განაჩენი

სისხლის სამართლის 26.07.2018
საქმის ნომერი
820100118002394674
დავის ტიპი
126 1
თარიღი
26.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 820100118002394674

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო

 

საქმის # 1/94-2018 წ.

 

26 ივლისი, 2018 წელი ქ. ბათუმი

 

მოსამართლე დავით გელაშვილი

სხდომის მდივანი ნაირა აბაშიძე

 

სხდომის სახე: ღია

 

ბრალდების მხარე - პროკურორი რ----------–----ე

 

დაცვის მხარე - ადვოკატი ჯ--–------------–--ე

 

ბრალდებული - გ--------------ე (დაბადებული 1----–-–---------–--ს, პ/ნ 6----------, საქართველოს მოქალაქე, უ-----–--ი განათლებით, ნასამართლობის არ მქონე, დაოჯახებული, მ--------------------------–ი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: შუახევის რაიონის სოფელი დ-------–ი).

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი - სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

2018 წლის 04 მარტს, დაახლოებით 14:10 საათზე, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ წ---------ის ცენტრში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტისას, გ--------------ემ ხელის სახის და მარცხენა მხრის არეში დარტყმებით, ა-----–--------ს მიაყენა ფიზიკური ტკივილი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა ა-----–--------მ მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2018 წლის 4 მარტს მოძრაობდა ბათუმის მიმართულებით მიკროავტობუსით, რა დროსაც ქედის რაიონის სოფელ წ---------–ი გაუჩერა მგზავრს ავტომანქანა, ამავე დროს მასთან მივიდა გ--------------ე და უთხრა თუ რატომ აჩერებდა მანქანას, რა დროსაც მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაარტყა ხელი ორჯერ სახეში და ერთხელ მხარში, რის გამოც იგრძნო ტკივილი.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას მ--------–---------მ განმარტა, რომ 2018 წლის 4 მარტს იმყოფებოდა ა-----–--------ს მიკროავტობუსში და იჯდა მძღოლის ა-----–--------ს გვერდით. მძღოლმა მანქანა გაუჩერა სოფელ წ---------–ი მგზავრს. გაჩერებისთანავე მძღოლის მხარეს გაიღო კარები და შუახევის მძღოლმა გ--------------ემ მოკიდა ხელი ქურთუკში და უყვიროდა რატომ გააჩერა, რის შემდეგაც მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ სახეში და მხარზე.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ქედის რაიონული სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელმა ე-----------------მ და კ--------–---მ დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები.

 

2018 წლის 06 მარტის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად ა-----–--------ს სხეულზე ფიზიკური დაზიანების რაიმე ობიექტური კვალი არ აღენიშნებოდა.

 

სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ექსპერტმა ღ----------------–---–მა და განმარტა, რომ შესაძლებელია პირს მიაყენონ ფიზიკური შეურაცხყოფა, მაგრამ დაზიანების კვალი არ იყოს.

2018 წლის 04 მარტის ქედის რაიონული სამმართველოში შეტყობინების რეგისტრაციის თანახმად - ა-----–--------მ ადგილზე მისვლით შეატყობინა, რომ შუახევის მ--------------------------–მა გ--------------ემ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.

 

სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა გ--------------ემ არ სცნო თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ მუშაობს მ--------------------------–ად შუახევი-ბათუმის მიმართულებით. მოძრაობისას მას დაეწია ა-----–--------, რომელმაც გადაუსწრო, გააჩერა და მგზავრები აიყვანა, თვითონაც გააჩერა, მივიდა მასთან და უთხრა რატომ იქცეოდა არასწორად, არანაირი სიტყვიერი შეურაცხყოფა არ მიუყენებია, რის შემდეგაც განაგრძეს გზა.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ზ-------------მ, რომელმაც უარი განაცხადა ფიცის დადებაზე განმარტა, რომ იგი მგზავრობდა მიკროავტობუსით, რა დროსაც სოფელ წ---------–ი დაინახა გაჩერებული ა-----–--------, იყო ხმამაღალი საუბარი, მას არ გაუჩერებია, არ ჩამოსულა და პირდაპირ გაიარა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის საფუძველზე ბრალდების მხარის მიერ გამოქვეყნებული იქნა გამოძიების ეტაპზე მოწმის ზ-------------ს 2018 წლის 14 მარტის გამოკითხვის ოქმი, სადაც იგი აღნიშნავს, რომ სოფელ წ---------ის ცენტრში დაინახა ა-----–-------- და მისთვის უცნობი მამაკაცი ორივე ხელით ექაჩებოდა მას და დაარტყა ორჯერ მუშტი სახის არეში და მხარში - რასთან დაკავშირებითაც ზ-------------მ განმარტა, რომ გამოკითხვის ოქმზე მისი ხელმოწერაა, მაგრამ არ წაუკითხავს ჩვენება, მის მიმართ გამოკითხვისას რაიმე იძულება არ ყოფილა. რატომ მისცა ასეთი ჩვენება არ ახსოვს, მას გამომძიებელი კარნახობდა და რატომ კარნახობდა არ ახსოვს.

 

სასამართლომ შეაფასა რა მოწმე ზ-------------ს ჩვენებები არ მიაჩნია ისინი სარწმუნო და უტყუარ მტკიცებულებებად, ვინაიდან იგი არათანმიმდევრულად გადმოცემს ფაქტებს და ვერ ხსნის რატომაა მის მიერ გამოკითხვისას და სასამართლოში მიცემულ ინფორმაციებს შორის სხვაობა. ამავე დროს მან განმარტა, რომ არ წაუკითხავს ჩვენება, თუმცა მისი გამოკითხვის ოქმში მისივე ხელი არის დაწერილი, რომ წაიკითხა ჩვენება, რომელიც მისი ნაკარნახევი სიტყვებითაა დაბეჭდილი და სწორია. შესაბამისად სასამართლო მას ვერ განიხილავს როგორც უტყუარ და სარწმუნო მტკიცებულებად.

 

ამრიგად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი ზემოთ დასახელებული რელევანტური, ერთმანეთთან შეთანხმებული და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, რომელთა შორის არსებობს შინაარსობრივი კავშირი და მათში ეჭვის შეტანის საფუძველი სასამართლოს არ გააჩნია გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულია, რომ გ--------------ემ, სხვაგვარი ძალადობით, რაც გამოიხატა მის მიერ ა-----–---------ზე სახეში და მხარზე დარტყმებით ფიზიკური ტკივილი მიაყენა მას, რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

გ--------------ემ, მის მიერ განხორციელებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებით - სხვაგვარი ძალადობით, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი - ჩაიდინა განზრახი დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს, სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

მოცემულ შემთხვევაში აშკარაა როგორც კერძო, ისე ზოგადი პრევენციის მიზნების შესრულების საჭიროება სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით, ვინაიდან სასამართლოს მიერ დადგენილი მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება საზოგადოებრივი საშიშროებისაა, რადგანაც წარმოადგენს განზრახ, ძალადობრივ ქმედებას, რომელიც მიმართულია ადამიანის ჯანმრთელობის წინააღმდეგ, რითაც ბრალდებული დაუპირისპირდა საზოგადოებაში დამკვიდრებულ ზნეობრივ ნორმებს და უგულებელყო ურთიერთპატივისცემის მოქალაქეობრივი მოვალეობა, რის გამოც ამ ტიპის დანაშაულის შემდგომი პრევენცია (როგორც კერძო, ასევე ზოგადი) საჭიროებს შესაბამის კონტროლს და ზოგადად სახელმწიფოს მხრიდან სათანადო მიდგომებს, მათ შორის სასჯელთან მიმართებაშიც, რომლის მიზანია მსჯავრდებულსა და სხვა პირზე კანონიერი ზემოქმედება, რათა თავიდან იქნეს აცილებული მომავალში, როგორც ბრალდებულის, ასევე სხვა პირთა მიერ ანალოგიური დანაშაულის ჩადენა. სასჯელის პრევენციის მიზნების გარდა სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების მიზანია სამართლიანობის აღდგენა და საზოგადოების წევრებში დაცულობის განცდის უზრუნველყოფა ჩადენილი დანაშაულისთვის შესაბამისი და ადეკვატური სასჯელის დანიშვნის გზით, რომლითაც ასევე მიღწეული უნდა იქნეს დამნაშავე პირის რესოციალიზაცია და მისი საზოგადოებაში ღირსეულ წევრად დაბრუნება.

 

თანახმად საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლისა სასამართლო მხედველობაში იღებს, ბრალდებულის მხრიდან გამოვლენილ თანამოქალაქისადმი უპატივცემულობას და საკუთარი უპირატესობის წარმოჩენას, რითაც ბრალდებული დაუპირისპირდა საზოგადოებაში დამკვიდრებულ ზნეობრივ ნორმებს და უგულებელყო ურთიერთპატივისცემის მოქალაქეობრივი მოვალეობა, ისეთი ფორმებით, რაც საზოგადოებაში დამკვიდრებულ მორალურ წესებს ეწინააღმდეგება, რაც დასაგმობია, რადგანაც სამართლებრივ სახელმწიფოში დაუშვებელია ცალკეულმა პირებმა თავის თავზე აიღონ სხვა პირის დასჯა და ანგარიშსწორება, ვინაიდან უგულებელყოფილი იქნება კანონის უზენაესობა.

 

სასჯელის სახის შერჩევისას სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ სახეზეა პირდაპირი განზრახვით ჩადენილი ძალადობრივი, თუმცა ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშული. გ--------------ეს ნასამართლობა გაქარწყლებული აქვს, მისი ოჯახი არაა რეგისტრირებული სოციალურად დაუცველ ოჯახთა ერთიან ბაზაში. სხვა რაიმე მნიშვნელოვანი შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ არსებობს.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულის მიმართ დანაშაულის პრევენციის, მისი რესოციალიზაციისა და სასჯელის მიზნების უზრუნველსაყოფად, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, სასჯელის მიზნების მიღწევა უკეთაა შესაძლებელი და უფრო ეფექტური იქნება ჯარიმის მინიმუმზე შედარებით მაღალი 1000 ლარის ოდენობით დანიშვნა, რაც სასამართლოს აზრით საკმარისია, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება და გამოიტანოს სათანადო დასკვნები, მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია და ღირსეულ წევრად დაუბრუნდეს საზოგადოებას.

 

ნივთმტკიცების, ყადაღის და სხვა საკითხები:

 

სასამართლო სხდომაზე ნივთმტკიცება წარმოდგენილი და გამოკვლეული არ ყოფილა.

 

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 მარტის განჩინებით გ--------------ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული იქნა გირაო 1 000 ლარის ოდენობით, თუმცა იმის გამო, რომ სასამართლოში არააწარმოდგენილი ინფორმაცია უზრუნველყოფილია თუ არა გირაო ფულადი თანხით ან უძრავი ქონებით სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას აღკვეთის ღონისძიების გაუქმების დროს იმსჯელოს ამ საკითხზე.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ მე-3-ე მუხლის მე-14 ნაწილით, 255, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

გ--------------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

გაუქმდეს გ--------------ის მიმართ აღკვეთის ღონისძიება გირაო.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენის გადასინჯვა დასაშვებია საერთო წესით ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო.

 

მოსამართლე დავით გელაშვილი