გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
3-----------------
№2/2298-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
01.05.2018 წ. ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე თეა ბერაია
სხდომის მდივანი ირაკლი გამსახურდია
მოსარჩელე დ------- ბ-----–---–ი
წარმომადგენელი ხ---- ქ-------–-–---–ი
მოპასუხე სსიპ ს----------–-----------------------------–------------ი
წარმომადგენლები: ზ---- ხ------–---–-, გ------- ა-----ე
დავის საგანი: სახელფასო დავალიანების ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე სსიპ ს----------–-----------------------------–------------ს დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების 651,33 ლარის ანაზღაურება.
მოსარჩელის პოზიცია:
1978 წლის 15 იანვრიდან 2004 წლის 1 დეკემბრამდე, მოსარჩელე მუშაობდა ს----------–---------–-–-------------------ს კასპის რაიინსპექტურაში აღრიცხვის უფროსი ინსპექტორის თანამდებობაზე. მოსარჩელის განმრტებით მას მისაღები აქვს 1998, 1999, 2000 და 2003 წლის სხვადასხვა თვეებში ხელზე გასაცემი ხელფასი 651,33 ლარის ოდენობით. ასეთი დავალიანებები აღიარებულია 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის მე-19 მუხლით, რის გამოც მოსარჩელე მიუთითებს რომ მისი მოთხოვნა არ არის ხანდაზმული.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ ზემოაღნიშნული სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მოსარჩელე 1978 წლის 15 ივნისიდან 2004 წლის 1 დეკემბრამდე მუშაობდა ს----------–---------–-–-------------------ს კასპის რაიინსპექტურაში აღრიცხვის უფროსი ინსპექტორის თანამდებობაზე
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სარჩელი;
- შესაგებელი;
- შრომის წიგნაკის ასლი;
- მხარეთა განმარტებები.
3.1.2. მოსარჩელეს მისაღები აქვს 1998, 1999, 2000 და 2003 წლის სხვადასხვა თვეებში ხელზე გასაცემი ხელფასი 651,33 ლარის ოდენობით, რაც დადასტურებულია მოპასუხის მიერ გაცემული ცნობით სახელფასო დავალიანების შესახებ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სარჩელი;
- შესაგებელი;
- ცნობა სახელფასო დავალიანების შესახებ;
- მხარეთა განმარტებები.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა ხელფასის 651,33 ლარის ანაზღაურების შესახებ არ არის ხანდაზმული.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი 341-ე მუხლის თანახმად იმ ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, რომლითაც აღიარებულ იქნა ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა (ვალის არსებობის აღიარება), აუცილებელია წერილობითი აღიარება. თუ სხვა ფორმაა გათვალისწინებული იმ ვალდებულებითი ურთიერთობის წარმოშობისათვის, რომლის არსებობაც აღიარებულ იქნა, მაშინ აღიარებაც მოითხოვს ამ ფორმას. თუ ვალის არსებობა აღიარებულია ანგარიშსწორების (გადახდის) საფუძველზე ან მორიგების გზით, მაშინ ფორმის დაცვა არ არის აუცილებელი.'' სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი 2016 წლის 9 ნოემბრის ცნობა დავალიანების შესახებ წარმოადგენს მოპასუხის მიერ ვალდებულების არსებობის აღიარებას. თუ მხედველობაში მივიღებთ ხელფასის, როგორც ადამიანის ღირსეული ცხოვრების ერთ-ერთ ძირითად გარანტიას, სასამართლო ცალსახად მიიჩნევს, რომ ასეთი სახის დოკუმენტი არის დასაქმებულის მიერ ვალის აღიარება და მისი გადახდის მზადყოფნის დასტური.
ამასთან, 2016 წლის სახელფასო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის თანახმად, წინა წლებში წარმოქმნილი ფაქტობრივი დავალიანებების დასაფარად საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფმა საბიუჯეტო ორგანიზაციებმა შესაძლებელია გამოიყენონ 2016 წელს მათთვის გამოყოფილი ასიგნებები იმ პირობებით, რომ არ დაიშვება ახალი დავალიანების დაგროვება, რისთვისაც მთელი პასუხისმგებლობა ეკისრებათ აღნიშნულ ორგანიზაციებს.
ამავე კანონის 134-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, 2005 წლის 1 იანვრამდე სამსახურიდან გათავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეზე კუთვნილი თანხის გაცემა განხორციელდეს წინა წლებში წარმოქმნილი საბიუჯეტო დავალიანების დაფარვის წესის შესბამისად.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოპასუხემ აღიარა მოსარჩელის მიმართ არსებული დავალიანება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა – ექვს წელს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის თანახმად ''ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას''. ამავე კოდექსის 141-ე მუხლის თანახმად კი ''თუ შეწყდება ხანდაზმულობის ვადის დენა, მაშინ შეწყვეტამდე განვლილი დრო მხედველობაში არ მიიღება და ვადა დაიწყება თავიდან.'' აღნიშნულიდან გამომდინარე, ცალსახად დგინდება, რომ, ვინაიდან მოსარჩელის მიმართ არსებული დავალიანება მოპასუხეს აღიარებული აქვს 2016 წელს, ხოლო მოსარჩელემ სასამართლოს სარჩელით მომართა 2016 წლის 09 დეკემბერს, სასარჩელო მოთხოვნა არ არის ხანდაზმული.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი საფუძვლიანობის შესწავლის შედეგად სასამართლო მიიჩნევს, რომ დ------- ბ-----–---–ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხე სსიპ ს----------–-----------------------------–-----------ს უნდა დაეკისროს მოსარჩელის დ------- ბ-----–---–ის სასარგებლოდ 651.33 ლარის ანაზღაურება.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს შრომის კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილი, 31-ე მუხლები; საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს შრომის კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებსაც არ აწესრიგებს ეს კანონი ან სხვა სპეციალური კანონი, რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია, მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. აღნიშნული ნორმის ანალიზით ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა კერძო სამართლის სუბიექტებს - კრედიტორსა და მოვალეს შორის ურთიერთობაა, შესაბამისად, მოთხოვნაზე უფლებამოსილი და შესრულებაზე ვალდებული, სწორედ, ეს პირები არიან.
საქართველოს შრომის კოდექსის 31-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, შრომის ანაზღაურება გაიცემა თვეში ერთხელ.
შესაბამისად, ზემოდასახელებული მუხლის გამოყენების წინაპირობებია: პირი შრომით-სამართლებრივ ურთიერთობაში უნდა იმყოფებოდეს ანაზღაურებაზე ვალდებულ პირთან; შრომითი ანაზღაურების წესი უნდა იყოს დარღვეული.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე ითხოვს მის მიმართ არსებული დავალიანების მოპასუხეზე დაკისრებას, ხოლო მოპასუხე მიუთითებს, რომ სარჩელი ხანდაზმულია.
უდავოდ დადგენილია, რომ მოსარჩელეს მისაღები აქვს 1998, 1999, 2000 და 2003 წლის სხვადასხვა თვეებში ხელზე გასაცემი ხელფასი 651,33 ლარის ოდენობით, რაც დადასტურებულია მოპასუხის მიერ გაცემული ცნობით სახელფასო დავალიანების შესახებ (იხ. 3.1.2. უდავო ფაქტ. გარემოება).
სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა ხელფასის 651,33 ლარის ანაზღაურების შესახებ არ არის ხანდაზმული (იხ. 3.2.1. სადავო ფაქტ. გარემოება).
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.
მოცემულ შემთხვევაში როგორც მოსარჩელე, ასევე მოპასუხე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან, შესაბამისად საქმის განხილვასთან დაკავშრებით გაწეული ხარჯები უნდა გაიღოს სახელმწიფომ.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 247-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. დაკმაყოფილდეს დ------- ბ-----–---–ის სარჩელი სახელფასო დავალიანების ანაზღაურების შესახებ;
2. მოპასუხე ს----------–-----------------------------–-----------ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს სახელფასო დავალიანების 651,33 ლარის (ხელზე გასაცემი) ანაზღაურება;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ფოთის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე
თეა ბერაია