გადაწყვეტილება

სამოქალაქო 27.07.2018
საქმის ნომერი
210210017002009993
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
27.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

210210017002009993

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

საქმე № 2/601-17 ქ. სიღნაღი

27 ივლისი, 2018 წელი

სიღნაღის რაიონული სასამართლო

მოსამართლე: მერაბ ღვინიაშვილი

სხდომის მდივანი: ნანა გოშნიაშვილი

მოსარჩელე: გე-–----------–---–ი

მოსარჩელის წარმომადგენელი: და------------–---–ი

მოპასუხეები: თა----------------–---–ი და და-------------–---–ი

მოპასუხე და-------------–---–ოს წარმომადგენელი: ნი---–-------–---–ი

დავის საგანი: საკომლო ჩანაწერის ბათილად ცნობა, გარიგების ბათილად ცნობა და უძრავი ქონების თანამესაკუთრედ აღიარება.

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სიღნაღის რაიონის სოფელ ნუკრიანის საკრებულოს 1998-2008 წლის საკომლო წიგნის ჩანაწერები ნაწილობრივ, კერძოდ, ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც კომლის ერთადერთ წევრად მითითებულია თა----------------–---–ი და გე-–----------–---–ი აღიარებული იქნეს კომლის ერთერთ სრულუფლებიან წევრად.

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი სიღნაღის რაიონის სოფელ ჯუგაანის სასოფლო საბჭოს საკრებულოს 1986-1997 წლის საკომლო წიგნის ჩანაწერები ნაწილობრივ, კერძოდ, ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც გე-–----------–---–ი არის საკომლო წიგნში გადახაზული.

1.3. ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი თა------- და და-------------–---–ებს შორის 16.05.2017 წელს დადებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება და გე-–-----------–---–ი აღიარებული იქნეს უძრავი ქონების, მდებარე სიღნაღის რაიონის სოფელი ნ---------, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი #5-.1-.4-.6--, 1/5 ნაწილის მესაკუთრედ.

 

მოსარჩელე მოთხოვნას ამყარებს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე.

 

სიღნაღის რაიონის სოფელ ჯუგაანის სასოფლო საბჭოს, საკრებულოს 1986-1997 წლის საკომლო წიგნის ჩანაწერების მიხედვით მოსარჩელის ბებიის რუ---------–------ს ასულ გო-----–---–-ს კომლს ერიცხება 4-კვ.მ და 0.15 ჰა მიწის ნაკვეთი. კომლის შემადგენლობაში სხვა პირებთან ერთად ირიცხება გე-–----------–---–ი. საკომლო წიგნის ჩანაწერები, რომელიც 1986-1997 წლებს ეხება საარქივო ცნობის მიხედვით გე-–----------–---–ი არის გადახაზული. სოფელ ნუკრიანის საკრებულოს 1998-2008 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად და კომლის ერთადერთ წევრად აღრიცხულია მხოლოდ გე-–----------–---–ის დედა თა----------------–---–ი, კომლის სხვა წევრები არის საარქივო ცნობაში გადახაზული. მითითებული საარქივო ცნობის საფუძველზე თა----------------–---–ის სახელზე საჯარო რეესტრში 2017 წლის 18 აპრილს განხორციელდა საკუთრების უფლების რეგისტრაცია ისე, რომ არ იქნა გათვალისწინებული გე-–----------–---–ის, როგორც კომლის წევრის თანასაკუთრების უფლება, შემდეგ კი 16.05.2017 წლის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გადაფორმდა მოსარჩელის ძმის და-------------–---–ის სახელზე.

 

სოფელ ნუკრიანის საკრებულოს 1998-2008 წლების საკომლო წიგნის ჩანაწერები, როგორც უკანონო ბათილად უნდა იქნეს ცნობილი რადგან გე-–----------–---–ი მითითებული კომლიდან არასოდეს არ ამოწერილა, დღესაც მოსარჩელის და მისი ოჯახის წევრების ( შვილის, მეუღლის ) ნივთები განლაგებულია სადაო საცხოვრებელ სახლში, მოსარჩელეს დაკავებული აქვს საცხოვრებელი სახლის ოთახები, რომლის გასაღებსაც პირადად ფლობს გე-–----------–---–ი.

 

უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომელიც გაფორმდა 16.05.2017 წელს მოპასუხეებს შორის, არის კანონსაწინააღმდეგო, და-------------–---–ის მხრიდან თა-------------------–ზე განხორციელდა იძულება(მუქარა). თა----------------–---–მა არ იცოდა რა გარიგებაზე მოაწერა ხელი და არც თანხა მიუღია.

 

2. მოპასუხეების პოზიცია

 

საკომლო ჩანაწერების ბათილად ცნობის არანაირი სამართლებრივი და ფაქტობრივი საუძვლები არ არსებობს. აღნიშნულ ნაწილში დავა გახლავთ არა მხოლოდ უსაფუძვლო არამედ ხანდაზმულიც, რადგან გე-–----------–---–ი წლების წინ გავიდა ნებაყოლობით კომლიდან და არ არსებობს მისი კომლის სრულუფლებიან წევრად აღიარების არავითარი სამართლებრივი საფუძველი. სარჩელზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენს ასევე ის გარემოება, რომ ქონება კანონიერად არის დარეგისტრირებული, გასხვისებულია და მოსარჩელეს ვერანაირი ინტერესის აღდგენა ვერ მოხდება. სარჩელი არ ექვემდებარება დაკმაყოფილებას, რადგან სარჩელი დაუსაბუთებელია და უსაფუძვლო. გაურკვეველია რა სახის დანაშაულებრივ ქმედებებზე აპელირებს მოსარჩელე და გაურკვეველია რაში მდგომარეობს ვისიმე მოტყება გარიგების დადებისას. მოტყუების და იძულების ფაქტი არ დასტურდება არანაირი მტკიცებულებებით მიგვაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. სიღნაღის რაიონის სოფელ ჯუგაანის სასოფლო საბჭოს, საკრებულოს 1986-1997 წლის საკომლო წიგნის ჩანაწერების მიხედვით მოსარჩელის ბებიის რუ---------–------ს ასულ გო-----–---–-ს კომლს ერიცხება 40-კვ.მ და 0.15 ჰა მიწის ნაკვეთი. კომლის შემადგენლობაში სხვა პირებთან ერთად ირიცხება გე-–----------–---–ი(გადახაზულია)

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-2017 წლის 30 მარტის #36/36160 საარქივო ცნობა

 

3.1.2. სოფელ ნუკრიანის საკრებულოს 1998-2008 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად და კომლის ერთადერთ წევრად აღრიცხულია გე-–----------–---–ის დედა თა----------------–---–ი, კომლის სხვა წევრები არის საარქივო ცნობაში გადახაზული.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-2017 წლის 30 მარტის #36/36160 საარქივო ცნობა

 

3.1.3. 2017 წლის 18 აპრილს, საარქივო ცნობის საფუძველზე, თა----------------–---–ის სახელზე საჯარო რეესტრში განხორციელდა საკუთრების უფლების რეგისტრაცია;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

_ამონაწერი საჯარი რეესტრიდან;

 

3.1.4. 16.05.2017 წლის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე სადაო ქონება გადაფორმდა მოსარჩელის ძმის და-------------–---–ის სახელზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

_ 16.05.2017 წლის ნასყიდობის ხელშეკრულება;

-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. გე-–----------–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

4.2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

ამჟამად მოქმედი, 1997 წლის, სამოქალაქო კოდექსის 1507-ე მუხლის თანახმად, 1. სამოქალაქო კოდექსი ვრცელდება მხოლოდ იმ ურთიერთობებზე, რომლებიც წარმოიშობა ამ კოდექსის ამოქმედების შემდეგ. 2. იმ ურთიერთობათა მიმართ, რომლებიც წარმოიშვა სამოქალაქო კოდექსის ძალაში შესვლამდე, ამ კოდექსის ნორმები გამოიყენება 1997 წლის 25 ნოემბრიდან წარმოშობილი უფლებებისა და მოვალეობების მიმართ. 3. სამოქალაქო კოდექსის ამოქმედების გამო ძალადაკარგული ნორმატიული აქტების საფუძველზე წარმოშობილი ურთიერთობების მიმართ გამოიყენება ეს ნორმატიული აქტები, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ურთიერთობის მონაწილეებს სურთ ერთმანეთს შორის ურთიერთობა ამ კოდექსით მოაწესრიგონ, ან, თუ სამოქალაქო კოდექსი უძრავი ნივთების შესახებ ახალ წესებს ითვალისწინებს.

 

მხარეებს მოსაზრება არ გამოუთქვამთ ამჟამად მოქმედი, 1997 წლის 26 ივნისის, სამოქალაქო კოდექსის საფუძველზე ურთიერთობის მოწესრიგების თაობაზე.

 

ერთ მოთხოვნასთან დაკავშირებით დავის საგანს წარმოადგენს- ბათილად იქნეს ცნობილი სიღნაღის რაიონის სოფელ ჯუგაანის სასოფლო საბჭოს საკრებულოს 1986-1997 წლის საკომლო წიგნის ჩანაწერები ნაწილობრივ, ამ დროისათვის მოქმედებდა 1964 წლის სამოქალაქო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. უპირველეს ყოვლისა სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია იმსჯელოს იმ მოთხოვნების საფუძვლიანობაზე, რომლებიც ეხება საკომლო ჩანაწერების ბათილად ცნობას. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ სქმეთა პალატის 31.10. 2006 განჩინებითა და ამავე სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 29.06. 2012 წლის განჩინებით გაზიარებულია შემდეგი მოსაზრება, საკომლო დავთარში (საკომლო წიგნში) სათანადო ჩანაწერის შეტანა ,,ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ ორგანული კანონის თანახმად არ განეკუთვნება ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის კომპეტენციის სფეროს. შესაბამისად, კომლთან დაკავშირებული ადგილობრივი მმართველობის ორგანოს აქტი, საკომლო წიგნში(დავთარში) ჩანაწერი, თავისი ბუნებით არ პასუხობს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული აქტის მოთხოვნებს. სასამართლოს მიაჩნია, რომ აქტები რომლის ბათილად ცნობასაც ითხოვს მოსარჩელე არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს.

 

ერთ მოთხოვნასთან დაკავშირებით დავის საგანს წარმოადგენს- ბათილად იქნეს ცნობილი სიღნაღის რაიონის სოფელ ჯუგაანის სასოფლო საბჭოს საკრებულოს 1986-1997 წლის საკომლო წიგნის ჩანაწერები ნაწილობრივ, ამ დროისათვის მოქმედებდა 1964 წლის სამოქალაქო კოდექსი. ამ კოდექსის 122 მუხლის მიხედვით საკოლმეურნეო კომლის ქონება ეკუთვნის მის წევრებს თანასაკუთრების უფლებით. საკოლმეურნეო კომლს შეიძლება საკუთრებად ჰქონდეს დამხმარე მეურნეობა მის სარგებლობაში მყოფ საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე, საცხოვრებელი სახლი, პროდუქტიული პირუტყვი, ფრინველი და წვრილი სასოფლო-სამეურნეო ინვენტარი კოლმეურნეობის წესდების შესაბამისად. გარდა ამისა, საკოლმეურნეო კომლს ეკუთვნის კომლის წევრების მიერ მის საკუთრებად გადაცემული თავიანთი შრომითი შემოსავალი, რომელიც მათ კოლმეურნეობის საზოგადოებრივ მეურნეობაში მონაწილეობით მიიღეს ან მათ მიერვე კომლის საკუთრებად გადაცემული სხვა ქონება, აგრეთვე საერთო სახსრებით შეძენილი საოჯახო და პირადი მოხმარების საგნები, ხოლო 126-ე მუხლის მიხედვით საკოლმეურნეო კომლის შემადგენლობიდან ერთი ან რამდენიმე წევრის გასვლისას წილის ნატურით გამოყოფა წარმოებს იმ ვარაუდით, რომ კომლს არ მოაკლდეს დამხმარე მეურნეობისათვის აუცილებელი ნაგებობები, პირუტყვი და სასოფლო-სამეურნეო ინვენტარი. თუ შეუძლებელია ქონების წილი, რაც წევრს ერგება, ნატურათ გამოიყოს, მაშინ მისი ღირებულება მიეცემა ფულად. კომლის შემადგენლობიდან გასვლისას ქონების გამოყოფის მოთხოვნის უფლება აქვთ კომლის წევრებს, რომლებმაც თექვსმეტი წლის ასაკს მიაღწიეს. კომლის წევრებს თხუთმეტიდან თექვსმეტი წლის ასაკამდე შეუძლიათ მოითხოვონ გამოყოფა მათი მშობლების, მშვილებლების ან მზრუნველის თანხმობით. კომლის იმ წევრთა ინტერესების სასარგებლოდ, რომელთაც არ მიუღწევიათ თხუთმეტი წლის ასაკისათვის, გამოყოფა შეუძლიათ მოითხოვონ მათმა მშბლებმა, მშვილებლებმა ან მზრუნველებმა. ამ ნორმების განმარტებიდან გამომდინარე ვერ მივიჩნევთ, რომ კონკრეტულ დავაში საქმე გვაქვს კომლის წევრებს შორის გარიგებასთან და შესაბამისად სახეზე გვაქვს გარიგების ბათილად ცნობასთან დაკავშირებული სამართლებრივი საფუძველი.

 

ვინაიდან სახეზე არ გვაქვს არც ადმინისტრაციული აქტი და არც გარიგება სასამართლოს მიაჩნია, რომ ჩანაწერის ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ შეიძლება ეჭვის ქვეშ დადგეს ჩანაწერის სისწორე და მისი არსებობა ან არასებობა. სასამართლოს მიაჩნია, რომ ასეთი ფაქტი უნდა დადასტურდეს როგორც ერთ-ერთი ფაქტობრივი გარემოება მესამე სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებაში. თუ დადგინდება, რომ მოსარჩელე კომლიდან არ გასულა და მას შენარჩუნებული აქვს უფლება კომლის ქონებაზე მას ექნება იურიდიული ინტერესი ამ ქონებაზე დადებული გარიგებების ბათილად ცნობის მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

6.2 რაც შეეხება მოთხოვნას ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი თა------- და და-------------–---–ებს შორის 16.05.2017 წელს დადებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება და გე-–-----------–---–ი აღიარებული იქნეს უძრავი ქონების, მდებარე სიღნაღის რაიონის სოფელი ნ---------, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი #5-.1-.4-.6--, 1/5 ნაწილის მესაკუთრედ, სასამართლო განმარტავს შემდეგს;

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელში უნდა აღინიშნოს კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას. მოსარჩელემ სასამართლოს უნდა მიუთითოს ყველა იმ გარემოებაზე, რომლებიც კანონის მიხედვით ასაბუთებს სარჩელის მოთხოვნას. ფაქტების მითითების, როგორც მხარეთა პროცესუალური ვალდებულების არსი განმარტებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2017 წლის 2 მარტის გადაწყვეტილებით, სადაც აღნიშნულია, რომ „......ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას.....“ (იხ. საქმეზე №ას-664-635-2016 საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2017 წლის 2 მარტის გადაწყვეტილება). ამდენად, სამოქალაქო დავის გადაწყვეტის ორიენტირი არის საქმის კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებები და არა ზოგადად კანონის მხოლოდ აბსტარქტული შემადგენლობა. მხოლოდ მას შემდეგ, რაც საქმეზე დადგენილია დავის ფაქტობრივი გარემოებები, ადგილი აქვს ნორმის შემადგენლობის ნიშნების მისადაგებას (სუბსუმცია) დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 85-ე მუხლის (იძულებით დადებული გარიგება) სამართლებრივი შინაარსი მოიცავს სპეციფიკურ ელემენტს, რომლის არსებობაც როგორც ობიექტური, ისე სუბიექტური ნიშნებით განისაზღვრება. იძულება, როგორც სამართლებრივი კატეგორია, არ არსებობს ცალკე აღებული მოცემულობის სახით, მისი დადგენა ხორციელდება ცალკეული სუბიექტური და ობიექტური მაკვალიფიცირებელი ელემენტების გათვალისწინებით. უმრავლეს შემთხვევაში, ძალადობას ან მუქარას შედეგად მოჰყვება ის, რომ დაზარალებული იბოჭება სახელშეკრულებო ვალდებულებით ნების თავისუფალი გამოვლენის შეზღუდვის პირობებში. ამ შემთხვევაში, ნების ფორმირება ხორციელდება გარე ფაქტორების ზეგავლენით, რაც იძულებით დადებული გარიგების განმსაზღვრელი ნიშანია. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ მუქარა თავისი ხასიათით უნდა იყოს სახიფათო. ამ საკითხის შეფასება გულისხმობს მუქარის რეალიზაციის ალბათობის მაღალი ხარისხის დადგენას, რა დროსაც მნიშვნელობა ენიჭება სუბიექტურ ფაქტორსაც. დაზარალებულის სუბიექტური მახასიათებლები უნდა შეფასდეს ობიექტურად არსებული მდგომარეობისა და შექმნილი გარემოებების ანალიზთან ერთობლიობაში (სუბიექტური და ობიექტური კრიტერიუმები). ამგვარად, ცალკეული გარიგების ფარგლებში თითოეული მოსარჩელის მიმართ მიმდინარე პროცესებზე ინფორმაციის არარსებობა, გამორიცხავს იძულებით დადებული გარიგების მახასიათებელი წინაპირობების იდენტიფიცირებას.

 

საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად, მოსარჩელეს თავისი დარღვეული თუ სადავოდ გამხდარი უფლების დასაცავად შეუძლია, მიმართოს სასამართლოს. სასამართლოს ვალდებულებები პროცესუალური ინსტიტუტების გამოყენების ჭრილში, მათ შორის მოიცავს სასამართლოს ფუნქციას, კონტროლი გაუწიოს საპროცესო უფლებების გამოყენების თავისუფალ სივრცეს. მოსამართლე ხელმძღვანელობს მხარეთა შეჯიბრებითობის განხორციელებას საპროცესო დანაწესების დაცვით.

 

მოსარჩელე გარიგების ბათილად ცნობის საფუძვლებზე უთითებს სარჩელის მე-4 ფაქტობრივ გარემოებაში. ასეთ საფუძვლად კი მიიჩნევს თა----------------–---–ზე განხორციელებულ იძულებას და მუქარას. სასამართლო ვალდებულია დაადგინოს არა მხოლოდ ის ფაქტი ქონდა თუ არა ადგილი თა------- გო---–---–-ს მიმართ იძულებას ან მუქარას, არამედ ისიც გამოიყენა თუ არა თა----------------–---–მა შეცილების უფლება გარიგების ბათილად ცნობის მიზნით. დადგენილია, რომ ამ დავაში თა----------------–---–ი წარმოადგენს მოპასუხე მხარეს და მას გარიგების ბათილად ცნობა მასზე განხორციელებული იძულების საფუძვლით არ მოუთხოვია. მოსარჩელე არ არის ის პირი ვისაც თა----------------–---–ზე განხორციელებული იძულების შედეგად დადებული გარიგების ბათილად ცნობის თაობაზე შეცილების უფლება აქვს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მიხედვით, სახელწმიფო ბაჟი შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დავის საგნის ფასი უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების ცნობის შესახებ სარჩელისა განისაზღვრება უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

ვინაიდან მოსარჩელეების მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა მათ მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება

 

საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა:

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-ე, 2591 -ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. თა----------------–---–ის და და-------------–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი გარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით სიღნაღის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სიღნაღის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე მ.ღვინიაშვილი