1. ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, –
ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.
2. იგივე ქმედება:
ა) რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია;
ბ) ჩადენილი სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით, –
ისჯება შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.
3. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ;
ბ) არაერთგზის;
გ) ბინაში უკანონო შეღწევით;
დ) სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.
4. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) ორგანიზებული ჯგუფის მიერ;
ბ) დიდი ოდენობით;
გ) იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის ან გამოძალვისათვის;
დ) მაგისტრალურ მილსადენში არსებული ნავთობის ან გაზის მიმართ, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ათ წლამდე.
შენიშვნა:
1. კოდექსის ამ თავში დიდ ოდენობად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 10 000 ლარის ზევით.
2. ამ კოდექსის 177-ე–186-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული არაერთგზის ჩადენილად ითვლება, თუ მას წინ უსწრებდა აღნიშნული მუხლებითა და ამ კოდექსის 224-ე, 231-ე, 237-ე, 264-ე და 2861 მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის ჩადენა.
3. კოდექსის ამ თავში მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით.
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №292 – სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.45
საქართველოს 2000 წლის 30 მაისის კანონი №333 – სსმ I, №20, 31.05.2000 წ., მუხ.51
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.90
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4213 - სსმ I, №1, 03.01.2007 წ., მუხ.16
საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის კანონი №944 - ვებგვერდი, 20.06.2017წ.
საქართველოს 2021 წლის 27 აპრილის კანონი №460 – ვებგვერდი, 04.05.2021