გადაწყვეტილება

სამოქალაქო 26.07.2018
საქმის ნომერი
330210017002227672
კატეგორია
დავის ტიპი
ნარდობა
თარიღი
26.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/3-------

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

26 ივლისი, 2018 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თამარ ჩიხლაძე

სხდომის მდივანი ანი ნადარეიშვილი

მოსარჩელე - შპს „ს--- ი-----ი“

წარმომადგენელი - მი----–------------–---–ი, და----------–---–ი

მოპასუხე - შპს „ს--–---- დ----–--------ი“

წარმომადგენლები - ლი-------ა, ან------------ე

დავის საგანი- ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. შპს „ს--–---- დ----–--------ისათვის“ შპს „ს--- ი-----ის“ სასარგებლოდ 78 480.61 ლარის დაკისრება;

1.2. შპს „ს--–---- დ----–--------ისათვის“ შპს „ს--- ი-----ის“ სასარგებლოდ 34 688.42962 ლარის დაკისრება.

სარჩელი დაფუძნებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

 

20---–-–-----------------ს მხარეებს შორის გაფორმდა ნარდობის ხელშეკრულება N------------, რომლის მიხედვითაც მოსარჩელეს უნდა გაეწია კანალიზაციის ვერტი-კალური დგარების, მრიცხველებითა და სხვა დეტალებით, ცივი წყლის ცენტრალური დგარების მოწყობის და ცივი წყლის მიყვანითი სამუშაოები, რომლის ზუსტი მახასიათებლები უნდა განსაზღვრულიყო ხელშეკრულების დანართებით და დამატებითი შეთანხმებებით. აღნიშნულის საფუძველზე მენარდემ მიაწოდა შემკვეთს შეკვეთილი სამუშაოები, რომლის ღირებულებაც შეადგენს 78 480.61 ლარს.

ხელშეკრულების მიხედვით შემკვეთს უნდა გადაეხადა აღნიშნული ღირებულება, საბოლოო ღირებულება, მხარეთა შორის მიღება - ჩაბარების აქტისა და ფორმა 2-ის გაფორმებიდან 5 სამუშაო დღეში. ხელშეკრულების 4-1.1 მიხედვით ასევე განსაზღვრული იყო ავანსი, რომელიც მოპასუხეს უნდა გადაეხადა წინასწარ, თუმცა არ გადაუხდია. პარტნიორული ურთიერთობების შენარჩუნების მიზნით სამუშაოები დაიწყო, თუმცა, მოპასუხემ ბოროტად გამოიყენა მენარდის კეთილგანწყობა. მიღება-ჩაბარების აქტი და ფორმა 2 მხარეთა შორის გაფორმდა 20---–-–---------------ს, რომლითაც შემკვეთმა დაადასტურა და მიიღო შესრულებული სამუშაოები, ღირებუ-ლებით 78 480.61 ლარი, თუმცა, მოპასუხეს თანხა არ გადაუხდია.

 

20---–-–---------------ს მოპასუხეს გაეგზავნა ოფიციალური წერილობითი შეტყობინება, რომელიც ჩაბარდა 20---–-–---------------ს. მიმართვის მიხედვით, შპს „ს--- ი-----მა“ შპს „ს--–---- დ----–--------ს“ განუსაზღვრა დავალიანების გადახდის დამატებითი ვადა 20---–-–------------------ე.

 

მხარეთა შორის შესრულებულ სამუშაოებზე მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმდა 20---–-–---------------ს, ხელშეკრულების მიხედვით, შემკვეთი თანხას იხდიდა მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან ხუთი სამუშაო დღის ვადაში. სამუშაო დღეების გათვალისწინებით, აღნიშნული თანხა შემკვეთს უნდა გადაეხადა 20---–-–-----------------ს. რადგანაც 20---–-–-----------------დან, 20---–-–------------–-ს ჩათვლით ვადაგადაცილებულ დღეთა რაოდენობა შეადგენს 221 დღეს, შესაბამისად, პირგასამ-ტეხლოს რაოდენობა შემკვეთის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, გამოითვლება შემდეგნაირად: ვადაგადაცილებულ დღეთა რაოდენობა, 221 უნდა გამრავლდეს 78 780.61 ლარის 0.2%-ზე რომელიც შეადგენს 156.96122 ლარს და ჯამში, დღეების რაოდენობის ნამრავლით, დღიური პირგასა-მტეხლოს ოდენობაზე მიიღება 34 688.42962 ლარი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. წარმოდგენილი შესაგებელით მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მართალია მენარდემ შეასრულა სამუშაოები, თუმცა, მათ მიერ სამუშაოები შესრულებულია ხარვეზებით, რომლის გამოსწორებაც დაკავშირებულია დამატებით ხარჯებთან. შესაბამისად, ხარვეზების აღმოფხვრის შემდგომ მოხდება თანხის გადარიცხვა. გაფრთხილების წერილის მიღება დაადასტურა მხარემ, თუმცა, აღნიშნავს რომ მათ შორის მიმდინარეობდა არაერთი მოლაპარაკება, რომლის საფუძველზეც მათ მიერ უნდა მომხდარიყო დაშვებული ხარვეზის გამოსწორება, რაც არ მომხდარა. პირგასამტეხლოს ნაწილში მოპასუხე სარჩელს არ ცნობს ამასთან ითხოვს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის საფუძველზე მის შემცირებას.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 20---–-–-----------------ს შპს „ს--- ი-----ს“ და შპს „ს--–---- დ----–--------ს“ შორის გაფორმდა ნარდობის ხელშეკრულება N------------, ხელშეკრულების თანახმადაც მოსარჩელეს უნდა გაეწია კანალიზაციის ვერტიკალური დგარების, მრიცხველებითა და სხვა დეტალებით, ცივი წყლის ცენტრალური დგარების მოწყობის და ცივი წყლის მიყვანით სამუშაოები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა - განმარტება (სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი)

- ნარდობის ხელშეკრულება (ს.ფ. 15-22)

 

3.1.2. შპს „ს--- ი-----ს“ შპს „ს--–---- დ----–--------ი“-ს მიმართ შესრულებული აქვს სამუშაო 78 480.61 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა - განმარტება (სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი)

- მიღება - ჩაბარების აქტი (ს.ფ 25 – 31)

3.1.3. დავალიანების დაფარვის შესახებ წერილობითი შეტყობინება შპს „ს--–---- დ----–--------ს“ ჩაბარდა 20---–-–---------------ს, რომლის თანახმადაც ვალდებულების შესრულებისთვის განესაზღვრა დროს 20---–-–------------------ე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა - განმარტება (სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი)

- განცხადება, ჩაბარების დასტური (ს.ფ. 32-33)

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. შპს „ს--- ი-----ი“-ს მიერ შესრულებული სამუშაოები შეესაბამება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სტანდარტს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრები-თობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესები-სათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქა-ლაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, რომლითაც მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებ-ლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებ-ზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ე.ი. მხარეს ეკისრება, როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს.

 

აღნიშნული კვლევისას სასამართლო უმთავრესად ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით რეგლამენტირებული ნუსხით, თუ რაზე დაყრდნობითაა შესაძლებელია საქმის სადავო გარემოებების დადასტუ-რება, ესენია: თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები, ხოლო ნორმის მე-3 ნაწილით კანონმდებელმა განსაზღვრა მტკიცებულებათა სათანადო-ობის გამოკვლევის წესი და დაადგინა, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

სამოქალაქო სამართალწარმოება შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით უნდა განხორ-ციელდეს, რომლის თანახმადაც, თითოეული მხარე სარგებლობს თანაბარი შესაძ-ლებლობით, განკარგოს ფაქტობრივი გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალე-ბები. ამდენად, სამოქალაქო სამართალწარმოებაში თითოეული მხარის უფლებ-რივ ტვირთს წარმოადგენს იმ ფაქტების მითითება და დამტკიცება, რომლითაც მხარე-ებს სურთ დაასაბუთონ თავიანთი სასარჩელო მოთხოვნები ან გააქარწყლონ სასარ-ჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

დადგენილია, რომ მოპასუხე კომპანიას მოსარჩელისათვის მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერაზე უარი არ განუცხადებია და არც აღმოჩენილი დეფექტების თაობაზე უცნობებია მოსარჩელისათვის, ასევე არ განუსაზღვრავს დამატებითი ვადა დეფექტების აღმოსაფხვრელად. მოპასუხის პოზიციის საწინააღმდეგო გარემოება დადასტურებულია საქმეში მოთავსებული მიღება-ჩაბარების აქტით, რაც იმას ნიშნავს, რომ მან მიიღო და მოიწონა თითოეულ ეტაპზე შესრულებული სამუშაოები შეთანხმებული ხარისხის შესაბამისად.

 

იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ შპს „ს--- ი-----ს“ წერილობითი ფორმით ეცნობა სამუშაოების განხორციელების პროცესში გამოვლენილი ხარვეზების თაობაზე საქმეში წარმოდგენილი არ ყოფილა. შესაბამისად, მოპასუხის მხოლოდ ზეპირსიტყვიერი ახსნა-განმარტება წარმოდგენილ შემთხვევაში საკმარისი არ არის.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 641-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეესაბამება შეთანხმებულ პირობებს, ხოლო თუ ეს პირობები შეთანხმებული არ არის, მაშინ ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოდ მიიჩნევა, თუ კი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი გამოყენებისათვის. ნების ავტონომიის პრინციპის გათვალიწინებით, სამოქალაქო კოდექსი ნივთობრივი ნაკლის არსებობის დასადგენად, უპირველესყოვლისა, ეფუძნება მხარეთა შორის არსებულ შეთანხმებას ნივთის თვისებების თაოაზე. ამდენად, მისი მახასიათებლები, ხშირ შემთხვევაში, ხელშეკრულებაში აისახება ცალკეული პირობის სახით და მის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს. ნივთის ხარისხი არ მოიცავს მხოლოდ ნივთის მახასიათებელ თვისებებს, არამედ ყველა იმ პარამეტრებს, რომელიც უზრუნველყოფს მის სრულყოფილ ექსპლუატაციას, მით უმეტეს, თუ შემკვეთს განსაზღვრული აქვს ამ ნივთის კონკრეტული დანიშნულებით გამოყენება. ამდენად, მხარეთა შეთანხმება ნივთის ხარისხის თაობაზე, წარმოადგენს ნივთის ნაკლოვანების პირველ შესამოწმებელ წინაპირობას.

 

ამდენად, მოპასუხემ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დაადასტურა ის გარემოება, რომ მენარდემ ვერ უზრუნველყო 20---–-–-----------------ს გაფორმებული ნარდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, ხელშეკრულებით შეთანხმებული პირობების შესაბამისად. სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმის ჩვენება, რომელიც მოპასუხე მხარის თანამშრომელია არ წარმოადგენს საკმარის და სრულყოფილ მტკიცებულებას შესრულებული სამუშაოს ხარვეზის და მისი ოდენობის დასადასტურებლად. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის მოსაზრებას მასზედ, რომ მოსარჩელის მიერ შესრულებული სამუშაოები შესრულებულია ხარვეზებით.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4- შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების, მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიიჩნევს, რომ შპს „ს--- ი-----ი“-ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს;

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 417-ე, 418-ე, 629-ე მუხლებით

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებუ-ლების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსა-ფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობისათვის ყველაზე გავრცელებული საფუძ-ველია. ხელშეკრულება ეს არის მხარეთა შეთანხმება მათი ურთიერთობის არსებით და მნიშვნელოვან მომენტებზე, რომელიც გავლენას ახდენს მათ უფლება-მოვალეობების წარმოშობაზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის თანახმად, ნარდობის ხელშეკრუ-ლებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. თუ ნარდობა ითვალისწინებს რაიმე ნაკეთობის დამზადებას და მენარდე მას ამზადებს თავის მიერ შეძენილი მასალით, მაშინ იგი შემკვეთს გადასცემს საკუთრებას დამზადებულ ნაკეთობაზე.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი დავა ნარდობის სამართლებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმების საფუძველზე უნდა შეფასდეს.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელემ 20---–-–-----------------ს ნარდობის ხელშეკრულების საფუძველზე შეასრულა 78 480.61 ლარის ღირებულების სამუშაოები.

 

სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის დეფინიციით ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. როგორც აღინიშნა მოპასუხის მიერ მოსარჩელის მიმართ ნაკისრი ვალდებულება ნარდობის საზღაურის გადახდის შესახებ შესრულებული არ არის რაც მოპასუხისთვის თანხის დაკისრების და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფლების საფუძველია.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის, ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკ-რულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეებს ხელშეკრულებით შეთანხმებულ ქონდათ პირგასამტეხლო ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. მოპასუხის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს უფლება აქვს მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდა.

 

სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად, პირგასამტეხლო, რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებუ-ლების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს შპს „ს--- ი-----ი“-ს მიერ დასახელებული პირგასამტეხლოს ოდენობა არ მიაჩნია გონივრულად, რის გამოც სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, მოთხოვილი პირგასამტეხლოს მოცულობა - 34 688.42962 ლარი შეუსაბამოდ მაღალია და უნდა შემცირდეს 2 000 ლარამდე.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1 სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენდა საერთო ჯამში 113 169.03962 ლარის დაკისრება, მოთხოვნა დაკმაყოფილდა 80480.61 ლარის ნაწილში. შესაბამისად, მოპასუხეს დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად უნდა დაეკისროს 2 446.03 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის სანაცვლოდ.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

8.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისთვის კანონით დადგენილი წესით.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 20---–-–----------------ს განჩინებით თავდაპირველ სარჩელზე გამოყენებული იქნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება. ვინაიდან, სარჩელი დაკმაყოფილდა, არ არსებობს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს „ს--- ი-----ი“-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:

 

1.1. შპს „ს--–---- დ----–--------ს“ შპს „ს--- ი-----ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს 78 480.61 ლარის გადახდა;

1.2. შპს „ს--–---- დ----–--------ს“ შპს „ს--- ი-----ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს სახით 2 000 ლარის გადახდა;

1.3. შპს „ს--- ი-----ი“-ს სასარჩელო მოთხოვნა 32 688.42962 ლარის ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.

2. შპს „ს--–---- დ----–--------ს“ შპს „ს--- ი-----ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის სანაცვლოდ 2 446.03 ლარის გადახდა;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დააბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილი მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მეშვეობით;

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე თამარ ჩიხლაძე