გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
N2/12214-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
10 აგვისტო, 2018 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ტარიელ ტაბატაძე
სხდომის მდივანი გიორგი ჭავჭავაძე
მოსარჩელე - შპს „ს---------------ი“
წარმომადგენელი (დირექტორი) - ნ-------------ე
მოპასუხე - თ--------------ე
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1 მოპასუხე თ--------------ეს შპს „ს---------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს სესხის ძირი თანხის - 496 აშშ დოლარის გადახდა;
მოსარჩელის განმარტებით, 2015 წლის 27 მარტს შპს „ს---------------სა“ და თ--------------ეს შორის გაფორმდა სესხისა და გირავნობის ხელშეკრულება N1----, რომლის საფუძველზეც კრედიტორმა მოპასუხეს სესხის სახით გადასცა თანხა 1230 აშშ დოლარის ოდენობით. გირავნობით დაიტვირთა გ----------–---ის კუთვნილი ავტომანქანა - M--------- C---, გამოშვების წელი - 2006 წ., საიდენტიფიკაციო/შასის N-Z----------.
მხარეთა შორის გაფორმებული სესხისა და გირავნობის ხელშეკრულების თანახმად, სესხი იყო სარგებლიანი და მოვალეს ყოველთვიურად უნდა გადაეხადა სესხის ძირ თანხაზე დარიცხული სარგებელი 5,5%-ის ოდენობით. ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის მსესხებელს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხის ძირი თანხის 0,07%-ის ოდენობით.
მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო 2016 წლის 09 აგვისტოს მოსარჩელემ უზრუნველყო გირავნობის საგნის რეალიზაცია. 2016 წლის 03 აგვისტოს აუდიტორული დასკვნის საფუძველზე გირავნობის საგნის საბაზრო ღირებულება შეადგენდა 1065 აშშ დოლარს. ავტომობილი გაიყიდა 1100 აშშ დოლარად. გირავნობის საგნის რეალიზაციის დღისთვის მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ ერიცხებოდა დავალიანება 1596 აშშ დოლარი, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 1230 აშშ დოლარი და სარგებელი 366 აშშ დოლარი. აღნიშნულ თანხას გამოაკლდა ავტომანქანის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა 1100 აშშ დოლარი და მოპასუხე თ--------------ეს შპს „ს---------------ის“ სასარგებლოდ ერიცხება დავალიანება 496 აშშ დოლარის ოდენობით.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე თ--------------ემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან ის ავტომობილის რეალიზაციის თაობაზე არ იყო ინფორმირებული. მოსარჩელის წარმომადგენლების მხრიდან ეცნობა, რომ ავტომანქანის რეალიზაცია მოხდა 1900 აშშ დოლარად, რომლითაც დაიფარებოდა ყველა ხარჯი. თუმცა ავტომანქანის 1100 აშშ დოლარად გასხვისების ფაქტი ცნობილი გახდა სარჩელიდან. იგი არ ეთანხმება აუდიტორულ დასკვნას ავტომანქანის საბაზრო ღირებულებასთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ ავტომანქანის ღირებულება გაცილებით აღემატებოდა აღნიშნულ თანხას. მოპასუხე აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მხრიდან ადგილი ჰქონდა იძულებასა და მუქარას,რის საფუძველზეც მოხდა გირავნობის საგნის გადაცემა კრედიტორის მფლობელობაში.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2015 წლის 27 მარტს შპს „ს---------------სა“ და თ--------------ეს შორის გაფორმდა სესხისა და გირავნობის ხელშეკრულება N1----, რომლის საფუძველზეც კრედიტორმა სესხის სახით გადასცა თანხა მოპასუხეს 1230 აშშ დოლარის ოდენობით. გირავნობით დაიტვირთა გ----------–---ის კუთვნილი ავტომანქანა - M--------- C---, გამოშვების წელი - 2006 წ., საიდენტიფიკაციო/შასის N-Z----------. მხარეთა შორის გაფორმებული სესხისა და გირავნობის ხელშეკრულების თანახმად, სესხი იყო სარგებლიანი და მოვალეს ყოველთვიურად უნდა გადაეხადა სესხის ძირ თანხაზე დარიცხული სარგებელი 5,5%-ის ოდენობით. ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის მსესხებელს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხის ძირი თანხის 0,07%-ის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სესხისა და გირავნობის ხელშეკრულება; (ს.ფ. 12-21)
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. გაფრთხილების მიუხედავად, მოპასუხემ არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და არ დაფარა არსებული დავალიანება. 2016 წლის 06 ივლისს მესამე პირის- ვ-------------ის მეშვეობით გირავნობის საგანი წარდგენილი იქნა კომპანიაში, რაზეც გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გაფრთხილების დამადასტურებელი დოკუმენტი (ს.ფ. 23-24);
- მიღება-ჩაბარების აქტი (ს.ფ. 25);
3.2.2. 2016 წლის 03 აგვისტოს აუდიტორული დასკვნის საფუძველზე გირავნობის საგნის საბაზრო ღირებულება შეადგენდა 1065 აშშ დოლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- აუდიტორული დასკვნა (ს.ფ. 26-38);
3.2.3. სადაოა ის გარემოება მოხდა თუ არა მოპასუხის შეტყობინება გირავნობის საგნის შესაძლო რეალიზაციის შესახებ.
მოსარჩელის მიერ მოსამზადებელ სხდომაზე წარმოდგენილი იქნა 2016 წლის 29 თებერვლის მოთხოვნა/შეტყობინება მოპასუხისათვის ელექტრონული მიმოწერის სახით, რომლითაც გაფრთხილებულია თ--------------ე გირავნობის საგნის შესაძლო რეალიზაციის შედეგებზე. ამავე წერილზე პასუხი მიწერილია თ--------------ის მხრიდან 2016 წლის 1 მარტს,რაც ადასტურებს მისთვის შეტყობინებას ავტომანქანის რეალიზაციაზე და მის შედეგებზე. საპირისპირო კი ვერ იქნა დასაბუთებული რაიმე მტკიცებულებით მოპასუხის მხრიდან, შესაბამისად სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის მხოლოდ განმარტებას მისი არაინფორმირებულობის შესახებ აღნიშნულ სადაო გარემოებასთან დაკავშირებით.
3.2.4. მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო 2016 წლის 09 აგვისტოს მოსარჩელემ უზრუნველყო გირავნობის საგნის რეალიზაცია. ავტომობილი გაიყიდა 1100 აშშ დოლარად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გირავნობის საგნის რეალიზაციის დამადასტურებელი დოკუმენტი; (ს.ფ. 39)
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
სასამართლო განმარტავს, რომ მოპასუხის პოზიციას, იმის თაობაზე, რომ აუდიტორული დასკვნა ავტომანქანის საბაზრო ღირებულებასთან დაკავშირებით არასწორია და ავტომანქანის ღირებულება აღემატება მითითებულ თანხას,ასევე რომ ადგილი ჰქონდა მოსარჩელის მხრიდან იძულებას- სასამართლო ვერ გაიზიარებს, რადგან მის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე სახის მტკიცებულება მისი ახსნა-განმარტების გარდა, რაც დაადასტურებდა გამოთქმულ პოზიციას, ხოლო მხოლოდ ახსნა-განმარტება ვერ იქნება მიჩნეული საკმარის მტკიცებულებად.
3.2.5. სარჩელის შემოტანის დროისათვის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი დავალიანება შეადგენს 496 აშშ დოლარს;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტებები (იხ. სარჩელი);
- ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 40).
-
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 361-ე, 400-ე, 623-ე, 625-ე მუხლებით
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს ვალდებულებას დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
კონკრეტულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2015 წლის 27 მარტს შპს „ს---------------სა“ და თ--------------ეს შორის გაფორმდა სესხისა და გირავნობის ხელშეკრულება N1----, რომლის საფუძველზეც კრედიტორმა სესხის სახით გადასცა თანხა მოპასუხეს 1230 აშშ დოლარის ოდენობით. აღნიშნულის საფუძველზე მხარეთა შორის წარმოიშვა ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361.2 მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა. საქმეში წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ მოპასუხის მიერ ვალდებულება არ იქნა შესრულებული დადგენილ ვადაში.
სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მიხედვით, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის დადებული სესხისა და გირავნობის ხელშეკრულება სასყიდლიანი იყო, კერძოდ, ყოველთვიური სარგებელი განისაზღვრა სესხის ძირითადი თანხის, 1230 აშშ დოლარის 5,5%-ით.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯების გაანგარიშების წესი და მათი ოდენობა განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით. სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაწეული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. კონკრეტულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრით დასტურდება, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი დავის საგნის ღირებულების შესაბამისად, ამასთან სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად. აღნიშნულიდან გამომდინარე მოპასუხეს სრულად უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით.
აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა. კონკრეტულ შემთხევაში, მოსარჩელე ითხოვს მოპასუხეს დაეკისროს მის მიერ იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯი 100 ლარის ოდენობით. ვინაიდან, დავის საგანს წარმოადგენს 496 აშშ დოლარი (ექვივალენტი ლარში), მოპასუხეს უნდა დაეკისროს იურიდიული მომსახურების საფასური 48 ლარის ოდენობით.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. შპს „ს---------------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. მოპასუხე თ--------------ეს შპს „ს---------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს დავალიანების 496 აშშ დოლარის (ექვივალენტი ლარში) გადახდა;
3. მოპასუხე თ--------------ეს შპს „ს---------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს იურიდიული მომსახურების საფასურის 48 ლარის გადახდა;
4. მოპასუხე თ--------------ეს შპს „ს---------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მეშვეობით;
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ტარიელ ტაბატაძე