გადაწყვეტილება

სამოქალაქო 01.08.2018
საქმის ნომერი
330210018002274506
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
01.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/2365-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

09 ივლისი, 2018 წელი თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის

მოსამართლე - ხათუნა კაკაბაძე

სხდომის მდივანი - დალი მახაური

მოსარჩელე - შპს ,,ყა-------------------–--ი"

წარმომადგენელი - გი----------–---–ი, თო--------------ე

მოპასუხე - ნან-------–--ე

წარმომადგენელი - ზა------------–--–---–ი

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ნან-------–--ეს შპს „ყაზ-----------------–---ს“ სასარგებლოდ დაეკისროს დავალიანების - 1742.63 ლარის გადახდა.

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

ნან-------–--ე წარმოადგენს შპს „ყაზ-----------------–---ს“ (შემდგომში კომპანია) აბონენტს (აბონენტი №2-----).

 

2017 წლის 16 ივლისს, ქ. თბ--–--–----------------------------ში კომპანიის უფლებამოსილმა პირმა ნან-------–--ის მიმართ შეადგინა სამართალდარღვევის აქტი და ოქმი (აქტი/ოქმი №22---, 2017 წლის 16 ივლისი) ბუნებრივი გაზის უკანონოდ მოხმარების (დატაცების) შესახებ. კერძოდ, მისამართზე დაფიქსირდა ბ/აირის უკანონო მომხმარება. აბონენტს დავალიანების გამო ბ/აირის მიწოდება შეწყვეტილი ჰქონდა აირშედუღებით. ამ უკანასკნელმა, კი შემავალ 15 მმ მილზე დააერთა რეზინის მილი და მრიცხველის გვერდის ავლით გაზი მიეწოდებოდა სახლში არსებულ დანადგარებს.

 

ზემოთ აღნიშნულის საფუძველზე, კომპანიის წარმომადგენელმა ნან-------–--ე სცნო ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად. კერძოდ, 2017 წლის 26 ივლისის №18---- დადგენილებით, აბონენტის მისამართზე ბ/აირის მრიცხველის გვერდის ავლით მოხმარებისათვის, დაედო ადმინისტრაციული სახდელი - გაფრთხილება. ამასთან, აბონენტს კომპანიისადმი ზიანის ანაზღაურების მიზნით, დაერიცხა თანხა - 805.64 ლარის ოდენობით მის სარგებლობაში არსებული დანადგარების მიხედვით.

 

დღეის მდგომარეობით აბონენტის „მიმდინარე ბალანსი“ შეადგენს 1684.08 ლარს, საიდანაც 878.44 ლარი წარმოადგენს მოხმარებული ბუნებრივი აირის საფასურს, ხოლო 805.64 ლარი უკანონოდ მომხარებული ბუნებრივი გაზის საფასურად დარიცხულ თანხას. აბონენტს, ასევე ერიცხება ბ/აირის ქსელთან „მიერთების გადასახადი“ – 58.55 ლარი. ჯამში კომპანიის მიმართ აბონენტის დავალიანება შეადგენს 1742.63 ლარს. აღნიშნული დავალიანების ანაზღაურება დღემდე არ განხორციელებულა.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ შპს „ყაზ-----------------–---ს“ მიერ ბუნებრივი აირის უკანონოდ მოხმარებისათვის დაკისრებული თანხა არის ძალიან მაღალი და შეუსაბამო. გაუგებარია საიდან და როგორც მოხდა მისი დაანგარიშება.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. შპს „ყაზ-----------------–---ს“ სააბონენტო ნომერზე №2----- (მისამართი: თბ--–--------------------------------) აბონენტად რეგისტრირებულია დ---–--ე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- აბონენტის ბარათი (იხ. ს.ფ. 16-23);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი);

 

3.1.2. 2017 წლის 16 ივლისს შპს „ყაზ-----------------–---ს“ უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ შედგენილ იქნა ოქმი №ა 22---, რომლის თანახმად ქ. თბ--–--–----------------------------ში (აბონენტის №2-----) დაფიქსირდა ბ/აირის უმრიცხველო მოხმარება. კერძოდ, მრიცხველი იყო ჩაჭრილი აირშედუღებით დავალიანების გამო, თუმცა აბონენტის მიერ შემავალ 15 მმ მილზე დაერთებულ იქნა რეზინის მილი, რის საფუძველზეც ბ/აირი მრიცხველის გვერდის ავლით მიეწოდებოდა სახლში არსებულ დანადგარებს.

 

აღნიშნულის საფუძველზე, 2017 წლის 16 ივლისს შპს „ყაზ-----------------–---ს“ წარმომადგენლის მიერ ნან-------–--ის მიმართ შედგენილ იქნა ბუნებრივი გაზის უკანონოდ მოხმარების (დატაცების) შესახებ №ა 22--- აქტი. აღნიშნული აქტის თანახმად, მომხმარებელი მოიხმარდა დანადგარებს: 3-იან ქურას ღუმელით და 10 ლ. წყლის გამაცხელებელს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- აქტი №ა 22--- (იხ. ს.ფ. 26);

- ოქმი №ა 22--- (იხ. ს.ფ. 27);

- ფოტოსურათები (იხ. ს.ფ. 30-33);

 

3.1.3. 2017 წლის 16 ივნისს შპს „ყაზ-----------------–---ს“ წარმომადგენლის მიერ მისამართზე: ქ. თბ--–-------------------------9, №ა 22--- საჯარიმო ოქმის საფუძველზე, აირშედუღებით ჩაიჭრა ბ/აირის მრიცხველში შემავალი 15 მმ მილი, საიდანაც აბონენტი - №2----- ბუნებრივ აირს მოიხმარდა უკანონოდ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- აქტი №3------ (იხ. ს.ფ. 26);

 

3.1.4. გაფრთხილების სახით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ 2017 წლის 26 ივლისის №18---- დადგენილებით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 961 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ბუნებრივი აირის დატაცებისათვის, ნან-------–--ე ცნობილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად და დაედო ადმინისტრაციული სახდელი - გაფრთხილება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- დადგენილება (იხ. ს.ფ. 24-25);

 

3.1.5. ნან-------–--ეს (აბონენტი №2-----) ბუნებრივი გაზის უკანონოდ მოხმარებისათვის შპს „ყაზ-----------------–---ს“ მიერ, შესაბამისი გაანგარიშების საფუძველზე, დაერიცხა უკანონოდ მოხმარებული ბუნებრივი აირის საფასური - 805.64 ლარის ოდენობით, ასევე ბუნებრივი აირის ქსელთან „მიერთების გადასახადი“ 58.55 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- გაანგარიშების ფურცელი (იხ. ს.ფ. 29);

- აბონენტის ბარათი (იხ. ს.ფ. 16-23);

 

3.1.6. ნან-------–--ეს შპს „ყაზ-----------------–---ს“ მიმართ ერიცხება მოხმარებული ბუნებრივი აირის დავალიანება - 878.44 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- აბონენტის ბარათი (იხ. ს.ფ. 16-23);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, 05.07.2018წ. განცხადება, სხდომის ოქმი);

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების შეჯერების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზეა შპს „ყაზ-----------------–---ს“ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 477-ე, 992-ე, მუხლებით;

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 09 ივლისის №12-ე დადგენილების 1-ლი, მე-9, მე-10 მუხლებით;

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 09 ივლისის №12 დადგენილებით დამტკიცებული იქნა ბუნებრივი გაზის მიწოდების და მოხმარების წესი. დასახელებული დადგენილების 1-ლი მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესები არეგულირებს ურთიერთობებს განაწილების ლიცენზიატს, მიმწოდებელსა და საცალო მომხმარებელს შორის გამანაწილებელი ქსელის მეშვეობით ბუნებრივი გაზის ყიდვის, გაყიდვის, განაწილების, გატარების ან/და მოხმარების დროს. ამ წესებით დადგენილი პირობები სავალდებულოა ყველა იმ პირისათვის, რომლებიც ახორციელებენ ბუნებრივი გაზის ყიდვას, გაყიდვას, განაწილებას, გატარებას ან/და მოხმარებას.

 

აღნიშნული დადგენილების მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ხელშეკრულებით მიმწოდებელი (გამყიდველი) კისრულობს ვალდებულებას, მიაწოდოს საცალო მომხმარებელს (მყიდველს) ბუნებრივი გაზი მოქმედი კანონმდებლობით, ამ წესებითა და ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების დაცვით, ხოლო მყიდველი იღებს ვალდებულებას, გადაიხადოს მიღებული ბუნებრივი გაზის საფასური და დაიცვას მოქმედი კანონმდებლობით, ამ წესებითა და ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობები. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, კი ბუნებრივი გაზის ნასყიდობის, ასევე, ამ წესებით განსაზღვრული მომსახურების შესახებ ხელშეკრულება შეიძლება გაფორმდეს წერილობითი ფორმით (ასევე ქვითრით ან სხვა წერილობითი დოკუმენტით, ამ წესებით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად). ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ხელშეკრულების პირობები ასეთი ხელშეკრულების საცალო მომხმარებელთან გაფორმების (შეთანხმების) შემთხვევაში უნდა შეესაბამებოდეს ამ წესებითა და მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.

 

ნასყიდობის ხელშეკრულება ორმხრივი, კონსესუალური და სასყიდლიანი ხელშეკრულებაა. დასახელებული ხელშეკრულების ბუნება მხარეების ურთიერთშემხვედრი უფლება-მოვალეობების არსებობით ვლინდება, კერძოდ, გამყიდველი ვალდებულია გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი, ხოლო მყიდველს ევალება გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ქონება.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ შპს „ყა-------------------–---ა“ და ნან-------–--ეს შორის გაფორმდა ბუნებრივი აირის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელე აწვდიდა, ხოლო მოპასუხე ვალდებული იყო ყოველთვიურად აენაზღაურებინა მოხმარებული ბუნებრივი აირის ღირებულება. დადგენილია, ასევე, რომ ნან-------–--ეს შპს „ყა-------------------–--ის“ მიმართ ერიცხება მოხმარებული ბუნებრივი აირის გადაუხდელი დავალიანება - 878.44 ლარის ოდენობით.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის მოხმარებული ბუნებრივი აირის ღირებულების დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.2. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 09 ივლისის №12 დადგენილების მე-9 მუხლის მე-4 ნაწილის ”გ” ქვეპუნქტი განსაზღვრავს ბუნებრივი გაზის უკანონოდ მოხმარების მოცულობის დაუდგენლობის შემთხვევაში აბონენტის მიმართ დასარიცხი თანხის გამოთვლის წესს, კერძოდ:

 

ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელზე მოწყობილობების თვითნებურად მიერთების, ბუნებრივი გაზის მრიცხველის ბრჯენების განზრახ დაზიანების (აღრიცხვის სიზუსტის დარღვევის შემთხვევაში), ბუნებრივი გაზის მრიცხველის ციფრული მაჩვენებლის გაყალბების, ბუნებრივი გაზის დატაცების, მათ შორის, ბუნებრივი გაზის მრიცხველის (აღრიცხვის სისტემის) გვერდის ავლით ან/და მის გარეშე ბუნებრივი გაზის არასანქცირებული მოხმარების შემთხვევაში, ბუნებრივი გაზის უკანონო მომხმარებელი ვალდებულია გადაიხადოს ბუნებრივი გაზის უკანონოდ მოხმარების პერიოდში მის მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის ღირებულება. უკანონოდ მოხმარებული ბუნებრივი გაზის რაოდენობის განსაზღვრა მოხდება შესაბამისი აქტის საფუძველზე შემდეგი წესით: იმ შემთხვევაში, როდესაც უკანონოდ მოხმარებული ბუნებრივი გაზის მოცულობის დადგენა შეუძლებელია, მაგრამ ცნობილია განაწილების ლიცენზიატის მომსახურებით უკანონოდ სარგებლობის დაწყების თარიღი, მოხმარებული ბუნებრივი გაზის რაოდენობა დაანგარიშდება მომხმარებლის გაზის დანადგარების ან/და ხელსაწყოების დადგმული სიმძლავრეების (დღე-ღამეში 6-საათიანი პერიოდის) წარმადობის დაანგარიშების საფუძველზე (სეზონურობის გათვალისწინებით). ამ ქვეპუნქტის მიხედვით დარიცხვის პერიოდი არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს.

 

ამავე დადგენილების 21-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, კი განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურის გადაუხდელობის, ბუნებრივი გაზის უკანონოდ მოხმარების ან/და უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო ქსელიდან ჩახსნილ მომხმარებელს ბუნებრივი გაზით მომარაგების აღდგენისათვის დაარიცხოს ქსელიდან ჩახსნისა და აღდგენის ღირებულება.

 

დადგენილია, რომ 2017 წლის 16 ივლისს შპს „ყაზ-----------------–---ს“ უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ შედგენილ იქნა ოქმი №ა 22---, რომლის თანახმად ნან-------–--ის სააბონენტო მისამართზე, ქ. თბ--–--–----------------------------ში დაფიქსირდა ბ/აირის უმრიცხველო მოხმარება. კერძოდ, მრიცხველი იყო ჩაჭრილი აირშედუღებით დავალიანების გამო, თუმცა აბონენტის მიერ შემავალ 15 მმ მილზე დაერთებულ იქნა რეზინის მილი, რის საფუძველზეც ბ/აირი მრიცხველის გვერდის ავლით მიეწოდებოდა სახლში არსებულ დანადგარებს. აღნიშნულის საფუძველზე, 2017 წლის 16 ივლისს ნან-------–--ის მიმართ შედგენილ იქნა ბუნებრივი გაზის უკანონოდ მოხმარების (დატაცების) შესახებ №ა 22--- აქტი. ხოლო, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 961 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, კი ბუნებრივი აირის დატაცებისათვის ნან-------–--ე (აბონენტი №2-----), ცნობილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად და დაედო ადმინისტრაციული სახდელი - გაფრთხილება.

 

შესაბამისად, დადასტურდა რა სამართალდარღვევის ფაქტი, მოპასუხე ნან-------–--ეს ბუნებრივი გაზის უკანონოდ მოხმარებისათვის შპს „ყაზ-----------------–---ს“ მიერ, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 09 ივლისის №12 დადგენილების შესაბამისი გაანგარიშების საფუძველზე (№ა 22--- აქტის თანახმად, მომხმარებელი მოიხმარდა დანადგარებს: 3-იან ქურას ღუმელით და 10 ლ. წყლის გამაცხელებელს), დაერიცხა უკანონოდ მოხმარებული ბუნებრივი აირის საფასური - 805.64 ლარის ოდენობით, ასევე ბუნებრივი აირის ქსელთან „მიერთების გადასახადი“ - 58.55 ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლი განსაზღვრავს ვალდებულების წარმოშობის საფუძვლებს, რომლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, ნებისმიერმა პირმა უნდა აანაზღაუროს მის მიერ მიყენებული ზიანი. აღნიშნული ნორმის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. სამოქალაქო კოდექსის ზემოთ მითითებული ნორმა განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა არსებობდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო - ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ანუ, მოვალის ქმედება უნდა იყოს არა მარტო ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო, არამედ ზიანი უნდა იყოს ამ ქმედებით გამოწვეული უშუალო შედეგი. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას.

 

მოცემულ შემთხვევაში დადასტურებულია, რომ ნან-------–--ემ უკანონოდ მოიხმარა ბუნებრივი აირი, რის გამოც ზიანის ანაზღაურების მიზნით დაერიცხა - 805.64 ლარი. შესაბამისად, სასამართლოს მოსაზრებით მოპასუხე ვალდებულია აანაზღაუროს როგორც მოხმარებული ბუნებრივი არის საფასური, ისე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად მიყენებული ზიანი - 805.64 ლარის ოდენობით და „ქსელზე მიერთების“ საფასური - 58.55 ლარის ოდენობით.

 

ამდენად, ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „ყაზ-----------------–---ს“ სარჩელი მოპასუხე ნან-------–--ისათვის დავალიანების - 1742.63 ლარის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და სრულად უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

7.1. მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 50 ლარი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, მოპასუხე ნან-------–--ეს მოსარჩელე შპს „ყაზ-----------------–---ს“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად - 50 ლარის გადახდა.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

განსახილველ საქმეში სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-ე-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს ,,ყაზ-----------------–---ს’’ სარჩელი ნან-------–--ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდეს.

1.1. მოპასუხე ნან-------–--ეს შპს ,,ყაზ-----------------–---ს’’ სასარგებლოდ დაეკისროს - 1742.63 ლარის გადახდა.

 

2. მოპასუხე ნან-------–--ეს შპს ,,ყაზ-----------------–---ს’’ სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ - 50 ლარის გადახდა.

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალიწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გდაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადა ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

5. განემარტოთ მხარეებს, რომ ვინაიდან განხილულ დავაში, დავის საგნის ღირებულება არ აღემატება 2 000 ლარს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი არ დაიშვება.

 

მოსამართლე ხათუნა კაკაბაძე