გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
140216815001002103
საქმე №2/930-13 (2/593-15)
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
09 მარტი. 2018 წელი ქ. გორი
შესავალი ნაწილი
გორის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე ნინო შარაძე
სხდომის მდივანი - ქეთევან ცერცვაძე
მოსარჩელე (შეგებებული სარჩელით მოპასუხე) სს “პ-----------ტ ბანკი”
წარმომადგენელი თეა ღ-----–---–ი
მოპასუხე (შეგებებული სარჩელით მოსარჩელეები) რ------ი ა-----ე, ვ---ლ ო---–---–ი, მ------ნ ტ--------ე, ა-----ლ ა-----ე
ა-----ლ ა-----ის წარმომადგენელი მ------ა მ--–-----ი
ძირითადი სარჩელით დავის საგანი - დავალიანების გადახდის დაკისრება
შეგებებული სარჩელით დავის საგანი - სოლიდარული ვალდებულების შესახებ ხელშეკრულებების ბათილად ცნობა;
აღწერილობითი ნაწილი
1.ძირითადი სარჩელით სასარჩელო მოთხოვნა
მოპასუხეებს რ------ი ა-----ეს, ვ---ლ ო---–---–ს, მ------ნ ტ--------ეს და ა-----ლ ა-----ეს სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელე სს ”პ-----------ტ ბანკის” სასარგებლოდ 18790.66 (თვრამეტი ათას შვიდას ოთხმოცდაათი ლარი და სამოცდაექვსი თეთრი) ლარის გადახდა.
2013 წლის 29 იანვრს სს “პ-----------ტ ბანკსა” და რ------ი ა-----ეს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება №14.9--6, რომლის საფუძველზეც ბანკმა გასცა კრედიტი 11 100 (თერთმეტი ათას ასი) ლარი 36 თვის ვადით, წლიური 28 საპროცენტო განაკვეთით; საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით ვ---ლ ო---–---–თან, მ------ნ ტ--------ესთან და ა-----ლ ა-----ესთან დაიდო სოლიდარული ვალდებულების შესახებ ხელშეკრულებები №6-------0-04443, №6-------2-044444 და №6-------1-041; ხსენებული ხელშეკრულებებით მოპასუხეებმა აიღეს სოლიდარულ პასუხისმგებლობა მსესხებელთან ერთად; მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა, მოპასუხეები არ ასრულებენ ვალდებულებას, რის გამოც მოსარჩელემ მომართა სასამართლოს და ითხოვს მოპასუხეთა მხრიდან ვალდებულების შესრულება, მოპასუხეთათვის თანხის 18790.66 (თვრამეტი ათას შვიდას ოთხმოცდაათი ლარი და სამოცდაექვსი თეთრი) ლარის დაკისრებას, საიდანაც ძირითადი თანხაა 11 100 (თერთმეტი ათას ასი) ლარი, პროცენტი - 5944.73 ლარი (ხუთი ათას ცხრაას ორმოცდაოთხი ლარი და სამოცდაცამეტი თეთრი) ლარი პირგასამტეხლო 90 დღეზე 1745.93 (ათას შვიდას ორმოცდახუთი ლარი და ოთხმოცდაცამეტი თეთრი) ლარი;
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე რ------ი ა-----ემ სარჩელი ცნო საქმის მოსამზადებელ ეტაპზევე სესხის ძირი თანხის 11 100 ლარის ნაწილში. ა-----ლ ა-----ის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, ხოლო მოპასუხეებს ვ---ლ ო---–---–ს და მ------ნ ტ--------ეს შესაგებელი არ წარმოუდგენიათ.
3. შეგებებული სარჩელით სასარჩელო მოთხოვნა
ბათილად იქნეს ცნობილი 2013 წლის 29 იანვარს სს“პ-----------ტ ბანკსა“ და ვ---ლ ო---–---–ს, მ------ნ ტ--------ესა და ა-----ლ ა-----ეს შორის დადებული №6-------0-04443, №6-------2-044444 და №6-------1-041 სოლიდარული ვალდებულების შესახებ ხელშეკრულებები.
4. მოპასუხის პოზიცია შეგებებულ სარჩელზე
მოპასუხემ შეგებებული სარჩელი არ სცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა უსაფუძვლობის გამო.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1 უდაო ფაქტობრივი გარემოებები:
2013 წლის 29 იანვრის საკრედიტო ხელშეკრულების №14/9--6 საფუძველზე სს “პ-----------ტ ბანკმა” რ------ი ა-----ეზე გასცა კრედიტის სახით 11 100 (თერთმეტი ათას ასი) ლარი 36 თვის ვადით წლიური 28 საპროცენტო განაკვეთის გადახდის პირობით. თანხის გადახდა უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულებას თანდართული გადახდის გრაფიკის შესაბამისად ნაწილ-ნაწილ ყოველთვიურად;
3.1.2. 2013 წლის 29 იანვრის სოლიდარული ვალდებულების შესახებ ხელშეკრულებებით №6-------0-04443, №6-------2-044444 და №6-------1-041 ვ---ლ ო---–---–მა, მ------ნ ტ--------ემ და ა-----ლ ა-----ემ აიღეს სოლიდარული ვალდებულება 2013 წლის 29 იანვარს გაფორმებული ა-----ლ ა-----ის №14.9--6 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე მსესხებლის ფულადი ვალდებულებების შესრულებაზე.
4. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
4.1.1. 2013 წლის 29 იანვრის №14.9--6 საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე გადახდის გრაფიკის შესაბამისი ყოველთვიური გადახდის ვალდებულება მსესხებლის მიერ არ განხორციელებულა.
4.1.2. 2013 წლის 27 ნოემბრის მდგომარეობით №14.9--6 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე რ------ი ა-----ის დავალიანება შეადგენს ძირითადი თანხის სახით 11 100 (თერთმეტი ათას ასი) ლარს, პროცენტი - 5944.73 ლარი (ხუთი ათას ცხრაას ორმოცდაოთხი ლარი და სამოცდაცამეტი თეთრი) ლარს, ხოლო პირგასამტეხლო 90 დღეზე 1745.93 (ათას შვიდას ორმოცდახუთი ლარი და ოთხმოცდაცამეტი თეთრი) ლარს;
4.1.3 რ------ი ა-----ეს, ვ---ლ ო---–---–ს, მ------ნ ტ--------ეს და ა-----ლ ა-----ეს 2013 წლის ოქტომბრის თვის მონაცემებით დაანგარიშებული დავალიანების თანხის დაფარვის შესახებ 2013 წლის 01 ნოემბერს გაეგზავნათ გაფრთხილების წერილი და განესაზღვრათ ვადა, თოთხმეტი დღე, ვალდებულების შესასრულებლად . მოპასუხეთა მიერ გადახდის ვალდებულება არ შესრულებულა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არ არსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომელიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
სასამართლო საქმის მასალების ანალიზით დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებებს მასზედ, რომ ბანკის წინაშე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება მხარეებს შესრულებული არა აქვთ, ამასთან მოპასუხეები სოლიდარული ვალდებულების შესახებ მათთან დადებული ხელშეკრულებებზე ხელმოწერით დაეთანხმნენ ამ ხელშეკრულებების შინაარს და ამდენად, მათ იცოდნენ სადავო გარიგების საფუძველზე მათ მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესახებ.
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ძირითადი სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ხოლო შეგეგებულ სარჩელს დაკმაყოფილებაზე უნდა ეთქვას უარი.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 463-464-ე, 623-ე, 625-ე, 627-ე, 867-868-ე, 873-ე მუხლები.
7. სამართლებრივი შეფასება
მოსარჩელემ თანხის გადახდის დაკისრების მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა იმ არსებით გარემოებაზედ, რომ მიუხედავად გაფრთხილებისა მოპასუხეთა მხრიდან საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის გადახდის ვალდებულება არ შესრულდა.
სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა, ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
დადგენილია, რომ 2013 წლის 29 იანვრის საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე სს “პ-----------ტ ბანკმა” რ------ი ა-----ეზე გასცა კრედიტის სახით 11 100 (თერთმეტი ათას ასი) ლარი 36 თვის ვადით წლიური 28 საპროცენტო განაკვეთის გადახდის პირობით.
სამოქალაქო კოდექსის 623-ე და 625-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი; სესხისათვის მხარეებმა შეიძლება გაითვალისწინონ პროცენტი.
სამოქალაქო კოდექსის 867-868-ე მუხლების თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
დადგენილია, რომ 2013 წლის 29 იანვრის საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე გადახდის გრაფიკის შესაბამისი ყოველთვიური გადახდის ვალდებულება მსესხებლის მიერ არ შესრულებულა.
სამოქალაქო კოდექსის 627-ე მუხლის თანახმად, გამსესხებელს უფლება აქვს დაუყოვნებლივ მოითხოვოს ვალის დაბრუნება, თუ მსესხებლის ქონებრივი მდგომარეობა არსებითად უარესდება, რითაც საფრთხე შეექმნება სესხის დაბრუნების მოთხოვნას.
სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.
სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. ამავე კოდექსის 464-ე მუხლის მიხედვით, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხეთა პოზიციას თითქოსდა მხარეთა შორის დადებული იყო თავდებობის ხელშეკრულებები და არ იყო ცნობილი ხელშეკრულების პირობების, (სესხის ოდენობის და დაფარვის გრაფიკის), ასევე სოლიდარული ვალდებულების შესახებ.
დადგენილია, რომ ვ---ლ ო---–---–მა, მ------ნ ტ--------ემ და ა-----ლ ა-----ემ აიღეს სოლიდარული ვალდებულება 2013 წლის 29 იანვარს გაფორმებული №14.9--6 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე მსესხებლის ფულადი ვალდებულებების შესრულებაზე.
სამოქალაქო კოდექსის 465-ე მუხლის მიხედვით, კრედიტორს შეუძლია თავისი სურვილისამებრ შესრულება მოსთხოვოს ნებისმიერ მოვალეს როგორც მთლიანად, ასევე ნაწილობრივ. ვალდებულების მთლიანად შესრულებამდე დანარჩენი მოვალეების ვალდებულება ძალაში რჩება.
ამდენად, სს ”პ-----------ტ ბანკის” სარჩელი მოპასუხეების რ------ი ა-----ის, ვ---ლ ო---–---–ის, მ------ნ ტ--------ის, ა-----ლ ა-----ისათვის ძირითადი თანხის სახით 11 100 (თერთმეტი ათას ასი) ლარის და პროცენტის - 5944.73 (ხუთი ათას ცხრაას ორმოცდაოთხი ლარის სოლიდარული წესით გადახდის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. პირგასამტეხლოს ოდენობას, სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის მიხედვით, ხელშეკრულების მხარეები განსაზღვრავენ თავისუფლად და იგი შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს.
მოსარჩელემ მოითხოვა პირგასამტეხლოს სახით 1745.93 ლარის გადახდის დაკისრება.
სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
სასამართლო მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლოს ფუნქციური დანიშნულება არის კრედიტორისათვის მინიმალური ზიანის ანაზღაურება და მოვალეზე პრევენციული ზემოქმედების განხორციელება. პირგასამტეხლოს დაკისრების დროს სასამართლო ითვალისწინებს როგორც კრედიტორის ინტერესს, ასევე ყურადღებას აქცევს დარღვევის შინაარს (მათ შორის ხელშეკრულების შესრულების ვადის გადაცილების პერიოდს) და დაკისრებული პირგასამტეხლოს გონივრულ ფარგლებს ძირითად ვალდებულებასთან მიმართებაში.
სასამართლო მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლო 1745.93 (ათას შვიდას ორმოცდახუთი ლარი და ოთხმოცდაცამეტი თეთრი) ლარის ნაწილში შეუსაბამოდ მაღალია, უნდა შემცირდეს და მოპასუხეებს რ------ი ა-----ეს, ვ---ლ ო---–---–ს, მ------ნ ტ--------ეს და ა-----ლ ა-----ეს სოლიდარულად გადასახდელად უნდა დაეკისროთ 300 (სამასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.
იმავე კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ პირი გარიგების დადების მიზნით მოატყუეს, იგი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ გარიგების ბათილობა. ეს ხდება მაშინ, როცა აშკარაა, რომ მოტყუების გარეშე გარიგება არ დაიდებოდა, ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ერთი მხარე დუმს იმ გარემოებათა გამო, რომელთა გამჟღავნების დროსაც მეორე მხარე არ გამოავლენდა თავის ნებას, მაშინ მოტყუებულს შეუძლია მოითხოვოს გარიგების ბათილობა. გამჟღავნების ვალდებულება არსებობს მხოლოდ მაშინ, როცა მხარე ამას ელოდებოდა კეთილსინდისიერად.
იმავე კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, მოტყუებით დადებული გარიგების ბათილად ცნობისათვის მნიშვნელობა არა აქვს, არასწორი ცნობების შეტყობინებით მხარე მიზნად ისახავდა რაიმე სარგებლის მიღებას, თუ - მეორე მხარისათვის ზიანის მიყენებას.
სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრულება არის მხარეთა ორმხრივი ნების გამოვლენით ფორმირებული საერთო ნება, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ამდენად, გარდა იმისა, რომ ნება უნდა არსებობდეს, იგი ნების ავტორის მიერ გამოვლენილიც უნდა იყოს. შინაგანი ნება გამოვლენილ ნებასთან თანხვედრაში უნდა მოდიოდეს. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შეიძლება საუბარი იმის თაობაზე, რომ არსებობს ნადვილი გარიგება, ნამდვილი ხელშეკრულება.
იმისათვის, რომ გარიგება, ხელშეკრულება მივიჩნიოთ მოტყუებით დადებულად, აუცილებელი, რომ სახეზე იყოს მოტყუების შემადგენლობა, კერძოდ: არასწორი, იგივე ცრუ და ყალბი მონაცემების მიწოდება კონტრაჰენტისათვის; დუმილი, ანუ შესაბამისი მონაცემების მიუწოდებლობა, რაც მიზნად უნდა ისახავდეს იმას, რომ ზიანი მიადგეს კონტრაჰენტს ან სარგებელი მიენიჭოს მეორე მხარეს. განსახილველ შემთხვევაში შეგებებული სარჩელით სადავოდ გამხდარი სოლიდარული ვალდებულებების შესახებ ხელშეკრულებები არ შეიცავს არასწორ და ყალბ მონაცემებს და ამდენად მასზე ხელმოწერით მოსარჩელეები დაეთანხმნენ ხელშეკრულების პირობებს.
სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს გარიგების მოტყუების გამო ბათილად ცნობის ის ფაქტობრივი გარემოებები, რომელიც საფუძვლად დაედებოდა სარჩელის დაკმაყოფილების მატერიალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად ვ---ლ ო---–---–ის, მ------ნ ტ--------ის და ა-----ლ ა-----ის შეგებებული სარჩელი მოპასუხე სს ”პ-----------ტ ბანკის” მიმართ სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებების №6-------0-04443, №6-------2-044444 და №6-------1-041 ბათილად ცნობის შესახებ უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
8. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს ეთქვა უარი.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ სს ”პ-----------ტ ბანკის” მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია - 713.12 ლარი, ამასთან მოსარჩელე რ------ი ა-----ემ საქმის მოსამზადებელ ეტაპზევე ცნო სარჩელი 11 100 ლარის ნაწილში და შესაბამისად ამ ნაწილში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 333 ლარის ოდენობით მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან სსკ 49-ე მუხლის საფუძველზე. პირგასამტეხლო (1745.93) შემცირდა 300 (სამასი) ლარამდე, ასევე სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში (5944.73 ლარი) და უზრუნველყოფის ღონისძიებისთვის გადახდილი 150 ლარის ნაწილში მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად.
9. უზრუნველყოფის ღონისძიება:
მოცემულ სამოქალაქო საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებულია გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 02 დეკემბრის განჩინებით, რაც უნდა დარჩეს უცვლელი
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 47-ე, 53-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. სს “პ-----------ტ ბანკის” სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
1.1 მოპასუხეებს რ------ი ა-----ეს, ვ---ლ ო---–---–ს, მ------ნ ტ--------ეს და ა-----ლ ა-----ეს სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელე სს “პ-----------ტ ბანკის” სასარგებლოდ 17344.73 (ჩვიდმეტიათას სამას ორმოცდაოთხი ლარი და სამოცდაცამეტი თეთრი) ლარის გადახდა.
2. მოთხოვნას დანარჩენ ნაწილში ეთქვას უარი.
3. მოპასუხეებს რ------ი ა-----ეს, ვ---ლ ო---–---–ს, მ------ნ ტ--------ეს და ა-----ლ ა-----ეს სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელე სს “პ-----------ტ ბანკის” სასარგებლოდ გაწეული ხარჯი, ჯამში 337.50 (სამასოცდაჩვიდმეტი ლარი და ორმოცდაათი თეთრი) ლარისა გადახდა ;
4. მოსარჩელე სს “პ-----------ტ ბანკს” (ს/ნ 204851197) დაუბრუნდეს მის მიერ 2013 წლის 29 ნოემბერს, შემდეგ რეკვიზიტებზე: ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდი 300433150, ბანკის კოდი TRESGE22, სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 713.12 (შვიდას ცამეტი ლარი და თორმეტი თეთრი) ლარიდან დაუბრუნდეს 333 (სამას ოცდაცამეტი) ლარი (საგადახდო დავალება №1), დარჩენილი თანხა დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად ;
5. ვ---ლ ო---–---–ის, მ------ნ ტ--------ის და ა-----ლ ა-----ის შეგებებული სარჩელი არ დაყმაყოფილდეს.
6.გადაწყვეტილება შეიძლება, გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მის: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. № 7ა) გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის: ქ. გორი, ჯორბენაძის ქ. № 30) მისი დასაბუთებული ასლის მხარისათვის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში ან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით დადგენილი წესით.
7.თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 (ოცი) და არა უგვიანეს 30 (ოცდაათი) დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე (ოცდამეათე) დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ნინო შარაძე