საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 140100122006384988
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №293აპ-26 16 ივლისი, 2026 წელი
გ–ი რ., №293აპ-26 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 5 მარტის განაჩენზე მსჯავრდებულ რ. გ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატების შ. ხ–ისა და ნ. შ–ის, ასევე გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ია მეფარიშვილის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. რ. გ–ი (პირადი ნომერი: ............) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი ბინაში უკანონო შეღწევით, დიდი ოდენობით), საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილითა (სიცოცხლის მოსპობის მუქრა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში) და საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგით:
1.2. 2021 წლის 14 ივლისს, რ. გ–მა უკანონოდ შეაღწია ქალაქ გ–ში, ხ–ს ქუჩა №..–ში-ში მდებარე ა. გ–ის საცხოვრებელ სახლში, საიდანაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა დიდი ოდენობით ქონებას, კერძოდ 33650 ლარის ოქროს ნივთებს და 150000 აშშ დოლარს, რაც ეროვნულ ვალუტაში შეადგენს 471000 ლარს. აღნიშნული ქმედებით ა. გ–მა განიცადა 504650 ლარის ქონებრივი ზიანი.
1.3. 2022 წლის 4 აპრილს, დაახლოებით 11:00 საათისთვის, რ. გ–ს ქ. გ–ში ..... სანაპიროზე მდებარე ბაზრობაზე, შეხვდა ა. გ–ი, რომელმაც მოსთხოვა ვალად აღებული 18000 ლარის დაბრუნება, რაზეც რ. გ–ი და ა. გ–ი შელაპარაკდნენ, რა დროსაც რ. გ–ი ა. გ–ს დაემუქრა მისი და არასრულწლოვანი შვილის სიცოცხლის მოსპობით, რის გამოც ა. გ–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
1.4. 2022 წლის 4 აპრილს, დაახლოებით 11:00 საათისთვის, რ. გ–ს გ–ში ..... სანაპიროზე მდებარე ბაზრობაზე, შეხვდა ა. გ–ი, რომელმაც მოსთხოვა ვალად აღებული ფულის დაბრუნება, რაზეც რ. გ–ი და ა. გ–ი შელაპარაკდნენ, რა დროსაც რ. გ–ი ა. გ–ს დაემუქრა მისი და არასრულწლოვანი შვილის სიცოცხლის მოსპობით, ამავე დროს რ. გ–მა ა. გ–ს იმის გამო, რომ არ დაერეკა პოლიციაში, დაუჭირა ხელები, შეანჯღრია და წააქცია მიწაზე, რის გამოც ა. გ–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო ხელებზე დაზიანება.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. გორის რაიონული სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 31 მაისის განაჩენით რ. გ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, რ. გ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 და მე-3 ნაწილების საფუძველზე, ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 13 მაისის განაჩენით დანიშნული სასჯელი (უცვლელი დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 23 სექტემბრის განაჩენით) და საბოლოოდ, რ. გ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.
2.2. გორის რაიონული სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 31 მაისის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა მსჯავრდებულ რ. გ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა შ. ხ–ემ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა რ. გ–ის წარდგენილი ბრალდებებით უდანაშაულოდ ცნობა და გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 5 მარტის განაჩენით, მსჯავრდებულ რ. გ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის შ. ხ–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. გორის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 31 მაისის განაჩენში, რ. გ–ის მიმართ, შევიდა ცვლილება.
რ. გ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის და მე-9 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, შეუმცირდა ერთი მეექვსედით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 5 წლითა და 10 თვით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-9 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, შეუმცირდა ერთი მეექვსედით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 10 თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-9 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, შეუმცირდა ერთი მეექვსედით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 10 თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, რ. გ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 5 წლითა და 10 თვით თავისუფლების აღკვეთა.
ამასთან, ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის და მე-9 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, რ. გ–ს ერთი მეექვსედით შეუმცირდა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 13 მაისის N1/267-21 განაჩენით - საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა 4 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა.
ასევე, ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის და მე-9 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, რ. გ–ს ერთი მეექვსედით შეუმცირდა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 14 მაისის განაჩენით - საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა (რაც ჩათვლილი ჰქონდა პირობით და რაც საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოთხოვნის შესაბამისად, გაუქმებულია ხაშურის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 13 მაისის განაჩენით) და განესაზღვრა – 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; საბოლოოდ, ხაშურის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 13 მაისის N1/267-21 განაჩენით რ. გ–ს (საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით) განესაზღვრა – 4 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 და მე-3 ნაწილების საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის საფუძველზე შემცირებულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 13 მაისის განაჩენით დანიშნული და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის საფუძველზე, შემცირებული ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, რ. გ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5 წლითა და 10 თვით თავისუფლების აღკვეთა.
3.2. 2026 წლის 1 აპრილს, მსჯავრდებულ რ. გ–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. შ–მა საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 5 მარტის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
3.3. 2026 წლის 3 აპრილს, მსჯავრდებულ რ. გ–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა შ. ხ–ემ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 5 მარტის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
3.4. 2026 წლის 2 აპრილს, გორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ია მეფარიშვილმა, საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 5 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელის დამძიმება.
4. კასატორების არგუმენტები:
4.1. კასატორების მსჯავრდებულ რ. გ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატების, შ. ხ–ისა და ნ. შ–ის პოზიციით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი უკანონოა, ვინაიდან იგი არ ემყარება საქმეზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობის ანალიზს. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი დაფუძნებულია ირიბ მტკიცებულებებზე. საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადასტურებულა რ. გ–ის მიერ მსჯავრადშერაცხილი ქმედებების ჩადენის ფაქტი. სასამართლომ საქმე განიხილა საპროცესო ნორმების დარღვევით, მტკიცებულებები გამოკვლეულ იქნა კანონის არსებითი დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. საპროცესო კანონმდებლობის იმპერატიული მოთხოვნის მიუხედავად, სასამართლომ ეჭვი არ განმარტა ბრალდებულის სასარგებლოდ, გაიზიარა ბრალდების მხარის მტკიცებულებები, რითაც უარი თქვა მართლმსაჯულების განხორციელებაზე. კასატორები მიმოიხილავენ მოწმეთა ჩვენებებს, მათ შორის ზ. მ–ის ჩვენებას, რომელსაც არასანდოდ მიიჩნევენ, წარსულში მისი ნასამართლობის და ჩვენებებს შორის არსებული წინააღმდეგობების გათვალისწინებით. მოწმე ზ. მ–ი პოლიციისთვის ადვილად სამართავ, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფ პირს წარმოადგენდა, შესაბამისად ადგილი აქვს ფაქტების ფალსიფიკაციას. გამოძიებამ ვიდეო მასალის ამოღება შემთხვევის მეორე დღეს დაგეგმა, მაგრამ სასამართლოს მიმართა ერთი თვის შემდეგ (30 აგვისტო), ხოლო ამოღებული ვიდეო მასალის დათვალიერება მოხდა შემთხვევიდან 1 წლისა და 1 თვის შემდეგ (2022 წლის 15 აგვისტო). დათვალიერებას წინ უსწრებდა დაზარალებულის მიერ მოწმე თ. მ–ის დაკითხვის მოთხოვნა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ გამოძიება „სიტუაციას ალაგებდა“, კერძოდ, პოლიციელმა ვ. ო–ემ თითქოსდა ერთი წლის წინანდელ ვიდეოჩანაწერში ამოიცნო მ–ი, რომელიც მუშაობს ავტოსამრეცხაოში და მისი ყოველდღიური მარშრუტი პოლიციელმა ზედმიწევნით იცოდა, რაც წარმოშობს ეჭვს, რომ დალუქული კამერები განლუქა და მის ადგილზე ჩადო დადგმული სცენა მ–ს გადაადგილების შესახებ, რათა დანაშაული „გახსნილად“ გამოეცხადებინათ. გამოძიებამ ასევე არ გადაამოწმა ელემენტარული საკითხი: თუ მოწმე მ–ი მე-.. სართულიდან ხედავდა გ–ს, ხოლო მ– იმავე დროს მას პირისპირ „შეეჯახა“, მ–ს ორივე ერთად უნდა დაენახა; გამოძიებამ ამ წინააღმდეგობის გამოსავლენად არ ჩაატარა საგამოძიებო ექსპერიმენტი, რაც გამოააშკარავებდა მთელი სპექტაკლის აბსურდულობას. ზ. მ–მა გამოძიებასა და სასამართლოს დაუმალა, ინფორმაცია მისი ნასამართლობის შესახებ და არასწორად მიუთითა მისამართი. საქართველოს სსსკ-ის 75-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენებებს შორის არსებითი წინააღმდეგობის არსებობისას, სასამართლოს არ უნდა გაეზიარებინა მისი ჩვენება. რაც შეეხება ზ. მ–ის მონაწილეობით ჩატარებულ ფოტოსურათით ამოცნობას, დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ მოწმის მიერ რ. გ–ის ამოცნობის პროცესი ჩატარდა სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის უხეში დარღვევებით, რაც მტკიცებულებას დაუშვებელს ხდის. ასევე, სასამართლომ განაჩენს საფუძვლად დაუდო რ. გ–ის ტელეფონის ნომრის ადგილმდებარეობის დათვალიერების ოქმი, რომელიც უკანონოდაა მოპოვებული. კასატორთა აზრით, გამოძიებას არ წარმოუდგენია უტყუარი და დამაჯერებელი მტკიცებულებები იმის დასადასტურებლად, რომ დაზარალებული მართლა ფლობდა 150000 აშშ დოლარს. ტრასოლოგიური ექსპერტიზით სახლის საკეტი გაღებული იყო „თავისი ან ანალოგიურად დამზადებული გასაღებით“ და ღობის ფიცარი დაზიანებულია ფიზიკური ძალის ზემოქმედების შედეგად, თუმცა, საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება, რომელიც ირიბად მაინც დაადასტურებდა, რომ გ–ს გასაღები ჰქონდა, ან რომ მან დააზიანა ღობე. გარდა ზემოაღნიშნულისა, კასატორის მითითებით რ. გ–ს ალიბი ჰქონდა. სასამართლო რ. გ–ის საწინააღმდეგო მტკიცებულებად, ასევე მიიჩნევს, მის მიერ ვალების გადახდას, თუმცა დადგინდა, რ. გ–ს ვალი არ გაუხდია და მისი ოჯახის წევრებმა მხოლოდ 400 ლარამდე თანხის გადახდა შეძლეს. რ. გ–ს დაზარალებულის ვალი ჰქონდა და სწორედ ვალის გამო დაიძაბა ურთიერთობა მათ შორის. ამ ყველაფერმა მოგვიანებით კი, დაზარალებულს მისცა მოტივი, ქურდობაში დაედანაშაულებინა უდანაშაულო რ. გ–ი. რ. გ–ი თავისი ფეხით მივიდა პოლიციაში და მოითხოვა, რომ მისთვის ჩაეტარებინათ ყველა სახის ექსპერტიზა, რათა უტყუარად დაედასტურებინათ, რომ მას არანაირი კავშირი არ ჰქონდა ა. გ–ის სახლის ქურდობასთან. რ. გ–ის მიერ გამოძიების მიმართ გამოცხადებული უნდობლობა და ექსპერტიზების მოთხოვნა, აგრეთვე ამოცნობაში მონაწილეობაზე უარის თქმა, არის ბრალდების მხარის მიერ პროცედურული უკანონობებისა და ფაქტების მანიპულირების პირდაპირი შედეგი, რაც ეჭვქვეშ აყენებს მთელი სისხლის სამართლის საქმის კანონიერებას. რ. გ–მა, როგორც გამოძიებას, ისე სასამართლოს მისცა ჩვენება, სადაც ყველა მნიშვნელოვან კითხვას გასცა პასუხი და კატეგორიულად განაცხადა, რომ არის უდანაშაულო. კასატორთა აზრით, მსჯავრადშერცხილ ქმედებებს საფუძვლად უდევს დაზარალებულის ტენდენციური და მიკერძოებული ჩვენება და სააპელაციო სასამართლო დაეყრდნო მხოლოდ ვარაუდებს და ეჭვებს. ანალოგიურ არგუმენტებს ეყრდნობა ადვოკატ ნ. შ–ის საკასაციო საჩივარიც. დამატებით მიუთითებს მოწმე თ. მ–ის ჩვენების არასანდოობაზე და დაცვის მხარის უფლების დარღვევაზე, იმ გარემოებებზე დაყრდნობით, რომ ზ. მ–ი არ ცხოვრობდა ოქმში მითითებულ მისამართზე და გამოკითხვის ოქმში მითითებულ მობილური ტელეფონის ნომერზე ვერ დაუკავშირდნენ, ხოლო საგამოძიებო უწყება არ დაეხმარა მათ მისი ადგილსამყოფელის დადგენაში.
4.2. კასატორის, ბრალდების მხარის პოზიციით, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი დანიშნული სასჯელის ნაწილში უკანონოა. სააპელაციო სასამართლოს ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონი არ უნდა გამოეყენებინა, ვინაიდან დაზარალებული თანახმა არ იყო, ხოლო მსჯავრდებულს მიყენებული ზიანი არ აუნაზღაურებია.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და მიაჩნია, რომ ისინი ვერ აკმაყოფილებენ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორები ვერ მიუთითებენ და ვერც ასაბუთებენ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2. საკასაციო პალატა არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ კანონის მოთხოვნათა დაცვით, სრულყოფილად გამოიკვლია მსჯავრდებულის ქმედებების სამართლებრივი შეფასებისათვის რელევანტური ყველა ფაქტობრივი ასპექტი. ასევე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქმედებების კვალიფიკაციასთან ფაქტებისა და გარემოებების მისადაგებისას, არ გამოვლენილა ისეთი სამართლებრივი პრობლემა, რაც განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან ან თუნდაც, სავარაუდოს გახდიდა არსებული პრაქტიკის გადახედვის საჭიროებას.
5.3. სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რ. გ–ის მიმართ ინკრიმინირებული ქმედებების კვალიფიკაციის სამართლებრივი ელემენტები და მიიჩნია, რომ მისი ქმედებები შეესაბამება მსჯავრადშერაცხილი მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებს. თავდაპირველად უნდა აღინიშნოს, რომ საკასაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საკმარის მტკიცებულებათა არარსებობის თაობაზე, ასევე დაცვის მხარის განმარტებას მტკიცებულებათა ფაბრიკაციის შესახებ და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ ნათლად და ერთმნიშვნელოვნად უპასუხა დაცვის მხარეს. ამასთან, გადაწყვეტილებაში მიუთითა იმ არგუმენტებზე, რის გამოც არ გაიზიარა დაცვის მხარის მტკიცებულებები და პოზიცია მსჯავრდებულის უდანაშაულობასთან მიმართებით.
5.4. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები ჩატარდა სისხლის სამართლის საპროცესო ნორმებით დადგენილი წესით. რ. გ–ის მიერ მსჯავრდაშერაცხილი დანაშაულების ჩადენის ფაქტი დადასტურებულია დაზარალებულ ა. გ–ის, მოწმეების – ზ. მ–ის, თ. მ–ისა და სხვათა ჩვენებებით. საგულისხმოა, რომ მოწმეთა ჩვენებები სრულად თანხვდება საქმეზე წარმოდგენილ წერილობით მტკიცებულებებს, რაც მოწმეთა მიერ განმარტებულ ფაქტობრივ გარემოებებს მეტად სარწმუნოს ხდის.
5.5. დაცვის მხარის საკასაციო საჩივარი ძირითადად შეეხება მოწმეების – ზ. მ–ისა და თ. მ–ის ჩვენებების დისკრედიტაციას და ამაზე დაყრდნობით საქმეზე მტკიცებულებათა არასაკმარისობას. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ წერილობით მტკიცებულებებზე, რომელიც თანხვდება მოწმეთა ჩვენებებს და დამაჯერებლობის მეტ ხარისხს სძენს მათ მიერ სასამართლოში განმარტებულ გარემოებებს, კერძოდ:
5.6. 2021 წლის 14 ივლისის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერდა ა. გ–ის საცხოვრებელი სახლი. ოქმში დეტალურადაა აღწერილი, როგორც სახლის ადგილმდებარეობა და განლაგება, ასევე რა ვითარება დახვდათ სახლში სამართალდამცველებს. ასევე მითითებულია, რომ დათვალიერების დაწყებამდე კინოლოგებმა სამძებრო ძაღლს დააყნოსინეს შესაბამისი სუნის კვალი და მოახდინეს მისი გაშვება კვალზე. აღნიშნულით დადგინდა, რომ სამძებრო ძაღლი სახელად ,,გრაფი“ გაშვებულ იქნა კვალზე, რომელიც მისაღები ოთხიდან გავიდა აივანზე, ჩავიდა კიბეებზე, გაიარა ეზო, გავიდა სახლის აღმოსავლეთით არსებულ ბაღში და მივიდა ხის ღობესთან, საიდანაც მოძრაობა განაგრძო .... N..-ში არსებულ ცხრა სართულიან კორპუსსა და მის წინ არსებულ ავტოფარეხებს შორის, საიდანაც იარა დაახლოებით ორმოცდაათი მეტრი, რის შემდეგაც გზა განაგრძო აღმოსავლეთით. გაიარა დაახლოებით სამოცდაათი მეტრი და გაჩერდა ....ს გამზირ N..-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც დაკარგა კვალი.
5.7. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპორტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ..... საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის 2021 წლის 16 ივლისის N ..... ექსპერტიზის დასკვნით დადასტურდა, რომ საკეტი მექანიზმი არ იყო დაზიანებული. ამ მხრივ საგულისხმოა, რომ ა. გ–ი თავის ჩვენებაში მიუთითებს, რომ სახლის გასაღები დაკარგა. ამასთან, როგორც ა. გ–ი, ასევე ჟ. ა–ა თავის ჩვენებებში მიუთითებდნენ, რომ აღნიშნულ გასაღებზე წვდომა ჰქონდა რ. გ–ს, ვინაიდან მათი საერთო ფართის გასაღები და სახლის გასაღები ასხმული იყო ერთად.
5.8. 2022 წლის 17 თებერვლის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობისას გაზომილ იქნა, როგორც ღობის დაზიანებულ ნაწილში, ფიცრებს შორის არსებული სივრცის სიგანე, ასევე ფანჯრის სიმაღლე. ზემოხსენებული მტკიცებულებებით დასტურდება დამნაშავის გავლილი გზის ტრაექტორია, რაც სრულად შეესაბამება საქმეზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებს, დაზარალებულის მიერ მოწოდებულ ინფორმაციასა და ექსპერტიზის დასკვნებს.
5.9. მტკიცებულებების საკმარისობის თვალსაზრისით, საგულისხმოა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან რ. გ–ის ტელეფონის ნომერზე 5….., 2021 წლის 10 ივლისიდან 15 ივლისის ჩათვლით გამოთხოვილი ინტერნეტტრაფიკი. 2022 წლის 20 ივლისის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერდა იქნა რ. გ–ის ინტერნეტტრაფიკი, რომელიც ამონაწერის მიხედვით იწყება 2021 წლის 10 ივლისის, 02:24 საათიდან, რა დროსაც სამოქმედო ანძა ფიქსირდება K-ba. 2021 წლის 14 ივლისის მდგომარეობით, რ. გ–ის ინტერნეტტრაფიკი, 00:41 საათიდან 09:55 საათამდე ფიქსირდება სამოქმედო ანძაზე სახელწოდებით K-ba; agar და g-i. 10:17 საათზე რ. გ–ის ინტერნეტტრაფიკი ფიქსირდება სამოქმედო ანძაზე G-i_dila; g-i; t-i. 10 საათსა და 17 წუთზე, ბოლოს, რ. გ–ის ინტერნეტტაფიკი ფიქსირდება ანძაზე სახელწოდებით g, ამის შემდეგ ინტერნეტტრაფიკს აქვს 1 საათი და 23 წუთი წყვეტა, აღნიშნულ პერიოდში სამოქმედო ანძა და ტრაფიკი არ ფიქსირდება, ხოლო შეწყვეტიდან 1 საათის და 23 წუთის შემდეგ, 11:40 საათზე, რ. გ–ის ინტერნეტტრაფიკი ფიქსირდება სამოქმედო ანძაზე g-om. 11:40 საათიდან - 14:20 საათამდე, ხანგრძლივი წყვეტის გარეშე რ. გ–ის ინტერნეტტრაფიკი ფიქსირდება სამოქმედო ანძაზე ......; ......; ........; ..........; ........; ......... და .......... 14:32 საათზე ფიქსირდება ანძაზე სახელწოდებით - G.....(გ-ს უ-ი), ხოლო მას შემდეგ 15 ივლისის 00:19 საათამდე ფიქსირდება კვლავ ქ-ს და ა-ს სამოქმედო ანძებზე. ყოველივე ამის შემდეგ, მოხდა ამავე საქმეზე, 2022 წლის 8 ივლისს ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს .......-ის პროგრამაში დაფიქსირებული სატელეფონო ანძების უჯრედების საიდენტიფიკაციო კოდების შედარება, რ. გ–ის ინტერნეტტრაფიკთან. შედარების შედეგად დადგინდა, რომ - ანძის უჯრედის საიდენტიფიკაციო კოდზე N.... (ანძის დასახელება g.....), აღნიშნული კოდი საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების დროს დაფიქსირდა ა. გ–ის ბაღის სამხრეთ ნაწილში და თ-ს ქუჩაზე მდებარე ცხრასართულიანი კორპუსის ეზოში ავტოფარეხებთან, რ. გ–ის ინტერნეტრაფიკი ფიქსირდება 2021 წლის 12 ივლისის 11:25 საათზე და 14:53 საათზე. ანძაზე სახელწოდებით - g....., უჯრედის კოდი N.....; (აღნიშნული კოდი დაფიქსირდა ა. გ–ის სახლის დასავლეთ ნაწილში არსებულ ბავშვის ოთახში) რ. გ–ის ინტერნეტტრაფიკი დაფიქსირდა 2021 წლის 12 ივლისის 11:25 საათსა და 11:36 საათზე. ამდენად, გამოძიების პროცესში წარმოშობილი ვერსიის შემოწმების მიზნით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის თანახმად, დადასტურდა, რომ სადავო პერიოდში რ. გ–ი იმყოფებოდა ა. გ–ის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე.
5.10. ზემოხსენებული მტკიცებულებები, ექსპერტიზის დასკვნებთან და სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, ადასტურებს ზ. მ–ის მიერ, როგორც ჩვენებაში, ასევე მისი მონაწილეობით ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებათა ოქმებში ასახული გარემოებების სინამდვილეს.
5.11. დაცვის მხარის მითითება, რომ საქმის განმხილველმა სასამართლოებმა არასწორი ინტერპრეტაცია მისცეს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს და რომ სასამართლოების შეფასებებს შორის არსებითი წინააღმდეგობებია – არ უნდა იქნეს გაზიარებული უსაფუძვლობის გამო, რადგან აღნიშნული არ დგინდება სისხლის სამართლის საქმის მასალებით. საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ არ უნდა იქნეს გაზიარებული დაცვის მხარის პოზიცია, რომ დაზარალებულთა და მოწმეთა ჩვენებები არის ურთიერთგამომრიცხავი, რის გამოც, ისინი არ უნდა გაეზიარებინა სასამართლოს. მოცემულ შემთხვევაში, პალატას არ გააჩნია საფუძველი საეჭვოდ მიიჩნიოს მათი ჩვენებები, რადგან მსჯავრდებულის მიმართ არ ვლინდება რაიმე დაინტერესების არსებობა. ამასთან, შესაძლოა დაზარალებულთა და მოწმეთა ჩვენებებში არის გარკვეული ხასიათის ცდომილებები, თუმცა არა იმ შინაარსის, რაც მათი ჩვენებების გაუზიარებლობის საფუძველი გახდებოდა. მათ მიერ მითითებული ის ფაქტობრივი გარემოებები, რომლებსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მტკიცების საგანთან დაკავშირებით, არსებითად არ ეწინააღმდეგება ერთმანეთს და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს.
5.12. ამდენად, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ დაზარალებულ ა. გ–ის, ასევე მოწმეების – თ. მ–ისა და ზ. მ–ის ჩვენებები თანმიმდევრულია და არ შეიცავს რაიმე არსებითი ხასიათის წინააღმდეგობებს. გასათვალისწინებელია, რომ მოწმე ზ. მ–ი არ იცნობს ბრალდებულსა და დაზარალებულს, იგი საქმეში წარმოადგენს ნეიტრალურ პირს, რომელიც არ არის საქმის შედეგით დაინტერესებული. ასევე, საგულისხმოა მოწმეების მიერ შემთხვევის ადგილზე დანახული პირის ჩაცმულობაში კეპის და საზაფხულო ღია ფეხსაცმლის დაკონკრეტება, რაც ურთიერთშესაბამისობის არსებობის დასადგენად საკმარისია.
5.13. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის განმარტებას, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საკმარის მტკიცებულებათა არარსებობის თაობაზე, რაც გამორიცხავს რ. გ–ის დამნაშავეობას და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ ერთობლივად შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება, როგორიცაა: მოწმეთა ჩვენებები, წერილობითი მტკიცებულებები და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდების თითოეულ ეპიზოდში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა შეთანხმებულ, ურთიერთთავსებად უტყუარ მტკიცებულებათა საკმარისი ერთობლიობა გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. შესაბამისად, ყველა ის არგუმენტი, რომელზე დაყრდნობითაც დაცვის მხარე გამორიცხავს რ. გ–ის ბრალეულობას, გონივრულ ეჭვს მიღმა გაქარწყლებულია წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილი ანალიზის შედეგად.
5.14. საკასაციო სასამართლო, ასევე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას ზიანის ოდენობასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ გარდა დაზარალებულ ა. გ–ის და მოწმე ჟ. ა–ას ჩვენებებისა, რომლებმაც დაადასტურეს მათი საცხოვრებელი სახლიდან დიდი ოდენობით ფულადი თანხის და ოქროს ნივთების ფარულად დაუფლების ფაქტი, საგულისხმოა, მოწმე მ. კ–ის ჩვენება, რომლითაც დადასტურდა, რომ დაზარალებული და დედამისი კვირაში ერთხელ ან 10 დღეში ერთხელ მის სავალუტო ჯიხურში ყიდულობდნენ 10000 – 15000 დოლარს, მანვე დაადასტურა, რომ ქურდობამდე დაახლოებით 10 დღით ადრე დაზარალებულმა და დედამისმა შეიძინეს 25000 დოლარი.
5.15. რაც შეეხება, საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრადშერაცხილ ქმედებებს, ამ შემთხვევაშიც საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს და აღნიშნავს, რომ დაზარალებულ ა. გ–ის, ასევე მოწმეების – ჟ. ა–ას და ნ. ქ–ის ჩვენებებით ერთმნიშვნელოვნად დადასტურდა რ. გ–ის მხრიდან დაზარალებულის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტები. მოწმეთა ჩვენებები, ფიზიკური ძალადობის ფაქტის დადასტურების მხრივ, ასევე გამყარებულია სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნითა და ექსპერტ პ. ჯ–ის ჩვენებით. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, უტყუარად დადასტურდა დაზარალებულის სხეულზე არსებული დაზიანებები.
5.16. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-6 ნაწილი ადგენს, რომ: „არავინ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს“. უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვევა, თუ მტკიცების ტვირთი ბრალდების ნაცვლად დაცვას დაეკისრება (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2001 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე Telfner v.Austria, პუნქტი 15).
5.17. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დაცვის მხარე უფლებამოსილია, წარმოადგინოს მტკიცებულებები და არგუმენტები, რომლებიც დაეხმარება სასამართლოს კრიტიკულად შეაფასოს ბრალდების მხარის მტკიცებულებები და დაუპირისპიროს ისინი ერთმანეთს, თუმცა კონკრეტულ შემთხვევაში დაცვის მხარეს, ქვედა ინსტანციის სასამართლოებში არ წარუდგენია წონადი მტკიცებულება, რაც საეჭვოს გახდიდა რ. გ–ის მიერ მსჯავრადშერაცხილი დანაშაულების ჩადენის ფაქტებს ანდა ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებების სანდოობას. ზ. მ–ის ჩვენების და მის მიერ მსჯავრდებულის ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის სანდობააში ეჭვის შეტანა კი, იმ საფუძვლით, რომ იგი პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფება ყოველგვარ საფუძველსაა მოკლებული, რასაც საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს.
5.18. ბრალდების მხარის საკასაციო საჩივართან დაკავშირებით, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სსსკ-ის 308-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, საკასაციო სასამართლოს უფლება აქვს, გამამართლებელი განაჩენის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანოს, გამოიყენოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის უფრო მკაცრი მუხლი, დანიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი ან სხვა გზით გააუარესოს მსჯავრდებულის მდგომარეობა, თუ ბრალდების მხარემ შეიტანა საკასაციო საჩივარი სწორედ ამ მოთხოვნით და თუ მას ასეთი პოზიცია ეკავა პირველი ინსტანციის და სააპელაციო სასამართლოებში. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარეს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით არ გაუსაჩივრებია, ხოლო სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილება შეიტანა მხოლოდ ამნისტიის კანონის გამოყენებით. აღნიშნულის მხედველობაში მიღებით, ბრალდების მხარე უფლებამოსილი იყო სწორედ ამ ფარგლებში წარმოედგინა საკასაციო საჩივარი.
5.19. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნისას გასათვალისწინებელი გარემოებები, ჩადენილი ქმედების ხასიათი და სიმძიმე, მისი ინდივიდუალური მახასიათებლები, სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და საქართველოს სსკ-ის 39-ე, 53-ე, და 59-ე მუხლების მოთხოვნათა მხედველობაში მიღებით, კანონიერი და სამართლიანი სასჯელები – განუსაზღვრა. მოცემულ შემთხვევაში, მისთვის განსაზღვრული სასჯელის სახე და ზომა საქართველოს სსკ-ის შესაბამისი მუხლის სანქციის ფარგლებშია და სასჯელის განსაზღვრის წესი სრულად შეესაბამება, როგორც საქართველოს სსკ-ის მოთხოვნებს, ისე – საქმის ინდივიდუალურ გარემოებებს (ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და მსჯავრდებულის პიროვნებას). რაც შეეხება, ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის გამოყენებას, რაზეც ბრალდების მხარე აპელირებს, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და რომელსაც ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია. შესაბამისად სააპელაციო სასამართლოს მიერ რ. გ–ის მიმართ დანიშნული სასჯელი ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის თანახმად, კანონიერად არის შემცირებული.
5.20. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
5.21. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ როდესაც საკასაციო სასამართლო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
5.22. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ რ. გ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატების შ. ხ–ისა და ნ. შ–ის, ასევე გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ია მეფარიშვილის საკასაციო საჩივრები;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
ლევან თევზაძე