საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 09.02.2026
საქმის ნომერი
2კ-924აპ.-25
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
09.02.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 020100123008263433

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№924აპ-25 ქ. თბილისი

გ.მ., 924აპ-25 9 თებერვალი, 2026 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 23 ივლისის განაჩენზე მესტიის რაიონული პროკურორის – ალექსანდრე კოდუას – საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბრალდების შესახებ დადგენილების მიზედვით, მ. გ-ს, – დაბადებულს..., – ბრალად დაედო: ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რაც დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან, ჩადენილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოების – დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის მიმართ; მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში და ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგით:

1.1. 2023 წლის 7 ოქტომბერს, დახლოებით, 16:00 საათზე, ... უბანში მდებარე შ. გ-ს საცხოვრებელი სახლის ეზოში, განაწყენებულმა მ. გ-მ, შურისძიების მოტივით, იატაკის საწმენდი ჯოხის სხეულის სხვადასხვა არეში განზრახ რამდენჯერმე დარტყმით, მთელს სხეულზე უსწოროკიდეებიანი ჭრილობის, სისხლნაჟღენთებისა და ნაჭდევების სახით, ასევე – მარცხენა მცირე წვივის ძვლის დიაფიზის დისტალურ მიდამოსა და დიდი წვივის ძვლის მედიალური გოჯის მიდამოში მოტეხილობებისა და მე-12 მალის კომპრესიული მოტეხილობის სახით, სხეულის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება მიაყენა, ღრმად მოხუცებულობით უმწეო მდგომარეობაში მყოფ – 1940 წლის 4 მარტს დაბადებულ, 83 წლის – შ. გ-ს.

1.2. 2023 წლის 7 ოქტომბერს, დაახლოებით, 16:00 საათზე, ... მდებარე შ. გ-ს საცხოვრებელი სახლის ეზოში, მ. გ. სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა შ. გ-ს, რომელსაც გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

1.3.2023 წლის 7 ოქტომბერს, დახლოებით, 16:00 საათზე, ... უბანში, მ. გ. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა შ. გ-ს კუთვნილ „ბლუს“ ფირმის მობილურ ტელეფონს, რითაც შ. გ-ს მიაყენა 300 ლარის, მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

2. მ. გ-ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის 1-ელი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწლილის „ა“ ქვეპუნქტით.

3. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 1 ოქტომბრის განაჩენით მ. გ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის 1-ელი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწლილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში გამართლდა.

4. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 1 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მესტიის რაიონულმა პროკურორმა – რამაზ ხურციამ, რომელიც ითხოვდა გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და მ. გ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის 1-ელი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწლილის „ა“ ქვეპუნქტით მისთვის წარდგენილ ბრალდებებში.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 23 ივლისის განაჩენით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 1 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 23 ივლისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მესტიის რაიონულმა პროკურორმა – ალექსანდრე კოდუამ, რომელიც ითხოვს გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, მ. გ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის 1-ელი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწლილის „ა“ ქვეპუნქტით მისთვის წარდგენილ ბრალდებებში და შესაბამისი სასჯელის განსაზღვრას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ დაზარალებულ შ. გ-ს ჩვენებით, რომლის სანდოობაში დაეჭვების გონივრული საფუძველი არ გამოკვეთილა, ასევე – სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნითა და დაზარალებულის დაზიანებების ამსახველი ფოტოსურათებით, რომლებიც, თავის მხრივ, უკანონოდ ცნო დაუშვებლად სასამართლომ, სარწმუნოდ დასტურდება მისი ბრალეულობა, ხოლო ყველა სხვა მოწმის ჩვენება, რომლებიც ეწინააღმდეგება დაზარალებულის მონათხრობს – არადამაჯერებელია, რამეთუ 2023 წლის 7 ოქტომბრიდან, როდესაც დაზარალებულს სცემეს – 2023 წლის 14 ოქტომბრამდე, სოფელ ... მცხოვრებ არცერთ ამ პირს არ გასჩენია სურვილი, დაერეკა 112-ში და ეთხოვა დაზარალებულისათვის დახმარება. ის ფაქტი კი, რომ შ. გ-ს გარკვეული უთანხმოება ჰქონდა მ. გ-სთან, დგინდება როგორც თავად დაზარალებულის ჩვენებით, ასევე – სატელეფონო ამონაწერით, რომლითაც ირკვევა, რომ პრობლემის გადასაჭრელად შ. გ-მ თავად დაურეკა მოგვარეებს.

7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

9. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უკანონოა და არ გამომდინარეობს სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეული მტკიცებულებებიდან, რამეთუ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც, ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი სამხილების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დადასტურდა მ. გ-ს მიერ მისთვის ბრალადშერაცხილი დანაშაულების ჩადენა, კერძოდ:

10. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ დაზარალებულ შ. გ-ს სხეულზე ნამდვილად აღენიშნებოდა მრავლობითი დაზიანებები, მათ შორის, მარცხენა მცირე წვივის მოტეხილობა. აღსანიშნავია, რომ ერთი მხრივ, დაზარალებული შ. გ. მისთვის ამ დაზიანებების მიყენებაში ამხლდა მ. გ-ს, რომელთანაც, დაზარალებულისვე ჩვენების მიხედვით, ჰქონდა გარკვეული უთანხმოება და შემთხვევის დღეს, სწორედ მათ შორის ურთიერთობის გამოსარკვევად, მოაწყო საგვარეულო შეკრება, სადაც მ. გ-მ აგინა მას და ფიზიკური შეურაცხყოფის მისაყენებლადაც იწევდა, თუმცა ისინი გააშველეს. შინ დაბრუნებულს მიაკითხა მ. გ-მ და იატაკის საწმენდი ჯოხით სასტიკად სცემა. თან აგინებდა და მოკვლით ემუქრებოდა. რამდენჯერმე დაკარგა გონება. როცა გამოფხიზლდა, სახლი მილაგებული დახვდა, კუთვნილი მობილური ტელეფონი კი – წაღებული. ე. ა-ს და მასთან მყოფ რამდენიმე პირს უთხრა, რომ მ. გ-მ სცემა; მეორე მხრივ, საყურადღებოა, რომ დაზარალებულის მტკიცების საპირისპიროდ, მ. გ-მ კატეგორიულად უარყო შემთხვევის დღეს, შ. გ-ზე ძალადობის ფაქტი. ამდენად, მხარეების ურთიერთგამომრიცხველი განმარტებების კვალდაკვალ, მით უფრო, როდესაც დაზარალებულის მტკიცების შესაბამისად, მ. გ-ს მიერ მასზე ძალადობას თვითმხილველი არავინ ჰყოლია, დაზარალებულის ჩვენების შეფასებისას მეტად მნიშვნელოვანია, რამდენად თანხვდება მისი მონათხრობი საქმეში წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებს. ყურადსაღებია, რომ მოწეების სახით დაკითხულმა ე. ა-მ და ი. გ-მ არ დაადასტურეს, რომ მათთან გასაუბრებისას შ. გ. მ. გ-ს ამხელდა ძალადობაში, არამედ – ი. გ-ს თქმით, მის შეკითხვაზე, თუ რა მოუვიდა? – დაზარალებული პასუხობდა, რომ – არაფერი; იმავდროულად, კ. გ-მ, რომლის სახლშიც მოეწყო საგვარეულო შეკრება, როგორც დაზარალებული ამტკიცებს, მ. გ-სთან მისი გამწვავებული ურთიერთობის გამოსარკვევად, თავის ჩვენებაში, ისევე, როგორც ამ შეკრებაში მონაწილე სხვა არცერთმა პირმა – მათ შორის, ს. გ-მ, ს. გ-მ, ფ. გ-მ და ჯ. გ-მ – არ დაადასტურეს შ. და მ. გ-ებს შორის რაიმე უთანხმოების არსებობა და, შესაბამისად, დაზარალებულის თხოვნით ამ უთანხმოების მოსაგვარებლად შეკრება; დაზარალებულის შვილის – ვ. გ-ს, ჩვენება შ. გ-ს სხეულზე არსებული დაზიანებების წარმომავლობასთან მიმართებით – ირიბია და ვერ დაედება საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს; ექსპერტიზის დასკვნით კი, ცალკე აღებული, შეუძლებელია იმის უტყუარად მტკიცება, თუ რა ვითარებაში მიიღო დაზიანებები დაზარალებულმა. შესაბამისად, მტკიცებულებების შეფასების დროს გაჩენილი ეჭვები, რომლებიც ვერ დადასტურდა კანონით დადგენილი წესით – გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული სამხილების ერთობლიობით, In dubio pro reo – პრინციპიდან გამომდინარე, მართებულად გადაწყდა ბრალდებულ მ. გ-ს სასარგებლოდ.

11. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

12. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

13. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მესტიის რაიონული პროკურორის – ალექსანდრე კოდუას – საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

ლ. თევზაძე