გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/83-18 (140210018002263785)
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
4 ივლისი, 2018 წელი ქ. გორი
შესავალი ნაწილი
გორის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ვალერიანე ფილიშვილი
სხდომის მდივანი ნანა ხინჩიკაშვილი
მოსარჩელე - ქ---------------–--ე
წარმომადგენელი - ე----------------–---–ი
მოპასუხე - ლ--------------–---–ი
წარმომადგენელი - ნ-------------–---–ი
დავის საგანი - ალიმენტის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ლ--------------–---–ს დაეკისროს თავისი არასრულწლოვანი შვილის, გ-------–---------–---–ის სასარგებლოდ ალიმენტის სახით 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის გადახდა.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, მისი მარწმუნებელი, ქ---------------–--ე ქორწინებაში იმყოფებოდა ლ--------------–---–თან, რომელთანაც თანაცხოვრების პერიოდში, 2015 წლის 3 მაისს შეეძინა ერთი შვილი, გ-------–---------–---–ი. მოსარჩელის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ ოჯახური უთანხმოებისა და ხასიათის შეუთავსებლობის გამო ქ---------------–--ე მეუღლის სახლიდან წამოვიდა და ამჟამად ცხოვრობს მშობლების ბინაში, რომელსაც დედ-მამა ეხმარება შვილის აღზრდაში, ვინაიდან ბავშვის ასაკიდან გამომდინარე ქ---------------–--ე ვერ მუშაობს, ხოლო ლ--------------–---–ი მონაწილეობას არ ღებულობს შვილის აღზრდაში, მიუხედავად იმისა, რომ დასაქმებულია რესტორანში და გააჩნია კარგი შემოსავალიც.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე ლ--------------–---–მა სარჩელი არ ცნო და შესაგებელში მიუთითა, რომ მას არანაირი სტაბილური შემოსავალი არ გააჩნია და თავისი ეკონომიური შესაძლებლობის ფარგლებში შვილზე ისედაც ზრუნავს.
მოგვიანებით, მოპასუხემ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ნაწილობრივ ცნო და თანხმობა განაცხადა, რომ შვილისათვის ალიმენტი, 90 ლარი გადაეხადა (იხ. სხდომის ოქმი).
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ქ---------------–--ესა და ლ--------------–---–ს 2015 წლის 3 მაისს შეეძინათ შვილი, გ-------–---------–---–ი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გ-------–---------–---–ის დაბადების მოწმობა №67156002425;
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.2. გ-------–---------–---–ი ცხოვრობს დედასთან, ქ---------------–--ესთან ერთად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.3. შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 21 თებერვლის ცნობის თანახმად, ლ--------------–---–ს 2017 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის 21 თებერვლის ჩათვლით მიღებული შემოსავალი არ უფიქსირდება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შემოსავლების სამსახურის ცნობა.
3.1.4. ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ №12460 ცნობის თანახმად, ლ--------------–---–ს აღენიშნება OS საშუალო ხარისხის მიოპია, გართულებული, OS ცხავისებრი დისტროფია H 52/1 H33.3.
პაციენტს ესაჭიროება ბადურის ლაზერკოაგულაცია მარცხენა თვალზე ჩამოცლის პრევენციისათვის სასწრაფო წესით - CKSC05 - თვალის სისხლძარღვოვანი გარსის დაზიანებული უბნის ფოტოკოაგულაცია 2452441.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2014 წლის 22 ოქტომბერს გაცემული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა №12460.
3.1.5. ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ №4337 ცნობის თანახმად, ლ--------------–---–ს აღენიშნება მარჯვენა თვალის პრესბიოპია H52; მარცხენა თვალის მაღალი ხარისხის მიოპია H53. პაციენტს ესაჭიროება ოფთალმოლოგის მეთვალყურეობა და მკურნალობა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2018 წლის 23 თებერვალს გაცემული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა №4337.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. ლ--------------–---–ი მუშაობს რესტორანში და აქვს კარგი ანაზღაურება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-მოსარჩელის ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი).
3.2.2. ქ---------------–--ე არის დასაქმებული და მისი ხელფასი შეადგენს 250 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამხარეო ცენტრის დასკვნა №04-13/3606;
- მოპასუხის ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი).
3.2.3. ლ--------------–---–ს აქვს მხვედელობის პრობლემა და ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ფიზიკური შრომა არ შეუძლია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-მოპასუხის ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი);
- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამხარეო ცენტრის დასკვნა №04-13/3606.
სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
ამავე კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით, ხოლო აღნიშნული მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
სასამართლო განმარტავს, რომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოების დაუდასტურებლობის შემთხვევაში, სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. ამასთან, მხარეებს შორის, მტკიცების ტვირთი განაწილებული უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.
გარდა მხარეთა ვალდებულებისა, თვითონ უზრუნველყონ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებების დამტკიცება შესაბამისი მტკიცებულებებით, რომელზეც ისინი ამყარებენ თავიანთ მოთხოვნებსა და შესაგებელს, საოჯახო-სამართლებრივი დავების განხილვის დროს სასამართლოს მინიჭებული აქვს ფართო უფლებები, თვითონ თავისი ინიციატივით მიიღოს ყველა ზომა, რათა დაადგინოს საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და გამოიტანოს სამართლიანი გადაწყვეტილება, კერძოდ: ა) სასამართლოს შეუძლია თვითონ განსაზღვროს მტკიცების საგანი, ე.ი. იმ გარემოებათა წრე, რომელთა დადგენის გარეშე შეუძლებელია საქმის სწორად გადაწყვეტა. მხარეთა მიერ მითითებული გარემოებებით, სასამართლო ამ შემთხვევაში შებოჭილი არ არის; ბ) თვითონ თავისი ინიციატივით გამოითხოვოს არა მარტო ის მტკიცებულებები, რომლებზეც მიუთითებენ მხარეები, არამედ რომლებზეც მხარეები არ მიუთითებენ, მაგრამ რომლებსაც აქვთ მნიშვნელობა მტკიცების საგანში შემავალ დასადგენ გარემოებათა დასადასტურებლად.
მოცემულ დავაში სადავოა, აქვს თუ არა ლ--------------–---–ს კარგი ანაზღაურება და, რამდენად შესწევს ჯანმრთელობის მდგომარებიდან გამომდინარე იხადოს მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ალიმენტი ოდენობა. ასევე, დასაქმებულია თუ არა ქ---------------–--ე და ხელფასის სახით იღებს თუ არა 250 ლარს.
ის გარემოება, რომ ლ--------------–---–ს აქვს კარგი ანაზღაურება წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება; შემოსავლების სამსახურის ცნობით დგინდება, რომ ლ--------------–---–ს 2017 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის 21 თებერვლის ჩათვლით მიღებული შემოსავალი არ უფიქსირდება, თუმცა მოპასუხის წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ მის მარწმუნებელს აქვს პერიოდული სამუშაო, რაშიც ღებულობს შესაბამის გასამრჯელოსაც, რომელიც დაახლოებით შეადგენს თვეში 100 (ას) ლარს.
რაც შეეხება მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებას იმასთან დაკავშირებით, რომ ლ--------------–---–ს აქვს მხედველობის პრობლემები და ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე არ შეუძლია ფიზიკური შრომა, სასამართლოს მიაჩნია, რომ იგი საკმარის საფუძველს არ წარმოადგენს ალიმენტის გადახდისაგან გასანთავისუფლებლად, ვინაიდან საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები იძლევა დასკვნის იმგვარად გამოტანის შესაძლებლობას, რომ მოპასუხეს შესწევს უნარი, უზრუნველყოს თავისი არასრულწლოვანი შვილის რჩენა აუცილებელ მოთხოვნილებათა ფარგლებში.
ერთ-ერთი სადავო გარემოება რაზეც მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ეს არის, დასაქმებულია თუ არა ქ---------------–--ე და ღებულობს თუ არა ხელფასის სახით თვეში 250 ლარს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებას მოპასუხე მხარე ამტკიცებდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2018 წლის 25 აპრილის №04-13/3606 დასკვნის საფუძველზე, სადაც ქ---------------–--ემ მიუთითა, რომ მისი ხელფასი შეადგენდა 250 ლარს. თუმცა, მოსარჩელემ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, იგი დღეის მდგომარეობით აღნიშნული შემოსავალს აღარ ღებულობდა.
სასამართლო განმარტავს, რომ ალიმენტის თავისებურებიდან გამომდინარე, ორივე მშობელია ვალდებული უზრუნველყოს თავიანთი არასრულწლოვანი შვილი ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, შესაბამისად, ერთ-ერთი მშობლის შემოსავალი მეორე მშობლის ვალდებულებისაგან განთავისუფლებას საფუძვლად ვერ დაედება - უზრუნველყოს შვილის მატერიალური გარემო აუცილებელი მოთხოვნილების ფარგლებში, თუ მას აქვს ამის პოტენციალი.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, ამასთან, მხარეთა მატერიალურ მდგომარეობის გათვალისწინებით, გადასახდელი ალიმენტის ოდენობა არასრულწლოვანი შვილისათვის შეიძლება განისაზღვროს 100 (ასი) ლარი, სარჩელის აღძვრის მომენტიდან (2018 წლის 18 იანვრიდან) მის სრულწლოვანებამდე.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე, 1202-ე, 1212-ე, 1213-ე, 1214-ე, 1234-ე მუხლები;
ბავშვის უფლებათა კონვენცია.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება.
სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. ხოლო 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. ამავე კოდექსის 1213-ე მუხლის მიხედვით, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით. კანონის მოხმობილი ნორმებით გათვალისწინებული საალიმენტო სამართალურთიერთობებიდან გამომდინარე ბავშვს უჩნდება უფლება, მოითხოვოს უზრუნველყოფა საარსებო სახსრებით, ანუ ალიმენტის გადახდა, მშობლებს კი უჩნდებათ მოვალეობა უზრუნველყონ არასრულწლოვანი შვილი ამგვარი საშუალებებით.
ბავშვის უფლებათა კონვენციით, მშობელს (მშობლებს) ან ბავშვის აღმზრდელ სხვა პირებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა იმისათვის, რომ თავიანთი შესაძლებლობებისა და ფინანსური საშუალებების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. დადგენილია, რომ არასრულწლოვან გ-------–---------–---–ის მშობლები არიან ქ---------------–--ე და ლ--------------–---–ი. დადგენილია და სადავო არ არის ის გარემოება, რომ გ-------–---------–---–ი ცხოვრობს დედასთან და სჭირდება ზრუნვა და მატერიალური უზრუნველყოფა, რომლის ვალდებულება ორივე მშობელს თანაბრად ეკისრება. ამ თვალსაზრისით, მოპასუხის უპირობო ვალდებულებაა არჩინოს არასრულწლოვანი შვილი, შექმნას მისთვის ცხოვრების ნორმალური პირობები აღზრდისა და განვითარებისათვის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის თანახმად, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო.
კონკრეტულ შემთხვევაში, შვილისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობაზე მშობლები ვერ თანხმდებიან, ალიმენტის ოდენობა სადავოა. მოსარჩელე ითხოვს ალიმენტის დაკისრებას 250 ლარის ოდენობით, მოპასუხე კი თანახმაა გადაიხადოს ალიმენტი ყოველთვიურად 90 ლარი.
ბავშვის უფლებათა კონვენციის 27-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფოები ცნობენ ყოველი ბავშვის უფლებას, უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. ამავე კონვენციის 18-ე მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპების აღიარება. მშობლებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესი მათი ზრუნვის მთავარ საგანს წარმოადგენს. სასამართლო განმარტავს, რომ საკანონმდებლო რეგულაცია მშობლების საალიმენტო მოვალეობასთან დაკავშირებით ითვალისწინებს როგორც ნებაყოფლობით, ასევე იძულებით მექანიზმებს. ამასთან, ხსენებული ნორმების სამართლებრივი ანალიზი ცხადყოფს, რომ სასამართლოს მიერ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მოქმედებს გონივრული და სამართლიანი შეფასების სტანდარტი, რა დროსაც მხედველობაში უნდა იქნას მიღებული, როგორც ალიმენტის გადამხდელის, ისე მისი მიმღების მატერიალური და ოჯახური მდგომარეობა. ეს დებულება საალიმენტო სამართლებრივი ურთიერთობის ამოსავალი პრინციპია და მისი შინაარსი იმაში მდგომარეობს, რომ ალიმენტის გადახდა მძიმე ტვირთად არ უნდა დააწვეს ალიმენტის გადამხდელს და მისი ოჯახის სხვა წევრებს, არც აღზრდასა და რჩენას მოკლებული პირი უნდა დარჩეს დახმარების გარეშე.
გ-------–---------–---–ი არის არასრულწლოვანი, რომლის აღზრდაზე და განვითარებაზე ვალდებულება თანაბარწილად ეკისრებათ მშობლებს, მიუხედავად მატერიალური და სოციალური მდგომარეობისა, ეს მათი კანონისმიერი ვალდებულებაა.
საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ ზემოთ მითითებულ ნორმაში მოყვანილი მშობლის მატერიალური მდგომარეობა არ უნდა განიმარტოს იმგვარად, რომ ვალდებული პირის პირობების შეფასებისას სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს მხოლოდ მისი ფინანსური შესაძლებლობებით, არამედ მნიშვნელოვანია ასევე მისი პოტენციალიც, თუ რამდენად შრომისუნარიანია იგი და აქვს თუ არა შესაძლებლობა, უზრუნველყოს შვილის მატერიალური გარემო. კანონმდებელი არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი ხარჯების ზღვრულ ოდენობას არ ითვალისწინებს და შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ალიმენტის მოცულობა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები (ფაქტობრივად მიღებული (მისაღები) აქტივების გათვალისწინებით), სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა.
სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს საშუალებით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ამასთან, სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის დროს მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ობიექტური გარემოებების განსჯის და შეფასების სტანდარტი, შვილების ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამავე დროს, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება ის გარემოება, თუ რამდენს შეადგენს ალიმენტის გადამხდელის რეალური ქონებრივი მდგომარეობა. თუმცა, მხედველობაშია მისაღების ის გარემოებაც, რომ ამ ვალდებულების არსებობა უპირობო ხასიათს ატარებს, არ არის დამოკიდებული მხოლოდ მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე და იმის გამო, თუ შრომისუნარიან მშობელს არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისაგან. ამასთან, სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და ალიმენტი რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას. (სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული ალიმენტის გადახდა, რომელიც გამიზნულია სარჩენი პირის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნისათვის, უნდა იყოს აღსრულებადი).
ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. შესაბამისად, მოპასუხისათვის დასაკისრებელი ალიმენტის ოდენობა უნდა იყოს გონივრულ შესაბამისობაში, როგორც არასრულწლოვანი გ-------–---------–---–ის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნებთან, ისე თავად ლ--------------–---–ის კეთილდღეობის ინტერესებთან, იმ თვალსაზრისით, რომ ერთი უფლების დაცვის ხარჯზე დაუშვებელია გაუმართლებლად შეიზღუდოს სხვა დანარჩენის უფლება.
ქ---------------–--ე სარჩელით ითხოვს ალიმენტის დაკისრებას 250 ლარს, თუმცა საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, არასრულწლოვანი ბავშვის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, ასევე ლ--------------–---–ის ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით, ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა, რომელიც უნდა დაეკისროს მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილის - გ-------–---------–---–ის სასარგებლოდ, იქნება თვეში - 100 ლარი. აღნიშნულიდან გამომდინარე, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და ლ--------------–---–ს არასრულწლოვანი - გ-------–---------–---–ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სარჩელის აღძვრის მომენტიდან (2018 წლის 18 იანვრიდან) ალიმენტის სახით ყოველთვიურად 100 ლარის გადახდა, ბავშვის სრულწლოვანების მიღწევამდე ან სხვა გარემოებების შეცვლამდე. სასამართლო ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში იღებს სახელმწიფოში არსებულ საარსებო მინიმუმის ოდენობას (იხ. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები www.geostat.ge , გამოხმობის თარიღი 04.07.2018წ.). სახელმწიფოში საარსებო მინიმუმის ოდენობა საშუალო მომხმარებლისათვის შეადგენდა 2018 წლის იანვრის თვეში - 155 ლარს, თებერვლის თვეში - 155.3 ლარს, მარტი თვეში - 156,7 ლარს, აპრილის თვეში -156,7 ლარს, მაისის თვეში - 157,5 ლარს, ივნისის თვეში - 153,2 ლარს.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%, მაგრამ არა ნაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, დავის საგნის ფასი ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელისა განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლებიან მოსარჩელეები ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე. შესაბამისად, მოსარჩელე ქ---------------–--ე ალიმენტთან დაკავშირებით სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებით განთავისუფლდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
ამავე კოდექსის 49.2 მუხლის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ხოლო 49.3 მუხლის მიხედვით, თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.
მოპასუხემ მთავარ სხდომამდე სარჩელი ცნო ნაწილობრივ და თანხმობა განაცხადა გადაიხადოს ალიმენტი 90 ლარი. ამიტომ, დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულობისა და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ, მას ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა გადახდეს სახელმწიფო ბაჟი - 2 ლარი.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 41-ე, 46-ე, 49-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. ქ---------------–--ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. ლ--------------–---–ს (პირადი №-----------) დაეკისროს არასრულწლოვანი შვილის, გ-------–---------–---–ის (პირადი №-----------, დაბადებული 2015 წლის 3 მაისს), სასარგებლოდ ალიმენტის გადახდა, ყოველთვიურად 100 (ასი) ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან (2018 წლის 18 იანვრიდან) ბავშვის სრულწლოვანების მიღწევამდე ან სხვა გარემოებების შეცვლამდე;
3. მოპასუხე ლ--------------–---–ს (პირადი №-----------) დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის, 2 (ორი) ლარის გადახდა;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი 7ა), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეებზე ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გორის რაიონული სასამართლოს (ქ. გორი, ს. ჯორბენაძის ქუჩა N30) მეშვეობით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს გორის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე: ვალერიანე ფილიშვილი