გაუქმდა გამამართლებელი განაჩენი და გამოტანილ იქნა გამამტყუნებელი

სისხლის სამართლის 18.12.2025
საქმის ნომერი
2კ-694აპ.-25
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
18.12.2025

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 330100121004866302

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

საქმე №694აპ-25 ქ. თბილისი

მ-ი ლ., 694აპ-25 18 დეკემბერი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მამუკა ვასაძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქართველოს გენერალური პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში, იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველოს პროკურორის – თეა ბერიძის – საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 20 ივნისის განაჩენზე.

I. ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ლ. მ–ის, – პირადი ნომერი: ........, – მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

1.1. ლ. მ–მა განიზრახა მოტყუებით დაუფლებოდა მ.....ი მდებარე 487 კვ.მ მიწის ნაკვეთს და მასზე განთავსებულ 83 კვ.მ შენობა-ნაგებობას. ამ მიზნით, 2017 წლის 15 მარტს, ლ. მ–მა მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა მ.....ი მდებარე 487 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული 83 კვ.მ შენობა-ნაგებობის სახელმწიფო პროექტის ფარგლებში საკუთრებაში რეგისტრაცია, რისთვისაც საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარადგინა მის მიერ წინასწარ დამზადებული ყალბი დოკუმენტი, კერძოდ, სანოტარო წესით 2017 წლის 10 მარტს თბილისში, ვ–ში ნოტარიუს ქ–სთან დამოწმებული განცხადება, რომლის მიხედვითაც, მ. მ–ი, გ. ჯ–ი და მ. ბ–ი ადასტურებდნენ, რომ, თითქოსდა 2006 წლიდან ლ. მ–ი ფლობდა და სარგებლობდა ზემოხსენებული მიწის ნაკვეთითა და მასზე არსებული შენობა-ნაგებობით მაშინ, როდესაც ლ. მ–ი რეალურად ხსენებულ უძრავ ქონებას არ ფლობდა. აღნიშნული დოკუმენტის საფუძველზე, ლ. მ–მა მოატყუა ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია, რომელმაც ყალბი დოკუმენტის – მეზობლების დასტურის საფუძველზე, მიიღო გადაწყვეტილება, ლ. მ–ისთვის საკუთრებაში გადაეცა ზემოხსენებული უძრავი ქონება. აღნიშნული ქმედებით სახელმწიფოს მიადგა 43 129 ლარის ოდენობით ზიანი;

1.1.1. აღნიშნული ქმედებით ლ. მ–მა ჩაიდინა თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი დიდი ოდენობით, – დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის)180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით.

1.2. 2017 წლის 15 მარტს, ლ. მ–მა მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა მ.....ი მდებარე 487 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული 83 კვ.მ შენობა-ნაგებობის სახელმწიფო პროექტის ფარგლებში საკუთრებაში რეგისტრაცია, რისთვისაც საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარადგინა მის მიერ წინასწარ დამზადებული ყალბი დოკუმენტი – სანოტარო წესით 2017 წლის 10 მარტს, თბილისში, ვ–ში ნოტარიუს ქ–სთან დამოწმებული განცხადება, რომლის მიხედვითაც, მ. მ–ი, გ. ჯ–ი და მ. ბ–ი ადასტურებდნენ, თითქოსდა 2006 წლიდან ლ. მ–ი ფლობდა და სარგებლობდა ზემოხსენებული მიწის ნაკვეთით და მასზე არსებული შენობა-ნაგებობით მაშინ, როდესაც რეალურად ლ. მ–ი ხსენებულ უძრავ ქონებას არ ფლობდა.

1.2.1. აღნიშნული ქმედებით ლ. მ–მა ჩაიდინა ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით და გამოყენება, – დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 2 აპრილის განაჩენით ლ. მ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში;

2.1. საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლის თანახმად, ლ. მ–ს განემარტა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.

3. სასამართლომ დაადგინა:

3.1. ლ. მ–ი თვითნებურად ფლობდა და სარგებლოდა მ–ი სოფელ მ– მდებარე 487 მ2 მიწის ნაკვეთს და მასზე განთავსებულ 83 მ2 შენობა-ნაგებობას, რომელიც ეკუთვნოდა მწერალთა კავშირს და მოწმეთა განმარტებით გამოიყენებოდა დარაჯის განსათავსებლად. 2017 წელს ლ. მ–მა გადაწყვიტა ესარგებლა ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონით. მითითებული კანონის მოთხოვნათა დაცვით შეაგროვა დოკუმენტები და საკუთრების აღიარების მიზნით მიმართა მ–ის საკრებულოში მდებარე საკუთრების აღიარების კომისიას. ლ. მ–მა კომისიაზე დოკუმენტები წარადგინა მესამე პირის დახმარებით ისე, რომ მას კომუნიკაცია კომისიის არც ერთ წევრთან არ ჰქონია. კომისიამ განიხილა ლ. მ–ის განცხადება ისე, რომ არ ჩაუტარებია სრულფასოვანი ადმინისტრაციული წარმოება, კერძოდ: არ გადაუმოწმებია ადგილზე უძრავი ქონების მდგომარეობა, მფლობელობა და განმცხადებელთან და განცხადებაზე დართულ ახსნა-განმარტების გამცემ პირებთან კომუნიკაციის გარეშე მიიღო გადაწყვეტილება – თვითნებურად დაკავებული ქონების მფლობელად და მესაკუთრედ ლ. მ–ის აღიარების შესახებ და მასზე გასცა საკუთრების მოწმობა, რომელიც ლ. მ–მა წარადგინა საჯარო რეესტრში. ლ. მ–ის სახელზე დარეგისტრირდა 487 მ2 უძრავი ქონება და მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობა საკადასტრო კოდით ....., მდებარე მ– სოფელი მ–. 2020 წელს მ–ის საკრებულოში მდებარე საკუთრების აღიარების კომისიას განცხადებით მიმართა მოქალაქე ს–ემ და ითხოვა 2017 წლის 9 ოქტომბერს ლ. მ–ის სახელზე გაცემული საკუთრების უფლების მოწმობის გაუქმება. ს–ემ წარადგინა მწერალთა კავშირის მიერ გაცემული ცნობის ასლები, რომლითაც დასტურდებოდა, რომ მ–ს ტერიტორიაზე არსებული სადარაჯე სახლი მუდმივ მფლობელობაში გადაეცა პოეტ ლ–იას, რის გამოც, კომისიამ 2020 წლის 24 ივლისს მიიღო გადაწყვეტილება 2017 წლის 9 ოქტომბერს ლ. მ–ის სახელზე გაცემული საკუთრების უფლების N7-- მოწმობის ბათილად ცნობის თაობაზე. ამჟამად სადავო მიწის ნაკვეთის კანონიერი მფლობელი არის სახელმწიფო.

3.2. სასამართლოზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ლ. მ–ის მიერ მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედების ჩადენა.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს გენერალური პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში, იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველოს პროკურორმა – თეა ბერიძემ. აპელანტმა მოითხოვა ლ. მ–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით და მისთვის კანონიერი და სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 20 ივნისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 2 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს გენერალური პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში, იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველოს პროკურორმა – თეა ბერიძემ. კასატორი ითხოვს ლ. მ–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით და მისთვის სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას.

II. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა პროკურორმა თეა ბერიძემ, რომელიც ითხოვს ლ. მ–ის დამნაშავედ ცნობას ბრალადწარდგენილი – საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა (თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი დიდი ოდენობით) და საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით და გამოყენება) გათვალისწინებული – დანაშაულების ჩადენაში და მისთვის სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას.

2. ამდენად, დავის საგანია იმ საკითხის გარკვევა, ლ. მ–მა ჩაიდინა თუ არა ბრალადწარდგენილი დანაშაული/ები.

3. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში, იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველოს პროკურორის – თეა ბერიძის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ, ლ. მ–ი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა (თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით, ჩადენილი დიდი ოდენობით) და საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენება).

4. სასამართლო ითვალისწინებს, რომ:

4.1. მოწმე ს–ემ განმარტა, რომ მწერალთა კავშირის მებაღეობამ მის დედამთილს – ლ–იას – სოფელ მ– სარგებლობაში გადასცა სადარაჯო სახლი, სადაც მანამდე ცხოვრობდა დარაჯი. დარაჯის წასვლის შემდეგ, 2006 წლიდან, დედამთილმა სახლს მიაშენა სხვა ოთახი, სველი წერტილი, გააშენა ნარგავები, შემოღობა და შენობით სარგებლობდნენ 2012 წლამდე. 2008 წელს ლ–იამ მიმართა საჯარო რეესტრს ქონების რეგისტრაციის მიზნით, თუმცა მას ეთქვა უარი. 2020 წელს დასასუფთავებლად ავიდა აგარაკზე, რადგან სურდა ქონების რეგისტრაცია. მასთან მივიდა უცნობი მამაკაცი და უთხრა, რომ უძრავი ქონება დედამისის საკუთრება იყო. თავის მხრივ, ს–ემ უცნობს განუმარტა, რომ აღნიშნული ქონება მის ოჯახს ეკუთვნოდა. საუბრიდან რამდენიმე წუთში აღნიშნულმა მამაკაცმა აგარაკზე მიიყვანა ლ. მ–ი, რომელსაც დოკუმენტურად გადაფორმებული ჰქონდა ოჯახის კუთვნილი ქონება, რის გამოც, დახმარებისთვის მიმართა მცხეთის გამგეობას და საგამოძიებო ორგანოს.

4.2. მოწმე მ. მ–მა განმარტა, რომ 2005 წლიდან სოფელ მ– ფლობს აგარაკს, სადაც ატარებდა დიდ დროს. მას შემდეგ, რაც საცხოვრებლად გადავიდა მ– ამავე სოფელში მდებარე მიწის ნაკვეთზე, რომელზეც დგას შენობა, ხშირად ხედავდა ლ. მ–ს, – იგი უვლიდა მიწის ნაკვეთს, თუმცა დაზუსტებით, კონკრეტული წლის დასახელება არ შეუძლია. 2017 წელს რამდენჯერმე დაინახა, ბოლო პერიოდში კი აქტიურად ხედავდა მას. აღნიშნულ ტერიტორიაზე სხვა პირი არ უნახავს.

4.2.1. მოწმემ ასევე დაადასტურა, რომ გაეცნო 2017 წლის 10 მარტის განცხადების შინაარსს (რომლის თანახმად, ლ. მ–ი 2006 წლიდან ფლობდა სადავო მიწის ნაკვეთს და სარგებლობდა), დაეთანხმა და ხელისმოწერით დაადასტურა.

4.3. მოწმე მ. ბ–მა განმარტა, რომ 2001 წლიდან მუშაობს სოფელ მ– დარაჯად. 2017 წელს ლ. მ–მა დაიკანონა მწერალთა კავშირის ბალანსზე არსებული მიწის ნაკვეთი მასზე არსებული შენობა-ნაგებობით, სადაც 2000 წლამდე ცხოვრობდა დარაჯი – ი–ე. მას ლ. მ–ი ეხმარებოდა ტერიტორიის დასუფთავებაში და სხვადასხვა სამუშაოებში. ლ. მ–ის სახლი მდებარეობდა აღნიშნული მიწის ნაკვეთიდან დაახლოებით 400-500 მეტრში. მოწმემ, 2017 წლის 10 მარტის განცხადებასთან (რომლის თანახმადაც, იგი ადასტურებს, რომ ლ. მ–ი 2006 წლიდან ფლობდა და სარგებლობდა სოფელ მ– არსებულ 487 კვ.მ. მიწის ნაკვეთს) დაკავშირებით განმარტა, რომ მან ხელი მოაწერა გამზადებულ განცხადებას ისე, რომ მის შინაარსს არ გასცნობია. სანოტარო ბიუროში კი, ლ. მ–ის თხოვნით, ქონების გადაფორმების მიზნით, განცხადების შინაარსი დაადასტურა ხელმოწერით.

4.4. მოწმე გ. ჯ–მა განმარტა, რომ სოფელ მ– აქვს სახლი. ლ. მ–ი ცხოვრობს ამავე სოფელში, რომელთანაც ჰქონდა მეგობრული ურთიერთობა. ამ უკანასკნელის თხოვნით, ვინაიდან სურდა მიწის ნაკვეთის გაფორმება, მივიდა სანოტარო ბიუროში და განცხადებას მოაწერა ხელი, თუმცა მისი შინაარსი არ წაუკითხავს, ასევე არ უკითხავს, რომელი მიწის ნაკვეთის გაფორმება სურდა, რადგან ენდობოდა. აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე 2015-2017 წლებში შემჩნეული ჰყავს ლ. მ–ი, მანამდე იგი არ უნახავს.

4.5. მოწმე ნ–მა (მუშაობს მ–ის მერიაში) განმარტა, რომ 2017 წლის 15 სექტემბერს იყო ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის თავმჯდომარე. 2017 წლის 15 სექტემბერს, სხდომაზე განიხილებოდა ლ. მ–ისთვის სოფელ მ– მიწის ფართობის მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით საკუთრებაში გადაცემის საკითხი. წარმოდგენილი დოკუმენტაცია (აზომვითი ნახაზები, საჯარო რეესტრის ინფორმაცია და მოწმეთა ჩვენებები, რომლითაც დასტურდებოდა, რომ ლ. მ–ი ფლობდა და სარგებლობა აღნიშნული უძრავი ქონებით) აკმაყოფილებდა კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებს, შესაბამისად, კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება განცხადების დაკმაყოფილების თაობაზე. მოგვიანებით – 2020 წელს – კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება ლ. მ–ის სახელზე გაცემული საკუთრების მოწმობის ბათილად ცნობის თაობაზე, ვინაიდან ქონება იყო სადავო და მოქალაქემ წარადგინა მწერალთა კავშირის მიერ გაცემული ცნობა, რომლითაც, დასტურდებოდა უძრავ ქონებაზე გარკვეული უფლებები. მოწმემ დაადასტურა, რომ წარმოდგენილი დოკუმენტაციის რეგისტრაციის მომენტში გადაწყვეტილება იყო კანონიერი.

4.6. მოწმე შ–ა (მ–ის მერიის, სოფლის მეურნეობის განვითარების განყოფილების უფროსი) განმარტა, რომ 2017 წლის 15 სექტემბერს იყო ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის წევრი. სხდომაზე განხილული იყო ლ. მ–ისთვის სოფელ მ– 500 კვ.მ. მიწის ფართობის საკუთრებაში გადაცემის საკითხი. აღნიშნული საკითხის განხილვისას კომისიამ იხელმძღვანელა განმცხადებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტებით. მათ ადგილზე არ დაუთვალიერებიათ უძრავი ქონება, ვინაიდან ვალდებულება არ ჰქონდათ. განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები სრულყოფილად იყო შესწავლილი, კერძოდ, წარდგენილი იყო სამი მოწმის სანოტარო წესით დამოწმებული განცხადება, რომლითაც დასტურდებოდა, რომ ლ. მ–ი ფლობდა აღნიშნულ სადავო მიწის ნაკვეთს. აღნიშნულ დოკუმენტს ჰქონდა მტკიცებულებითი ძალა, დაეჭვების საფუძველი არ გასჩენიათ, რის გამოც, კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემის შესახებ. მოგვიანებით – 2020 წლის 24 ივლისს – კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება ლ. მ–ის სახელზე 2017 წლის 9 ოქტომბერს გაცემული საკუთრების უფლების მოწმობის ბათილად ცნობის თაობაზე, ვინაიდან მოქალაქემ წარადგინა მებაღის წიგნაკი, რომლის თანახმად, აღნიშნული მიწის ნაკვეთის მესაკუთრე იყო სხვა პირი. აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია რომ ჰქონოდათ, ლ. მ–ის განცხადება, ქონების დარეგისტრირების თაობაზე, არ დაკმაყოფილდებოდა.

4.7. მოწმე დ. პ–მა (მ–ის საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწე) ასევე განმარტა, რომ 2017 წელს განიხილებოდა მოქალაქე ლ. მ–ისთვის სოფ. მ– მდებარე უძრავი ქონების გადაცემის საკითხი. ვინაიდან წარდგენილი საბუთები იყო სრულყოფილი, ამასთან, ყველაზე მნიშვნელოვან და მტკიცებულებითი სახის დოკუმენტს წარმოადგენდა სამი მოწმის ნოტარიალურად დამოწმებული განცხადება, რომლითაც დასტურდებოდა, რომ მოქალაქე ფლობდა მიწის ნაკვეთს, რომელზეც აშენებული იყო სახლი (კომისიამ სანდოდ მიიჩნია აღნიშნული განცხადება, დაეჭვების საფუძველი არ გასჩენიათ), კომისიამ დააკმაყოფილა ლ. მ–ის მოთხოვნა. მოგვიანებით – 2020 წელს – ვინაიდან მოქალაქე ს–ემ მიმართა საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და წარუდგინა მებაღის წიგნაკი, რომლითაც დასტურდებოდა, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთი ეკუთვნოდა ამ უკანასკნელს, კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება ლ. მ–ის სახელზე საკუთრების უფლების მოწმობის ბათილად ცნობის თაობაზე. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია რომ ჰქონოდათ, არ დაკმაყოფილდებოდა ლ. მ–ის განცხადება ქონების დარეგისტრირების თაობაზე. მოწმემ დაადასტურა, რომ განცხადების გარეშე ლ. მ–ის მოთხოვნას არ დააკმაყოფილებდა კომისია. წარმოდგენილი დოკუმენტაციის რეგისტრაციის მომენტში გადაწყვეტილება იყო კანონიერი, ასევე კანონიერი იყო გადაწყვეტილება აქტის ბათილად ცნობის შესახებ.

4.8. მოწმე შ----------–------ა განმარტა, რომ 2009-2012 წლებში იყო მ–ში გამგებლის რწმუნებული. სოფელ მ– არსებულ სადარაჯო აგარაკებთან დაკავშირებით ცნობილია, რომ ნაკვეთზე იდგა დანგრეული, უპატრონო ნაგებობა – სადარაჯო. მისი მუშაობის პერიოდში მიწის ნაკვეთს არავინ ეპატრონებოდა, გარკვეული პერიოდი ცხოვრობდა დარაჯი. ლ. მ–ი ცხოვრობდა მ–, თუმცა მისი მუშაობის პერიოდში აღნიშნულ ტერიტორიაზე არ უნახავს, დაახლოებით 2018 წლის შემდეგ ჰყავს შემჩნეული აღნიშნულ ტერიტორიაზე.

4.9. მოწმე რ–ის გამოკითხვის ოქმით (საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის საფუძველზე, სასამართლო სხდომაზე საჯაროდ იქნა წაკითხული) დასტურდება, რომ 1971 წლიდან იყო მწერალთა კავშირის წევრი და პერიოდულად მწერალთა კავშირის გამგეობის თავმჯდომარე. 1975 წლიდან მწერალთა კავშირს მფლობელობაში გამოეყო მიწის ნაკვეთები სოფელ მ–ს ტერიტორიაზე. მწერალთა კავშირმა კოლექტიური ამხანაგობის ფარგლებში, საორგანიზაციო საკითხების მოსაგვარებლად შექმნა მწერალთა კავშირის ამხანაგობა, რომლის თავმჯდომარე იყო პროფესორი ზ–ე. მწერალთა კავშირის წევრი იყო პოეტი ლ–ა და მისი მეუღლე – გ. წ–ი. მათ გადაეცათ მიწის ნაკვეთი, რომელზეც ააშენეს სახლი, რაც 1990-იანი წლების ბოლოს ოჯახური პრობლემების გამო გაყიდეს. მ– მდებარე ს.კ. ............მიწის ნაკვეთზე წლების განმავლობაში განთავსებული იყო ე.წ. სადარაჯო სახლი, რომელშიც ცხოვრობდა მებაღეობის ამხანაგობის დარაჯი. უცნობია, ვისი აშენებული იყო აღნიშნული სადარაჯო, თუმცა 1980-იანი წლებიდან მწერალთა კავშირის წევრები უგროვებდნენ დარაჯს მცირე თანხებს, რომლის სანაცვლოდაც, ზამთარში დარაჯობდა აგარაკებს. 2003 წელს, ლ–მ მწერალთა კავშირს სთხოვა სადარაჯო სახლის კედელზე მიშენებულ ფარდულში ცხოვრების ნებართვა, რადგან სურდა ავადმყოფი შვილის აყვანა დასასვენებლად. მწერალთა კავშირმა მისცა ნებართვა, თუმცა საკუთრებაში ვერ გადასცემდნენ. ამ უკანასკნელმა მოაწესრიგა სადარაჯო სახლის ტერიტორია და ადიოდნენ დასასვენებლად. როდესაც დარაჯი წავიდა, ლ–იამ მწერალთა კავშირს სთხოვა ცნობის გაცემა აღნიშნული უძრავი ქონების დარეგისტრირებისთვის, რაზეც თანხმობა განუცხადა მწერალთა კავშირმა, თუმცა მას შეექმნა ჯანმრთელობის პრობლემა და გარდაიცვალა. ლ. მ–ს არ იცნობს, აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე არ უნახავს, თუმცა ცნობილია, რომ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით მას დავა აქვს ლ–იას ოჯახთან.

4.10. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წერილის თანახმად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ განიხილა მ-ის განცხადება (სააგენტოში შემოსვლის N........ წ.), თანდართული საკადასტრო აზომვითი ნახაზით წარმოდგენილი მიწის ნაკვეთის (მისამართი: მ– სოფ. მ–. ფართობი – 487 კვ.მ.) დანიშნულების და კატეგორიის შესახებ ინფორმაციის გაცემის თაობაზე. აღნიშნული წერილის თანახმად, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში არსებული საარქივო მასალების, კერძოდ, მ–ის დიღმის მერძევეობა-მებოსტნეობის ს/მეურნეობის 1978 წლის მიწათსარგებლობის გეგმის მიხედვით, აღნიშნული ნაკვეთი წარმოადგენდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების კოლექტიური მებაღეობისათვის გამოყოფილ მიწის ფართობს (ტ. N1; ს.ფ. 120).

4.11. სანოტარო წესით დამოწმებული 2017 წლის 10 მარტის განცხადების თანახმად, მ. მ–ი, გ. ჯ–ი და მ. ბ–ი ხელმოწერით ადასტურებენ, რომ ლ. მ–ი 2006 წლიდან ფლობს და სარგებლობს 487 კვ.მ. მიწის ნაკვეთსა და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობას (მისამართი: მ– სოფელი მ– (ტ. N1; ს.ფ. 127)).

4.12. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული არქივის 2017 წლის 3 აპრილის წერილით, დასტურდება, რომ დ– არქივში დაცული, ლ–ს სასოფლო საბჭო – საკრებულოს სოფელ მ–ს 1996-2000, 2001-2005 წწ. დათარიღებულ საკომლო წიგნებში ჩანაწერი ლ. ლ–ის ასულ მ–ის კომლისა და მასზე რიცხული ქონების შესახებ არ აღმოჩნდა, ხოლო 1986-1995 წწ. 2006-2007 წწ. საკომლო წიგნები და 1992-2007 წწ. მიწის ნაკვეთების განაწილების (სარეფორმო), გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის სიები, მიღება-ჩაბარების აქტები და სარეგისტრაციო მოწმობები არქივში დაცვაზე არ შესულა (ტ. N1; ს.ფ. 384).

4.13. მ–ის გამგეობის 2017 წლის 23 მარტის წერილით დგინდება, რომ საგადასახადო სამსახურის მიერ მ–ისათვის გადმოცემულ ლ–ს საკრებულოს სოფელ მ–ს ტერიტორიაზე მდებარე მებაღეობის ამხანაგობების მიწის გადასახადის გადამხდელთა სიაში მოქალაქე ლ. ლ–ის ასული მ–ი არ ირიცხება (ტ. N1; ს.ფ. 383);

4.14. შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 29 მარტის წერილის თანახმად, ლ. ლ–ის ასული მ–ი არ ფიქსირდება მ–ი, სოფ. მ–ს მიწის (სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის) გადასახადის გადამხდელთა სიებში 2002, 2007 (მებაღეობა), 2003 წლებში (ტ. N1; ს.ფ. 382).

4.15. ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის

2017 წლის 15 სექტემბრის სხდომის N41 ოქმის თანახმად, ლ. მ–ს საკუთრებაში გადაეცა მცხეთაში სოფელ მ– თვითნებურად დაკავებული 487 კმ.მ. მიწის ფართობი მასზე განთავსებული 83 კვ.მ. შენობა-ნაგებობით (ტ. N1; ს.ფ. 185).

4.16. 2017 წლის 9 ოქტომბრის საკუთრების უფლების N7-- მოწმობის თანახმად, ლ. მ–ს საკუთრებაში გადაეცა მცხეთაში, სოფელ მ– სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ფართობით – 487 კვ.მ (ტ. N1; ს.ფ. 89).

4.17. საჯარო რეესტრიდან 2017 წლის 16 ოქტომბრის ამონაწერის თანახმად, სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის (487.00 კვ.მ) მესაკუთრეა ლ. მ–ი (ტ. N1; ს.ფ. 49).

4.18. ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2020 წლის 24 ივლისის სხდომის N.. ოქმის თანახმად, კომისიამ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება მოქალაქე ს–ის მოთხოვნის დაკმაყოფილებისა და 2017 წლის 9 ოქტომბერს გაცემული N.. საკუთრების უფლების მოწმობის ბათილად ცნობის თაობაზე (ტ. N1; ს.ფ. 227-248).

4.19. აღნიშნულის საფუძველზე, საკუთრების უფლების აღიარების კომისიის განკარგულება N164-ით ბათილად იქნა ცნობილი მოქალაქე ლ. მ–ის სახელზე 2017 წლის 9 ოქტომბერს გაცემული საკუთრების უფლების მოწმობა N.. (ტ. N1; ს.ფ. 88).

4.20. საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირის გამგეობის 2008 წლის 2 სექტემბრის სხდომის ოქმი N- ამონაწერით დგინდება, რომ გამგეობამ მიიღო გადაწყვეტილება მ–ს ტერიტორიაზე არსებული სადარაჯო სახლის (რომელიც გადაწყვეტის მიღების დროისათვის იყო ამორტიზირებული), მიმდებარე ნაკვეთით, მუდმივ მფლობელობაში პოეტ ლ–იასათვის გადაცემის შესახებ (ტ. N1; ს.ფ. 223).

4.21. 2008 წლის 19 სექტემბრის ცნობით დგინდება, რომ საქართველოს მწერალთა კავშირში არსებული მებაღეობის ამხანაგობის ,,მ– 2-ის” გამგეობა ადასტურებს, რომ მწერალთა კავშირის წევრი, პოეტი ლ–ია ნამდვილად არის ხსენეული მებაღეობის ამხანაგობის წევრი და მწერალთა კავშირის გამგეობის დადგენილებით ფლობს N.. საბაღე ნაკვეთს (460 მ2 მოცულობით). ნაკვეთი არ არის პრივატიზირებული და აღნიშნული გამგეობა შუამდგომლობს საქართველოს მიწის კადასტრის მ–ი სამმართველოს წინაშე, რათა აღნიშნული N.. ნაკვეთი სათანადო წესით გატარდეს რეესტრში ლ–იას სახელზე (ტ. N1; ს.ფ. 224).

4.22. საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირის 2010 წლის 23 დეკემბრის წერილის თანახმად, საქართველოს მწერალთა კავშირის მ–ს მებაღეთა კოოპერატივის წევრები ცხოვრობენ მ–, იმ ნაკვეთისა და საცხოვრებელი სახლის მახლობლად, რომელიც დაკავებული აქვს პოეტ ლ–იას და მის ოჯახს. მებაღეთა კოოპერატივის წევრები თბილისის მერიის მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას აცნობებენ, რომ მ– ლ–ია 5 წელია სარგებლობს ნაკვეთითა და ფართობით, რომელიც მან საკუთარი სახსრებით გაარემონტა. კოოპერატივის წევრები წერილში, იმავდროულად, აღნიშნავენ, რომ ლ–იას მის მიერ დაკავებულ აგარაკზე მოდავე არ ჰყავს. განცხადების ხელმომწერი პირები, ადასტურებენ მწერალთა კავშირის სამდივნოს შუამდგომლობას, ლ–სათვის აღნიშნული მიწისა და ფართის გაფორმების თაობაზე და კომისიის წინაშე შუამდგომლობენ, რათა ,,აღნიშნული მიწის ნაკვეთი ლ–იას გაუფორმდეს და გატარდეს რეესტრში სამუდამო მფლობელობის წესით“ (ტ. N1; ს.ფ. 225).

4.23. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 2 მარტის წერილით დასტურდება, რომ სააგენტოში არსებული საარქივო მასალებით, აღნიშნული სადავო მიწის ნაკვეთი არის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების კოლექტიური მებაღეობისათვის გამოყოფილი მიწის ფართობი (ტ. N1; ს.ფ. 120).

4.24. მოწმე ნ-მ განმარტა, რომ 2004-2005 წლებში შენიშნა, რომ ლ. მ–ი მისი სახლიდან, ქუჩის მეორე მხარეს, დაახლოებით 50 მეტში არსებულ სადარაჯო ტერიტორიაზე ატარებდა დასუფთავების სამუშაოებს, რომელმაც მიწის ნაკვეთი შემოღობა.

4.25. მოწმე ს–მა განმარტა, რომ ლ. მ–ს იცნობს 2008 წლიდან, რომელიც არის მისი მეზობელი სოფელ მ–. ამ უკანასკნელს ხედავდა ამჟამად მის საცხოვრებელ სახლში და სადარაჯო ტერიტორიაზე, სადაც ასუფთავებდა შენობა-ნაგებობას და რგავდა ხეებს.

4.26. ლ. მ–მა განმარტა, რომ რადგან აღნიშნულ ტერიტორიას არ ჰყავდა მეპატრონე, დაახლოებით 2002 წელს დაასუფთავა, შემოღობა, მოიძია საბუთები და თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის დაკანონების მიზნით, მიმართა ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას, რომელმაც დაუკმაყოფილა განცხადება.

6. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის დანაწესს (მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით). მოცემულ შემთხვევაში, ნ–იას მიერ მოწოდებული ინფორმაცია არ დასტურდება სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით (თავად ლ. მ–ის ჩვენების გარდა), ხოლო სოფიო მდივნის მიერ მოწოდებული ინფორმაცია, რომ ლ. მ–ს იცნობს 2008 წლიდან, არარელევანტურია იმ გარემოების სამტკიცებლად 2007 წლამდე პერიოდში ფლობდა და სარგებლობდა თუ არა ლ. მ–ი სადავო უძრავი ქონებით.

7. კასატორი ითხოვს ლ. მ–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილითა (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენების მიზნით დამზადებასა და გამოყენებაში) და საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი დიდი ოდენობით).

7.1. სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ლ. მ–მა 2017 წლის 15 მარტს განცხადებით მიმართა სსიპ ,,საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს“, კანონით გათვალისწინებულ სხვა დოკუმენტებთან (საკადასასტრო აზომვითი ნახაზი, სიტუაციური გეგმა, ორთოფოტო, ფოტომასალა, პირადობის მოწმობის ასლები და ა.შ.) ერთად წარადგინა მეზობლების (,,მოწმეების ჩვენებები“) ნოტარიალურად დამოწმებული განცხადება თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის მდებარეობის და ფლობის პერიოდის (2006 წლიდან) მითითებით და მოითხოვა წარდგენილი დოკუმენტების – მათ შორის, მეზობლების დასტური – საფუძველზე, მ.....ი სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია (ტ. N1; ს.ფ. 116-132);

8. ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ა“ და ,,გ“ პუნქტების თანახმად, მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწა არის სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, რომელზედაც (მიწის ნაკვეთზე ან შენობა-ნაგებობაზე) ფიზიკურ ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს ან კანონით გათვალისწინებულ სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნს მართლზომიერი მფლობელობის უფლება წარმოეშვა ამ კანონის ამოქმედებამდე, აგრეთვე ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხული, 2004 წლის 4 ოქტომბრამდე თვითნებურად დაკავებული მიწა; თვითნებურად დაკავებული მიწა გულისხმობს – ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული), აგრეთვე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომელთა ჯამური ფართობი ბარში არ აღემატება 1.25 ჰექტარს, ხოლო „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებაში − 5 ჰექტარს.

8.1. ამავე კანონის 51-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის დასადასტურებლად დაინტერესებულმა პირმა უნდა წარადგინოს: ა) მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და მოწმის ჩვენება; ბ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, ხოლო ამ კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, რომელზედაც მითითებული უნდა იყოს მაგისტრალური მილსადენის ადგილმდებარეობა და მაგისტრალურ მილსადენსა და მიწის ნაკვეთს შორის მანძილი; გ) ინფორმაცია საკუთრების უფლების აღიარების საფასურის ოდენობის დასადგენად; დ) დაინტერესებული პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტების ასლები; ხოლო ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, თუ დაინტერესებული პირის მოთხოვნა საკუთრების უფლების აღიარების შესახებ არ აკმაყოფილებს ამ კანონით განსაზღვრულ პირობებს ან განცხადებისათვის დართული დოკუმენტებით არ დასტურდება თვითნებურად დაკავების ფაქტი, კომისია იღებს წერილობით გადაწყვეტილებას საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის თაობაზე.

8.2. ამავე – ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” – საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ კანონის პირველი-6 და მე-8 მუხლები ამოქმედდა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ დამტკიცების თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების ამოქმედებისთანავე.

8.2.1. ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბერის №525 ბრძანებულების თანახმად, აღნიშნული ბრძანებულება ამოქმედდა გამოქვეყნებისთანავე – 2007 წლის 20 სექტემბერს.

8.3. იმავდროულად, ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბერის №525 ბრძანებულების მე-11 მუხლის თანახმად, საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვის საფუძველია დაინტერესებული პირის ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ წერილობითი განცხადების წარდგენა კომისიაში. განცხადებას უნდა დაერთოს, მათ შორის, მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და მოწმის ჩვენება; ამავე კანონის მე-2 მუხლის თანახმად, ამ წესში გამოყენებულ ტერმინს – მოწმის ჩვენება – აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ,,მიწის თვითნებურად დაკავების ფაქტის თაობაზე მოწმის ნოტარიალურად დამოწმებული განცხადება”.

9. საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ყალბი პირადობის მოწმობის ან სხვა ოფიციალური დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადების, შეძენის, გასაღების ან გამოყენების მიზნით შენახვის, გასაღების ან გამოყენებისათვის. აღნიშნული დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ოფიციალური დოკუმენტების ბრუნვის კანონით დადგენილი წესი (იხ. მაგ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 4 დეკემბრის №987აპ-24 განჩინება). შესაბამისად, საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის დაცვის ობიექტია, მათ შორის, ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გამოყენების წესი, ავთენტიკურობა, სიზუსტე და სანდოობა.

9.1. „საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, მათ შორის, გულისხმობს დოკუმენტში ასახული ინფორმაციის/შინაარსის/მონაცემის შეუსაბამობას რეალურ მდგომარეობასთან. ამასთან, აღნიშნული დანაშაული ფორმალური შემადგენლობისაა და დამთავრებულად ითვლება ამავე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე ქმედების – ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, შეძენა, შენახვა გასაღების ან გამოყენების მიზნით, გასაღება თუ გამოყენება – ჩადენისთანავე“ (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 8 მაისის N1216აპ-24 განაჩენი).

10. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონი თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებას უკავშირებს ამავე კანონით იმპერატიულად განსაზღვრულ პერიოდამდე შესაბამისი პირის მიერ მიწის ნაკვეთის ფლობის ფაქტს. ამასთან, კანონმდებელი აღნიშნული გარემოების დამადასტურებელ მტკიცებულებად განიხილავს, მათ შორის, ,,მოწმის ჩვენებას“ მიწის თვითნებურად დაკავების ფაქტის თაობაზე, – მოწმის ნოტარიალურად დამოწმებული განცხადება (რომელიც ადასტურებს/ადგენს იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტს – დაინტერესებული პირის მიერ კანონით განსაზღვრულ პერიოდამდე მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავება) და მას მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტის ანალოგიურ მტკიცებულებით ძალას ანიჭებს (იხ.: 51-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი).

10.1. ამდენად, მოწმის ჩვენება (ნოტარიალურად დამოწმებული განცხადება) წარმოადგენს დოკუმენტს, რომელსაც კანონმდებელი უკავშირებს თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების მოპოვებას.

10.2. საკასაციო სასამართლო, იმავდროულად, ითვალისწინებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, რომლის თანახმად, საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში წარდგენილი მოწმეთა ერთობლივი განცხადება (რომელშიც შეტანილი იქნა ცრუ ინფორმაცია, თითქოს მსჯავრდებული მის საკუთრებად ასაღიარებელ უძრავ ქონებას ფლობდა და სარგებლობდა კონკრეტული თარიღიდან მაშინ, როდესაც რეალურად იგი მითითებულ ქონებას ფლობდა და სარგებლობდა უფრო გვიანი პერიოდიდან) საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მიზნებისთვის მიჩნეული იქნა ოფიციალურ დოკუმენტად (იხ.: მაგალითად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 9 ივლისის №87აპ-18 განჩინება), განსახილველ შემთხვევაში სადავო განცხადების მნიშვნელობას სადავო ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვებისათვის, საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მიზანს და დაცვის ობიექტს.

10.3. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, რომ ლ. მ–ის მიერ საკუთრების აღიარების კომისიისთვის წარდგენილი სანოტარო წესით დამოწმებული ,,განმცხადებლების ახსნა-განმარტებები“ არ წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლით გათვალისწინებულ ,,დოკუმენტს“, რომლის საფუძველზეც ადმინისტრაციულ ორგანოს შეეძლო, მიეღო გადაწყვეტილება.

10.3.1. სასამართლო განმარტავს, რომ ყოველივე ზემოაღნიშნულიდან (იხ.: პარ. 8.1; 8.3; 9; 9.1; 10.2.) გამომდინარე სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია მტკიცება, რომ ნოტარიალურად დამოწმებული მოწმეთა 2017 წლის 10 მარტის განცხადება (რომლითაც დგინდებოდა ლ. მ–ის მიერ სადავო მიწის ნაკვეთის, როგორც ფლობა-სარგებლობის ფაქტი, ასევე – ფლობა-სარგებლობის დროის პერიოდი) არ წარმოადგენს ოფიციალურ დოკუმენტს საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მიზნებისთვის.

11. მოცემულ შემთხვევაში, მოწმე ს–ის ჩვენების (დარაჯის წასვლის შემდეგ, 2006 წლიდან, დედამთილმა – ლ–იამ – სახლს მიაშენა სხვა ოთახი, სველი წერტილი, გააშენა ნარგავები, შემოღობა და შენობით სარგებლობდნენ 2012 წლამდე), საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირის 2010 წლის 23 დეკემბრის წერილის (საქართველოს მწერალთა კავშირის მ–ს მებაღეთა კოოპერატივის წევრები ცხოვრობენ მ–, იმ ნაკვეთისა და საცხოვრებელი სახლის მახლობლად, რომელიც დაკავებული აქვს პოეტ ლ–იას და მის ოჯახს. მებაღეთა კოოპერატივის წევრები თბილისის მერიის მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას აცნობებენ, რომ მ– ლ–ია 5 წელია სარგებლობს ნაკვეთითა და ფართობით, რომელიც მან საკუთარი სახსრებით გაარემონტა),მოწმე შ----------–-----ის (2009-2012 წლებში მ–ში გამგებლის რწმუნებული) ჩვენების (მისი მუშაობის პერიოდში სადავო მიწის ნაკვეთს არავინ ეპატრონებოდა, გარკვეული პერიოდი ცხოვრობდა დარაჯი. ლ. მ–ი ცხოვრობდა მ–, თუმცა აღნიშნულ ტერიტორიაზე მისი მუშაობის პერიოდში არ უნახავს, – იგი დაახლოებით 2018 წლის შემდეგ შეამჩნია), მოწმე რ–ის გამოკითხვის ოქმის (2003 წელს, ლ–იამ მწერალთა კავშირს სთხოვა სადარაჯო სახლის კედელზე მიშენებულ ფარდულში ცხოვრების ნებართვა, რადგან სურდა ავადმყოფი შვილის აყვანა დასასვენებლად. მწერალთა კავშირმა მისცა ნებართვა, თუმცა საკუთრებაში ვერ გადასცემდნენ. ამ უკანასკნელმა მოაწესრიგა სადარაჯო სახლის ტერიტორია და ადიოდნენ დასასვენებლად. როდესაც დარაჯი წავიდა, ლ–იამ მწერალთა კავშირს სთხოვა ცნობის გაცემა აღნიშნული უძრავი ქონების დარეგისტრირებისთვის, რაზეც თანხმობა განუცხადა მწერალთა კავშირმა, თუმცა მას შეექმნა ჯანმრთელობის პრობლემა და გარდაიცვალა. ლ. მ–ს არ იცნობს, აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე არ უნახავს, თუმცა ცნობილია, რომ მას მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით დავა აქვს ლ–იას ოჯახთან), ასევე იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სასამართლოში დაკითხვისას 2017 წლის 10 მარტის ნოტარიალურად დამოწმებული განცხადების ხელმომწერი პირებიდან არცერთმა არ დაადასტურა განცხადებაში მითითებული გარემოება – ლ. მ–ის მიერ 2006 წლიდან სადავო მიწის ნაკვეთის ფლობა და სარგებლობა (კერძოდ, მოწმე მ. მ–მა განმარტა, რომ არ შეუძლია კონკრეტული წლის დასახელება – როდიდან უვლიდა ლ. მ–ი სადავო მიწის ნაკვეთს, ხოლო მოწმე მ. ბ–მა და გ. ჯ–მა განმარტეს, რომ ლ. მ–ის თხოვნით მოაწერეს ხელი განცხადებას, ისე რომ მის შინაარსს არ გასცნობიან), – ლ. მ–ის მიერ სადავო უძრავი ქონების 2006 წლიდან ფლობა და სარგებლობა სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება არც 2006 წლიდან და არც ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრულ პერიოდში (2007 წლის 20 სექტემბრამდე).

11.1. იმავდროულად, სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ლ. მ–მა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სხვა დოკუმენტებთან (კერძოდ, სამსახურებრივი ბარათი N161125/17, შემოვლის ფურცელი, განცხადების ჩაბარების ასლი, აზომვითი ნახაზი, ცნობა დახასიათება TT2017026361-03, ცნობა კატეგორიის შესახებ N70184, ცნობა გადაფარვის შესახებ N74148, სიტუაციური გეგმა, ორთოფოტო, ფოტომასალა, სანოტარო ასლი N170240008, განმცხადებლისა და მოწმეთა პირადობის მოწმობის ასლები) ერთად წარადგინა 2017 წლის 10 მარტის ნოტარიალურად დამოწმებული განცხადება და მოითხოვა სადავო უძრავი ქონების სახელმწიფო პროექტის ფარგლებში საკუთრებაში რეგისტრაცია.

12. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენება დამთავრებულად ითვლება ყალბი ოფიციალური დოკუმენტის ოფიციალური წარდგენის მომენტიდან, მიუხედავად იმისა, მიაღწია თუ არა პირმა სასურველ შედეგს.

12.1. ლ. მ–ის მიერ 2017 წლის 15 მარტს სსიპ ,,საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსათვის“ განცხადებით მიმართვისას, როდესაც კანონით გათვალისწინებულ სხვა დოკუმენტთან (საკადასტრო აზომვითი ნახაზი, სიტუაციური გეგმის ორთოფოტო, ფოტომასალა, პირადობის მოწმობების ასლები და ა.შ.) ერთად მან წარადგინა თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის მდებარეობისა და ფლობის პერიოდის (2006 წლიდან) შესახებ მეზობლების ნოტარიალურად დამოწმებული განცხადება (,,მოწმეების ჩვენებები“), რომელიც შეიცავდა აღნიშნული მიწის ნაკვეთის ფლობის პერიოდის შესახებ ყალბ ინფორმაციას, – დასრულდა საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის – ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენება – ჩადენა.

12.2. საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ხასიათდება მხოლოდ პირდაპირი განზრახვით (იხ.: მაგალითად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს შემდეგი განაჩენები: 2025 წლის 17 აპრილის N1130აპ-24, 2024 წლის 26 თებერვლის N-03აპ-23 და 2019 წლის 12 მარტის N529აპ-18 ).

12.3. მოცემულ შემთხვევაში, ლ. მ–ს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდა ეს შედეგი, კერძოდ, ლ. მ–ისათვის ცნობილი იყო, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების მოპოვებისათვის სავალდებულო ერთ-ერთ ძირითად წინაპირობას წარმოადგენდა აღნიშნული მიწის ნაკვეთის 2007 წლის 20 სექტემბრამდე თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი მტკიცებულების – მოწმეთა ნოტარიალურად დამოწმებული განცხადების – წარდგენა უფლებადამდგენ ორგანოში, რისთვისაც საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვების მიზნით წარადგინა წინასწარი შეცნობით ყალბი (ყალბი ინფორმაციის შემცველი) ოფიციალური დოკუმენტი, – 2017 წლის 10 მარტის ნოტარიალურად დამოწმებული განცხადება.

13. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ბრალდების მხარე, ლ. მ–ს, ერთი მხრივ, ედავება ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებას გამოყენების მიზნით და გამოყენებას, ხოლო, მეორე მხრივ, მის მიერ ჩადენილი ქმედების აღწერისას უთითებს, რომ ,,2017 წლის 15 მარტს, ლ. მ–მა მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა მ–ის, სოფელ მ– მდებარე 487 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული 83 კვ.მ შენობა-ნაგებობის სახელმწიფო პროექტის ფარგლებში საკუთრებაში რეგისტრაცია, რისთვისაც საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარადგინა მის მიერ წინასწარ დამზადებული ყალბი დოკუმენტი – სანოტარო წესით 2017 წლის 10 მარტს დამოწმებული განცხადება, რომლის მიხედვითაც, მ. მ–ი, გ. ჯ–ი და მ. ბ–ი ადასტურებდნენ, რომ თითქოსდა 2006 წლიდან ლ. მ–ი ფლობდა და სარგებლობდა ზემოხსენებული მიწის ნაკვეთით და მასზე არსებული შენობა-ნაგებობით მაშინ, როდესაც რეალურად ლ. მ–ი ხსენებულ უძრავ ქონებას არ ფლობდა“.

13.1. საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული – ყალბი დოკუმენტის დამზადება – გულისხმობს, როგორც მთლიანად ფიქციური დოკუმენტის დამზადებას, ისე – ნამდვილი ოფიციალური დოკუმენტის ნაწილობრივ შეცვლასა და გაყალბებას (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 1 აპრილის №556აპ-18 განჩინება), მათ შორის, დოკუმენტში ყალბი მონაცემის, მათ შორის, დამატებითი მონაცემის შეტანას (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 24 მარტის №№1006აპ-24 განაჩენნი).

13.1.1. ბრალდების მხარის მიერ არ იქნა წარმოდგენილი არცერთი პირდაპირი მამხილებელი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა უშუალოდ ლ. მ–ის მიერ აღნიშნული სადავო დოკუმენტის დამზადებას. განცხადების ხელმომწერმა მოწმეებმა – მ. მ–მა, მ. ბ–მა და გ. ჯ–მა დაადასტურეს, რომ განცხადებაზე მათ მოაწერეს ხელი (მოწმემ მ. მ–მა განმარტა, რომ 2017 წლის 10 მარტის განცხადების შინაარსს, რომლის თანახმად, ლ. მ–ი 2006 წლიდან ფლობდა და სარგებლობდა სადავო მიწის ნაკვეთს, გაეცნო, დაეთანხმა და ხელისმოწერით დაადასტურა; მოწმე მ. ბ–მა, 2017 წლის 10 მარტის განცხადებასთან დაკავშირებით განმარტა, რომ მან ხელი მოაწერა გამზადებულ განცხადებას ისე, რომ მის შინაარსს არ გასცნობია, – სანოტარო ბიუროში, ქონების გადაფორმების მიზნით, ლ. მ–ის თხოვნით, დაადასტურა ხელმოწერით; მოწმე გ. ჯ–მა განმარტა, რომ ლ. მ–ის თხოვნით, ვინაიდან სურდა მიწის ნაკვეთის გაფორმება, მივიდა სანოტარო ბიუროში და განცხადებას მოაწერა ხელი, თუმცა მის შინაარსი არ წაუკითხავს, ასევე არ უკითხავს, რომელი მიწის ნაკვეთის გაფორმება სურდა, რადგან ენდობოდა).

13.2. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც ვერ დგინდება ვინ შეადგინა ნოტარიალურად დამოწმებული განცხადების ტექსტი (შინაარსობრივი მხარე), განცხადებაზე არც ხელმოწერით და არც მისი ხელმოწერის პროცესში, განცხადების ტექსტის შემუშავებაში/დამზადებაში ლ. მ–ის უშუალო მონაწილეობა არ დგინდება, – არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი კასატორის მოთხოვნის ამ ნაწილში –ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენების მიზნით დამზადებისათვის ლ. მ–ის მსჯავრდება – დაკმაყოფილებისათვის.

13.3. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ლ. მ–ი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის – ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენება – ჩადენაში. ამასთან, ბრალადწარდგენილი ქმედებიდან უნდა ამოირიცხოს – ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით.

14. სასამართლო ვერ გაიზიარებს გასაჩივრებული – თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 20 ივნისის – განაჩენის პოზიციას, რომ ,,საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილი გარემოებები, სრულიად გამორიცხავს, მოცემულ შემთხვევაში, თაღლითობის, როგორც საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის, ობიექტური მხარის სავალდებულო ნიშანს – სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლებას მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით და ასევე თაღლითობის სუბიექტურ მხარეს – განზრახვას, რომ პირს გათვითცნობიერებული აქვს, რომ იგი თაღლითობით მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლება სხვის ქონებას, რითაც ზიანს აყენებს მის მესაკუთრეს და სურს ამ შედეგის დადგომა”.

14.1. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლით ისჯება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით. თაღლითობის თავისებურება მისი ჩადენის ხერხში მდგომარეობს. ,,მოტყუება ეს არის ჭეშმარიტების განზრახ დამახინჯება ან გარკვეულ გარემოებათა განზრახ დაფარვა ქონების მესაკუთრის შეცდომაში შეყვანის მიზნით. არსებობს მოტყუების ორი სახე – აქტიური და პასიური. ასევე მოტყუება შეიძლება გამოიხატოს როგორც ზეპირი, ისე წერილობითი ფორმით“ (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 12 ივნისის N262აპ-23 განჩინება).

14.2. თაღლითობისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია საკუთრებითი ურთიერთობები, ხოლო საგანს წარმოადგენს სხვისი უძრავი ან მოძრავი ნივთი, ასევე სხვის ქონებაზე უფლება, როგორც იურიდიული კატეგორია. ამასთან, როდესაც თაღლითობის საგანია უძრავი ნივთი, თაღლითობის დამთავრებულად ცნობისათვის საკმარისია, დამნაშავემ მიიღოს ამ ნივთზე უფლება.

14.3. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ იმ პირობებშიც, როდესაც ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, თუნდაც ფორმალურად დგინდება საკუთრების უფლების აღიარების საფუძველი, აღნიშნული per se არ გამორიცხავს განმცხადებლის მხრიდან საქართველოს სსკ-ით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ან მის მცდელობას.

14.4. ,,თაღლითობისას პირს უნდა ამოძრავებდეს სურვილი დაზარალებული შეიყვანოს შეცდომაში და დაზარალებულს სჯეროდეს იმ ინფორმაციის, რასაც აწვდის თაღლითობის ჩამდენი პირი” (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 27 ოქტომბრის N432აპ-25 განჩინება). ამასთან, დანაშაულებრივი განზრახვა წინ უნდა უსწრებდეს ქმედების განხორციელებას.

15. ლ. მ–ისათვის ცნობილი იყო, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების მოპოვებისათვის სავალდებულო წინაპირობას წარმოადგენდა სადავო მიწის თვითნებურად დაკავების ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტი/მტკიცებულება – მოწმეთა განცხადება, რომლითაც დადასტურდებოდა მიწის ნაკვეთის (მასზე არსებული შენობა-ნაგებობის) 2007 წლის 20 სექტემბრამდე ფლობის ფაქტი.

15.1. თვითნებურად დაკავებულ სადავო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების მოტყუებით მოპოვების მიზნით ლ. მ–მა 2017 წლის 15 მარტს განცხადებით მიმართა სსიპ ,,საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს“ და მოითხოვა მ.....ი სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია (ტ. N1; ს.ფ. 116-132), რასაც თან დაურთო აღნიშნული მიწის ნაკვეთის ფლობის პერიოდის შესახებ ყალბი ინფორმაციის შემცველი ნოტარიალურად დამოწმებული 2017 წლის 10 მარტის განცხადება, რომელიც ადასტურებდა მის მიერ სადავო უძრავი ქონების ფლობა/სარგებლობას ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პერიოდამდე. აღნიშნულის საფუძველზე, ლ. მ–ის საკუთრებაში დარეგისტრირდა სადავო სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი.

15.2. ამდენად, სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით გონივრულ ეჭვს მიღმა დგინდება, რომ ლ. მ–ის მხრიდან ადგილი ჰქონდა თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების მოპოვების მიზნით სახელმწიფოს (საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს) მოტყუებას – საკუთრების უფლების აღიარებისათვის კანონით გათვალისწინებული წესით წარდგენილ დოკუმენტებში ყალბი ინფორმაციის შემცველი ,,მოწმეთა ჩვენების” (,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის 51-ე მუხლის მიზნებისთვის) წარდგენას. სასამართლო ითვალისწინებს, ერთი მხრივ, ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის დანაწესებს, ხოლო, მეორე მხრივ, მოწმეთა (ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის თავმჯდომარის – ნ–ის, კომისიის წევრის – შ–ის, ასევე მ–ი საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწის – დ. პ–ის (ვინაიდან ლ. მ–ს საკითხის განსახილველად წარდგენილი ჰქონდა ყველა ის დოკუმენტი (მათ შორის, ნოტარიალურად დამოწმებული სამი მოწმის განცხადება, რომლითაც დასტურდებოდა, რომ ლ. მ–ი ფლობდა აღნიშნულ სადავო მიწის ნაკვეთს), რომელიც გათვალისწინებული იყო კანონით, კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე, თუმცა მოგვიანებით – 2020 წლის 24 ივლისს – ვინაიდან მოქალაქე ს–ემ წარადგინა მებაღის წიგნაკი, რომლითაც დგინდება, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთის მესაკუთრე იყო სხვა პირი, კომისიამ ბათილად ცნო ლ. მ–ის სახელზე 2017 წლის 9 ოქტომბერს გაცემული საკუთრების უფლების მოწმობა) ჩვენებებს, რომლებითაც ცალსახად დგინდება, რომ ლ. მ–ის სახელზე სადავო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების მოწმობა N7-- გაცემა განაპირობა, მათ შორის, ლ. მ–ის მიერ წარდგენილმა ნოტარიალურად დამოწმებულმა განცხადებამ.

16. სასამართლო ითვალისწინებს, რომ:

16.1. ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, საკუთრების უფლების აღიარებას ექვემდებარება თვითნებურად დაკავებული მიწა, თუმცა იმავდროულად, აღნიშნული კანონის მე-2 მუხლის ,,გ” ქვეპუნქტი საკუთრების უფლების აღიარების უფლებას ანიჭებს მხოლოდ იმ პირს, რომელსაც აღნიშნული მიწა თვითნებურად დაკავებული ჰქონდა ამავე კანონით განსაზღვრულ პერიოდამდე, კერძოდ – ,,ამ კანონის ამოქმედებამდე“ (ამოქმედდა 20.09.2007 წ.) და არა – შემდეგ პერიოდში;

16.2. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, სადავო უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვებისათვის საჭირო იყო ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრულ პერიოდში ლ. მ–ის მიერ სადავო უძრავი ქონებით ფლობა/სარგებლობის ფაქტის დადასტურება, რისთვისაც ლ. მ–მა გამოიყენა მოწმეების – მ. მ–ის, გ. ჯ–ისა და მ. ბ–ის სანოტარო წესით დამოწმებული განცხადება. აღნიშნულის გარეშე (მისი იმპერატიული მოთხოვნიდან გამომდინარე) ლ. მ–ი ვერ შეძლებდა საკუთრების უფლების მოპოვებას.

16.3. ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის 51-ე მუხლის მე-3 პუნქტის იმპერატიული მოთხოვნიდან გამომდინარე, ლ. მ–მა მარეგისტრირებელ/უფლების დამდგენ ორგანოს განზრახ მიაწოდა არასწორი ინფორმაცია – თითქოს სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთით იგი სარგებლობდა 2006 წლიდან, მაშინ, როდესაც სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთით ლ. მ–ი სარგებლობდა იმ პერიოდიდან, რომელიც არ ექცევა ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,გ“ პუნქტით განსაზღვრულ პერიოდში – ,,ამ კანონის ამოქმედებამდე“ (ამოქმედდა 20.09.2007 წ.). ამდენად, ლ. მ–ი საკუთრების უფლების აღიარებას ითხოვდა იმ უძრავ ქონებაზე, რომელსაც იგი არ ფლობდა/სარგებლობდა 2007 წლის 20 სექტემბრამდე, რაც თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების ძირითად წინაპირობას წარმოადგენდა.

17. სადავო უძრავ ქონებაზე ლ. მ–ის საკუთრების უფლების აღიარების საკითხის განხილვისას, კომისიამ შეამოწმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის ფორმალური შესაბამისობა ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის 51-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებთან, დოკუმენტაციაში მითითებული გარემოებების შინაარსობრივი მხარის კვლევის/გადამოწმების, მათ შორის, ადგილზე შემოწმების და ა.შ. გარეშე.

17.1. განსახილველი საქმის ფარგლებში სასამართლოს განხილვის საგანს არ წარმოადგენს მარეგისტრირებელი/უფლების დამდგენი ორგანოს თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის საკითხი.

17.2. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმისგან დამოუკიდებლად საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა თუ მ–ი საკუთრების უფლების აღიარების კომისიის შესაბამის თანამშრომლებს უნდა უზრუნველეყოთ თუ არა რაიმე დამატებითი ადმინისტრაციული წარმოება (მათ შორის, ეჭვი უნდა შეეტანათ და შეემოწმებინა ნოტარიალურად დამოწმებული განცხადების ხელმომწერი პირების ნამდვილი ნება), რაც მისი შინაარსის არდადასტურების შემთხვევაში, იმთავითვე გამორიცხავდა სადავო უძრავი ქონების ლ. მ–ის სახელზე რეგისტრაციას, ლ. მ–მა, თავის მხრივ, ყალბი განცხადება (არასწორი შინაარსის შემცველი) მიაწოდა შესაბამის სამსახურს სწორედ იმიტომ, რომ 2007 წლის 20 სექტემბრამდე სადავო ქონების ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა წარმოადგენდა სადავო უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების დადგენისათვის კანონით განსაზღვრულ სავალდებულო წინაპირობას. სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის გარეშე კომისიას არ ექნებოდა ლ. მ–ის განცხადების დაკმაყოფილების საფუძველი.

17.3. შესაბამისად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება, რომ ლ. მ–ის მიერ ყალბი (მცდარი ინფორმაციის შემცველი) განცხადების წარდგენის მიზანი იყო შესაბამისი ორგანოს მოტყუება და სადავო ქონებაზე – მ–ის, სოფელ მ– მდებარე 487 კვ.მ მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებული 83 კვ.მ. შენობა-ნაგებობაზე – სახელმწიფო პროექტის ფარგლებში საკუთრების უფლების მოპოვება.

17.4. ამდენად, ლ. მ–ს 2017 წლის 10 მარტის ნოტარიალურად დამოწმებული ყალბი განცხადების საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში სადავო მიწის ნაკვეთის დარეგისტრირების შესახებ განცხადების წარდგენისას გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა (სადავო ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვების მიზნით საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ყალბი დოკუმენტის წარდგენა), ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას (მის მიერ წარდგენილი ყალბი დოკუმენტის საფუძველზე სხვისი ქონებრივი უფლების მოტყუებით მიღება) და სურდა ეს შედეგი (ყალბი დოკუმენტის გამოყენების გზით მის საკუთრებაში გადასულიყო სადავო ქონება).

18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ ლ. მ–მა განიზრახა თაღლითურად დაუფლებოდა სადავო უძრავ ქონებას, რისთვისაც 2017 წლის 15 მარტს განცხადებით მიმართა სსიპ ,,საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს“ და განცხადებასთან ერთად, წარადგინა ნოტარიალურად დამოწმებული მოწმეთა 2017 წლის 10 მარტის განცხადება, რომლის თანახმად, მოწმეები ხელმოწერით ადასტურებენ, რომ ლ. მ–ი 2006 წლიდან ფლობს და სარგებლობს 487 კვ.მ. მიწის ნაკვეთსა და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობას, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ განცხადებაში მითითებული მიწის ნაკვეთის ფლობის პერიოდი – 2006 წლიდან – არ შეესაბამებოდა სინამდვილეს, რაც განსახილველ შემთხვევაში გადამწყვეტი იყო სადავო უძრავ ქონებაზე (მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობის) ლ. მ–ის საკუთრების უფლების დადგენა/მინიჭებისათვის ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, და – ფლობა/სარგებლობის დროის პერიოდის შესახებ რეალური/სწორი მონაცემის მითითება გამორიცხავდა მისი საკუთრების უფლების აღიარებას/ცნობას.

19. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ დანაშაულებრივ ქმედებაში თაღლითობის შედეგად მიყენებული ზიანის ოდენობა წარმოადგენს იმ თანხას, რისი მოტყუებით მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრებაც მოახერხა პირმა დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისას (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 25 ივნისის №277აპ-განჩინება). საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის მე-3 ნაწილის თანახმად, მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით, ხოლო პირველი ნაწილის თანახმად, დიდ ოდენობად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 10 000 ლარის ზევით. მოცემულ შემთხვევაში, სსიპ ლ–- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2020 წლის 11 ივნისის სასაქონლო ექსპერტიზის N.... დასკვნის თანახმად (უდავო მტკიცებულება), მ–ი, სექტორი – ლ–, სოფელ მ– მდებარე 487 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (ს/კ .....) მიწის ნაკვეთის და მასზე არსებული შენობა-ნაგებობის საბაზრო ღირებულება 2017 წლის 16 ოქტომბრის მდგომარეობით შეადგენს – 43 129 ლარს, ხოლო 2020 წლის 20 მაისის მდგომარეობით – 64 411ლარს. შესაბამისად, ვინაიდან, განსახილველ შემთხვევაში, დადგენილი ზიანი აღემატება ზემოაღნიშნულ დიდ ოდენობად მიჩნეულ ოდენობას, სახეზეა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული.

20. ამდენად, პროკურორ თეა ბერიძის საკასაციო საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს და ლ. მ–ი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

21. საკასაციო სასამართლო, იმავდროულად, ითვალისწინებს საქართველოს სსსკ-ის მე-12 მუხლს (სისხლისსამართლებრივ დევნას ახორციელებს მხოლოდ პროკურორი), საქართველოს სსსკ-ის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილს (პირის ბრალდება მხოლოდ პროკურორის უფლებამოსილებაა), საქართველოს სსსკ-ის 32-ე მუხლის პირველ ნაწილს (სისხლისსამართლებრივი დევნის ორგანოა პროკურატურა), ამავე კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტს, რომლის თანახმად, ბრალდების შესახებ დადგენილებაში უნდა აღინიშნოს: ბრალდების ფორმულირება – ინკრიმინირებული ქმედების აღწერა, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხის, საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით. და კვლავაც აღნიშნავს, რომ სასამართლო საქმეს იხილავს, ბრალდებულის დამნაშავეობასა თუ უდანაშაულობაზე მსჯელობს და ქმედებას სამართლებრივად აფასებს სწორედ ბრალდების დადგენილებაში მითითებული ფორმულირების ფარგლებში, სადაც მკაფიოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული ინკრიმინირებული ქმედების აღწერა (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023წლის 10 აგვისტოს განაჩენი №426აპ-23, II-9.1.).

21.1. მოცემულ შემთხვევაში, პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ბრალდების მხარე ლ. მ–ს ედავება: თაღლითობას, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლებას მოტყუებით, ჩადენილს დიდი ოდენობით, რაც გამოიხატა იმაში, რომ: ,,ლ. მ–მა განიზრახა მოტყუებით დაუფლებოდა მ.....ი მდებარე 487 კვ.მ მიწის ნაკვეთს და მასზე განთავსებულ 83 კვ.მ შენობა-ნაგებობას. ამ მიზნით, 2017 წლის 15 მარტს მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა მ.....ი მდებარე 487 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული 83 კვ.მ შენობა-ნაგებობის სახელმწიფო პროექტის ფარგლებში საკუთრებაში რეგისტრაცია”.

21.1.1. შესაბამისად, პირის ბრალდებულად ცნობის შესახებ დადგენილების შინაარსობრივი მხარეც და სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებიც (მათ შორის, 2017 წლის 15 მარტის განცხადება, მოწმეთა ჩვენებები) ადასტურებს, რომ ლ. მ–ის მიერ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის მიმართვის მიზანი იყო მ.....ი მდებარე 487 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული 83 კვ.მ შენობა-ნაგებობის სახელმწიფო პროექტის ფარგლებში საკუთრებაში რეგისტრაცია. შესაბამისად, ლ. მ–ი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით, ჩადენილი დიდი ოდენობით.

21.2. სასამართლო იმავდროულად, ასევე ითვალისწინებს, რომ „თაღლითობას, მოტყუების ელემენტის არსებობის გამო, ხშირად ყალბი დოკუმენტების წარდგენასთან აკავშირებენ, მაგრამ საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ყალბი დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადება, გასაღება ან გამოყენება, ძირითად დანაშაულთან ერთად, დამატებითი დანაშაულის შემადგენლობას ქმნის, კერძოდ, ეს მოქმედება საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლითაც უნდა დაკვალიფიცირდეს, რაც გულისხმობს, ყალბი პირადობის მოწმობის ან სხვა ოფიციალური დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადებას, შეძენას, შენახვას გასაღების ან გამოყენების მიზნით, გასაღებას ან გამოყენებას“(იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 12 ივნისის N262აპ-23 განჩინება).

22. სასჯელის განსაზღვრისას საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს:

22.1. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილს, რომლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობა კი უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. „სასჯელი, ერთი მხრივ, უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში, ხოლო, მეორე მხრივ ....ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დაკისრება უნდა მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38), უნდა ეფუძნებოდეს საქმის სირთულეს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, დამნაშავის პიროვნების თავისებურებებს, სასჯელის ზემოქმედებას დამნაშავის მომავალ ცხოვრებაზე (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება N1/7/851 „საქართველოს მოქალაქე იმედა ხახუტაიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, 2017 წლის 11 ივლისი, II-10).

22.2. საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს – ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე, ხოლო საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილი – ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე.

22.3. „პატიმრობის გზით პირის თავისუფლების შეზღუდვა არის არა წესი, არამედ გამონაკლისი. პირის თავისუფლების შეზღუდვა წარმოადგენს უკიდურეს ღონისძიებას, რომელიც გამოყენებული უნდა იქნეს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევასა და ვითარებაში, მაშინ, როდესაც აღნიშნული ღონისძიება არის აბსოლუტურად აუცილებელი და ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად არ არსებობს სხვა ალტერნატივა (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022წლის 24 ივნისის გადაწყვეტილება N 3/5/1341,1660 „თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინებები საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-200 მუხლის მე-6 ნაწილის პირველი წინადადების კონსტიტუციუობის თაობაზე“, II-33).

22.4. „სასჯელი არ უნდა იყოს არც ზედმეტად მკაცრი და არც ზედმეტად ლმობიერი იმისათვის, რომ მიღწეული იქნეს სასჯელის მიზნები“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება N 1/7/851 „საქართველოს მოქალაქე იმედა ხახუტაიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II- 7).

22.5. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ლ. მ–მა ჩაიდინა მძიმე და ნაკლებად მძიმე კატეგორიის განზრახი დანაშაულები, მსჯავრდებულის ინდივიდუალურ მახასიათებლებს, მათ შორის, ასაკს (67 წლის), ნასამართლობის არ ქონას, სასჯელის/სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებების არარსებობას და, საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით დადგენილი, სასჯელის მიზნების (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია) და საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნების გათვალისწინებით, მიაჩნია, რომ ლ. მ–ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს: საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ჯარიმა – 3000 ლარი, ხოლო საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით ჯარიმა – 2000 ლარი.

23. საქართველოს სსსკ-ის 79-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ნივთიერი მტკიცებულება, რომელიც არ ნადგურდება, მესაკუთრეს ან მფლობელს არ უბრუნდება ან სახელმწიფოს არ გადაეცემა, ინახება სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით. შესაბამისად, ელექტრონული დისკი შენახული უნდა იქნეს საქმის შენახვის ვადით.

III. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს გენერალური პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში, იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველოს პროკურორის – თეა ბერიძის – საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 20 ივნისის განაჩენი;

3. ლ. მ–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

3.1. საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით, ჩადენილი დიდი ოდენობით) – ჯარიმა 3000 ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;

3.2. საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენება) – ჯარიმა 2000 ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;

3.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილით უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ლ. მ–ს საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – ჯარიმა 3000 ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;

4. ლ. მ–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს; გირაოს შემტანს, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში, დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა;

5. ნივთიერი მტკიცებულება: ელექტრონული დისკი შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;

6. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. ვასაძე

ლ. თევზაძე