გაუქმდა და დაუბრუნდა ხელახლა განსახილველად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-45 (კ-26) 21 ივლისი, 2026 წელი,თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე,თამარ ოქროპირიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ი.ო-ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – საქართველოს პრეზიდენტი (მოპასუხე)
მესამე პირი - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.10.2025 წლის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ი.ო-იმა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“) სარჩელი წარადგინა საქართველოს პრეზიდენტის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“ „პრეზიდენტი“) მიმართ და მოითხოვა ბათილად იქნეს ცნობილი მოპასუხის 28.02.2025წ. N41 ბრძანებულება მოსარჩელისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 13.05.2025 წლის საოქმო განჩინებით საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის (შემდეგში სასკ) მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად მესამე პირად ჩაება სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო (შემდეგში „სააგენტო”).
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.05.2025 წლის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.10.2025 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. განჩინება ეფუძნება შემდეგს:
5.1. სააპელაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს არსებობდა თუ არა მოსარჩელისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის კანონით გათვალისწინებული საფუძველი.
5.2. ,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ’’ ორგანული კანონის მე-19 მუხლით, საქართველოს მოქალაქეს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდება: ა) საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლით; ბ) საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვით; გ) ამ კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში. ამავე კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქე დაკარგავს საქართველოს მოქალაქეობას, თუ მოიპოვებს სხვა ქვეყნის მოქალაქეობას, გარდა ამ კანონის 211 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა.
5.3. მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 04.09.2018 წლის №2 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ დებულების“ 38-ე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის შესახებ კომპეტენტური ორგანოები სააგენტოს მიმართავენ წარდგინებით. ამავე დებულების 39-ე მუხლის მე-2 პუნქტით, თუ სააგენტოსათვის კომპეტენტური ორგანოების წარდგინების გარეშე ცნობილი გახდება პირის მიერ საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძვლების არსებობა, იგი დადგენილი წესით განიხილავს მოქალაქეობის დაკარგვის საკითხს და დასკვნას წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს.
5.4. სააგენტოს მიერ 25.02.2025 წელს მიღებულ იქნა დასკვნა N 1001014078, რომლითაც დადგინდა, რომ მოსარჩელის მიმართ არსებობდა ,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ‘’ ორგანული კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძველი. სააგენტომ ამავე კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად, დააკმაყოფილა 07.02.2025 წლის N1001014078 განცხადება/წარდგინება საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული დასკვნა მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია.
5.5. საქართველოს პრეზიდენტის 28.02.2025 წლის ბრძანებულებით მოსარჩელეს ,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ’’ ორგანული კანონის მე-19 მუხლის “ბ” ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და 25-ე მუხლის შესაბამისად, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებასთან დაკავშირებით შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა.
5.6. სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ როგორც სააგენტოს 25.02.2025 წლის N1001014078 დასკვნით დადგინდა, მოსარჩელის მიმართ არსებობდა საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძველი. სააპელაციო სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას გამოცხადებულმა მოსარჩელემ განმარტა, რომ აღნიშნულის თაობაზე მან მიიღო შეტყობინება, თუმცა ქართული ენის არცოდნის გამო, ვერ გაეცნო მის შინაარსს და, შესაბამისად, მოკლებული იყო შესაძლებლობას, სადავოდ გაეხადა მითითებული აქტის კანონიერება.
5.7. სასამართლოს განმარტებით, დასტურდება, რომ სააგენტოს 25.02.2025 წლის N1001014078 დასკვნა მიღებულ იქნა მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 04.09.2018 წლის №2 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ დებულების” შესაბამისად, რაც შემდგომში გახდა საქართველოს პრეზიდენტის 28.02.2025 წლის N41 ბრძანებულების გამოცემის საფუძველი. ამდენად, სააპელაციო პალატა უსაფუძვლობის გამო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის პოზიციას აღნიშნული დასკვნის გასაჩივრების შეუძლებლობის შესახებ. მით უფრო არარელევანტურია მხარის მითითება იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების საკითხის განხილვისას ადმინისტრაციულ ორგანოს მხედველობაში არ მიუღია მოსარჩელის სამართლებრივი კავშირები საქართველოსთან, როგორიცაა: შვილების საქართველოს მოქალაქეობა, საქართველოში უძრავი ქონების ფლობა და ა.შ., რამდენადაც განსახილველი დავის ფარგლებში შესაფასებელ საკითხს წარმოადგენს არა საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე უარის თქმის კანონიერება, არამედ - საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის კანონიერება, შესაბამისად, ზემომოხმობილი გარემოებები ვერ იქონიებს გავლენას პრეზიდენტის 28.02.2025 წლის N41 ბრძანებულების საფუძვლიანობასთან მიმართებით.
5.8. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს და აღნიშნავს, რომ იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელეს მოპოვებული აქვს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობა, ამავდროულად, არ არსებობს ,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ‘’ ორგანული კანონის 211 მუხლით გათვალისწინებული წინაპირობა, სააგენტოს დასკვნა კი მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია, პრეზიდენტის მიერ აღნიშნული დასკვნისა და საქმის მასალების ერთობლიობაში შეფასებით მოსარჩელისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის გადაწყვეტილების მიღება კანონიერია და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:
6. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ და მოითხოვა მისი გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებით, სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე სასამართლოს განჩინებით საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობა, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ იგი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:
8. სასკ-ის პირველი მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) დებულებანი.
9. სსსკ-ის 412-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
10. საქართველოს მოქალაქეობა არის საქართველოსთან პირის განსაკუთრებული პოლიტიკური, სამართლებრივი და სოციალურ-კულტურული კავშირი. იგი არის ქართულ სახელმწიფოსა და საზოგადოებაში ინდივიდის სრულყოფილი ინტეგრაციის ერთგვარი გამოხატულება (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 07.03.2025 წლის გადაწყვეტილება, საქმე №3/3/1601, II-17). ცალკეულ სამართლებრივ ურთიერთობებში საქართველოს მოქალაქის უფლებრივი მდგომარეობა განსხვავდება უცხოელის მდგომარეობისაგან, რაც განპირობებულია ამ ურთიერთობისა და თავად მოქალაქეობის ბუნებით. საქართველოს კონსტიტუციის რიგი დებულებები მიუთითებს, რომ ესა თუ ის უფლება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს ეკუთვნით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 07.12.2018 წლის გადაწყვეტილება, საქმე №2/9/810,927, II-10).
11. მართალია, მოქალაქეობის უფლება, როგორც ასეთი, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციით არ არის გარანტირებული (Usmanov v. Russia, 22.12.2020, №43936/18, §53), თუმცა გარკვეული გარემოებების არსებობისას მოქალაქეობაზე თვითნებურად უარის თქმამ შესაძლოა გამოიწვიოს კონვენციის მე-8 მუხლით დაცულ უფლებაში ჩარევა (შდრ. Genoveze v. Malta, 11.10.2011, №53124/09, §30).
12. „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანული კანონის (შემდეგში „ორგანული კანონი“) პირველი მუხლის თანახმად, ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოს მოქალაქეობის ძირითად პრინციპებს, ადგენს საქართველოს მოქალაქეების სამართლებრივ მდგომარეობას და საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებისა და შეწყვეტის საფუძვლებს.
13. ორგანული კანონის მე-19 მუხლი ადგენს საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის სახეებს, კერძოდ, საქართველოს მოქალაქეს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდება: ა) საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლით; ბ) საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვით; გ) ამ კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში. ამავე კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით, საქართველოს მოქალაქე დაკარგავს საქართველოს მოქალაქეობას, თუ მოიპოვებს სხვა ქვეყნის მოქალაქეობას, გარდა ამ კანონის 211 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა.
14. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების საფუძვლით, კერძოდ, სააგენტოს 25.02.2025 წლის N 1001014078 დასკვნით დადგინდა, რომ მოსარჩელის მიმართ არსებობდა ორგანული კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძველი. სააგენტომ დააკმაყოფილა 07.02.2025 წლის N1001014078 განცხადება/წარდგინება და დაასკვნა მოსარჩელისათვის საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძვლით საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა (ს.ფ. 85,86). აღნიშნული დასკვნა გადაეგზავნა საქართველოს პრეზიდენტს (ს.ფ. 84). საქართველოს პრეზიდენტის 28.02.2025 წლის ბრძანებულებით მოსარჩელეს ორგანული კანონის მე-19 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და 25-ე მუხლის შესაბამისად, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებასთან დაკავშირებით შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა (ს.ფ. 41).
15. გასაჩივრებული განჩინება ემყარება იმ დასაბუთებას, რომ მოსარჩელეს მოპოვებული აქვს სხვა ქვეყნის მოქალაქეობა და მას სარჩელით სადავოდ არ გაუხდია სააგენტოს 25.02.2025 წლის N 1001014078 დასკვნა, რომლითაც დადგინდა, რომ მოსარჩელის მიმართ არსებობდა ორგანული კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძველი. სააპელაციო სასამართლომ ასევე განმარტა, რომ მისთვის წინამდებარე დავის ფარგლებში შესაფასებელ საკითხს წარმოადგენს არა საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე უარის თქმის, არამედ მოქალაქეობის შეწყვეტის კანონიერება.
16. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოქალაქეობის საკითხების გადაწყვეტის უფლებამოსილება საქართველოს პრეზიდენტს საქართველოს კონსტიტუციით აქვს მინიჭებული. საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტი ორგანული კანონით დადგენილი წესით წყვეტს მოქალაქეობის საკითხებს. აღნიშნული ნორმა კიდევ უფრო დაკონკრეტებულია ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველ პუნქტში, რომლის თანახმად, საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების, შენარჩუნების, მინიჭებაზე უარის თქმის ან შეწყვეტის საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პრეზიდენტი (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 07.03.2025 წლის №3/3/1601 გადაწყვეტილება, II-27,29). მოსარჩელის მიერ 13.03.2025 წელს სასამართლოში წარდგენილია სარჩელი საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ პრეზიდენტის 28.02.2025 წლის ბრძანებულების ბათილად ცნობის მოთხოვნით.
17. ორგანული კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ საქართველოს მოქალაქე დაკარგავს საქართველოს მოქალაქეობას, თუ მოიპოვებს სხვა ქვეყნის მოქალაქეობას, გარდა ამ კანონის 211 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა (სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება). შესაბამისად, მოქალაქეობის შენარჩუნება გამორიცხავს ამ საფუძვლით მოქალაქეობის დაკარგვას.
18. ორგანული კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, საქართველოს მოქალაქე იმავდროულად შეიძლება იყოს სხვა ქვეყნის მოქალაქე მხოლოდ ამ კანონის მე-17 და 211 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში. ორგანული კანონის 211 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით, საქართველოს მოქალაქე შეინარჩუნებს საქართველოს მოქალაქეობას, თუ იგი სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებამდე საქართველოს სახელმწიფოსგან მიიღებს თანხმობას საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე თანხმობა გაიცემა, თუ საქართველოს მოქალაქის საქართველოსთან კავშირი სარწმუნოდ იქნება მიჩნეული. მითითებული სამართლებრივი დანაწესების ანალიზი ცხადყოფს, რომ სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვება საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძველია, თუმცა გამონაკლისის სახით არსებობს საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების შესაძლებლობა იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მოქალაქის საქართველოსთან კავშირი სარწმუნოდ იქნება მიჩნეული (შდრ. სუსგ №ბს-534 (კ-25), 23.07.2025წ.).
19. ორგანული კანონის 322 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად (29.11.2024 წელს - მოსარჩელის მიერ საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების შესახებ განცხადების წარდგენის დროს მოქმედი რედაქციით), საქართველოს მოქალაქეს, რომლის მიმართაც 2018 წლის 15 აგვისტომდე არ ყოფილა მიღებული გადაწყვეტილება სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების გამო საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის შესახებ, უფლება აქვს, 31.12.2024 წლამდე მიმართოს სააგენტოს საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების მოთხოვნით.
20. განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დგინდება, რომ მოსარჩელემ 29.11.2024 წელს, ანუ პრეზიდენტის 28.02.2025 წლის ბრძანებულებით საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტამდე, მიმართა სააგენტოს განცხადებით სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების შესახებ (ს.ფ. 62-65). ამდენად, მოსარჩელემ ისარგებლა მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებით და ორგანული კანონის 322 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების მოთხოვნით მიმართა უფლებამოსილ ორგანოს, რაც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოქალაქეობის შენარჩუნების საფუძვლების არსებობა/არარსებობის საკითხის არსებითად განხილვის საფუძველია (შდრ. სუსგ Nბს-319 (კ-23), 13.05.2024 წ.).
21. რაც შეეხება საქართველოსთან სარწმუნო კავშირის არსებობას, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოქალაქის საქართველოსთან სამომავლო კავშირის სარწმუნოების შემოწმება კომპლექსური პროცესია და კანონმდებლობაში ჩამოთვლილი კრიტერიუმები არ არის ამომწურავი, თუმცა მათი სრული ან ნაწილობრივი დაკმაყოფილება დადებითი დასკვნის გაცემის წინაპირობას იძლევა (სუსგ №ბს-978(კ-23), 19.12.2023წ.). მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 04.09.2018 წლის №2 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ დებულების“ მე-40 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე თანხმობა გაიცემა, თუ საქართველოს მოქალაქის საქართველოსთან კავშირი სარწმუნოდ იქნება მიჩნეული. საქართველოს მოქალაქის საქართველოსთან კავშირის სარწმუნოდ მიჩნევისას კომისიამ, სხვა გარემოებებს შორის შეიძლება მხედველობაში მიიღოს: ა) ბიოგრაფიული ცნობები, რომლებიც იძლევა საქართველოს სახელმწიფოსთან პირის კავშირის შეფასების შესაძლებლობას; ბ) საქართველოში უძრავი ქონების ფლობა; გ) საქართველოში საქმიანობა; დ) ოჯახის წევრების სამართლებრივი კავშირი საქართველოსთან.
22. საქმეში წარმოდგენილი მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 13.01.2025 წლის სხდომის ოქმის თანახმად, კომისიამ ორგანული კანონის 211 მუხლით გათვალისწინებული პირობის დადგენის მიზნით გადაწყვიტა გასაუბრებაზე დაებარებინა მოსარჩელე (ს.ფ. 78,79). მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 07.02.2025 წლის N1979 სხდომის ოქმში აღნიშნულია, რომ მოსარჩელე არ გამოცხადდა კომისიის სხდომაზე და კომისიამ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიმართ არ არსებობდა ორგანული კანონის 211 მუხლით გათვალისწინებული პირობა, აქვე მიეთითა, რომ სააგენტომ მოქალაქეობის საკითხთა კომისიის ოქმის საფუძველზე მოამზადოს უარყოფითი დასკვნა (ს.ფ. 80,81).
23. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ თავად სააგენტოს დასკვნა, რომელსაც სააგენტო ამზადებს ორგანული კანონის 24-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მოქალაქეობის საკითხთა კომისიის ოქმის საფუძველზე და ამავე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად უგზავნის საქართველოს პრეზიდენტს, საქმეში განთავსებულ ადმინისტრაციული წარმოების მასალებში წარმოდგენილი არ არის. შესაბამისად, უცნობია მოქალაქეობის შენარჩუნების შესახებ მოსარჩელის განცხადებასთან მიმართებაში სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება და მისი თარიღი. აღნიშნული საკითხები განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ როგორც მოსარჩელემ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას განმარტა, იგი ინფორმირებული არ იყო მოქალაქეობის შენარჩუნების საკითხზე გამართული კომისიის სხდომის თაობაზე, მან მხოლოდ 2025 წლის 27 თებერვალს შეიტყო აღნიშნულ საკითხზე მიღებული უარყოფითი გადაწყვეტილების (დასკვნის) შესახებ და წარადგინა კიდეც სარჩელი (სააპელაციო სასამართლოს 22.10.2025 წლის სხდომის ოქმი, 12:50:28).
24. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს მასზე, რომ წინამდებარე 13.03.2025 წელს აღძრულ სარჩელში, რომლითაც მოსარჩელე ითხოვს საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ პრეზიდენტის 28.02.2025 წლის ბრძანებულების ბათილად ცნობას, მოსარჩელე იმთავითვე უთითებდა საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების წინაპირობის არსებობაზე და საქართველოსთან კავშირის სარწმუნოდ მიჩნევის მიზნებისთვის დეტალურად აღწერდა გარემოებებს, რომლებიც მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 04.09.2018 წლის №2 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ დებულების“ მე-40 მუხლის მე-2 პუნქტიდან გამომდინარე, საქართველოს მოქალაქის საქართველოსთან კავშირის სარწმუნოდ მიჩნევისას მხედველობაში მიიღება, კერძოდ, მოსარჩელე მხარე უთითებდა ბიოგრაფიულ ცნობებს, რომლებიც იძლეოდა საქართველოს სახელმწიფოსთან მისი კავშირის შეფასების შესაძლებლობას, განმარტავდა, რომ იგი საქართველოში ფლობს უძრავ ქონებას, საქმიანობს საქართველოში (დააფუძნა სამეწარმეო საზოგადოება) და მისი ოჯახის წევრები (შვილები, მშობლები, და-ძმა) საქართველოს მოქალაქეები არიან (იხ, სარჩელი, ს.ფ. 2-11). მოსარჩელემ შესაბამისი მტკიცებულებები სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე წარადგინა და დაერთო საქმეს (ს.ფ. 99-105). ამდენად, საქმის მასალებით ცალსახად დგინდება, რომ მოსარჩელის იურიდიული ინტერესი, სარჩელის წარდგენის მომენტიდან მთელი სამართალწარმოების განმავლობაში, უკავშირდებოდა საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებას.
25. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელეს აქვს საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების იურიდიული ინტერესი, არ გამოირიცხება მისი მხრიდან არც მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებით სარგებლობა (შდრ. სუსგ Nბს-319 (კ-23), 13.05.2024წ.). შესაბამისი დასკვნის კანონიერების შემოწმებისას შენარჩუნების წინაპირობების დადასტურების შემთხვევაში, თავის მხრივ, კანონისმიერი საფუძველი ეცლება სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების გამო საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტას.
26. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სასკ-ის 281 მუხლზე, რომლის თანახმად, სასამართლო არ არის უფლებამოსილი, გასცდეს სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს, მაგრამ იგი არ არის შებოჭილი სასარჩელო მოთხოვნის ფორმულირებით. პროცესის დაჩქარების მიზნით, მოსამართლეს შეუძლია, დაეხმაროს მხარეს მოთხოვნის ტრანსფორმირებაში. როგორც საკასაციო სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე განმარტა, სასკ-ის 281 მუხლის თანახმად, მხარისათვის მოთხოვნის ტრანსფორმირებაში დახმარების გაწევა ადმინისტრაციული დავის განმხილველი სასამართლოს ვალდებულებაა. სასამართლო არ არის უფლებამოსილი გასცდეს სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს, თუმცა ადმინისტრაციულ-სამართლებრივ ურთიერთობათა სფეროში წარმოშობილი დავების სპეციფიკური ხასიათიდან გამომდინარე, პროცესის ეკონომიისა და დაჩქარების მოსაზრებებიდან გამომდინარე, სასამართლო არ არის შებოჭილი სასარჩელო მოთხოვნის ფორმულირებით, რაც ადმინისტრაციულ პროცესში შეჯიბრებითობისა და ინკვიზიციურობის პრინციპების შეჯერების ერთ-ერთი გამოვლინებაა (სუსგ Nბს-294-294(კ-18), 09.12.2019წ.). საკასაციო სასამართლოს მითითებით, მაშინ როდესაც მხარე პროცესუალურად სწორად ვერ აყალიბებს თავის მოთხოვნას პროცესის დისპოზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით, მოსამართლემ სარჩელის ტრანსფორმირებისას სწორად უნდა დაადგინოს მოსარჩელის იურიდიული ინტერესი – რა უფლების აღსადგენად მიმართა მან სასამართლოს და რა არის მისი საბოლოო ინტერესი. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, პროცესუალური უფლებები და მატერიალური მოთხოვნები არ უნდა იქნეს უარყოფილი მოსარჩელის გამოუცდელობის გამო, არამედ სასამართლოს შეუძლია ხელი შეუწყოს მოთხოვნის სწორად ფორმულირებას (სუსგ Nბს-969-965(კ-17), 17.05.2018წ.; შდრ. სუსგ Nბს-22(კ-23), 27.11.2023წ.).
მოთხოვნის ტრანსფორმირების ექსკლუზიური უფლებით სასამართლოს აღჭურვა წარმოადგენს იმის დადასტურებას, რომ სასამართლოს მოსარჩელის რეალური, ნამდვილი იურიდიული ინტერესის ამოკითხვისა და მასთან მისადაგებული შინაარსით სასარჩელო მოთხოვნის განსაზღვრის უპირატესი შესაძლებლობა გააჩნია (სუსგ Nბს-647(კ-24), 24.12.2024წ.).
27. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მართლმსაჯულება უნდა პასუხობდეს სამართლიანობის მოთხოვნებს და უზრუნველყოფდეს უფლებებში ეფექტურ აღდგენას. სასამართლო დაცვა უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ პირის შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს, არამედ - სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება (სუსგ Nბს-130(კ-23), 20.03.2025წ.). საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ქვემდგომი სასამართლოების მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელე სადავოდ არ ხდიდა სააგენტოს მიერ მოქალაქეობის შენარჩუნების თუ შეწყვეტის საკითხთან დაკავშირებით მიღებულ დასკვნებს და მის ერთადერთ სასარჩელო მოთხოვნას საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების ბათილად ცნობა წარმოადგენდა. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ აღნიშნულ საკითხს ქვედა ინსტანციის სასამართლოები ფორმალურად მიუდგნენ. სასამართლოს მხედველობაში უნდა მიეღო, რომ მოსარჩელის მიერ ჩამოყალიბებული სასარჩელო მოთხოვნა არ შეესაბამებოდა სარჩელის შინაარსსა და მოსარჩელის იურიდიულ ინტერესს. სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა მოსარჩელის მოთხოვნის მიზანი, სარჩელის შინაარსი, ის სამართლებრივი შედეგი, რისი დადგომაც სურდა მას და მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, სასკ-ის 281 მუხლის საფუძველზე მოსარჩელისათვის უნდა მიეცა სასარჩელო მოთხოვნის ტრანსფორმირების შესაძლებლობა. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ არ გამოიყენა ის შესაძლებლობები და მექანიზმები, რასაც მას კანონმდებლობა ანიჭებს. იგი ფორმალურად მიუდგა სადავო საკითხს და დავის საგანი არსებითი განხილვის გარეშე დატოვა. სასკ-ის 281-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილების დაუცველობის პირობებში დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს განჩინება, იგნორირებულია დავის საგანი და მოსარჩელის ინტერესი, რაც საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოში დაბრუნების საფუძველს წარმოადგენს (სუსგ Nბს-969-965 (კ-17), 17.05.2018წ.).
28. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება არ არის სათანადოდ დასაბუთებული, სასამართლომ სრულყოფილად არ გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არ მისცა მათ შესაბამისი სამართლებრივი შეფასება, გადაწყვეტილება არ შეიცავს მსჯელობას დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებზე, რაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და სსსკ-ის 412-ე მუხლის საფუძველზე საქმის ხელახალი განხილვისათვის იმავე სასამართლოსათვის დაბრუნების პირობაა.
29. საქმის ხელახლა განხილვისას სააპელაციო სასამართლომ უნდა გამოიყენოს მისთვის სასკ-ის 281 მუხლით განსაზღვრული უფლებამოსილება და დაეხმაროს მოსარჩელეს სასარჩელო მოთხოვნის სათანადოდ ფორმულირებაში, ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით (სასკ-ის მე-4, მე-19 მუხლები) ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით, შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები, იმსჯელოს სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობაზე და საკასაციო სასამართლოს მითითებების გათვალისწინებით უნდა მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება. საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.10.2025 წლის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
30. სსსკ-ის 53-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით. ვინაიდან მოცემული საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა ქვემდგომ სასამართლოს, პროცესის ხარჯების საკითხი უნდა გადაწყდეს შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანისას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სასკ-ის პირველი მუხლით, სსსკ-ის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი.ო-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.10.2025 წლის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე
თამარ ოქროპირიძე