განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1-372-18
(№021220418003)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
02 აგვისტო, 2018 წელი ქ. რუსთავი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე ქეთინო ლუაშვილი
სხდომის მდივანი ანა ბერიკელაშვილი
ბრალდების მხარე: პროკურორი დავით მუხიაშვილი,დაცვის მხარე: ადვოკატები - გოჩა შავაძე, ბესიკ მინდიაშვილი
ბრალდებული: ნ-----–---------------ე, დაბადებული 23.04.1--- წელს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 1----------, დასაოჯახებელი, რეგისტრირებული და მცხოვრები: გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი გ----------ა;
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილი - ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ე. ი. სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის;
სხდომის სახე - ღია;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. სასამართლომ დაადგინა:
22.04.2018 წელს დაახლოებით 15:00 საათზე, გარდაბნის რაიონის სოფელ გ----------აში მცხოვრებ ნ-----–---------------ესთან სტუმრად იმყოფებოდა მისივე თანასოფლელი - მ--–--------------–---–ი, რომელთანაც იღებდა ალკოჰოლურ სასმელს. ქეიფის დროს, მ--–--------------–---–ს დაურეკა ნ-----–---------------ის მეზობლად მცხოვრებმა - გ----------------ემ, რომელმაც სთხოვა მ--–--------------–---–ს გასულიყო ქუჩაში და დახმარებოდა ავტომანქანის ჯართით დატვირთვაში. მისი სტუმრის დაძახებით განაწყენებულმა ნ-----–---------------ემ სუფრიდან აიღო დანა, მივიდა იმ ადგილას, სადაც გ----------------ე იმყოფებოდა და თანნაქონი დანა განზრახ დაარტყა მარცხენა ფერდის არეში, რის შედეგადაც გ----------------ეს მიაყენა ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება.
2. მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:
2.1. სასამართლო სხდომაზე დაკითხული დაზარალებული გ----------------ის ჩვენებით დადასტურებულია, რომ ბრალდებულთან ჰქონდა მეგობრული ურთიერთობა. 2018 წლის 22 აპრილს, დაახლოებით 3-4 საათზე იმყოფებოდა ქუჩაში, რა დროსაც დაუძახა მ--–--------------–---–ს მისახმარებლად, რომელსაც გამოჰყვა ნ-----–---------------ე და ჰკითხა, ვინ დაუძახა მის სტუმარს. მის პასუხზე, რომ მან დაუძახა მ--–--------------–---–ს, ნ-----–---------------ე წავიდა მისკენ, შენიშნა ხელში ბრჭყვიალა ნივთი, ვერ აღიქვა დანად და ასევე ვერ დაინახა დარტყმა. მოულოდნელად თვალთ დაუბნელდა, დაინახა მხოლოდ რომ ნ-----–---------------ე გარბოდა. მისივე განმარტებით, დანა რატომ დაარტყა, მიზეზი არ იცის. ბრალდებულის ფსიქიკური მდგომარეობა მისთვის ცნობილია, რის გამოც მასთან არანაირი პრეტენზია არ აქვს.(იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
2.2. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ი----------–-–---–ის (მეგობარი, მეზობელი) ჩვენებით დადასტურებულია, რომ ნ-----–---------------ის ფსიქიკური მდგომარეობა მისთვის ცნობილი არ იყო. 2018 წლის 22 აპრილს, დაახლოებით 3-4 საათზე იმყოფებოდა ქუჩაში, სადაც ასევე იყოფებოდნენ მ--–--------------–---–ი და გ----------------ე. ნ-----–---------------ემ იკითხა, ვინ დაუძახა მ--–--------------–---–ს. გ----------------ის პასუხზე, რომ მან დაუძახა, ნ-----–---------------ის მხრიდან, რომელიც გ----------------ის პირისპირ იდგა, დაინახა ხელის მოქნევა, თუმცა დანა დარტყმის მომენტი არ დაუნახავს. ასევე დაინახა დანით რომ გარბოდა ნ-----–---------------ე სახლისკენ. გ----------------ეს სისხლი სდიოდა და გადაიყვანა საავადმყოფოში. (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
2.3. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული მ--–--------------–---–ის (მეზობელი) ჩვენებით დადასტურებულია, რომ ინციდენტის დღეს დილიდან ნ-----–---------------ის სახლში სვამდნენ არაყს. სუფრაზე ყოფნისას მას დაუძახა გ----------------ემ, რომ გამოსულიყო. იგი გავიდა გარეთ. ნ-----–---------------ემ დანა აიღო და გაჰყვა, ეზოს წინ გ----------------ეს ნ-----–---------------ემ ჰკითხა, შენ დაუძახეო, პასუხის მიღებისთანავე დანა ჩაარტყა მუცელში და გაიქცა (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
2.4. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 19 ივნისის, სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის N004162418 დასკვნის მიხედვით, ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს ნ-----–---------------ე დაავადებული იყო ქრონიკული ფსიქიკური ავადმყოფობით - არადიფერენცირებული შიზოფრენიით, რემისიის მდგომარეობა (კოდი - F20.35; დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10 გადასინჯვის მიხედვით) და მას არ შეეძლო სრულად გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შეზღუდული შერაცხადობა). შემდგომში ნ-----–---------------ის ფსიქიკური მდგომარეობა გამწვავდა; ამჟამად იგი დაავადებულია ქრონიკული ფსიქიკური ავადმყოფობით - არადიფერენცირებული შიზოფრენიით (კოდი F20.3; დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10 გადასინჯვის მიხედვით) და თავისი ფსიქიკური მდგომარეობით არ შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს, უხელმძღვანელოს მას, მისცეს ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძებო და სასამართლო მოქმედებებში. იგი ამჟამად დაავადებულია იმგვარი ფსიქიკური ავადმყოფობით, რომელიც ხელს უშლის სასჯელის მოხდას. იგი საჭიროებს არანებაყოფლობით სტაციონალურ ფსიქიატრიულ დახმარებას. გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში, სასამართლოს მიერ შეფარდებული სასჯელი ნ-----–---------------ემ უნდა მოიხადოს შესაბამის სამედიცინო (სამკურნალო) დაწესებულებაში (რეკომენდებულია შპს „აკად. ბ. ნანეიშვილის სახ. ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ (ხონი-ქუტირი) პირობებში), არანებაყოფლობითი სტაციონალური ფსიქიატრიული დახმარების კრიტერიუმების ამოწურვამდე, რის შემდეგაც სასჯელის მოხდა შეიძლება გაუგრძელდეს საერთო წესით (ტომი მე-2, ს.ფ.45-52).
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა დავით მაღრაძემ დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე.
2.5. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 18 მაისის, სამედიცინო ექსპერტიზის N003334218 დასკვნის მიხედვით, შპს პირველი საავადმყოფოს სტაციონალური პაციენტის სამედიცინო ბარათი 3145-ის მონაცემებით გ----------------ეს 22.04.2018 წ. აღენიშნებოდა ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა, მარცხენა ფერდქვეშა მიდამოში. ოპერაციულად დაუდგინდა: მუცლის ღრუში შემავალი ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა კუჭის დაზიანებით. აღნიშნული დაზიანება განვითარებულია მჩხვლეტავ-მჭრელი ზედაპირის მქონე საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება სიცოცხლისთვისა სახიფათო მძიმე ხარისხს. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს (ტ.1,ს.ფ. 252-254).
2.6. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 21 ივნისის #004176418 ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის (ტ. მე-2. ს.ფ. 38-44) თანახმად: სეროლოგიური გენეტიკური კვლევისა და სტატისტიკური ანალიზის საფუძველზე დადგინდა: პაკეტში, წარწერით: ”...(დანა)...” მოთავსებულ დანის პირზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო დანაშრევი (ობ. N1) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნისც გ----------------ეს (ობ. N9; ოაკეტი წარწერით:...გ. გვარამაძის სისხლის ნიმუში...”. ამავე დანის ტარზე არსებული ბიოლოგიური მასალის (ობ. N2) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მამრობითი სქესის პირს და განსხვავდება გ----------------ეს (ობ. N9) გენეტიკური პროფილისგან.
პაკეტში წარწერით: ”....ნიკა მურვანიძის ტანსაცმელი...” მოთავსებულ სპორტულ შარვალზე (ობ. N4) არსებული მოყავისფრო ლაქა შეიცავს სისხლს. ობ. N4-ის გენეტიკური პროფილი შერეულია, რომლის მაჟორული (ძირითადი) წილი ეკუთვნის გ----------------ეს (ობ. N9) , ხოლო მინორული წილი ობ. N2-ის გენეტიკური პროფილის იდენტურია. ამავე პაკეტში მოთავსებულ ნაქსოვ ჯემპრზე არსებული მოყავისფრო დანაშრევი (ობ. N3) სისხლის არ წარმოადგენს, ხოლო ქურთუკზე და წყვილ წინდაზე სისხლზე საეჭვო ლაქები არ აღმოჩნდა.
პაკეტში, წარწერით ”...გ----------------ის ტანსაცმელი და ფეხსაცმელი....” მოთავსებულ ჯემპრზე (ობ. N6), მოკლესახელოებიან მაისურზე (ობ. N7 ) და მარცხენა ფეხსაცმელზე (ობ. N8) არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები და დანაშრევები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის გ----------------ეს (ობ. N9). ამავე პაკეტში მოთავსებულ სპორტულ შარვალზე არსებული მოყავისფრო ლაქა (ობ. N5) სისხლის არ წამოადგენს (ტ. მე-2. ს.ფ. 38-44).
საქმეში არსებული, ბრალდების და დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი სხვა მოწმეთა და დაზარალებულთა ჩვენებები, ასევე წერილობითი მტკიცებულებები მხარეებმა უდავოდ სცნეს, დაეთანხმნენ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებსა და გარემოებებს. შესაბამისად საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე, საქმეში არსებული დანარჩენი მტკიცებულებები სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა გამოკვლევის გარეშე.
3. სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო განმარტავს, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი სამართლებრივი შეფასების მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტობრივი გარემოებების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში.
სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასება/ანალიზის დაწყებამდე, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად, ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ევროპული სასამართლოს განმარტებით (Allen v. The United Kingdom, N25424/09, 12/07/2013, §93), ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი იცავს პირის უფლებას, მიჩნეულ იყოს უდანაშაულოდ, სანამ საპირისპირო არ დადგინდება კანონით დადგენილი წესით; სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვის პროცედურული გარანტიის ჭრილში უდანაშაულობის პრეზუმფცია იმპერატიულ მოთხოვნებს აწესებს მტკიცების ტვირთთან მიმართებაში.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში, ”საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამეტის წინააღმდეგ”, სასამართლომ განმარტა მტკიცებულებათა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი, გადაწყვეტილების №41-45 პარაგრაფებში სასამართლო აღნიშნავს: გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში.
დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. საზოგადოება, რომელიც იღვწის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად, იცის ადამიანის თავისუფლების ფასი, არ დაუშვებს ისეთი პირის მსჯავრდებას, რომლის ბრალეულობა მიუკერძოებელი და გონიერი დამკვირვებლისთვის საეჭვო რჩება.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის განხილვა და სასამართლოს მიერ ფაქტების უტყუარად დადგენა დამოკიდებულია შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით მხოლოდ მხარეთა მიერ სასამართლოსთვის წარმოდგენილ მტკიცებულებებზე და მათ უტყუარობაზე. ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს სამართლებრივი გარანტია, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში.
საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლი პასუხისმგებლობას აწესებს იმ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებისათვის, როგორიცაა - ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება. ცნება - ,,ჯანმრთელობის დაზიანება“ თავის თავში მოიცავს დანაშაულის ობიექტზე მინიშნებასაც. ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისაგან სისხლის სამართლის დაცვის ობიექტია სხვა ადამიანის ჯანმრთელობა. ამასთან ჯანმრთელობა ამ შემთხვევაში არ უნდა გავიგოთ მხოლოდ ბიოლოგიურ მოვლენად. ჯანმრთელობას დიდი სოციალური მნიშვნელობაც აქვს. მასზეა დამოკიდებული ადამიანის შრომისუნარიანობა, შემოქმედებითი შესაძლებლობები და ა.შ. დანაშაულის დამთავრებულად ცნობისათვის აუცილებელია კანონით გათვალისწინებული მძიმე შედეგის ან კონკრეტული საფრთხის დადგომა. მოცემული ქმედების კვალიფიკაციისთვის დანაშაულის ხერხს და საშუალებას მნიშვნელობა არ აქვს.
ჯანმრთელობის დაზიანების შემადგენლობანი მატერიალურ შემადგენლობათა რიცხვს განეკუთვნებიან. დანაშაულის დამთავრებულად ცნობისათვის აუცილებელია განსაზღვრული შედეგის დადგომა. თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა დადგინდეს მიზეზობრივი კავშირი მოქმედებასა (უმოქმედობასა) და დამდგარ შედეგს შორის.
მიზეზობრივი კავშირის საკითხის გადაწყვეტისათვის განსახილველი კატეგორიის საქმეებზე დიდი მნიშვნელობა აქვს ექსპერტიზის დასკვნის სწორ შეფასებას. ექსპერტი განსაზღვრავს დაზიანების ხანდაზმულობას, რომლის საფუძველზე წინასწარი გამოძიება და სასამართლო ადგენს, არის თუ არა მიზეზობრივი კავშირი დამნაშავის მოქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ”წესები სხეულის დაზიანების ხარისხის განსაზღვრისთვის” იძლევა სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანების ჩამონათვალს, რომელთა შორის მითითებულია ჭრილობა მუცლის ღრუში. მოცემულ შემთხვევაში სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 18 მაისის, სამედიცინო ექსპერტიზის N003334218 დასკვნის მიხედვით, გ----------------ეს 22.04.2018 წ. დაუდგინდა მუცლის ღრუში შემავალი ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა კუჭის დაზიანებით.
ჯანმრთელობის დაზიანება შეიძლება განხორციელდეს სხვადასხვაგვარი მოქმედებით. კვალიფიკაციისათვის არა აქვს მნიშვნელობა, თუ რა ხასიათის მოქმედებას მიმართა დამნაშავემ - მექანიკურ, თერმულ, ქიმიურ თუ ფსიქიკურ და ა.შ. ზემოქმედებას. დანაშაულის ჩადენის საშუალებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მხოლოდ სასჯელის ზომის განსაზღვრაზე.
დანაშაულის სუბიექტი შეიძლება იყოს ყველა შერაცხადი 14 წელს მიღწეული პირი. სუბიექტური მხრივ ეს დანაშაული განზრახია. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება აქტიურ მოქმედებაში.
დანაშაულის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა, მოცემულ შემთხვევაში გ----------------ის ჯანმრთელობა.
განხილულ გარემოებებთან მიმართებაში ნიშანდობლივია ის გარემოებაც, რომ საქართველოს სსკ-ის მე-9 მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ქმედება პირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავის ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდა ეს შედეგი, ანდა ითვალისწინებდა ასეთი შედეგის დადგომის განხორციელების გარდაუვალობას. მოცემულ შემთხვევაშიც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების, როგორც დანაშაულის შემადგენლობის ერთერთი ელემენტი - სისხლისსამართლებრივი ბრალეულობა, ანუ განზრახვა არსებობს არა მხოლოდ მაშინ, როდესაც პირი ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურს ეს შედეგი, არამედ მაშინაც, როდესაც პირი ითვალისწინებდა ანდა შეეძლო გაეთვალისწინებინა ასეთი შედეგის დადგომის გარდაუვალობა.
5. სასამართლოს მიერ დამტკიცებულად მიჩნეული ქმედების კვალიფიკაცია:
სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, თითოეული მათგანი შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, საკმარისია ბრალდებულის საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებებში დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
6. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
ნ-----–---------------ის მიმართ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებად სასამართლო მიიჩნევს, რომ მას არ შეეძლო სრულად გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შეზღუდული შერაცხადობა). დამამძიმებელი გარემოება საქმეში არ გამოვლენილა.
7. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, ოჯახურ მდგომარეობას.
გამამტყუნებელი განაჩენით სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო აფასებს ბრალდებულის ქცევას და ამ ქცევის შედეგად დამდგარ შედეგს (მიყენებულ ზიანს), შესაბამისად, სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი პირველ რიგში უნდა პასუხობდეს სამართლიანობის პრინციპს, ზუსტად უნდა ემსახურებოდეს სასჯელის მიზნების მიღწევას, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
სამართლიანობის აღდგენა გულისხმობს ჩადენილი დანაშაულისათვის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დატოვებს უსამართლობის განცდას დამნაშავისა და საზოგადოების თვალში; სასჯელი რესოციალიზაციის ერთგვარი ფორმაა და მას პრევენციული მნიშვნელობაც გააჩნია, სასჯელის გამოყენება დამნაშავის გამოსწორებასა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისკენაა მიმართული;
სასჯელი უნდა იყოს არა დანაშაულის, არამედ დამნაშავის შესაფერისი, რომლის მიზანი დამნაშავის შეცვლას უნდა ემსახურებოდეს მის ფსიქოლოგიურ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების გზით; სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით ის უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით;
სასამართლო ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებისა და ხასიათის, დაზარალებულის პოზიციის, ბრალდებულის პირადი და ეკონომიკურ პირობების და შეზღუდული შერაცხადობის გათვალისწინებით, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, უნდა დაენიშნოს სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით მუხლის სანქციით გათვალისწინებული მინიმუმის ფარგლებში. სასამართლოს მიერ შეფარდებული სასჯელი ნ-----–---------------ემ უნდა მოიხადოს შესაბამის სამედიცინო (სამკურნალო) დაწესებულებაში (რეკომენდებულია შპს „აკად. ბ. ნანეიშვილის სახ. ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ (ხონი-ქუტირი) პირობებში), არანებაყოფლობითი სტაციონალური ფსიქიატრიული დახმარების კრიტერიუმების ამოწურვამდე, რის შემდეგაც სასჯელის მოხდა შეიძლება გაუგრძელდეს საერთო წესით.
8. აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები
ნ-----–---------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა უნდა გაუქმდეს.
საქართველოს სსსკ-ის 81- ე მუხლის თანახმად სს საქმეზე ამოღებული:
- მ--–--------------–---–ის ტანსაცმელი (ინახება გარდაბნის რაიონული სამმართველოს გაჩიანის განყოფილებაში); დაზარალებული გ----------------ის ტანსაცმელი (გადაგზავნილია კომპლექსურ ტრასოლოგიურ-ბიოლოგიურ ექსპერტიზაზე); ბრალდებულ ნ-----–---------------ის ტანსაცმელი (გადაგზავნილია კომპლექსურ ტრასოლოგიურ-ბიოლოგიურ ექსპერტიზაზე) - უნდა დაუბრუნდეთ მათ მფლობელებს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
- ბრალდებული ნ-----–---------------ის სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ხისტარიანი დანა (გადაგზავნილია კომპლექსურ ტრასოლოგიურ-ბიოლოგიურ ექსპერტიზაზე); ბრალდებულ ნ-----–---------------ის თმის ნიმუში (გადაგზავნილია კომპლექსურ ტრასოლოგიურ-ბიოლოგიურ ექსპერტიზაზე); დაზარალებულ გ----------------ის სისხლის ნიმუში მოთავსებული საინექციო შპრიცში ( გადაგზავნილია კომპლექსურ ტრასოლოგიურ-ბიოლოგიურ ექსპერტიზაზე) - უნდა განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 79-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 280-281-ე, 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ-----–---------------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით.
სასამართლოს მიერ შეფარდებული სასჯელი ნ-----–---------------ემ უნდა მოიხადოს შესაბამის სამედიცინო (სამკურნალო) დაწესებულებაში (რეკომენდებულია შპს „აკად. ბ. ნანეიშვილის სახ. ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ (ხონი-ქუტირი) პირობებში), არანებაყოფლობითი სტაციონალური ფსიქიატრიული დახმარების კრიტერიუმების ამოწურვამდე, რის შემდეგაც სასჯელის მოხდა გაუგრძელდეს საერთო წესით.
2. ნ-----–---------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2018 წლის 22 აპრილიდან.
3. საქართველოს სსსკ-ის 81- ე მუხლის თანახმად სს საქმეზე ამოღებული:
- მ--–--------------–---–ის ტანსაცმელი (ინახება გარდაბნის რაიონული სამმართველოს გაჩიანის განყოფილებაში); დაზარალებული გ----------------ის ტანსაცმელი (გადაგზავნილია კომპლექსურ ტრასოლოგიურ-ბიოლოგიურ ექსპერტიზაზე); ბრალდებულ ნ-----–---------------ის ტანსაცმელი (გადაგზავნილია კომპლექსურ ტრასოლოგიურ-ბიოლოგიურ ექსპერტიზაზე) - დაუბრუნდეთ მათ მფლობელებს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
- ბრალდებულ ნ-----–---------------ის სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ხისტარიანი დანა (გადაგზავნილია კომპლექსურ ტრასოლოგიურ-ბიოლოგიურ ექსპერტიზაზე); ბრალდებულ ნ-----–---------------ის თმის ნიმუში (გადაგზავნილია კომპლექსურ ტრასოლოგიურ-ბიოლოგიურ ექსპერტიზაზე); დაზარალებულ გ----------------ის სისხლის ნიმუში მოთავსებული საინექციო შპრიცში (გადაგზავნილია კომპლექსურ ტრასოლოგიურ-ბიოლოგიურ ექსპერტიზაზე) - განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე
ქეთინო ლუაშვილი