საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 27.05.2026
საქმის ნომერი
2კ-163აპ.-26
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
27.05.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №163აპ-26 27 მაისი, 2026 წელი

გ. დ., №163აპ-26 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 4 თებერვლის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ დავით კირჩხელის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. დ. გ-ე ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსკ-ის) 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ქურდობა, ესე იგი სხვისი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით, იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვის ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგით:

ქურდობისათვის სამჯერ ნასამართლევმა დ. გ-ემ, 2024 წლის 22 მარტს, ღამის საათებში, უკანონოდ შეაღწია ქ.ბ-ი, ფ. მ-ის ქუჩის N1--ში მდებარე ა. ნ-ს კუთვნილ სწრაფი კვების ობიექტში, სადაც მართლსაწინაღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა 130 ლარად ღირებულ „ქსიაომის“ ფირმის მობილურ ტელეფონს და 20 ლარს, რითაცამ უკანასკნელს მიადგა 150 ლარის ქონებრივი ზიანი.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. ბათუმის საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარდგენილი აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა დ. გ-ის მიერ ბრალადწარდგენილი დანაშაულის ჩადენას.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 26 დეკემბრის განაჩენით, დ. გ-ე საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდებით ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

2.2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 26 დეკემბრის განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა დავით კირჩხელმა და მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება, დ. გ-ის დამნაშავედ ცნობა წარდგენილ ბრალდებით და მისთვის მკაცრი სასჯელის დანიშვნა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 4 თებერვლის განაჩენით, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 26 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3.2. 2026 წლის 2 მარტს, ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა დავით კირჩხელმა საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 4 თებერვლის განაჩენის გაუქმება, დ. გ-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდებით და მისთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.

3.3. ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარზე გამართლებულ დ. გ-ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა პ. ნ-ემ წარმოადგინა შესაგებელი, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

4. კასატორის არგუმენტები:

4.1. კასატორის განმარტებით, გასაჩივრებული განაჩენი უკანონოა, რადგან სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც უტყუარად ადასტურებენ დ. გ-ის მიერ ბრალადწარდგენილი დანაშაულის ჩადენას, კერძოდ: გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი; საქმეზე მიღებული ოპერატიული ინფორმაცია რომლითაც დგინდება, რომ ქურდობის ფაქტი ჩადენილი აქვს დ. გ-ეს, რაც ასევე დაადასტურა დაკითხვისას ოპერატიული ინფორმაციის ავტორმა; დ. გ-ის გამოკითხვის ოქმი, რა დროსაც მან აღიარა ჩადენილი დანაშაული და განმარტა, თუ როგორ შეაღწია საცავში და წარადგინა მის მიერ მოპარული მობილური ტელეფონი; ასევე საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველი ოქმი, რაც წარმოადგენს პირდაპირ მტკიცებულებას და შეიძლება გამოყენებული იქნეს გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისათვის. რაც შეეხება, დ. გ-ის მიერ სასამართლოში მიცემულ ჩვენებას თითქოს მობილური ტელეფონი მას გამოძიებისთვის არ წარუდგენია, მისგან არ ამოღებულა და აღნიშნული ფაბრიკაციის შედეგია - აბსურდულია და მოკლებულია რეალურ საფუძველს. კასატორის პოზიციით, დაცვის მხარის ვერსია არასანდო, არადამაჯერებელია და მიმართულია პასუხისგებლობის თავის არიდებისაკენ.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერც ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. საკასაციო საჩივრის თანახმად, პროკურორს მიაჩნია, რომ სასამართლომ სამართლებრივად მცდარი შეფასება მისცა საქმეში შეკრებილ მტკიცებულებებს. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მნიშვნელოვნად მიიჩნევს, მიუთითოს მოქმედი კანონმდებლობის იმ სამართლებრივ ნორმებზე, რომლებითაც დგინდება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებითი სტანდარტები.

5.3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემგომში – საქართველოს სსსკ) 259-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში.

5.4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი განმარტავს „გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტის“ ცნების მნიშვნელობას, კერძოდ, აღნიშნული მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად: ,,გონივრულ ეჭვს მიღმაა სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში“. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე კი, „გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას“.

5.5. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: „მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად: „მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა“. ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, კი: „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა, არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

5.6. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ელ მასრი მაკედონიის წინააღმდეგ“ (El-Masri v. the Former Yugoslav Republic of Macedonia, (GC), 13.12.2012) და „ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Hassan v. the UK, ECtHR, (GC), 16.09.2014).

5.7. საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებს, საპროცესო ნორმათა დაცვით გამოკვლეულ მტკიცებულებებს და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად შეაფასა საქმეში არსებული თითოეული მტკიცებულების დამაჯერებლობა, უტყუარობა, მნიშვნელობა და სწორად განმარტა, რომ საქმეზე არ მოიპოვებოდა მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც დ. გ-ის საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მსჯავრდების საფუძველი გახდებოდა. სააპელაციო სასამართლომ დაწვრილებით მიმოიხილა თითოეული მტკიცებულების შინაარსი, მასში გადმოცემულ ინფორმაციათა მიმართება ბრალდების ფორმულირებაში ასახულ ფაქტებთან და დაადგინა, რომ უტყუარად ვერ დადასტურდა, რომ დ. გ-ემ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით, იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვის ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის.

5.8. საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.

5.9. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ბრალდების მხარეს დამოუკიდებელი ხასიათის პირდაპირი მტკიცებულება, რაც დ. გ-ის ბრალეულობას დაადასტურებდა – არ წარმოუდგენია. ბრალდების მხარის მითითება, რომ დ. გ-ემ გამოძიების ეტაპზე ითანამშრომლა და აღიარა დანაშაული, ვერ დაედება საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს.

5.10. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ დ. გ-ემ გამოძიების ეტაპზე მართლაც აღიარა ჩადენილი დანაშაული, მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო ექსპერიმენტში. ასევე, გამოკითხვის დროს წარადგინა მოპარული მობილური ტელეფონი. თუმცა დ. გ-ემ საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ, უარყო ქურდობის ფაქტი და გააკეთა საწინააღმდეგო განმარტებები. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ბრალდებული სამართალწარმოების არცერთ ეტაპზე არ არის შეზღუდული მის მიერ ბრალის აღიარებით ან უარყოფით, ამასთან, მას, უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება საკუთარი თავის წინააღმდეგ. დაუშვებელია ბრალდებულის უფლება არ მისცეს საკუთარი თავის მამხილებელი ჩვენება, გამოყენებულ იქნას მის საწინააღმდეგოდ. აღნიშნული უფლებები წარმოადგენს ბრალდებულის ფუნდამენტურ უფლებებს და დაცულია, როგორც საქართველოს კონსტიტუციით, ასევე სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით.

5.11. რაც შეეხება საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 129-ე მუხლის თანახმად, მიღებული ინფორმაციის (ჩვენების) და გამოძიების პროცესში წარმოშობილი ვერსიის შესამოწმებლად მხარეს უფლება აქვს, ჩაატაროს საგამოძიებო ექსპერიმენტი. საგამოძიებო ექსპერიმენტი ტარდება ორ შემთხვევაში - 1. ინფორმაციის (ჩვენების) შესამოწმებლად და 2. საგამოძიებო ვერსიის შესამოწმებლად. საქართელოს სსსკ-ის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, საგამოძიებო ექსპერიმენტი მაქსიმალურად უნდა იყოს მიახლოებული იმ ვითარებასთან, რომელშიც ხდებოდა აღსადგენი შემთხვევა.

5.12. აღსანიშნავია, რომ დ. გ-ესთან საგამოძიებო ექსპერიმენტი თავისი შინაარსის გათვალისწინებით ჩატარდა გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენების ადგილზე შემოწმების მიზნით. მხედველობაშია მისაღები, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობისას არ მომხდარა ახალი მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებების გამოვლენა, კერძოდ: არ ამოღებულა დანაშაულის საგანი ან/და რაიმე სხვა ნივთი, რომელსაც შესაძლოა არსებითი გავლენა ჰქონოდა და მტკიცებულებითი მნიშვნელობა შეეძინა. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც საგამოძიებო ექსპერიმენტი წარმოადგენს ბრალდებულის ჩვენების გაგრძელებას, იგი არ შეიძლება მიჩნეული იქნას როგორც დამოუკიდებელი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება, რომელიც საკმარისია პირის დამნაშავედ ცნობისათვის. რაც შეეხება, დ. გ-ის მხრიდან ტელეფონის გამოძიებისათვის წარდგენას, აღნიშნული საკმარისი არ არის ხსენებული ნივთის მის მიერ მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების ფაქტის დასადასტურებლად.

5.13. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ წარმოადგინა პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობა, დავით გოგაძის მიერ ქურდობის ფაქტის დასადატურებლად.

5.14. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად არ დადასტურდა დ. გ-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რის გამოც, მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი სააპელაციო სასამართლომ სამართლიანად გადაწყვიტა მის სასარგებლოდ.

5.15. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, ECtHR, no 49684/99, §30, 25/12/2001); ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No. 2) no 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).

5.16. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

5.17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ დავით კირჩხელის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

ლევან თევზაძე