გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 03.08.2018
საქმის ნომერი
330310017002106635
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
03.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 3/6534-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

03 აგვისტო, 2018 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ნანა დარასელია

სხდომის მდივანი ნუცა კაპანაძე

მოსარჩელე - მ------------------ი

წარმომადგენლები - თ--------------ი, გ----------------ე

მოპასუხე - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

წარმომადგენელი - თ----------–------ი

მესამე პირი - ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ჩ--------ო 2010“

თავმჯდომარე - ა-----–--------–---–ი

დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 26 ივლისის №8------------03 გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ;

 

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 11 სექტემბრის №8------------06 გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ;

 

1.3. ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 04 სექტემბრის №3----- გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;

 

1.4. ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 15 თებერვლის №8---- გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;

 

1.5. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტს დაევალოს მ------------------ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და წარმოდგენილ შესაგებელში მიუთითა, რომ არ არსებობს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი, რის გამოც სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. მესამე პირის პოზიცია

 

3.1. მესამე პირის - ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის „ჩ--------ო 2010“ თავმჯდომარე არ დაეთანხმა სარჩელს.

 

4. ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1.1. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის „ჩ--------ო 2010“ (მის: თბილისი, ო. დ-------ის 2) 2011 წლის 30 ოქტომბრის №12 კრების ოქმის თანახმად, „ამხანაგობა ადასტურებს, რომ მ------------------ის საკუთრებაში არსებული სათავსო 4/1, ფართი 10,29კვ.მ-ის ფართობი შეესაბამება ამ ოქმზე თანდართულ აზომვით ნახაზზე შპს „სააგენტო სერვის ც-----------მ“-ს დაფიქსირებულ ფართობს და შეადგენს 10,29კვ.მ.-ს. ამხანაგობა თანახმაა, რომ მ------------------მა ზემოაღნიშნულ უძრავ ნივთზე საჯარო რეესტრში დაირეგისტრიროს საკუთრების უფლება თანდართული აზომვითი ნახაზის შესაბამისად. აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ამხანაგობის წევრთა ხმების 2/3-ით. მ------------------ს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია. ოქმს თან ერთვის შპს „სააგენტო სერვის ც-----------მ“-ის აზომვითი ნახაზი, რომელიც წარმოადგენს ამ ოქმის განუყოფელ ნაწილს. “

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის „ჩ--------ო 2010“ 2011 წლის 30 ოქტომბრის №12 კრების ოქმი (ტ. I, ს.ფ. 82-83).

 

4.1.2. 2017 წლის 26 ივლისს მ------------------მა განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და უძრავ ნივთზე, მდებარე: ქალაქი თბილისი, ო. დ-------ის ქუჩა №2, სათავსო, საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა. აღნიშნული განცხადებით მარეგისტრირებელ ორგანოს წარედგინა: 1. დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; 2. ბმა კრების ოქმი; 3. შიდა აზომვითი ნახაზი (შპს „სააგენტო სერვის ც-----------მ“-ის 2017 წლის 19 ივნისის ტექნიკური ნახაზი); 4. საინვენტარიზაციო გეგმა მონიშვნით; 5. საკადასტრო გეგმა მონიშვნით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მ------------------ის 2017 წლის 26 ივლისის №8----------- განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია (ტ. I, ს.ფ. 80-90).

 

4.1.3. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 26 ივლისის №8------------03 გადაწყვეტილებით, №8----------- განცხადებასთან დაკავშირებით, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის შესაბამისად შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება და შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარსადგენად განისაზღვრა ვადა 30 კალენდარული დღე.

 

აღნიშნული გადაწყვეტილებით მარეგისტრირებელმა ორგანომ დააადგინა, რომ „1.1. დაინტერესებული პირის მიერ მოთხოვნილია საკუთრების უფლების რეგისტრაცია ბინაზე/ერთეულზე, სარეგისტრაციოდ წარმოდგენილია სათავსოს შიდა აზომვითი ნახაზი და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის 2/3-იანი კრების ოქმი, რომელშიც არ არის დადასტურებული „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის ძალაში შესვლის დროს სათავსოს მფლობელობის ფაქტი და დადასტურებულია მხოლოდ ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებობის ფაქტი; 1.2. საქმეში წარმოდგენილი ბმა კრების ოქმი დათარიღებულია 30/10/2011 წლით, ხოლო შიდა საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რომელიც წარმოდგენს მის განუყოფელ ნაწილს მომზადებულია 19.06.2017წ.

 

ამავე გადაწყვეტილებით საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მიიჩნია, რომ „სარეგისტრაციო წარმოება უნდა შეჩერდეს, წარმოსადგენია კორექტირებული ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმი, ამ გადაწყვეტილების 1.1 პუნქტში მითითებული გარემოების გათვალისწინებით და ასევე შესაბამისობაში მყოფი აზომვითი ნახაზი.“

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 26 ივლისის №8------------03 გადაწყვეტილება (ტ. I, ს.ფ. 73-74).

 

4.1.4. 2017 წლის 28 ივლისს მ------------------მა დამატებით განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და სარეგისტრაციო წარმოების განახლება მოითხოვა. აღნიშნული განცხადებით მარეგისტრირებელ ორგანოს წარედგინა: 1. ჩუღურეთის რაიონის გამგებლის 2017 წლის 26 ივლისის №33-0---------- წერილი; 2. ცნობის ასლი ნოტარიულად დამოწმებული; 3. მინდობილობის ასლი; 4. პ/ნ ასლი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მ------------------ის 2017 წლის 28 ივლისის განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია (ტ. I, ს.ფ. 98-115).

 

4.1.5. 2017 წლის 04 აგვისტოს მ------------------ის წარმომადგენელმა №4-----/17 ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ 2017 წლის 26 ივლისის №8------------03 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოთხოვნილი უფლების რეგისტრაცია მოითხოვა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2017 წლის 04 აგვისტოს №4-----/17 ადმინისტრაციული საჩივარი (ტ. I, ს.ფ. 91-97).

 

4.1.6. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 04 სექტემბრის №3----- გადაწყვეტილებით მ------------------ს უარი ეთქვა 2017 წლის 04 აგვისტოს №4-----/17 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

 

აღნიშნული გადაწყვეტილებით მარეგისტრირებელმა ორგანომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ 2011 წელს შემდგარ კრებაზე ამხანაგობის წევრებს შეეძლოთ სათანადო ინფორმაცია ჰქონოდათ და შეეფასებინათ აღნიშნული მომენტისათვის არსებული ფაქტობრივი მდგომარეობა. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის „ჩ--------ო 2010“ 2011 წლის კრებაზე ამხანაგობის წევრებმა კი, დაადასტურეს, რომ მ------------------ის საკუთრებაში არსებული სათავსის 4/1-ის ფართობი - 10.29 კვ.მ. შეესაბამება ამავე ოქმზე თანდართულ აზომვით ნახაზზე დაფიქსირებულ ფართობს, თუმცა სარეგისტრაციოდ წარდგენილი აზომვითი ნახაზი შედგენილია 2017 წელს. ამასთან, სარეგისტრაციოდ წარდგენილი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმი და აზომვითი ნახაზი არ არის აკინძული ერთ დოკუმენტად, ასევე კრების ოქმში სრულად არ არის მითითებული აზომვითი ნახაზის რეკვიზიტები, რასაც შესაძლოა მოეხდინა იდენტიფიცირება, თუ კონკრეტულად რომელ აზომვით ნახაზზეა საუბარი კრების ოქმში.

 

მარეგისტრირებელმა ორგანომ მიუთითა, რომ მრავალბინიანი სახლის სამეურნეო სათავსებზე საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში დასარეგისტრირებლად ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრებმა კრებაზე უნდა დააფიქსირონ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა მიერ მრავალბინიანი სახლის სამეურნეო სათავსების მფლობელობის ამ კანონის ძალაში შევლის დროს არსებული ფაქტობრივი მდგომარეობა. აღნიშნულის თაობაზე უნდა შედგეს შესაბამისი ოქმი, ხოლო რეგისტრაციის მიზნებისათვის წარდგენილ უნდა იქნას აღნიშნული ოქმი და ნახაზი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია სამეურნეო სათავსის ადგილმდებარეობის დადგენა.

 

ამდენად, მრავალბინიანი სახლის სამეურნეო სათავსებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველს წარმოადგენს კრების ოქმი და შესაბამისი აზომვითი ნახაზი. აზომვითი ნახაზი უნდა ასახავდეს ამხანაგობის წევრთა მიერ კრების ოქმში გამოთქმულ ნებას და თვალსაჩინოს ხდიდეს იმ მოცემულობას, რა მოცემულობით რეგისტრაციის განხორციელებაზეც თანხმობა განაცხადეს ამხანაგობის წევრებმა.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, არ არსებობს ობიექტური შესაძლებლობა, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის „ჩ--------ო 2010“ წევრებმა 2011 წლის კრებაზე დაადასტურონ 2017 წლის პერიოდისათვის არსებული ფაქტობრივი მდგომარეობა. ამასთან, წინამდებარე გადაწყვეტილებაში მითითებული სამართლებრივი დასაბუთებიდან გამომდინარე, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრები კრებაზე აფიქსირებენ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა მიერ მრავალბინიანი სახლის სამეურნეო სათავსების მფლობელობის ამ კანონის ძალაში შესვლის დროს არსებულ ფაქტობრივ მდგომარეობას, ხოლო საკუთრების უფლება წარმოიშობა კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიჩნია, რომ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის №8------------03 (26.07.2017წ.) გადაწყვეტილება შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 04 სექტემბრის №3----- გადაწყვეტილება (ტ. I, ს.ფ. 173-178).

 

4.1.7. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 11 სექტემბრის №8------------06 გადაწყვეტილებით, ვინაიდან სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი/ინფორმაცია, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 11 სექტემბრის №8------------06 გადაწყვეტილება (ტ. I, ს.ფ. 163).

 

4.1.8. 2018 წლის 15 იანვარს მ------------------ის წარმომადგენელმა №2----/17 ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ 2017 წლის 11 სექტემბრის №8------------06 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოთხოვნილი უფლების რეგისტრაცია მოითხოვა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2018 წლის 15 იანვრის №2----/17 ადმინისტრაციული საჩივარი (ტ. II, ს.ფ. 307-311).

 

4.1.9. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 15 თებერვლის №8---- გადაწყვეტილებით მ------------------ის წარმომადგენელს - გ----------------ეს უარი ეთქვა 2018 წლის 15 იანვრის №2----/17 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

 

აღიშნული გადაწყვეტილებით თანახმად, „ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უფლებამოსილი პირი იზიარებს ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ №3----- გადაწყვეტილებაში მითითებულ პოზიციას, რომ არ არსებობს ობიექტური შესაძლებლობა, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის „ჩ--------ო“ წევრებმა 2011 წლის კრებაზე დაადასტურონ 2017 წლის პერიოდისათვის არსებული ფარტობრივი მდგომარეობა. ამასთან, წინამდებარე გადაწყვეტილებაში მითითებული სამართლებრივი დასაბუთებიდან გამომდინარე, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრები კრებაზე აფიქსირებენ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა მიერ მრავალბინიანი სახლის სამეურნეო სათავსების მფლობელობის ამ კანონის ძალაში შესვლის დროს არსებულ ფაქტობრივ მდგომარეობას, ხოლო საკუთრების უფლება წარმოიშობა კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. შესაბამისად, №8----------- განაცხადით მოთხოვნილი უფლების რეგისტრაციისათვის წარდგენილი უნდა ყოფილიყო ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის „ჩ--------ო 2010“ 2011 წლის კრების ოქმის შესაბამისი ნახაზი, ან ახალი კრების ოქმი, რომლითაც ამხანაგობის წევრები მოიწონებდნენ და დაეთანხმებოდნენ 2017 წელს შედგენილ აგეგმვით/აზომვით ნახაზზე მითითებულ ფაქტობრივ მდგომარეობას. რაც შეეხება, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ №8------------03 (26.07.2017) გადაწყვეტილებაში მითითებულ გარემოებას, რომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმით, არ იყო დადასტურებული „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის ძალაში შევლის დროს სათავსოს მფლობელობის ფაქტი და დადასტურებული იყო მხოლოდ ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებობის ფაქტი, სააგენტო აღნიშნავს, რომ არ არსებობდა აღნიშნული გარემოების მითითების სამართლებრივი საფუძველი, ვინაიდან კრების ოქმი მისი შინაარსიდან გამომდინარე, იძლევა ჩანაწერის იმგვარი გაგების შესაძლებლობას, რომ ამხანაგობის წევრებმა დაადასტურეს „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის ძალაში შესვლის დროს მითითებული სათავსოს მ------------------ის მფლობელობაში არსებობის ფაქტი. თუმცა, აღნიშნული გარემოება არ წარმოადგენს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველს, ვინაიდან არ ცვლის მისი მიღების ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებს და მისი არსებობის შემთხვევაში, მოცემულ საკითხზე არ იქნებოდა მიღებული სხვაგვარი გადაწყვეტილება, რამდენადაც რეგისტრაციის მიზნებისათვის აუცილებელი იყო კორექტირებული დოკუმენტაციის (კრების ოქმის) წარდგენა.“

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 15 თებერვლის №8---- გადაწყვეტილება (ტ. II, ს.ფ. 314-320).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მ------------------ის სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონი, ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონი.

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ პუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

აღნიშნული ნორმის დეფინიციის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული დოკუმენტის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ იგი ფორმალურ-მატერიალური თვალსაზრისით აკმაყოფილებდეს აღნიშნულ იმპერატიულ-ნორმატიულ მოთხოვნებს და შეიცავდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ყველა ელემენტს, კერძოდ: სადავო ურთიერთობის ერთ-ერთი მხარე უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანო, სადავო სამართლებრივი ურთიერთობა უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან და ადმინისტრაციული ორგანოს ღონისძიება მიმართული უნდა იყოს კონკრეტული შემთხვევის მოწესრიგებისა და არსებული სამართლებრივი მდგომარეობის შეცვლისაკენ. შესაბამისად, იგი უნდა აწესებდეს, ცვლიდეს, წყვეტდეს ან ადასტურებდეს პირის სამართლებრივ მდგომარეობას.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 26 ივლისის №8------------03, 2017 წლის 11 სექტემბრის №8------------06, 2017 წლის 04 სექტემბრის №3----- და 2018 წლის 15 თებერვლის №8---- გადაწყვეტილებები წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონისა და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

7.2 სასამართლო განმარტავს, რომ ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს საჯარო რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივ საფუძვლებს, საჯარო რეესტრის მწარმოებელი ორგანოს – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) უფლება-მოვალეობებს.

 

ამავე კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ამავე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად კი, განცხადებას უნდა ერთვოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. ამავე კანონის მე-9 მუხლის თანახმად, რეგისტრაცია წარმოებს როგორც უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ უძრავ ქონებაზე როგორც რეგისტრაცია, ასევე მათში ცვლილება, წარმოებს შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის, საკადასტრო მონაცემების და სხვა დოკუმენტაციის საფუძველზე. თავის მხრივ ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს თუ რა წარმოადგენს სარეგისტრაციო დოკუმენტს.

 

„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „კ“ პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. „ლ“ პუნქტის თანახმად კი, სარეგისტრაციო დოკუმენტაცია არის რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები.

 

ამავე კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილია, რომ მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე. ისინი პასუხისმგებელი არიან მხოლოდ რეგისტრირებული მონაცემებისა და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ მარეგისტრირებელ ორგანოს არ გააჩნია წარდგენილი დოკუმენტაციის ნამდვილობის შემოწმების უფლებამოსილება, თუმცა მისი შეფასების საგანს უდავოდ წარმოადგენს საკითხი - არის თუ არა დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი, ასევე მარეგისტრირებელ ორგანოში დაცული სარეგისტრაციო დოკუმენტი ამ კანონით განსაზღვრული შესაბამისი რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების უშუალოდ წარმოშობის საფუძველი. ამასთან, კანონი არ განსაზღვრავს სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტაციის კონკრეტულ ჩამონათვალს, შესაბამისად, „რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები“, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, თავისი შინაარსის გათვალისწინებით უნდა უქმნიდეს ადმინისტრაციულ ორგანოს შესაბამისი რეგისტრაციის განხორციელების წინაპირობის არსებობის შესახებ დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2017 წლის 26 ივლისს მ------------------მა №8----------- განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის „ჩ--------ო 2010“ 2011 წლის 30 ოქტომბრის №12 კრების ოქმის, 2017 წლის 19 ივნისის შიდა აზომვითი ნახაზის და საკადასტრო გეგმის საფუძველზე მოითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე, მდებარე: ქალაქი თბილისი, ორდე დ-------ის ქუჩა, სათავსო.

 

საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2017 წლის 26 ივლისის №8------------03 სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებით, მიიჩნია, რომ განმცხადებელს მარეგისტრირებელ ორგანოში უნდა წარედგინა კორექტირებული ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმი, ასევე შესაბამისობაში მყოფი აზომვითი ნახაზი.“

 

2017 წლის 04 აგვისტოს მ------------------ის წარმომადგენელმა №4-----/17 ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ 2017 წლის 26 ივლისის №8------------03 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოთხოვნილი უფლების რეგისტრაცია მოითხოვა.

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 04 სექტემბრის №3----- გადაწყვეტილებით მ------------------ს უარი ეთქვა 2017 წლის 04 აგვისტოს №4-----/17 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

 

მარეგისტრირებელმა ორგანომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ 2011 წელს შემდგარ კრებაზე ამხანაგობის წევრებს შეეძლოთ სათანადო ინფორმაცია ჰქონოდათ და შეეფასებინათ აღნიშნული მომენტისათვის არსებული ფაქტობრივი მდგომარეობა. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის „ჩ--------ო 2010“ 2011 წლის კრებაზე ამხანაგობის წევრებმა კი, დაადასტურეს, რომ მ------------------ის საკუთრებაში არსებული სათავსის 4/1-ის ფართობი - 10.29 კვ.მ. შეესაბამება ამავე ოქმზე თანდართულ აზომვით ნახაზზე დაფიქსირებულ ფართობს, თუმცა სარეგისტრაციოდ წარდგენილი აზომვითი ნახაზი შედგენილია 2017 წელს.

 

საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის „ბ“ პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ, თუ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაშია არ იქნა წარმოდგენილი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი ინფორმაცია ან დოკუმენტი.

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 11 სექტემბრის №8------------06 გადაწყვეტილებით, ვინაიდან სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარმოდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი/ინფორმაცია, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ.

 

2018 წლის 15 იანვარს მ------------------ის წარმომადგენელმა №2----/17 ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ 2017 წლის 11 სექტემბრის №8------------06 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოთხოვნილი უფლების რეგისტრაცია მოითხოვა.

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 15 თებერვლის №8---- გადაწყვეტილებით მ------------------ის წარმომადგენელს - გ----------------ეს უარი ეთქვა 2018 წლის 15 იანვრის №2----/17 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

 

7.3. სასამართლო მოიხმობს „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ა“ პუნქტს, რომლის თანახმადაც, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა არის მრავალბინიან სახლში მდებარე საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი, მათ შორის, კომერციული მიზნებისათვის გამოყენებული ფართობის მესაკუთრეთა გაერთიანება.

 

ამავე კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრები კრებაზე აფიქსირებენ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა მიერ მრავალბინიანი სახლის სამეურნეო სათავსების (სარდაფები, სხვენები და ა.შ) მფლობელობის ამ კანონის ძალაში შესვლის დროს არსებულ ფაქტობრივ მდგომარეობას და ხმათა 2/3-ით იღებენ გადაწყვეტილებას, რომლის თაობაზედაც დგება შესაბამისი ოქმი, თუ წესდებით არ განისაზღვრება განსხვავებული კვორუმი. მრავალბინიანი სახლის სამეურნეო სათავსებზე (სარდაფები, სხვენები და ა.შ.) საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში დასარეგისტრირებლად ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრმა უნდა წარმოადგინოს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრების მიერ შედგენილი ოქმი და ნახაზი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია სამეურნეო სათავსის ადგილმდებარეობის დადგენა.

 

მითითებული სამართლებრივი ნორმით კანონმდებელი ითვალისწინებს მრავალბინიანი სახლის სამეურნეო სათავსების მფლობელობის „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის ძალაში შესვლის დროს არსებული ფაქტობრივი მდგომარეობის დადასტურების წესს და პროცედურას, რაც აღნიშნულ ფართზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველს წარმოადგენს. ამასთან, კანონმდებელი ცალსახად მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნულ ფართზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია ხორციელდება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრების მიერ შედგენილი ოქმის და ნახაზის საფუძველზე, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია სამეურნეო სათავსის ადგილმდებარეობის დადგენა.

 

„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში დასარეგისტრირებლად ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრმა მარეგისტრირებელ ორგანოში უნდა წარადგინოს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმი, რომლითაც დადასტურებულია შესაბამის შიდა აზომვით ნახაზზე ასახული ფართის მფლობელობის ფაქტობრივი მდგომარება. ამდენად, კრების ოქმი და ნახაზი წარმოადგენს დოკუმენტების ერთობლიობას და იმ შემთხვევაში, თუ კრების ოქმს თან არ ახლავს შესაბამისი შიდა აზომვითი ნახაზი, შეუძლებელია იმ ფართის იდენტიფიცირება, რომლის მფლობელობის ფაქტობრივი მდგომარეობაც დადასტურდა ამხანაგობის წევრთა მიერ.

 

განსახილველ შემთხვევაში სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის „ჩ--------ო 2010“ 2011 წლის 30 ოქტომბრის №12 კრების ოქმით ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრებმა კრებაზე დააფიქსირეს მ------------------ის მიერ მრავალბინიანი სახლის სამეურნეო სათავსის კანონის ძალაში შევლის შესვლის დროს მფლობელობის ფაქტი, რომლის ადგილმდებარეობაც დგინდებოდა და შეესაბამებოდა ამავე ოქმზე თანდართულ აზომვით ნახაზს. კერძოდ, 2011 წლის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმით ამხანაგობის წევრებმა დაადასტურეს რომ მ------------------ის საკუთრებაში არსებული სათავსის ფართობი შეესაბამებოდა ამავე ოქმზე თანდართულ აზომვით ნახაზზე დაფიქსირებულ ფართობს. აღსანიშნავია, რომ კრების ოქმის შედგენის დროისთვის შესაბამისი აზომვითი ნახაზის არსებობის ფაქტს თავად მოსარჩელე მხარეც ადასტურებს და ასევე სადაოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ განსახილველ შემთხვევაში მარეგისტრირებელ ორგანოს წარედგინა არა 2011 წლის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმზე თანდართული აზომვითი ნახაზი, არამედ 2017 წელს შედგენილი აზომვითი ნახაზი.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო იზიარებს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს პოზიციას და მიიჩნევს, რომ 2017 წელს შედგენილი შიდა აზომვითი ნახაზით შეუძლებელია დადგინდეს მითითებულ ნახაზზე ასახული და 2011 წლის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმში მითითებული ფართების იდენტურობა. შესაბამისად, მ------------------ის მიერ მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენილი დოკუმენტაცია არ წარმოადგენდა საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველს.

 

რაც შეეხება მოსარჩელე მხარის მითითებას სადავო საკითხთან დაკავშირებით საჯარო რეესტრის მიერ განხორციელებულ კონკრეტულ სარეგისტრაციო წარმოებებზე, აღსანიშნავია, რომ იმ სარეგისტრაციო წარმოებებთან მიმართებით, რომლებზეც საჯარო რეესტრის მიერ მიღებულია რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება, იდენტური ფაქტობრივი გარემოებების არსებობა არ დგინდება. კერძოდ, მოსარჩელე ვერ მიუთითებს რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებაზე იმ პირობებში, როდესაც შიდა აზომვითი ნახაზი შედგენილია ბინათმესაკუთრეთა კრების ოქმის შედგენის შემდგომ პერიოდში. ხოლო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 20 ივლისის №882017589313 რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებასთან (მ------------------ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ) დაკავშირებით, აღსანიშნავია, რომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის „ჩ--------ო 2010“ 2011 წლის 30 ოქტომბრის №11 კრების ოქმი, რომლის საფუძველზეც განხორციელდა მითითებული რეგისტრაცია, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრების მიერ სადავოდ არის ქცეული.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 26 ივლისის №8------------03 და 2017 წლის 11 სექტემბრის №8------------06 გადაწყვეტილებები კანონიერია და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

7.4. სასამართლო მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIII თავით. ხსენებული კოდექსის 178.1 მუხლი ადგენს, რომ თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, თუ იქ არსებობს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი თანამდებობის პირის ან სტრუქტურული ქვედანაყოფის ზემდგომი თანამდებობის პირი. ამავე საკანონმდებლო აქტის 185-ე მუხლის მიხედვით, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება ამ კოდექსის VI თავით გათვალისწინებული დებულებანი. ამავე კოდექსის 201-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ) ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ.

 

ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, იმ პირობებში, როდესაც კანონიერად არის მიჩნეული საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 26 ივლისის №8------------03 და 2017 წლის 11 სექტემბრის №8------------06 გადაწყვეტილებები, ასევე კანონიერია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 04 სექტემბრის №3----- და 2018 წლის 15 თებერვლის №8---- გადაწყვეტილებები, რომლითაც საჩივრის ავტორს მართებულად ეთქვა უარი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

 

7.5. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მეორე ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

ზემოაღნიშნული მსჯელობისა და მითითებული სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან ადგილი არა აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებული გადაწყვეტილებები გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, შესაბამისად, არ არსებობს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 26 ივლისის №8------------03, 2017 წლის 11 სექტემბრის №8------------06, 2017 წლის 04 სექტემბრის №3----- და 2018 წლის 15 თებერვლის №8---- გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის, ასევე მოპასუხისათვის მოთხოვილი საკუთრების უფლების რეგისტრაციის დავალების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელის მიერ გადახდილია. ამდენად, ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, საქმეზე მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. მ------------------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.

 

მოსამართლე ნანა დარასელია