გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/1664-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
26 ივლისი, 2018 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ხატია არდაზიშვილი
სხდომის მდივანი ეკა დარჩიაშვილი
მოსარჩელე - ზ------------------ა
წარმომადგენელი - ე--------------–---–ი
მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი
წარმომადგენელი - ე--------ე
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნას ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 2017 წლის 2-------------ის გადაწყვეტილება ზ------------------ას საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე საქართველოს ვიზის გაცემაზე და საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის შესახებ.
1.2. ბათილად იქნას ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 2017 წლის 3-------------ის გადაწყვეტილება ზ------------------ას საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე საქართველოს ვიზის გაცემაზე და საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის შესახებ.
1.3. ბათილად იქნას ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 2018 წლის 15 თებერვლის M---------------- გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე.
1.4. დაევალოს მოპასუხეს - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს ზ------------------ას საქართველოს ტერიტორიაზე დაბრკოლების გარეშე შემოსვლის უზრუნველყოფა.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა წარმოდგენილ შესაგებელს და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ზ------------------ა არის რ------------------–-ის მოქალაქე. იგი 2----–--–----------–-----------------–----------–----------------–-–------–----------------------–--ში.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- 2017 წლის 17 ნოემბრის განცხადება - ს/ფ 25-26
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება - იხ.: სარჩელი.
3.1.2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 2017 წლის 2-------------ის საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე საქართველოს ვიზის გაცემაზე და საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებით ზ------------------ას უარი ეთქვა საქართველოში შემოსვლაზე იმ საფუძვლით, რომ არ აკმაყოფილებდა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა მოთხოვნებს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 2017 წლის 3-------------ის საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე საქართველოს ვიზის გაცემაზე და საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებით ზ------------------ას უარი ეთქვა საქართველოში შემოსვლაზე იმ საფუძვლით, რომ არ აკმაყოფილებდა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა მოთხოვნებს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 2017 წლის 2-------------ის საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე საქართველოს ვიზის გაცემაზე და საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება - ს/ფ 29-32.
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 2017 წლის 3-------------ის საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე საქართველოს ვიზის გაცემაზე და საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება - ს/ფ 33-36.
3.1.3. 2018 წლის 25 იანვარს ზ------------------ას წარმომადგენელმა თ-----------–--ემ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და ზ------------------ას საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა მოითხოვა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ზ------------------ას წარმომადგენლის - თ-----------–--ის საჩივარი - ს/ფ 37-43
3.1.4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 2018 წლის 15 თებერვლის M---------------- გადაწყვეტილებით, ადმინისტრაციული საჩივრის პასუხად, ზ------------------ას წარმომადგენელს - თ-----------–--ეს ეცნობა, რომ მოთხოვნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 2017 წლის 2-------------ის და 3-------------ის საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე საქართველოს ვიზის გაცემაზე და საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის თაობაზე, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 06 იანვრის N3 ბრძანების „საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე საქართველოს ვიზის გაცემაზე, საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმისა და საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გაცემული ვიზის მოქმედების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების და საჩივრის ფორმის დამტკიცების შესახებ“ თანახმად, გასაჩივრების ვადის გასვლის გამო, დარჩებოდა განუხილველი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 2018 წლის 15 თებერვლის M---------------- წერილი - ს/ფ 46
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ზ------------------ას სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ”უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე სადავოდ ხდის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 2017 წლის 2-------------ის და 3-------------ის გადაწყვეტილებებს ზ------------------ას საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე საქართველოს ვიზის გაცემაზე და საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის შესახებ, ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 2018 წლის 15 თებერვლის M---------------- გადაწყვეტილებას ზ------------------ას წარმომადგენლის საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე. სასამართლო ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული გადაწყვეტილებები წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
6.2.”უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონი არეგულირებს უცხოელთა საქართველოში შემოსვლის, ყოფნის, ტრანზიტით გავლისა და საქართველოდან გასვლის სამართლებრივ საფუძვლებსა და მექანიზმებს, აგრეთვე განსაზღვრავს უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებებსა და მოვალეობებს, საქართველოში მყოფ უცხოელთა საქართველოდან გაძევების ფორმებსა და პროცედურებს, გაძევების პროცესში მონაწილე სახელმწიფო დაწესებულებათა კომპეტენციის ფარგლებსა და პასუხისმგებლობას.
”უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის, პირველი პუნქტის თანახმად, უცხოელს საქართველოს ვიზის გაცემაზე ან საქართველოში შემოსვლაზე შეიძლება უარი ეთქვას: ა) თუ მას არ აქვს საქართველოში შემოსვლისათვის აუცილებელი, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტები; ბ) თუ მას აკრძალული აქვს საქართველოში შემოსვლა ან არ გადაუხდია ჯარიმა, რომელიც დაწესებულია საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე ყოფნისათვის; გ) თუ მან საქართველოს ვიზის მისაღებად ან მისი მოქმედების ვადის გასაგრძელებლად არასრული ან ყალბი მონაცემები ან დოკუმენტები წარადგინა; დ) თუ მას არ აქვს ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის დაზღვევა ან საქართველოში ცხოვრებისათვის და უკან დასაბრუნებლად საკმარისი ფინანსური სახსრები; ე) თუ საქართველოში მისი ყოფნა საფრთხეს შეუქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს, საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოში მცხოვრები სხვა პირების ჯანმრთელობის, უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას; ვ) თუ, საგარეო-პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, მიუღებელია მისი საქართველოში ყოფნა; ზ) თუ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ იგი ვიზის მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ კანონიერი საფუძვლის გარეშე დარჩება საქართველოში; თ) თუ იგი არ იძლევა ინფორმაციას ან იძლევა ყალბ ინფორმაციას თავისი პიროვნებისა და მგზავრობის მიზნის შესახებ; ი) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
ამავე კანონის მე-12 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, საქართველოში შემოსვლისას უცხოელი გადის ინსპექტირებას სასაზღვრო გამტარ პუნქტში, ხოლო მე-2 პუნქტის თანახმად, სასაზღვრო გამტარ პუნქტში უცხოელის ინსპექტირებას ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ინსპექტირების შედეგად იგი: ა) უცხოელს აძლევს თანხმობას საქართველოში შემოსვლაზე; ბ) უცხოელს უარს ეუბნება საქართველოში შემოსვლაზე და უკან აბრუნებს.
სასამართლო მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №993 ბრძანებაზე, რომლის პირველი მუხლის თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობას, კანონმდებლობით განსაზღვრული წესით იყენებს პრევენციულ და იძულების ღონისძიებებს, უზრუნველყოფს საზოგადოებრივ წესრიგსა და უსაფრთხოებას კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ზედამხედველობს საგზაო მოძრაობის წესების დაცვას, თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს საქართველოს სასაზღვრო-საკონტროლო გამტარ პუნქტებში სახელმწიფო საზღვრის რეჟიმის დაცვას, ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
ამავე ბრძანების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ქ" ქვეპუნქტის თანახმად, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით დეპარტამენტის საქმიანობა და ამოცანებია სასაზღვრო გამტარ პუნქტებზე უცხოელთა ინსპექტირება, მიგრაციისა და უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნების შესრულების უზრუნველყოფა; ამავე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, დეპარტამენტი თავის საქმიანობას და ამოცანებს ახორციელებს სამართლებრივ საფუძვლებზე დაყრდნობით.
სასამართლო ასევე მიუთითებს ,,სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №386 დადგენილებაზე, რომლის პირველი მუხლის თანახმად, ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის, სასაზღვრო და სახელმწიფო საზღვრის რეჟიმების დაცვას სახმელეთო, საზღვაო მონაკვეთებსა და სასაზღვრო გამტარ პუნქტებში.
მოცემული დადგენილების მეოთხე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა პირების მიერ წარმოებს სასაზღვრო გამტარ პუნქტებში, ხოლო მერვე პუნქტის შესაბამისად, საქართველოში შემოსვლისას პირი მოწმდება სამართალდამცავი ორგანოების მიერ გადმოცემული სიების მიხედვით.
სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფლებამოსილი ორგანოს მიერ საქართველოს სასაზღვრო-საკონტროლო გამტარ პუნქტებში სახელმწიფო საზღვრის რეჟიმის დაცვისას განხორციელდა რ------------------–-ის მოქალაქის - ზ------------------ას ინსპექტირება და შესაბამის სამართლებრივ საფუძვლებზე დაყრდნობით, კერძოდ, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მიხედვით უარი ეთქვა მოსარჩელეს საქართველოში შემოსვლაზე და შესაბამისად უკან გაბრუნდა.
სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ საქართველოში შემოსვლისას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს მიერ 2017 წლის 2--------------ს და 3--------------ს მიღებული იქნა გადაწყვეტილებები, ზ------------------ას საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე საქართველოს ვიზის გაცემაზე და საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ გადაწყვეტილებებში განმარტებულია მისი გასაჩივრების წესი და ვადა - გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული პირის მიერ მისი გაცნობიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში (მისამართი: ქ. თბილისი, ნ. რამიშვილის ქუჩა N3). ამავე გადაწყვეტილებებში მითითებულია, რომ ზ------------------ამ გადაწყვეტილებებზე ხელმოწერაზე უარი განაცხადა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული საჩივარი წარდგენილ უნდა იქნეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 06 იანვრის N3 ბრძანებით „საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე საქართველოს ვიზის გაცემაზე, საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმისა და საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გაცემული ვიზის მოქმედების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების და საჩივრის ფორმის დამტკიცების შესახებ“ დადგენილია, საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე საქართველოს ვიზის გაცემაზე და საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა - 10 სამუშაო დღე.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 182-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო არ განიხილავს ადმინისტრაციულ საჩივარს, თუ გასულია ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა.
ზ------------------ას 2017 წლის 2-------------იდან და 3-------------იდან არც ათი სამუშაო დღისა და არც ერთი თვის ვადაში ადმინისტრაციული საჩივარი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში არ წარუდგენია. სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ზ------------------ას წარმომადგენელმა - თ-----------–--ემ, 2018 წლის 25 იანვარს მიმართა საჩივრით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და ზ------------------ას საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა მოითხოვა. იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელის მიერ დარღვეული იქნა საჩივრის წარდგენისათვის დადგენილი ვადა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 2018 წლის 15 თებერვლის M---------------- გადაწყვეტილებით, ადმინისტრაციული საჩივრის პასუხად, თ-----------–--ეს ეცნობა, რომ მისი საჩივარი დარჩა განუხილველი.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 2018 წლის 15 თებერვლის M---------------- გადაწყვეტილება კანონიერია და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.
რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 2017 წლის 2-------------ისა და 3-------------ის ზ------------------ას საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე საქართველოს ვიზის გაცემაზე და საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის თაობაზე, სასამართლო მიუთითებს, რომ ვინაიდან აღნიშნული გადაწყვეტილებები არ გასაჩივრებულა კანონით დადგენილი წესით, დადგენილ ვადაში, ამდენად შესულია კანონიერ ძალაში. შესაბამისად, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას შეაფასოს კანონიერ ძალაში მყოფი გადაწყვეტილებების კანონიერების საკითხი, ვინაიდან მოსარჩელემ აღნიშნული გადაწყვეტილებები, სადავო გახადა რამოდენიმე თვის შემდეგ, დადგენილი ვადის დარღვევით, რის გამოც მისი საჩივარი დარჩა განუხილველი და რაც სასამართლოს კანონიერად მიაჩნია.
6.3. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას. შესაბამისად, არ არსებობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 2018 წლის 15 თებერვლის M---------------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველი, ამასთან, როგორც აღინიშნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 2017 წლის 2-------------ისა და 3-------------ის ზ------------------ას საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე საქართველოს ვიზის გაცემაზე და საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებები შესულია კანონიერ ძალაში, არ გასაჩივრებულა დადგენილ ვადაში, ამდენად არ არსებობს მათი ბათილად ცნობისა და ზ------------------ას საქართველოს ტერიტორიაზე დაბრკოლების გარეშე შემოსვლის უზრუნველყოფის თაობაზე მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც ზ------------------ას უარი უნდა ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილი თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელის მიერ გადახდილია დავის საგნის მოცულობის პროპორციულად. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 22-ე, 23-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. ზ------------------ას სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 (ასი) ლარი, ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს, მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სააპელაციო საჩივრით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა), თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6).
მოსამართლე: ხატია არდაზიშვილი