განაჩენი

სისხლის სამართლის 12.06.2018
საქმის ნომერი
160100118002252478
დავის ტიპი
260 6 ა , 18 - 260 3 ა , 260 3 ა
თარიღი
12.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N160100118002252478

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

ბოლნისის რაიონული სასამართლო

 

საქმე #1/4-18 12 ივნისი 2018 წელი ქ. ბოლნისი

(გამოძიების N031041217001)

მოსამართლე - თეა ლეონიძე

სხდომის მდივანი - ნათია მიქელაძე, დიანა ქოჩორაშვილი

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი: ზაზა ცქვიტარია

 

დაცვის მხარე:

ადვოკატი: ზაზა ნაჭყებია, ფრიდონ კენკებაშვილი

 

ბრალდებული: ფ--------- გ----------

მამის სახელი: სადრადინი

დაბადებული: 1----–-–-------------

პასპორტის ნომერი: P--------

მოქალაქეობა: აზერბაიჯანის მოქალაქე

განათლება: საშუალო

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლობა: ნასამართლეობის არ მქონე

რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: აზერბაიჯანი, ქ. სუმგაითი 23-ე კვარტალი სახლი N16/18

 

თარჯიმანი: სუსანა მარტიაშვილი, ნაილი იბრაგიმოვა

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი;

 

აღწერილობით – სამოტივაციო ნაწილი:

 

1.სასამართლომ დაადგინა:

 

ფ--------- გ----------მ ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა დიდი ოდენობით.

 

ასევე, ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა განსაკუთრებით დიდი ოდენობით.

 

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

 

ფ--------- გ----------მ უკანონოდ შეიძინა და ინახავდა ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს საერთო წონით 6.07 გრამი და ნარკოტიკულ საშუალება მორფინს (მარილი) საერთო წონით 0.4144 გრამი, რაც ამოღებული იქნა მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ 2017 წლის 4 დეკემბერს ქ.მარნეულში 26 მაისის ქუჩაზე ჩატარებული ფ--------- გ----------ს პირადი ჩხრეკის შედეგად.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

2.1. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, დიდი ოდენობით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით;

 

შსს მარნეულის რაიონული სამმართველოს გამომძიებელ როლანდ ბოლქვაძის ჩვენებით ირკვევა, რომ 2017 წლის 4 დეკემბერს მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომ ფ--------- გ----------ს უნდა ჰქონოდა ნარკოტიკული საშუალება. აღნიშნული შეტყობინება მიიღო დღის საათებში და დაახლოებით 15-20 წუთში შეტყობინების მიღებიდან თანამშრომლებთან ერთად გავიდა ადგილზე. შემდეგ, ქ. მარნეულში ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა ფ--------- გ----------ს შეჩერება, რის შემდეგაც მას ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც მისი შარვლის მარჯვენა ჯიბიდან ამოღებული იქნა პოლიეთილენის პარკში შეფუთული ნივთიერება, ხოლო მარცხენა ჯიბეში სიგარეტის კოლოფში მოთავსებული ნივთიერება და ასევე ამოღებული იქნა დანა. როლანდ ბოლქვაძემ დამატებით განმარტა, რომ ინფორმაციის მიღების შემდეგ, საინფორმაციო ბაზაში დაცული მონაცემებით ხდება პიროვნების იდენტიფიცირება.

 

სასამართლოში მოწმის სახით დაიკითხა გიორგი დევდარიანი. მან განმარტა, რომ მუშაობს შსს მარნეულის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ გამომძიებლის თანამდებობაზე. 2017 წლის 4 დეკემბერს ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩაატარა ფ--------- გ----------ს პირადი ჩხრეკა, რა დროსაც მას აღმოაჩნდა შარვლის მარჯვენა ჯიბეში პოლიეთილენის პარკში შეფუთული ნივთიერება, ხოლო მარცხენა ჯიბეში სიგარეტის კოლოფში მოთავსებული ნივთიერება. პირადი ჩხრეკის შემდეგ ფ--------- გ---------- იქნა დაკავებული და გადაყვანილი პოლიციის შენობაში. მოწმემ ასევე განმარტა რომ პირადი ჩხრეკა ჩაატარა თვითონ, ხოლო ოქმი შეადგინა როლანდ ბოლქვაძემ.

 

შსს მარნეულის რაიონული სამმართველოს ინსპექტორ გამომძიებლის რაშად ველიევის ჩვენებით დგინდება, რომ 2017 წლის 4 დეკემბერს დაახლოებით 12:00 საათზე მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც მარნეულის ავტოსადგურის ტერიტორიაზე სავარაუდოდ მოძრაობდა ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ მყოფი აზერბაიჯანის მოქალაქე. მან მიღებული ინფორმაცია მოახსენა ხელმძღვანელობას, რის თაობაზეც იქნა გამოკითხული გამომძიებელ როლანდ ბოლქვაძის მიერ.

 

სასამართლოში მოწმის სახით დაიკითხა დეტექტივის-თანაშემწე გამომძიებელი ალი გასანოვი. მან განმარტა რომ მიიღეს ინფორმაცია, რომლის თანახმადაც მარნეულში, ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობდა ფ--------- გ----------. აღნიშნულის საფუძველზე თანამშრომლებთან როლანდ ბოლქვაძესთან, გიორგი დევდარიანთან და ნანული გოგიანთან (თარჯიმანი) ერთად ავტომანქანით გავიდნენ ადგილზე. შემდეგ მოხდა ფ--------- გ----------ს შეჩერება. მას განემარტა უფლებები და ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რაზეც შედგა ოქმი. ფ--------- გ----------ს პირადი ჩხრეკა ჩატარდა იმ ადგილას, სადაც ავტობუსები ჩერდებიან, მისი გადაადგილება არ მომხდარა. მოწმემ დამატებით განმარტა რომ პირადი ჩხრეკისას ფ--------- გ----------სგან ამოღებული იყო დანა, რომელსაც ცალკე ჰქონდა დანის პირი.

 

2017 წლის 4 დეკემბრის პირადი ჩხრეკის ოქმით დგინდება რომ საგამოძიებო მოქმედების ჩატარების კონკრეტული ადგილი მდებარეობს ქ. მარნეული, 26 მაისის ქუჩა, ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორია. ფ--------- გ----------ს პირადი ჩხრეკისას ლურჯი ჯინსის შარვლის მარჯვენა ჯიბეში აღმოაჩნდა პოლიეთილენის ცელოფანში შეფუთული მუქი ფერის ნივთიერება და მარცხენა ჯიბეში სიგარეტის კენტის კოლოფი, სიგარეტის ვერცხლისფერ ქაღალდში გახვეული მუქი ფერის ფხვნილი, ასევე სიგარეტის პაჩკაში მოთავსებულია 5 ღერი სიგარეტი კენტი და ლურჯი ფერის სანთებელა. ასევე ჩხრეკის შედეგად ლურჯი ჯინსის ქურთუკის ჯიბეში ნანახი და ამოღებული იქნა რკინის მეტალის საკეცი დანა და დანის პირი. ამოღებული მუქი ფერის ნივთიერებები და კენტის სიგარეტის პაჩკა დაილუქა ცალ-ცალკე გამჭვირვალე ფაილში და დაილუქა მარნეულის რაიონული სამმართველოს 30/9 ლუქით, დაისვა თარიღი და გაკეთდა შესაბამისი ხელმოწერები. ასვე დალუქიული ინქა ამოღებული დანა და დანის პირი.

 

2017 წლის 5 დეკემბრის ქიმიური ექსპერტიზის N2017/სქ-2356/ქრ დასკვნის თანახმად ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილი:

შავი ფერის რეზინით თავმოკრულ უფერო, გამჭვირვალე პოლიეთილენის ნაჭერში დაფასოებული მოყავისფრო ნივთიერება, ნოტიო მდგომარეობაში, გამოშრობის შემდეგ წონით - 10,892 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალებებს: ჰეროინს წონით - 5,7271 გრამს; მორფინს (მარილი), წონით -0, 3935 გრამს და კოდეინს (მარილი), წონით - 0,0123 გრამს; (ობ.N3)

-ვერცხლისფერ ფოლგის ქაღალდში დაფასოებული მოყავისფრო ნივთიერება , ნოტიო მდგომარეობაში, გამოშრობის შემდეგ წონით -0,7145 გრამი; შეიცავს ნარკოტიკულ საშუალებებს: ჰეროინს, წონით -0,3429 გრამს; მორფის (მარილი), წონით -0,0209 გრამს და კოდეინს (მარილი), წონით -0,00052 გრამს.(ობ.N4)

-ობიექტებში N3-4 ნარკოტიკული საშუალებების: ჰეროინის საერთო წონაა-6,07 გრამი; მორფინის (მარილი) საერთო წონაა -0,4144 გრამი; კოდეინის (მარილი) საერთო წონაა- 0,01282 გრამი.

ექსპერტიზაზე წარმოდგენილ დასაკეც დანაზე აღენიშნება ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი, წონით-0,0001 გრამი. (ობ.N1)

 

მოწმის სახით დაიკითხა ექსპერტი ნინო ნანეიშვილი. მისი ჩვენებით დგინდება რომ სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი დადგენილების საფუძველზე, რომელსაც ერთვოდა ნივთმტკიცებები, რომლის მთლიანობა არ იყო დარღვეული ჩაატარა ქიმიური ექსპერტიზა. ექსპერტიზაზე წარმოდგენილი იყო დანა და მოყავისფრო ნივთიერება ნოტიო წონაში. ნივთიერება იქნა გამომშრალი, მიყვანილი ზუსტ წონამდე. რის შემდეგაც დადგინდა რომ მოყავისფრო ნივთიერება შეიცავდა ჰეროინს, მორფინს და კოდეინს. ასვე დასაკეც დანაზეც აღმოჩნდა ჰეროინი. აღნიშნულის შემდეგ მტკიცებულებები დაილუქა და ისინი გადაეცა კანცელარიას, ხოლო დანა გადაეცა სხვა ექსპერტს.

 

მოწმის სახით დაიკითხა შსს საექსპერტო-კრიმინალისტური დეპარტამენტის ექსპერტი პეტრე წინწკალაძე, რომელმაც განმარტა რომ ქიმიური ექსპერტიზა ჩაატარა ექსპერტ ნინო ნანეიშვილთან ერთად. მან დაადასტურა გაცემული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე.

 

2017 წლის 7 დეკემბრის ნარკოლოგიური ექსპერტიზის N7012116 დასკვნის თანახმად ფ--------- გ---------- კლინიკურად არ იმყოფება ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების (თრობის) ქვეშ. ფ--------- გ----------ს ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგად დაუდგინა ნარკოტიკული საშუალება - ოპიუმის ჯგუფი (მორფინი, კოდეინი), ტეტრაჰიდროკანაბინოლი (მარიხუანა), ხოლო ფსიქოტროპული ნივთიერება არ დადგინდა.

 

სასამართლოში მოწმის სახით დაიკითხა ექსპერტი ელისო ფერაძე, რომლის ჩვენების თანახმადაც ჩაატარა კლინიკური და ლაბორატორიული შემოწმება. შემოწმებისას დადგინა ოპიუმის ჯგუფი და ტეტრაჰიდროკანაბინოლი (მარიხუანა). მოწმის განმარტებით ლაბორატორიული კვლევა იმიტომ ჩაატარეს რომ დაედგინათ კონკრეტულად რა ნივთიერება ჰქონდა მოხმარებული ფ--------- გ----------ს.

 

სასამართლოში მოწმის სახით დაიკითხა ექსპერტი ნინო ფანჩულიძე, რომლის ჩვენებითაც ირკვევა რომ მის მიერ არის ჩატარებული ნარკოლოგიური ექსპერტიზა. მას უნდა ჩაეტარებინა კვლევა ოპიუმის ჯგუფზე და მარიხუანაზე. მოწმის მითითებით სანამ თვითონ ჩაატარებს შემოწმებას იქამდე ამოწმებს ექიმი - ნარკოლოგი ტესტებით, ხოლო თვითონ ამოწმებს ლაბორატორიულად. ნინო ფანჩულაძის განმარტებით ჰეროინი შედის ოპიუმის ჯგუფში.

 

ბრალდებულმა ფ--------- გ----------მ სასამართლოში დაკითხვისას აჩვენა, რომ ჰყავს დედა და ორი შვილი, არის აზერბაიჯანის მოქალაქე და საქართველოში მოდიოდა სტუმრად. თბილისიდან მარნეულში მგზავრობდა ავტობუსით, როდესაც ავტობუსში იპოვა ნარკოტიკი, რომელიც გაყო დანით. ფ--------- გ----------ს ჩვენებით მას ნარკოტიკი უნდოდა თავისთვის და განმარტა რომ 2 წელია რაც იღებს ნარკოტიკულ საშუალებას. ბრალდებულის განმარტებით პოლიციის მხრიდან რაიმე იძულებას ადგილი არ ჰქონია. იგი აღიარებს, ინანიებს ჩადენილ დანაშაულს და ითხოვს პატიებას.

 

,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად ჰეროინი 0.2-დან 1 გრამამდე ითვლება დიდ ოდენობად, ხოლო ჰეროინი 1 გრამიდან ითვლება განსაკუთრებით დიდ ოდენობად.

 

სასამართლომ შეაფასა აღნიშნული მტკიცებულებები, მიიჩნია, რომ ისინი ურთიერთშესაბამისია, იზიარებს სრულად და დადგენილად მიიჩნევს ფ--------- გ----------ს მიერ ნარკოტიკული საშაულებებისი დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით შეძენას და შენახვას. პირადი ჩხრეკის ოქმით ცალსახად დგინდება, რომ ნარკოტიკული საშაულება ამოღებულ იქნა ფ--------- გ----------ს პირადი ჩხრეკისას, გამომძიებლებმა როლანდ ბოლქვაძემ, გიორგი დევდარიანმა და ალი გასანოვმა დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული ფ--------- გ----------ს პირადი ჩხრეკის კანონიერება, საგულისხმოა, რომ აღნიშნული არც ბრალდებულს გაუხდია სადაოდ და აღიარა მის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედება. შესაბამისად აღნიშნულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს ფ--------- გ----------ს მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია, ფ--------- გ----------ს მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა, კერძოდ, საქმეში არსებული მტკიცებულებებით, რომელიც სასამართლო სხდომაზე იქნა გამოკვლეული სასამართლო ცალსახად ადგენს, რომ ფ--------- გ----------მ ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, დიდი ოდენობით და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით.

 

3.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: ”წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული”.

 

ევროპულმა კომისიამ საქმეში Denmark, Norway, Sweden and the Netherlands v Greece (The Greek case), ”გონივრულ ეჭვს მიღმა” სტანდარტი განმარტა, როგორც ”არა ისეთი ეჭვი, რომელიც მხოლოდ დაფუძნებულია თეორიულ შესაძლებლობაზე ან წარმოშობილია რათა თავიდან იქნეს აცილებული არასასურველი დასკვნები, არამედ ეჭვი, რომლის მიზეზები გამომდინარეობს წარდგენილი ფაქტებიდან”.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.

 

3.3. საქმეზე არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ ფ--------- გ----------მ მის მიერ განხორციელებული ქმედებით - ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

სასჯელის დანიშვნის დროს, თანახმად საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლისა, სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მათ წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს და ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

5.2. საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ხუთიდან რვა წლამდე. საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს რვიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას.

 

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პიროვნებას, იგი აღიარებს და ინანიებს დანაშაულს და მიიჩნევს, რომ ფ--------- გ----------ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 8(რვა) წლის ვადით.

 

საქართველოს კანონით ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ მე-3 მუხლის თანახმად, ფ--------- გ----------ს 5 (ხუთი) წლით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალებების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები; მასვე ამავე კანონის შესაბამისად 10(ათი) წლით ჩამოერთვას საექიმო, ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას, კერძოდ - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

6. ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა.

 

6.1. საქართველოს სსსკ-ის 274-ე მუხლის თანახმად სასამართლო გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისას ასევე ვალდებულია გადაწყვიტოს ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი. ამავე კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად თუ დანაშაულის იარაღს ან საგანს ღირებულება არ აქვს იგი ნადგურდება, ხოლო თუ მას აქვს რაიმე ღირებულება, ხდება მისი საპროცესო კონფისკაციაა.

 

საქმეზე ნივთმტკიცების სახით ამოღებული ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი“, ნარკოტიკული საშუალება ,,მორფინი“, დანა და დანის პირი განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 20-ე, 255-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ფ--------- გ---------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” და სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 8(რვა) წლის ვადით.

 

ფ--------- გ----------ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან 2017 წლის 4 დეკემბრიდან.

 

საქართველოს კანონით ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ მე-3 მუხლის თანახმად, ფ--------- გ----------ს 5 (ხუთი) წლით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალებების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები; ხოლო 10(ათი) წლით საექიმო, ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

 

აღნიშნულის თაობაზე დაუყოვნებლივ ეცნობოს საქართველოს შს სამინისტროს; საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს; საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს; საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას;

 

ფ--------- გ----------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

 

სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერი მტკიცებულებათა ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

- ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი“, ნარკოტიკული საშუალება ,,მორფინი“, დანა და დანის პირი განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

 

განაჩენი ბრალდების მხარის და მსჯავრდებულის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს - განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: თეა ლეონიძე