გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/3095-16
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
10 აგვისტო 2018 წ. ქ. ქუთაისი
შესავალი ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს
მოსამართლე ციცინო კიკვაძე
სხდომის მდივანი ია დვალიშვილი
მოსარჩელე - შპს „G----
წარმომადგენელი – დ----- მ--–--ია, ლ--–- ბ---ელაძე;
მოპასუხე - ალ---------ე შ----ლია;
ალ---------ე შ----ლიას წარმომადგენელი – ლ---ნ ა-----ე;
მოპასუხე -ლ----და მ---ძე (არ გამოცხადდა);
დავის საგანი – თანხის დაკისრება.
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ალ---------ე შ----ლიას და ლ----და მ---ძეს შპს „G--“-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სასესხო დავალიანების 2005 ლარის გადახდა;
1.2. ალ---------ე შ----ლიას და ლ----და მ---ძეს შპს „G--“-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ, დავალიანების ცნობის გაცემიდან 2016 წლის 20 დეკემბრიდან, სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე 1200 ლარზე, სამი თვის განმავლობაში დასარიცხი სარგებელის გადახდა, თვეში 200.04 ლარის ოდენობით.
მოსარჩელე მხარის განმარტებით, 2016 წლის 30 იანვარს ალ---------ე შ----ლიამ განცხადებით მიმართა შპს „G--“-ის და მოითხოვა სესხი 1200 ლარის ოდენობით, გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც თვიური სარგებელი განისაზღვრა 16.67%, ვადა – 2016 წლის 6 მარტამდე, ყოველდღიურად 40 ლარის გადახდის პირობით. ასევე გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის დღეში 1 ლარის ოდენობით. ხელშეკრულების 2.11. პუნქტით გათვალისწინებული იყო ფიქსირებული პირგასამტეხლო მიღებული თანხის 20%. მსესხებელთან ერთად სოლიდარული პაუხისმგებლობა იკისრა თავდებმა ლ----და მ---ძემ. ვინაიდან დაირღვა ხელშეკრულების პირობები, მიმართეს აღსრულების ეროვნულ ბიუროს, გამარტივებული წესით გადახდის ბრძანების მიღების თაობაზე, მოვალეების მიერ წარდგენილი იქნა პროტესტი, რის გამოც ბრძანება არ გამოიცა.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხე ალ---------ე შ----ლიას წარმომადგენელმა სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნო სესხის ძირითადი თანხის 1200 ლარის და პროცენტის 240 ლარის ნაწილში, ლ----და მ---ძე კი სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2016 წლის 30 იანვარს ალ---------ე შ----ლიამ განცხადებით მიმართა შპს „G--“-ის და მოითხოვა სესხი 1200 ლარის ოდენობით, გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც თვიური სარგებელი განისაზღვრა 16.67%, ვადა – 2016 წლის 6 მარტამდე, ყოველდღიურად 40 ლარის გადახდის პირობით. ასევე გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის დღეში 1 ლარის ოდენობით. ხელშეკრულების 2.11. პუნქტით გათვალისწინებული იყო ფიქსირებული პირგასამტეხლო მიღებული თანხის 20%. მსესხებელთან ერთად სოლიდარული პაუხისმგებლობა იკისრა თავდებმა ლ----და მ---ძემ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა განმარტებები (იხ. სარჩელი და შესაგებელი);
– სესხის განაცხადი და სესხის ხელშეკრულება (ს.ფ. 16-21);
–სალაროს გასავლის ორდერი (ს.ფ. 17);
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. 2016 წლის 20 დეკემბერის მდგომარეობით, მოპასუხეთა დავალიანება შეადგენს 2005 ლარს, საიდანაც ძირითადი თანხაა - 1200 ლარი, საპროცენტო სარგებელი - 240 ლარი, ჯარიმა ვადაგადაცილებაზე - 325 ლარი, ფიქსირებული პირგასამტეხლო - 240 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ცნობა დავალიანების შესახებ (იხ.ს.ფ.30);
3.2.3. მოსარჩელის განმარტებით, აღსრულების ეროვნულ ბიუროს მიმართეს მოპასუხეების წინააღმდეგ გამარტივებული წესით გადახდის ბრძანების გამოცემის მოთხოვნით. იმის გამო, რომ მოვალეებმა წარადგინეს პროტესტი, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ მიიღო გადაწყვეტილება დავალიანების გადახდევინების ბრძანების გამოცემაზე უარის შესახებ. მოპასუხემ აღნიშნული გარემოება შესაგებლით არ დაადასტურა, თავის მხრივ მოსარჩელეს არ წარმოუდგენია აღსრულების ეროვნულ ბიუროს გადაწყვეტილება ან სხვა რაიმე დოკუმენტი, მითითებული ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა ახსნა-განმარტებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623–ე, 625–ე, 417–ე, 418–ე, 420–ე, 895-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს, ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
ამავე კოდექსის 625–ე მუხლით, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. თავად მოპასუხე მხარის მიერ სარჩელის ნაწილობრივ ცნობით და განსახილველ საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მოპასუხეებმა ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულეს და სესხად მიღებული თანხა არ დააბრუნეს. რაც მოსარჩელეს ანიჭებს უფლებას, დაუყოვნებლივ მოითხოვოს ვალის დაბრუნება. შესაბამისად, მოთხოვნა სესხის ძირითადი თანხის 1200 ლარის და საპროცენტო სარგებელის 240 ლარის დაკისრების ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის, ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.
სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. აღნიშნულიდან გამომდინარე, ასევე მოპასუხის მიერ ვალდებულების დარღვევით გამოწვეული სავარაუდო ზიანის გათვალისწინებით, პირგასმტეხლოს სახით მოპასუხეებს უნდა დეკისროთ ჯამში 100 ლარის გადახდა.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
მიღებელი შემოსავლის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემების შესაბამისად, საპროცენტო განაკვეთი 2016 წლის შემდეგ მნიშვნელოვნად შემცირდა, ამდენად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მოსარჩელე სესხს გასცემდა იგივე საპროცენტო განაკვეთით (თვეში 16.67%), რაც წლიურად შეადგენს 200.04%. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოპასუხეს მიუღებელი შემოსავლის სახით, სამ თვეზე გაანგარიშებით, უნდა დაეკისროს 60 ლარის გადახდა (წლიური 20%).
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895–ე მუხლით, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
განსახილველ შემთხვევაში, მსესხებელთან ერთად სოლიდარული პაუხისმგებლობა იკისრა თავდებმა ლ----და მ---ძემ, შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა სოლიდარული მოვალის მიმართ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53–ე მუხლის პირველი ნაწილით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
დადგენილია, რომ მოსარჩელემ სარჩელის აღძვრისას სახელმწიფო ბაჟის სახით გადაიხადა 100 ლარი, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისათვის გადაიხადა ბაჟი - 150 ლარი, ადვოკატის მომსახურებისათვის - 50 ლარი, საჯარო რეესტის ამონაწერის განახლებისათვის - 15 ლარი, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების რეგისტრაციისათვის - 21 ლარი, საფოსტო გზავნილების ხარჯმა შეადგინა - 25.20 ლარი.
სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, 1600 ლარის ფარგლებში (მოთხოვნის 61.41%), აქედან მოპასუხემ სარჩელი ცნო 1440 ლარის ნაწილში (სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილის 90%), რის გამოც მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის ნაწილი - 55.26 ლარი, 6.15 ლარი უნდა დაეკისროს მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად, ხოლო 38.59 ლარი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში, სარჩელის დაუკმაყოფილებელი ნაწილის შესაბამისად. ასევე მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისათვის გადახდილი ბაჟი 150 ლარი, ადვოკატის მომსახურების თანხა -50 ლარი, საჯარო რეესტის ამონაწერის განახლების საფასური - 15 ლარი, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების რეგისტრაციის საფასური - 21 ლარი, საფოსტო გზავნილების ხარჯი - 25.20 ლარი.
რაც შეეხება აღსრულების ეროვნულ ბიუროში გადახდილ თანხებს (სააპლიკაციო საფასური 100 ლარი, ყადაღის დადების საფასური 100 ლარი, საგარანტიო თანხა 50 ლარი), მოპასუხეებს არ უნდა დაეკისროთ, რადგან არ არის წარმოდგენილი დოკუმენტები (გარდა თანხის გადახდის ქვითრებისა), რომელიც დაადასტურებს აღსრულების ეროვნულ ბიუროში საქმის წარმოებას.
8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.
დადგენილია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 21 დეკემბრის განჩინებით გამოყენებული იქნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ყადაღა დაედო ალ---------ე შ----ლიას კუთვნილ უძრავ ქონებას, მდებარე, ქალაქი ფოთი, მ---ბერიძის ქ----- ს.კ. 0-----------, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991–ე მუხლის საფუძველზე, არ არსებობს ამ განჩინების გაუქმების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 55-ე, 248-ე, 243-ე, 244-ე, 248-249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს „G--ს“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
1.1. ალ---------ე შ----ლიას და ლ----და მ---ძეს შპს „G--“-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სასესხო დავალიანების 1540 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა- 1200 ლარი, საპროცენტო სარგებელი - 240 ლარი, ჯარიმა -100 ლარი.
1.2. ალ---------ე შ----ლიას და ლ----და მ---ძეს შპს „G--“-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ, დავალიანების ცნობის გაცემიდან 2016 წლის 20 დეკემბრიდან, სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე 1200 ლარზე, სამი თვის განმავლობაში დასარიცხი სარგებელის გადახდა, თვეში 20 ლარის ოდენობით, ჯამში 60 ლარი.
2. ალ---------ე შ----ლიას და ლ----და მ---ძეს შპს „G--ს“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 6.15 ლარი, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისათვის გადახდილი ბაჟი - 150 ლარი, ადვოკატის მომსახურების თანხა – 50 ლარი, საჯარო რეესტის ამონაწერის განახლების საფასური - 15 ლარი, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების რეგისტრაციის საფასური - 21 ლარი, საფოსტო გზავნილების ხარჯი - 25.20 ლარი.
3. მოსარჩელეს შპს “G--“-ის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ 2016 წლის 19 დეკემბერს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხის 100 ლარის ნაწილი - 55.26 ლარი, რომელიც ამოირიცხოს შემდეგი ანგარიშიდან: ბიუჯეტის შემოსულობების ერთიანი ანგარიში TRESGE22, სახელმწიფო ხაზინა ბანკის კოდი TBCBGE22, საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი 300183150; მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 38.59 ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში,4. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება დარჩეს უცვლელი.
5. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავს წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
6. ამ პირებმა გადაწყვეტილება შეიძლება გაასაჩივრონ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
7. იმ პირებმა, ვინც არ არის გათვალისწინებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით, ასევე პატიმრობაში მყოფმა იმ პირებმა, რომლებსაც ჰყავთ წარმომადგენელი გადაწყვეტილება შეიძლება გაასაჩივრონ, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ციცინო კიკვაძე