განაჩენი შეიცვალა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 080100123007472449
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №868აპ-25 ქ. თბილისი
ხ. ს. 868აპ-25 14 იანვარი, 2026 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მამუკა ვასაძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ს. ხ–ას ინტერესების დამცველი ადვოკატის ა. ჭ–ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 24 ივნისის განაჩენზე.
I. ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით: ს. ხ–ას – პირადი ნომრით .........., – ბრალად ედებოდა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, საცავში უკანონო შეღწევით, დიდი ოდენობით, ჩადენილი იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის – დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით.
ს. ხ–ას მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2023 წლის 8 მაისს, დაახლოებით 22:30 საათზე, ქურდობისათვის ორჯერ ნასამართლევმა ს. ხ–ამ, ფანჯრის მინის გატეხვის გზით უკანონოდ შეაღწია ქ. ქ–ში, ..... ქუჩის №..-ში მდებარე შპს „ბ......-ის“ სამშენებლო მაღაზიის დირექტორის ოთახში, რკინის საგნის გამოყენებით გატეხა იქ არსებული რკინის სეიფი და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა სეიფში არსებულ დიდი ოდენობით თანხას – 34 323,20 ლარის და 2750 ევროს ოდენობით და 230 ლარად ღირებულ ბენზინის ტალონებს.
2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 31 იანვრის განაჩენით:
2.1. ს. ხ–ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის ,,ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა;
2.2. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 17 მარტის განაჩენით ს. ხ–ას მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 17 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით, ს. ხ–ას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა;
2.3. ს. ხ–ას სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა დაკავებიდან - 2023 წლის 11 მაისიდან.
3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ს. ხ–ამ და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ა. ჭ–ემ, რომლებმაც მოითხოვეს ცვლილება გასაჩივრებულ განაჩენში და ს. ხ–ას მიმართ საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენება.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 24 ივნისის განაჩენით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 31 იანვრის განაჩენში შევიდა ცვლილება:
4.1. ს. ხ–ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და მე-4 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად შეუმცირდა ერთი მეექვსედით და განესაზღვრა – 5 წლით და 10 თვით თავისუფლების აღკვეთა;
4.2. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 17 მარტის განაჩენით ს. ხ–ას მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი;
4.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 17 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით, ს. ხ–ას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 5 წლითა და 10 თვით თავისუფლების აღკვეთა;
4.4. ს. ხ–ას სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა დაკავებიდან – 2023 წლის 11 მაისიდან.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ს. ხ–ას ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ა. ჭ–ემ, რომელიც ითხოვს ცვლილებას გასაჩივრებულ განაჩენში სასჯელის შემსუბუქების კუთხით, კერძოდ, ს. ხ–ას მიმართ საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენებას. კასატორი უთითებს დაზარალებულის განცხადებაზე (პრეტენზიის არქონის შესახებ) დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებასა და ს. ხ–ას მიერ დანაშაულის აღიარებაზე.
II. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, par. 30, ECtHR, 25/12/2001); ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, paras. 37, 41, ECtHR, 20/03/2009).
2. საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა დაცვის მხარემ.
2.1. კასატორი დაცვის მხარე ითხოვს ს. ხ–ასათვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქებას, კერძოდ, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენებას. კასატორი უთითებს, რომ დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანი სრულად არის ანაზღაურებული (წარმოდგენილია ნოტარიულად დამოწმებული განცხადება) და დაზარალებულს მსჯავრდებულის მიმართ პრეტენზია არ აქვს, ს. ხ–ა თავიდანვე აღიარებდა და ინანიებდა მის მიერ ჩადენილ დანაშაულს.
3. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ ადვოკატ ა. ჭ–ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ამასთან, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 24 ივნისის განაჩენში „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის საფუძველზე უნდა შევიდეს ცვლილება, კერძოდ:
4. მხარეთა შორის დავის საგანს არ წარმოადგენს მსჯავრდებულ ს. ხ–ას მიერ მისთვის მსჯავრადშერაცხილი დანაშაულის ჩადენა. შესაბამისად, არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში (მსჯავრდების ნაწილში) ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი. მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანია მხოლოდ ს. ხ–ას მიმართ დანიშნული სასჯელის სამართლიანობა.
5. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. „სასჯელი არ უნდა იყოს არც ზედმეტად მკაცრი და არც ზედმეტად ლმობიერი იმისათვის, რომ მიღწეული იქნეს სასჯელის მიზნები“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 11 ივლისის N 1/7/851 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე იმედა ხახუტაიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II- 7). „სასჯელი, ერთი მხრივ, უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში, ხოლო, მეორე მხრივ ....ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დაკისრება უნდა მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38), უნდა ეფუძნებოდეს საქმის სირთულეს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, დამნაშავის პიროვნების თავისებურებებს, სასჯელის ზემოქმედებას დამნაშავის მომავალ ცხოვრებაზე (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 11 ივლისის N1/7/851 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე იმედა ხახუტაიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-10).
6. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „რესოციალიზაციის მიზანი გულისხმობს სასჯელის მეშვეობით დამნაშავის საზოგადოებაში საყოველთაოდ აღიარებული თანაცხოვრების წესებისადმი შეგუებას, სასჯელის მოხდის შედეგად საზოგადოებაში ჩამოყალიბებული მართლზომიერი ქცევის წესებისა და პირობებისადმი პირის ადაპტაციას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-47), “სასჯელის სპეციალური პრევენციის მიზანი გულისხმობს დანაშაულის რეციდივის გამორიცხვის, მინიმალიზების მცდელობას, რაც პრინციპში ძირითადად მიღწეულ უნდა იქნეს დამნაშავის რესოციალიზაციით” ( იქვე, II-50).
7. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულ ს. ხ–ასათვის დანიშნული სასჯელის სახის, ზომისა და მისი მოხდის ფორმის შესახებ, კერძოდ:
8. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილი სასჯელად ითვალისწინებს: თავისუფლების აღკვეთას ვადით ექვსიდან ათ წლამდე.
9. ს. ხ–ასათვის მსჯავრადშერაცხილი დანაშაულისთვის სასჯელის განსაზღვრისას პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებთან (აღიარება, მტკიცებულებათა უდავოდ ცნობა და სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელშეწყობა) ერთად სასამართლო ასევე ითვალისწინებს ქმედების განხორციელების ხერხს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათს, ს. ხ–ას პიროვნებას (ნასამართლობა), დანაშაულის ჩადენის მოტივს და მიზეზს, უფრო მსუბუქი სახის სასჯელით კერძო/სპეციალური პრევენციის და რესოციალიზაციის მიზნების მიღწევადობას.
9.1. გასაჩივრებული განაჩენით ს. ხ–ასათვის დანიშნული სასჯელის ზომა (მინიმალურთან მიახლოებული ვადით თავისუფლების აღკვეთა) შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია) და არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას.
10. სისხლის სამართლის საქმის მასალებში არ არის წარმოდგენილი დაზარალებულის ნოტარიულად დამოწმებული განცხადება ზიანის ანაზღაურებისა და ს. ხ–ას მიმართ პრეტენზიის არ ქონის შესახებ (რაზეც საკასაციო საჩივარში უთითებს დაცვის მხარე). სასამართლო ითვალისწინებს, რომ ზიანის ანაზღაურება და დაზარალებულთან შერიგება წარმოადგენს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს და სასჯელზე გავლენას ახდენს შემსუბუქების თვალსაზრისით (მაგალითისთვის იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 2 მაისის განჩინება საქმეზე N 295აპ-22 და 2022 წლის 17 მაისის განჩინება საქმეზე N354აპ-22).
11. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილი ადგენს სასამართლოს დისკრეციულ უფლებამოსილებას – დანიშნული სასჯელის ნაწილის პირობითად ჩათვლის თაობაზე. იმავდროულად, აღნიშნული უფლების გამოყენებისას სასამართლოს ეკისრება საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნების მიღწევადობის გათვალისწინება. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო ერთის მხრივ ითვალისწინებს, რომ ს. ხ–ა გამოძიების ეტაპიდანვე აღიარებდა მისთვის მსჯავრადშერაცხილი დანაშაულის ჩადენას, თანამშრომლობდა გამოძიებასთან, უდავოდ ცნო მტკიცებულებები, რითიც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას. იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს ჩადენილი დანაშაულის ხასიათს (განზრახი, მძიმე, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული), მსჯავრდებულის ინდივიდუალურ მახასიათებლებს (ს. ხ–ას მიმართ წარსულში გამოყენებულმა სასჯელის პირობითად/ნაწილობრივ პირობითად ჩათვლამ ვერ უზრუნველყო სასჯელის მიზნები) და კერძო პრევენციის/რესოციალიზაციის მიზნებიდან გამომდინარე მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული სასამართლოს დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენება და დანიშნული სასჯელის ნაწილის პირობითად ჩათვლა.
12. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის გამოყენების შესახებ ნამსჯელია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 24 ივნისის განაჩენში.
13. იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს, რომ ს. ხ–ას სასჯელი განსაზღვრული აქვს განაჩენთა ერთობლიობის წესით.
13.1. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულება ვერ იქნება დამოკიდებული განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის დანიშვნის წესის (შთანთქმის, ნაწილობრივ შეკრების ან სრულად შეკრების) გამოყენებაზე, ვინაიდან სასჯელის შთანთქმა, იმავდროულად, არ გულისხმობს, მის გაუქმებას (იხ. მაგ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 15 ნოემბრის №791-24 განჩინება). ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონი უნდა აღსრულდეს მსჯავრდებულის მიმართ არსებულ თითოეულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი განაჩენით შეფარდებულ და მოუხდელ სასჯელზე, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
13.2. შესაბამისად, სასამართლო იმსჯელებს ს. ხ–ას მიმართ გამოტანილ წინარე განაჩენებზე „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის გავრცელებაზე.
14. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 26 აგვისტოს განაჩენით:
14.1. დამტკიცდა პროკურორ ზიტა ჭულუხაძეს და ს. ხ–ას შორის 2020 წლის 25 აგვისტოს დადებული საპროცესო შეთანხმება;
14.2. ს. ხ–ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ’’ და მე-4 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 5 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად შეუმცირდა 1/4-ით და განესაზღვრა – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა – 4 წელი.
15. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 10 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ ს. ხ–ას მიმართ არ გავრცელდა,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი.
16. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 17 მარტის განაჩენით:
16.1. დამტკიცდა პროკურორ პაპუნა ონიანს და ს. ხ–ას შორის 2022 წლის 17 მარტს დადებული საპროცესო შეთანხმება;
16.2. ს. ხ–ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, ,,ბ’’ და მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით და საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
16.2.1. საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, ,,ბ’’ და მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით - 4 წლით და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვრა – 8 თვე, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 4 წლით, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით;
16.2.2. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით;
16.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და ს. ხ–ას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 4 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვრა – 8 თვე, ხოლო – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით;
16.4. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 26 აგვისტოს განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ს. ხ–ას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 4 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღრა – 8 თვე, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 4 წლით, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა – 4 წელი;
16.5. ს. ხ–ას სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა დაკავებიდან – 2021 წლის 18 ივლისიდან.
17. ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის პირველი-მე-4 მუხლების, მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-6 მუხლის მოქმედება ვრცელდება იმ პირზე, რომელმაც შესაბამისი დანაშაული 2024 წლის 1 ივლისამდე ჩაიდინა, ხოლო მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მსჯავრდებულის (მათ შორის, ძებნილი მსჯავრდებულის) მიმართ ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის აღსრულების მიზნით გადაწყვეტილებას სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვის სტადიაზე იღებს შესაბამისი სასამართლო.
18. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით, დანიშნული სასჯელი უნდა გაუნახევრდეს განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია მათ შორის საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია. ამავე კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით ერთი მეხუთედით უნდა შეუმცირდეს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი არასრულწლოვანს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და რომელსაც ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია. ამასთან, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტით – ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან გათავისუფლება, აგრეთვე ამ კანონის მე-2 მუხლით (გარდა მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), მე-3 მუხლით, მე-4 მუხლით (გარდა მე-4 მუხლის მე-4 ან მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) ან მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სასჯელის შემცირება ვრცელდება ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, აგრეთვე სხვა სასჯელზე (გარდა ჯარიმისა, ქონების ჩამორთმევისა, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვისა და სამხედრო წოდების ჩამორთმევისა).
19. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ს. ხ–ას ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 26 აგვისტოს განაჩენით მსჯავრადშერაცხილი საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ’’ და მე-4 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელი განსაზღვრული აქვს დანაშაულთა იდეალური ერთობლიობის წესით. შესაბამისად, ვინაიდან საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილზე არ ვრცელდება პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია, მას ასევე არ ჩაუდენია ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული – „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე (დანაშაულის ჩადენისას იყო არასრულწლოვანი) საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ’’ და მე-4 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სასჯელი – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა (რაც ჩათვლილი ჰქონდა პირობითად, 4 წლის გამოსაცდელი ვადით) – უნდა შეუმცირდეს 1/5-ით და განესაზღვროს 3 წლით, 2 თვითა და 12 დღით თავისუფლების აღკვეთა, რაც უნდა ჩაეთვალოს პირობითად, 3 წლის, 2 თვისა და 12 დღის გამოსაცდელი ვადით.
20. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 17 მარტის განაჩენით ს. ხ–ასათვის საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, ,,ბ’’ და მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მსჯავრადშერაცხილ დანაშაულებთან მიმართებით, სასამართლო ითვალისწინებს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტს (სასჯელისგან უნდა გათავისუფლდეს პირი, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია მათ შორის საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილით, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია) და მე-4 მუხლის პირველ პუნქტს (ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და რომელსაც ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია).
21. საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებზე არ ვრცელდება „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია, ს. ხ–ას არ ჩაუდენია ასევე ამავე კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული. შესაბამისად, ვინაიდან, ს. ხ–ას საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, ,,ბ’’ და მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელი – 4 წლით და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა (საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვრა – 8 თვე, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 4 წლით, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით), განსაზღვრული აქვს დანაშაულთა იდეალური ერთობლიობის წესით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ის უნდა შემცირდეს 1/6-ით.
21.1. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ს. ხ–ას პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განსაზღვრული სასჯელი – 8 თვით თავისუფლების აღკვეთა, სრულად აქვს მოხდილი, რის გამოც სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას უკვე მოხდილ სასჯელზე გაავრცელოს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მოქმედება (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 23 ოქტომბრის N1022აპ-24 განაჩენი; 2024 წლის 4 დეკემბრის N1218აპ-24 განაჩენი; 2024 წლის 21 ნოემბრის N1331-24 განჩინება). შესაბამისად, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით გათვალისწინებული შეღავათი უნდა გავრცელდეს მხოლოდ პირობით მსჯავრზე. კერძოდ,21.2. ს. ხ–ას საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, ,,ბ’’ და მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის განსაზღვრული 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, უნდა შეუმცირდეს 1/6-ით და განესაზღვროს – 3 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე უნდა ჩაეთვალოს პირობით.
22. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მსჯავრადშერაცხილი დანაშაულისათვის განსაზღვრულ სასჯელთან – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა (რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით) – მიმართებით, სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილზე არ ვრცელდება „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი-მე-3 მუხლები, მას ასევე არ ჩაუდენია ამავე კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დანაშაული. შესაბამისად, დანიშნული სასჯელი უნდა შემცირდეს 1/6-ით და ს. ხ–ას უნდა განესაზღვროს – 3 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე უნდა ჩაეთვალოს პირობით.
23. ს. ხ–ას საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვრის – 3 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე უნდა ჩაეთვალოს პირობით;
24. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უნდა გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 26 აგვისტოს განაჩენით დანიშნული და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით შემცირებული პირობითი მსჯავრი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქას წინა განაჩენით დანიშნული და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით შემცირებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 3 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ს. ხ–ას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – 3 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს – 3 წელი და 4 თვე.
25. იმავდროულად, ვინაიდან ს. ხ–ამ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 17 მარტის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრის მოხდის პერიოდში (2023 წლის 8 მაისს) ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და მე-4 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული, საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად უნდა გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 17 მარტის განაჩენით ს. ხ–ს მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბის კანონით შემცირებულმა სასჯელმა შთანთქას წინა, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 17 მარტის განაჩენით დანიშნული და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბის კანონით შემცირებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით, ს. ხ–ას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – 5 წლითა და 10 თვით თავისუფლების აღკვეთა.
III. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ს. ხ–ას ინტერესების დამცველი ადვოკატის ა. ჭ–ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 24 ივნისის განაჩენში შევიდეს ცვლილება:
2.1. ს. ხ–ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით შემცირდეს 1/6-ით და განესაზღვროს – 5 წლითა და 10 თვით თავისუფლების აღკვეთა;
3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 26 აგვისტოს განაჩენში შევიდეს ცვლილება:
3.1. ს. ხ–ასთვის საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ’’ და მე-4 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით განსაზღვრული სასჯელი – 5 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად შეუმცირდა 1/4-ით და განესაზღვრა – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა – 4 წელი, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით შემცირდეს 1/5-ით და განესაზღვროს – 3 წლით, 2 თვითა და 12 დღით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალოს პირობითად – 3 წლის, 2 თვისა და 12 დღის გამოსაცდელი ვადით;
3.2. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;
4. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 17 მარტის განაჩენით:
4.1. ს. ხ–ასათვის საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, ,,ბ’’ და მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის განსაზღვრული სასჯელი - 4 წლით და 8 თვით თავისუფლების აღკვეთიდან, თავისუფლების აღკვეთა 4 წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით შემცირდეს 1/6-ით და განესაზღვროს – 3 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით;
4.1.1. ცნობად იქნეს მიღებული, რომ ს. ხ–ას საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განსაზღვრული – 8 თვით თავისუფლების აღკვეთა სრულად აქვს მოხდილი და მასზე არ ვრცელდება „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი;
4.2. ს. ხ–ასათვის საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის განსაზღვრული სასჯელი – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით შემცირდეს 1/6-ით და განესაზღვროს – 3 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით;
4.3. ს. ხ–ას საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრის – 3 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით;
4.4. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილით, გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 26 აგვისტოს განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბროს კანონით შემცირებულმა სასჯელმა შთანთქას წინა განაჩენით დანიშნული და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონით შემცირებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 3 წლით, 2 თვითა და 12 დღით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ს. ხ–ას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 3 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს – 3 წელი და 4 თვე;
4.5. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;
5. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 17 მარტის განაჩენით ს. ხ–ას მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი;
6. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქას წინა, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 17 მარტის განაჩენით დანიშნული და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით შემცირებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით, ს. ხ–ას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – 5 წლითა და 10 თვით თავისუფლების აღკვეთა;
7. ს. ხ–ას სასჯელის მოხდის ვადა აეთვალოს დაკავებიდან - 2023 წლის 11 მაისიდან.
8. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 24 ივნისის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
9. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. ვასაძე
ლ. თევზაძე