გადაწყვეტილება

სამოქალაქო 26.06.2018
საქმის ნომერი
010210116001368941
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
26.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010210116001368941

2-1494/16

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

26/06/2018 წელი ქ.ბათუმი

შესავალი ნაწილი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - გოჩა ფუტკარაძე

სხდომის მდივანი - ნინო ცინცაძე

მოსარჩელე: შპს მ-----------------------------–----------------------“

წარმომადგენელი: ც-------–----ა

მოპასუხეები: ქ----- ქ--–-ში, ს------ ლ-----ე და ფ---- ა--–--ე

წარმომადგენელი - მ------–-------ე

დავის საგანი: თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

შპს მ-----------------------------–----------------------“ სასარჩელო განცხადებით მოითხოვს ქ----- ქ--–-შს, ს------ ლ-----ეს და ფ---- ა--–--ეს სოლიდარულად დაეკისროთ 7596 ლარის გადახდა.

 

მოსარჩელის წარმომადგენელი სარჩელს ასაბუთებს შემდეგ არგუმენტებზე მითითებით:

2016 წლის 31 იანვარს შპს მ-----------------------------–----------------------“-სა და მოპასუხეებს შორის გაფორმდა სესხის, გირავნობის და თავდებობის ხელეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ, ქ----- ქ--–-შს 60 დღის ვადით ასესხა 4220 ლარი. ქ----- ქ--–-შს სესხზე სარგებელის სახით უნდა გადაეხადა 844 ლარი. სესხი უნდა დაფარულიყო ყოველდღიურდა 84.40 ლარის გადახდით. ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ მასზედ, რომ სესხის დაფარვის ვადის გადაცილებისათვის სესხს დაერიცხება პირგასამტეხლო შეთანხმებული პროცენტის სამმაგი ოდენობა - 2532 ლარი. ს------ ლ-----ემ და ფ---- ა--–--ემ ვალდებულება იკისრეს ქ----- ქ--–-შის ვალის დაფარვაზე. ქ----- ქ--–-შა არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება და სესხი არ დაფარა, რის გამოც სესხს დაერიცხა პირგასამტეხლო. სესხი არ დაფარეს თავდებმა პირებმაც. მათ გადასახდელი აქვთ ძირი თანხა 4220 ლარი, სარგებელი 844 ლარი და პირგასამტეხლო 2 532 ლარი.

 

2. მოპასუხეების პოზიცია:

2.1. ქ----- ქ--–-ში სარჩელს არ ცნობს. განამრტავს, რომ მას სხვადასხვა დროს მოსარჩელისაგან სესხი მიღებული აქვს, მაგრამ ეს სესხები მის მიერ დაფარულია. 2016 წლის 31 იანვარს მოსარჩელესთან არანაირი სესხი ხელშეკრულება არ დაუდვია და შესაბამისად მის წინაშე თანხის გადახდის ვალდებულება არ აქვს.

2.2. ს------ ლ-----ემ და ფ---- ა--–--ემ შესაგებელი არ წამოადგინეს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.1.1. სადაო არაა ის გარემოება, რომ არსებობს სესხის, გირავნობისა და თავდებობის 2016 წლის 31 იანვრის ხელშეკრულება, სადაც მითითებულია, რომ მოსარჩელემ, ქ----- ქ--–-შს ასესხა 4220 ლარი. ს------ ლ-----ე და ფ---- ა--–--ე არიან თავდები პირები. უდაო ფაქტობრივი გარემოებაა, რომ ს------ ლ-----ემ და ფ---- ა--–--ემ ამ ხელშეკრუელბას ხელი მოაწერეს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

სესხის, გირავნობის და თავდებობის ხელშკრუელბა ს.ფ. 17

 

3.1.2. უდავო ფაქტობრივი გარემოებაა ის, რომ 2016 წლის 31 იანვრის №2248-25 სესხის, გირავნობის და თავდებობის ხელშკრუელბიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების მიზნით ქ----- ქენეშს, ს------ ლ-----ეს და ფ---- ა--–--ეს თანხები გადახდილი არ აქვთ.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

მხარეთა განმარტებები

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.2.1. მხარეთა შორის სადაო გარემოებებია:

- 2016 წლის 31 იანვრის სესხის, გირავნობისა და თავდებობის ხელშეკრულებაზე ქ----- ქ--–-შის ხელისმოწერა.

- მოსარჩელისაგან ქ----- ქ--–-შის მიერ სესხად 4220 ლარი მიღება.

3.2.2. მხარეებს შორის სხვა გარემოებებიცაა სადაო, მაგრამ დავის გადაწყვეტისათვის ამ გარემოების დადგენა გადამწყვეტი მნიშვნელობისაა.

3.2.3. სადაო ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით მხარეები იძლევიან ურთიერთსაწინააღმდეგო განმარტებებს. მათ მიერ დასახელებული ფაქტობრივი გარემოებები გამორიცხავენ ერთმანეთის არგუმენტებს. სასამართლო ორივე მხარის განმარტებას აფასებს თანაბარი მნიშვნელობის მტკიცებულებად. საბოლოოდ გაიზიარებს მხოლოდ იმ მხარის მიერ დასახელებულ ფაქტობრივ გარემოებებს, ვინც მტკიცებულებებით დაადასტურებს სარჩელში ან შესაგებელში მითითებული ფაქტების არსებობას.

 

3.2.4. სასამართლო განმარტავს, რომ ფაქტობრივი გარემოების სადაოობისას სასამართლო ხელმძღვანელობს შეჯიბრებითობის, დისპოზიციურობისა და თანასწორობის პრინციპით, რაც გულისხმობს მას, რომ საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების უტყუარად არსებობა. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებული უნდა იყოს იმგვარად, რომ ფაქტის მტკიცება ობიექტურად შესაძლებელი იყოს. მხარეს, რომელსაც დაეკისრება რომელიმე ფაქტის დამტკიცება, მისთვის ასეთი გარემოების დამტკიცება ობიექტურად შესაძლებელი უნდა იყოს. მხარეებს არ უნდა დაეკისროთ იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომლის დამტკიცებაც მისთვის ობიექტურად შეუძლებელია. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს უნდა დაეკისროს დაამტკიცოს, რომ ქ----- ქ--–-შთან ნამდვილად დადო ხელშეკრულება და ამ ხელშეკრულების საფუძველზე ასესხა 4220 ლარი. ამ გარემოების დადასტურება შეიძლება ხელშეკრულებით, თუმცა ქ----- ქ--–-შმა ხელშეკრულების სიყალბეზე განაცხადა. ამიტომ მხოლოდ ხელშეკრულება ვეღარ გამოდგება სესხად თანხის გაცემის მტკიცებულებად (საქ. სსკ-ის 137-ე მუხლი). შესაბამისად მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს, რომ ხელშეკრულებაზე ხელისმოწერა ქ----- ქ--–-შს ეკუთვნის და მან ამ ხელშეკრულების საფუძველზე მიიღო 4220 ლარი.

 

3.2.5. სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ გზით მტკიცების ტვირთის გადანაწილება სამართლიანია და სრულად შეესაბამება შეჯიბრებითობის პრინციპს.

3.2.6. როგორც ზემოთ განვმარტეთ ქ----- ქ--–-შმა ხელშეკრულების დადება და სესხის მიღება უარყო. ამტკიცებს, რომ მას დაურეკეს და უთხრეს რომ უნდა მისულიყო მოსარჩელის ოფისში და სესხის ხელშეკრულებაზე ხელი მოეწერა. მას სესხი დაფარული ჰქონდა და მოსარჩელისაგან ახალ სესხს არ ელოდებოდა, რის გამოც ის არ მივიდა ოფისში და სესხის ხელშეკრულებას ხელი არ მოაწერა. შესაბამისად სესხი არ მიუღია და ხელშეკრულებაზე მისი ხელმოწერა არაა.

იხ. შესაგებელი და ქ----- ქ--–-შის განმარტებები სხდომის ოქმში.

 

3.2.7. სასამართლომ, ქ----- ქ--–-შის განცხადება ხელშეკრულებაზე მისი ხელმოწერის არარსებობის შესახებ, მიიჩნია საქ. სსკ-ის 137-ე მუხლით განსაზღვრულ განცხადებად საბუთის სიყალბის შესახებ. შესაბამისად საქ. სსკ-ის 137-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით მოსარჩელეს შესთავაზა ხელშეკრულების საქმიდან ამოღება და საქმის გადაწყვეტა საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით. მოსარჩელე სადაო ხელშეკრულების საქმიდან ამოღების წინააღმდეგია.

იხ. სხდომის ოქმი

 

3.2.8. საქმიდან საბუთის ამოღებაზე უარის თქმის შემდეგ სასამართლომ იხელმძღვანელა საქ. სსკ-ის 137-ე მუხლის მეორე ნაწილით და დაგეგმა ხელშეკრულების ნამდვილობის შემოწმების ღონისძიებები. სასამართლომ მოსარჩელეს განუმარტა, რომ დოკუმენტის სიყალბის შესახებ განცხადების გამო ის ვალდებულია წარმოადგინოს სხვა მტკიცებულებები და დაამტკიცოს, რომ ქ----- ქ--–-შს 2016 წლის 31 იანვარს ასესხა 4220 ლარი.

იხ. სხდომის ოქმი

3.2.9. საქმეზე, სასამართლომ დანიშნა კალიგრაფიული ექსპერტიზა და ექსპერტს გამოსაკვლევად გაუგზავნა გამოსაკვლევი ნიმუშები, თავისუფალი ნიმუშები და ხელწერის ექსპერიმენტალური ნიმუშები. ექსპერტს გადასაწყვეტად დაესვა შეკითხვა გარკვეულიყო ხელშეკრულებაზე შესრულებული ხელმოწერა ეკუთვნოდა თუ არა ქ----- ქ--–-შს.

იხ.საოქმო განჩინება

 

3.2.10. ექსპერტიზის დასკვნით საკითხი ვერ გადაწყდა. დასკვნაში მითითებულია, რომ ხელშეკრულებაზე გრაფაში ,,ქ----- ქ--–-ში“ შესრულებულია თუ არა ქ----- ქ--–-შის მიერ, გარკვევა შეუძლებელია გამოსაკვლევი ხელმოწერის მოკლე, მარტივი აგებულებისა და ინფორმაციული ნიშნების სიმცირის გამო. დასკვნის გამოკვლევით ნაწილში მითითებულია, რომ ასოების ზომასა და გაქანებაში არსებობს, როგორც თანდამთხვევები, ისე განსხვავებები. გამოვლენილი თანდამთხვევები და განსხვავებები არ არის საკმარისი კატეგორიული დასკვნის მისაღებად.

იხ. ექსპერტიზის დასკვნა. ს.ფ. 164-170

 

3.2.11. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქ----- ქ--–-შმა ექსპერიმენტალური ნიმუშების აღებაში მიიღო აქტიური მონაწილეობა. მან სასამართლოზეც შეასრულა ექსპერიმენტალური ნიმუშები და ექსპერტთანაც გამოცხადდა ნიმუშების ასაღებად. გარდა ამისა ექსპერტს თავსუფალ ნიმუშად წარდგენილი ჰქონდა ქ----- ქ--–-შის მონაწილეობით შედგენილი სამი ხელშეკრულება. თითოეულ მათგანში ქ----- ქ--–-შის ხელნაწერებია მოცემული. ამდენად ექსპერტს საკმარისი თავისუფალი ნიმუშები და ექსპერიმენტალური ნიმუშები გააჩნდა. გამოსაკვლევად უვარგისი აღმოჩნდა გამოსაკვლევ ნიმუშზე ანუ ხელშეკრულებაზე შესრულებული ხელმოწერა. იგი მოკლე, მარტივი აგებულებისა და ინფორმაციული ნიშნების სიმცირის გამო არ გამოდგა კატეგორიული დასკვნის მისაღებად.

იხ. ექსპერტიზის დასკვნა. 164-170

ექსპერიმენტალური და თავისუფალი ნიმუშები.ს.ფ. 108-110; 115-117.

 

3.2.12. სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრულებაზე შესრულებული ხელმოწერის კუთვნილება, მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებაა. მასზეა დამოკიდებული დადგენა საკითხისა - ქ----- ქ--–-შმა ხელშეკრულების საფუძველზე სესხი მიიღო თ არა და ვალდებულების შესრულება მას უნდა მოეთხოვოს თუ არა. თუ დადგენილად მივიჩნევთ იმ გარემოებას, რომ ქ----- ქ--–-შმა გარიგება დადო მოსარჩელესთან და მიიღო სესხი, მაშინ ის სესხის დაფარვის პასუხისმგებელი პირია. საწინააღმდეგო ვერსიით კი, ის არაა პასუხისმგებელი პირი. თვით ხელშეკრულება სადაო მტკიცებულებაა და იგი ინდივიდუალურად აღარ გამოდგება სესხის გაცემის მტკიცებულებად. საქ. სსკ-ის 137-ე მუხლით მისი ნამდვილობა უნდა დადგინდეს სხვა მტკიცებულებებით. ამის ერთერთი საუკეთესო საშუალებაა ექსპერტიზის დასკვნა, მაგრამ საექსპერტო კვლევით მოპოვებული იქნა ქ----- ქ--–-შის, როგორც ხელწერასთან საერთო, ისე განმასხვავებელი ნიშნები. ასევე ხელმოწერა მოკლე, მარტივი აგებულებისა და ინფორმაციული ნიშნების სიმცირის გამო არ გამოდგა კატეგორიული დასკვნის მისაღებად. ასეთ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ვის უნდა დაეკისროს ამ დოკუმენტის შედეგის პასუხისმგებლობა. სასამართლო განმარტავს, რომ არცერთ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. თითოეული მტკიცებულება ფასდება სასამართლოს მიერ და მას ენიჭება გარკვეული მნიშვნელობა. ფაქტობრივი გარემოების დადასტურებისათვის ყველა მტკიცებულება არ გამოდგება. მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება ხშირად კონკრეტული ფაქტის დამადასტურებელია და ხშირად ასეთი ფაქტის დადასტურებისათვის უვარგისია. სასამართლომ კრიტიკულად უნდა შეაფასოს მტკიცებულებები და გადაწყვიტოს მხარეთა მიერ მითითებული მტკიცებულება არის თუ არა ის მტკიცებულება, რომლითაც შეიძლება გარკვეული ფაქტის დამტკიცება. წინამდებარე შემთხვევაში ხელშეკრულება შედგენილია მოსარჩელის მიერ თავის სამსახურში. ამ დოკუმეტის გარდა ყველა სხვა დოკუმეტში, სადაც ქ----- ქ--–-ში ხელს აწერს, არარის მოკლე, მარტივი აგებულებისა და არ შეიცავს ინფორმაციული ნიშნების სიმცერს. ასეთი რამ მხოლოდ გამოსაკვლევ ნიმუშშია. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს გარიგება ისე უნდა დაედო, რომ სადაოობისას დაემტკიცებინა ხელწერის ნამდვილობა. მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა, რომ ხელშეკრულება ქ----- ქ--–-შის მიერაა ხელმოწერილი. დოკუმენტზე ხელმოწერის კუთვნილება სადაო და ბუნდოვანია. მისი სადაოობისა და ბუნდოვანების გამო, პასუხის ქ----- ქ--–-შისათვის მოთხოვნა ეწინააღმდეგება სამართლიანობის პრინციპს. მასზე პასუხი უნდა აგოს შემდგენმა. სწორედ აღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა, რომ ქ----- ქ--–-შმა მოსარჩელისაგან სესხი მიიღო.

იხ. ექსპერტიზის დასკვნა. 164-170.

 

3.2.13. დოკუმენტის სიყალბის შესახებ განცხადების მიღების შემდეგ მოსარჩელეს დაეკისრა საპროცესო მოვალეობა წარმოადგინოს სხვა მტკიცებულებები და დაამტკიცოს რომ ქ----- ქ--–-შმა 2016 წლის 31 იანვარს შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კ---------------ი +“-საგან 60 დღის ვადით ისესხა 4220 ლარი. მოსარჩელე შეეცადა წარმატებით დაეძლია დასახელებული საპროცესო ვალდებულება და მოითხოვა მოწმის სახით დაკითხულიყო კომპანის ფილიალის მოლარე თამარ თედორაძე. მან სხდომაზე განმარტა, რომ ქ----- ქ--–-შს ჰქონდა პრობლემური ვალი. ის ვალს ვეღარ იხდიდა, რის გამოც კომპანიამ მას გაუკეთა სესხის რესტრუქტურიზაცია. ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს ჯერ თავდებმა პირებმა, შემდეგ კი ოფისში მოვიდა და ხელშეკრულებაზე ხელი მოაწერა ქ----- ქ--–-შმა. მან ასევე განმარტა, რომ 2016 წლის 31 იანვარს ქ----- ქ--–-შს სესხი არ მიუღია. მას სესხი ადრე ჰქონდა აღებული. ამ დღეს ძველი ვალი გადაუნაწილდა ახალ ვადაზე და შეთანხმებული იქნა მისი დაფარვის ახალი პირობები.

იხ. მოწმე თამარ თედორაძის ჩვენება სხდომის ოქმში.

 

3.2.14. ამდენად მოსარჩელეს, ქ----- ქ--–-შზე სესხის გაცემის მტკიცებულებად დარჩა მხოლოდ ერთი მტკიცებულება, ესაა მოწმე თამარ თედორაძის ჩვენება. აღნიშნულთან დაკავშირებით სასაართლო მიიჩნევს, რომ მოწმის ჩვენება არ არის საკმარისი ფულადი ვალდებულების დადგენისათვის. რამდენად ობიექტურიც არ უნდა იყოს მოწმე, მისი ჩვენება არაა საკმარისი სესხის დასადგენად. მოსარჩელეს უნდა ჰქონდეს მოპასუხისათვის თანხის გადაცემის მტკიცებულება. ასეთი მტკიცებულება შეიძლება იყოს მოპასუხის ხელწერილი, სალაროს გასავლის ორდერი, საბანკო გადარიცხის დოკუმენტი, ან ნებისმიერი სხვა ტიპის დოკუმენტი, სადაც ასახული იქნება ქ----- ქ--–-შის მიერ სესხის მიღება. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ მოსარჩელე მიკრო საფინანსო დაწესებულებაა და მისი ძირითადი საქმიანობაა სესხის გაცემა. როგორც წესი ამ ტიპის საწარმოები თანხის გაცემის თაობაზე მხოლოდ ხელშეკრულებაში თანხის გაცემის დაფიქსირებით არ შემოიფარგლებიან. ისინი სესხს გასცმენ სალაროს გასავლის ორდერით და თანხის მიღებაზე მსესხებელს აწერინებენ ხელს. თუ ქ----- ქ--–-შმა 2016 წლის 31 იანვარს მოსარჩელესთან სესხის ხელშეკრულება დადო და მისგან თანხა მიიღო, მაშინ მოსარჩელეს თანხის სესხად გაცემის სხვა მტკიცებულებაც უნდა გააჩნდეს. მას სხვა მტკიცებულება არ აქვს. შესაბამისად ვერ დაამტკიცა, რომ ქ----- ქ--–-შმა 2016 წლის 31 დეკემბერს მისგან ისესხა თანხა.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

_ საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

_ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

_ საქართველოს კონსტიტუცია.

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. სასამართლო განმარტავს, რომ სამართალწარმოების მიზნის მისაღწევად სავალდებულოა, სასამართლომ საქმის განხილვის მარეგულირებელი პროცესუალური წესების დაცვით, მხარეების მიერ მითითებული ფაქტებისა და გარემოებების სწორი სამართლებრივი ანალიზის გზით, დაადგინოს მოსარჩელის მოთხოვნის მართებულობა. საფუძვლიანია თუ არა სარჩელი, დამოკიდებულია რამდენიმე პირობის არსებობაზე, მათ შორის უპირველესად უნდა მოიძებნოს სამართლის ნორმა, რომელიც მიესადაგება განსახილველ შემთხვევას. მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის დადგენის შემდეგ უნდა მოხდეს შემოწმება, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები პასუხობს თუ არა გამოსაყენებელი ნორმის აბსტრაქტულ ელემენტებს (შემადგენლობას). მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის განსაზღვრა სასამართლოს პრეროგატივაა, მატერიალური სამართლის ნორმიდან გამომდინარე კი, სასამართლომ თავადვე უნდა დაადგინოს დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტების (მტკიცების საგანში შემავალი ფაქტების) ამომწურავი წრე, რათა მას არ მოუწიოს იმ გარემოებათა დადგენა, რომლებსაც საქმისათვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვთ, და პირიქით, რათა მთელი სამართალწარმოება საძიებელ ფაქტებზე იქნეს ორიენტირებული. წინამდებარე დავაში შესაძლებელია ზემოთ დასახელებული გარემობებების გარდა, სხვა გარემოებსაც აქვს ადგილი (მაგალითად ძველი სესხების დაფარვა, ვადაგადაცილებები, მოსარჩელის თანამშრომლებისა და ქ----- ქ--–-შის კონფლიქტები და ა.შ.), მაგრამ სხვა გარემოებებსა და მათ სამართლებრივ შეფასებას, დავის გადაწყვეტისათვის ნიშვნელობა არ აქვს. საქმისათვის მნიშვნელოვანია დადგინდეს, ის უდაო და სადაო ფაქტობრივი გარემოებები, რაც სასამართლომ დაახარისხა შესაბამის პუნქტებში, წარმოადგენს თუ არა თანხის დაკისრების საფუძველს. სხვა დანარჩენი საკითხების სამართლებრივ შეფასებას, საქმისათვის მნიშვნელობა არ აქვს. სწორედ ამიტომაც პირველ რიგში უნდა შემოწმდეს 2016 წლის 31 იანვარს სესხის გაუცემლობა წარმოშობს თუ არა სესხის დაბრუნების საფუძველს. თუ 2016 წლის 31 იანვრის ხელშეკრულების არარსებობა არ წარმოშობს მოთხოვნის უფლებას, მაშინ სხვა საკითხების დადგენას ეკარგება მნიშვნელობა.

6.2. მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხეებმა გადაუხადონ თანხა. სასამართლო განმარტავს, რომ თანხის გადახდას აუცილებლად სჭირდება შესაბამისი ვალდებულების არსებობა. საქართველოს სსკ-ის 317-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

დავის გადაწყვეტისათვის, პირველ რიგში სათანადო შეფასება უნდა მიეცეს მხარეთა შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსს. არ არსებობს ანაზღაურების მოთხოვნა, ვალდებულების გარეშე, რაც იმას ნიშნავს, რომ მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე ვალდებულებით ურთიერთიერთობაში იყოს მოპასუხესთან. ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კიდე კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობის ერთერთი საფუძველია. იგი ორი ან მეტი პირის ნების გამოვლენაა მიმართული სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ხელშეკრულების დადება დამოკიდებულია მხარეთა ნების გამოვლენაზე. ხელშეკრულების დადების ისინი თავისუფლების პრინციპით სარგებლობენ. მათ უფლება აქვთ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. ხელშეკრულების პირობა წინასწარ შემუშავებულ ხასიათს არ ატარებს. მხარეებს შეუძლიათ ნებისმიერ საკითხეზე შეთანხმდენ. ამისათვის მათ არ ჭირდებათ რაიმე ნებართვა ან სპეციალური შინაარსის დაცვა. მთავარია მათი შეთანხმება არ ეწინააღმდეგებოდეს კანონს, აკმაყოფილებდეს მორალის ფარგლებს და არ არღვევდეს საჯარო წესრიგს. აღნიშნული პრინციპი გამომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძვლიდან, რომლის მიხედვითაც კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას.

6.3. მოსარჩელის მოთხოვნა გამომდინარეობს საქ. სკ-ის 623-ე მუხლის საფუძვლიდან. რომლის მიხედვითაც მსესხებელმა სესხად მიღებული თანხა გამსესხებელს უნდა დაუბრუნოს შეთანხმებულ ვადაში.

6.4. სასამართლო განმარტავს, რომ ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის ერთერთი ქვაკუთხედია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომელიც კრედიტორს უფლებას ანიჭებს მოვალეს მოსთხოვოს გარკვეული მოქმედების შესრულება. თავის მხრივ ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი მოითხოვს ვალდებულება შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. წინამდებარე დავაც სწორედ ამ ნორმების ჭრილში უნდა იქნას განხილული. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხად გაცემული თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნისათვის აუცილებელია სესხად თანხის გადაცემა. მხოლოდ სესხის გაცემა წარმოშობს საქ. სკ-ის 623-ე მუხლის საფუძველზე უკან დაბრუნების მოთხოვნას. სესხის ხელშეკრულება მხარეებს შორის დადებულად ითვლება გამსესხებლის მიერ მსესხებლისათვის სესხად თანხის გადაცემის შემდეგ. სესხად თანხის გადაცემის შემდეგ გამსესხებელს უჩნდება მოთხოვნის უფლება. თუ მსესხებელმა გამსესხებლისაგან მიიღო თანხა, მას გაუჩნდება საპასუხო ვალდებულება - სესხი გადაიხადოს შეთანხმებულ ვადაში, შეთანხმებული პირობების შესაბამისად. მოსარჩელე, მხოლოდ თანხის სესხად გადაცემის შემდეგ შეიძენს მოთხოვნის უფლებას - ქ----- ქ--–-შს მოსთხოვოს სანაცვლო ვალდებულების შესრულება. ასეთი უფლება მას გაუჩნდება ვალდებულების შინაარსიდან გამომდინარე, რადგანაც ვალდებულება ისეთი სამართლებრივი ბორკილია, რომელიც ერთ მხარეს შესაბამისი საფუძველის არსებობისას აიძულებს მეორე მხარის სასარგებლოდ შეასრულოს გარკვეული მოქმედება ან მოქმედების შესრულებისაგან თავის შეკავება. სახლეშეკრულებო ვალდებულებაში მოსარჩელის მიერ ვალდებულების შესრულებას, უნდა მოჰყვეს მოპასუხის მიერ კუთვნილი მოვალეობის აუცილებელი შესრულება.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადგინდა, რომ 2016 წლის 31 იანვარს მოსარჩელესა და ქ----- ქ--–-შს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება. ასევე არ დგინდება, რომ 2016 წლის 31 იანვარს მოსარჩელემ ქ----- ქ--–-შს ასესხა 4220 ლარი. შესაბამისად მას არც მოთხოვნის უფლება არ აქვს. თანხის სესხად გაცემის გარეშე სესხის დაბრუნების მოთხოვნა არარსებობს. შესაბამისად, ქ----- ქ--–-შის მიმართ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.5. სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად”. ამავე კოდექსის 893-ე მუხლის პირველი წინადადებით ,,თავდების ვალდებულებისათვის განმსაზღვრელია შესაბამისი ძირითადი ვალდებულების არსებობა”. ხოლო 895-ე მუხლით ,,თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა”.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ სესხის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, მოსარჩელემ ს------ ლ-----ესთან და ფ---- ა--–--ესთან დადო თავდებობის ხელშეკრულება. თავდებმა პირებმა იკისრეს ვალდებულება ქ----- ქ--–-შთან ერთად პასუხი აგონ სესხის ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე. დავის გადაწყვეტისათვის ამოსავალი პრინციპი საქ. სკ-ის 893-ე მუხლის პირველი წინადადებაში დევს. დასახელებულმა ნორმამ დაადგინა, რომ თავდების ვალდებულებისათვის ძირითადი ვალდებულების არსებობაა განმსაზღვრელი. ანუ არ არსებობს თავდების ვალდებულება ძირითადი ვალდებულების გარეშე. წესითა და რიგით ძირითადი ვალდებულება უნდა იყოს ის ვალდებულება, რაც უნდა წარმოშობილიყო 2016 წლის 31 იანვარს მოსარჩელესა და ქ----- ქ--–-შს შორის სესხის ხელშეკრულების დადებით. საქმის მასალებით არ დადგინდა მათ შორის სესხის ხელშერულების დადება, რაც იმას ნიშნავს, რომ არარსებობს ძირითადი ვალდებულება. მისი არარსებობა გამორიცხავს თავდების პასუხისმგებლობას. შესაბამისად ამ ნაწილშიც სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები:

7.1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლების სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს სარჩელზე დავის საგნის (სადავო თანხის) ღირებულების 3%_ს, მაგრამ არანაკლებ 100 (ასი) ლარისა, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა პირველი ინსტანციის სასამართლოში იურიდიული პირებისათვის არ უნდა აღემატებოდეს – 5 000 ლარს.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმეზე გადასახდელი სახ. ბაჟის ოდენობა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის და ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” პუნქტის შესაბამისი გაანგარიშებით შეადგენს 228 ლარს. სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო ბაჟი მოსარჩელეს უნდა დაეკისროს. მოსარჩელეს ბაჟი წინასწარ აქვს გადახდილი.

 

7.2. საქმეზე ჩატარებული იქნა ექსპერტიზა, რომლის ხარჯმაც შეადგინა 101 ლარი. ექსპერტიზის ხარჯი დაფარა ქ----- ქ--–-შმა. სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო, ექსპერტიზის ხარჯი თანახმად საქ. სსკ-ის 52-53-ე მუხლებისა ქ----- ქ--–-შს უნდა აუნაზრაუროს მოსარჩელემ.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:

მოცემულ სამოქალაქო საქმეზე ბათუმის საქალაქო საქსამართლოს 2016 წლის 24 მაისის განჩინებით გამოყენებული იქნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ს------ ლ-----ეს აეკრძალა ა-------------–----–-------------------------ში მდებარე უძრავი ქონების (ს/კ 60.05.32.0--) გასხვისება ან/და უფლებრივად დატვირთვა. ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა გაუქმდეს საქ. სსკ-ის 1991-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით და უძრავი ქონება უნდა გათავისუფლდეს შეზღუდვებისაგან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კ---------------ი +“-ის სარჩელი ქ----- ქ--–-შის, ს------ ლ-----ისა და ფ---- ა--–--ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს.

2. სახ. ბაჟის გადახდა დაეკისროს მოსარჩელეს. მას ბაჟი წინასწარ აქვს გადახდილი.

3. ბათუმის საქალაქო საქსამართლოს 2016 წლის 24 მაისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გაუქმდეს და ს------ ლ-----ე გათავისუფლდეს ა-------------–----–-------------------------ში მდებარე უძრავი ქონების (ს/კ 60.05.32.0--) გასხვისების ან/და უფლებრივად დატვირთვის აკრძალვისაგან.

4. შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კ---------------ი +“-ს ქ----- ქ--–-შის სასარგებლოდ დაეკისროს ექსპერტიზის ჩატარებასთან დაკავშირებული ხარჯის 101 ლარის ანაზღაურება.

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში.

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: გოჩა ფუტკარაძე