შეიცვალა კვალიფიკაცია და სასჯელი

სისხლის სამართლის 09.12.2025
საქმის ნომერი
2კ-711აპ.-25
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
09.12.2025

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100124008666055

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

საქმე №711აპ-25 ქ. თბილისი

კ-ე ლ., 711აპ-25 9 დეკემბერი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მამუკა ვასაძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიკა ტყაბლაძისა და მსჯავრდებულ ლ. კ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის გ. ჭ–ის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 17 ივნისის განაჩენზე.

I. ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ლ. კ–ეს, – პირადი ნომერი: ..........., ბრალად ედებოდა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა, სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი იმის მიერ, ვინც ორჯერ არის ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 179-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით;

ლ. კ–ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2023 წლის 21 დეკემბერს, დაახლოებით 05:30 საათზე, ქ. ............ ,,ა“-ს მიმდებარე ტერიტორიაზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 30 მაისის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 10 ნოემბრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით და საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი) ნასამართლევი ლ. კ–ე დანის მსგავსი საგნის დემონსტრირებით, სიცოცხლისათვის და ჯანრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, თავს დაესხა ა–ს, რომელსაც მოსთხოვა ფულადი თანხა და მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა მის კუთვნილ ,,One plus-ის” მარკის მობილურ ტელეფონს, ღირებულს 400 ლარად.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 16 სექტემბრის განაჩენით:

2.1. ლ. კ–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება - ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, – გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტზე;

2.2. ლ. კ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით (2023 წლის 21 დეკემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 8 წლით თავისუფლების აღკვეთა;

2.3. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის საფუძველზე, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 10 ნოემბრის განაჩენით ლ. კ–ის მიმართ დადგენილი პრობითი მსჯავრი და ბოლო განაჩენით დანიშნულ ძირითად სასჯელს, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 10 ნოემბრის განაჩენით ლ. კ–ის მიმართ თავისუფლების აღკეთის სახით დანიშნული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან ნაწილობრივ დაემატა - 6 თვე თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, ლ. კ–ეს განაჩენთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;

2.4. ლ. კ–ეს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა ფაქტობრივი დაკავებიდან - 2023 წლის 22 დეკემბრის 23:42 საათიდან.

3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა:

3.1. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორი მარიკა ტყაბლაძე ითხოვდა ლ. კ–ის ქმედების საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით კვალიფიკაციას. ასევე, მსჯავრდებულ ლ. კ–ისათვის გასაჩივრებული განაჩენით დანიშნულზე უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას;

3.2. მსჯავრდებულ ლ. კ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატები გ. ჭ–ე და დ. შ–ლი ითხოვდნენ ლ. კ–ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას.

3.3. 2025 წლის 17 ივნისს სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე, მსჯავრდებულმა ლ. კ–ემ თავი დამნაშავედ სცნოსაქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, ინტერესების დამცველ ადვოკატებთან ერთად უკან გაიხმო სააპელაციო საჩივარი და იშუამდგომლა დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება.

3.3.1. სააპელაციო პალატამ ადგილზე თათბირით განიხილა დაცვის მხარის შუამდგომლობა, მსჯავრდებულ ლ. კ–ეს საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-8 ნაწილის საფუძველზე განუმარტა სააპელაციო საჩივრის განხილვაზე უარის თქმის მოსალოდნელი შედეგები და დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი, საოქმო განჩინებით, დარჩა განუხილველი.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 17 ივნისის განაჩენით ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, მაგრამ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 16 სექტემბრის განაჩენში შევიდა ცვლილება:

4.1. ლ. კ–ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტზე;

4.2. ლ. კ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით (2023 წლის 21 დეკემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 8 წლით თავისუფლების აღკვეთა;

4.3. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, დანიშნული სასჯელი შეუმცირდა 1/6-ით და განესაზღვრა – 6 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა;

4.4. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის საფუძველზე, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 10 ნოემბრის განაჩენით ლ. კ–ის მიმართ დადგენილი პირობითი მსჯავრი – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა;

4.5. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, დანიშნული სასჯელი შემცირდა 1/6-ით და განესაზღვრა 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;

4.6. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს, წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან ნაწილობრივ დაემატა - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, ლ. კ–ეს განაჩენთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 7 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა .

4.7. მსჯავრდებულ ლ. კ–ეს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა ფაქტობრივი დაკავებიდან - 2023 წლის 22 დეკემბრიდან.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა:

5.1. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორი მარიკა ტყაბლაძე ითხოვს ცვლილებას თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენში, ლ. კ–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ლ. კ–ისათვის, გასაჩივრებული განაჩენით დანიშნულზე, უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას;

5.2. ლ. კ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატი გ. ჭ–ე საკასაციო საჩივრით ითხოვს დანიშნული სასჯელის შემსუბუქებას.

II. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, par. 31, ECtHR,11/11/2011); ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, par. 30, ECtHR, 25/12/2001).

2. საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა. ბრალდების მხარე ითხოვს ლ. კ–ის ქმედების საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დაკვალიფიცირებას და მკაცრი სასჯელის განსაზღვრას, ხოლო დაცვის მხარე – დანიშნული სასჯელის შემსუბუქებას.

3. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი საჩივრების საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ პროკურორ მარიკა ტყაბლაძისა და ადვოკატ გ. ჭ–ის საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 17 ივნისის განაჩენში „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის საფუძველზე უნდა შევიდეს ცვლილება, შემდეგ გარემოებათა გამო:

4. ბრალდებისა და დაცვის მხარის საკასაციო მოთხოვნების გათვალისწინებით, დავის საგანს არ წარმოადგენს მსჯავრდებულ ლ. კ–ის მიერ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ა–ის კუთვნილი “One Plus” მარკის მობილური ტელეფონის (ღირებული 400 ლარად) დაუფლების ფაქტი.

5. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარისათვის დავის საგანია ლ. კ–ის მიერ ა–ის კუთვნილი მობილური ტელეფონის დაუფლების ხერხი – ლ. კ–ემ მითითებული ქმედება ჩაიდინა დანის დემონსტრირებით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით, თუ ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის.

6. ბრალდების მხარემ თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენში ცვლილების მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა იმავე (იდენტურ) არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სამართლებრივად სწორად შეაფასა და გასაჩივრებულ განაჩენში მიუთითა იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც ლ. კ–ის მიმართ წარდგენილი ბრალდების საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე გადაკვალიფიცირება და შესაბამისი სასჯელი განაპირობა. გასაჩივრებულ განაჩენში დეტალური მსჯელობაა წარმოდგენილი, მათ შორის, ბრალდების მხარის ყველა ძირითად მტკიცებულებასა და არგუმენტზე.

7. სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება ლ. კ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

7.1. დაზარალებულმა ა–მა ვერ დაადასტურა დაინახა თუ არა დანის მსგავსი საგანი ლ. კ–ის ხელში. კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლოში ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ შემთხვევის დროს იყო ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ და ზუსტად ვერ იხსენებს ჰქონდა თუ არა თავდამსხმელს დანა/დანისმაგვარი საგანი (იხ.: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 12 ივნისის სხდომის ოქმი 14:49:22-14:55:22; 14:56:44-14:58:53). შემთხვევის ადგილზე მყოფი პირები: ნ.–ია, ლ. ა-ა და შ. წ–ი არ ადასტურებენ ლ. კ–ის მიერ დანის მაგვარი იარაღის ფლობისა და აღნიშნული საგნით თავდასხმის ფაქტს (აღნიშნულს არ ადასტურებდნენ არც გამოძიების ეტაპზე გამოკითხვისას და საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობისას). ერთადერთი მოწმე, რომელიც უთითებს ლ. კ–ის მიერ დანის ფლობის ფაქტს არის ა. კ–ი, რომელიც არ არის შემთხვევის თვითმხილველი და ინფორმაციას ფლობს მხოლოდ დაზარალებულ ა–ისაგან. ამასთან, დაზარალებულმა ა–ა დაკითხვისას ვერ დაადასტურა ლ. კ–ის მიერ დანის/დანის მსგავსი საგნის ფლობის ფაქტი. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ირიბი ჩვენება ვერ დაედება საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება), ხოლო სხვა მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა უშუალოდ განსახილველი შემთხვევის დროს ლ. კ–ის მიერ დანის გამოყენების ფაქტს სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი არ არის.

8. კასატორი დაცვის მხარის მტკიცებასთან დაკავშირებით, რომ ლ. კ–ის ქმედების კვალიფიკაციაში წინა ნასამართლობები არ უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული, ვინაიდან დანაშაულები ჩადენილი იყო არასრულწლოვნობის პერიოდში, სასამართლო ერთის მხრივ ითვალისწინებს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-12 მუხლს, ხოლო მეორე მხრივ – იმ გარემოებას, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 30 მაისის განაჩენით მსჯავრადშერაცხილი დანაშაულის (საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით) ჩადენისას ლ. კ–ე იყო სრულწლოვანი (ლ. კ–ე დაიბადა 2005 წლის 20 მარტს, დანაშაული ჩაიდინა 2023 წლის 22 მარტს), ისევე როგორც თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 10 ნოემბრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით მსჯავრადშერაცხილი დანაშაულის ჩადენისას (დანაშაული ჩადენილია 2023 წლის 7 ივნისს).

9. გასაჩივრებული განაჩენით დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით კასატორების მოთხოვნებთან (ბრალდების მხარე ითხოვს სასჯელის გამკაცრებას, ხოლო დაცვის მხარე – შემსუბუქებას) მიმართებით, სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის დანაწესს (სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობა კი უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით).

9.1. „სასჯელი არ უნდა იყოს არც ზედმეტად მკაცრი და არც ზედმეტად ლმობიერი იმისათვის, რომ მიღწეული იქნეს სასჯელის მიზნები“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 11 ივლისის N 1/7/851 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე იმედა ხახუტაიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II- 7). ამიტომ „სასჯელი, ერთი მხრივ, უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში, ხოლო, მეორე მხრივ ....ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დაკისრება უნდა მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38), უნდა ეფუძნებოდეს საქმის სირთულეს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, დამნაშავის პიროვნების თავისებურებებს, სასჯელის ზემოქმედებას დამნაშავის მომავალ ცხოვრებაზე (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 11 ივლისის N1/7/851 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე იმედა ხახუტაიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-10).

10. საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს – თავისუფლების აღკვეთას ვადით შვიდიდან თერთმეტ წლამდე.

11. სააპელაციო სასამართლომ ლ. კ–ეს სასჯელად განუსაზღვრა მსჯავრადშერაცხილი დანაშაულისათვის გათვალისწინებული სასჯელის ერთადერთი სახე – თავისუფლების აღკვეთა მინიმალურთან მიახლოებული ხანგრძლივობით.

12. ბრალდებისა და დაცვის მხარეებს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენიათ რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა დანიშნული სასჯელის ხანგრძლივობის/მოხდის წესის უსამართლობას, პრევენციის ან რესოციალიზაციის მიზნებთან შეუსაბამობას.

13. საქართველოს სსსკ-ის მე-300 მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენი იმ შემთხვევაში მიიჩნევა უკანონოდ, როდესაც გამოყენებულია სასჯელის ისეთი სახე ან ზომა, რომელიც აშკარად არ შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების ხასიათსა და მის პიროვნებას. ,,აუცილებელია, სასჯელი ადეკვატურად შეესატყვისებოდეს საზოგადოებრივი საშიშროების შემცველი ქმედების სიმძიმეს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილება N1/6/770 ,,საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ II-13).

14. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები, წარმოდგენილი მტკიცებულებები და მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლები (ლ. კ–ემ განზრახი, განსაკუთრებით მძიმე დანაშაული ჩაიდინა პირობითი მსჯავრის ქვეშ) სამართლებრივად სწორად შეაფასა, რის შედეგადაც, ლ. კ–ეს განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია) და შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია.

15. გასაჩივრებულ განაჩენში ნამსჯელია ლ. კ–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის განსაზღვრულ სასჯელზე „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის გავრცელებაზე.

16. იმავდროულად, გასაჩივრებული განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის საფუძველზე, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 10 ნოემბრის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი და გასაჩივრებული განაჩენით დანიშნულ ძირითად სასჯელს ნაწილობრივ დაემატა სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან თავისუფლების აღკვეთა 6 თვით.

16.1. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განაჩენში ნამსჯელია თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 10 ნოემბრის განაჩენით დანიშნული საბოლოო სასჯელის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის საფუძველზე 1/6-ით შემცირებაზე, რაც კანონშეუსაბამოა, ვინაიდან: მოცემული განაჩენით ლ. კ–ე მსჯავრდებულია საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით, ასევე საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი), ხოლო „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი ადგენს სხვადასხვა (და არა ერთნაირ) შეღავათებს აღნიშნული დანაშაულების მიმართ, რის გამოც სასამართლოს თითოეულ ეპიზოდთან მიმართებით უნდა ემსჯელა ამნისტიის გამოყენების საკითხზე. ამასთან, მოცემული განაჩენის ფარგლებში საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 30 მაისის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი, რაზეც სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია.

17. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 30 მაისის განაჩენით:

17.1. დამტკიცდა, პროკურორ მარიამ ბეგიაშვილსა და ბრალდებულ ლ. კ–ეს შორის, 2023 წლის 19 მაისს დადებული საპროცესო შეთანხმება;

17.2. ლ. კ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’, ,,ბ’’ და მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტებით და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის თანახმად, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად, 2 წლის გამოსაცდელი ვადით;

17.3. მასვე, საქართველოს სსკ-ის 44-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 საათი.

18. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 29 ივნისის განჩინებით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 30 მაისის განაჩენით ლ. კ–ის მიმართ დამატებითი სასჯელის სახით დანიშნული სასჯელი - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 საათი, შეიცვალა ჯარიმით - 500 ლარით.

19. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 10 ნოემბრის განაჩენით:

19.1. დამტკიცდა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიამ ბეგიაშვილსა და ლ. კ–ეს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება;

19.2. ლ. კ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (სამი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

19.3. საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’, ,,ბ’’ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით, – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით;

19.4. ლ. კ–ეს, საქართველოს სსკ-ის 44-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა - 150 საათი;

19.5. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (2023 წლის 20 თებერვლის ეპიზოდი) – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით;

19.6. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (2023 წლის 27 თებერვლის ეპიზოდი) – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით;

19.7. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (2023 წლის 11 მარტის ეპიზოდი) – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით;

19.8. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ა’’, ,,ბ’’ ქვეპუნქტებით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა სხვა ეპიზოდებისათვის დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ლ. კ–ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალა პირობით;

19.9. ლ. კ–ეს, საქართველოს სსკ-ის 44-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 150 საათი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა;

19.10. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 30 მაისის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი;

19.11. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 30 მაისის განაჩენით დანიშნული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა – 1 წელი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 30 მაისის განაჩენით დანიშნული და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 29 ივნისის განჩინებით (საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 საათი შეცვლილ იქნა ჯარიმით) დადგენილი დამატებითი სასჯელი - ჯარიმა 500 ლარი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ლ. კ–ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლით ჩაეთვალა პირობით და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 წელი;

19.12. ლ. კ–ეს, საქართველოს სსკ-ის 44-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 საათი;

19.13. ლ. კ–ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა სისხლის სამართლის №1/3981-23 საქმეზე პატიმრობაში ყოფნის დრო 2023 წლის 20 ივნისიდან - 2023 წლის 21 ივნისის ჩათვლით.

20. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ დანაშაულის პრევენციის, საპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს 2023 წლის 26 დეკემბრის წერილის თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 10 ნოემბრის განაჩენით დანიშნული დამატებითი სასჯელი – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 საათი, – თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 21 დეკემბრის განჩინებით შეეცვალა ჯარიმთ.

21. ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის პირველი-მე-4 მუხლების, მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-6 მუხლის მოქმედება ვრცელდება იმ პირზე, რომელმაც შესაბამისი დანაშაული 2024 წლის 1 ივლისამდე ჩაიდინა, ხოლო მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მსჯავრდებულის (მათ შორის, ძებნილი მსჯავრდებულის) მიმართ ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის აღსრულების მიზნით გადაწყვეტილებას სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვის სტადიაზე იღებს შესაბამისი სასამართლო.

22. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით სასჯელისგან უნდა გათავისუფლდეს პირი, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია მათ შორის საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილით, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია. ამავე კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით – ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და რომელსაც ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია.

23. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 30 მაისის განაჩენით ლ. კ–ისთვის საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’, ,,ბ’’ და მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის განსაზღვრულ სასჯელთან მიმართებით, სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე მითითებას არ შეიცავს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი-მე-3 მუხლები, მას ასევე არ ჩაუდენია ამ კანონის მე-7 მუხლით გათვალისწინებული დანაშაული. შესაბამისად, ვინაიდან ლ. კ–ეს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’, ,,ბ’’ და მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელი განსაზღვრული აქვს დანაშაულთა იდეალური ერთობლიობის წესით, – „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე 1/6-ით უნდა შეუმცირდეს დანიშნული ძირითადი სასჯელი – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა (რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად, 2 წლის გამოსაცდელი ვადით) და უნდა განესაზღვროს – 1 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე უნდა ჩაეთვალოს პირობითად, 1 წლისა და 8 თვის გამოსაცდელი ვადით.

23.1. რაც შეეხება დანიშნულ დამატებით სასჯელს – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 საათი, – რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 29 ივნისის განჩინებით შეიცვალა ჯარიმა - 500 ლარით, მასზე არ ვრცელდება „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი (იხ.: ამავე კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტი).

24. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 10 ნოემბრის განაჩენით ლ. კ–ისათვის საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,ა’’, ,,ბ’’ ქვეპუნქტებით და საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (სამი ეპიზოდი) მსჯავრადშერაცხილ დანაშაულებთან მიმართებით, სასამართლო ითვალისწინებს:

24.1. ლ. კ–ეს საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,ა’’, ,,ბ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულებისათვის სასჯელი განსაზღვრული აქვს დანაშაულთა იდეალური ერთობლიობის წესით. შესაბამისად, ვინადიან საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებზე მითითებას არ შეიცავს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი - მე-3 მუხლები, და არც ამავე კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტი – საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,ა’’, ,,ბ’’ ქვეპუნქტებით მსჯავრადშერაცხილი დანაშაულებისათვის განსაზღვრული სასჯელი – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლით თანახმად, ჩაეთვალა პირობით, – „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით უნდა შემცირდეს 1/6-ით და განესაზღვროს 1 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე უნდა ჩაეთვალოს პირობით.

24.2. აღნიშნული განაჩენით დანიშნულ დამატებით სასჯელზე – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 საათი, – რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 21 დეკემბრის განჩინებით შეიცვალა ჯარიმით, – „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტიდან გამომდინარე (ამნისტია არ ვრცელდება სასჯელის სახით დანიშნულ ჯარიმაზე) ამნისტია არ ვრცელდება.

24.3. ლ. კ–ისათვის საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (სამი ეპიზოდი) მსჯავრადშერაცხილი დანაშაულებისათვის განსაზღვრულ სასჯელებთან მიმართებით, სასამართლო ითვალისწინებს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი მუხლის პირველ პუნქტს, რომლის თანახმად, სასჯელისგან უნდა გათავისუფლდეს პირი, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია მათ შორის საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით. შესაბამისად, ლ. კ–ე საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (სამი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულებისათვის განსაზღვრული სასჯელების (თითოეულ ეპიზოდში – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით) მოხდისაგან სრულად უნდა გათავისუფლდეს.

24.4. ამასთან, საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 30 მაისის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ უნდა დაემატოს წინა – თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 30 მაისის განაჩენით დანიშნული და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით შემცირებული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 1 წელი და 8 თვე თავისუფლების აღკვეთიდან 10 თვე. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა უნდა შთანთქას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 30 მაისის განაჩენით დანიშნული და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 29 ივნისის განჩინებით (საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 საათი შეცვლილ იქნა ჯარიმით) დადგენილი დამატებითი სასჯელი - ჯარიმა 500 ლარი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ლ. კ–ეს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს – 2 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე უნდა ჩაეთვალოს პირობით და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 წელი და 6 თვე. უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 21 დეკემბრის განჩინებით განსაზღვრული ჯარიმა – 1000 ლარი (დამატებითი სასჯელის სახით დანიშნული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა – 150 საათი შეიცვალა ჯარიმით).

25. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის საფუძველზე უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 10 ნოემბრის განაჩენით ლ. კ–ის მიმართ დადგენილი და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით შემცირებული პირობითი მსჯავრი 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილით, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს კი წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით შემცირებული სასჯელიდან ნაწილობრივ უნდა დაემატოს მოუხდელი სასჯელის პროპორციული წილი - 5 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, ლ. კ–ეს განაჩენთა ერთობლიობით, ძირითად სასჯელად უნდა განესაზღვროს 7 წლითა და 1 თვით თავისუფლების აღკვეთა.

26. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 17 ივნისის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება; ლ. კ–ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 30 მაისისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 10 ნოემბრის განაჩენებით მსჯავრადშერაცხილი ქმედებებისათვის განსაზღვრულ სასჯელებზე უნდა გავრცელდეს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი. ასევე, უნდა გასწორდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 10 ნოემბრის განაჩენის გაუქმების შემდგომ საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელი და ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით შემცირებული ძირითადი სასჯელიდან ნაწილობრივ უნდა დაემატოს (შესაბამისი პროპორციით) 5 თვით თავისუფლების აღკვეთა ნაცვლად 6 თვით თავისუფლების აღკვეთისა. საბოლოოდ, ლ. კ–ეს განაჩენთა ერთობლიობით, ძირითად სასჯელად განესაზღვროს 7 წლითა და 1 თვით თავისუფლების აღკვეთა.

III. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიკა ტყაბლაძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. მსჯავრდებულ ლ. კ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის გ. ჭ–ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 17 ივნისის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

3.1. ლ. კ–ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტზე;

3.2. ლ. კ–ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით (2023 წლის 21 დეკემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის ზომად განესაზღვროს – 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე შეუმცირდეს 1/6-ით და განესაზღვროს – 6 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა;

3.3. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 30 მაისის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

4.1. ლ. კ–ისათვის საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’, ,,ბ’’ და მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე, დანიშნული ძირითადი სასჯელი – 2 წლით თავისუფლების აღკვეთ, (რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად, 2 წლის გამოსაცდელი ვადით), „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე შემცირდეს 1/6-ით და განესაზღვროს – 1 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად, 1 წლისა და 8 თვის გამოსაცდელი ვადით;

4.2. დამატებით სასჯელზე – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 საათი, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 29 ივნისის განჩინებით შეიცვალა ჯარიმა 500 ლარით, – ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი არ ვრცელდება;

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 10 ნოემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

5.1. ლ. კ–ისათვის საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ა’’ , ,,ბ’’ ქვეპუნქტებით საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით განსაზღვრული სასჯელი – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა (რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალა პირობით) „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე შემცირდეს 1/6-ით და განესაზღვროს – 1 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად;

5.2. დამატებით სასჯელზე – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 საათზე, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 21 დეკემბრის განჩინებით შეიცვალა ჯარიმით 1000 ლარი, – „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი არ ვრცელდება;

5.3. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ლ. კ–ე გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (2023 წლის 20 თებერვლის ეპიზოდი) განსაზღვრული სასჯელის – 1 წლით თავისუფლების აღკვეთის (რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით) მოხდისაგან;

5.4. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ლ. კ–ე გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (2023 წლის 27 თებერვლის ეპიზოდი) განსაზღვრული სასჯელის – 1 წლით თავისუფლების აღკვეთის (რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით) მოხდისაგან;

5.5. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ლ. კ–ე გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (2023 წლის 11 მარტის ეპიზოდი) განსაზღვრული სასჯელის – 1 წლით თავისუფლების აღკვეთის (რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით) მოხდისაგან;

5.6. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 30 მაისის განაჩენით დადგენილი და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით შემცირებული პირობითი მსჯავრი;

5.7. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 30 მაისის განაჩენით დანიშნული და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით შემცირებული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 1 წელი და 8 თვე თავისუფლების აღკვეთიდან – 10 თვე (შესაბამისი პროპორციული წილი); საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-8 ნაწილით, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 30 მაისის განაჩენით დანიშნული და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 29 ივნისის განჩინებით (საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 საათი შეცვლილ იქნა ჯარიმით) დადგენილი დამატებითი სასჯელი - ჯარიმა 500 ლარი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ლ. კ–ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – 2 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 წელი და 6 თვე. დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვროს ჯარიმა – 1000 ლარი (თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 21 დეკემბრის განჩინებით შეიცვალა დამატებითი სასჯელის სახით დანიშნული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა - 150 საათი);

5.8. ლ. კ–ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს სისხლის სამართლის №1/3981-23 საქმეზე პატიმრობაში ყოფნის დრო 2023 წლის 20 ივნისიდან - 2023 წლის 21 ივნისის ჩათვლით;

5.9. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;

6. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის საფუძველზე, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 10 ნოემბრის განაჩენით ლ. კ–ის მიმართ დადგენილი და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით შემცირებული პირობითი მსჯავრი – 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

7. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილით, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს, ნაწილობრივ (შესაბამისი პროპორციული წილი) დაემატოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 10 ნოემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით შემცირებული სასჯელიდან 5 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, ლ. კ–ეს განაჩენთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელად განესაზღვროს – 7 წლითა და 1 თვით თავისუფლების აღკვეთა;

8. მსჯავრდებულ ლ. კ–ეს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალოს ფაქტობრივი დაკავებიდან - 2023 წლის 22 დეკემბრიდან;

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 17 ივნისის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;

10. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. ვასაძე

ლ. თევზაძე