განაჩენი

სისხლის სამართლის 31.07.2018
საქმის ნომერი
330100116001450787
თარიღი
31.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1--------

(№0-----------)

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

31 ივლისი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ნათია გუდაძემ

ნინო ვარაზაშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებელ - მა-------–-----ის,ბრალდებულ - იო--------ის,ადვოკატების - ზ------------ის, ე------------------–---–ის, ლ--------------ის მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე, ბრალდებულ იო-----–--------------------ის (დაბადებული 1----–-–-------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------, საშუალო განათლების მქონე, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ბ----------------------------–----------ში) მიმართ, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

2015 წლის 08 ივლისს, თბილისში შპს „ს----------ის“ საევაკუაციო, „I----“-ს მარკის ავტომანქანის, სარეგისტრაციო ნომრით: C------, მძღოლმა იო--------ემ, ე.წ. „ე-–---------------ის“ მიმდებარე ტერიტორიიდან, ა----–-----–-------------------ში მდებარე შპს „ს----------ის“ საჯარიმო ავტოსადგომზე ტრანსპორტირებისას, გაუფრთხილებლობით დააზიანა რ--------------ს კუთვნილი „B--“-ს მარკის ავტომანქანა, სარეგისტრაციო ნომრით: T------, რითაც დაზარალებულს მიადგა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

სხვისი ნივთის დაზიანება გაუფრთხილებლობით:

 

დაზარალებულ რ--------------ს ჩვენებით, მფლობელობაში ჰყავს „ბ-----ს“ მარკის ავტომანქანა „X-“. 2015 წლის 08 ივლისს, ჩამოვიდა ქუთაისიდან და მანქანა გააჩერა ე.წ. „ე-–---------------ის“ ავტოსადგომზე, სადაც ასევე იდგნენ სხვა ავტომანქანები და არ ყოფილა ამკრძალავი ნიშანი, რომ გაჩერება არ შეიძლებოდა. ხუთი წუთით შევიდა ბაზრობაზე და როდესაც დაბრუნდა ნახა, რომ მისი ავტომანქანა აღარ იდგა ავტოსადგომზე, ხოლო მის გვერდით მდგომი მანქანები იდგნენ იმავე ადგილზე. უმალვე გაარკვია, რომ ავტომანქანა გადაყვანილი იყო შპს „ს----------ის“ საჯარიმო ავტოსადგომზე. დროის მცირე მონაკვეთში თავადაც გამოცხადდა მითითებულ ადგილზე, სადაც ნახა, რომ ავტომანქანას ე.წ. „ბამპერი“ ჩამოვარდნილი ჰქონდა გვერდიდან, ვინაიდან მოტეხილი იყო ორი სამაგრი. გადაამოწმეს ფოტოსურათები და ნახეს, რომ ავტომანქანა გადაყვანამდე არ იყო დაზიანებული.

მოწმე ზ---------------–---–ის ჩვენებით, 2015 წლის ზაფხულში მუშაობდა შპს „ს----------ის“ პარკირების ინსპექტორის პოზიციაზე და მის მოვალეობაში შედიოდა თბილისში დარღვევით მდგომი ავტომანქანების გადაყვანა სპეციალურ ავტოსადგომზე. 08 ივლისს, საევაკუაციო ავტომანქანის მძღოლ იო--------ესთან და მის დამხმარე ბ----------–--ესთან ერთად, ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას ე.წ. „ე-–---------------ის“ ტერიტორიაზე, რა დროსაც მოახდინეს დარღვევით მდგომი „ბ-----ს“ მარკის ავტომანქანა „X-“-ის გადაყვანა საჯარიმო ავტოსადგომზე. გადაყვანამდე შეადგინა საჯარიმო ქვითარი, მოახდინა სპეციალური ტერმინალით ავტომანქანის წინა საქარე მინის, სანომრე ნიშნის და იმ ადგილის დასურათება, სადაც იდგა ზემოაღნიშნული ავტომანქანა. ბ----------–--ემ ასევე გადაუღო ავტომობილს ფოტოსურათები, რათა დაფიქსირებულიყო, ხომ არ ჰქონდა ავტომანქანას რაიმე სახის დაზიანება. ამის შემდეგ, ბ----------–--ემ გაუკეთა ავტომანქანას ე.წ. „ლაპები“. იო--------ემ მანქანა ასწია, დადო საევაკუაციო ავტომობილზე და გადაიყვანა საჯარიმო ავტოსადგომზე. ფოტოსურათების გადაღების დროს ავტომანქანაზე დაზიანება არ შეუმჩნევია. მისი დაზიანება დაინახა სხვა ავტომანქანის საჯარიმო ავტოსადგომზე შეყვანის დროს, როდესაც „ბ-----ს“ მარკის ავტომანქანა „X-“-თან იდგა მისი პატრონი, რომელიც გამოხატავდა პრეტენზიას მის დაზიანებასთან დაკავშირებით. მოწმის განმარტებით, ე.წ. „ლაპების“ მიმაგრებით და ე.წ. „რემენის“ ჩაბმით, ვერანაირად ვერ დაზიანდებოდა ავტომანქანის ე.წ. „ბამპერი“. აღნიშნულით შესაძლოა დაზიანებულიყო საბურავის ზედა ნაწილი, ე.წ. „კრილო“, რადგან ე.წ. „ლაპების“ გაკეთება და ე.წ. „რემენის“ ჩაბმა ხდება საბურავებთან.

მოწმე მ-----–-------–--ის ჩვენებით, 2015 წლის ივლისში მუშაობდა თ---–--–--------–-----–-------ში მდებარე კომპანია „ს----------ის“ ცენტრალური საჯარიმო ავტოსადგომის მენეჯერის პოზიციაზე და მის მოვალეობაში შედიოდა ჯგუფების ადმინისტრირება. 08 ივლისს, მონაწილეობა მიიღო რეაგირების ოქმის შედგენაში და მოახდინა „ბ-----ს“ მარკის, „X-“ მოდელის ავტომანქანის დათვალიერება. კონკრეტულად ეს შემთხვევა არ ახსოვს, მაგრამ სრულად ეთანხმება ოქმის შინაარსს მანქანის დაზიანებასთან დაკავშირებით. პროცედურულად, როცა მანქანა ზიანდებოდა თავადაც იღებდნენ სურათებს. ავტომანქანის მეპატრონის გამოცხადების და კომპანიის მხრიდან ზიანის აღიარების შემთხვევაში, ხდებოდა საპატრულო ეკიპაჟის და სადაზღვევო კომპანიის გამოძახება და ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, კომპანია ახდენდა ზიანის ანაზღაურებას.

მოწმე ბ----------–--ის ჩვენებით, 2018 წლის ივლისში მუშაობდა შპს „ს----------ში“ საევაკუაციო ავტომანქანის მძღოლის დამხმარედ და მის მოვალეობაში შედიოდა, ავტომანქანის საჯარიმო ავტოსადგომზე გადაყვანამდე სურათების გადაღება, ე.წ. „ლაპების“ გაკეთება, თოკის ჩაბმა და ე.წ. „კრანზე“ მიმაგრება, რის შემდეგაც მძღოლი ახდენს ავტომობილის საევაკუაციო ავტომანქანაზე დასმას და საჯარიმო ავტოსადგომზე გადაყვანას. 08 ივლისს, ე.წ. „ე-–---------------აზე“ აღმოაჩინეს ბორდიურზე დარღვევით მდგარი ავტომანქანა. ინსპექტორმა გამოწერა საჯარიმო ქვითარი, გადაუღო ფოტოსურათები საიტზე დასადებად, შემდეგ თავად გადაუღო სურათები. ჩვეულებისამებრ, გაუკეთა ე.წ. „ლაპები“, ჩააბა თოკი, რის შემდეგაც ავტომობილი ასწია მძღოლმა დადო საევაკუაციო ავტომანქანაზე და გადაიყვანა საჯარიმო ავტოსადგომზე თ---–--–--------–-----–--------ში. ავტომანქანის ჩამოღება შედის მძღოლის მოვალეობაში. მოცემულ შემთხვევაში მანქანა გადაყვანამდე დაზიანებული არ ყოფილა, ხოლო ავტოსადგომზე მიყვანისას გაირკვა, რომ მომძვრალი ჰქონდა ე.წ. „ბამპერი“. მოწმის ჩვენებით, ე.წ. „ლაპების“ გაკეთებით და თოკის ჩაბმით ე.წ. „ბამპერი“ ვერანაირად ვერ დაზიანდებოდა. ასეთ შემთხვევაში შესაძლოა დაიკაწროს ე.წ. „დისკები“ ან დაზიანდეს ე.წ. „კრილო“, საბურავების ზედა ნაწილთან.

ბრალდებულ იო--------ის ჩვენებით, 2015 წლის 08 ივლისს, იმყოფებოდნენ ე.წ. „ე-–---------------აზე“, რა დროსაც შენიშნეს დარღვევით მდგარი „ბ-----ს“ მარკის ავტომანქანა „X-“. მან მიაყენა საევაკუაციო მანქანა აღნიშნულ ავტომანქანასთან. მუშებმა გაუკეთეს ე.წ. „რემნები“ საბურავებთან. მან ასწია და დადო ზემოაღნიშნული ავტომანქანა საევაკუაციო მანქანაზე და გადაიყვანა საჯარიმო ავტოსადგომზე, რაც მდებარეობდა, დაახლოებით სამ კილომეტრში. სხვა შეხება მანქანასთან არ ჰქონია. მოწმის ჩვენებით, ავტომანქანა გადაყვანამდე დაზიანებული არ ყოფილა. ე.წ. „რემენის“ ჩაბმით ვერ დაზიანდებოდა ე.წ. „ბამპერი“, რაც ავტოსადგომზე გადაყვანის შემდეგ ჰქონდა მანქანას.

 

ქმედება რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია:

 

დაზარალებულ რ--------------ს ჩვენებით, ავტომანქანა შეამოწმებინა „ბ-----ს“ ცენტრში და „თეგეტა მოტორსში“. ორივეგან უთხრეს, რომ ავტომანქანის შეკეთებას დასჭირდებოდა 2 000 ლარზე მეტი.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლომ მხარეთა სრული თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა და შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის და ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისთვის საკმარისობის თვალსაზრისით, ასევე იმ მტკიცებულებებით, რაც მხარეთა მიერ გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული და მხარეები შეთანხმდნენ მასზე, მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა ერთმანეთთან შეთანხმებული, სანდო და ურთიერთშეჯერებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს იო--------ის ბრალეულობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის პირველი ნაწილით, კერძოდ, სხვისი ნივთის დაზიანებაში გაუფრთხილებლობით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისთვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, § 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 08 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, § 32).

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების განხორციელებისას დანაშაულის საგანი შესაძლოა იყოს ნებისმიერი ქონება, რასაც მატერიალური ღირებულება გააჩნია. ობიექტური მხრივ დანაშაული გულისხმობს სხვისი ქონების დაზიანებას ან განადგურებას. თუ ამ ქმედებამ მნიშვნელოვანი ზარალი გამოიწვია.

ნივთის დაზიანება ან განადგურება შესაძლებელია მასზე მექანიკური ან სხვა სახის ზემოქმედებით. დანაშაული მატერიალურ შემადგენლობათა რიცხვს მიეკუთვნება, მის აუცილებელ ნიშანს წარმოადგენს ნივთის მესაკუთრის ან სხვა კანონიერი მფლობელისთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება.

დანაშაულის სუბიექტური მხარე ხასიათდება გაუფრთხილებლობით, როდესაც პირს გაცნობიერებული ჰქონდა წინდახედულობის ნორმით აკრძალული მოქმედების მართლსაწინააღმდეგო ხასიათი, ითვალისწინებდა მისი შედეგის დადგომის შესაძლებლობას, მაგრამ უსაფუძვლოდ იმედოვნებდა შედეგის თავიდან აცილებას, ან პირს გაცნობიერებული არ ჰქონდა ამგვარი შედეგის დადგომის შესაძლებლობა, თუმცა ამის გათვალისწინება მას ევალებოდა და შეეძლო კიდეც.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო მხედველობაში იღებს დაზარალებულ რ--------------ს ჩვენებას, რომლის მიხედვითაც, მას მფლობელობაში ჰყავს „ბ-----ს“ მარკის, „X-“ მოდელის ავტომანქანა. 2015 წლის 08 ივლისს, მანქანა გააჩერა ე.წ. „ე-–---------------ის“ ავტოსადგომზე, რა დროსაც მანქანას არანაირი დაზიანება არ ჰქონია. ხუთი წუთით შევიდა ბაზრობაზე. დაბრუნებისას, მისი ავტომანქანა აღარ იდგა, ხოლო შპს „ს----------ის“ საჯარიმო ავტოსადგომზე მისვლის დროს ნახა, რომ ავტომანქანას მოტეხილი ჰქონდა ორი სამაგრი და ე.წ. „ბამპერი“ ჩამოვარდნილი იყო გვერდიდან. მართლაც გადაამოწმეს ფოტოსურათები და ნახეს, რომ ავტომანქანა გადაყვანამდე არ იყო დაზიანებული.

დაზარალებულ რ--------------ს ჩვენება სრულ შესაბამისობაშია მოწმეების: ზ---------------–---–ის, ბ----------–--ის და ბრალდებულ იო--------ის ჩვენებებთან იმასთან დაკავშირებით, რომ ზემოაღნიშნული ავტომანქანა შპს „ს----------ის“ საჯარიმო ავტოსადგომზე გადაყვანამდე დაზიანებული არ ყოფილა.

შპს „ს----------ის“ პარკირების ინსპექტორის - ზ---------------–---–ის ჩვენების მიხედვით, 2015 წლის 08 ივლისს, საევაკუაციო ავტომანქანის მძღოლ იო--------ესთან და მის დამხმარე ბ----------–--ესთან ერთად, ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას ე.წ. „ე-–---------------ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, რა დროსაც მოახდინეს დარღვევით მდგომი „ბ-----ს“ მარკის, „X-“ მოდელის ავტომანქანის გადაყვანა საჯარიმო ავტოსადგომზე. გადაყვანამდე შეადგინა საჯარიმო ქვითარი, მოახდინა სპეციალური ტერმინალით ავტომანქანის წინა საქარე მინის, სანომრე ნიშნის და იმ ადგილის დასურათება, სადაც იდგა ზემოაღნიშნული მანქანა. მისივე ჩვენებით, ბ----------–--ემ ასევე გადაუღო აღნიშნულ ავტომობილს ფოტოსურათები, რათა დაფიქსირებულიყო, ხომ არ ჰქონდა რაიმე სახის დაზიანება. ფოტოსურათების გადაღების დროს ავტომანქანაზე დაზიანება არ შეუმჩნევია. მისი დაზიანება დაინახა სხვა ავტომანქანის საჯარიმო ავტოსადგომზე შეყვანის დროს, როდესაც „ბ-----ს“ მარკის, „X-“ მოდელის ავტომანქანასთან იდგა მისი პატრონი და გამოხატავდა პრეტენზიას ავტომანქანის დაზიანებასთან დაკავშირებით. ბ----------–--ის ჩვენების თანახმად კი, იგი მუშაობდა შპს „ს----------ში“ საევაკუაციო ავტომანქანის მძღოლის დამხმარედ. 2018 წლის 08 ივლისს, როდესაც მათ შეამჩნიეს დარღვევით მდგარი ავტომანქანა, ინსპექტორმა გამოწერა საჯარიმო ქვითარი, გადაუღო ფოტოსურათები საიტზე დასადებად, შემდეგ თავად გადაუღო სურათები, რა დროსაც მანქანა დაზიანებული არ ყოფილა, ხოლო ავტოსადგომზე მიყვანისას გაირკვა, რომ მომძვრალი ჰქონდა ე.წ. „ბამპერი“. მოწმეთა ჩვენებები, თავის მხრივ დაადასტურა ბრალდებულმა იო--------ემაც მის მიერ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით მიცემულ ჩვენებაში, რა დროსაც განმარტა, რომ ავტომანქანა გადაყვანამდე დაზიანებული არ ყოფილა.

თ---–--–--------–-----–-------ში მდებარე შპს „ს----------ის“ ცენტრალური საჯარიმო ავტოსადგომის მენეჯერის - მ-----–-------–--ის ჩვენებით კი, 2015 წლის 08 ივლისს, მონაწილეობა მიიღო რეაგირების ოქმის შედგენაში და მოახდინა „ბ-----ს“ მარკის, „X-“ მოდელის ავტომანქანის დათვალიერება. კონკრეტულად ეს შემთხვევა არ ახსოვს, თუმცა სრულად ეთანხმება ოქმის შინაარსს მანქანის დაზიანებასთან დაკავშირებით.

მოწმეთა ჩვენებები მნიშვნელოვანია იმ კუთხითაც, რომ საევაკუაციო მანქანაზე, ავტომანქანის უსაფრთხოდ დადების, უსაფრთხოდ გადაყვანისა და ჩამოღების ვალდებულება ეკისრებოდა საევაკუაციო მანქანის მძღოლ - იო--------ეს, რასაც ადასტურებენ მოწმეები: ზ---------------–---–ი, ბ----------–--ე და თავად ბრალდებული იო--------ე. ბრალდებულის ჩვენებით, 2015 წლის 08 ივლისს, საევაკუაციო მანქანა მიაყენა ე.წ. „ე-–---------------ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე დარღვევით მდგარ „ბ-----ს“ მარკის ავტომანქანა „X-“-თან. მუშებმა გაუკეთეს ე.წ. „რემნები“ საბურავებთან. მან ასწია მანქანა, დადო საევაკუაციო ავტომანქანაზე და გადაიყვანა საჯარიმო ავტოსადგომზე, რაც ასევე დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ზ---------------–---–მა და ბ----------–--ემ.

მოწმე ბ----------–--ის ჩვენებით, 2018 წლის 08 ივლისს, მან შეასრულა თავისი მოვალეობა, კერძოდ, ფოტოსურათების გადაღების შემდგომ, ჩვეულებისამებრ, ავტომანქანას გაუკეთა ე.წ. „ლაპები“, ჩააბა თოკი, რის შემდეგაც ასწია მძღოლმა და დადო საევაკუაციო ავტომანქანაზე. მოწმის ჩვენებით, ე.წ. „ლაპების“ გაკეთებით და თოკის ჩაბმით ე.წ. „ბამპერი“ ვერანაირად ვერ დაზიანდებოდა. ასეთ შემთხვევაში შესაძლოა დაიკაწროს ე.წ. „დისკები“ ან დაზიანდეს ე.წ. „კრილო“, საბურავის ზედა მხარეს. მოწმე ზ---------------–---–ის ჩვენებით კი, ავტომანქანისთვის სურათების გადაღების შემდეგ, ბ----------–--ემ გაუკეთა ავტომანქანას ე.წ. „ლაპები“ და ჩააბა ე.წ. „რემენი“. მისივე ჩვენებით, ე.წ. „ლაპების“ გაკეთებით და ე.წ. „რემენის“ ჩაბმით, ვერანაირად ვერ დაზიანდებოდა ავტომანქანის წინა, ე.წ. „ბამპერი“. აღნიშნულით შესაძლოა დაზიანებულიყო საბურავის ზედა ნაწილი, ე.წ. „კრილო“, რადგან ე.წ. „ლაპების“ ჩაბმა ხდება საბურავებთან.

მოწმეების ბ----------–--ის და ზ---------------–---–ის ჩვენებები, თავის მხრივ ასევე დაადასტურა ბრალდებულმა იო--------ემ მის მიერ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით მიცემულ ჩვენებაში, რა დროსაც განმარტა, რომ ე.წ. „რემენის“ ჩაბმით, ვერ დაზიანდებოდა ე.წ. „ბამპერი“, რაც ავტოსადგომზე გადაყვანის შემდეგ ჰქონდა მანქანას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია ის გარემოება, რომ დაზარალებულ რ--------------ს კუთვნილი „ბ-----ს“ მარკის, „X-“ მოდელის ავტომანქანა შპს „ს----------ის“ საჯარიმო ავტოსადგომზე გადაყვანამდე იყო დაუზიანებელ მდგომარეობაში. მოწმე ბ----------–--ემ ავტომანქანას გაუკეთა ე.წ. „ლაპები“ და ჩააბა ე.წ. „რემენი“, რის შემდეგაც ბრალდებულმა იო--------ემ ასწია ავტომანქანა, დადო საევაკუაციო ავტომანქანაზე, გადაიყვანა საჯარიმო ავტოსადგომზე და ჩამოიღო.

ყველა მოწმედ დაკითხული პირი ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ბ----------–--ის მიერ თავისი მოვალეობის შესრულების დროს, მანქანა არ დაზიანებულა. მათი ჩვენებებით, ასეთ დროს შესაძლოა დაზიანდეს მანქანის ე.წ. „კრილო“, საბურავების ზემოთ, ან დაიხაზოს ე.წ. „დისკები“. მანქანის დაზიანება მოხდა სწორედ ბრალდებულ იო--------ის მიერ თავისი ვალდებულების შესრულების დროს, რაც აღმოაჩინა დაზარალებულმა რ--------------მ, რომელიც დაუყოვნებლივ გამოცხადდა შპს „ს----------ის“ საჯარიმო ავტოსადგომზე, მას შემდეგ, რაც შეიტყო მანქანის ადგილსამყოფელი. იმ ფაქტს, რომ იგი დროის მცირე მონაკვეთში გამოცხადდა თ---–--–--------–-----–--------ში მდებარე ავტოსადგომზე, ადასტურებს ის გარემოება, რომ დაზარალებულის ჩვენებით, იგი ხუთი წუთით შევიდა ბაზრობაზე, გამოსვლის შემდეგ, დაუყოვნებლივ გაარკვია მანქანის ადგილსამყოფელი და გაემართა ავტოსადგომისკენ, რაც ბრალდებულ იო--------ის ჩვენებით, მდებარეობს ე.წ. „ე-–---------------იდან“, დაახლოებით სამ კილომეტრში.

ამდენად, იმ მტკიცებულებებით, რაც მხარეთა უშუალო მონაწილეობით იქნა გამოკვლეული, კერძოდ, დაზარალებულ რ--------------ს, მოწმეების: ზ---------------–---–ის, ბ----------–--ის, მ-----–-------–--ის და ბრალდებულ იო--------ის ჩვენებებით, ასევე იმ მტკიცებულებებით, რაც მხარეთა მიერ გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული და მხარეები შეთანხმდნენ მასზე, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ 2015 წლის 08 ივლისს, თბილისში შპს „ს----------ის“ საევაკუაციო, „I----“-ს მარკის ავტომანქანის, სარეგისტრაციო ნომრით: C------, მძღოლმა იო--------ემ, ე.წ. „ე-–---------------ის“ ტერიტორიიდან, ა----–-----–-------------------ში მდებარე შპს „ს----------ის“ საჯარიმო ავტოსადგომზე ტრანსპორტირებისას, გაუფრთხილებლობით დააზიანა რ--------------ს კუთვნილი „B--“-ს მარკის ავტომანქანა, სარეგისტრაციო ნომრით: T------, რა დროსაც მას გაცნობიერებული არ ჰქონდა ამგვარი შედეგის დადგომის შესაძლებლობა, თუმცა ვალდებული იყო გაეთვალისწინებინა წინდახედულობის ნორმით აკრძალული მოქმედების მართლსაწინააღმდეგო ხასიათი და ამის გთვალისწინება შეეძლო კიდეც.

 

იმისთვის, რომ მოცემული დანაშაულის შემადგენლობა გვქონდეს სახეზე, მის აუცილებელ პირობას წარმოადგენს ნივთის მესაკუთრისთვის ან სხვა კანონიერი მფლობელისთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება, რომლის ცნებასაც განსაზღვრავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის მე-3 ნაწილი და დამთავრებულად ითვლება მხოლოდ მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების მომენტიდან.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის მე-3 ნაწილის თანახმად, საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებთან მიმართებით, მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარს ზევით.

იმის შესაფასებლად, იო--------ის დანაშაულებრივი ქმედების შედეგად ნამდვილად მიადგა თუ არა რ--------------ს მნიშვნელოვანი ზიანი, სასამართლო ითვალისწინებს თავად დაზარალებულის ჩვენებას და იმ მტკიცებულებებს, რაც მხარეთა მიერ გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული და მხარეები შეთანხმდნენ მასზე, რომელთა მიხედვითაც, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ იო--------ის დანაშაულებრივი ქმედების შედეგად დაზარალებულ რ--------------ს მიადგა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი, ვინაიდან ს----------–----–------------------------------------------------------–----------------------------- 2015 წლის 21 აგვისტოს სასაქონლო ექსპერტიზის N------ დასკვნის თანახმად, რაც მხარეთა მიერ სადაოდ არ გამხდარა, დასტურდება, რომ „B-- X-“ მოდელის ავტომანქანის, საიდენტიფიკაციო N-----------------, წინა ე.წ. „ბამპერის“ ახალი ორიგინალის ღირებულება შეადგენს 2 200 ლარს, ახალი არაორიგინალი - 350 ლარს, ხოლო ექსპლუატაციაში ნამყოფი - 550 ლარს. წინა მარჯვენა ე.წ. „ნალოს“ ახალი ორიგინალის ფასი შეადგენს 45 ლარს, ახალი არაორიგინალის - 20 ლარს, ხოლო ექსპლუატაციაში ნამყოფის - 30 ლარს. ამავე დასკვნის მიხედვით, წინა ე.წ. „ბამპერის“ მარჯვენა სამაგრი არის წინა ე.წ. „ბამპერის“ მთლიანობა. შესაბამისად, მისი ცალკე რეალიზაცია არ ხდება.

გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ბრალდებულ იო--------ის გაუფრთხილებლობით ჩადენილი ქმედებით, დაზარალებულ რ--------------ს მიადგა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი, ვინაიდან დაზიანებული ავტომანქანის აღდგენა მოხდება 2 200 ლარად ღირებული ახალი ორიგინალი, 350 ლარად ღირებული ახალი არაორიგინალი, თუ 550 ლარად ღირებული ექსპლუატაციაში ნამყოფი ე.წ. „ბამპერით“, აღდგენისთვის საჭირო სარემონტო სამუშაოების გათვალისწინებით, სამივე შემთხვევაში, სასაქონლო ექსპერტიზის N------ დასკვნაში მითითებული თითოეულის ფასი მნიშვნელოვნად აღემატება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის მესამე ნაწილით გათვალისწინებულ 150 ლარს.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ მის მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად მოხდა საქმეში არსებულ მტკიცებულებათა შეფასება, თითოეული მათგანის, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის, აგრეთვე ბრალდებულ იო--------ის დამნაშავედ ცნობისთვის საკმარისობის თვალსაზრისით, ასევე იმ მტკიცებულებებით, რაც მხარეთა მიერ გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული და მხარეები შეთანხმდნენ მასზე, კერძოდ, მოწმე ოთარ წიკლაურის დაკითხვის ოქმით; „B--“-ს მარკის ავტომანქანის (სარეგისტრაციო ნომერი T------) დათვალიერების ოქმით; 2015 წლის 08 ივლისის რეაგირების ოქმით; ამოღების ოქმებით; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს 2015 წლის 13 ივლისის N------ და იმავე წლის 21 აგვისტოს N------ სასაქონლო ექსპერტიზების დასკვნებით; ფოტოცხრილით და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება იო--------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლი პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. კერძოდ, იო--------ემ ჩაიდინა სხვისი ნივთის დაზიანება გაუფრთხილებლობით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

იო--------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი წარსულში ნასამართლევი არ არის, მის მიერ გაუფრთხილებლობით ჩადენილი ქმედება მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს, არის საპენსიო ასაკის პირი, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები მას არ გააჩნია.

 

სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი, არის კანონის საპასუხო სანქცია ჩადენილ დანაშაულთან მიმართებით. შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, დანაშაულის ჩადენის შემდეგ მის ქცევას, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, რომლებიც გავლენას ახდენს სასჯელზე, აგრეთვე იმ გარემოებას, რამდენად სამართლიანი, შესატყვისი და პროპორციული იქნება დანიშნული სასჯელი ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს იო--------ის რესოციალიზაციისთვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისთვის ითვალისწინებს ბრალდებულის პიროვნებას და მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს.

იო--------ის მიმართ ბრალად შერაცხული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედება, კერძოდ, სხვისი ნივთის დაზიანება გაუფრთხილებლობით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ერთ წლამდე ანდა შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ჯარიმის მინიმალური ოდენობაა 2 000 ლარი. თუ ამ კოდექსის განსაკუთრებული ნაწილის შესაბამისი მუხლის სანქცია სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით, ჯარიმის მინიმალური ოდენობა არ უნდა იყოს 500 ლარზე ნაკლები.

გამომდინარე იქიდან, რომ იო--------ე წარსულში ნასამართლევი არ არის, მის მიერ გაუფრთხილებლობით ჩადენილი ქმედება მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს, არის საპენსიო ასაკის პირი, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, მას ძირითადი სასჯელის სახით დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული არასაპატიმრო სასჯელი - ჯარიმა, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების მიღწევას, ხოლო ჯარიმის ოდენობა უნდა განისაზღვროს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, ბრალდებულის პიროვნებისა და მისი მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

იო--------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

მსჯავრდებულ იო--------ის მიმართ ძირითადი სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმის გადახდაზე კონტროლი და აღსრულება დაევალოს აღსრულების ეროვნული ბიუროს შესაბამის სამსახურს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: ნათია გუდაძე