საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 16.07.2026
საქმის ნომერი
2კ-202აპ.-26
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
16.07.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100125011134659

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №202აპ-26 ქ. თბილისი

დ-ი ი. 202აპ-26 16 ივლისი, 2026 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 10 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულ ი. დ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს. ა-ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 2 ოქტომბრის განაჩენით:

1.1. ი. დ-ი, - დაბადებული ... წლის ... დეკემბერს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, 179-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით - 12 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ი. დ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა.

1.2. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის საფუძველზე, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 11 მაისის განაჩენითა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 31 ოქტობრის განჩინებით ი. დ-ს მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი. ბოლო განაჩენით დანიშნულმა ძირითადმა სასჯელმა სრულად შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 11 მაისის განაჩენითა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით ი. დ-ს მიმართ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და დამატებითი სასჯელი ჯარიმა - 2000 ლარი. საბოლოოდ, ი. დ-ს დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის ზომად განესაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2025 წლის 28 იანვრიდან.

2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ი. დ-მა ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, იმის მიერ, ვინც სამჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის; განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება, რაც გამოიხატა შემდეგში:

· 2025 წლის 28 იანვარს, დაახლოებით 02:00 საათზე, თ-ში, გ-ში, ა.ბ-ის ქუჩაზე მდებარე ე.წ „კ-ის“ შენობაში, მე-... სართულზე არსებულ ბინა N...-ში, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 24 აგვისტოს განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი), თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 16 ივნისის განაჩენით სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 11 მაისის განაჩენით სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის ნასამართლევი ი. დ-ი, სამზარეულოს დანითა და მაკრატლით, თავს დაესხა დ. ხ-ს და სიცოცხლის მოსპობის მუქარით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მოსთხოვა 100 ლარი. ყაჩაღური თავდასხმის შედეგად, დ. ხ-ას მიადგა მორალური ზიანი.

· 2025 წლის 28 იანვარს ღამის საათებში განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი ი. დ-ი გადაადგილდებოდა თ-ში, გ-ში, ა.ბ-ის ქუჩაზე მდებარე ე.წ „კ-ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, რა დროსაც თან ატარებდა დანას, რომელიც დამზადებულია ქარხნული წესით, არის მჩხვლეტავ-მჭრელი და მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 10 თებერვლის განაჩენით:

3.1. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 2 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. კასატორმა - მსჯავრდებულმა ი. დ-მა საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 10 თებერვლის განაჩენის გაუქმება და გამართლება.

4.1. კასატორმა - მსჯავრდებულ ი. დ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ს. ა-მა საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 10 თებერვლის განაჩენის გაუქმება და ი. დ-ს გამართლება.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

6. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლევი ი. დ-ის მხრიდან ცივი იარაღის ტარების ფაქტი დადასტურებულია საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, თავად მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებით, მოწმეების, პატრულ-ინსპექტორების - გ. ბ-ისა და ო. კ-ს ჩვენებებით, დაზარალებულ დ. ხ-ს ჩვენებით, პირადი ჩხრეკის ოქმით, ამოღებული ნივთმტიცებით, ტრასოლოგიური ექსპერტიზის N.. დასკვნით, რასაც სადავოდ არც მხარეები ხდიან.

7. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით; ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

8. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში წარმოდგენილია კანონის მოთხოვნათა დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა (დაზარალებულ დ. ხ-სა და მოწმეების - მ. ხ-ს, გ. გ-ს, გ. ბ-ს, ო. კ-ს, ლ. ბ-სა და სხვათა ჩვენებები, N… შეტყობინების ოქმი, დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბიოლოგიური ექსპერტიზის N… დასკვნა და სხვა მტკიცებულებები), რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ი. დ-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.

9. საქმის მასალების თანახმად, დაზარალებულმა დ. ხ-მ როგორც გამოძიების მიმდინარეობისას გამოკითხვებისა და საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, ასევე, პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე, ერთმანეთის იდენტურად აღწერა ი. დ-ს მიერ მის მიმართ ჩადენილი ყაჩაღობის დეტალები და სამართალწარმოების არცერთ ეტაპზე არ მიუთითებია ურთიერთსაწინააღმდეგო გარემოებებზე, რის გამოც გაჩნდებოდა ეჭვი მოწმის სანდოობასთან დაკავშირებით. საქმეში არ წარმოდგენილა რაიმე სახის მტკიცებულება რომლითაც დადგინდებოდა, რომ დ. ხ-მ პირადი დაინტერესების ან ი. დ-ს მიმართ შურისძიების მოტივით სასამართლოს მისცა ცრუ ჩვენება და უსაფუძვლოდ ამხილა მსჯავრდებული ძალადობის გამოყენების მუქარით მისთვის თანხის მოთხოვნისათვის. დაზარალებულმა არ უარყო, რომ ი. დ-თან აღარ უნდოდა ურთიერთობა. თუმცა მის გულწრფელობას დამაჯერებლობას სძენს ის ფაქტები, რომ მიუხედავად ი. დ-ს მხრიდან მისთვის თანხის არაერთხელ მოთხოვნისა, მან დანაშაულებრივ ქმედებად შეაფასა მხოლოდ ბოლო - 2025 წლის 28 იანვარს მომხდარი მოვლენები, როდესაც ი. დ-მა უკვე განსაკუთრებული აგრესია გამოამჟღავნა და მუქარაც რეალური იყო. ასევე, იმის მიუხედავად, რომ დ. ხ-მ იცოდა ი. დ-ს მიერ ცივი იარაღის ტარების შესახებ, მას არ უცდია მსჯავრდებულის მდგომარეობის დამძიმება და მის თანნაქონ დანაზე, როგორც დანაშაულის ჩადენის იარაღზე, არ მიუთითებია.

10. საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მსჯელობას მოწმე მ. ხ-ს ჩვენების შეფასების ნაწილშიც, რომელმაც პირდაპირი ხასიათის ინფორმაცია მიაწოდა სასამართლოს დ. ხ-ას მძიმე ემოციური მდგომარეობის შესახებ. მოწმემ დაადასტურა, რომ მასთან სატელეფონო საუბრისას დ. ხ-ს ჰქონდა ძალიან შეშინებული ხმა და ითხოვდა დახმარებას. მოწმე მ. ხ-ს მიერ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში ზარის აუდიოჩანაწერი და მის მიერ სასამართლოსათვის მიწოდებული ინფორმაცია ამყარებს დაზარალებულ დ. ხ-ს ჩვენებას, რომ ი. დ-მა ნამდვილად ჩაიდინა მისთვის ბრალადშერაცხილი დანაშაულებრივი ქმედება, რის შედეგადაც დაზარალებულს გაუჩნდა სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის მუქარის აღსრულების საფუძვლიანი შიში.

11. დაზარალებულ დ. ხ-ს ჩვენება თანხვდენილია საქმეში წარმოდგენილ წერილობით მტკიცებულებებთანაც, მათ შორის საგამოძიებო ექსპერიმენტისა და შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმებთან, რომელთა თანახმად, დ. ხ-მ მიუთითა ა.ბ-ის ქუჩაზე ე.წ „კ-ის“ შენობაში მე-… სართულზე, ბინა N…-ზე, სადაც 2025 წლის 28 იანვარს მეგობარმა მამაკაცმა - ი. დ-მა დანისა და მაკრატლის მუქარით მოსთხოვა თანხა. ბინაში ნანახი იქნა მოვერცხლისფრო პირიანი და წითელი, თეთრი, ლურჯი ზოლის მქონე პლასმასისტარიანი დანა, გაშლილი სახით და მის გვერდით კი ასევე - მოვერცხლისფრო მეტალის მქონე მცირე ზომის მაკრატელი. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბიოლოგიური ექსპერტიზის N… დასკვნით უტყუარად დადასტურდა ი. დ-ს შემხებლობა დაზარალებულის საცხოვრებელი ბინიდან ამოღებულ მაკრატელთან. რაც შეეხება ფაქტს, რომ დანის ზედაპირზე არ გამოვლინდა ი. დ-ს ბიოლოგიური მასალა, აღნიშნული უპირობოდ არ გამორიცხავს საგანთან ი. დ-ს შემხებლობას და ვერ გახდება მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენის საფუძველი, ვინაიდან კონკრეტულ საგნებსა და ობიექტებზე ბიოლოგიური მასალისა თუ სხვადასხვა სახის კვლების დატოვება დამოკიდებულია არაერთ გარეშე ფაქტორზე (ზედაპირის სახეობა, გარემო, კლიმატი, შეხების ხანგრძლივობა და ა.შ.).

12. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ როგორც პირველი ინსტანციის, ასევე სააპელაციო სასამართლოს მიერ ი. დ-ის ბრალდების საქმე განხილულია საპროცესო ნორმების არსებითი დარღვევის გარეშე, მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით, რაც საშუალებას აძლევდა თითოეულ მხარეს, ჯეროვნად წარმოეჩინა და დაესაბუთებინა თავისი პოზიცია საქმისათვის მნიშვნელოვან ყველა გარემოებასთან დაკავშირებით. ი. დ-ს მიმართ საქმის წარმოების არცერთ ეტაპზე არ გამოვლენილა გარემოება, რომელიც ობიექტურ დამკვირვებელს საფუძვლიან ეჭვს გაუჩენდა მსჯავრდებულის მიერ გასაჩივრებული განაჩენით მისთვის მსჯავრად შერაცხულ ქმედებათა ჩადენაში.

13. დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. გადაწყვეტილებიდან ნათლად უნდა ჩანდეს, რომ განხილულ იქნა საქმის არსებითი საკითხები” (Lobzhanidze and Peradze v. Georgia, ECtHR, no 21447/11, no35839/11, §65, 66; 27/02/2020). ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლება აქვთ დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, ECtHR, no49684/99, §30, 25/12/2001).

14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

15. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ი. დ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს. ა-ს საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 10 თებერვლის განაჩენზე;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

ნ. სანდოძე