გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 02.08.2018
საქმის ნომერი
140310117002137591
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
02.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 140310117002137591

საქმე № 3/294-17

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

2 აგვისტო, 2018 წელი ქ. გორი

 

შესავალი ნაწილი

 

გორის რაიონული სასამართლო

მოსამართლე დავით პაპუაშვილი

 

სხდომის მდივანი ნინო მურადაშვილი

 

მოსარჩელე: სსიპ ,,შემოსავლების სამსახური”

წარმომადგენელი: ნ----- ბ--–--–---–-

 

მოპასუხეები: შპს ,,ი--------”, შპს ,,ნ----”, მ-----– ს-------–-–---–ი, ნ----------–- ნ------–---–ი, თ------- ს-------–-–---–ი

 

დავის საგანი: ცრუმაგიერ პირებად ცნობა

 

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

შპს ,,ი--------”-ის, შპს ,,ნ----ს”, მ-----– ს-------–-–---–ის, ნ----------–- ნ------–---–ისა და თ------- ს-------–-–---–ის ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად ცნობა.

 

სარჩელის თანახმად, შპს ,,ი--------"-ს (საიდენტ. № 4--------) გააჩნია აღიარებული საგადასახადო დავალიანება, რომლის დამფუძნებელი და 100%-იანი წილის მფლობელი მ-----– ს-------–-–---–ია (პირ. № 5----------); მისი საქმიანობის სახე იყო მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯრის აწყობა-მონტაჟი; 2015 წლის 8 ივნისს მ-----– ს-------–-–---–მა თავისი მეუღლის - ნ----------–- ნ------–---–ის (პირ. № 5----------) დაარეგისტრირა შპს ,,ნ----" (საიდენტ. № 4--------), რომლის დამფუძნებელი და 100%-იანი წილის მფლობელი ეს უკანასკნელია, ხოლო იურიდიული მისამართი და საქმიანობის სახე იგივეა, რაც შპს ,,ი--------"-ის. შპს ,,ნ----საც" გააჩნია აღიარებული საგადასახადო დავალიანება. მ-----– ს-------–-–---–მა 2015 წლის ოქტომბერში კუთვნილი უძრავი ქონება ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გადაუფორმა თავის შვილს - თ------- ს-------–-–---–ს (პირ. № 5----------).

 

ყოველივე აღნიშნული, საბოლოო ჯამში, მიუთითებს მოპასუხეთა მხრიდან საგადასახადო ვალდებულებების შესრულებისათვის თავის არიდებასა და ურთიერთ ცრუმაგიერობაზე.

 

2. მოპასუხეთა პოზიცია

მოპასუხეებმა შესაგებელით სარჩელი არ ცნეს, მიუთითეს და განმარტეს, რომ ისინი ერთმანეთისაგან სრულიად დამოუკიდებელი პირები არიან; მტკიცებულება, რომ ამ პირთა ერთმანეთისაგან გამიჯვნა შეუძლებელია, არ წარმოდგენილა; მათ არაფერი გაუკეთებიათ, რათა თავიდან აერიდებინათ გადასახადის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიებებისათვის.

 

მ-----– ს-------–-–---–ის განმარტებით, სამეწარმეო საქმიანობას თავი ვერ გაართვა, მან თანხა გადარიცხა თურქეთის რესპუბლიკაში საქონლის მომწოდებელთან, თუმცა მან პროდუქცია არ გამოგზავნა. ამის საფუძველზე მეუღლესთან მოუვიდა უთანხმოებაც; ნ----------–- ნ------–---–მა მისგან დამოუკიდებლად დაიწყო საქმიანობა და მასთან შეხება აღარ ჰქონია. კუთვნილი ბინა გადაუფორმა შვილს - თ-------ს იმის გამო, რომ ეწარმოებინა ბიზნესი, ჰქონოდა თავისი დამოუკიდებელი შემოსავალი, რისთვისაც სჭირდებოდა ამ ბინის იპოთეკით დატვირთვა და სესხის გამოტანა.

 

ნ----------–- ნ------–---–ის მითითებით, იმის გამო, რომ მისმა მეუღლემ ვერ ააწყო სამეწარმეო საქმიანობა, შეეცადა, ნათესავის დახმარებით, თვითონ ეწარმოებინა ეს საქმე, რაც საწყის ეტაპზე წარმართა კიდეც, თუმცა მის შვილს (ვაჟს) დასჭირდა თურქეთის რესპუბლიკაში გადაუდებელი ოპერაციის ჩატარება; ხარჯების ნაწილი დაფარული იქნა საქართველოს მთავრობის დახმარებით, ნაწილი კი მისი გადასახდელი გახდა, რის გამოც წარმოეშვა ვალი და სამეწარმეო საქმიანობა ვეღარც მან გააგრძელა.

 

თ------- ს-------–-–---–ის განმარტებით, შეადგინა ბიზნესგეგმა სალონის გახსნა-ფუნქციონირებისათვის, რაც დაუმტკიცეს კიდეც, და მამისაგან გადმოფორმებული ბინა დატვირთა იპოთეკით; ეს გააკეთა იმისთვის, რომ ჰქონოდა თავისი დამოუკიდებელი შემოსავალი და თან, პარალელურად, დახმარებოდა ძმას ოპერაციისა და მკურნალობის ხარჯების ანაზღაურებაში.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3. 1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

მხარეთა შორის უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ დადგენილა.

 

მტკიცებულება: მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. შპს ,,ი--------" სამეწარმეო რეესტრში დარეგისტრირდა 2013 წლის 10 სექტემბერს, მისი იურიდიული მისამართი გორის მუნიციპალიტეტის სოფელი ხ---------ია; მისი დირექტორი და 100 %-იანი წილის მესაკუთრე მ-----– ს-------–-–---–ია;

 

მტკიცებულება: საჯარო რეესტრის ოფიციალური ვებგვერდი http://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=400&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFOI8fWRz6d2I9cFpvz1vs2tL3gpb58spuP9O3wIkUQ[R.

 

3.2.2. შპს ,ნ----" სამეწარმეო რეესტრში დარეგისტრირდა 2015 წლის 8 ივნისს, მისი იურიდიული მისამართი გორის მუნიციპალიტეტის სოფელი ხ---------ია; მისი დირექტორი და 100 %-იანი წილის მესაკუთრე ნ----------–- ნ------–---–ია;

 

მტკიცებულება: 2015 წლის 8 ივნისის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ს. ფ. 25-26).

 

3.2.3. მ-----– ს-------–-–---–სა და თ------- ს-------–-–---–ს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, თ------- ს-------–-–---–ის სახელზე 2015 წლის 29 ოქტომბრიდან საკუთრების უფლებით აღირიცხა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხ---------ში მდებარე უძრავი ქონება, რაც 2016 წლის 22 სექტემბრიდან დაიტვირთა იპოთეკით;

 

მტკიცებულება: 2016 წლის 27 სექტემბრის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს. ფ. 23-24), მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.2.4. აღნიშნული უძრავი ქონება აღსრულების ეროვნული ბიუროს 2017 წლის 30 აგვისტოს განკარგულების საფუძველზე 2017 წლის 5 სექტემბრიდან აღირიცხა ე-–--- ხ---–--ის სახელზე, რომელზეც იპოთეკა რეგისტრირებული აღარ არის.

 

მტკიცებულება: 2017 წლის 10 ოქტომბრის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.

 

3.2.5. ექსპერტის (ონკოლოგის) 2016 წლის 12 აპრილის დასკვნით, აუცილებელია ავადმყოფ ლ-–- მ-----–ის ძე ს-------–-–---–ის საღვარგარეთ სამკურნალოდ გაგზავნა.

 

მტკიცებულება: ექსპერტის დასკვნა.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სასამართლომ განიხილა რა მოცემული საქმე, მოისმინა მხარეთა განმარტება, მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რამდენადაც საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით ფაქტი, რომ გადასახადის გადამხდელების სხვა მოპასუხეებისაგან განსხვავება შეუძლებელია და მათ თავი აარიდეს გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებს, არ დასტურდება.

 

5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს საგადასახადო კოდექსი, ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, ცრუმაგიერ პირებად აღიარებისათვის სახეზე უნდა იყოს გადასახადის გადამხდელის განსხვავების შეუძლებლობა სხვა იმ პირისაგან, რომელიც გამოყენებული იყო გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით, ანუ გადასახადის გადამხდელი, რომელსაც გააჩნია საგადასახადო ვალდებულებები, მისი გადახდისაგან თავის არიდების მიზნით, ისეთ კავშირში უნდა შედიოდეს სხვა პირთან, რომ პრაქტიკულად შეუძლებელი იყოს მათი განსხვავება.

 

დადგენილია, რომ მ-----– ს-------–-–---–ი არის შპს ,,ი--------"-ის დირექტორი და 100 %-იანი წილის მფლობელი, ნ----------–- ნ------–---–ი - შპს ,,ნ----ს" დირექტორი და 100 %-აინი წილის მფლობელი, თუმცა ეს ვერ ადასტურებს ამ პირთა მათ მიერ დაფუძნებული შპს-ებისგან გაუმიჯნაობას.

 

მოსარჩელის მხრიდან არ წარმოდგენილა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც სასამართლოს მისცემდა იმის მყარად დასკვნის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელების - შპს ,,ი--------"-ისა და შპს ,,ნ----ს" განსხვავება შეუძლებელია დანარჩენი მოპასუხე ფიზიკური პირებისაგან.

 

,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორები საზოგადოების კრედიტორების წინაშე პასუხს აგებენ პირადად, თუ ისინი ბოროტად გამოიყენებენ პასუხისმგებლობის შეზღუდვის სამართლებრივ ფორმებს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ამ პუნქტით შპს-ს პარტნიორისათვის განსაზღვრული პირადი პასუხისმგებლობა, თავის მხრივ, არ არის განმსაზღვრელი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის საფუძველზე, დამფუძნებელ პირთა ან დირექტორების შპს-ს ცრუმაგიერ პირებად მიჩნევისათვის.

 

მოსარჩელის განმარტება, რომ მოპასუხე ფიზიკურ პირთა მიერ შპს-ების დაფუძნება გამოყენებულია საგადასახადო უზრუნველყოფის ღონისძიებისაგან თავის არიდების მიზნით, იმთავითვე არ ქმნის მოპასუხე ფიზიკური და იურიდიული პირების ერთმანეთისაგან გამიჯვნის შეუძლებლობის წინაპირობას;

 

სასამართლო განმარტავს, რომ სრულიად სხვაა ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტით შპს-ს პარტნიორისათვის განსაზღვრული პირადი პასუხისმგებლობის ფორმები, ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, და სხვაა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლით პირთა ცრუმაგიერად მიჩნევის საფუძვლები: პირველი შემთხვევა დაკავშირებულია მესამე პირებთან ურთიერთობებზე, ხოლო მეორე - საგადასახადო სამართალურთიერთობასთან.

 

გადასახადის გადამხდელის უმთავრეს ფუნქციას გადასახადების კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ოდენობით გადახდა წარმოადგენს, ხოლო საგადასახადო ორგანოების კანონისმიერი უფლებამოსილება, უზრუნველყონ გადამხდელთა მიერ აღნიშნული ვალდებულების შესრულებაზე კონტროლი, მოიცავს უფლებას, გაატარონ შესაბამისი ღონისძიებები გადამხდელის მიერ საგადასახადო ვალდებულების შეუსრულებლობისას.

 

საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, გამოიყენოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-11 კარით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები, კერძოდ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს, რომ საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები: ა) საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა; ბ) მესამე პირზე გადახდევინების მიქცევა; გ) ქონებაზე ყადაღის დადება; დ) ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია; ე) საბანკო ანგარიშზე საინკასო დავალების წარდგენა; ვ) გადასახადის გადამხდელის სალაროდან ნაღდი ფულის ამოღება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის კანონით დადგენილი ღონისძიებების გამოყენება იწვევს პირის კანონით დაცული უფლებების, მათ შორის, საკუთრებით თავისუფლად სარგებლობისა და განკარგვის შეზღუდვას.

 

ამასთან, პირს ეკისრება აღნიშნულის თმენის ვალდებულება, რადგან მსგავსი ღონისძიებების გატარება ემსახურება საჯარო ლეგიტიმურ მიზანს - საგადასახადო ვალდებულების შესრულებას და მათი გამოყენების საფუძველი სწორედ გადასახადის გადამხდელის ქმედება - საგადასახადო ვალდებულების ჯეროვანი შეუსრულებლობაა.

 

არ ასრულებს რა ნაკისრ მოვალეობებს, გადასახადის გადამხდელისათვის ცნობილი უნდა იყოს, რომ აღნიშნული გამოიწვევს მის მიმართ სათანადო ღონისძიებების გამოყენების შესაძლებლობას, რათა აღსრულდეს კანონით დადგენილი ვალდებულება.

 

სწორედ ამიტომ, საგადასახადო უზრუნველყოფის საგანი ხდება გადამხდელის ქონება. საგადასახადო უზრუნველყოფის საგანი მესამე პირის ქონება ხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც მესამე პირს აქვს გადასახადის გადამხდელის დავალიანება, რომლის გადახდის ვადაც დამდგარია ან როდესაც მესამე პირი იძენს საგადასახადო გირავნობა/იპოთეკით დატვირთულ ქონებას.

 

გარდა აღნიშნულისა, საგადასახადო კანონმდებლობა იცნობს ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად ცნობის ინსტიტუტს, რომლის დროსაც გადახდევინების მიქცევა ხდება არა გადასახადის გადამხდელის, არამედ მესამე პირის ქონებაზე, როდესაც დასტურდება, რომ აღნიშნული პირი გამოყენებული იყო გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით. აღნიშნული მიზნად ისახავს გადასახადების გადახდისაგან თავის არიდების გამორიცხვას, რათა გადასახადის გადამხდელმა ბოროტად არ გამოიყენოს ის გარემოება, რომ მესამე პირის ქონებაზე გადახდევინების მიქცევა არ ხდება და არ მოახდინოს მხოლოდ აღნიშნული მიზნით სხვა პირის შექმნა და მისთვის ქონების გადაცემა გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისაგან თავის არიდების მიზნით.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის თანახმად (ცრუმაგიერი მფლობელობა), თუ სასამართლო დაადგენს, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან და ეს პირი გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით, ითვლება, რომ აღნიშნული პირები არიან ერთიმეორის ცრუმაგიერი პირები; გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების მიზნით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, ცრუმაგიერი პირის მიმართ განახორციელოს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები.

 

იმისათვის, რომ დადასტურდეს ცრუმაგიერი მფლობელობის ფაქტი, სავალდებულოა, დადგინდეს, რომ მოპასუხეები საერთო ეკონომიკური ინტერესების საფუძველზე მოქმედებდნენ გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით.

 

აღნიშნული გარემოების დადგენის თვალსაზრისით, პრინციპული მნიშვნელობა ენიჭება იმ ფაქტის დადასტურებას, რომ დაფუძნებულ კომპანიას არ გააჩნია რეალური დამოუკიდებლობა, შექმნილია ფორმალურად, საწარმოები შექმნილია ერთი და იგივე გარიგებების განხორციელების მიზნით, ერთ საწარმოზე ფორმდება აქტივები, ხოლო მეორეზე ვალდებულებები, საწარმო გამოიყენება სხვა საწარმოს ან პარტნიორის ვალდებულებების დასაფარავად და საწარმოების დამოუკიდებულების ხარისხი არ იძლევა მათი გამიჯვნის შესაძლებლობას.

 

სარჩელი, ძირითადად, ეფუძნება მხოლოდ იმ გარემოებას, რომ მოპასუხე ფიზიკური პირები ერთმანეთის ნათესავები არიან, მათ მიერ დაფუძნებული შპს-ების საქმიანობის სახე და ადგილი ერთი და იგივეა, ხოლო მათ მიერ მიღებული თანხებიდან სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადი არ გადახდილა; ამასთან, მოპასუხე მ-----– ს-------–-–---–მა კუთვნილი უძრავი ქონება გადააფორმა შვილზე - თ------- ს-------–-–---–ზე.

 

სასამართლოს აღნიშნავს, რომ ცრუმაგიერ პირებად აღიარებისათვის სახეზე უნდა იყოს 2 პირობის კუმულაციურად არსებობა: 1. პრაქტიკულად შეუძლებელი უნდა იყოს გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან და 2. ეს პირი გამოყენებული უნდა იყოს გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით.

 

გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისაგან შეუძლებელია, როდესაც სახეზეა: 1. საერთო ფინანსური ანგარიშები და საგადასახადო დეკლარაციების ფაილები (დეკლარაციის ერთობლივად შევსება, ერთიანი დაგეგმვა, საერთო ადმინისტრირება) დამოუკიდებელ კომპანიებში; 2. ერთი კომპანიის ქმედებები არის მეტად განმაპირობებელი (გამიზნული) მეორე კომპანიის ბიზნესის წყაროსი (წარმატების); 3. კომპანია იყენებს სხვა კომპანიის საკუთრებას, როგორც საკუთარს; 4. კორპორაციის ყოველდღიური საქმიანობის ურთიერთაღრევა (ერთობლიობა); 5. შვილობილი კომპანიის ხელმძღვანელების/დასაქმებულების სხვა კომპანიის (მაგ. დედა კომპანიის) საუკეთესო ინტერესებში მოქმედება; 6. ე. წ. ჩრდილოვანი დირექტორის” თეორია.

 

უზრუნველყოფის ღონისძიებებისაგან თავის არიდების სხვა პირის გამოყენების ფორმებია: 1. კომპანიის არასაკმარისი კაპიტალიზაცია (კომპანიას არ გააჩნია საწესდებო კაპიტალი, რაც აუცილებელია საქმიანობის განსახორციელებლად, ანუ კომპანიას არ გააჩნია საკმარისი საწესდებო კაპიტალი მოსალოდნელი მოთხოვნების უზრუნველსაყოფად); 2. კომპანიასა და დამფუძნებელს (პარტნიორს), სხვა პირებს შორის დადებულ გარიგებებს არ გააჩნიათ გარიგების ისეთი ხასიათი, რომელიც ჩვეულებრივ პირობებში დადებული იქნებოდა ორ დამოუკიდებელ პირს შორის და აღნიშნული განპირობებულია უზრუნველყოფის ღონისძიებებისაგან თავის არიდების მიზნით.

 

მოცემულ შემთხვევაში, სახეზე არ არის დასახელებული ორი კუმულაციური პირობიდან არც ერთი - გადასახადის გადამხდელის სხვა პირისგან პრაქტიკულად განსხვავების შეუძლებლობა და ამ პირის გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით გამოყენება.

 

წარმოდგენილი მასალების შეფასებით და ანალიზით, გადასახადის გადამხდელების - შპს ,,ი--------"-ისა და შპს ,,ნ----ს" ამ შპს-ების დამფუძნებელი მოპასუხე ფიზიკური პირებისაგან და მით უფრო თ------- ს-------–-–---–ისაგან განსხვავების პრაქტიკულად შეუძლებლობა არ დგინდება;

 

როგორც აღინიშნა, სარჩელი, ძირითადად, ეფუძნება მხოლოდ იმ გარემოებას, რომ მოპასუხე ფიზიკური პირები ერთმანეთის ნათესავები არიან, მათ მიერ დაფუძნებული შპს-ების საქმიანობის სახე და იურიდიული მისამართი ერთი და იგივეა, ხოლო მათ მიერ მიღებული თანხებიდან სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადი არ გადახდილა.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მხოლოდ ეს გარემოებები, რაც სადავო არ არის, არ ქმნის მათი ცრუმაგიერ პირებად მიჩნევის საკმარის საფუძველს, რადგან არ დგინდება გაუმიჯნაობის დასადასტურებლად ზემოთ მითითებული გარემოებები.

 

მოსარჩელის მითითებით, უძრავი ქონების შვილზე გადაფორმება ადასტურებს მ-----– ს-------–-–---–ის მხრიდან ქონების გარიდების ფაქტს, რაც გაზიარებული ვერ იქნება.

 

დადგენილია, რომ მ-----– ს-------–-–---–სა და თ------- ს-------–-–---–ს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, თ------- ს-------–-–---–ის სახელზე 2015 წლის 29 ოქტომბრიდან საკუთრების უფლებით აღირიცხა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხ---------ში მდებარე უძრავი ქონება, რაც 2016 წლის 22 სექტემბრიდან დაიტვირთა იპოთეკით; აღნიშნული უძრავი ქონება აღსრულების ეროვნული ბიუროს 2017 წლის 30 აგვისტოს განკარგულების საფუძველზე 2017 წლის 5 სექტემბრიდან აღირიცხა ე-–--- ხ---–--ის სახელზე, რომელზეც იპოთეკა რეგისტრირებული აღარ არის; ექსპერტის (ონკოლოგის) 2016 წლის 12 აპრილის დასკვნით კი, აუცილებელია ავადმყოფ ლ-–- მ-----–ის ძე ს-------–-–---–ის საღვარგარეთ სამკურნალოდ გაგზავნა.

 

ეს გარემოებები სრულ თანხვედრაშია მოპასუხეთა მიერ მიცემულ განმარტებასთან, რომ ქონების გადაფორმება მოხდა იმის გამო, რომ თ------- ს-------–-–---–ს ეწარმოებინა ბიზნესი, ჰქონოდა თავისი დამოუკიდებელი შემოსავალი, რისთვისაც სჭირდებოდა ამ ბინის იპოთეკით დატვირთვა და სესხის გამოტანა; მათი ოჯახის წევრს - ლ-–- ს-------–-–---–ს ესაჭიროებოდა გადაუდებელი ოპერაცია და საჭირო იყო დახმარება ოპერაციისა და მკურნალობის ხარჯების ანაზღაურებაში.

 

ეს გარემოებები ერთობლიობაში ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ქონების გადაფორმება არ ატარებდა ფორმალურ ხასიათს და არ ემსახურებოდა საგადასახადო ღონისძიებებისაგან ქონების გარიდების მიზანს; მით უფრო, რომ ეს ქონება აღსრულების ეროვნული ბიუროს 2017 წლის 30 აგვისტოს განკარგულების საფუძველზე 2017 წლის 5 სექტემბრიდან აღირიცხა ე-–--- ხ---–--ის სახელზე.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის 1-ლი ნაწილით, მოსარჩელე ვალდებულია, დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია, წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.

 

სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, აღნიშნოს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს - სსიპ ,,შემოსავლების სამსახურის” მიერ აღძრულია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლით განსაზღვრული აღიარებითი სარჩელი ცრუმაგიერ პირებად ცნობის შესახებ.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ამ მუხლის შესაბამისად, მოსარჩელის კანონიერი ინტერესის არსებობისას, სასამართლო უფლებამოსილია, აღიაროს (დაადასტუროს) კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა ან არარსებობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე მხარე წარმოადგენს აღნიშნული გარემოების დამადასტურებელ უდავო მტკიცებულებებს;

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი შეფასებების უდიდესი და ძირითადი ნაწილი სარჩელში გადატანილია შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის 2017 წლის 6 სექტემბრის № 110666-21-05 მიმართვიდან (ს. ფ. 19-21), რომელიც, თავისი ფორმითა და შინაარსით, მხოლოდ მიმართვაა და არ წარმოადგენს მასში მოყვანილი ფაქტებისა და გარემოებების დამადასტურებელ უტყუარ და საკმარის მტკიცებულებას.

 

მოპასუხედ მითითებულ ფიზიკურ პირთა შორის ნათესაური კავშირიც თვით ამ პირებმა დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე.

 

მოცემულ სარჩელზე უტყუარად დასტურდება მხოლოდ სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები (იხ. გადაწყვეტილების 3.2.1. - 3.2.5. პუნქტები), რომელიც არ იძლევა სარჩელით მოთხოვნილი ცრუმაგიერ პირებად აღიარებაზე მსჯელობის საფუძველს.

 

აღიარებითი სარჩელის სპეციფიკურობა გამომდინარეობს იქიდან, რომ სასამართლო უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების საფუძველზე მხოლოდ აღიარებს (ადასტურებს) კონკრეტული სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის ფაქტს.

 

მოცემულ შემთხვევაში, მხოლოდ ერთი მხარის განმარტება, უტყუარი მტკიცებულებების გარეშე, არ ქმნის ამა თუ იმ პირთა ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად მიჩნევის საკმარის საფუძველს, სსიპ ,,შემოსავლების სამსახურის” მიერ კი საკმარისი მტკიცებულებები წარმოდგენილი არ არის.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება ის გარემოება, რომ გადასახადის გადამხდელ მოპასუხედ დასახელებულ პირებს გაააჩნიათ, ან გააჩნდათ იმგვარი შეუსრულებელი საგადასახადო ვალდებულებები, რომლის გადახდისაგან თავის არიდების მიზნით მათ მოახდინეს ურთიერთშორის ისეთი კავშირის შექმნა, რომ საგადასახადო ორგანო ვერ ახდენს გადასახადის გადამხდელი პირის იდენტიფიცირებას კონკრეტულ დასაბეგრ ოპერაციებზე.

 

მოპასუხეთა ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად აღიარებისთვის სახეზე არ არის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც დაადასტურებდა, რომ მოპასუხეები მათ მიერ განხორციელებული ოპერაციებით მოქმედებდნენ კუთვნილი საგადასახადო ვალდებულებებისა და გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისაგან თავიდან აცილების მიზნით.

 

მოსარჩელის მიერ დასახელებული გარემოებები წარმოადგენს ჩვეულებრივი სამეწარმეო საქმიანობისათვის დამახასიათებელ ქმედებებს, და თუ მყარად, უტყუარად არ იქნა დადასტურებული გადასახადის გადამხდელის სხვა პირისგან პრაქტიკულად განსხვავების შეუძლებლობა და ამ პირის გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით გამოყენება, მოპასუხეთა ცრუმაგიერ პირებად აღიარება მოკლებული იქნება როგორც ფაქტობრივ, ასევე სამართლებრივ საფუძველს.

 

ამდენად, სარჩელი უსაფუძვლოა და დაკმაყოფილებული ვერ იქნება.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალწარმოებისას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

მოსარჩელე, ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,ლ” ქვეპუნქტის საფუძველზე, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებებთან დაკავშირებული საკითხები

მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-4, მე-12, მე-19, 25-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. სსიპ ,,შემოსავლების სამსახურის” სარჩელი შპს ,,ი--------”-ის, შპს ,,ნ----ს”, მ-----– ს-------–-–---–ის, ნ----------–- ნ------–---–ისა და თ------- ს-------–-–---–ის მიმართ მოპასუხეების ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მხარეები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებული არიან.

 

3. გადაწყვეტილებაზე შეიძლება სააპელაციო საჩივრის შეტანა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. № 7ა) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის. გორი, ჯორბენაძის ქ. № 30).

 

მოსამართლე: დავით პაპუაშვილი