საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 22.09.2026
საქმის ნომერი
2კ-384აპ.-26
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
22.09.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №330100125012036791

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №384აპ-26 ქ. თბილისი

მ. გ., 384აპ-26 22 სექტემბერი, 2026 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მამუკა ვასაძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 1 აპრილის განაჩენზე თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ დავით ხუციშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით გ. მ–ის (G. M.), – რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, დაბადებული ... – მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

1.1. ძარცვა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით;

1.1.1. 2025 წლის 13 ნოემბერს, დაახლოებით 16:23 საათიდან 16:25 საათის მონაკვეთში, ......ის ქუჩის №..-ში მდებარე მაღაზია „ნ–ში“, გ. მ–ი (G. M.) ფიზიკური ძალის ზემოქმედებით, აშკარად დაეუფლა მაღაზიის კუთვნილ სალაროს უჯრას, მასში არსებულ ფულად თანხას, ლოტოს ბილეთებს და შემთხვევის ადგილიდან გაიქცა.აღნიშნული ქმედებით სს „ნ.... ...ს“ მიადგა 1078,70 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

1.2. ძარცვა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით;

1.2.1. 2025 წლის 15 ოქტომბერს, დაახლოებით 19:38 საათიდან 19:45 საათამდე დროის პერიოდში, თ–ში, .... ქუჩის №..-ში მდებარე სს „.......ის“ №....-ე მაღაზია „ლ–დან“ გ. მ–ი (G. M.) ფიზიკური ძალის ზემოქმედებით, აშკარად დაეუფლა მაღაზიის კუთვნილ სალაროს უჯრას, მასში არსებულ ფულად თანხას და შემთხვევის ადგილიდან გაიქცა. აღნიშნული ქმედებით სს „ნ.... .....ს“ მიადგა 1234 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

1.3. ძარცვა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით;

1.3.1. 2025 წლის 10 ნოემბერს, 18:05 საათიდან 18:07 საათამდე დროის პერიოდში, თ–ში, .........ის გამზირის №..-ში მდებარე სს „ნ... ...ის“ კუთვნილ „ლ–ს“ №...-ე მაღაზიაში, გ. მ–ი (G. M.) აშკარად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა სალაროს ყუთს და მასში არსებულ ფულად თანხას. აღნიშნული ქმედებით სს „ნ... .....ს“ მიადგა 814, 80 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი;

1.4. ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით;

1.4.1. 2025 წლის 16 ოქტომბერს, დაახლოებით 17:29 საათიდან 17:33 საათამდე დროის პერიოდში, თ–ში, ..... ქუჩის №..-ში მდებარე შპს „.... ჯგუფის“ სავაჭრო ობიექტ „მ....ს“ №...-ე ფილიალიდან გ. მ–ი (G. M.) ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა სალაროს უჯრას და მასში არსებულ ფულად თანხას. აღნიშნული ქმედებით შპს „რ.... ჯგუფს“ მიადგა 1545,24 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

1.5. ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით;

1.5.1. 2025 წლის 15 ნოემბერს, დაახლოებით 17:50 საათიდან 18:00 საათამდე დროის მონაკვეთში, თ–ში, ... ხევი, კორპუსი №.., ბინა №..-ში მდებარე შპს „გ.... რ....ის“ კუთვნილი მაღაზია „გ–დან“ გ. მ–ი (G. M.) ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა სალაროს უჯრას და მასში არსებულ ფულად თანხას და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. აღნიშნული ქმედებით შპს „რ..... ჯგუფს“ მიადგა 927 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2026 წლის 9 თებერვლის განაჩენით გ. მ–ი (G. M.) ცნობილი იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

2.1. საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2025 წლის 13 ნოემბრის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 4 წლით;

2.2. საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2025 წლის 15 ოქტომბრის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 4 წლით;

2.3. საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2025 წლის 10 ნოემბრის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 4 წლით;

2.4. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2025 წლის 16 ოქტომბრის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 3 წლით;

2.5. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2025 წლის 15 ნოემბრის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 3 წლით;

2.6. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2025 წლის 13 ნოემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა დანარჩენი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ. მ–ს (G. M.) განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 4 წლით;

2.7. გ. მ–ს (G. M.) სასჯელის ვადა აეთვალა ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან – 2025 წლის 18 ნოემბრიდან.

3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა დავით ხუციშვილმა. აპელანტმა მოითხოვა გ. მ–ის (G. M.) მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 1 აპრილის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2026 წლის 9 თებერვლის განაჩენი გ. მ–ის (G. M.) მიმართ, დარჩა უცვლელად.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 1 აპრილის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა დავით ხუციშვილმა. კასატორი ითხოვს მსჯავრდებულ გ. მ–ის (G. M.) მიმართ განსაზღვრული სასჯელის გამკაცრებას, კერძოდ, თითოეულ ეპიზოდში მაქსიმალური ხანგრძლივობის თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას.

6. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, par. 30, ECtHR, 25/12/2001).

7. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – „საქართველოს სსსკ-ის“) 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებულია მხოლოდ სასჯელის ნაწილში, მხოლოდ ბრალდების მხარის მიერ.

7.1. შესაბამისად, დავის საგანი არ არის მსჯავრდებულ გ. მ–ის (G. M.) მიერ მსჯავრადშერაცხილი დანაშაულების ჩადენა. მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანია მხოლოდ შეფარდებული სასჯელის კანონიერება.

8. სასჯელის გამკაცრების მოთხოვნის დასაბუთებისთვის კასატორი უთითებს მხოლოდ შემდეგ გარემოებებზე: დანაშაულის ჩადენის ხერხი – მსჯავრდებულმა ფიზიკურად იძალადა ქალის მიმართ, საჯარო სივრცეში; ქმედების გავრცელებულობაზე; დანაშაულის ხასიათსა და დამნაშავის პიროვნებაზე.

8.1. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს: შინაპატიმრობას ვადით ერთიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთას სამიდან ხუთ წლამდე, ხოლო საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი – თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან ექვს წლამდე.

8.2. სასამართლო ითვალისწინებს, რომ პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ბრალდების მხარე გ. მ–ს (G. M.) არ ედავება ძალადობას, – გ. მ–ი (G. M.) მსჯავრდებულია (მისთვის ბრალადწარდგენილი) საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ძარცვა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (3 ეპიზოდი)) და საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (2 ეპიზოდი)). შესაბამისად, სასჯელის გამკაცრების მოთხოვნა კასატორის მიერ, იმ გარემოებაზე მითითებით/საფუძველზე, რაც წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის კერძო ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს ან დანაშაულის მაკვალიფიცირებელ ნიშანს (მაგ.: 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტი) და რისთვისაც პირს ბრალი არ ჰქონდა წარდგენილი, – დაუშვებელია.

8.3. იმავდროულად, კასატორის მითითება, რომ ,,მოსამართლემ არ გაითვალისწინა დამნაშავის პიროვნება” დაუსაბუთებელია, ვინაიდან კასატორი არ უთითებს კონკრეტულად რომელ პიროვნულ მახასიათებელს გულისხმობს და მის მიერ ნაგულისხმევი მახასიათებელი როგორ ადასტურებს დანიშნული სასჯელის უკანონობას.

9. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კასატორი დაასაბუთებს ამავე ნაწილით ამომწურავად განსაზღვრული, რომელიმე შემდეგი წინაპირობის/ების არსებობას:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

10. იმავდროულად, საქართველოს სსსკ-ის მე-300 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი, თუ „გამოყენებულია სასჯელის ისეთი სახე ან ზომა რომელიც აშკარად არ შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების ხასიათსა და პიროვნებას“ (საქართველოს სსსკ-ის მე-300 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი).

10.1. კანონმდებელი არ ითვალისწინებს მხოლოდ მიზანშეწონილობის კრიტერიუმიდან გამომდინარე სასჯელის გადასინჯვის უფლებამოსილებას (იხ. მაგ., საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 2 ოქტომბრის №401აპ-25 განჩინება).

11. ამასთან, კასატორმა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოთხოვნის მკაფიოდ ფორმულირებასთან ერთად უნდა დაასაბუთოს თავისი მოთხოვნა. ანალოგიურად, საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილიც საკასაციო საჩივრის დასაშვებობას უკავშირებს ამავე ნაწილში მითითებული საფუძვლების დასაბუთებას, რაც გულისხმობს, რომ მკაფიოდ უნდა იყოს იდენტიფიცირებული საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული, რომელი საფუძვლით ასაჩივრებს და კონკრეტულად რითი ასაბუთებს კასატორი საკუთარ პოზიციას. ამდენად, კასატორმა უნდა განსაზღვროს არა მხოლოდ განაჩენის გასაჩივრების კონკრეტული საფუძველი, არამედ მკაფიოდ მიუთითოს ის არგუმენტებიც, რომლებიც ადასტურებენ კასატორის პოზიციას და შესაბამისად – გასაჩივრებული განაჩენის უკანონობას (მაგალითად, იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 15 თებერვლის N933აპ-23 განჩინება).

12. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული განაჩენით განსაზღვრული სასჯელი/ები არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს და სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია).

13. სააპელაციო სასამართლომ, მათ შორის, იმის გათვალისწინებით, რომ მსჯავრდებულმა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაულები, უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფ მართლმსაჯულებას, ითანამშრომლა გამოძიებასთან, მისი მხრიდან მართლმსაჯულების განხორციელებისათვის ხელის შეშლას ადგილი არ ჰქონია, დანაშაულების ჩადენის დროისათვის იყო ნასამართლობის არ მქონე, განუსაზღვრა საქართველოს სსკ-ის შესაბამისი მუხლებით განსაზღვრული სასჯელებიდან ყველაზე მკაცრი (ქურდობის შემთხვევაში) სახის სასჯელები – თავისუფლების აღკვეთა, მინიმალური ხანგრძლივობით.

14. ბრალდების მხარეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა სასჯელის უსამართლობას, პრევენციის ან რესოციალიზაციის მიზნებთან შეუსაბამობას, რის საფუძველზეც, შესაძლებელი იქნებოდა მსჯავრდებულისათვის სასჯელის გამკაცრება.

14.1. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „ზოგადი პრევენცია ვერ იქნება საკმარისი და თვითკმარი პირის მიმართ ნებისმიერი სასჯელის გამოყენებისთვის, რადგან ასეთი მიდგომით ადამიანი გადაიქცევა სახელმწიფოს ხელში საზოგადოების „დაშინების იარაღად“, იძულების ღონისძიების გამოყენების მუქარის შიშველ ობიექტად, რაც გამორიცხულია და დაუშვებელი სამართლებრივ სახელმწიფოში“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-52).

15. შესაბამისად, წარმოდგენილი მასალებით არ დგინდება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ზემოაღნიშნული რომელიმე წინაპირობის არსებობა, რის გამოც, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

16. „საკასაციო ინსტანციის სასამართლოების მიერ დასაშვებობის კრიტერიუმის გამოყენება ემსახურება მართლმსაჯულების ჯეროვნად განხორციელების კანონიერ მიზანს (იხ. Tchaghiashvili v. Georgia, no. 19312/07, par. 34, ECtHR, 2/09/2014; Borisenko and Yerevanyan Bazalt Ltd v. Armenia, no. 18297/08, ECtHR, 14/04/2009; Kuparadze v. Georgia, no.30743/09, par. 76 ECtHR, 21/09/2017).

17. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ დავით ხუციშვილის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 1 აპრილის განაჩენზე, გ. მ–ის (G. M.) მიმართ;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. ვასაძე

ლ. თევზაძე