საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100125011395847
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №259აპ-26 ქ. თბილისი
ჩ-ი ნ, 259აპ-26 17 სექტემბერი, 2026 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 19 თებერვლის განაჩენზე თბილისის დიდუბე-ჩურუღეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნინო მიქავას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ნ. ჩ-ს, - დაბადებულს .. წლის ... მარტს, - ბრალად ედება ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი იმის მიერ, ვინც ორჯერ და მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის, რაც გამოიხატა შემდეგში:
1.2. 2025 წლის 12 მარტს, დღის საათებში, სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის ორჯერ და მეტჯერ ნასამართლევი ნ. ჩ-ი, თ-ში, მეტროსადგურ „ს-ზე“ არსებული მატარებლის ვაგონში, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა რ. გ-ას ხელჩანთაში მოთავსებულ საფულესა და მასში არსებულ პლასტიკურ ბარათებს, აგრეთვე მ. გ-ისა და რ. გ-ას კუთვნილ ფულად თანხას, რითაც დაზარალებულებს - მ, გ-სა და რ. გ-ას მიაყენა საერთო ჯამში 2994,70 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2025 წლის 11 დეკემბრის განაჩენით:
2.1. ნ. ჩ-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში. მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გაუქმდა და იგი დაუყონებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
2.2. გამართლებულ ნ. ჩ-ს განემარტა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების შესახებ.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 19 თებერვლის განაჩენით:
3.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2025 წლის 11 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. კასატორმა - თბილისის დიდუბე-ჩურუღეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნინო მიქავამ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 19 თებერვლის განაჩენის გაუქმება, ნ. ჩ-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და შესაბამისი, სამართლიანი სასჯელის შეფარდება.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
6. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ნ. ჩ-ს გამართლების შესახებ და აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.
7. საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე (დასაკითხი პირი არ იმყოფება საქართველოში), სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნდა დაზარალებულ მ. გ-ის გამოკითხვის ოქმი, რომლითაც დადგინდა, რომ 2025 წლის 12 მარტს მან დაინახა, უცნობმა მამაკაცმა როგორ მოიღო რ-ის ჩანთიდან შავი საფულე და სწრაფად გავიდა ვაგონიდან. იგი მაშინვე მიხვდა, რომ რ-ს ზურგჩანთიდან მოჰპარეს საფულე. მეორე დღეს მეტროთი მგზავრობისას ვაგონში დაინახა ზუსტად ის მამაკაცი, რომელმაც წინა დღეს რ-ს მოჰპარა საფულე. მას იგივე სპორტული ჟაკეტი ეცვა.
8. ამდენად, აღნიშნული გამოკითხვის ოქმით იმთავითვე ცხადი გახდა, რომ მ. გ-ძე მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობდა მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, რამდენადაც იგი წარმოადგენდა ფაქტის თვითმხილველ პირს. შესაბამისად, რაიმე უნდა ეღონა, რათა პირის მსჯავრდებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობის მტკიცებულება არ დარჩენილიყო გადაუმოწმებელ მტკიცებულებად და მის გამოკვლევაში მონაწილეობა მიეღო დაცვის მხარესაც, რამდენადაც ბრალდებულის უფლებაა მონაწილეობა მიიღოს მის წინააღმდეგ არსებული მტკიცებულებების გამოკვლევაში და დაუპირისპირდეს მას. ამისათვის ბრალდების მხარეს უნდა უზრუნველეყო დაცვის მხარის ჩართულობა ძირითადი მტკიცებულების გამოკვლევაში. თუ მოწმე დიდი ხნით აპირებდა საზღვარგარეთ გამგზავრებას, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 114-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე (დასაკითხი პირი დიდი ხნით ტოვებს საქართველოს), მაგისტრატი მოსამართლის წინაშე შეიძლებოდა დაკითხულიყო იგი, ან საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე დისტანციური წესით განხორციელებულიყო მისი დაკითხვა, რათა დაცვის მხარეს ჰქონოდა შესაძლებლობა მონაწილეობა მიეღო მის დაკითხვაში და დაკითხვის შედეგად გარკვეულიყო დაცვის მხარისათვის მნიშვნელოვანი საკითხები. აღნიშნულით აიხსნებოდა დაზარალებულ რ. გ-ას ჩვენებასა და დაზარალებულ მ. გ-ის გამოკითხვის ოქმში ასახულ ინფორმაციას შორის სხვაობა მომხდარის შესახებ პოლიციაში გაცხადების დროისა და რ. გ-ას საფულეში არსებული თანხის ოდენობასთან დაკავშირებით; ასევე, თუ იგი ქურდობის ფაქტს აკვირდებოდა და ხედავდა ახლობლის მიმართ დანაშაულის ჩადენას, რატომ არ მოუწოდა უცნობ მამაკაცს შეჩერებისკენ, ან რ. გ-ას მეტი სიფრთხილის გამოჩენისკენ და რატომ არაფერი თქვა მან მანამდე, სანამ რ. ჭ-მ არ შენიშნა დედამისის ღია ჩანთა, რატომ არ განაცხადეს იმავე დღეს პოლიციაში მომხდარის შესახებ (საქმის მასალებით დადგენილია, რომ მომხდარის შესახებ პოლიციაში გაცხადებულია მეორე დღეს) და ა.შ.
9. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა არაერთი საეჭვო და ურთიერთსაწინააღმდეგო გარემოება, ბრალდების მხარემ კი მოპოვებული და სასამართლოსათვის წარდგენილი მტკიცებულებებით ვერ უზრუნველყო აღნიშნული ეჭვების გაბათილება და გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით სასამართლოს დარწმუნება, რომ ნ. ჩ-მა ჩაიდინა ქურდობა.
10. ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია არამარტო ფაქტის თვითმხილველი პირი - მ. გ-ძე, არამედ სასამართლო პროცესზე არ დაკითხულა არც შემთხვევის ადგილზე მყოფი პირი - რ. ჭ-ძე, რომელსაც შეეძლო მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდება სასამართლოსთვის მატარებლის ვაგონში განვითარებული მოვლენებისა და ბრალდებულის პიროვნული მახასიათებლების შესახებ; არაფერი მოუმოქმედებიათ მატარებლის ვაგონში ან მეტროსადგურის ზედა და ქვედა ვესტიბიულში არსებული ვიდეოკამერებიდან ჩანაწერების დროულად გამოსათხოვად (მიმართეს 21 მარტს, რა დროსაც, ხანდაზმულობის გამო, ჩანაწერები უკვე აღარ არსებობდა), რაც დაზარალებულების მიერ გადმოცემული ინფორმაციის გადამოწმებას შესაძლებელს გახდიდა. ამდენად, ბრალდებულის მამხილებელ ძირითად მტკიცებულებად, სასამართლოში წარმოდგენილია მ. გ-ის გამოკითხვის ოქმი (გადაუმოწმებელი მტკიცებულება).
11. საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მოწმე არ გამოცხადდა სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ჩვენების მისაცემად, მისი გამოკითხვის გზით მიღებული ინფორმაციის ან გამოძიების დროს ამ კოდექსის 114-ე მუხლის შესაბამისად მიცემული ჩვენების საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე საჯაროდ წაკითხვა, აგრეთვე მიღებული ინფორმაციის/ჩვენების აუდიო ან ვიდეოჩანაწერის მოსმენა (დემონსტრირება) დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოწმე გარდაიცვალა, ქვეყანაში არ იმყოფება, მისი ადგილსამყოფელი უცნობია ან ამოწურულია სასამართლოს წინაშე მისი წარდგენის ყველა გონივრული შესაძლებლობა და გამოკითხვა/დაკითხვა ამ კოდექსით დადგენილი წესით წარიმართა. არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად მხოლოდ აღნიშნული მტკიცებულება დაედოს.
12. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ საქმეზე ჭაჭაშვილი გერმანიის წინააღმდეგ დაადგინა, რომ ,,მოწმის დაუსწრებლობის საპატიო მიზეზის არარსებობა თავისთავად ვერ იქნება სასამართლო განხილვის უსამართლობის განმაპირობებელი. აღნიშნული ფაქტის გათვალისწინებით, ბრალდების მოწმის დაუსწრებლობის საპატიო მიზეზი მეტად მნიშვნელოვანი ფაქტორია, რათა შეფასდეს ბალანსი სასამართლო განხილვის საერთო სამართლიანობის შეფასებისას.“ ამასთან, აუცილებელია სამ ეტაპად იქნეს შესწავლილი სამართალწარმოების შესაბამისობა კონვენციის მე-6 მუხლის პირველ და მესამე (დ) პუნქტებთან, როდესაც სასამართლო პროცესზე მტკიცებულებების სახით გამოყენებულ იქნა იმ მოწმის ჩვენება, რომელიც არ ესწრებოდა სასამართლო პროცესს და არ დაუკითხავთ. სასამართლომ უნდა შეისწავლოს: (1) არსებობს თუ არა მოწმის დაუსწრებლობის საპატიო მიზეზი და შედეგად შესაძლებელია თუ არა დაუსწრებელი მოწმის გადაუმოწმებელი ჩვენებების გამოყენება; (2) არის თუ არა დაუსწრებელი მოწმის ჩვენება ბრალდებულის მსჯავრდების ერთადერთი, ან გადამწყვეტი საფუძველი; (3) არსებობს თუ არა საკმარისი დამაბალანსებელი ფაქტორები, მათ შორის, ქმედითი პროცესუალური გარანტიები, რათა დაცვისთვის გადაუმოწმებელ მტკიცებულებათა დაშვებით მიყენებული ზიანი დაბალანსდეს და უზრუნველყოფილი იყოს მთლიანი სასამართლო განხილვის სამართლიანობა.
13. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ უტყუარობის კონსტიტუციური პრინციპი მოითხოვს არა მხოლოდ იმას, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უტყუარ (სანდო, გაუყალბებელ) მტკიცებულებებს ეფუძნებოდეს, არამედ იმასაც, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ეჭვგარეშე დასტურდებოდეს პირის ბრალეულობა დანაშაულის ჩადენაში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება N 2/2/1276 „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-77).
14. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ წარმოადგინა პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობა, ნ. ჩ-ის მიერ ქურდობის ფაქტის დასადატურებლად. სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ბრალდების მხარეს სააპელაციო საჩივარში მითითებულ არგუმენტებზე ამომწურავი პასუხები გაეცა, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს, ხოლო რაიმე სხვა გარემოებას, რაც საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანი გახდებოდა, კასატორი საჩივარში არ უთითებს.
15. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).
16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
17. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის დიდუბე-ჩურუღეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნინო მიქავას საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 19 თებერვლის განაჩენზე;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
ნ. სანდოძე