დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 19.03.2026
საქმის ნომერი
ბს-5(კ-26)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
19.03.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-5(კ-26) 19 მარტი, 2026 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - საქართველოს გენერალური პროკურატურა

პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - მ.კ-ა

მესამე პირები - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 16 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

მ.კ-ამ 2024 წლის 04 ივნისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - საქართველოს გენერალური პროკურატურის მიმართ, რომლითაც მოითხოვა მოპასუხისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ მატერიალური ზიანის სახით - 20 805 ლარის, მათ შორის, 4 500 ლარის საადვოკატო მომსახურებისთვის გაწეული ხარჯისა და მორალური ზიანის - 20 000 ლარის ოდენობით ანაზღაურების დავალება.

სარჩელის თანახმად, მ.კ-ა ბრალდებულის სახით დაკავებულ იქნა 2022 წლის 29 დეკემბერს და იმავე დღესვე მიღებულ იქნა მისი ბრალდების შესახებ დადგენილება. მას ბრალად ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედების ჩადენა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის კანონიერ ძალაში შესული 2023 წლის 07 აგვისტოს განაჩენით მ.კ-ა გამართლდა წარდგენილ ბრალდებაში და პატიმრობიდან გათავისუფლდა სასამართლოს სხდომის დარბაზიდან. აღნიშნული განაჩენი უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 17.10.2023წ. განაჩენით, ხოლო, თავის მხრივ, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უცვლელად დარჩა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 07.02.2024წ. განჩინებით. მ.კ-ა უკანონო პატიმრობაში იმყოფებოდა 7 თვისა და 9 დღის განმავლობაში.

მოსარჩელის მითითებით, ბავშვობიდან დაავადებულია ე.წ. ...ის დაავადებით, რომელიც წარმოადგენს იშვიათ და განუკურნებელ დაავადებას, რის გამოც მ.კ-ას შეზღუდული აქვს გადაადგილების უნარი, უმოძრაო მდგომარეობაში ყოფნა მისთვის მტკივნეულია. იგი ასევე დაავადებულია ქრონიკული ასთმით, რის გამოც მას გაძნელებული აქვს სუნთქვის უნარი, რასაც ამწვავდებდა საპატიმრო დაწესებულების სარკმლისა და ოთახის სიმცირე, მით უფრო, როდესაც საკანში მოთავსებული იყო 6 პატიმარი. მოსარჩელის ხანდაზმული მშობლების ერთადერთ მომვლელს სწორედ თვითონ წარმოადგენდა, ამავდროულად დაპატიმრებისას იგი იყო ახლად დაქორწინებული მის მეუღლეზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მ.კ-ა საპატიმრო დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში იტანჯებოდა როგორც უკანონო პატიმრობით, ასევე მისი მზრუნველობის ქვეშ მყოფი მშობლებისა და მეუღლის მდგომარეობით. მართალია, მ.კ-ა ოფიციალურად დასაქმებული არ იყო, რადგანაც მას, ავადმყოფობის გამო, არ შეეძლო მძიმე ფიზიკური შრომა, თუმცა იგი სახლში ეწეოდა მსუბუქი ხასიათის შრომას. აწარმოებდა ...ას, ...სა და სხვა ნივთებს, მისი ყოველდღიური შემოსავალი 60 ლარის ფარგლებში მერყეობდა, რომლითაც იხდიდა კომუნალურ გადასახადებს, ყიდულობდა მედიკამენტებს. საპატიმროში ყოფნისას მის ანგარიშზე ჩაირიცხა ჯამში - 2 925 ლარი, გასწია ადვოკატის მომსახურების ხარჯი - 4 500 ლარის ოდენობით. ადმინისტრაციული საქმისწარმოების მომსახურებისთვის ადვოკატთან 2024 წლის 12 მარტს გააფორმა საადვოკატო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფასურმაც შეადგინა 1 000 ლარი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 06 ივნისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ.კ-ას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; საქართველოს გენერალურ პროკურატურას დაევალა 6 500 (ექვსი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით მორალური ზიანის, ხოლო მატერიალური ზიანის სახით ადვოკატის მომსახურების ხარჯის - 4 500 ლარის ოდენობით მ.კ-ასთვის ანაზღაურება, მოპასუხეს ასევ დაევალა მოსარჩელის სასარგებლოდ საპროცესო ხარჯის - ადვოკატის მომსახურების ღირებულების 600 ლარის ანაზღაურება. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს გენერალური პროკურატურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებით აღნიშნა, რომ მ.კ-ას 29.12.2022წ. წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის შესაძლო ჩადენის ფაქტზე. ბრალდებული სახით დაკავებული იქნა 29.12.2022წ., მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულ იქნა პატიმრობა. თბილისის საქალაქო სასამართლოს 07.08.2023წ. კანონიერ ძალაში შესული განაჩენით მ.კ-ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა წარდგენილ ბრალდებაში, გაუქმდა მის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა და მ.კ-ა გათავისუფლდა სასამართლო დარბაზიდან.

პალატამ აღნიშნა, რომ მორალური ზიანის ანაზღაურების ვალდებულება დაკავშირებული იყო არაქონებრივი უფლებების დარღვევასთან, ხოლო ქონებრივი უფლებების უკანონო შეზღუდვა იწვევდა მატერიალური ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას. შესაბამისად, არსებობდა გამართლებული პირის უფლების დაცვის მექანიზმი და გამართლებულ პირს შეეძლო აღედგინა დარღვეული უფლებები. კერძოდ, გამართლებულ პირს გააჩნდა შესაძლებლობა, დარღვეული უფლება აღედგინა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული რეაბილიტაციისა და სისხლის სამართლის პროცესის ორგანოების უკანონო და დაუსაბუთებელი მოქმედებების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების გზით.

სააპელაციო პალატა მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად გაითვალისწინა მ.კ-ას მიმართ განხორციელებული იძულების ფორმები, მხედველობაში მიიღო დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულება, ობიექტურ გარემოებები, დაზარალებულის ცხოვრების პირობები, ჯანმრთელობის მდგომარეობა, საქმიანობა, ასაკი და ა.შ., ასევე, გაითვალისწინა ევროპული და ეროვნული სასამართლოების პრაქტიკა და მართებულად მიიჩნია, რომ მოსარჩელისათვის მიყენებული მორალური ზიანის ასანაზღაურებლად გონივრული თანხა შეადგენდა 6 500 (ექვსი ათას ხუთას) ლარს. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომ საქმის მასალები ერთობლიობაში ქმნიდა მორალური ზიანის კონკრეტული ოდენობით ანაზღაურების საფუძველს.

მატერიალურ ზიანთან დაკავშირებით პალატამ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 408-ე და 412-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ დადასტურებული იყო სისხლის სამართლის საქმის მიმდინარეობისას მოსარჩელის ადვოკატის მეშვეობით წარმომადგენლობა. მოსარჩელესა და მის ადვოკატს შორის 29.01.2023წ. გაფორმებული საადვოკატო მომსახურების გაწევის შესახებ ხელშეკრულებით, განსაზღვრული იყო მისი ღირებულება გამოძიების ნაწილში, საქალაქო (რაიონულ სასამართლოში) წარმომადგენლობის ნაწილში, სააპელაციო განხილვის ნაწილსა და საკასაციო საჩივრის არსებობის შემთხვევაში შესაგებლის წარდგენის ნაწილში. პალატამ განმარტა, რომ მოსარჩელე მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების გამო, იძულებული იყო საკუთარი უფლებებისა და ინტერესების ეფექტურად დაცვისა და რეალიზებისათვის აეყვანა ადვოკატი და ესარგებლა მისი მომსახურებით საგამოძიებო ორგანოებსა თუ სასამართლოში, სრულყოფილად ესარგებლა სისხლის სამართლის კოდექსით ბრალდებულისათვის მინიჭებული უფლება-მოვალეობებით. შესაბამისად, აღნიშნული ხარჯის გაწევა ცალსახად იყო გამოწვეული პირის მიერ დარღვეული უფლების აღდგენასთან. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არსებობდა მოსარჩელის მიერ ადვოკატის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის, 4 500 ლარის, ანაზღაურების მოპასუხისთვის დაკისრების საფუძვლები, ისევე, როგორც მიმდინარე საქმეზე საადვოკატო მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის საქართველოს გენერალური პროკურატურისთვის დაკისრების საფუძვლები.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 16 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ.

კასატორის, საქართველოს გენერალური პროკურატურის წარმომადგენელი, საქართველოს კონსტიტუციის 18.4 მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-208-ე მუხლების, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე, 992-ე, 1005-ე მუხლებზე დაყრდნობით მიიჩნევს, რომ ზიანის ანაზღაურებისთვის აუცილებელია პირს ზიანი მიადგეს ქმედების განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობის ბრალის ფორმით. ამასთან, მიზეზობრივი კავშირი უნდა არსებობდეს განხორციელებულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს - ზიანს შორის. ასევე მოხელის უკანონო ქმედება, რომელმაც პირისთვის ზიანი გამოიწვია, უნდა გამომდინარეობდეს მოხელის სამსახურებრივი მდგომარეობიდან და იყოს ბრალეული, განზრახი ან უხეში გაუფრთხილებელი და უნდა არსებობდეს პირდაპირი და არა სავარაუდო მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. მოცემულ შემთხვევაში საქართველოს გენერალური პროკურატურის მხრიდან ამგვარ ქმედებებს ადგილი არ ჰქონია.

კასატორის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ სისხლისსამართლებრივი დევნა და ბრალდებულის მიმართ გამოყენებული იძულების ღონისძიებები ემსახურება სახელმწიფოს ლეგიტიმურ მიზანს - საზოგადოების, მისი წევრების უსაფრთხოების დაცვას. სისხლისსამართლებრივი დევნის საფუძველზე წარმოშობილი უარყოფითი ემოციების, განცდების თუ სხვა სამართლებრივი შედეგების გარკვეულწილად თმენის ვალდებულება აქვს ყველას. ამასთან, წინასწარ ვერ განისაზღვრება კონკრეტული საქმის შედეგი, ვინაიდან მტკიცებულებათა შეფასება გამამტყუნებელი/გამამართლებელი განაჩენის გამოტანისთვის საკმარისობის კუთხით წარმოადგენს მხოლოდ სასამართლოს პრეროგატივას.

კასატორი მორალურ ზიანთან დაკავშირებით მიიჩნევს, რომ ზიანის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ის გარემოება, რომ კომპენსაციის ოდენობა ვერ აღუდგენს დაზარალებულს ხელყოფამდე არსებულ მდგომარეობას, შესაბამისად ოდენობა უნდა გამომდინარეობდეს გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების კრიტერიუმებიდან. კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაშია მისაღები, რომ კომპენსაციის ოდენობა არ იყოს უსაშველოდ გაზრდილი და არ უნდა მოწყდეს რეალობას. მოსარჩელის მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების მოცულობასთან მიმართებით მხოლოდ მოსაზრებაა და აღნიშნული სასამართლოს მიხედულებით უნდა გადაწყდეს.

გარდა ზემოაღნიშნულისა, კასატორი მორალური ზიანის ოდენობის მოცულობასთან დაკავშირებით მიიჩნევს, რომ სასამართლოს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან და სამართლებრივ საფუძვლებთან ერთად მხედველობაში არ მიუღია საქართველოს საერთო სასამართლოების პრაქტიკა ანალოგიურ საქმეებზე და მიუთითებს რიგ საქმეებზე, როდესაც მოსარჩელეთა სასარგებლოდ საქართველოს გენერალურ პროკურატურას დაეკისრა სხვადასხვა ოდენობით თანხების გადახდა. შესაბამისად, კასატორის მოსაზრებით, მსგავს საქმეებზე საქართველოს სასამართლო პრაქტიკის ანალიზის საფუძველზე, საქართველოს გენერალური პროკურატურისთვის მორალური ზიანის სახით 6 500 ლარის დაკისრება არ გამომდინარეობდა გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების კრიტერიუმებიდან, ვინაიდან მ.კ-ა პირველივე ინსტანციის სასამართლოში გამართლდა და მას მხოლოდ რამდენიმე თვით მოუწია საპატიმრო დაწესებულებაში ყოფნა. ამდენად, საქართველოს გენერალური პროკურატურა ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმას.

კასატორის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ საქართველოს გენერალური პროკურატურისთვის მატერიალური ზიანის სახით საადვოკატო მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის დაკისრება უსაფუძვლოა. მხარის მიერ ადვოკატის მომსახურებისთვის გაღებული ხარჯის უპირობოდ სრულად ანაზღაურების სამართლებრივი საფუძველი კანონმდებლობით გათვალისწინებული არ არის. კასატორის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია, სისხლის სამართლის საქმის წარმოების ხანგრძლივობა, სისხლის სამართლის საქმის წარმოებიდან დამდგარი მატერიალური და მორალური ზიანის ოდენობა, წარმომადგენლების მიერ გაწეული სამუშაო, რაც უნდა დასტურდებოდეს საქმის მასალებით. მხარე სარგებლობს თავისუფალი არჩევანით საადვოკატო მომსახურების მიღებისას, თუმცა მატერიალური ზიანის სახით ანაზღაურების მოთხოვნის შემთხვევაში მას აუნაზღაურდება არა ნებისმიერი ხარჯი, რასაც გასწევს ადვოკატის მომსახურებისთვის, არამედ აუცილებლად გასაწევი ხარჯი, საქმის წარმოების ხანგრძლივობისა და სხვა მტკიცებულებების გათვალისწინებით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2026 წლის 26 იანვრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი.

სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.

მოსარჩელე მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების საქართველოს გენერალური პროკურატურისთვის დაკისრებას ითხოვდა უკანონო ბრალდებიდან გამომდინარე, შესაბამისად უნდა შეფასდეს, არსებობდა თუ არა მარეაბილიტირებელი საფუძველი და წარმოადგენდა თუ არა აღნიშნული ფაქტი ზიანის წარმომშობ გარემოებას.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან ან მოსამსახურისაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან. აღნიშნული დანაწესით სახელმწიფომ აიღო ვალდებულება, სახელმწიფო სახსრებიდან აანაზღაუროს მისი მოსამსახურეების მიერ უკანონოდ მიყენებული ზიანი.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი. წინასწარი გამოძიების, პროკურატურის ორგანოებისა და სასამართლოს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად, რეაბილიტირებული პირისათვის უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ან გაუსვლელობის ხელწერილის უკანონოდ გამოყენების, პატიმრობის ან გამასწორებელი სამუშაოების სახით ადმინისტრაციული სახდელის არასწორად დაკისრების შედეგად მიყენებული ზიანის სახელმწიფოს მიერ ანაზღაურების ვალდებულება გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილით. აღნიშნული მუხლის თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ მიყენებული ზიანი ანაზღაურებას ექვემდებარება მიუხედავად ზიანის მიმყენებლის ბრალისა. ასეთი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის საკმარისია დადგინდეს ქმედების უკანონობა და სახეზე იყოს პირის მარეაბილიტირებელი გარემოება.

საქმეში დაცული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ 2022 წლის 29 დეკემბერს მ.კ-ა ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. მ.კ-ას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულ იქნა პატიმრობა. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 07 აგვისტოს განაჩენით, მ.კ-ა ცნობილი იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა. აღნიშნული გამამართლებელი განაჩენი უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 17 ოქტომბრის განაჩენითა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 07 თებერვლის განჩინებით.

პალატა აღნიშნავს, რომ პირის რეაბილიტაციის უმთავრესი იურიდიული საფუძველი გამამართლებელი განაჩენია, რომელიც პირის არაბრალეულობასა და უდანაშაულობას ადასტურებს. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მიმართ დამდგარია გამამართლებელი განაჩენი - თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული 2023 წლის 07 აგვისტოს განაჩენით მ.კ-ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა მის მიმართ წარდგენილ ბრალდებაში. ამდენად, სახეზეა მ.კ-ას მარეაბილიტირებელი გარემოება და სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიზნებისთვის არსებობს როგორც ქონებრივი, ისე არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების სამართლებრივი საფუძველი, რომელიც გამოწვეულია უშუალოდ უკანონო ბრალდებით.

მორალური ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მისი ანაზღაურების ვალდებულება დაკავშირებულია არაქონებრივი უფლებების დარღვევასთან, რა გარემოებაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა. რაც შეეხება მიყენებული მორალური ზიანის ოდენობას, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ უკანონო ბრალდების/პატიმრობის ან მსჯავრდების საქმეებთან მიმართებაში სასამართლოს მიერ არამატერიალური ზიანის თანხის ოდენობის განსაზღვრა ხორციელდება თითოეულ საქმეში ინდივიდუალურად, საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით. სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლში მითითება მორალური ზიანის გონივრული და სამართლიანი ანაზღაურებაზე გულისხმობს ზიანის მიმყენებლის ბრალეულობის ხარისხის, დაზარალებულის განცდების სიღრმისა და ინდივიდუალური თავისებურების გათვალისწინებას. მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს დაზარალებულის სუბიექტურ დამოკიდებულებას მორალური ზიანის მიმართ და ობიექტურ გარემოებებს. ამ გარემოებათა შორისაა დაზარალებულის ცხოვრების პირობები (საოჯახო და ყოფითი მდგომარეობა, ჯანმრთელობა, ასაკი და ა.შ.), ბრალის ხარისხი, ქონებრივი მდგომარეობა და სხვა გარემოებები. მორალური ზიანის ანაზღაურების შემთხვევაში არ ხდება ხელყოფილი უფლების რესტიტუცია, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია. კომპენსაციის მიზანია მორალური ზიანით გამოწვეული ტკივილების, ნეგატიური განცდების შემსუბუქება, დადებითი ემოციების გამოწვევა, რომელიც ეხმარება დაზარალებულს სულიერი გაწონასწორების მიღწევაში, სოციალურ ურთიერთობებში ჩართვაში, რაც მორალური (არაქონებრივი) ზიანის ანაზღაურების სატისფაქციურ ფუნქციას შეადგენს (სუსგ №ბს-972-936(3კ-08), 08.04.2009წ.). მსუბუქი სულიერი განცდები, მსგავსად მსუბუქი ფიზიკური ტკივილისა, მხედველობაში არ მიიღება, ხოლო როდესაც ადგილი აქვს ისეთ ზიანს, რომლის დროსაც, როგორც წესი, მოსალოდნელია მძიმე ფსიქიკური განცდები, სულიერი ტანჯვა, და ა. შ. მოქმედებს ე.წ. მორალური ზიანის პრეზუმფცია და ზიანის მიმყენებლის მიერ საწინააღმდეგოს დადასტურებამდე ივარაუდება, რომ დაზარალებულმა პირმა მძიმე სულიერი ტკივილი განიცადა (სუსგ №ბს-628(2კ-20), 20.07.2022 წ.).

საკასაციო პალატა არ ეთანხმება კასატორის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ მორალური ზიანის ასანაზღაურებლად ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ განსაზღვრული თანხის ოდენობა არ წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ გონივრულ და სამართლიან ანაზღაურებას. საკასაციო პალატის განმარტებით, ვინაიდან მორალურ ზიანს არ გააჩნია ფულადი ეკვივალენტი, „გონივრული და სამართლიანი“ ანაზღაურების განსასაზღვრად გასათვალისწინებელია მთელი რიგი გარემოებები, მათ შორის, მ.კ-ას ცხოვრების პირობები, ჯანმრთელობის მდგომარეობა, იმ განცდების გათვალისწინება, რომლებიც თან ახლავს უკანონო ბრალდებას. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მორალური ზიანის ასანაზღაურებლად მოპასუხისათვის 6 500 ლარის დაკისრება მიყენებული არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების მიზნების პროპორციულია და ექცევა გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების კრიტერიუმებში. პალატა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ძალიან ხშირად დამდგარი შედეგების გამოსწორება შეუქცევადი მოვლენაა და როგორი დიდიც არ უნდა იყოს კომპენსაცია, იგი მაინც ვერ აღუდგენს დაზარალებულს ხელყოფამდე არსებულ სულიერ მდგომარეობას, რის გამოც კომპენსაციის ოდენობა უსაზღვროდ არ უნდა იყოს გაზრდილი და არ უნდა მოწყდეს რეალობას. იგი უნდა განისაზღვროს გონივრულად და სამართლიანად, რა გარემოებაც მართებულად შეაფასა ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მართლმსაჯულების განხორციელება დაკავშირებულია სასამართლო ხარჯებთან და სასამართლოსგარეშე ხარჯებთან. ადვოკატისათვის გაწეული ხარჯი წარმოადგენს სასამართლოს გარეშე ხარჯებს (სსკ-ის 37.3 მუხ.), რომლის ოდენობა უნდა განისაზღვროს მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილ ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულებების საფუძველზე (სუსგ. 14.07.2016წ. საქმეზე №ბს-776-768(2კ-4კს-15).

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე, მის მიმართ ნაწარმოები სისხლისსამართლებრივი დევნიდან გამომდინარე, რათა მისის უფლებები დაეცვა ეფექტურად, იძულებული იყო მიემართა ადვოკატისთვის. შესაბამისად, არსებობს პირდაპირი მიზეზობრივი კავშირი გაწეულ დანახარჯებსა და საქართველოს გენერალური პროკურატურის ქმედებას შორის. წარმომადგენლის, კერძოდ ადვოკატის მონაწილეობა სისხლის სამართლის საქმის მიმდინარეობაში უზრუნველყოფს ბრალდებულის ინტერესებისა და უფლებების მაქსიმალურ დაცვასა და რეალიზებას. საქმეში დაცული მასალებით დასტურდება მ.კ-ასთვის ადვოკატის მიერ იურიდიული მომსახურების გაწევა, აგრეთვე დაცულია მათ შორის დადებული ხელშეკრულება. ადვოკატის მომსახურების ღირებულება საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, წაგებულ მხარეს უნდა დაეკისროს. ხარჯების განსაზღვრა ხდება სასამართლოში მხარის მიერ წარდგენილი ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულებების საფუძველზე. სასამართლომ ხარჯების განსაზღვრისას უნდა მოახდინოს მხარის სამართლიანი დაკმაყოფილება. სასამართლოს მიერ ხარჯების ოდენობის განსაზღვრისას, დავის საგნის ღირებულებიდან გამომდინარე, პროცენტული ზღვრის დადგენა გამორიცხავს ხარჯების ხელოვნურად გაზრდას, და უზრუნველყოფს იმ მხარის ინტერესების დაცვას, რომელსაც ხარჯების გადახდა უნდა დაეკისროს (სუს 11.02.08წ. №ას-792-1114-07). სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული პროცენტული ცენზი და თანხა წარმოადგენს იმ მაქსიმალურ საკანონმდებლო ზღვარს, რომელიც წაგებულ მხარეს შესაძლოა დაეკისროს მოგებული მხარის სასარგებლოდ, ამასთანავე სასამართლომ ადვოკატის მომსახურების ღირებულების განსაზღვრისას მხედველობაში უნდა მიიღოს იძულებითი განაცდურის ოდენობა, საქმის სირთულე, უფლების დარღვევის აღსაკვეთად წარმომადგენლობითი ფუნქციის განხორციელების ინტენსივობა, ხანგრძლივობა, ინსტანციურობა და სხვ.. სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება სრულად შეიცავს მოპასუხეზე სასამართლოს მიერ დაკისრებული თანხის ოდენობის დასაბუთებას. დავის საგნის, ამ დავის სირთულისა და სხვა ფაქტობრივი გარემოებების შეფასების საფუძველზე, მოპასუხისთვის დაკისრებული თანხა შეესაბამება გაწეულ საადვოკატო მომსახურებას. რაიმე გარემოება, რომელიც მოცემული თანხის შეუსაბამობაზე მიუთითებდა, განსახილველ საქმეზე დადგენილი არ არის.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 16 ოქტომბრის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა