საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 09.06.2026
საქმის ნომერი
2კ-1149აპ.-25
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
09.06.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 080100122006123963

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1149აპ-25 ქ. თბილისი

დ-ძე ა, 1149აპ-25 9 ივნისი, 2026 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 21 ოქტომბრის განაჩენზე ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი გობრონიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 21 აგვისტოს განაჩენით:

1.1. ა. დ-ძე, - დაბადებული ... წლის ... სექტემბერს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის „ბ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

1.2. გაუქმდა ა. დ-ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო.

1.3. ა. დ-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა უნდა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მიზნით დაკავების მომენტიდან და მოთავსებულ იქნეს სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესაბამის დაწესებულებაში.

2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა. დ-მ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით, დიდი ოდენობით, რაც გამოიხატა შემდეგში:

2.1. 2021 წლის დეკემბრის ბოლოს, ქ-ში, ი. ჭ-ის გამზირ N..-ში მდებარე მაღაზიაში, ა. დ-მ უკანონოდ შეაღწია მაღაზიის სეიფში, რომლიდანაც ფარულად დაეუფლა 4500 ლარს და 4400 აშშ დოლარს. ნ. ჭ-ს მიადგა დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 21 ოქტომბრის განაჩენით:

3.1. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 21 აგვისტოს გამამტყუნებელი განაჩენი ა. დ-ის მიმართ და გამოტანილ იქნა გამამართლებელი განაჩენი.

3.2. ა. დ-ძე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.

3.3. ა. დ-ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.

3.4. გამართლებულ ა. დ-ს განემარტა, რომ უფლება აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

4. კასატორმა - ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი გობრონიძემ საკასაციო საჩივრით მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 21 ოქტომბრის განაჩენის გაუქმება, ა. დ-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით.

4.1. გამართლებულ ა. დ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. ჩ-მა შესაგებლით მოითხოვა ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი გობრონიძის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 21 ოქტომბრის განაჩენის ძალაში დატოვება.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

6. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და არც საკასაციო პალატის მიერაა მოსალოდნელი ამ საქმეზე პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება. საკასაციო სასამართლომ თავის არაერთ განაჩენში პირის გამართლებას საფუძვლად დაუდო ის გარემოება, რომ ბრალდების მხარეს საქმეზე არ ჰქონდა წარმოდგენილი აშკარა, დამაჯერებელ, საკმარის და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა პირის მსჯავრდებისათვის (მაგალითისთვის იხ. №440აპ-14; №561აპ-15; №404აპ-16). საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, მოცემულ შემთხვევაშიც, კასატორი თავის საჩივარში ვერ უთითებს განაჩენის დებულებებზე, რომლებიც გახდებოდა საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობისა და განხილვის საფუძველი.

7. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებაში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც უტყუარად ვერ დადასტურდა ა. დ-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა. საკასაციო სასამართლო იზიარებს და ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომლის მიხედვით, მოცემულ საქმეზე ბრალდების მხარის მიერ არ არის წარმოდგენილი არათუ გონივრულ ეჭვს მიღმა, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, არამედ არცერთი პირდაპირი მტკიცებულება, რაც ა. დ-ის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენას დაადასტურებდა

8. ამდენად, მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი არ გაქარწყლებულა სანდო და დამაჯერებელი სამხილების ერთობლიობით. ასეთ შემთხვევაში, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის იმპერატიული დანაწესის თანახმად, ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დებულებით, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების მიხედვით, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ხოლო იმავე კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. განსახილველ შემთხვევაში კი, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებს ა. დ-ის მიერ მის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას.

9. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001).

10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

11. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი გობრონიძის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 21 ოქტომბრის განაჩენზე ა. დ-ის მიმართ;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

მ. ვასაძე