საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 120100121004993373
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1054აპ-25 27 თებერვალი, 2026 წელი
უ–ი ს., №1054აპ-25 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოსსისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მამუკა ვასაძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 19 სექტემბრის განაჩენზე ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამუნა მურჯიკნელის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ს. უ–ი (პირადი ნომერი: .............) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში საქართველოს სსკ-ის) 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით (სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რაც მნიშვნელოვან ზიანს გამოიწვევდა, ჩადენილი სადგომში უკანონო შეღწევით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:
1.2. 2021 წლის 23 ივლისს, დაახლოებით, 01:30 საათზე, ქ. ბ–ში, .... ქუჩის N..-ში მდებარე ი. გ–ისა და მ. გ–ის სუვენირების თაროდან ს. უ–ი, თაროს კარების ჩამოხსნის შემდგომ, ცდილობდა ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაუფლებოდა აღნიშნულ თაროზე განთავსებულ, 82 ქილას და 14 სუვენირს, რითაც დაზარალებულებს მიადგებოდათ 1395 ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი. ს. უ–ის მიერ განხორციელებული ქურდობის მცდელობის ფაქტი აღკვეთილი იქნა ი. გ–ისა და მ. გ–ის მიერ.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. ახალციხის რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დადასტურდა ს. უ–ის მიერ მასზედ ბრალადწარდგენილი დანაშაულის ჩადენის ფაქტი.
2.2. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 25 ივნისის განაჩენით, ს. უ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქევპუნქტებით წარდგენილი ბრალდებით.
2.3. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 25 ივნისის განაჩენი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თამუნა მურჯიკნელმა, რომელმაც მოითხოვა გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და ს. უ–ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 19 სექტემბრის განაჩენით, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ახალციხის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 25 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3.2. 2025 წლის 13 ოქტომბერს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 19 სექტემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თამუნა მურჯიკნელმა, რომელმაც მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს გამამართლებელი განაჩენის გაუქმება, ს. უ–ის წარდგენილი ბრალდებით დამნაშავედ ცნობა და მისთვის კანონით გათვალისწინებული სასჯელის დანიშვნა.
4. კასატორის არგუმენტები:
4.1. კასატორის პოზიციით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 19 სექტემბრის განაჩენი არის უკანონო, ვინაიდან მტკიცებულებათა შეფასების დროს სასამართლომ დაარღვია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, კერძოდ, არასწორად შეაფასა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები. სასამართლოში წარდგენილი იქნა მტკიცემულებათა საკმარისი ერთობლიობა, რომელიც აკმაყოფილებს უტყუარობისა და დამაჯერებლობის სტანდარტს გამამტუნებელი განაჩენის გამოსატნად, კერძოდ: მოწმეების – მ. გ–ის, ი. გ–ის, გ. ჯ–ის, გ. ყ–ის ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ამოცნობის ოქმებითა და საქონელმცოდნეობითი ესქპერტიზის დასკვნით უტყუარად დადასტურდა ს. უ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერც ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2. საკასაციო საჩივრის თანახმად, პროკურორს მიაჩნია, რომ სასამართლომ სამართლებრივად მცდარი შეფასება მისცა საქმეში შეკრებილ მტკიცებულებებს. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მნიშვნელოვნად მიიჩნევს, მიუთითოს მოქმედი კანონმდებლობის იმ სამართლებრივ ნორმებზე, რომლებითაც დგინდება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებითი სტანდარტები.
5.3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემგომში – საქართველოს სსსკ-ის) 259-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში.
5.4. საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლი განმარტავს „გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტის“ ცნების მნიშვნელობას, კერძოდ, აღნიშნული მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად: ,,გონივრულ ეჭვს მიღმაა სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში“. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე კი, „გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას“.
5.5. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: „მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად: „მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა“. ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, კი: „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა, არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
5.6. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ელ მასრი მაკედონიის წინააღმდეგ“ (El-Masri v. the Former Yugoslav Republic of Macedonia, (GC), 13.12.2012) და „ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Hassan v. the UK, ECtHR, (GC), 16.09.2014).
5.7. საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებს, საპროცესო ნორმათა დაცვით გამოკვლეულ მტკიცებულებებს და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად შეაფასა საქმეში არსებული თითოეული მტკიცებულების დამაჯერებლობა, უტყუარობა, მნიშვნელობა და სწორად განმარტა, რომ საქმეზე არ მოიპოვებოდა მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც ს. უ–ის საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით მსჯავრდების საფუძველი გახდებოდა. სააპელაციო სასამართლომ დაწვრილებით მიმოიხილა თითოეული მტკიცებულების შინაარსი, მასში გადმოცემულ ინფორმაციათა მიმართება ბრალდების ფორმულირებაში ასახულ ფაქტებთან და დაადგინა, რომ უტყუარად ვერ დადასტურდა, ს. უ–ის მიერ სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა.
5.8. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში, ბრალდების მხარემ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ შეეძლო დაედასტურებინა, რომ ს. უ–ი ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ცდილობდა დაუფლებოდა დაზარალებულების კუთვნილ ნივთებს. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდება ეფუძნება დაზარალებულთა ჩვენებებს, ხოლო ბრალდების მოწმეთა ჩვენებების საპირწონედ, რომლებსაც ს. უ–ი კარადის კარით ხელში დახვდათ გარეთ, დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილია მოწმეების – ს. კ–ს, ლ. კ–ს, ლ. მ–სა და თ. ჩ–ს ჩვენებები, რომლებიც ს. უ–თან ერთად იმყოფებოდნენ. დაცვის მხარის მოწმეებმა დაადასტურეს, რომ ს. უ–ს კარადის კარი შემთხვევითი შეჯახების შედეგად შერჩა ხელში და იგი მხოლოდ მის დამაგრებას ცდილობდა. საგულისხმოა, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმზე თანდართული ფოტოსურათები, რომლებითაც დასტურდება, რომ კარადის კარები არ არის მყარი, ასევე მასზე დამაგრებული არ არის საკეტი, აღნიშნული დაცვის მხარის მოწმეთა მიერ განმარტებულ გარემოებებს კიდევ უფრო მეტად დამაჯერებელს ხდის. ამასთან, ყურადსაღებია, რომ გამოძიებით არ დადასტურებულა ს. უ–ის მიერ კარადიდან რაიმე ნივთის აღების ან/და აღების მცდელობის ფაქტიც კი, ამდენად, მხოლოდ ღია კარის ხელში დაჭერა, ბრალდების და დაცვის მხარის მოწმეთა ჩვენებებს შორის არსებული წინააღმდეგობების გათვალისწინებით, ს. უ–ის მიმართ ქურდობის მცდელობის დასადასტურებლად არარელევანტურია.
5.9. ამდენად, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლივად შეფასების შედეგად, სხვა პირდაპირი მტკიცებულების არარსებობის პირობებში, სასამართლო მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას, გაიზიაროს ბრალდების მხარის პოზიცია, მით უფრო მაშინ, როდესაც ფაქტობრივი გარემოებების დამადასტურებელი მყარი მტკიცებულება და არგუმენტი ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია. აღნიშნული კი, არწმუნებს სასამართლოს, რომ ბრალდება ემყარება ვარაუდებსა და ეჭვებს და არა მტიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ წარმოშობილი ეჭვი სამართლიანად გადაწყვიტა გამართლებულ ს. უ–ის სასარგებლოდ.
5.10. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ ფაქტებისა და გარემოებების შეჯერებისას არ გამოვლენილა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტისაგან გადახვევა და განაჩენი, კვალიფიკაციისათვის მნიშვნელოვან ყველა სადავო საკითხთან მიმართებით, არის დასაბუთებული.
5.11. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no.49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).
5.12. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ, როდესაც საკასაციო სასამართლო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
5.13. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამუნა მურჯიკნელის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მამუკა ვასაძე
ლევან თევზაძე