გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 140310118002475516
საქმე № 3/138-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
7 აგვისტო, 2018 წელი ქ. გორი
შესავალი ნაწილი
გორის რაიონული სასამართლო
მოსამართლე დავით პაპუაშვილი
სხდომის მდივანი ნინო მურადაშვილი
მოსარჩელე: სსიპ ,,შემოსავლების სამსახური”
წარმომადგენელი: ნ----- ბ--–--–---–-
მოპასუხეები: შპს ,,ვ--- რ------–--”, შპს ,,ა----”, ა-----– ქ---------ე, დ----- ე-----–--ე
წარმომადგენელი: ა------ გ-----–---–-
დავის საგანი: ცრუმაგიერ პირებად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
შპს ,,ვ--- რ------–--ს”, შპს ,,ა----ს”, ა-----– ქ---------ისა და დ----- ე-----–--ის ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად ცნობა.
სარჩელის თანახმად, შპს ,ვ--- რ------–--" (საიდენტ. № 2--------) გააჩნია აღიარებული საგადასახადო დავალიანება, რომლის დამფუძნებელი და 100%-იანი წილის მფლობელი ა-----– ქ---------ეა (პირ. № 5----------); მისი საქმიანობის სახე იყო სპეციალიზებულ მაღაზიებში ვაჭრობა რკინა-კავით, საღებავით, მინით და სხვა სამშენებლო-სარემონტო მასალით; 2017 წლის 15 მაისს ა-----– ქ---------ემ თავისი მეუღლის ძმის - დ----- ე-----–--ის (პირ. № 5----------) სახელზე დაარეგისტრირა შპს ,,ა----" (საიდენტ. № 4---------), რომლის დამფუძნებელი და 100%-იანი წილის მფლობელი ეს უკანასკნელია, ხოლო იურიდიული მისამართი და საქმიანობის სახე იგივეა, რაც შპს ,,ვ--- რ------–--სა". შპს ,,ვ--- რ------–--მ" სამეწარმეო საქმიანობა შეაჩერა 2017 წლის აგვისტოდან და იმავე მისამართზე იგივე საქმიანობა გააგრძელა შპს ,,ა----მ", რაც დასტურდება იგივე მომწოდებლებისაგან საქონლის მიღებით. ამავე დროს, ორივე კომპანიაში დასაქმებულია ერთი და იგივე პირები.
ყოველივე აღნიშნული, საბოლოო ჯამში, მიუთითებს მოპასუხეთა მხრიდან საგადასახადო ვალდებულებების შესრულებისათვის თავის არიდებასა და ურთიერთ ცრუმაგიერობაზე.
2. მოპასუხეთა პოზიცია
მოპასუხეებმა შესაგებელით სარჩელი არ ცნეს, მიუთითეს და განმარტეს, რომ ისინი ერთმანეთისაგან სრულიად დამოუკიდებელი პირები არიან; მტკიცებულება, რომ ამ პირთა ერთმანეთისაგან გამიჯვნა შეუძლებელია, არ წარმოდგენილა; მათ არაფერი გაუკეთებიათ, რათა თავიდან აერიდებინათ გადასახადის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიებებისათვის.
შპს ,,ვ--- რ------–--ს" საგადასახადო შემოწმება დაიწყო 2017 წლის 24 მაისს და დასრულდა იმავე წლის 1 ნოემბერს, შპს ,,ა----" კი დაფუძნდა შემოწმების დაწყებამდე 9 დღით ადრე, და შპს ,,ა----ს" დაფუძნება, შპს ,,ვ--- რ------–--ს" ცრუმაგიერ მფლობელობასთან დაკავშირებით ვერ მოხდებოდა; შპს ,,ა----მ" დაფუძნებისა და სამეწარმეო საქმიანობისათვის დაფუძნებისთანავე გააფორმა არაერთი საკრედიტო ხელშეკრულება საბანკო დაწესებულებასთან, რასაც დღემდე იხდის. შპს ,,ა----ს" სახელზე გაცემულია სასაქონლო ზედნადებები პროდუქციის მოწოდებაზე არა მხოლოდ იმავე კომპანიებთან, რაზეც მიუთითებს მოსარჩელე, არამედ აგრეთვე სხვა მეწარმე სუბიექტებთანაც. შპს ,,ვ--- რ------–--სა" და შპს ,,ა----ში" მუშაობენ პირები, რომლებიც არიან თვითდასაქმებული, და ისინი დღესაც მუშაობენ კიდევ სხვა სამეწარმეო სუბიექტებთან. ეს პირები ადასტურებენ იმას, რომ მითითებული ორი კომპანია და მათი ხელმძღვანელობა ერთმანეთის საქმიანობაში არ ჩარეულან და დღესაც არ ერევიან. გორში, შ------ის გზ. № 2-ში არის ე. წ. საქმიანი ეზო, სადაც, შპს ,,ვ--- რ------–--სა" და შპს ,,ა----ს" გარდა ფუნქციონირებს არაერთი სხვა კომპანია, რომელიც ზუსტად იმავე საქმიანობას ეწევიან, რასაც ეს ორი კომპანია - ვაჭრობა რკინა-კავით, საღებავით, მინით და სხვა სამშენებლო-სარემონტო მასალით; ა-----– ქ---------ეს ამ ტერიტორიაზე საკუთრებაში გააჩნია უძრავი ქონება, რაც იჯარით აიღო შპს ,,ა----მ", რადგან შპს ,,ვ--- რ------–--მ" ვერ შეძლო საქმიანობის ეფექტურად წარმართვა, გაუჩნდა საბიუჯეტო და სხვა დავალიანება, ხოლო შპს ,,ა----ს" საქმიანობისათვის ესაჭიროებოდა გაფართოება. შპს ,,ვ--- რ------–--ს" აღიარებული აქვს საბიუჯეტო დავალიანების მხოლოდ ნაწილი, დანარჩენ ნაწილზე კი მიმდინარეობს ადმინისტრაციული საქმის წამოება მისი საჩივრის საფუძველზე.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3. 1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
მხარეთა შორის უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ დადგენილა.
მტკიცებულება: მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. შპს ,,ვ--- რ------–--" სამეწარმეო რეესტრში დარეგისტრირდა 2009 წლის 29 დეკემბერს, მისი იურიდიული მისამართი გორი, შ------ის გზ. № 2-ია; მისი დირექტორი და 100 %-იანი წილის მესაკუთრე ა-----– ქ---------ეა;
მტკიცებულება: 2014 წლის 8 სექტემბრის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ს. ფ. 26-27).
3.2.2. შპს ,,ა----" სამეწარმეო რეესტრში დარეგისტრირდა 2017 წლის 15 მაისს, მისი იურიდიული მისამართი გორი, შ------ის გზ. № 2-ია; მისი დირექტორი და 100 %-იანი წილის მესაკუთრე დ----- ე-----–--ეა;
მტკიცებულება: 2017 წლის 15 მაისის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ს. ფ. 30-31).
3.2.3. ა-----– ქ---------ე არის დ----- ე-----–--ის დის მეუღლე;
მტკიცებულება: ქორწინებისა და დაბადების მოწმობები, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 8 მაისის № 01/146231 მიმართვა (ს. ფ. 44).
3.2.4. ა-----– ქ---------ის სახელზე 2016 წლის 19 სექტემბრიდან ირიცხება გორში, შ------ის გზ. № 2-ში მდებარე უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით 6--4--1--1--- რაც 2016 წლის 28 მარტიდან დატვირთულია იპოთეკით;
მტკიცებულება: 2016 წლის 19 სექტემბრის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს. ფ. 28-29).
3.2.5. ა-----– ქ---------ის სახელზე 2009 წლიდან ირიცხება გორში, შ------ის გზ. № 2-ში მდებარე უძრავი ქონების ნაწილი, საკადასტრო კოდით 6--4--1--0--- კერძოდ მთლიანი მიწის ნაკვეთდან 158 მ2 და მთლიანი შენობიდან - 85,40 მ2, რაც 2009-2010 წლებიდან დატვირთულია იპოთეკით;
მტკიცებულება: 2016 წლის 19 სექტემბრის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს. ფ. 42-43).
3.2.6. შპს ,,ა----ს" იურიდიულ მისამართად გორი, შ------ის გზ. №2-ის რეგისტრაცია მოხდა ა-----– ქ---------ს თანხობით, № 6--4--1--0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ ფართზე;
მტკიცებულება: უძრავი ნივთს მესაკუთრის თანხმობა (ს. ფ. 35).
3.2.7. 2017 წლის 15 მაისს გაფომებული იჯარის ხელშეკრულებით ა-----– ქ---------ემ შპს ,,ა----ს" იჯარით გადასცა გორში, ც------–ის გზ. № 2-ში მდებარე მაღაზია, საკადასტრო კოდით 6--4--1--1---
მტკიცებულება: იჯარის ხელშეკრულება.
3.2.8. 2018 წლის 2 თებერვალს გაფომებული იჯარის ხელშეკრულებით დ------ ბ--–-----–-–---–მა შპს ,,ა----ს" იჯარით გადასცა გორში, ც------–ის გზ. № 2-ში მდებარე საწყობი, საკადასტრო კოდით 6--4--1--0---
მტკიცებულება: იჯარის ხელშეკრულება.
3.2.9. ნ----- ქ-----–-–---–ი მუშაობს შპს ,,ა---------------–---------ში", შპს ,,გ---ში", შპს ,,ლ---------–ში" ბუღალტრად; დ------ ბ--–-----–-–---–ი მუშაობს შპს ,,ა----ში", ინდ. მეწარმე ქ------- ბ----–--ესთან მუშად; ნ----- ბ-------–---–ი მუშაობს შპს ,,ნ--------ში", ინდ. მეწარმე ნ----- ბ--------–-–---–თან ბუღალტრად, ხოლო შპს ,,ა----ში" - ბუღალტრის თანაშემწედ; გ------- ე-----–--ე მუშაობს შპს ,,ა----ში" გაყიდვების მენეჯერად და შპს ,,პ-----------------ში"; ზ----- ე-----–--ე მუშაობდა ინდ. მეწარმე გ----------–---–თან, ხოლო დღეის მდგომარეობით მუშაობს შპს ,,ა----ში" მენეჯერად.
მტკიცებულება: 2018 წლის 5-6 აგვისტოს ცნობები
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა რა მოცემული საქმე, მოისმინა მხარეთა განმარტება, მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რამდენადაც საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით ფაქტი, რომ გადასახადის გადამხდელის სხვა მოპასუხეებისაგან განსხვავება შეუძლებელია და მათ ერთიანი განზრახვით და მოქმედებით თავი აარიდეს გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებს, არ დასტურდება.
5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს საგადასახადო კოდექსი, ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, ცრუმაგიერ პირებად აღიარებისათვის სახეზე უნდა იყოს გადასახადის გადამხდელის განსხვავების შეუძლებლობა სხვა იმ პირისაგან, რომელიც გამოყენებული იყო გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით, ანუ გადასახადის გადამხდელი, რომელსაც გააჩნია საგადასახადო ვალდებულებები, მისი გადახდისაგან თავის არიდების მიზნით, ისეთ კავშირში უნდა შედიოდეს სხვა პირთან, რომ პრაქტიკულად შეუძლებელი იყოს მათი განსხვავება.
დადგენილია, რომ ა-----– ქ---------ე არის შპს ,,ვ--- რ------–--ს" დირექტორი და 100 %-იანი წილის მფლობელი, დ----- ე-----–--ე - შპს ,,ა----ს" დირექტორი და 100 %-იანი წილის მფლობელი, თუმცა ეს ვერ ადასტურებს ამ პირთა მათ მიერ დაფუძნებული შპს-ებისგან გაუმიჯნაობას.
მოსარჩელის მხრიდან არ წარმოდგენილა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც სასამართლოს მისცემდა იმის მყარად დასკვნის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელების - შპს ,,ვ--- რ------–--სა" და შპს ,,ა----ს" განსხვავება შეუძლებელია მათი დამფუძნებელი და დირექტორი ფიზიკური პირებისაგან.
,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორები საზოგადოების კრედიტორების წინაშე პასუხს აგებენ პირადად, თუ ისინი ბოროტად გამოიყენებენ პასუხისმგებლობის შეზღუდვის სამართლებრივ ფორმებს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ამ პუნქტით შპს-ს პარტნიორისათვის განსაზღვრული პირადი პასუხისმგებლობა, თავის მხრივ, არ არის განმსაზღვრელი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის საფუძველზე, დამფუძნებელ პირთა ან დირექტორების შპს-ს ცრუმაგიერ პირებად მიჩნევისათვის.
მოსარჩელის განმარტება, რომ მოპასუხე ფიზიკურ პირთა მიერ შპს-ების დაფუძნება გამოყენებულია საგადასახადო უზრუნველყოფის ღონისძიებისაგან თავის არიდების მიზნით, იმთავითვე არ ქმნის მოპასუხე ფიზიკური და იურიდიული პირების ერთმანეთისაგან გამიჯვნის შეუძლებლობის წინაპირობას;
სასამართლო განმარტავს, რომ სრულიად სხვაა ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტით შპს-ს პარტნიორისათვის განსაზღვრული პირადი პასუხისმგებლობის ფორმები, ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, და სხვაა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლით პირთა ცრუმაგიერად მიჩნევის საფუძვლები: პირველი შემთხვევა დაკავშირებულია მესამე პირებთან ურთიერთობებზე, ხოლო მეორე - საგადასახადო სამართალურთიერთობასთან.
გადასახადის გადამხდელის უმთავრეს ფუნქციას გადასახადების კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ოდენობით გადახდა წარმოადგენს, ხოლო საგადასახადო ორგანოების კანონისმიერი უფლებამოსილება, უზრუნველყონ გადამხდელთა მიერ აღნიშნული ვალდებულების შესრულებაზე კონტროლი, მოიცავს უფლებას, გაატარონ შესაბამისი ღონისძიებები გადამხდელის მიერ საგადასახადო ვალდებულების შეუსრულებლობისას.
საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, გამოიყენოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-11 კარით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები, კერძოდ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს, რომ საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები: ა) საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა; ბ) მესამე პირზე გადახდევინების მიქცევა; გ) ქონებაზე ყადაღის დადება; დ) ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია; ე) საბანკო ანგარიშზე საინკასო დავალების წარდგენა; ვ) გადასახადის გადამხდელის სალაროდან ნაღდი ფულის ამოღება.
სასამართლო განმარტავს, რომ საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის კანონით დადგენილი ღონისძიებების გამოყენება იწვევს პირის კანონით დაცული უფლებების, მათ შორის, საკუთრებით თავისუფლად სარგებლობისა და განკარგვის შეზღუდვას.
ამასთან, პირს ეკისრება აღნიშნულის თმენის ვალდებულება, რადგან მსგავსი ღონისძიებების გატარება ემსახურება საჯარო ლეგიტიმურ მიზანს - საგადასახადო ვალდებულების შესრულებას და მათი გამოყენების საფუძველი სწორედ გადასახადის გადამხდელის ქმედება - საგადასახადო ვალდებულების ჯეროვანი შეუსრულებლობაა.
არ ასრულებს რა ნაკისრ მოვალეობებს, გადასახადის გადამხდელისათვის ცნობილი უნდა იყოს, რომ აღნიშნული გამოიწვევს მის მიმართ სათანადო ღონისძიებების გამოყენების შესაძლებლობას, რათა აღსრულდეს კანონით დადგენილი ვალდებულება.
სწორედ ამიტომ, საგადასახადო უზრუნველყოფის საგანი ხდება გადამხდელის ქონება. საგადასახადო უზრუნველყოფის საგანი მესამე პირის ქონება ხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც მესამე პირს აქვს გადასახადის გადამხდელის დავალიანება, რომლის გადახდის ვადაც დამდგარია ან როდესაც მესამე პირი იძენს საგადასახადო გირავნობა/იპოთეკით დატვირთულ ქონებას.
გარდა აღნიშნულისა, საგადასახადო კანონმდებლობა იცნობს ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად ცნობის ინსტიტუტს, რომლის დროსაც გადახდევინების მიქცევა ხდება არა გადასახადის გადამხდელის, არამედ მესამე პირის ქონებაზე, როდესაც დასტურდება, რომ აღნიშნული პირი გამოყენებული იყო გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით. აღნიშნული მიზნად ისახავს გადასახადების გადახდისაგან თავის არიდების გამორიცხვას, რათა გადასახადის გადამხდელმა ბოროტად არ გამოიყენოს ის გარემოება, რომ მესამე პირის ქონებაზე გადახდევინების მიქცევა არ ხდება და არ მოახდინოს მხოლოდ აღნიშნული მიზნით სხვა პირის შექმნა და მისთვის ქონების გადაცემა გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისაგან თავის არიდების მიზნით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის თანახმად (ცრუმაგიერი მფლობელობა), თუ სასამართლო დაადგენს, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან და ეს პირი გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით, ითვლება, რომ აღნიშნული პირები არიან ერთიმეორის ცრუმაგიერი პირები; გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების მიზნით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, ცრუმაგიერი პირის მიმართ განახორციელოს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები.
იმისათვის, რომ დადასტურდეს ცრუმაგიერი მფლობელობის ფაქტი, სავალდებულოა, დადგინდეს, რომ მოპასუხეები საერთო ეკონომიკური ინტერესების საფუძველზე მოქმედებდნენ გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით.
აღნიშნული გარემოების დადგენის თვალსაზრისით, პრინციპული მნიშვნელობა ენიჭება იმ ფაქტის დადასტურებას, რომ დაფუძნებულ კომპანიას არ გააჩნია რეალური დამოუკიდებლობა, შექმნილია ფორმალურად, საწარმოები შექმნილია ერთი და იგივე გარიგებების განხორციელების მიზნით, ერთ საწარმოზე ფორმდება აქტივები, ხოლო მეორეზე ვალდებულებები, საწარმო გამოიყენება სხვა საწარმოს ან პარტნიორის ვალდებულებების დასაფარავად და საწარმოების დამოუკიდებულების ხარისხი არ იძლევა მათი გამიჯვნის შესაძლებლობას.
სარჩელი, ძირითადად, ეფუძნება მხოლოდ იმ გარემოებას, რომ მოპასუხე ფიზიკური პირები ერთმანეთის ნათესავები არიან, მათ მიერ დაფუძნებული შპს-ების საქმიანობის სახე და ადგილი ერთი და იგივეა, ხოლო შპს ,,ვ--- რ------–--ს" მიერ მიღებული თანხებიდან სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადი არ გადახდილა; ამასთან, ორივე კომპანიაში დასაქმებულნი არიან ერთი და იგივე პირები.
სასამართლოს აღნიშნავს, რომ ცრუმაგიერ პირებად აღიარებისათვის სახეზე უნდა იყოს 2 პირობის კუმულაციურად არსებობა: 1. პრაქტიკულად შეუძლებელი უნდა იყოს გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან და 2. ეს პირი გამოყენებული უნდა იყოს გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით.
გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისაგან შეუძლებელია, როდესაც სახეზეა: 1. საერთო ფინანსური ანგარიშები და საგადასახადო დეკლარაციების ფაილები (დეკლარაციის ერთობლივად შევსება, ერთიანი დაგეგმვა, საერთო ადმინისტრირება) დამოუკიდებელ კომპანიებში; 2. ერთი კომპანიის ქმედებები არის მეტად განმაპირობებელი (გამიზნული) მეორე კომპანიის ბიზნესის წყაროსი (წარმატების); 3. კომპანია იყენებს სხვა კომპანიის საკუთრებას, როგორც საკუთარს; 4. კორპორაციის ყოველდღიური საქმიანობის ურთიერთაღრევა (ერთობლიობა); 5. შვილობილი კომპანიის ხელმძღვანელების/დასაქმებულების სხვა კომპანიის (მაგ. დედა კომპანიის) საუკეთესო ინტერესებში მოქმედება; 6. ე. წ. ჩრდილოვანი დირექტორის” თეორია.
უზრუნველყოფის ღონისძიებებისაგან თავის არიდების სხვა პირის გამოყენების ფორმებია: 1. კომპანიის არასაკმარისი კაპიტალიზაცია (კომპანიას არ გააჩნია საწესდებო კაპიტალი, რაც აუცილებელია საქმიანობის განსახორციელებლად, ანუ კომპანიას არ გააჩნია საკმარისი საწესდებო კაპიტალი მოსალოდნელი მოთხოვნების უზრუნველსაყოფად); 2. კომპანიასა და დამფუძნებელს (პარტნიორს), სხვა პირებს შორის დადებულ გარიგებებს არ გააჩნიათ გარიგების ისეთი ხასიათი, რომელიც ჩვეულებრივ პირობებში დადებული იქნებოდა ორ დამოუკიდებელ პირს შორის და აღნიშნული განპირობებულია უზრუნველყოფის ღონისძიებებისაგან თავის არიდების მიზნით.
მოცემულ შემთხვევაში, სახეზე არ არის დასახელებული ორი კუმულაციური პირობიდან არც ერთი - გადასახადის გადამხდელის სხვა პირისგან პრაქტიკულად განსხვავების შეუძლებლობა და ამ პირის გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით გამოყენება.
წარმოდგენილი მასალების შეფასებით და ანალიზით, გადასახადის გადამხდელების - შპს ,,ვ--- რ------–--სა" და შპს ,,ა----ს" ამ შპს-ების დამფუძნებელი მოპასუხე ფიზიკური პირებისაგან განსხვავების პრაქტიკულად შეუძლებლობა არ დგინდება; კერძოდ:
სარჩელის თანახმად, შპს ,,ვ--- რ------–--ს" საგადასახადო შემოწმება დაიწყო 2017 წლის 24 მაისს მაშინ, როდესაც შპს ,,ა----" უკევ 9 დღის დაფუძნებული იყო და გაფორმებული ჰქონდა საკრედიტო ხელშეკრულება საბანკო დაწესებულებასთან;
საქმეზე მოწმის სახით დაკითხულ იქნენ ნ----- ქ-----–-–---–ი, ნ----- ბ-------–---–ი, ზ----- ე-----–--ე და გ------- ე-----–--ე.
ნ----- ქ-----–-–---–ის განმარტებით, იგი პროფესიით ბუღალტერია და შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ ემსახურება სხვა და სხვა სამეწარმეო სუბიექტებს, მათ შორის შპს ,,ვ--- რ------–--სა" და შპს ,,ა----ს". გორში, შ------ის გზ. №2-ში არის სხვა ბევრი ფირმა, რომლებიც ეწევიან ზუსტად იგივე საქმიანობას, რასაც ეს ორი კომპანია, მათ შორის შპს ,,პ-----------------ი", ინდ. მეწარმე გ----------–---–ი. იგი დ----- ე-----–--ის მამის - ზ------ ე-----–--ის თხოვნით დაეხმარა შპს ,,ა----ს" დარეგისტრირებაში; ამ უკანასკნელმა მხოლოდ ბანკიდან აღებული კრედიტით შეძლო საქმიანობის დაწყება. ა-----– ქ---------ესა და დ----- ე-----–--ეს ერთმანეთთან რაიმე სახის საქმიანი კავშირი და ურთიერთობა არ აქვთ, მხოლოდ შპს ,,ა----მ" იჯარით აიღო ა-----– ქ---------ის კუთვნილი მაღაზია, სადაც ადრე შპს ,,ვ--- რ------–--ს" ჰქონდა შეტანილი სარეალიზაციო საქონელი; შპს ,,ა----ს" საქმიანობაში არც ა-----– ქ---------ეს და არც შპს ,,ვ--- რ------–--ს" არასდროს მიუღიათ მონაწილეობა; მან მოგვიანებით შეიტყო ა-----– ქ---------ისა და დ----- ე-----–--ის ნათესავობის შესახებ.
ნ----- ბ-------–---–მა დაადასტურა იგივე გარემოებები. მისი განმარტებით, იგი მუშაობს სხვა და სხვა სამეწარმეო სუბიექტებთან მოლარე-ოპერატორად; შპს ,,ვ--- რ------–--ში" მუშაობდა 4 წლის განმავლობაში. მან შპს ,,ა----ში" მუშაობა დაიწყო დ----- ე-----–--ის მამის - ზ------ ე-----–--ის თხოვნით. გორში, შ------ის გზ. №2-ში არის სხვა ბევრი ფირმა, რომლებიც ეწევიან ზუსტად იგივე საქმიანობას, რასაც ეს ორი კომპანია. შპს ,,ა----" დააფუძნა დ----- ე-----–--ემ, რაც იყო მათი ოჯახური ბიზნესი, რაშიც დახმარებას უწევდა მისი მამა - ზ------ ე-----–--ე; არასდროს მომხდარა, რომ ა-----– ქ---------ე ან შპს ,,ვ--- რ------–--" როდესმე რაიმე ფორმით ჩარეულიყო შპს ,,ა----ს" საქმიანობაში, რადგან ამის საჭიროება არც იდგა - ზ------ ე-----–--ე ამ საკითხში იყო გამოცდილი პირი. იგი სხვა და სხვა კომპანიაში საქმიანობას ახორციელებს საოფისე სახით - აქვს კომპიუტერი და მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ახდენს სასაქონლო ზედნადებების გაწერას.
ზ----- და გ------- ე-----–--ეებმაც (შპს ,,ა----ს" მენეჯერები, დ----- ე-----–--ის ძმები) დაადასტურეს მოწმეთა მიერ დასახელებული ყველა გარემოება, განმარტეს, რომ სამეწარმეო საქმიანობა ოჯახმა მამის - ზ------ ე-----–--ის მონდომებით დაიწყო, რომელიც გარდაიცვალა 2017 წლის აგვისტოში. ა-----– ქ---------ემ სამეწარმეო საქმიანობა დაიწყო მანამდე, ვიდრე იგი მათი ოჯახის სიძე გახდებოდა. დღეის მდგომარეობით ა-----–ი უმუშევარია, თუმცა შპს ,,ა----ს" გააჩნია საბანკო და სხვა დავალიანებები, რომლებსაც ნელ-ნელა იხდიან და ჯერ-ჯერობით მისი დასაქმება არ შეუძლიათ. მისი მაღაზიაც იჯარით აიღეს იმის გამო, ა-----–ი ვეღარ აგრძელებდა საქმიანობას, ხოლო შპს ,,ა----სთვის" აუცილებელი იყო საქმიანობის გაფართოება. ა-----–ი და მათი მამა ერთმანეთს უზიარებდნენ გამოცდილებას, თუმცა არც ა-----–ი და არც შპს ,,ვ--- რ------–--" მათ საქმიანობაში არასდროს ჩარეულა.
სასამართლო განმარტავს, რომ ცრუმაგიერ პირებად აღიარებისათვის სახეზე უნდა იყოს გადასახადის გადამხდელის განსხვავების შეუძლებლობა სხვა იმ პირისაგან, რომელიც გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით, ანუ გადასახადის გადამხდელი პირი, რომელსაც გააჩნია საგადასახადო ვალდებულებები, მისი გადახდისაგან თავის არიდების მიზნით ისეთ კავშირში შედის სხვა პირთან, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია მათი განსხვავება.
როგორც აღინიშნა, სარჩელი, ძირითადად, ეფუძნება მხოლოდ იმ გარემოებას, რომ მოპასუხე ფიზიკური პირები ერთმანეთის ნათესავები არიან, მათ მიერ დაფუძნებული შპს-ების საქმიანობის სახე და იურიდიული მისამართი ერთი და იგივეა, ხოლო შპ ,,ვ--- რ------–--ს" მიერ მიღებული თანხებიდან სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადი არ გადახდილა.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მხოლოდ ეს გარემოებები, რაც სადავო არ არის, არ ქმნის მათი ცრუმაგიერ პირებად მიჩნევის საკმარის საფუძველს, რადგან არ დგინდება გაუმიჯნაობის დასადასტურებლად ზემოთ მითითებული გარემოებები.
უძრავი ქონების იჯარით გადაცემაც დაკავშირებულია ჩვეულებრივ სამეწარმეო საქმიანობასთან და ამ ქმედებაში გადასახადის გადახდისაგან თავის არიდების არც მიზანი და არც შესაძლებლობა იკვეთება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის 1-ლი ნაწილით, მოსარჩელე ვალდებულია, დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია, წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.
სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, აღნიშნოს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს - სსიპ ,,შემოსავლების სამსახურის” მიერ აღძრულია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლით განსაზღვრული აღიარებითი სარჩელი ცრუმაგიერ პირებად ცნობის შესახებ.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ამ მუხლის შესაბამისად, მოსარჩელის კანონიერი ინტერესის არსებობისას, სასამართლო უფლებამოსილია, აღიაროს (დაადასტუროს) კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა ან არარსებობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე მხარე წარმოადგენს აღნიშნული გარემოების დამადასტურებელ უდავო მტკიცებულებებს;
მოცემულ სარჩელზე უტყუარად დასტურდება მხოლოდ სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები (იხ. გადაწყვეტილების 3.2.1. - 3.2.9. პუნქტები), რომელიც არ იძლევა სარჩელით მოთხოვნილი ცრუმაგიერ პირებად აღიარებაზე დასკვნის გაკეთების საკმარის საფუძველს.
აღიარებითი სარჩელის სპეციფიკურობა გამომდინარეობს იქიდან, რომ სასამართლო უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების საფუძველზე მხოლოდ აღიარებს (ადასტურებს) კონკრეტული სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის ფაქტს.
მოცემულ შემთხვევაში, მხოლოდ ერთი მხარის განმარტება, უტყუარი მტკიცებულებების გარეშე, არ ქმნის ამა თუ იმ პირთა ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად მიჩნევის საკმარის საფუძველს, სსიპ ,,შემოსავლების სამსახურის” მიერ კი საკმარისი მტკიცებულებები წარმოდგენილი არ არის.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება ის გარემოება, რომ გადასახადის გადამხდელ მოპასუხედ დასახელებულ პირებს გაააჩნიათ, ან გააჩნდათ იმგვარი შეუსრულებელი საგადასახადო ვალდებულებები, რომლის გადახდისაგან თავის არიდების მიზნით მათ მოახდინეს ურთიერთშორის ისეთი კავშირის შექმნა, რომ საგადასახადო ორგანო ვერ ახდენს გადასახადის გადამხდელი პირის იდენტიფიცირებას კონკრეტულ დასაბეგრ ოპერაციებზე.
მოპასუხეთა ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად აღიარებისთვის სახეზე არ არის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც დაადასტურებდა, რომ მოპასუხეები მათ მიერ განხორციელებული ოპერაციებით მოქმედებდნენ კუთვნილი საგადასახადო ვალდებულებებისა და გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისაგან თავიდან აცილების მიზნით.
მოსარჩელის მიერ დასახელებული გარემოებები წარმოადგენს ჩვეულებრივი სამეწარმეო საქმიანობისათვის დამახასიათებელ ქმედებებს, და თუ მყარად, უტყუარად არ იქნა დადასტურებული გადასახადის გადამხდელის სხვა პირისგან პრაქტიკულად განსხვავების შეუძლებლობა და ამ პირის გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით გამოყენება, მოპასუხეთა ცრუმაგიერ პირებად აღიარება მოკლებული იქნება როგორც ფაქტობრივ, ასევე სამართლებრივ საფუძველს.
ამდენად, სარჩელი უსაფუძვლოა და დაკმაყოფილებული ვერ იქნება.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალწარმოებისას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მოსარჩელე, ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,ლ” ქვეპუნქტის საფუძველზე, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
მოპასუხე მხარეს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შესახებ საჩივარზე გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი, თუმცა იმის გამო, რომ იგი არ შუამდგომლობს მის ანაზღაურებას, მოსარჩელეზე ამ ხარჯების ანაზღაურების ვალდებულება ვერ დაეკისრება.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებებთან დაკავშირებული საკითხები
გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 1 ივნისის განჩინებით სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ყადაღა დაედო, მოპასუხე ა-----– ქ---------ის კუთვნილ ქონებას: 1. საკადასტრო კოდი: 6--4--1--1--- 2. საკადასტრო კოდი: 6--4--1--0--; 3. საკადასტრო კოდი: 6--4--0--0--- 4. შპს "ვ--- რ------–--ს" კაპიტალში 100 % წილს; 5. ცეცხლსასროლი იარაღს "ვინჩესტერი" (იარაღის N0-----); მოპასუხე დ----- ე-----–--ის შპს "ა----ს" კაპიტალში 100 % წილს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის თანახმად, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.
იმის გამო, რომ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა გაუქმდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-4, მე-12, მე-19, 25-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სსიპ ,,შემოსავლების სამსახურის” სარჩელი შპს ,,ვ--- რ------–--ს”, შპს ,,ა----ს”, ა-----– ქ---------ისა და დ----- ე-----–--ის მიმართ მოპასუხეების ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდეს.
2. მხარეები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებული არიან.
3. გაუქმდეს გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 1 ივნისის განჩინებით სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით გამოყენებული ღონისძიება, რომლითაც ყადაღა დაედო, მოპასუხე ა-----– ქ---------ის კუთვნილ ქონებას: 1. საკადასტრო კოდი: 6--4--1--1--- 2. საკადასტრო კოდი: 6--4--1--0--; 3. საკადასტრო კოდი: 6--4--0--0--- 4. შპს "ვ--- რ------–--ს" კაპიტალში 100 % წილს; 5. ცეცხლსასროლი იარაღს "ვინჩესტერი" (იარაღის N0-----); მოპასუხე დ----- ე-----–--ის შპს "ა----ს" კაპიტალში 100 % წილს.
4. გადაწყვეტილებაზე შეიძლება სააპელაციო საჩივრის შეტანა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. № 7ა) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის. გორი, ჯორბენაძის ქ. № 30).
მოსამართლე: დავით პაპუაშვილი