გადაწყვეტილება

სამოქალაქო 02.08.2018
საქმის ნომერი
130210018002449262
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
02.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

130210018002449262

2-546-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

17 ივლისი, 2018 წელი ქ. ხ-–-----

ხ-–-----ს რაიონული სასამართლო

მოსამართლე ზაზა რამიშვილი

სხდომის მდივანი თეა გობეჯიშვილი

მოსარჩელე - დ------------ძე

წარმომადგენელი - მ-------ხი

მოპასუხე - შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ჩი-----------------------------------------------------------------------------------''

წარმომადგენლები - ო-–---------–-------------------ძე

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

მოპასუხეს დაეკისროს დ------------ძის სასარგებლოდ 38 232 ლარის და 14 თეთრის გადახდა (2018 წლის 17 ივლისის სხდომის ოქმი:15:48:20-15:49:35; 15:50:10-15:54:00); სასარჩელო მოთხოვნა ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: ,,ჩი------------------------------------------------------------------–---–--' სარკინიგზო გვირაბს აშენებს ხ-–-----ს მუნიციპალიტეტის სოფელ ქ--–----–ი, სადაც მოსარჩელე ცხოვრობს. სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის დროს განხორციელებულმა მრავალჯერადმა აფეთქებებმა გამოიწვია მის საკუთრებაში არსებული ორი შენობის (სახლის) დაზიანება; სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 20 იანვრის დასკვნის მიხედვით, მოსარჩელის ორსართულიანი საცხოვრებელი სახლის დაზიანება გამოწვეულია სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის პროცესში განხორციელებული მრავალჯერადი აფეთქებებით წარმოქმნილი დინამიური დატვირთვებით და ასევე - ასაკობრივი ცვეთით, მისი შემდგომი ექსპლუატაცია საფრთხის შემცველია და საცხოვრებლად დროებით უვარგისია; ერთსართულიანი საცხოვრებელი სახლის დაზიანება გამოწვეულია მშენებლობის დაბალი ხარისხით, სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის პროცესში განხორციელებული მრავალჯერადი აფეთქებებით წარმოქმნილი დინამიური დატვირთვებით და ტექნიკური მოუვლელობით, შენობის შემდგომი ექსპლუატაცია ამ ეტაპზე საფრთხის შემცველი არ არის. ორივე შენობა საჭიროებს აღდგენა-გაძლიერებით სამუშაოებს; მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხის მოქმედებით მიყენებული ზიანია 38 232 ლარი და 14 თეთრი, - ინდივიდუალური მეწარმე ზვიად გოგოლაძის მიერ შედგენილი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მიხედვით, მოსარჩელის შენობების რეაბილიტაციისათვის საჭირო თანხა.

2.1. მოპასუხის პოზიცია მოპასუხე შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ჩ-------------------------------------------'' სარჩელს არ ცნობს შემდეგ გარემოებებზე მითითებით: მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა დაუსაბუთებელია, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში ასახული ხარჯები არ გამომდინარეობს ექსპერტიზის დასკვნიდან.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მოსარჩელის საკუთრების უფლებაა დარეგისტრირებული ხ-–-----ს მუნიციპალიტეტის სოფელ ქ--–----–ი მდებარე უძრავ ნივთზე - 408 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე, სადაც ორი შენობა-ნაგებობაა - 151,70 კვ.მ. ფართის - საცხოვრებელი და 54,20 კვ.მ. ფართის - დამხმარე; საკადასტრო კოდი - 69 06 62 167 (იხ. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, საკადასტრო გეგმა. ს.ფ.15-17);

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მოსარჩელის კუთვნილი შენობა-ნაგებობები დაზიანებულია და ის გამოწვეულია მოპასუხის მიერ განხორციელებული აფეთქებითი სამუშაოებით.

მოსარჩელემ წარმოადგინა საჯარო სამართლის იურიდიული პირის ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის დასკვნა (ს.ფ.19-42), რომლის თანახმად, დ------------ძის ორსართულიანი სახლის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია, შენობაზე არსებული დაზიანებები გამოწვეულია სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის პროცესში განხორციელებული მრავალჯერადი აფეთქებებით წარმოქმნილი დინამიური დატვირთვებით და ასევე - ასაკობრივი ცვეთით. შენობის შემდგომი ექსპლუატაცია საფრთხის შემცველია და საცხოვრებლად დროებით უვარგისია, შემდგომი ექსპლუატაციისათვის საჭიროა აღდგენა-გაძლიერებითი სამუშაოების ჩატარება;

ერთსართულიანი საცხოვრებელი სახლის ტექნიკური მდგომარეობაც არადამაკმაყოფილებელია, შენობაზე არსებული დაზიანებები გამოწვეულია სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის პროცესში განხორციელებული მრავალჯერადი აფეთქებებით წარმოქმნილი დინამიური დატვირთვებით და ტექნიკური მოუვლელობით. შენობის შემდგომი ექსპლუატაცია ამ ეტაპზე საფრთხის შემცველი არ არის, თუმცა, ხანგრძლივი ექსპლუატაციისათვის, საჭიროა აღდგენა-გაძლიერებითი სამუშაოების ჩატარება;

3.2.2. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მიხედვით, უძრავი ნივთის დაზიანებით მიღებულმა ზიანმა შეადგინა 38 232 ლარის და 14 თეთრი;

მოსარჩელე მხარემ ვერ დაამტკიცა, რომ მისთვის მიყენებული ზიანი გამოწვეულია მხოლოდ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ჩ-------------------------------------------ს მუდმივმოქმედ ფილიალის'' მიერ ნაწარმოები სამშენებლო სამუშაოებისას განხორციელებული აფეთქებებით. მის მიერ წარმოდგენილი, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნაში მითითებულია, მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ორსართულიანი საცხოვრებელი სახლის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია, დაზიანებები გამოწვეულია სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის პროცესში განხორციელებული მრავალჯერადი აფეთქებებით წარმოქმნილი დინამიური დატვირთვებით და ასევე - ასაკობრივი ცვეთით;

ერთსართულიანი საცხოვრებელი სახლის დაზიანება გამოწვეულია მშენებლობის დაბალი ხარისხით, სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის პროცესში განხორციელებული მრავალჯერადი აფეთქებებით წარმოქმნილი დინამიური დატვირთვებით და ტექნიკური მოუვლელობით;

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა ვინაიდან, მოპასუხე მხარის ბრალეულობა მოსარჩელისათვის ზიანის მიყენებაში არის ნაწილობრივი, შესაბამისად, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციით განსაზღვრული ზიანის ოდენობა სრულად მოპასუხე მხარეს არ უნდა გადახდეს, რის გამოც სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ - მოპასუხეს უნდა გადახდეს მოსარჩელის სასარგებლოდ 20 000 ლარი.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე, 316-ე, 317-ე, 361-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი

6. სამართლებრივი შეფასება

 

სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების დასაბუთება 6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის მიხედვით, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს დელიქტური ვალდებულება. ამგვარი ვალდებულება არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ზიანის მიყენების შედეგად წარმოიშობა. აღნიშნული ნორმა განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც აუცილებელია დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა დადგინდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციასთან. აქედან თუნდაც ერთ-ერთი ელემენტის არარსებობა გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას; საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მოსარჩელის შენობა-ნაგებობები დაზიანებულია მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული მიზეზებით; საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მიხედვით, მიყენებული ზიანის ოდენობამ შეადგინა 38 232 ლარი და 14 თეთრი, ამასთან, სასამართლო მხედველობაში იღებს, რომ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის მიხედვით, მოსარჩელის ორსართულიანი საცხოვრებელი სახლის დაზიანება გამოწვეულია სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის პროცესში განხორციელებული მრავალჯერადი აფეთქებებით წარმოქმნილი დინამიური დატვირთვების გარდა - ასევე - ასაკობრივი ცვეთით, მისი შემდგომი ექსპლუატაცია საფრთხის შემცველია და საცხოვრებლად დროებით უვარგისია; ერთსართულიანი საცხოვრებელი სახლის დაზიანებაც გამოწვეულია რამდენიმე მიზეზით - მშენებლობის დაბალი ხარისხით, სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის პროცესში განხორციელებული მრავალჯერადი აფეთქებებით წარმოქმნილი დინამიური დატვირთვებით და ტექნიკური მოუვლელობით; დადგენილია ასევე, რომ ორივე შენობა საჭიროებს აღდგენა-გაძლიერებით სამუშაოებს; მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ზიანის ასანაზღაურებელი თანხის ოდენობა არათანაზომიერია მოპასუხის მიერ გამოწვეულ ზიანთან და იგი უნდა შემცირდეს გონივრულ ოდენობამდე; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს; ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით; საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით; მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მიხედვით, დ------------ძის შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციისათვის საჭიროა 38 232 ლარის და 14 თეთრის ღირებულების სამუშაოების ჩატარება. მოპასუხეს, საერთოდ გამორიცხავს რა თავის ბრალს მოსარჩელის ნივთების დაზიანებაში, ამ დოკუმენტის საწინააღმდეგო მტკიცებულება არ წარმოუდგენია; მოპასუხემ, საჯარო სამართლის იურიდიული პირის ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის საწინააღმდეგოდ, წარმოადგინა კომპანია ,,ექსორიქსის“ მიერ გაცემული დასკვნა და აღნიშნა, რომ ამ დასკვნით, გამოირიცხება მოპასუხის ბრალი მოსარჩელის ნივთების დაზიანებაში, - სხვა გარემოებებთან ერთად, ,,ექსორიქსის“ დასკვნაში აღნიშნულია, რომ დ------------ძის სახლის დაზიანებები არ არის გამოწვეული სარკინიგზო გვირაბის აღმოსავლეთ პორტალში წარმოებული აფეთქებითი სამუშაოების შედეგად; ,,ექსორიქსის“ დასკვნის მითითება, რომ დახრილი მანძილი გვირაბის ღერძის უახლოეს წერტილსა და საცხოვრებელ სახლს შორის 114 მეტრია, ხოლო ჰორიზონტალური მანძილი 467 მეტრი - ზემოქმედების ზონის უახლოესი წერტილიდან სახლამდე, ვერ აქარწყლებს კონკრეტული შენობა-ნაგებობების დათვალიერების და დაზიანებების შესწავლის საფუძველზე შედგენილ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ცალსახა დასკვნას დაზიანების მიზეზების შესახებ; აღნიშნული მტკიცებულებების შეფასებისას, სასამართლო მხედველობაში იღებს, რომ მხოლოდ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნაა შედგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით, - ექსპერტს განმარტებული აქვს ამ კოდექსის 168-ე მუხლით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობები, გაფრთხილებულია შეგნებულად ყალბი დასკვნის მიცემისათვის სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის შესახებ, ,,ექსორიქსის“ დასკვნაში, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი დასკვნისაგან განსხვავებით, მოხსენებულია დ------------ძის მხოლოდ ერთი შენობა-ნაგებობა; აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო იზიარებს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნას მოსარჩელის შენობა-ნაგებობების დაზიანების მიზეზების და ექსპლუატაციისათვის აღდგენა-გაძლიერებითი სამუშაოების საჭიროების შესახებ, - მიუთითებს რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 172-ე და 105-ე მუხლებზე, რომელთა თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ექსპერტის დასკვნა სასამართლოსათვის სავალდებულო არ არის და მისი შეფასება ხდება 105-ე მუხლით დადგენილი წესით, მაგრამ სასამართლოს უარი დასკვნის მიღებაზე დასაბუთებულ უნდა იქნეს საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებაში ან განჩინებაში; ამდენად, დადგენილია რა, რომ მოსარჩელის შენობა-ნაგებობები დაზიანებულია, საჭიროებს აღდგენა-გაძლიერებით სამუშაოებს, დაზიანება გამოწვეულია, სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის პროცესში განხორციელებული მრავალჯერადი აფეთქებებით წარმოქმნილი დინამიური დატვირთვებით, ასევე - ასაკობრივი ცვეთით, მშენებლობის დაბალი ხარისხით და ტექნიკური მოუვლელობით, სასამართლოს მიაჩნია, მოპასუხეს ეკისრება პასუხისმგებლობა მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანისათვის. ამასთან, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ზიანის ასანაზღაურებელი თანხის ოდენობა არათანაზომიერია მოპასუხის მიერ გამოწვეულ ზიანთან და იგი უნდა შემცირდეს გონივრულ ოდენობამდე, თანხის ოდენობის განსაზღვრისას, სასამართლო, აღნიშნული გარემოებების გარდა, მხედველობაში იღებს, რომ ორსართულიანი შენობა-ნაგებობა საცხოვრებლად დროებით უვარგისია, მისი ექსპლუატაცია საფრთხის შემცველია, ერთსართულიანის ექსპლუატაცია საფრთხეს არ შეიცავს, თუმცა, შემდგომი ხანგრძლივი ექსპლუატაციისათვის, ორივე საჭიროებს აღდგენა-გაძლიერებით სამუშაოებს; აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოპასუხე შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფს'' მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 20 000 (ოცი ათასი) ლარის გადახდა.

7. საპროცესო ხარჯები

7.1. მოსარჩელეს გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 1201 ლარი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. მოსარჩელეს გადახდილი აქვს: სახელმწიფო ბაჟი - 1201 ლარი (ს.ფ.66), წარმომადგენლის დახმარებისათვის - 400 ლარი (ს.ფ.61-65); ექსპერტიზის ხარჯი - 700 ლარი (ს.ფ.44); საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენისათვის - 700 ლარი (ს.ფ.60); მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მოითხოვდა მოპასუხისათვის 38 232,14 ლარის დაკისრებას. სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფს'' მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 20 000 (ოცი ათასი) ლარის (მოთხოვნილის 52,31%) გადახდა. შესაბამისად, მოპასუხე შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფს'' უნდა დაეკისროს დაკმაყოფილებული თანხის პროპორციულად, 628,24 ლარის გადახდა, - მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხის, 1201 ლარის ნაწილი, ასევე - ექსპერტიზის ხარჯების 700 ლარის ნაწილი - 366,17 ლარი, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენისათვის გაწეული ხარჯის 700 ლარის ნაწილი - 366,17 ლარი, წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის 400 ლარის ნაწილი - 200 ლარი;

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-წ, 249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფს'' დ------------ძის სასარგებლოდ გადახდეს 20 000 (ოცი ათასი) ლარი;

2. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფს'' დ------------ძის სასარგებლოდ გადახდეს მის მიერ გაღებული სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 628 (ექვსას ოცდარვა) ლარი და 24 (ოცდაოთხი) თეთრი, წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ნაწილი - 200 (ორასი) ლარი, ექსპერტიზის ჩატარების ხარჯის ნაწილი - 366 (სამას სამოცდაექვსი) ლარი და 17 (ჩვიდმეტი) თეთრი, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენისათვის გაწეული ხარჯის ნაწილი - 366 (სამას სამოცდაექვსი) ლარი და 17 (ჩვიდმეტი) თეთრი;

3. გადაწყვეტილების სააპელაციო გასაჩივრება შეიძლება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში - ხ-–-----ს რაიონული სასამართლოს მეშვეობით, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით;

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, ვალდებულია გამოცხადდეს ხ-–-----ს რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი, წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ზაზა რამიშვილი