საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 060100124009147028
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1067აპ-25 25 მარტი, 2026 წელი
კ–ე გ., №1067აპ-25 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 2 ოქტომბრის განაჩენზე ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორ სალომე ედიბერიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. გ. კ–ე (პირადი ნომერი: ...........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 178-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ძარცვა, ესე იგი, სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი დიდი ოდენობით), საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით, ჩადენილი დიდი ოდენობით), საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის პირველი ნაწილითა (თვითნებობა, ესე იგი თავისად დაგულებული უფლების დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ განხორციელება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) და საქართველის სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარულად დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგით:
1.2. 2015 წლის ზაფხულის თვეში, თ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ნ–ში, გ. კ–ის საცხოვრებელ სახლში, გ. კ–ემ ს. კ–ეს წაართვა ხელჩანთა, რომლიდანაც აშკარად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა 14000 ლარად ღირებულ ოქროს სამკაულებს, ორ ცალ ქორწინების ბეჭედს, სამ ცალ ქალის ბეჭედს, ორ წყვილ საყურეს, ექვს ცალ ნათლობის ჯვარს, სამ ცალ ოქროს „ცეფს“, ერთ ცალ ოქროს „კულონს“, ხუთ ცალ სხვადასხვა გამოსახულების ოქროს „კულონს“, საერთო წონით 120 გრამი, რის შედეგადაც, ს. კ–ს მიადგა 14000 ლარის დიდი ოდენობის – ქონებრივი ზარალი.
1.3. 2015 წლის ზაფხულის თვეში გ. კ–ე აშკარად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ს. კ–ს ჩანთიდან წაართვა 120 გრამის სხვადასხვა დასახელების ოქროს ნივთები, ღირებულებით – 14000 ლარი. აღნიშნულის შემდეგ გ. კ–ე მოტყუებით შეუთანხმდა ს. კ–ას, რომ თუ იგი გადაუფორმებდა ქ. ქ–ში, ნ–ას ქუჩის მე-.. შესახვევის, ბინა N..-ში მდებარე უძრავი ქონების ნახევარს, მას დაუბრუნებდა ოქროს ნივთებს, რა მიზნითაც 2017 წლის 18 აგვისტოს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, აღნიშნული ბინის ერთადერთ მესაკუთრედ დარეგისტრირდა გ. კ–ე. მიუხედავად აღნიშნულისა, გ. კ–მ არ შეასრულა მისი დანაპირები, რითაც ს. კ–აძეს მიადგა 33250 ლარის, დიდი ოდენობის ქონებრივი ზიანი.
1.4. გ. კ–ემ თავისად დაგულებული უფლების დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახშირღელეში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1700 კვ.მ მიწის ნაკვეთი (საკ. კოდი ..........) რომლის ნახევარს ფლობდა მისი და – ს. კ–აძე, მისგან დაუკითხავად თვითნებურად გაცვალა მ. ვ–ის კუთვნილ მიწის ნაკვეთში, ამასთანავე, უნებართვოდ მოხსნა ღობე ს. კ–ს კუთვნილ მიწის ნაკვეთს და დაამუშავა, რომლით სარგებლობა გრძელდება დღემდე, რის გამოც, ს. კ–აძეს ხელი ეშლება აღნიშნული ნაკვეთებით სარგებლობაში და მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი.
1.5. 2019 წელს ზუსტი რიცხვი დაუდგენელია, თ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ნ–ში, გ. კ–ე ფარულად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ს. კ–ის მიწის ნაკვეთის გარშემო არსებულ ძველ მავთულბადის ღობეს, რის შედეგადაც ს. კ–მ განიცადა 490 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. სამტრედიის რაიონულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა გ. კ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველის სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენას.
2.2. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 10 თებერვლის განაჩენით, გ. კ–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველის სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდებებით.
2.3. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 10 თებერვლის განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – სალომე ედიბერიძემ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გამამართლებელი განაჩენის გაუქმება, გ. კ–ის დამნაშავედ ცნობა ბრალადწარდგენილი ყველა ეპიზოდით და მისთვის სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 2 ოქტომბრის განაჩენით, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 10 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3.2. 2025 წლის 29 ოქტომბერს ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორმა სალომე ედიბერიძემ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 2 ოქტომბრის განაჩენის გაუქმება, გ. კ–ის დამნაშავედ ცნობა ბრალადწარდგენილი ყველა ეპიზოდით და მისთვის კანონიერი სასჯელის განსაზღვრა.
3.3. ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარზე დაცვის მხარემ წარმოადგინა შესაგებელი, რომლითაც ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.
4. კასატორის არგუმენტები:
4.1. კასატორის პოზიციით, გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი უკანონოა, რადგან წარმოდგენილი მტკიცებულებები ადასტურებენ გ. კ–ის ბრალეულობას, ყველა ბრალადწარდგენილი ეპიზოდით, კერძოდ: ს. კ–მ დეტალურად განმარტა, გ. კ–ის მიერ მის მიმართ განხორციელებული თაღლითობის, ძარცვისა და ქურდობის ფაქტები. გ. კ–ის ბრალეულობას ასევე ადასტურებს მოწმეების: ს. გ–ს, მ. ღ–ს, ვ. ც–ს ჩვენებები, ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა, საქონელმცოდნეობის ექსპერტიზის დასკვნა და საჯარო რეესტრიდან ამოღებული ინფორმაცია, ასევე აუდიოჩანაწერი.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერც ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, იგი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გ. კ–ის საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველის სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბარალდებებით გამართლების შესახებ და აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.
5.3. საკასაციო სასამართლო უპირველეს ყოვლისა ყურადღებას გაამახვილებს კასატორის მიერ მითითებულ მტკიცებულებებზე და განმარტავს, რომ ერთადერთი მოწმე, რომელიც უთითებს გ. კ–ის დანაშაულებრივ ქმედებებზე არის დაზარალებული – ს. კ–აძე. გ. კ–ის ბრალდება ძარცვის, ქურდობის, თვითნებობისა და თაღლითობის ეპიზოდებში ემყარება მხოლოდ დაზარალებულის ჩვენებას, რომელიც არ არის გამყარებული სხვა ნეიტრალური მტკიცებულებებით. საქმეში არსებული არცერთი მოწმე არ ადასტურებს გ. კ–ის მხრიდან ს. კ–აძის მიმართ ძარცვის, მოტყუებისა და სხვა დანაშაულების შემადგენლობის სავალდებულო ნიშნებზე.
5.4. თვითნებობისა და ქურდობის ეპიზოდებში ბრალდების მხარის პოზიციის საპირისპიროდ მ. ვ–ის ჩვენებით დასტურდება, რომ ს. კ–ს მიწის ნაკვეთის ე.წ. „სეტკა“ დაზიანებული იყო, ხოლო მიწის ნაკვეთის გაცვლა მოხდა არა გ. კ–ესთან, არამედ გ. და ს. კ–ების მშობლებთან (ბ–სა და ზ–სთან) მათ სიცოცხლეში. მათ შორის შედგა სიტყვიერი შეთანხმება და ამ მიწის ნაკვეთზე მას გ. კ–ესთან არ უსაუბრია.
5.5. მოწმე მ. ღ–ის ჩვენებით დასტურდება, რომ მან გაიგონა ს. კ–აძის და მისი ძმის – გ. კ–ის სატელეფონო საუბარი, რა დროსაც ს–ო გ–ს სთხოვდა ოქროს სამკაულების დაბრუნებას. მოწმე ს. გ–ის ჩვენებით დასტურდება, რომ იგი არ შესწრებია ს. კ–ს და გ. კ–ეს შორის საუბარს ბინის გადაფორმების და ოქროს სამკაულების დაბრუნების თაობაზე.
5.6. მოცემულ შემთხვევაში გასათვალისწინებელია, რომ კასატორის მიერ მითითებული მოწმეები – ს. გ–ე და მ. ღ–ე მხოლოდ დაზარალებულისგან ფლობენ ინფორმაციას. შესაბამისად, ამ ნაწილში მათი ჩვენებები, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების მხედველობაში მიღებით, ვერ გახდება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი.
5.7. რაც შეეხება კასატორის მიერ მითითებულ აუდიოჩანაწერსა და ფონოსკოპიურ ექსპერტიზას, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მართალია, აუდიოჩანაწერში საუბარია ოქროს ნივთებსა და მათ დაბრუნებაზე, თუმცა მისი შინაარსი არ შეიცავს ბრალდების რომელიმე ეპიზოდის კონკრეტულ აღწერილობას. ამასთან საგულისხმოა, რომ ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ მამაკაცის ხმა გ. კ–ის ხმის იდენტურია, ხოლო მისი თანამოსაუბრის ვინაობა უცნობია. ამდენად, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, ზემოაღნიშნული მტკიცებულებები არ ქმნის გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებით სტანდარტს, სხვა რაიმე მტკიცებულება კი, რომელიც თავისი შინაარსით უკავშირდება გ. კ–ის მიერ ს. კ–აძის მიმართ ძარცვის, ქურდობის, თვითნებობისა და თაღლითობის განხორციელებას საქმეში წარმოდგენილი არ არის. რის გამოც, მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი სასამართლოებმა სამართლიანად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
5.8. საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დასაბუთებიდან ვერ დარწმუნდა მასში მოყვანილი არგუმენტების პერსპექტიულობაში, შეცვალოს საქმის შედეგი, რამდენადაც მასში მითითებული ყველა საკითხი კანონის დაცვით არის შესწავლილი და გამოკვლეული სააპელაციო სასამართლოს მიერ. საკასაციო სასამართლომ შეამოწმა, ხომ არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანისას საპროცესო კანონის დარღვევის სავარაუდო შემთხვევა და დაასკვნა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ ფაქტებისა და გარემოებების შეჯერებისას არ გამოვლენილა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტისაგან გადახვევა, ხოლო განაჩენი კვალიფიკაციისათვის მნიშვნელოვან ყველა სადავო საკითხთან მიმართებით არის დასაბუთებული.
5.9. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
5.10. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
5.11. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორ სალომე ედიბერიძის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
ლევან თევზაძე