გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
08021001800243182-
საქმე №2/1501-2018
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
20.07.2018 წელი ქ. ქუთაისი
შესავალი ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - დარინა აბულაძე
სხდომის მდივანი - გიორგი ესაძე
მოსარჩელე - ვ-------------ე;
ადვოკატი - ხ-----------ე;
მოპასუხე - ი-----–-------–---–ი;
წარმომადგენელი - ნ--------------ი;
დავის საგანი - წარსული და მომავალი დროისათვის ალიმენტის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ი-----–-------–---–ს არასრულწლოვანი შვილის - მ------------–---–ს სასარგებლოდ დაეკისროს ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 150 ლარის ოდენობით;
1.2. ი-----–-------–---–ს არასრულწლოვანი შვილის - მ------------–---–ს სასარგებლოდ დაეკისროს წარსული დროის გადაუხდელი სარჩო ალიმენტის სახით სამი წლის ფარგლებში ყოველთვიურად გადასახდელი თანხის 150 ლარის გაანგარიშებით 5400 ლარის ოდენობით.
სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2010 წლიდან არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ი-----–-------–---–თან, თანაცხოვრების პერიოდში 2011 წლის 9 თებერვალს შეეძინათ შვილი მ------------–---–ი. მეორე ქორწინებიდან ყავს 3 მცირეწლოვანი შვილი. არის სოციალურად დაუცველი, არ აქვს სამსახური და შემოსავალი. მ------------–---–ი სწავლობს ქუთაისის #2--ე საჯარო სკოლაში. ხარისხიანი განათლების მისაღებად ესაჭიროება კონკრეტული თანხა ყოველთვიურად. მამა მატერიალურ დახმარებას არ უწევს შვილს, მის აღზრდა, განათლებაში და რჩენაში არ იღებს მონაწილეობას. მოპასუხე ი-----–-------–---–ი დასაქმებულია დროებით სამუშაოებზე, აქვს ხელფასი, მეურნეობა. (იხ. სარჩელი).
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. ი-----–-------–---–მა შესაგებლით სარჩელი ნაწილობრივ ცნო, განმარტა რომ თანახმა არის, შვილის მ------------–---–ის სასარგებლოდ ალიმენტის სახით ყოველთვიურად გადაიხადოს 35 ლარი, რაც შეეხება წარსული დროის ალიმენტის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში სარჩელი საერთოდ არ ცნო. (იხ. შესაგებელი).
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ვ-------------ეს და ი-----–-------–---–ს თანაცხოვრების პერიოდში 2011 წლის 09 თებერვალს შეეძინათ შვილი -მ------------–---–ი;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-დაბადების მოწმობა #6----------.
3.1.2. ვ-------------ე და ი-----–-------–---–ი 2013 წლიდან ერთად აღარ ცხოვრობენ და არ ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.3. ვ-------------ეს შექმნილი აქვს ახალი ოჯახი და არასრულწლოვან შვილთან მ------------–---–თან, 3 მცირეწლოვან შვილთან, მეუღლესთან და მეუღლის მშობლებთან ერთად ცხოვრობს; ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-მხარეთა ახსნა-განმარტება;
-ამონაწერი, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზიდან.
3.1.4. ი-----–-------–---–ი ცხოვრობს დედასთან ერთად. ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-მხარეთა ახსნა-განმარტება;
-ამონაწერი, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზიდან.
3.1.5. ვ-------------ე და ი-----–-------–---–ი არ მუშაობენ და შემოსავალი არ გააჩნიათ. მოსარჩელე ვ-------------ეს საერთო შვილის მ------------–---–ის გარდა, ყავს სამი შვილი რომლებიც ცხოვრობს და იზრდება მასთან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მტკიცებას წარსული დროის ალიმენტი დაკისრების მოთხოვნის ნაწილში და მიიჩნევს, რომ ვ-------------ის მიერ წარსული დროის ალიმენტის მოთხოვნისა და მოპასუხის პირის მიერ ვალდებულების ნებაყოფლობით შესრულებაზე თავის არიდების ფაქტები არ დასტურდება. ამდენად, ნორმის (1234.2 მუხლი) მაკვალიფიცირებელი გარემოების მტკიცების ტვირთი ეკისრებოდა მოსარჩელეს, რაც საქმის მასალებით არ დადასტურდა. მარტოდენ მოსარჩელის ახსნა-განმარტება, რომელიც სადავოდ გახადა მოპასუხემ ამ ფაქტის სამტკიცებლად საკმარისი არ არის. მოსარჩელე მხარემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ი-----–-------–---–ს თხოვდა ალიმენტის თანხას, სწავლის საფასურის გახდის მიზნით, ი-----–-------–---–ი შვილის სწავლის საფასურს იხდიდა ჩხუბის და კამათის შემდეგ.
სასამართლო განმარტავს, რომ ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. ნორმის მაკვალიფიცირებელი გარემოების მტკიცების ტვირთი ეკისრებოდა მოსარჩელეს, რომელსაც უნდა დაედასტურებინა, რომ მან კონკრეტული ხასიათის ზომები გაატარა წარსულში სარჩოს მისაღებად. ამგვარ მტკიცებულებებზე მოსარჩელეს არ მიუთითებია, ხოლო მარტოდენ მოსარჩელის ახსნა-განმარტება, რომელიც სადავოდ გახადა მოპასუხემ, ამ ფაქტის სამტკიცებლად საკმარისი არ არის.
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის პოზიციას, მასზედ, რომ ი-----–-------–---–ს გააჩნია შესაძლებლობა შვილის სასარგებლოდ იხადოს ალიმენტი ყოველთვიურად - 150 ლარის ოდენობით და ყოველთვიურად დასაკისრებელ ალიმენტის გონივრულ ოდენობად მიიჩნევს - 100 ლარს შვილის სასარგებლოდ, რაც შეესაბამება კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ ეწინააღმდეგებოდა გონივრულობისა და სამართლიანობის პრინციპებს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1.. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ უნდა გადახდეს ალიმენტი ყოველთვიურად - 100 ლარის ოდენობით 2018 წლის 04 მაისიდან მის სრულწლოვანებამდე.
4.2. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები არ შეესაბამებიან წარსული დროის ალიმენტის დაკისრების ნაწილში, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს, რის გამოც ამ ნაწილში სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე, 1202-ე, 1212-1213-ე, 1214-ე, 1234-ე მუხლები; ბავშვის უფლებათა კონვენცია;
6. სამართლებრივი შეფასება;
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება.
სს კოდექსის 1202-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ.
სსკ 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. ამავე კოდექსის 1213-ე მუხლების მიხედვით, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.
კანონის მოხმობილი ნორმებით გათვალისწინებული საალიმენტო სამართალურთიერთობებიდან გამომდინარე ბავშვს უჩნდება უფლება, მოითხოვოს უზრუნველყოფა საარსებო სახსრებით, ანუ ალიმენტის გადახდა, მშობლებს კი უჩნდებათ მოვალეობა უზრუნველყონ არასრულწლოვანი შვილი ამგვარი საშუალებებით.
6.2. ბავშვთა უფლებების კონვენციით, მშობელს (მშობლებს) ან ბავშვის აღმზრდელ სხვა პირებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა იმისათვის, რომ თავიანთი შესაძლებლობებისა და ფინანსური საშუალებების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის თანახმად, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო.
გადასახდელი ალიმენტის ოდენობაზე მშობლები ვერ თანხმდებიან. მოპასუხე შესაგებელში აცხადებს, რომ თანახმა არის ალიმენტის სახით გადაიხადოს 35 ლარი, სასამართლო სხდომაზე მორიგების პირობების შეთავაზებისას თანხმობა გამოხატა ალიმენტის სახით ყოველთვიურად გადაეხადა 50 ლარი.
დადგენილია, რომ მხარეები ერთად აღარ ცხოვრობენ და აღარ ეწევიან საერთო საოჯახო მეურნეობას. არასრულწლოვანი მ------------–---–ი ფაქტობრივად ცხოვრობს დედასთან, ვ-------------ესთან ერთად. მხარეები არ მუშაობენ და სტაბილური შემოსავალი არ გააჩნიათ, როგორც მოსარჩელე ასევე მოპასუხის ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველთა ოჯახების მონაცემთა ერთაინ ბაზაში. სადავო არ არის ის გარემოებაც, რომ ბავშვს სჭირდება ზრუნვა და მატერიალური უზრუნველყოფა, რომლის ვალდებულება თანაბრად ეკისრება ორივე მშობელს. ამ თვალსაზრისით, მოპასუხის უპირობო ვალდებულებაა არჩინოს მცირეწლოვანი შვილი, შექმნას მისთვის ცხოვრების ნორმალური პირობები აღზრდისა და განვითარებისათვის.
6.3. ბავშვის უფლებათა კონვენციის 27-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფოები ცნობენ ყოველი ბავშვის უფლებას, უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის.
კონვენციის 18-ე მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპების აღიარება. მშობლებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესი წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს. მშობლის პასუხისმგებლობის შესახებ ევრო საბჭოს წევრი სახელმწიფოების მინისტრთა კომიტეტის R (84) 4 რეკომენდაციის მე-2 პრინციპის მიხედვით, უფლებამოსილი ორგანოს ნებისმიერი გადაწყვეტილება მშობლის პასუხისმგებლობის განსაზღვრასთან ან ამ პასუხისმგებლობის განხორციელების გზებთან დაკავშირებით უპირველესად უნდა ეფუძნებოდეს ბავშვის ინტერესებს. ამავე რეკომენდაციის პირველი პრინციპის თანახმად, მშობლის პასუხისმგებლობა არის ვალდებულებებისა და უფლებამოსილებების ერთიანობა რომელიც მოწოდებულია უზრუნველყოს ბავშვის მორალური და მატერიალური კეთილდღეობა, კერძოდ, ბავშვის მოვლა, ბავშვთან პირადი ურთიერთობების შენარჩუნება, და მისი უზრუნველყოფა განათლებით, რჩენისათვის საჭირო სახსრებით, ოფიციალური წარმომადგენლობით და მისი ქონების ადმინისტრირებით.
6.4. სასამართლო განმარტავს, რომ საკანონმდებლო რეგულაცია მშობლების საალიმენტო მოვალეობასთან დაკავშირებით ითვალისწინებს როგორც ნებაყოფლობით, ასევე იძულებით მექანიზმებს. იძულებითი მექანიზმის დაწესების მიზანია ის გარემოება, რომ არასრულწლოვანი, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო, საჭიროებს განსაკუთრებულ დაცვასა და მზრუნველობას. არასრულწლოვანის აღზრდა და მის კეთილდღეობაზე ზრუნვა უპირველესად მშობლების ვალდებულებას წარმოადგენს. ეს ვალდებულება გულისხმობს არასრულწლოვანისათვის ცხოვრების ისეთი პირობების შექმნას, რომელიც შეესაბამება მის საუკეთესო ინტერესებს. არასრულწლოვანთან მიმართებით ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტისას ამოსავალი წერტილი არის მისი საუკეთესო ინტერესები. ალიმენტის ოდენობის დადგენისას არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესები უნდა განისაზღვროს მისი ფიზიკური, სოციალური, გონებრივი, ემოციური და სულიერი მოთხოვნებიდან გამომდინარე. არასრულწლოვანის აღზრდის, მისი განვითარებისა და საზოგადოებაში წარმატებული ადაპტაციისათვის აუცილებელია არა მხოლოდ მისი ყოველდღიური საარსებო მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, არამედ არასრულწლოვანის უზრუნველყოფა იმ სახსრებით, რომელიც მას მისცემს განათლების მიღების, ემოციური და სულიერი სამყაროს განვითარების შესაძლებლობას, სხვადასხვა სოციალურ, სპორტულ, კულტურულ, საგანმანათლებლო, რელიგიურ თუ გასართობ აქტივობებში მონაწილეობის გზით.
6.5. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მოქმედებს გონივრული და სამართლიანი შეფასების სტანდარტი, რა დროსაც მხედველობაში უნდა იქნას მიღებული, როგორც ალიმენტის გადამხდელის, ისე მისი მიმღების მატერიალური და ოჯახური მდგომარეობა. ეს დებულება საალიმენტო სამართლებრივი ურთიერთობის ამოსავალი პრინციპია და მისი შინაარსი იმაში მდგომარეობს, რომ ალიმენტის გადახდა მძიმე ტვირთად არ უნდა დააწვეს ალიმენტის გადამხდელს და მისი ოჯახის სხვა წევრებს, არც აღზრდასა და რჩენას მოკლებული პირი უნდა დარჩეს სამართლებრივი დახმარების გარეშე.
ბავშვი არის არასრულწლოვანი, რომლის აღზრდაზე და განვითარებაზე ვალდებულება თანაბარწილად ეკისრებათ მშობლებს, მიუხედავად მატერიალური და სოციალური მდგომარეობისა, ეს მათი კანონისმიერი ვალდებულებაა.
საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ მშობლის მატერიალური მდგომარეობა არ უნდა განიმარტოს იმგვარად, რომ ვალდებული პირის პირობების შეფასებისას სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს მხოლოდ მისი ფინანსური შესაძლებლობებით, არამედ მნიშვნელოვანია ასევე მისი პოტენციალიც, თუ რამდენად შრომისუნარიანია იგი და აქვს თუ არა შესაძლებლობა, უზრუნველყოს შვილის მატერიალური გარემო. მხედველობაშია მისაღების ის გარემოებაც, რომ ამ ვალდებულების არსებობა უპირობო ხასიათს ატარებს, არ არის დამოკიდებული მხოლოდ მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე;
კანონმდებელი არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი ხარჯების ზღვრულ ოდენობას არ ითვალისწინებს და შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ალიმენტის მოცულობა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები (ფაქტობრივად მიღებული (მისაღები) აქტივების გათვალისწინებით), სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს საშუალებით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან.
სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში.
ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის დროს მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ობიექტური გარემოებების განსჯის და შეფასების სტანდარტი, შვილების ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამავე დროს, ის გარემოებაც, თუ რამდენად სტაბილური და მყარია ალიმენტის გადამხდელის რეალური ქონებრივი მდგომარეობა.
სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და ალიმენტი რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას (სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული ალიმენტის გადახდა, რომელიც გამიზნულია სარჩენი პირის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნისათვის, უნდა იყოს აღსრულებადი, რომ მას რეალური შედეგი მოჰყვეს).
ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაშია მისაღები, სახელმწიფოში არსებულ საარსებო მინიმუმის ოდენობაც (საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები (http://www.geostat.ge/?action=page&p_id=178&lang=geo), რაც საშუალო მომხმარებლისათვის შეადგენდა 2018 წლის ივნისის თვისათვის - 173.0 ლარს.
მშობლების უფლება-მოვალეობათა, ასევე მათი ინტერესების დაბალანსებისას, აღსანიშნავია ასევე ის გარემოებაც, რომ მშობელი, რომელთანაც არ ცხოვრობს ბავშვი, ალიმენტის დაკისრებისას იტვირთება მხოლოდ ფულადი ვალდებულებით, განსხვავებით მშობლისაგან, რომელთანაც ცხოვროს ბავშვი. ამიტომ, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ დაკისრებული ალიმენტის ოდენობა უნდა იყოს გონივრულ შესაბამისობაში ბავშვის რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნებთან. იმ მინიმალური საჭიროების გათვალისწინებით, რომელიც აუცილებელია, პირველ რიგში ბავშვის ჯანმრთელობის, კვების და სხვა საყოფაცხოვრებო პირობების შექმნისათვის. ამასთან, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ბავშვის აღზრდისათვის აუცილებელი საჭიროებანი.
მოსარჩელე ითხოვს ალიმენტის დაკისრებას 150 ლარის ოდენობით, თუმცა საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, არასრულწლოვანი ბავშვის რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა, რომელიც უნდა დაეკისროს მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ, იქნება თვეში - 100 ლარი.
სამართლებრივი შეფასება წარსული დროის ალიმენტის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში
6.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან. წარსული დროის ალიმენტი შეიძლება გადახდევინებულ იქნეს სამი წლის ფარგლებში, თუ სასამართლო დაადგენს, რომ სარჩელის წარდგენამდე მიღებული იყო ზომები სარჩოს მისაღებად, მაგრამ ალიმენტი არ იქნა მიღებული იმის გამო, რომ ვალდებული პირი თავს არიდებდა მის გადახდას.
ხსენებული ნორმის სამართლებრივი ანალიზი საფუძველს იძლევა დასკვნისათვის, რომ გასული დროისათვის ალიმენტის გადახდევინება, ჩვეულებრივ არ ხდება. ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, კანონმდებლობა წარსული დროის ალიმენტის გადახდევინებას ითვალისწინებს მხოლოდ ამისათვის სავალდებულო წინაპირობების დაცულობის შემთხვევაში. კერძოდ, უნდა დასტურდებოდეს, რომ სარჩოს მიღების მიზნით გარკვეული ზომები გატარდა მოსარჩელის მიერ და მას შედეგი არ მოჰყოლია. ანუ, აღნიშნული ნორმის გამოყენების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს სარჩელის წარდგენამდე სარჩოს მოთხოვნისა და ვალდებული პირის მიერ ვალდებულების ნებაყოფლობით შესრულებაზე თავის არიდების ფაქტები. ამ ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად მოსარჩელემ მიუთითა, რომ ი-----–-------–---–ს თხოვდა ალიმენტის თანხას, სწავლის საფასურის გახდის მიზნით, ი-----–-------–---–ი შვილის სწავლის საფასურს იხდიდა ჩხუბის და კამათის შემდეგ. მოცემულ შემთხვევაში, ვ-------------ის მხრიდან ალიმენტის მოთხოვნით მოპასუხისათვის მიმართვის დასადასტურებლად გარდა მისი ახსნა-განმარტებისა, სხვა მტკიცებულებები წარდგენილი არ არის, ხოლო მითითება იმაზე, რომ მოპასუხე თავს არიდებდა შვილის მოვლა პატრონობას საქმის მასალებით არ დასტურდება.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლებიან მხარეები, რომლებიც დადგენილი წესით რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებენ საარსებო შემწეობას, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით. აღნიშნული მუხლის საფუძველზე, მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 55-ე, 208-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. ვ-------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. ი-----–-------–---–ს- პ/ნ - 5----------, არასრულწლოვანი შვილის - მ------------–---–ის (დაბ: 09.02.2011წ.) სასარგებლოდ დაეკისროს ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად - 100 (ასი) ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან 2018 წლის 04 მაისიდან მის სრულწლოვანებამდე.
3. ვ-------------ეს უარი ეთქვას წარსული დროის ალიმენტის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
4. მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ.№32), მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს (ქ.ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე დარინა აბულაძე