საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100124009437322
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №925აპ-25 ქ. თბილისი
გ გ., 925აპ-25 20 მარტი, 2026 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მამუკა ვასაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 9 ივლისის განაჩენზე მსჯავრდებულ გ.გ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ლ. რ–ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით: გ.გ–ს – პირადი ნომრით ........, – ბრალად ედებოდა ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით, იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის, – დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით.
გ.გ–ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2024 წლის 23 აპრილს, დაახლოებით 13:00 საათზე, ქ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ კ–ში, ს. ლ–ის საცხოვრებელ სახლში არსებულ სათავსოში უკანონო შეღწევის გზით, სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის სამჯერ ნასამართლევმა გ.გ–მა, ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სცადა ს. ლ–ის კუთვნილი ელექტრო ხერხის დაუფლება, რაც შეამჩნია ს. ლ–მა, რის გამოც გ.გ–ის დანაშაულებრივი განზრახვა ბოლომდე არ იქნა მიყვანილი.
2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 9 იანვრის განაჩენით:
2.1. გ.გ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19, 177-ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით შეუმცირდა 1/6-ით და სასჯელად განესაზღვრა – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა;
2.2. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 1 ივნისის განაჩენით, გ.გ–ის მიმართ დანიშნული და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 16 თებერვლის განჩინებით განსაზღვრული, ასევე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის გავრცელების შედეგად შემცირებული სასჯელი - პირობითი მსჯავრი 4 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სრულად შთანთქა ახალი განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ.გ–ს, სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა;
2.3. მასვე, სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის ვადა აეთვალა დაკავებიდან – 2024 წლის 24 აპრილიდან.
3. სასამართლომ დაადგინა:
2024 წლის 23 აპრილს, დაახლოებით 12:00 საათზე, ქ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ კ–ში, ს. ლ–ის საცხოვრებელ სახლში არსებულ სათავსოში უკანონო შეღწევის გზით, სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის სამჯერ ნასამართლევმა გ.გ–მა, ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სცადა ს. ლ–ის კუთვნილი ელექტრო ხერხის დაუფლება, რაც შეამჩნია ს. ლ–მა, რის გამოც გ.გ–ის დანაშაულებრივი განზრახვა ბოლომდე არ იქნა მიყვანილი.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ. გ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ლ. რ–ემ, რომელმაც მოითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 9 იანვრის განაჩენის გაუქმება, გ.გ–ის უდანაშაულოდ ცნობა და გამართლება.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 9 ივლისის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 9 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ.გ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ლ. რ–ემ, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებას, გ.გ–ის გამართლებას და უდანაშაულოდ ცნობას.
7. საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა დაცვის მხარემ, რომელიც ითხოვს გ.გ–ის გამართლებას და უდანაშაულოდ ცნობას.
8. დაცვის მხარემ ბათუმის საქალაქო სასამართლოს განაჩენის გაუქმების მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა იმავე (იდენტურ) არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. გასაჩივრებულ განაჩენში მითითებულია იმ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც გ.გ–ის საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით მსჯავრდება და შესაბამისი სასჯელი განაპირობა.
9. სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით (მათ შორის: დაზარალებულ ს. ლ–ის, მოწმეთა: ნ. ლ–ს, ი. ლ–ს, ლ. ხ–ს ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, სასაქონლო ექსპერტიზის N.... დასკვნით და სხვა მტკიცებულებებით) გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება გ. გ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
10. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. შესაბამისად, სასამართლო აფასებს დაზარალებულ ს. ლ–ისა და მოწმეთა: ნ. ლ–ასა და ი. ლ–ის მიერ სწორედ სასამართლოში მიცემულ ჩვენებებს. დაზარალებული და მოწმეებიც სრულად, დამაჯერებლად და თანმიმდევრულად აღწერენ განვითარებულ მოვლენებს, მათ მიერ სასამართლოსათვის მიწოდებული ინფორმაცია არ შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას და არ იკვეთება გარემოებები, რომლებიც ეჭვქვეშ დააყენებდა დაზარალებულის/მოწმეების სანდოობას. კერძოდ,10.1. ს. ლ–ის ჩვენებით დასტურდება, რომ 2024 წლის 23 აპრილს, დაახლოებით 12:00 საათზე, როდესაც სახლის მეორე სართულზე აბაზანას არემონტებდა, ეზოში არსებული სათავსოდან, სადაც სხვადასხვა საოჯახო ნივთს ინახავს, გაიგონა ხმაური, მაშინვე ჩავიდა ეზოში და დაინახა სათავსოდან ელექტრო ხერხით გამომავალი გ.გ–ი. ჰკითხა - სად მიჰქონდა მისი ხერხი. პასუხად გ–მა ყვირილი და გინება დაიწყო ქართულ-რუსულ ენებზე, თან ხერხს აქეთ-იქით იქნევდა. ხმაურზე გარეთ გავიდნენ ნ–ა და ი–ა, რომლებმაც საკუთარი თვალით დაინახეს აღნიშნული ფაქტი. გ–მ, რომელიც მიხვდა, რომ ხერხს ფარულად ვეღარ დაეუფლებოდა, გაბრაზებულმა მოისროლა, თვითონ კი ყვირილით და გინებით დატოვა იქაურობა.
10.2. დაზარალებულ ს. ლ–ის ჩვენება თანხვდენილია ნ. ლ–ასა და ი. ლ–ის ჩვენებებთან. კერძოდ:
10.2.1. ნ. ლ–ამ განმარტა, რომ 2024 წლის 23 აპრილს, დაახლოებით, 12 საათზე სახლის მეორე სართულზე არსებულ სამზარეულოში მყოფმა ხმამაღალი საუბარი გაიგონა ეზოს უკანა მხრიდან, დაინტერესდა რა ხდებოდა, გავიდა და დაინახა, რომ ს–ს და გ–ს ,,ხმამაღალი ლაპარაკი“ ჰქონდათ ერთმანეთთან. გ– იგინებოდა, ილანძღებოდა, ხელში მათი ელექტრო ხერხი ეჭირა, რომელიც მანამდე ეზოში მოწყობილ, ნახევრად ღია სათავსოში ინახებოდა და აქეთ-იქით იქნევდა. ს– უყვიროდა - სად მიგაქვს ჩემი ხერხიო, გ– იგინებოდა, შემდეგ ხერხით ხელში გაიქცა შემაღლებული ადგილისკენ, ს–მ დაუძახა დაეტოვებინა მისი ხერხი, თორემ პოლიციას გამოიძახებდა, ამის გაგონებისას გ–მ იმ შემაღლებული ადგილიდანვე ისროლა ხერხი და ლანძღვა-გინებით დატოვა იქაურობა.
10.2.2. ი. ლ–მა განმარტა, რომ 2024 წლის 23 აპრილს დედ-მამასთან ერთად იმყოფებოდა სახლში, ქ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ კ–ში. სახლის მეორე სართულზე მყოფს ეზოდან ხმაური შემოესმა, გაიხედა და დაინახა ეზოში მყოფი გ.გ–ი და მამამისი ს. ლ–ი. გ–ს ხელში მათი კუთვნილი ხერხი ეჭირა, ს– ხერხის დაბრუნებას ითხოვდა, გ– კი უარზე იყო. რაღაც დროის განმავლობაში ყვირილი და კამათი მიმდინარეობდა, შემდეგ კი შემაღლებული ადგილიდან გ–მ ხერხი ს–სკენ ისროლა, თვითონ კი ყვირილით და ქართულ-რუსული შეურაცხმყოფელი სიტყვებით დატოვა მათი ეზო.
10.3. დაზარალებულმა ს. ლ–მა და თვითმხილველმა მოწმეებმა: ნ. ლ–ამ და ი. ლ–მა როგორც გამოძიების ეტაპზე, ასევე სასამართლოში დაკითხვისას დაადასტურეს, რომ გ.გ–ს ხელში ეჭირა მათი ხერხი და შეურაცხოფას აყენებდა ს. ლ–ს.
10.4. გ.გ–სა და ს. ლ–ის ოჯახს შორის კონფლიქტის (მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებით) შესახებ კასატორის მტკიცებასთან მიმართებით, სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაცვის მხარეს სამართალწარმოების არცერთ ეტაპზე არ წარმოუდგენია აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება, რაც სასამართლოს მისცემდა მოწმეთა ჩვენებების სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველს (აღნიშნული არ დასტურდება არც დაზარალებულ ს. ლ–ის და მისი ოჯახის წევრების – ნ. ლ–ასა და ი. ლ–ის ჩვენებებით. ისინი უთითებენ გ.გ–თან წინარე პერიოდში არსებულ კარგ ურთიერთობაზე).
10.5. შესაბამისად, არ არსებობს დაცვის მხარე კასატორის მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
11. გ.გ–ისათვის საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით მსჯავრადშერაცხილი დანაშაულისათვის განსაზღვრულ სასჯელზე „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის გავრცელებაზე ნამსჯელია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 9 ივლისის განაჩენში.
12. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი გავრცელდა გ.გ–ის მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 30 დეკემბრის განაჩენით და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 16 თებერვლის განჩინებით (პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის გაგრძელების შესახებ) განსაზღვრულ სასჯელებზე.
12.1. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-13 მუხლით პირს, რომელზედაც გავრცელდა ამნისტია, უფლება აქვს, ამ კანონის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება გაასაჩივროს ერთჯერადად, აღნიშნული გადაწყვეტილების მისთვის ჩაბარებიდან 2 კვირის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საკასაციო პალატაში. მოცემულ შემთხვევაში ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 17 ოქტომბრის განჩინება არ გასაჩივრებულა.
12.2. შესაბამისად, სასამართლო მოცემულ შემთხვევაში მოკლებულია შესაძლებლობას შეამოწმოს რამდენად სწორად გავრცელდა გ.გ–ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი ან/და გაასწოროს დაშვებული შეცდომა.
13. „საკასაციო ინსტანციის სასამართლოების მიერ დასაშვებობის კრიტერიუმის გამოყენება ემსახურება მართლმსაჯულების ჯეროვნად განხორციელების კანონიერ მიზანს (იხ.: Tchaghiashvili v. Georgia, no. 19312/07, par. 34, ECtHR, 2/09/2014; Borisenko and Yerevanyan Bazalt Ltd v. Armenia, no. 18297/08, ECtHR, 14/04/2009; Kuparadze v. Georgia, no.30743/09, par. 76 ECtHR, 21/09/2017).
14. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ გ.გ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ლ. რ–ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 9 ივლისის განაჩენზე გ.გ–ის მიმართ;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. ვასაძე
მ. გაბინაშვილი