.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
შპს ,,W-------P’’-ის ონლაინ სამორინეში jocerbros.com-ზე ტექნიკური ხარვეზის გამოყნებით 2016 წლის 23 აპრილიდან 03:00 საათიდან 11:00 საათამდე მომხმარებელმა უკანონოდ მიიღეს თანხები, რაც გამოიხატა შემდგომში: სისტემას ჰქონდა ტექნიკური ხარვეზი და ელ. რულეტკის თამაშისას შედეგის დადგომის შემდეგ სისტემას ჰქონდა შესაძლებლობა მიეღო ფსონი, რომლითაც ისარგებლეს მომხმარებლებმა. კერძოდ, რაუნდის ბურთის დატრიალებიდან რაუნდის დასრულებამდე, მომგებიანი რიცხვის გამოცხადების მომენტამდე, დროის ხანგრძლივობა არის დაახლოებით 35-40 წამი, ხოლო წარმოდგენილი მოთამაშეების თამაშების ისტორიის ფაილებში ფიქსირებული ინფორმაციის მიხედვით აღნიშნული დრო არის მაქსიმუმ 10 წამი. შესაბამისად, ხარვეზად მიიჩნევა ის ფაქტი, რომ მოთამაშეებს მომგებიანი რიცხვის დაფიქსირების შემდეგ ჰქონდათ ფსონის გაკეთების საშუალება. ყოველივე ამით ისარგებლეს მოთამაშეებმა და უკანონოდ მიიღეს თანხები. ზ---- ფო------ემ ტექნიკური ხარვეზის შედეგად მიიღო 3460.70 ლარი, საიდანაც ტექნიკური ხარვეზის აღმოჩენამდე სრულად მოასწრო და გადაიტანა თანხა თავის პირად ანგარიშზე.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე ზ---- ფო------ემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მას თანხა უკანონოდ არ მიუღია, ითამაშა ყოველგვარი წესების დაცვით, არ იკვეთებოდა რაიმე ტექნიკური ხარვეზის არსებობა და მოიგო თანხა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. შპს ,,W-------P’’-ს ეკუთვნის ონლაინ სამორინე jocerbros.com.
სასამართლო ეყრდნობა მტკიცებულებას:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება, რომელიც მოპასუხეს სადაოდ არ გაუხდია;
3.1.2. 2016 წლის 23 აპრილს 07:00:16 საათიდან ამავე დღის 10:04:13 საათამდე ზ---- ფო------ემ ითამაშა შპს ,,W-------P’’-ს ონლაინ სამორინე jocerbros.com-ზე და მოიგო თანხა 3460.70 ლარის ოდენობით. იმავე დღეს მოგებული თანხა jocerbros-ს საიტიდან გადაიტანა სს ,,ლიბერთი ბანკში’’ მის მიერ გახსნილ ანგარიშზე.
სასამართლო ეყრდნობა მტკიცებულებას:
- სს ,,ლიბერთი ბანკის’’ ამონაწერი თანხის გადარიცხვის თაობაზე (იხ.ს.ფ.71);
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სსიპ “ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს” კომპიუტერული ექსპერტიზის დასკვნით, შპს ,,W-------P’’-ის ონლაინ სამორინეში jocerbros.com 2016 წლის 23 აპრილს 03:00 საათიდან, ამავე დღის 11:00 საათამდე დაფიქსირდა ტექნიკური ხარვეზი. კერძოდ, რაუნდში ბურთის დატრიალებიდან რაუნდის დასრულებამდე - მომგებიანი რიცხვის გამოცხადების მომენტამდე, დროის ხანგრძლივობა არის დაახლოებით 35-40 წამი, მოთამაშეების თამაშების ისტორიის ფაილებში ფიქსირებული ინფორმაციის მიხედვით კი აღნიშნული დრო არის მაქსიმუმ 10 წამი, რაც შეიძლება ჩაითვალოს ტექნიკურ ხარვეზად. ხარვეზში იგულისხმება, რომ მოთამაშეებს მომგებიანი რიცხვის დაფიქსირების შემდგომ ჰქონდათ ფსონის გაკეთების საშუალება. დადგენილია, რომ ტექნიკური ხარვეზის გამოყენებით ისარგებლა ექვსმა პირმა და თითოეულმა მათგანმა მოგებული თანხა გადარიცხა საკუთარ ანგარიშზე.
სასამართლო ეყრდნობა მტკიცებულებებს:
- სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს კომპიუტერული ექსპერტიზის დასკვნა (ს.ფ. 13-69);
3.2.2. შპს ,,W-------P’’-ს ონლაინ სამორინეში jocerbros.com 2016 წლის 23 აპრილს 07:00:16 საათიდან ამავე დღის 10:04:13 საათამდე ზ---- ფო------ემ ტექნიკური ხარვეზის გამოყენებით მოიგო 3460.7 ლარი. კერძოდ, ბურთულა ციფრში ვარდებოდა ფსონის დახურვამდე, ანუ ზ---- ფო------ემ ფსონს დებდა ბურთულის ციფრში ჩავარდნის შემდეგ.
სასამართლო ეყრდნობა მტკიცებულებებს:
- სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს კომპიუტერული ექსპერტიზის დასკვნა (ს.ფ. 13-69);
3.2.3. დადგენილია რომ საქმის სასამართლო განხილვის დროს, მოსამზადებელ სხდომაზე, ზ---- ფო------ეს ჯერ კიდევ არ ჰქონდა სრულად გატანილი პირადი ანგარიშიდან მოგებული თანხა, თუმცა სასამართლოს მთავარ სხდომამდე მთლიანად გაიტანა იგი.
სასამართლო ეყრდნობა მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება, (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი 13.06.2018წ.);
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, მიაჩნია, რომ შპს ,,W-------P’’-ის სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის ''ა'' ქვეპუნქტით ,,პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში”.
სასამართლო განმარტავს, უსაფუძვლო გამდიდრების გამო ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია, რომ ერთი პირის გამდიდრება მოხდეს მეორის ხარჯზე და ასეთი გამდიდრება მოკლებული უნდა იყოს იურიდიულ საფუძველს, რომელიც ან თავიდანვე არ არსებობს ან შემდგომში მოიშლება. ამასთან, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს იმ გარემოებას, თუ რის შედეგად დადგა უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტი - თავად დაზარალებულის მოქმედების, გამდიდრებულის მოქმედების თუ მესამე პირთა მოქმედების შედეგად ან განხორციელდა იგი მათი ნების საწინააღმდეგოდ. ასევე არ აქვს მნიშვნელობა ამ სამართალურთიერთობაში მონაწილე სუბიექტთა ბრალეულობას, კეთილსინდისიერებასა და მათ მიერ განხორციელებული მოქმედებების მართლზომიერებას თუ მართლწინააღმდეგობას. სარჩელის დასაკმაყოფილებლად მნიშვნელოვანია მხოლოდ ობიექტური შედეგი - ერთი პირის მიერ მეორე პირის ხარჯზე რაიმე სამართლებრივი სიკეთის შეძენა (დაზოგვა) შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის გარეშე. აუცილებელია, რომ გამდიდრება უნდა მოხდეს სხვის ხარჯზე, რის შედეგადაც ერთი პირის ქონების გაზრდა ხდება მეორე პირის ქონების შესაბამისი შემცირების ხარჯზე.
უსაფუძვლო გამდიდრების სამართლებრივი ინსტიტუტის მიზანი არის უსაფუძვლოდ და გაუმართლებლად შეძენილი ქონების ამოღება და ამგვარად ქონებრივი მიმოქცევის წონასწორობისა და სამართლიანობის აღდგენა. ამ მიზნით ქონებრივი შეღავათი იმ პირს უნდა დაუბრუნდეს რომლის ხარჯზეც მოხდა სხვა პირის ქონების გაზრდა, ანუ მისი უსაფუძვლო გამდიდრება. ამ ინსტიტუტის უმთავრესი დანიშნულება არის ქონებრივი ნამატის ამოღება, პირის თავდაპირველ ქონებრივ-სამართლებრივ მდგომარეობაში აღდგენა ანუ გამდიდრების გათანაბრება. გამდიდრების უსაფუძვლობა კი შეიძლება ემყარებოდეს სხვადასხვა გარემოებებს, მათ შორის მართლზომიერ ქმედებებსაც. უსაფუძვლო გამდიდრების დროს კი მნიშვნელობა არა აქვს ბრალს, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ერთი პირის ქონების გადასვლის ფაქტი მეორე პირის საკუთრებაში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. ასეთ შემთხვევაში, დაზარალებულს აუნაზღაურდება ზიანი იმ ოდენობით, რომლითაც მიმღები გამდიდრდა.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხე შპს ,,W-------P’’-ს ონლაინ სამორინეში jocerbros.com 2016 წლის 23 აპრილს 07:00:16 საათიდან ამავე დღის 10:04:13 საათამდე ზ---- ფო------ემ ტექნიკური ხარვეზის გამოყენებით მოიგო 3460.7 ლარი. კერძოდ, ბურთულა ციფრში ვარდებოდა ფსონის დახურვამდე, ანუ ზ---- ფო------ემ ფსონს დებდა ბურთულის ციფრში ჩავარდნის შემდეგ. მოსარჩელის წარმომადგენლის ახსნა-განმარტებით დადგენილია, რომ მოცემულ შემთხვევაში დაირღვა თამაშის წესები, რაც გამოიხატა იმაში, რომ ბურთულა ციფრში ვარდება ფსონის დახურვამდე და მოთამაშე ფსონს დებს ბურთულის ციფრში ჩავარდნის შემდეგ, რაც წარმოადგენს ფსონის გაუქმების პირობას.
ამდენად, ზ---- ფო------ემ ქონება 3460.70 ლარი მიიღო (შეიძინა) შესაბამისი იურიდიული საფუძვლის გარეშე, რის გამოც იგი ექვემდებარება უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას. უსაფუძვლოდ და გაუმართლებლად შეძენილი სიკეთის ამოღებით უნდა აღდგეს ქონებრივი მიმოქცევის წონასწორობა და სამართლიანობა. ამ მიზნით ქონებრივი სარგებელი იმ პირს უნდა დაუბრუნდეს, რომლის ხარჯზეც მოპასუხე გამდიდრდა. 3460.70 ლარის გადახდით მოსარჩელე აღსდგება თავდაპირველ ქონებრივ-სამართლებრივ მდგომარეობაში. თავის მხრივ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის აღსდგება სამართლიანი ბალანსი. დაზარალებულს აუნაზღაურდება ზიანი იმ ოდენობით, რომლითაც მიმღები გამდიდრდა.
სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხის უსაფუძვლოდ გამდიდრების ფაქტის მტკიცების ტვირთი იყო მოსარჩელის მხარეზე, რომლის მიერაც აღნიშნული გარემოება სათანადო მტკიცებულებებით იქნა დადასტურებული, ხოლო საწინააღმდეგოს დამადასტურებელი, რაიმე სახის მტკიცებულება მოპასუხის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
მოსარჩელეს სარჩელის აღძვრისას გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 104 ლარის ოდენობით და ექსპერტიზის დასკვნის 500 ლარი. მოპასუხე ზ---- ფო------ეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს გაწეული საპროცესო ხარჯის - 104 ლარის გადახდა, გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ, რაც შეეხება ექსპერტიზის ხარჯს, წარმოდგენილი დასკვნიდან იკვეთება, რომ მოსარჩელის მოთხოვნით, გამოკვლეული იქნა ტექნიკური ხარვეზის მიზეზები და ექვსი პირის თამაშის ისტორია, რათა მომხდარიყო მათგან უსაფუძვლოდ მიღებული თანხის ამოღება. შესაბამისად, გაწეული ექსპერტიზის ხარჯი უნდა გაიყოს ექვსზე და ზ---- ფო------ეს უნდა დაეკისროს მხოლოდ 500 ლარის მეექვსედი ნაწილის 83.33 ლარის გადახდა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. შპს ,,W-------P’’-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. ზ---- ფო------ეს შპს ,,W-------P’’-ის სასარგებლოდ დაეკისროს 3460.70 (სამი ათას ოთხას სამოცი და სამოცდაათი) ლარის გადახდა.
3. მოპასუხე ზ---- ფო------ეს შპს ,,W-------P’’-ის სასარგებლოდ დაეკისროს გაწეული საპროცესო ხარჯის სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 104 (ასოთხი) ლარის და ექსპერტიზის ხარჯის 83.33 ლარის გადახდა.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ახალციხის რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ციცინო კიკვაძე