1. სააპელაციო და საკასაციო საჩივრები ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში დასაშვებია, მიუხედავად სარჩელის ფასისა. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლისა და 391-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნები.

11. სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლემ შეიძლება ერთპიროვნულად განიხილოს შემდეგი საქმეები:

ა) სააპელაციო საჩივრები, რომლებიც შეტანილია შემდეგ საქმეებთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებზე:

ა.ა) ამ კოდექსის მე-6 მუხლით გათვალისწინებული დავები;

ა.ბ) საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებული დავა;

ა.გ) საჯარო რეესტრის ჩანაწერთან დაკავშირებული დავა;

ა.დ) საცხოვრებელი ბინის პრივატიზებასთან დაკავშირებული დავა;

ა.ე) ადმინისტრაციული ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავა;

ა.ვ) სამშენებლო ურთიერთობიდან გამომდინარე დავა;

ა.ზ) „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე სააღსრულებო ურთიერთობებიდან წარმოშობილი დავა;

ა.თ) ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ზიანის ანაზღაურების შესახებ დავა;

ა.ი) „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე დავა;

ბ) კერძო საჩივრები;

გ) საჩივრები/სააპელაციო საჩივრები ამ კოდექსის VII1 და VII3−VII14 თავებით გათვალისწინებულ დავებზე;

გ1) საჩივრები/სააპელაციო საჩივრები ამ კოდექსის VII34 თავით გათვალისწინებულ დავაზე;

დ) საჩივრები/სააპელაციო საჩივრები ამ კოდექსის VII18−VII21  თავებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალწარმოებებით განსაზღვრულ დავებზე.

ე) საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული დავა;

ვ) საჩივრები/სააპელაციო საჩივრები ამ კოდექსის VII30−VII33 თავებით გათვალისწინებულ დავებზე.

12. სააპელაციო სასამართლოს შეუძლია საქმე განიხილოს და გადაწყვეტილება მიიღოს ზეპირი მოსმენის გარეშე, თუ:

ა) სააპელაციო საჩივარი ემყარება კანონის დარღვევას და მასში მოთხოვნილია გასაჩივრებული გადაწყვეტილების (განჩინების) მხოლოდ სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმება;

ბ) აშკარაა, რომ სახეზეა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების (განჩინების) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლით (გარდა აღნიშნული მუხლის „ე“ და „ე1“ ქვეპუნქტებისა) განსაზღვრული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები;

გ) მოპასუხემ ცნო სარჩელი.

13. საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესახებ წინასწარ უნდა ეცნობოს მხარეებს. სააპელაციო სასამართლოს გამოაქვს განჩინება საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თარიღის შესახებ.

2. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები მხარეებმა და ამ კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული წესით საქმეში ჩაბმულმა მესამე პირებმა შეიძლება კანონით დადგენილ ვადებში გაასაჩივრონ საკასაციო სასამართლოში.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

31. ამ მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე დასაშვებობის შემოწმების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს.

4. ადმინისტრაციულ საქმეზე საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღებისა და გადაწყვეტილების გამოტანის ვადაა 6 თვე.

5. თუ საკასაციო სასამართლო საკონსულტაციო დასკვნისათვის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართავს, საკონსულტაციო დასკვნის მიღებამდე ამ მუხლის 31 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული ვადების დინება ჩერდება.

საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1800 - სსმI, №37, 14.07.2005წ., მუხ.244

საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5670 - სსმI, №1, 03.01.2008წ., მუხ.2

საქართველოს 2009 წლის 4 დეკემბრის კანონი №2262 - სსმI, №41, 08.12.2009წ., მუხ.306

საქართველოს 2011 წლის 5 მაისის კანონი №4646 - ვებგვერდი, 18.05.2011წ.

საქართველოს 2011 წლის 28  დეკემბრის კანონი №5666 - ვებგვერდი, 12.01.2012წ.

საქართველოს 2015 წლის 29 მაისის კანონი №3667 - ვებგვერდი, 05.06.2015წ.

საქართველოს 2016 წლის 27 აპრილის კანონი №5013 - ვებგვერდი, 13.05.2016წ.

საქართველოს 2017 წლის 8 თებერვლის კანონი №258 - ვებგვერდი, 13.02.2017წ.

საქართველოს 2018 წლის 7 მარტის კანონი №2036 - ვებგვერდი, 29.03.2018წ.

საქართველოს 2020 წლის 16 სექტემბრის კანონი №7127 – ვებგვერდი, 21.09.2020წ.

საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №874 – ვებგვერდი, 07.07.2025წ.

საქართველოს 2025 წლის 2 ივლისის კანონი №931 – ვებგვერდი, 08.07.2025