გადაწყვეტილება

სამოქალაქო 26.07.2018
საქმის ნომერი
330210117002232542
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
26.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

საქმე #2/36635-17

26 ივლისი, 2018 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

სასამართლოს დასახელება

მოსამართლე სოსო ღურწკაია

სხდომის მდივანი ანდრო მაღრაძე

მოსარჩელე ლე----–----ე

წარმომადგენელი უჩ-------–---–ი

მოპასუხე წარმომადგენელი შპს ,,გე------ტ" ლა–---------ე

დავის საგანი მიუღებელი შემოსავლისათვის ზიანის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

შპს ,,გე------ტისთვის" ლე----–----ის სასარგებლოდ მიუღებელი შემოსავლისათვის ზიანის ანაზღაურების სახით ყოველდღიურად 3 725 ლარის გადახდის დაკისრება 2016 წლის 01 მაისიდან სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებამდე. (იხ. ტომი 1, ს.ფ. 9, იხ. 2018 წლის 17 ივლისის სასამართლოს სხდომის ოქმი) სასარჩელო მოთხოვნა ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: ლე----–----ის საკუთრებას წარმოდგენს უძრავი ქონება, მდებარე - თბილისი, პ--–---------------, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი #0---------------. აღნიშნულ მისამართზე მდებარე შენობა-ნაგებობაში სასტუმროს მოწყობის მიზნით, ლე----–----ეს და შპს ,,გე------ტს" შორის გაფორმდა რამდენიმე ნასყიდობის და ერთი ნარდობის ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულებების საფუძველზე, შპს ,,გე------ტს" უნდა უზრუნველეყო თბილისში, პ--–-------------ში მდებარე შენობა-ნაგებობაში სამონტაჟო სამუშაოებისთვის საჭირო მასალების შეძენა და მათი მონტაჟი. მითითებული ხელშეკრულებების დანართებს, სადაც შესაძენი მოწყობილობების კონკრეტული მახასიათებლები, მიწოდების ვადები და სამონტაჟო სამუშაოების შესრულების ვადები განისაზღვრა, ხელი მოეწერა შპს ,,გე------ტის“ სახელით. შესაბამისად, შპს ,,გე------ტმა“ (საიდენტიფიკაციო კოდი #4--------) იკისრა აღნიშნული ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. გარდა ამისა, მოწყობილობების შეძენასთან და სამონტაჟო სამუშაოების შესრულებასთან დაკავშირებით ინვოისები გამოიწერა შპს ,,გე------ტის“ (საიდენტიფიკაციო კოდი #4--------) სახელით. ლე----–----ემ ნასყიდობის საგნის ღირებულება, ასევე შესასრულებელი სამუშაოს საზღაური გადაუხადა შპს ,,გე------ტს“ (საიდენტიფიკაციო კოდი #4--------). შპს ,,გე------ტის“ მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, კერძოდ, არ იქნა შესრულებული საკანალიზაციო გაყვანილობის მონტაჟი, სავენტილაციო გაყვანილობების მონტაჟი, ფანკოილების გაყვანილობების მონტაჟი, წყალგაყვანილობების მონტაჟი, თბილი იატაკის გაყვანილობების მონტაჟი, თერმული ტუმბოს გაყვანილობის მონტაჟი არ არის დასრულებული. ამასთან, შესრულებული სამუშაოების ნაწილი არის უხარისხოდ შესრულებული, კერძოდ, სითბური ტუმბო მახასიათებლებით არ შეესაბამება დანადგარის ტექნიკურ მახასიათებლებს, ჰაერის ტრანზიტის არხების ნაწილი შესრულებულია სავენტილაციო აგრეგატების მახასიათებლების გათვალისწინების გარეშე. აღნიშნული სამუშაოების შეუსრულებლობის გამო ვერ ხერხდება სასტუმროს ექსპლუატაციაში გაშვება. 2015 წლის 09 სექტემბრის ნარდობის ხელშეკრულების თანახმად, სამონტაჟო სამუშაოები უნდა დასრულებულიყო 2015 წლის 27 ოქტომბერს. სამონტაჟო სამუშაოების დასრულებიდან დაახლოებით ექვსი თვე იყო საჭირო სასტუმროში სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად, ასევე სასტუმროს ავეჯით და ინვენტარით აღსაჭურვად. შესაბამისად, სასტუმროს ექსპლუატაციაში გაშვება შესაძლებელი იქნებოდა 2016 წლის 01 მაისიდან. მოპასუხის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მოსარჩელემ ვერ შეძლო სასტუმროს ექსპლუატაციაში გაშვება და შედეგად, დაკარგა შემოსავალი. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, სასტუმროს ექსპლუატაციაში გაშვების შემთხვევაში მისაღები შემოსავალი თვეში დაახლოებით შეადგენდა 111 750 ლარს, ხოლო დღეში - 3 725 ლარს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ სარჩელით მოითხოვა მოპასუხე შპს ,,გე------ტისთვის“ მიუღებელი შემოსავლისათვის ზიანის ანაზღაურების სახით ყოველდღიურად 3 725 ლარის გადახდის დაკისრება 2016 წლის 01 მაისიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე. 2018 წლის 17 ივლისს, სასამართლოს სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა მოპასუხე შპს ,,გე------ტისთვის" მიუღებელი შემოსავლისათვის ზიანის ანაზღაურების სახით 3 725 ლარის გადახდის დაკისრება ყოველდღიურად 2016 წლის 01 მაისიდან სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებამდე. (იხ. სარჩელი, ტომი 1, ს.ფ. 3-12, იხ. 2018 წლის 12 ივნისის სასამართლოს სხდომის ოქმი).

 

2. მოპასუხის პოზიცია მოპასუხე შპს ,,გე------ტი" სარჩელს არ ცნობს. მოპასუხის შესაგებელი ემყარება შემდეგ გარემოებებს: შპს ,,გე------ტს" (საიდენტიფიკაციო კოდი #4--------) და ლე----–----ეს შორის გაფორმებული იყო მხოლოდ ერთი ხელშეკრულება - 2014 წლის 13 ოქტომბერს, ხოლო 2014 წლის 04 ივლისს, 2015 წლის 07 ოქტომბერს, 2015 წლის 10 ნოემბერს და 2015 წლის 09 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულებების მხარეებს წარმოადგენდნენ ლე----–----ე და შპს ,,Ge----t" (საიდენტუფიკაციო კოდი 4--------). შპს ,,გე------ტი" (საიდენტიფიკაციო კოდი #4--------) კი, წარმოადგენდა სუბმენარდეს. ამდენად, შპს ,,გე------ტი" არ წარმოადგენს მოსარჩელის მიმართ ვალდებულ პირს. იმ შემთხვევაში, თუ შპს ,,გე------ტი" მიჩნეული იქნება მოსარჩელის მიმართ ვალდებულ პირად, მისთვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების საფუძველი არ არსებობს შემდეგ გარემოებათა გამო: 2015 წლის 09 სექტემბრის ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების ვადები მითითებული იყო ნომინალურად და 2015 წლის 27 ოქტომბერი არ წარმოადგენდა სამუშაოების სრულად დასრულების ბოლო ვადას. მოსარჩელის მიერ პროექტის ცვლილების გამო, ხშირად ხდებოდა სამუშაოს შესრულების ვადის გადაწევა. შპს ,,გე------ტის" მიერ სრულად ვერ იქნა შესრულებული ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაო, რადგან მოსარჩელემ მოპასუხის თანამშრომლები ობიექტზე არ დაუშვა. გარდა ამისა, მოპასუხისთვის არ იყო ცნობილი იმის შესახებ, რომ მოსარჩელე აპირებდა სასტუმროს მოწყობას. შესაბამისად, მოპასუხისთვის მოსარჩელის მიერ შემოსავლის დაკარგვა არ იყო მოსალოდნელი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ლე----–----ის სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. (იხ. შესაგებელი, ტომი 1, ს.ფ. 182-184, იხ. 2018 წლის 12 ივნისის სასამართლო სხდომის ოქმი)

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2014 წლის 13 ოქტომბერს, ლე----–----ეს და შპს ,,Ge----t''-ს (საიდენტიფიკაციო კოდი #4--------) შორის გაფორმდა ხელშეკრულება. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა თბილისში, პ--–-------------ში მდებარე ობიექტის შიდა საინჟინრო სისტემისთვის მოწყობილობების შესყიდვა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2014 წლის 13 ოქტომბრის ხელშეკრულება (ტომი 1, ს.ფ. 112-116)

 

3.1.2. 2015 წლის 09 სექტემბრის ხელშეკრულების 1.1. პუნქტის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს ვალდებულებას განახორციელოს შემკვეთის გეოთერმული გათბობის, გათბობა-გაციების, ვენტილაციის, ჰაერის კონდიცირების, წყალმომარაგების, საკანალიზაციო, შიდა ელექტრომომარაგების, ელექტრო განათების, სახანძრო სიგნალიზაციის, წვდომის კონტროლის, ვიდეოსათვალთვალო, ხმოვანი შეტყობინების, საევაკუაციო განათების, სტრუქტურული საკაბელო ქსელის, ლოკალური ქსელის, ვიდეოსიგნალის ტრანსლაციის სისტემები და დისპეტჩერიზაცია საინჟინრო სისტემების მონტაჟი, ამავე დროს უზრუნველყოს ამ სამუშაოებისთვის საჭირო დოკუმენტაცია. სამუშაო შესრულებული უნდა იქნეს თანდართული საპროექტო დოკუმენტაციის (დანართი #1) შესაბამისად.

 

ხელშეკრულების თანახმად, საკანალიზაციო გაყვანილობის მონტაჟი უნდა დასრულებიყო - 2015 წლის 17 სექტემბერს, სავენტილაციო გაყვანილობის მონტაჟი - 2015 წლის 25 სექტემბერს, ფანკოილების გაყვანილობის მონტაჟი - 2015 წლის 30 სექტემბერს, წყალგაყვანილობის მონტაჟი - 2015 წლის 30 სექტემბერს, თბილი იატაკის გაყვანილობის მონტაჟი - 2015 წლის 27 ოქტომბერს, თერმული ტუმბოს გაყვანილობის მონტაჟი - 2015 წლის 05 ოქტომბერს, ელექტრო-გაყვანილობის მონტაჟი - 2015 წლის 05 ოქტომბერს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2015 წლის 09 სექტემბრის ხელშეკრულება (ტომი 1, ს.ფ. 49-63)

 

3.1.3. 2014 წლის 04 ივლისის, 2015 წლის 07 ოქტომბრის, 2015 წლის 10 ნოემბრის, 2014 წლის 13 ოქტომბრის და 2015 წლის 09 სექტემბრის ხელშეკრულებების საფუძველზე ანაზღაურება მიღებული იქნა შპს ,,გე------ტის" (საიდენტიფიკაციო კოდი #4--------) მიერ.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის წარმომადგენლის ახსნა-განმარტება (სარჩელი, ტომი 1, ს.ფ. 3-9)

- მოპასუხის წარმომადგენლის ახსნა-განმარტება (2018 წლის 28 ივნისის სასამართლოს სხდომის ოქმი)

 

3.1.4. ლე----–----ემ 2017 წლის ნოემბრის თვეში ცალმხრივად შეწყვიტა 2015 წლის 09 სექტემბრის ხელშეკრულება, კერძოდ, მან მოპასუხე კომპანიის თანამშრომლები არ დაუშვა ობიექტზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება

- მოპასუხის წარმომადგენლის ახსნა-განმარტება

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. საქმეში წარმოდგენილია 2014 წლის 04 ივლისის, 2015 წლის 07 ოქტომბრის (ამ თარიღის ორი ხელშეკრულება) და 2015 წლის 10 ნოემბრის ნასყიდობის ხელშეკრულებები, ასევე 2015 წლის 09 სექტემბრის ნარდობის ხელშეკრულება. 2014 წლის 04 ივლისის ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა გათბობის და გაგრილების სისტემისთვის მოწყობილობების შესყიდვა (იხ. ტომი 1, ს.ფ. 25-30). 2015 წლის 07 ოქტომბრის ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა ფანკოილების შესყიდვა (იხ. ტომი 1, ს.ფ. 31-36). 2015 წლის 07 ოქტომბრის ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა ელექტრო ფარებისთვის მოწყობილობების შესყიდვა (იხ. ტომი 1, ს.ფ. 37-42). 2015 წლის 10 ნოემბრის ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა სავენტილაციო სისტემისთვის მოწყობილობების შესყიდვა (იხ. ტომი 1, ს.ფ. 43-48).

 

2015 წლის 09 სექტემბრის ნარდობის ხელშეკრულების საფუძველზე მენარდე ვალდებული იყო განეხორციელებინა შემკვეთის გეოთერმული გათბობის, გათბობა-გაციების, ვენტილაციის, ჰაერის კონდიცირების, წყალმომარაგების, საკანალიზაციო, შიდა ელექტრომომარაგების, ელექტრო განათების, სახანძრო სიგნალიზაციის, წვდომის კონტროლის, ვიდეოსათვალთვალო, ხმოვანი შეტყობინების, საევაკუაციო განათების, სტრუქტურული საკაბელო ქსელის, ლოკალური ქსელის, ვიდეოსიგნალის ტრანსლაციის სისტემები და დისპეტჩერიზაცია საინჟინრო სისტემების მონტაჟი.

 

ზემოთჩამოთვლილ ნასყიდობის და ნარდობის ხელშეკრულებებს ხელს აწერს კ------------------------, ხელშეკრულებების ბოლო გვერდებზე დასმულია შპს ,,გე------ტის" (საიდენტიფიკაციო კოდი #4--------) ბეჭედი, ხელშეკრულებების შესავალ ნაწილში კი მითითებულია, რომ ხელშეკრულების მხარეს წარმოადგენს შპს ,,,Ge----t" (საიდენტიფიკაციო კოდი #4--------).

 

აღსანიშნავია, რომ როგორც შპს ,,,Ge----t"-ის (საიდენტიფიკაციო კოდი #4--------), ასევე შპს ,,გე------ტის" (საიდენტიფიკაციო კოდი #4--------) დირექტორი იყო კ------------------------. ორივე საწარმოს საქმიანობის სფერო იყო იდენტური. მოპასუხე მხარემ განმარტა, რომ თავდაპირველად ლე----–----ესთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში შევიდა შპს ,,გე------ტი" (საიდენტიფიკაციო კოდი #4--------), თუმცა მოგვიანებით საწარმოს პარტნიორთან უთანხმოების გამო კ-----------------------მა გადაწყვიტა ლე----–----ესთან სახელშეკრულებო ურთიერთობა გაეგრძელებინა მის მიერ დაფუძნებული ახალი საწარმოს - შპს ,,Ge----t"-ის (საიდენტიფიკაციო კოდი #4--------) მეშვეობით.

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს შემდეგ გარემოებებზე:

 

2014 წლის 04 ივლისის, 2015 წლის 07 ოქტომბრის, 2015 წლის 10 ნოემბრის და 2015 წლის 09 სექტემბრის ხელშეკრულებებში მითითებულია ერთიდაიგივე საბანკო ანგარიშის ნომერი - ა/ა G---------------------, ხოლო ხელშეკრულებების საფუძველზე გამოწერილ ინვოისებში მითითებულია საბანკო ანგარიშის ნომერი - ა/ა G--------------------- (იხ. ტომი 1, ს.ფ. 30, 42, 48, 64-68). სადავო არ არის, რომ მითითებული საბანკო ანგარიში წარმოადგენდა შპს ,,გე------ტის" (საიდენტიფიკაციო კოდი #4--------) საბანკო ანგარიშს (მოპასუხის წარმომადგენლის ახსნა-განმარტება) და ლე----–----ემ გადახდა განახორციელა სწორედ აღნიშნულ საბანკო ანგარიშზე (69-81, 86). ამდენად, ხელშეკრულებებით განსაზღვრული ანაზღაურება მიიღო შპს ,,გე------ტმა" (საიდენტიფიკაციო კოდი #4--------).

 

გარდა ამისა, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ 2015 წლის 09 სექტემბრის ხელშეკრულების 4.1.3. პუნქტის თანახმად, სუბმენარდის ჩართვის შემთხვევაში, შემკვეთს უნდა ეცნობოს ამის შესახებ 5 კალენდარული დღით ადრე. შემკვეთის მოტივირებული უარი სუბმენარდის სამუშაოთა შესრულების პროცესში ჩართვასთან დაკავშირებით სავალდებულოა შესასრულებლად მენარდისთვის.

 

ამდენად, იმ შემთხვევაში, თუ შპს ,,გე------ტი" (საიდენტიფიკაციო კოდი #4--------) წარმოადგენდა ქვემენარდეს (როგორც ამას მოპასუხე მხარე მიუთითებს), შპს ,,,Ge----t"-ს (საიდენტიფიკაციო კოდი #4--------) ამის შესახებ უნდა ეცნობებინა მოსარჩელისთვის, რაც მის მიერ არ განხორციელებულა. შესაბამისად, შპს ,,გე------ტი" (საიდენტიფიკაციო კოდი #4--------) ასრულებდა რა სამუშაოს, ლე----–----ისთვის აღიქმებოდა მენარდედ და არა ქვემენარდედ.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ლე----–----ესთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში იყო შპს ,,გე------ტი" (საიდენტიფიკაციო კოდი #4--------).

 

3.2.2. როგორც ზემოთ იქნა აღნიშნული, მოსარჩელე ითხოვს მოპასუხისთვის მიუღებელი შემოსავლისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებას. სარჩელის თანახმად, ლე----–----ეს და შპს ,,გე------ტს" შორის 2014 წლის 04 ივლისს, 2014 წლის 13 ოქტომბერს, 2015 წლის 07 ოქტომბერს და 2015 წლის 10 ნოემბერს გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულებები, ხოლო 2015 წლის 09 სექტემბერს, მხარეთა შორის გაფორმდა ნარდობის ხელშეკრულება. ნასყიდობის ხელშეკრულებების საფუძველზე, მოპასუხეს უნდა შეესყიდა ის მოწყობილობები, რაც საჭირო იყო 2015 წლის 09 სექტემბრის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესასრულებლად. 2015 წლის 09 სექტემბრის ხელშეკრულების თანახმად, სამუშაოს შესრულება უნდა დამთავრებულიყო 2015 წლის 27 ოქტომბერს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს, ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

დასახელებული ნორმით განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ფუნდამენტური პრინციპი - შეჯიბრებითობა, რა დროსაც მხარეები თავადვე, დამოუკიდებლად წყვეტენ მათი მოთხოვნის საფუძვლიანობის დადასტურება რომელი მტკიცებულების წარდგენის გზითაა შესაძლებელი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

 

მითითებული საპროცესო-სამართლებრივი ნორმა ადგენს მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგად წესს, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც ამყარებს თავის მოთხოვნასა თუ შესაგებელს. ამასთან, მხარე თვითონ წყვეტს რა მტკიცებულებით დაადასტუროს ესათუის გარემოება.

 

ზოგადად, წერილობითი ხელშეკრულების არსებობისას მოქმედებს პრეზუმცია, რომ მხარეები შეთანხმდნენ ხელშეკრულებაში გადმოცემულ პირობებზე. ამასთან, აღნიშნული პრეზუმცია შესაძლებელია გაქარწყლდეს, თუ წამოყენებულია დასაბუთებული შედავება.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მიუთითებს, რომ 2015 წლის 09 სექტემბრის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს ბოლო ეტაპი მოპასუხეს უნდა დაესრულებინა 2015 წლის 27 ოქტომბერს, რასაც მოპასუხე არ ეთანხმება და განმარტავს, რომ სამუშაოს დასრულების ვადა კონკრეტულად შეთანხმებული არ ყოფილა და ვადები იცვლებოდა პერიოდულად.

 

სადაო გარემოებასთან დაკავშირებით მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა 2015 წლის 09 სექტემბრის ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, საკანალიზაციო გაყვანილობის მონტაჟი უნდა დასრულებულიყო - 2015 წლის 17 სექტემბერს, სავენტილაციო გაყვანილობის მონტაჟი - 2015 წლის 25 სექტემბერს, ფანკოილების გაყვანილობის მონტაჟი - 2015 წლის 30 სექტემბერს, წყალგაყვანილობის მონტაჟი - 2015 წლის 30 სექტემბერს, თბილი იატაკის გაყვანილობის მონტაჟი - 2015 წლის 27 ოქტომბერს, თერმული ტუმბოს გაყვანილობის მონტაჟი - 2015 წლის 05 ოქტომბერს და ელექტრო-გაყვანილობის მონტაჟი - 2015 წლის 05 ოქტომბერს.

 

როგორც აღინიშნა, მითითებული სამუშაოების შესასრულებლად საჭირო მასალების შესყიდვაზე მხარეთა შორის 2014 წლის 04 ივლისს, 2014 წლის 13 ოქტომბერს, 2015 წლის 07 ოქტომბერს და 2015 წლის 10 ნოემბერს გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულებები ანუ ამ ხელშეკრულებების საფუძველზე შეძენილი მასალით უნდა მომხდარიყო სამუშაოს შესრულება.

 

ხელშეკრულების, როგორც სადაო გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულების შეფასებისას, სასამართლო ითვალისწინებს შემდეგ გარემოებებს: 1) 2015 წლის 09 სექტემბრის ხელშეკრულების თანახმად ფანკოილების გაყვანილობის მონტაჟი უნდა დასრულებულიყო 2015 წლის 30 სექტემბერს, თუმცა ფანკოილების შეძენის თაობაზე მხარეთა შორის ხელშეკრულება გაფორმდა 2015 წლის 07 ოქტომბერს და ფანკოილების მიწოდების ვადად განისაზღვრა 20 დღე; 2) 2015 წლის 09 სექტემბრის ხელშეკრულების თანახმად, ელექტრო-გაყვანილობის მონტაჟი უნდა დასრულებულიყო 2015 წლის 05 ოქტომბერს, თუმცა ელექტრო ფარებისთვის მოწყობილობების შეძენის თაობაზე მხარეთა შორის ხელშეკრულება გაფორმდა 2015 წლის 07 ოქტომბერს და ფანკოილების მიწოდების ვადად განისაზღვრა 28 დღე; 3) 2015 წლის 09 სექტემბრის ხელშეკრულების თანახმად, სავენტილაციო გაყვანილობის მონტაჟი უნდა დასრულებულიყო 2015 წლის 25 სექტემბერს, თუმცა სავენტილაციო სისტემისთვის მოწყობილობების შეძენის თაობაზე მხარეთა შორის ხელშეკრულება გაფორმდა 2015 წლის 10 ნოემბერს და ფანკოილების მიწოდების ვადად განისაზღვრა 28 დღე.

 

გარდა ამისა, მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა სასაქონლო ზედნადებები, რომელთა მიხედვითაც გარკვეული საქონლის მიწოდება პ--–-------------ში ხდებოდა 2017 წლის ოქტომბრის ჩათვლით (იხ. ტომი 2, ს.ფ. 55-113). მოპასუხე მხარემ ასევე წარმოადგინა ლე----–----ის მიერ 2017 წლის 28 თებერვალს კ------------------------სთვის გაგზავნილი შემდეგი შინაარსის ელექტრონული წერილი - ,,კ------------, როგორც ჩვენ ვისაუბრეთ, თქვენ გაქვთ ორი კვირა, რომ დაასრულოთ სამუშაოები ფანკოილებზე, თბოპუნქტებსა და ვენტილაციაზე" (იხ. ტომი 2, ს.ფ. 148).

 

ამდენად, გარკვეულ შემთხვევებში, სამუშაოს შესრულების ვადა წინ უსწრებდა სამუშაოს შესასრულებლად საჭირო მასალების მიწოდების ვადებს. ცხადია, საჭირო მოწყობილობების გარეშე მოპასუხე ვერ შეძლებდა სამუშაოს შესრულებას. გარდა ამისა, შეთანხმებული სამუშაოს შესასრულებლად საჭირო მასალების შეძენას მოპასუხე ახდენდა 2017 წლის ოქტომბრის თვეშიც.

 

აღსანიშნავია, რომ მოსარჩელე მხარეს არ შემოუთავაზებია დამაჯერებელი, გონივრული და ლოგიკური ვერსია იმისა, რომ თუ 2015 წლის 09 სექტემბრის ხელშეკრულებით სამუშაოს შესრულების ვადა იყო 2015 წლის 27 ოქტომბერი, 2015 წლის 27 ოქტომბრის გასვლიდან გონივრულ ვადაში რატომ არ გამოთქვამდა პრეტენზიას სამუშაოს შესრულების ვადაგადაცილების გამო, რატომ არ განუსაზღვრა მოპასუხეს დამატებითი ვადა სამუშაოს შესასრულებლად. მოსარჩელეს არ წარმოუდგენია არცერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ 2015 წლის 27 ოქტომბრის გასვლის შემდეგ ის პრეტენზიით მიმართავდა მენარდეს სამუშაოს შესრულების ვადასთან დაკავშირებით.

 

ამდენად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხემ შეძლო იმ პრეზუმციის გაქარწყლება, რომ ხელშეკრულებაში მითითებული ვადა - 2015 წლის 27 ოქტომბერი, იყო ის ვადა, რომელიც მხარეებმა სამუშაოს დასასრულებლად განსაზღვრეს.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სასამართლოს მიაჩნია, რომ ლე----–----ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე, 411-ე, 412-ე მუხლები.

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ ,,დასახელებული ნორმა ადგენს ბრალეული პასუხისმგებლობის პრინციპს ვალდებულებით ურთიერთობაში და მოვალეს აკისრებს პასუხისმგებლობას თუკი დადგინდა, რომ მისი ქმედება ბრალეული/მართლსაწინააღმდეგო იყო, მას მოჰყვა ზიანი და არსებობს მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის" (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილება, საქმე #ას-313-398-2016). საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. ამდენად, მოვალეს ზიანის ანაზღაურება შეიძლება დაეკისროს იმ შემთხვევაში, თუ სახეზეა მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევა, ვალდებულების დარღვევას მოჰყვა ზიანი და არსებობს მიზეზობრივი კავშირი მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასა და დამდგარ შედეგს შორის. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მოპასუხის მიერ ვალდებულების დარღვევის ფაქტზე. როგორც ზემოთ იქნა აღნიშნული, წარმოდგენილი სარჩელით მოსარჩელე ითხოვს მიუღებელი შემოსავლისათვის ზიანის ანაზღაურებას. მოსარჩელე მხარის განმარტებით, 2015 წლის 09 სექტემბრის ნარდობის ხელშეკრულების თანახმად, სამონტაჟო სამუშაოები უნდა დასრულებულიყო 2015 წლის 27 ოქტომბერს. სამონტაჟო სამუშაოების დასრულებიდან დაახლოებით ექვსი თვე იყო საჭირო სასტუმროში სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად, ასევე სასტუმროს ავეჯით და ინვენტარით აღსაჭურვად. შესაბამისად, სასტუმროს ექსპლუატაციაში გაშვება შესაძლებელი იქნებოდა 2016 წლის 01 მაისიდან. მოპასუხის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, მოსარჩელემ ვერ შეძლო სასტუმროს ექსპლუატაციაში გაშვება და შედეგად, დაკარგა შემოსავალი, რაც დღიურად შეადგენს 3 725 ლარს. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2015 წლის 09 სექტემბრის ხელშეკრულებაში მითითებული ვადა - 2015 წლის 27 ოქტომბერი, იყო პირობითი და არ იყო ის ვადა, რომელიც მხარეებმა სამუშაოს შესასრულებლად რეალურად განსაზღვრეს. შესაბამისად, მითითებულ ვადამდე სამუშაოს შეუსრულებლობა ვერ შეფასდება ვალდებულების დარღვევად. ვალდებულების დარღვევის ფაქტის არარსებობა კი გამორიცხავს მოპასუხისთვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებას. სასამართლოს მიაჩნია, რომ იმ შემთხვევაშიც თუ დავუშვებთ, რომ მოპასუხეს სამუშაო უნდა დაესრულებინა 2015 წლის 27 ოქტომბერს, მოსარჩელის მოთხოვნა მიუღებელი შემოსავლისათვის ზიანის ანაზღაურების სახით 2016 წლის 01 მაისიდან გადაწყვეტილების გამოცხადებამდე თანხის დაკისრების თაობაზე დაუსაბუთებელია შემდეგი გარემოებების გამო: საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვადის გადაცილებისას კრედიტორს შეუძლია დაუნიშნოს მოვალეს ვალდებულების შესრულებისათვის აუცილებელი დრო. თუკი მოვალე ამ დროშიც არ შეასრულებს ვალდებულებას, მაშინ კრედიტორს უფლება აქვს ვალდებულების შესრულების ნაცვლად მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2015 წლის 27 ოქტომბრის გასვლის შემდეგ მოსარჩელეს მოპასუხისათვის სამუშაოს დასასრულებლად დამატებითი ვადა არ განუსაზღვრავს. მოსარჩელემ კონკლუდენტური მოქმედებით ხელშეკრულება შეწყვიტა მხოლოდ 2017 წლის ნოემბრის თვეში. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლი ადგენს, რომ მოვალე პასუხს აგებს იმ ზიანისთვის, რომელიც წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. შესაბამისად, კონკრეტულ შემთხვევაში, მოპასუხეს პასუხისმგებლობა შეიძლება დაკისრებოდა მხოლოდ იმ დროის განმავლობაში დაკარგული შემოსავლისათვის რა დროის განმავლობაშიც მენარდის ბრალით ვერ მოხერხდა სასტუმროს ფუნქციონირების დაწყება. ეს ვადა ამ შემთხვევაში იქნებოდა 2015 წლის 27 ოქტომბრის შემდეგ შემკვეთის მიერ მენარდისთვის სამუშაოს დასასრულებლად დანიშნულ დამატებით ვადას დამატებული მოპასუხესთან ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ ახალი მენარდის მოსაძიებლად საჭირო გონივრული დრო და ასევე ის დრო, რაც ობიექტურად საჭირო იქნებოდა დარჩენილი სამუშაოს დასასრულებლად. სწორედ ამ პერიოდისთვის შეიძლება დაკისრებოდა მოპასუხეს ზიანის ანაზღაურება. მოცემულ შემთხვევაში, როგორც აღინიშნა, მოსარჩელეს მოპასუხისთვის დამატებითი ვადა არ დაუნიშნავს და შესაბამისად მისი გათვალისწინებაც შეუძლებელია. გარდა ამისა, მოსარჩელეს სასამართლოსთვის არ მიუთითებია რა ვადა იყო საჭირო ახალი მენარდის მოსაძიებლად და დარჩენილი სამუშაოს შესასრულებლად. სასამართლო კი მოკლებულია შესაძლებლობას თავად განსაზღროს აღნიშნული ვადები. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელემ არ მიუთითა (შესაბამისად არც მტკიცების საგანი ყოფილა) ის გარემოებები, რომლებიც აუცილებელი იყო მოპასუხის პასუხისმგებლობის განსაზღვრისათვის. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, მოვალეს შეიძლება დაეკისროს იმ ზიანის ანაზღაურება, რაც მისთვის წინასწარ იყო სავარაუდო. სავარაუდობა სახეზეა თუ შედეგის დაშვება შეგნებული მოვალის პერსპექტივიდან ობიექტურად შესაძლებელი იყო. ამდენად, გასათვალისწინებელია არა კონკრეტული მოვალის, არამედ ზოგადად გონიერი და შეგნებული მოვალის მიერ იმ შედეგების გაცნობიერება, რაც განპირობებული შეიძლება იყოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობით ან არაჯეროვანი შესრულებით, ანუ გასათვალისწინებელია ობიექტურად არსებული კრიტერიუმები. მოცემულ შემთხვევაში, როგორც ზემოთ იქნა აღნიშნული, მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის მიმდინარეობის გათვალისწინებით, 2015 წლის 09 სექტემბრის ხელშეკრულებაში მითითებული სამუშაოს შესრულების ვადა არ იყო მხარეთა შორის რეალურად შეთანხმებული სამუშაოს შესრულების ვადა. გარდა ამისა, 2015 წლის 27 ოქტომბრის შემდეგ მოსარჩელეს არ გამოუთქვამს პრეტენზია სამუშაოს შესრულების ვადაგადაცილების გამო და არ დაუწესებია დამატებითი ვადა სამუშაოს შესასრულებლად. უფრო მეტიც, როგორც აღინიშნა, საქონლის მიწოდება ობიექტზე ხდებოდა 2017 წლის ოქტომბრის თვემდე, ხოლო ამ დრომდე მხარეთა შორის არსებობდა საქმიანი მიმოწერა სამუშაოს შესრულებასთან დაკავშირებით (იხ. ტომი 2, ს.ფ.133-149). აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლით განსაზღვრული ზიანის ანაზღაურების წინაპირობის არსებობა მოსარჩელის მიერ დასაბუთებული არ არის. აღნიშნულიდან გამომდინარე, ლე----–----ის სარჩელი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

7. საპროცესო ხარჯები

7.1. მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი იქნა 3 000 ლარი, ხოლო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე - 50 ლარი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო მოსარჩელის მიერ სარჩელსა და სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის მოთხოვნა მოსარჩელისთვის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის დაკისრების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. სასამართლოს გადაწყვეტილება ემყარება შემდეგ გარემოებებს:

 

მოპასუხე ითხოვს მოსარჩელისთვის წარმომადგენლის დახმარებისთვის გაწეული ხარჯის 15 000 აშშ დოლარის გადახდის დაკისრებას. შესაგებელს თან ერთვის შპს ,,გე------ტს" და ლა–---------ეს შორის გაფორმებული ხელშეკრულება საადვოკატო მომსახურების შესახებ. შესაგებელს ასევე ერთვის წარმომადგენლისთვის გასამრჯელოს - 7 500 აშშ დოლარის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულება (2018 წლის 10 იანვრის #5--- საგადახდო დავალება).

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ამდენად, გამოტანილი იქნა გადაწყვეტილება შპს ,,გე------ტის" სასარგებლოდ. შესაბამისად, მოსარჩელეს ეკისრება მოპასუხისთვის წარმომადგენლის დახმარებისთვის გაწეული ხარჯის ანაზღაურების ვალდებულება. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელეს მოპასუხის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს წარმომადგენლის დახმარებისთვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება გონივრულ ფარგლებში - 5 000 ლარის ოდენობით.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის მიხედვით, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას.

 

განსახილველ შემთხვევაში, სარჩელი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 დეკემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 55-ე, 1991, 243-244-ე, 248-249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. ლე----–----ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. მოსარჩელე ლე----–----ეს მოპასუხე შპს ,,გე------ტის" სასარგებლოდ დაეკისროს 5 000 ლარის გადახდა მოპასუხის მიერ წარმომადგენლის დახმარებისთვის გაწეული ხარჯის სანაცვლოდ;

 

3. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 დეკემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლის საფუძველზეც შპს ,,გე------ტს“ (საიდენტიფიკაციო კოდი #4--------) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული შემდეგი უძრავი ქონების: 1) მდებარე - ბათუმი, ფ------------------------, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი #0-------------------; 2) მდებარე - თბილისი, მ-------------–------------, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი #0----------------------, გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა;

 

4. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 დეკემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლის საფუძველზეც შპს ,,გე------ტს“ (საიდენტიფიკაციო კოდი #4--------) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული შემდეგი სატრანსპორტო საშუალებების: 1) მოდელი - MERCEDES-BENZ VANEO, სახელმწიფო ნომერი - J-----, საიდენტიფიკაციო ნომერი - W----------------; 2) მოდელი - VOLKSWAGEN CARAVELL E 2.5, სახელმწიფო ნომერი - G-----, საიდენტიფიკაციო ნომერი - W----------------; 3) მოდელი - VOLKSWAGEN GENT 75, სახელმწიფო ნომერი - G-----, საიდენტიფიკაციო ნომერი - W----------------; 4) მოდელი - VOLKSWAGEN TOUAREG, სახელმწიფო ნომერი - G------, საიდენტიფიკაციო ნომერი - W----------------, გასხვისება და დაგირავება;

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით;

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 31-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე სოსო ღურწკაია