გაუქმდა და დაუბრუნდა ხელახლა განსახილველად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-274(კ-25) 14 ივლისი, 2026 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - ...ის რაიონული პროკურატურა
პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - ე.უ-ე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - მორალური ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
ე.უ-ემ 2022 წლის 08 თებერვალს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - ...ის რაიონული პროკურატურის მიმართ, რომლითაც მოითხოვა მოპასუხისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ 3 000 ლარის ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრება.
მოსარჩელის განმარტებით, მისი მეუღლე - დ.უ-ე 2013 წლის 27 ივნისს შპს „ ...-ში“ მკურნალი ექიმების - დ.ლ-ისა და ხ.ხ-ის სამედიცინო შეცდომის შედეგად გარდაიცვალა. მისი განცხადების საფუძველზე ...ის რაიონულმა პროკურატურამ 2014 წელს დაიწყო გამოძიება, თუმცა იგი უსაფუძვლოდ გაჭიანურდა. მოსარჩელე ...ის რაიონული პროკურორის 2019 წლის 23 მაისის დადგენილების საფუძველზე ცნობილ იქნა დაზარალებულის უფლებამონაცვლედ. გამოძიების დაწყებიდან გასულია შვიდ წელზე მეტი, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება საქმეზე არ არის მიღებული. საქმის უსაფუძვლოდ გაჭიანურების გამო ზეპირი თუ წერილობითი საჩივრით არაერთხელ მიმართა როგორც ...ის რაიონულ პროკურატურას, ასევე, საქართველოს გენერალურ პროკურატურას, თუმცა უშედეგოდ. ე.უ-ემ მიიჩნია, რომ 7 წლის განმავლობაში საქმეზე წინასწარი გამოძიების დაუმთავრებლობა სცდებოდა გონივრულ ვადას, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც გაურკვეველი იყო თუ რა დრომდე გაგრძელდებოდა გამოძიება.
მოსარჩელის მოსაზრებით, საქმის უსასრულოდ გაჭიანურების გამო შეიზღუდა მისი ინტერესები, განიცადა სულიერი ტკივილი, რამაც გამოიწვია მისი ფიზიკური დაუძლურება, რის შედეგადაც მიადგა მორალური ზიანი, რომელშიც ბრალი ქ. თბილისის ...ის რაიონულ პროკურატურას მიუძღვის - მისი ბრალეული ქმედება გამოიხატა საქმეზე გამოძიების უსაფუძვლოდ გაჭიანურებასა და დამნაშავე პირების სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიუცემლობაში. შესაბამისად, მოითხოვა მორალური ზიანის - 3 000 ლარის ოდენობით ანაზღაურება, მიღებული გადაწყვეტილებით კი იმედოვნებდა ...ის რაიონული პროკურატურის შემდგომ ქმედებებზე ზეგავლენის მოხდენას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილებით ე.უ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დ.უ-ე 2013 წლის 27 ივნისს გარდაიცვალა შპს „...-ში“, სადაც დაგეგმილი იყო ოპერაცია. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს გადაწყვეტილებით შპს „...-ის“ ექიმს - ხ.ხ-ეს შეუჩერდა სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება ერთი თვის ვადით, ხოლო ექიმ დ.ლ-ეს მიეცა წერილობითი გაფრთხილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 04 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს „...-ს, დ.ლ-ესა და ხ.ხ-ეს ე.უ-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ მორალური ზიანის სახით - 5000 ლარის გადახდა.
ე.უ-ის 2014 წლის 31 ივლისის განცხადების საფუძველზე, ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ...ის სამმართველოს მე-... განყოფილებაში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის №004310714006 საქმეზე, დ.უ-ის სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასამართლოსადმი მიმართვის დროს არ იყო დასრულებული. თბილისის ...ის რაიონული პროკურატურის პროკურორის 2019 წლის 23 მაისის დადგენილებით, ე.უ-ე ცნობილ იქნა დაზარალებულის უფლებამონაცვლედ.
პირველი ინსტანციის სასამართლომ საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე, საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 31.07.2015წ. №23/630 და 07.12.2009წ. №2/3/423 გადაწყვეტილებებზე, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-208-ე მუხლებზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე, 992-ე და 413-ე მუხლებზე დაყრდნობით აღნიშნა, რომ მოსარჩელე მორალური ზიანის ანაზღაურებას ქ. თბილისის ...ის რაიონული პროკურატურის მიერ მასზე დაკისრებული მოვალეობის არაჯეროვანი შესრულების გამო ითხოვდა, რაც გამოიხატა გამოძიების უსაფუძვლო გაჭიანურებასა და გარდაცვლილი მეუღლის მკურნალი ექიმების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაუწყებლობაში. თუმცა, პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებით, მოსარჩელეს არ წარმოუდგენია მოპასუხედ დასახელებული ადმინისტრაციული ორგანოს თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს უკანონო ქმედების ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომელიც წარმოშობდა მორალური ზიანის ანაზღაურების საფუძველს. სასამართლოს განმარტებით, გამოძიების შედეგად დაინტერესებული პირისთვის სასურველი შედეგის მიუღწევლობა არ ნიშნავდა გამოძიების ჩაუტარებლობას ან/და კანონით დადგენილი წესების დარღვევით ჩატარებას, აღნიშნული უნდა დადგენილიყო ობიექტურ გარემოებებზე დაყრდნობით და დაუშვებელი იყო პირის სუბიექტური მოსაზრებებით შეფასება.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-12 და მე-16 მუხლებზე, საქართველოს კონსტიტუციის 65-ე მუხლზე, „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-4 და მე-6 მუხლებზე, და განმარტა, რომ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით საქმის განხილვის ფარგლებში, ადმინისტრაციული სასამართლოს კონტროლის უფლებამოსილება ვერ გავრცელდებოდა პროკურატურის კონსტიტუციური უფლებამოსილების განხორციელების კანონიერებაზე, რაც სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით წესრიგდებოდა. ადმინისტრაციული სასამართლო ადმინისტრაციული სამართალწარმოების ფარგლებში ვერ შეაფასებდა სისხლისსამართლებრივ დევნასთან დაკავშირებული ქმედებების კანონიერებას, რისი დადგენის გარეშეც ვერ იმსჯელებდა ზიანის ანაზღაურებაზე. ზიანის ანაზღაურების ერთ-ერთ სავალდებულო წინაპირობას კი ზიანის მიმყენებელი სუბიექტის მართლსაწინააღმდეგო ქმედება წარმოადგენდა, მოსარჩელე ზიანის მიმყენებელ ქმედებად ასახელებდა პროკურატურის მიერ საქმის გაჭიანურებასა და უმოქმედობას (სისხლისსამართლებრივი დევნის დაუწყებლობას) საგამოძიებო საქმიანობის ფარგლებში, რომლის კანონიერების შესწავლაც სცდებოდა განსახილველი დავის ფარგლებს, რამდენადაც გამოძიების ფარგლებში მიღებული საპროცესო აქტების უკანონობა მხოლოდ შესაბამისი წესით - სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული პროცედურების დაცვით შესაბამისი ორგანოს მიერ შეიძლებოდა დადგენილიყო.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ არ დასტურდებოდა ზიანის ანაზღაურებისთვის აუცილებელი წინაპირობის არსებობა - ...ის რაიონული პროკურატურის ქმედების მართლწინააღმდეგობა, რაც გამორიცხავდა მორალური ზიანის ანაზღაურების ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, ე.უ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ე.უ-ის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 13 ნოემბრის განჩინებით ე.უ-ის სააპელაციო საჩივარზე დადგინდა ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა, რომლის შესახებაც ე.უ-ემ 2024 წლის 29 ნოემბერს განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა საქმის ზეპირი მოსმენით განხილვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილებით ე.უ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ე.უ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხე ...ის რაიონულ პროკურატურას მოსარჩელე ე.უ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 3 000 (სამი ათასი) ლარის ანაზღაურება.
საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვასთან დაკავშირებით სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა ე.უ-ის განცხადებაზე და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის 12 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე მითითებით აღნიშნა, რომ იგი უფლებამოსილი იყო საქმე განეხილა და გადაწყვეტილება მიეღო ზეპირი მოსმენის გარეშე, რადგანაც სააპელაციო საჩივარი ემყარებოდა კანონის დარღვევას და მასში მოთხოვნილი იყო გასაჩივრებული გადაწყვეტილების მხოლოდ სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმება. პალატამ დამატებით მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 30 მაისის განჩინებაზე (საქმე №ბს-217(კ-21)), რომლის საფუძველზეც განმარტა, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც საქმის განხილვა უკავშირდებოდა ფორმალურ-სამართლებრივი საკითხების დადგენას, ნაკლები იყო ზეპირი მოსმენის გამართვის ინტერესი. აღნიშნულ შემთხვევაში მოქმედებდა პრინციპი „jura novit curia“ („სასამართლომ იცის კანონი“) და მხარეების მიერ სამართლებრივ გარემოებებზე მითითებას მხოლოდ დამხმარე ფუნქცია გააჩნდა. ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობდა სააპელაციო საჩივრის ზეპირი მოსმენით განხილვის საჭიროება.
სააპელაციო პალატამ საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-208-ე მუხლებზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005.1 მუხლზე დაყრდნობით განმარტა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს ან თანამდებობის პირის მიერ პირისთვის მართლსაწინააღმდეგოდ მიყენებული ზიანის უპირობო ვალდებულება დადგენილი იყო საქართველოს კონსტიტუციითა და საკანონმდებლო აქტებით.
პალატამ დამატებით განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-10 მუხლითა და ადამიანის უფლებების და ძირითადი თავისუფლებების დაცვის ევროპული კონვენციის მე-2 მუხლით გარანტირებული სიცოცხლის უფლების დაცული სფერო მოიცავდა როგორც მატერიალურ ასპექტებს ადამიანის სიცოცხლის დაცვასთან დაკავშირებით, ასევე პროცედურულ ნაწილს ხელყოფილი სიცოცხლის გამომწვევი მიზეზების ეფექტურ გამოძიებასთან, პასუხისმგებელი პირების გამოვლენასთან და პასუხისგებაში მიცემასთან დაკავშირებით, რაც ასევე სახელმწიფოს პასუხისმგებლობას წარმოადგენდა. შესაბამისად, ადამიანის გარდაცვალებასთან დაკავშირებული საქმის გამოძიების არაგონივრულად, უსაფუძვლოდ გაჭიანურება, მიუხედავად გამოძიების შედეგისა, თავისთავად წარმოადგენდა სიცოცხლის უფლებით დაცულ სფეროში არამართლზომიერ ჩარევას, ამ უფლებით დაცული პროცედურული გარანტიების დარღვევის გამო, რამდენადაც მხოლოდ დროული, დამაჯერებელი და ეფექტური გამოძიება უზრუნველყოფდა ამ გამოძიების მიმართ საზოგადოების ნდობას.
სააპელაციო პალატამ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე მითითებით აღნიშნა, რომ ეფექტური გამოძიების წარმართვის ვალდებულების საკითხი უკანონო ან საეჭვო გარდაცვალებისას კარგად არის გამოკვეთილი სასამართლოს პრეცედენტულ პრაქტიკაში. იმისათვის, რომ კონვენციის მე-2 მუხლის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოვიდეს, გამოძიება უნდა იყოს ეფექტური იმ გაგებით, რომ დაადგინოს სათანადო ფაქტები და გამოავლინოს და დასაჯოს პასუხისმგებელი პირები.
ეს ვალდებულება მიმართულია არა შედეგის, არამედ საშუალებისკენ. გარდაცვალებაზე პასუხისმგებელ პირთა გამოვლენა და დასჯა და მომჩივნის ხელთ სამართლებრივი დაცვის საკომპენსაციო საშუალებების არსებობა წარმოადგენს რა მნიშვნელოვან კრიტერიუმს იმის შესაფასებლად, შეასრულა, თუ არა სახელმწიფომ თავისი ვალდებულებები მე-2 მუხლის ფარგლებში. უკვე მნიშვნელოვანი რაოდენობის საქმეებს შორის, რაც სასამართლოს წარედგინა, დარღვევის დადგენა მნიშვნელოვანწილად იყო დამოკიდებული საქმეების განხილვის დაუსაბუთებელ გაჭიანურებაზე და განხილვისას ხელისუფლების მხრიდან გულისხმიერების არასათანადოდ გამოვლენაზე, მიუხედავად იმისა, თუ როგორი იყო საბოლოო შედეგი ხსენებულ საქმეებზე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები: ვაზაგაშვილი და შანავა საქართველოს წინააღმდეგ 18.07.2019წ.; ელიბაშვილი საქართველოს წინააღმდეგ 22.02.2024წ.; ქაძანაია საქართველოს წინააღმდეგ 21.03.2024წ.; საყვარელიძე საქართველოს წინააღმდეგ 06.02.2020წ. და სხვ.).
პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, ასევე განმარტება იმის შესახებ, რომ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით საქმის განხილვის ფარგლებში, ადმინისტრაციული სასამართლოს კონტროლის უფლებამოსილება ვერ გავრცელდებოდა პროკურატურის კონსტიტუციური უფლებამოსილების განხორციელების კანონიერებაზე, რაც სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით იყო მოწესრიგებული, თუმცა პალატის მოსაზრებით, ის გარემოება, რომ გამოძიება 2014 წლიდან მიმდინარეობდა დ.უ-ის სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის ფაქტზე და წარმოება არ იყო დასრულებული, წარმოადგენდა მორალური ზიანის ანაზღაურების საფუძველს, რაც ადმინისტრაციული სამართალწარმოების ფარგლებში ექვემდებარებოდა შეფასებას.
დასახელებული გარემოებებისა და სასამართლო პრაქტიკის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რა შედეგით დასრულდებოდა სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება, 10 წელი უშედეგოდ მიმდინარე გამოძიებით, მოსარჩელეს მიადგა მორალური ზიანი მისი მეუღლის სიცოცხლის უფლების ხელყოფის დროული გამოძიების არარსებობით, შესაბამისად, სარჩელი დასაბუთებულად მიიჩნია. პალატის მოსაზრებით, უსაფუძვლოდ გაჭიანურებული და არაეფექტური გამოძიება წარმოადგენდა სიცოცხლის უფლებით დაცული სფეროს დარღვევას პროცედურულ ნაწილში, იგი ზიანის ანაზღაურების თვალსაზრისით განხილული უნდა ყოფილიყო დაზარალებულის გარდაცვალების გამო ზიანის ანაზღაურების კანონით დადგენილი წესის შესაბამისად მიუხედავად იმისა, რომ კანონით პირდაპირ არ იყო გათვალისწინებული პირის გარდაცვალებასთან დაკავშირებული გამოძიების გაჭიანურების გამო მორალური ზიანის ანაზღაურების ვალდებულება.
ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მართებული იყო მოსარჩელის მოთხოვნა 2014 წლიდან დღემდე გაჭიანურებული სისხლისსამართლებრივი საქმის წარმოებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე და ეს ზიანი უნდა დაკისრებოდა ...ის რაიონულ პროკურატურას, იმ ორგანოს, რომელიც იძიებდა სისხლის სამართლის საქმეს. მითითებული ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურება შეესაბამებოდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის მოთხოვნებსა და მიზნებს, იყო გონივრული და სამართლიანი, რაც ქმნიდა სარჩელის სრულად დაკმაყოფილების საფუძველს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა ...ის რაიონული პროკურატურის მიერ.
კასატორის, ...ის რაიონული პროკურატურის წარმომადგენელი არ ეთანხმება სააპელაციო პალატის გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება არის უკანონო და ექვემდებარება გაუქმებას. კასატორის წარმომადგენელი პირველ რიგში უთითებს სახელმწიფოს ან საჯარო მოსამსახურის მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურების მომწესრიგებელ ნორმებზე - საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე და 207-ე მუხლებზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლზე, ამავე კოდექსის მე-18 მუხლზე, 991-ე მუხლსა და 1005-ე მუხლის პირველ ნაწილებზე, ასევე უთითებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლზე და აღნიშნავს, რომ პროკურატურა სისხლისსამართლებრივი დევნის ორგანოა. ამ ფუნქციის შესრულების უზრუნველსაყოფად ახორციელებს გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობას, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, სრული მოცულობით ატარებს დანაშაულის გამოძიებას, სასამართლოში მხარს უჭერს სახელმწიფო ბრალდებას. პროკურორი თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს სახელმწიფოს სახელით. სასამართლოში პროკურორი არის სახელმწიფო ბრალმდებელი, მას ეკისრება ბრალდების მტკიცების ტვირთი (33 მუხ.). სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება და განხორციელება მხოლოდ პროკურორის დისკრეციული უფლებამოსილებაა (166 მუხ.), სისხლისსამართლებრივი დევნა იწყება პირის დაკავებისთანავე ან ბრალდებულად ცნობისთანავე (167 მუხ.).
კასატორის წარმომადგენელი საქმის მასალებზე მითითებით აღნიშნავს, რომ 2013 წლის 27 ივნისს შპს „...-ში“ ...-ის ამოკვეთის მიზნით ჩატარებული ოპერაციის შემდეგ გარდაიცვალა პაციენტი დ.უ-ე, რომლის ცხედრის გაკვეთის გზით გამოკვლევასა და გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დადგენაზე უარი განაცხადა მისმა მეუღლემ - ე.უ-ემ და წერილობით დააფიქსირა, რომ სამედიცინო პერსონალის მიმართ არავითარი პრეტენზია არ გააჩნდა. მეუღლის გარდაცვალებიდან 1 წლის შემდეგ მოსარჩელემ გამოთქვა პრეტენზია ექიმების მიმართ, რის გამოც 2014 წლის 31 ივლისს შსს ...ის სამმართველოს მე-... განყოფილებაში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის №004310714006 საქმეზე. ვინაიდან ე.უ-ე მისი მეუღლის გარდაცვალებაში ადანაშაულებდა მკურნალ ექიმებს, აუცილებელი გახდა იმის დადგენა, სწორად ჩაუტარდა თუ არა დ.უ-ეს მკურნალობა, რის გამოც გამოძიების მიერ შპს „...-იდან“ გამოთხოვილი იქნა პაციენტ დ.უ-ის სამედიცინო დოკუმენტაცია და სსიპ ლ. სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში დაინიშნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა. აღნიშნული ბიუროს მიერ ექსპერტიზის დასკვნა ვერ იქნა გაცემული, ვინაიდან მკურნალობის ტაქტიკის სისწორის შესაფასებლად საჭირო იყო გვამის გამოკვლევა და სიკვდილის ზუსტი მიზეზის დადგენა. გამოძიების მიერ გამოკითხული ექსპერტის განმარტებით, სიკვდილის მიზეზის დადგენის ერთადერთი და უალტერნატივო გზა გვამის გაკვეთა და შინაგანი ორგანოებისა და ქსოვილების გამოკვლევა იყო, რომლის გარეშე სიკვდილის მიზეზის დადგენა და შესაბამისად, მკურნალობის ტაქტიკის სისწორის შეფასება იყო შეუძლებელი. კასატორის წარმომადგენლის მოსაზრებით, გარდაცვალების შემდეგ გასული იყო ერთ წელზე მეტი დრო და გვამის ექსპერტიზის ჩატარება ყოველგვარ აზრს იყო მოკლებული, გამოძიებას გვამის ექსჰუმაცია აღარ განუხორციელებია. მისივე განმარტებით, გამოძიების დაბრკოლების ზემოაღნიშნული მიზეზების თაობაზე თავიდანვე მოხდა ე.უ-ის ინფორმირება, შემდეგ კი უკვე ოფიციალურად გაეცნო სისხლის სამართლის საქმის მასალებს, თუმცა წლების განმავლობაში ითხოვდა მის მიერ მეუღლის გარდაცვალებაში დადანაშაულებული ექიმების პასუხისგებაში მიცემას სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის გამო, 2022 წელს კი სარჩელით მიმართა სასამართლოს, რა დროსაც მიუთითა, რომ პროკურატურა აჭიანურებდა შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებას და სისხლისსამართლებრივ დევნას არ იწყებდა ექიმების მიმართ, რომელთა მიერ ჩატარებული არასწორი ოპერაციის გამო გარდაიცვალა მისი მეუღლე და მას მიადგა მორალური ზიანი.
...ის რაიონული პროკურატურის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკით, სიცოცხლის უფლებით დაცული სფეროს დარღვევა პროცედურულ ნაწილში დამოკიდებული არ არის იმაზე, თუ მომჩივნისათვის რამდენად მოსაწონი შედეგი მიიღწევა საქმის გამოძიების შედეგად. ამ დროს მთავარია, რომ სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთოს, რაც მასზე იყო დამოკიდებული და მიიღოს ყველა ზომა საქმისათვის მნიშვნელოვანი საკითხების გადასაწყვეტად. ამ კუთხით მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 19.07.2018წ. გადაწყვეტილება საქმეზე „სარიშვილი-ბოლქვაძე საქართველოს წინააღმდეგ“. აღნიშნული გადაწყვეტილების მიხედვით, მომჩივნის ვაჟი დაიღუპა საავადმყოფოში მუცლის ღრუში სისხლდენის შედეგად, რაზედაც დაიწყო გამოძიება, თუმცა არც გარდაცვლილის გაკვეთაზე და არც შემდგომ ექსჰუმაციაზე ოჯახს თანხმობა არ განუცხადებია. მიუხედავად აღნიშნულისა, დადგინდა, რომ ქირურგიული ოპერაცია ჩატარდა დაგვიანებით, რაც ექიმთა შეცდომას წარმოადგენდა, ამასთან რამდენიმე ექიმს არ ჰქონდა სათანადო ლიცენზია, მიუხედავად ამისა, სისხლის სამართლის წესით არავინ დასჯილა. ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ კონვენციის მე-2 მუხლის ფარგლებში ადგილი ჰქონდა სახელმწიფოს მატერიალური პოზიტიური ვალდებულების დარღვევას ეფექტურად ფუნქციონირებული მარეგულირებელი ჩარჩოს შეთავაზებასთან მიმართებით, რაც უზრუნველყოფდა მოქმედ მარეგულირებელ რეგულაციებთან შესაბამისობას, რომლებიც, თავის მხრივ, შემუშავებული იყო პაციენტთა სიცოცხლის დასაცავად, შესაბამისად, არალიცენზირებული დაწესებულებისა და ექიმების არსებობა მიჩნეულ იქნა სახელმწიფოს მხრიდან არაეფექტური რეგულაციების დაწესებიდან გამომდინარე მოვლენად. რაც შეეხება მე-2 მუხლის პროცედურულ დარღვევას, ევროპული სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული პროცედურული ვალდებულება გულისხმობდა არა სავალდებულო შედეგებს, არამედ მხოლოდ საშუალებებს. შესაბამისად, მხოლოდ ის ფაქტი, რომ სამედიცინო გაუფრთხილებლობასთან დაკავშირებული პროცესი ვერ დასრულდა მისით დაინტერესებული პირისთვის სახარბიელო შედეგით, თავისთავად არ ნიშნავდა, რომ მოპასუხე სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო თავისი პოზიტიური ვალდებულების შესრულება კონვენციის მე-2 მუხლის ფარგლებში. მეტიც, მე-2 მუხლი არ მოიცავს მესამე პირისთვის დევნის ან მსჯავრდების უფლებას სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენისთვის. სასამართლოს ამოცანა, უფრო მეტად, არის მთლიანი პროცესის მხედველობაში მიღებით იმის განხილვა, თუ რამდენად და რა მოცულობით დაუქვემდებარა საქმე ეროვნულმა ხელისუფლებამ კონვენციის მე-2 მუხლით მოთხოვნილ „საგულდაგულო შესწავლას“. სტრასბურგის სასამართლოს განმარტებით, სამედიცინო გაუფრთხილებლობასთან მიმართებით სისხლის სამართლის პროცესის შედეგად დამნაშავის ვერგამოვლენამ არ შელახა კონვენციის მე-2 მუხლის პროცედურული მოთხოვნები, რადგან გამოძიებამ ყველაფერი გააკეთა ფაქტების დასადგენად, მაგრამ თავად დაზარალებულის ოჯახმა თქვა უარი ექსჰუმაციაზე. ამასთან, პროკურორმა მიმართა ჯანდაცვის სამინისტროს ფაქტის შესასწავლად და სამომავლო შემთხვევების თავიდან ასაცილებლად. რაც შეეხება კლინიკისა და ექიმებისაგან მიყენებული მორალური ზიანის სამოქალაქო წესით ანაზღაურებაზე ეროვნული სასამართლოების მიერ უარის თქმას, აღნიშნული ევროპულმა სასამართლომ შეაფასა კონვენციის მე-2 მუხლის პროცედურული მოთხოვნების დარღვევად, რადგანაც საკანონმდებლო შეზღუდვით მომჩივანს წაერთვა უფლება სასამართლოს გზით მოეთხოვა კომპენსაცია არაქონებრივი ზიანისათვის საავადმყოფოსა და მისი პერსონალისაგან.
კასატორის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ მითითებული გადაწყვეტილების შინაარსიდან გამომდინარე, აშკარად იკვეთება, რომ ე.უ-ის საქმესთან დაკავშირებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არის მცდარი რამდენიმე გარემოების გამო:
პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ გამოძიებამ ყველაფერი გააკეთა დ.უ-ის სიკვდილის მიზეზის დასადგენად, რაც აუცილებელი იყო ოპერაციის ჩამტარებელ ექიმთა ბრალეულობის განსაზღვრისათვის, თუმცა სიკვდილის მიზეზის დადგენისთვის ხელშემშლელი აღმოჩნდა თავად ე.უ-ის გაცნობიერებული ნაბიჯი, რომელმაც თავის დროზე საავადმყოფოს ადმინისტრაციას წერილობითი უარი განუცხადა გვამის გაკვეთასა და სიკვდილის მიზეზის განსაზღვრაზე. ასევე, თავად ე.უ-ის გაცნობიერებული ქმედებით დაგვიანდა სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების დაწყება, რადგანაც თავდაპირველ ეტაპზე მას პრეტენზია არ გააჩნდა და საგამოძიებო ორგანოებისთვისაც არ მიუმართავს, თუმცა, მოგვიანებით გაუჩნდა პრეტენზიები და დაგვიანებული ჩივილის გამო გამოძიება დაიწყო გარდაცვალების ფაქტიდან ერთ წელზე მეტი ხნის გასვლის შემდეგ. დაგვიანებულმა გამოძიების დაწყებამ კი აზრი დაუკარგა ექსჰუმაციის ჩატარებას, რადგანაც ამ პერიოდის განმავლობაში შორს წასული ლპობითი და გახრწნითი პროცესების გამო შეუძლებელი იქნებოდა გვამის შინაგანი ორგანოების გამოკვლევა, შესაბამისად, სიკვდილის მიზეზის განსაზღვრაც. აქედან გამომდინარე, საქმეზე შედეგის მიუღწევლობა გამოიწვია თავად ე.უ-ის ქმედებებმა, რაც გამოიხატა გვამის გაკვეთაზე თავდაპირველ უარსა და შემდგომში პოლიციისათვის დაგვიანებულ მიმართვაში. მიუხედავად აღნიშნულისა, გამოძიებამ გამოიყენა მის ხელთ არსებული ბერკეტები და საქმე დაუქვემდებარა საგულდაგულო შესწავლას, თუმცა სიკვდილის მიზეზის დაუდგენლობით შევიდა ჩიხში და ვერ მიიღო სათანადო შედეგი. გარდა აღნიშნულისა, სარიშვილი-ბოლქვაძის საქმის მსგავსად, ამ საქმეშიც განხორციელდა დისციპლინური ღონისძიებების გამოყენება კლინიკის პერსონალის მიმართ. კერძოდ, საქართველოს პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ შესწავლილ იქნა პაციენტ დ.უ-ისათვის შპს „...-ში“ გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხი და 2014 წლის 14 მარტს დადგინდა, რომ ექიმთა მხრიდან ვერ იქნა უზრუნველყოფილი სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება და პაციენტის დარწმუნება, რომ აღნიშნული სირთულის ოპერაცია აუცილებლად საჭიროებდა სისხლის გადასხმას. ყოველივე აღნიშნულის გამო შპს „...-ის“ ექიმ-ქირურგ ხ.ხ-ეს 1 თვის ვადით შეუჩერდა ზოგადი ქირურგის სერტიფიკატის მოქმედება, ხოლო ქირურგ-ონკოლოგ დ.ლ-ეს მიეცა წერილობითი გაფრთხილება. შესაბამისად, ე.უ-ის საქმეზე შესრულდა „სარიშვილი-ბოლქვაძის“ საქმეში ევროპული სასამართლოს მიერ დაწესებული მეორე სტანდარტიც, კერძოდ, საქმის სავალდებულო შესწავლასთან ერთად, ადგილი ჰქონდა დისციპლინური სახდელების გამოყენებასაც ექიმთა მიმართ. რაც შეეხება ხსენებული გადაწყვეტილებით დაწესებულ მესამე სტანდარტს და საავადმყოფოს პერსონალის მხრიდან მორალური ზიანის ანაზღაურებას, აღსანიშნავია, რომ ე.უ-ის საქმეში ეს კომპონენტიც დაკმაყოფილებულია, რადგან თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 04.11.2022წ. ძალაში შესული გადაწყვეტილებით სრულად დაკმაყოფილდა ე.უ-ის სარჩელი და შპს „...-ს“ ასევე, დ.უ-ის მკურნალ ექიმებს - დ.ლ-ესა და ხ.ხ-ეს, მის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ მორალური ზიანის ანაზღაურება 5 000 ლარის ოდენობით. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ზემოხსენებულმა პირებმა ვერ უზრუნველყვეს პაციენტის სათანადო ინფორმირება ოპერაციის შესაძლო შედეგების თაობაზე და აქედან გამომდინარე, ვერ მოახერხეს მისგან ინფორმირებული თანხმობის მიღება სისხლის გადასხმაზე (სწორედ აღნიშნულზე იყო აქცენტი გაკეთებული საქართველოს პროფესიული განვითარების საბჭოს 14.03.2014წ. №3 სხდომის ოქმშიც, რის შემდგომაც დისციპლინური სახდელები დაეკისრათ დ.ლ-ესა და ხ.ხ-ეს). აქედან გამომდინარე, კასატორის წარმომადგენელს მიაჩნია, რომ სახელმწიფოსა და მით უფრო პროკურატურის მხრიდან სრულად იყო დაცული ევროპული სასამართლოს მიერ დაწესებული ყველა სტანდარტი, რომლებზეც საუბარია „სარიშვილი-ბოლქვაძის“ გადაწყვეტილებაში და მცდარია თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილებაში განვითარებული მსჯელობა, რომლის მიხედვითაც, სისხლის სამართლის საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიუღებლობა სასამართლომ კონვენციის მე-2 მუხლის პროცედურული ნაწილის დარღვევად მიიჩნია.
გამოძიების ხანგრძლივი ვადით გაჭიანურებასთან დაკავშირებით პროკურატურის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საქმის შინაარსიდან გამომდინარე თეორიულად მხოლოდ ორი სახის შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა არსებობდა: ექიმებისთვის სასჯელის შეფარდება ან სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტა. ვინაიდან პაციენტის სიკვდილი მიზეზის ობიექტურად შეუძლებელი იყო, რაც გამორიცხავდა მკურნალობის ტაქტიკის სისწორის შეფასებას, მიზეზობრივი კავშირის დადგენასა და ექიმთა პასუხისმგებლობის განსაზღვრას, შეუძლებელი იყო ექიმთა პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება; რაც შეეხება გამოძიების შეწყვეტას, აღნიშნულს აწესრიგებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლი. ხსენებულ საქმესთან დაკავშირებით სისხლის სამართლის შეწყვეტა რელევანტური იქნებოდა მხოლოდ 105.1 მუხლის „ა“ ან „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე. „ა“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს საქმის შეწყვეტას, როდესაც არ არსებობს სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედება, ხოლო „ე“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს საქმის შეწყვეტას სისხლი სამართლის დევნის ხანდაზმულობის გასვლის საფუძველზე. პირველ შემთხვევასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ, მართალია, ბრალდებული ექიმების მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი ვერ დადასტურდა, თუმცა ამავდროულად არც აღნიშნულის საპირისპირო დადგენილა, რაც, თავის მხრივ, გამორიცხავდა საქმის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე შეწყვეტას.
რაც შეეხება გამოძიების შეწყვეტას სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადის გასვლის საფუძველზე, კასატორის წარმომადგენელი განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის თანახმად, გამოძიება მიმდინარეობს გონივრულ ვადაში, მაგრამ არა უმეტეს შესაბამისი დანაშაულისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადისა. მოცემულ შემთხვევაში საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომელიც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ორიდან ოთხ წლამდე ვადით. ამავე კოდექსის მე-12 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ნაკლებად მძიმეა ისეთი დანაშაული, რომლისთვისაც დაწესებული მაქსიმალური სასჯელი არ აღემატება 5 წლით თავისუფლების აღკვეთას. ამავე კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, პირი თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან, თუ გავიდა 6 წელი ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენიდან. მოცემულ შემთხვევაში, მართალია, 116-ე მუხლი წარმოადგენს ნაკლებად მძიმე დანაშაულს და მისთვის დაწესებული სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა გადიოდა 2019 წელს (2013 წლიდან 6 წლის შემდეგ), თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, გამომძიებელი ვალდებულია გამოძიება აწარმოოს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად. შესაბამისად, მართალია, საქმეზე კვალიფიკაციის შეცვლა ოფიციალურად არ მომხდარა, რადგან არ არსებობდა ამის საფუძველი, თუმცა ე.უ-ე თავის პრეტენზიებში აფიქსირებდა, რომ მისი მეუღლის მიმართ ექიმების მხრიდან ჩადენილია სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული - განზრახ მკვლელობა არაპირდაპირი განზრახვით, რომელიც წარმოადგენს განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულს და მისი სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა 30 წელია, შესაბამისად, ყოველმხრივი და სრული გამოძიების ჩატარების ვალდებულების შესრულების ფარგლებში, მოსარჩელის ეს პრეტენზიაც უნდა იქნეს გათვალისწინებული და ამ ფაქტორის მხედველობაში მიღებამაც შეიძლება დააბრკოლოს საქმეზე ხანდაზმულობაზე მითითებით გამოძიების შეწყვეტა.
კასატორის მითითებით, ხანდაზმულობის გამოყენებით გამოძიების შეწყვეტაზე უარის თქმის უფრო მეტად მნიშვნელოვანი არგუმენტი ისაა, რომ ამ საფუძვლით საქმის შესაწყვეტად, პროკურორი ვალდებულია გამოძიების შეწყვეტის დადგენილებაში დადასტურებულად აღნიშნოს, რომ ამა თუ იმ პირმა კონკრეტული დანაშაული ჩაიდინა, რაც დადგენილია შესაბამისი მტკიცებულებებით, მაგრამ მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება შეუძლებელია ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო. მსგავსი დადგენილება შემდგომში შეიძლება აღმოჩნდეს, თუნდაც, სამოქალაქო დავის დაწყების საფუძველი. თუმცა, მოცემულ შემთხვევაში, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის არარსებობისა და სიკვდილის მიზეზის დაუდგენლობის გამო, შეუძლებელია პროკურორმა გამოძიების შეწყვეტის დადგენილებაში მიუთითოს, რომ ექიმთა მხრიდან ჩადენილია სსკ-ის 116-ე ან სხვა რომელიმე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული და მხოლოდ ხანდაზმულობის ვადის გასვლა წარმოადგენს მათ მიმართ დევნის დაწყების დამაბრკოლებელ გარემოებას. ამდენად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტიც არ გახლდათ რელევანტური და საკმარისი საფუძველი მოცემულ შემთხვევაში ხანდაზმულობის ვადის გასვლის საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მისაღებად, კერძოდ კი, ხანდაზმულობის საფუძვლით გამოძიების შესაწყვეტად.
კასატორის მითითებით, განსახილველ შემთხვევაში ე.უ-ემ გამოძიებისაგან წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის გზით, ასევე უფლებამოსილ პირებთან, მათ შორის, პროკურორთან პირადი შეხვედრებითა და საქმის მასალების ოფიციალურად გაცნობით თავიდანვე იცოდა თუ რა პრობლემა ჰქონდა საქმეს და გარდაცვალების მიზეზის დაუდგენლობა რა გავლენას ახდენდა შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღების შეუძლებლობაზე. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის ზეპირი მოსმენისას თავად მოსარჩელესაც არ უარუყვია, რომ მისთვის ცნობილი იყო გამოძიების პრობლემის შესახებ, თუმცა წლების განმავლობაში იგი ჩიოდა იმ მიზნით, რომ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის გარეშე ჩათვლილიყო სიკვდილის მიზეზად ექიმთა მხრიდან პაციენტისათვის სისხლის დროული გადაუსხმელობა და სამედიცინო პერსონალის მიმართ დაწყებულიყო სისხლისსამართლებრივი დევნა; არც ერთ ეტაპზე ე.უ-ეს არ უთქვამს, რომ შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიუღებლობამ გამოიწვია მისი გაურკვევლობა და არ იცოდა, რა იყო აღნიშნულის მიზეზი. კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ მას არაერთგზის ჰქონდა მიღებული როგორც წერილობითი, ისე სიტყვიერი პასუხი უფლებამოსილი პირებისგან, რომ საქმეზე ვერ დგინდებოდა გარდაცვალების მიზეზი და აღნიშნული შეუძლებელს ხდიდა კონკრეტულ პირთა პასუხისგებაში მიცემას, შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში გამოძიების არშეწყვეტით არ გაუარესებულა ე.უ-ის სამართლებრივი ან მორალური მდგომარეობა და არ არსებობდა ზიანის ანაზღაურების საფუძველი. ამასთანავე, საქმის შეუწყვეტლობა და აქტიური გამოძიება თავად მოსარჩელის ინტერესებშია, რადგანაც სამომავლოდ მეცნიერულ-ტექნოლოგიური განვითარების შედეგად, არაა გამორიცხული, სიკვდილის მიზეზის დასადგენად საჭირო აღარ იყოს მაინცდამაინც გვამის შინაგანი ორგანოების გამო კვლევა და ამის გარეშეც გაეცეს ამ კითხვას პასუხი, შესაბამისად, შესაძლებელი გახდეს ხსენებულ საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენა. აქედან გამომდინარე, კასატორს მიაჩნია, რომ გამოძიების აქტიურ ფაზაში დატოვება თავად მოსარჩელის ინტერესებშიც უნდა იყოს და მისი შეწყვეტა ხანდაზმულობის ვადაზე ან თუნდაც სხვა საფუძველზე მითითებით, რეალური დასკვნის დადებისა და მომხდარზე ჭეშმარიტების დადგენის გარეშე, ვერ შეუმსუბუქებს მოსარჩელეს მეუღლის გარდაცვალებით მიყენებულ სულიერ ტკივილს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი მიიჩნევს, რომ სისხლის სამართლის საქმის გამოძიებისას პროკურატურის მხრიდან ადგილი არ ჰქონია უკანონო ქმედებებს და არ არსებობდა მორალური ზიანის ანაზღაურების საფუძვლები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 24 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ...ის რაიონული პროკურატურის საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 17 დეკემბრის განჩინებით, ...ის რაიონული პროკურატურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მიღებულ იქნა არსებითად განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი საკასაციო სასამართლო, საქმის მასალებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის შედეგად, მიიჩნევს, რომ ...ის რაიონული პროკურატურის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან ან მოსამსახურისაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის მიხედვით, პირს უფლება აქვს მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილით, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ამასთანავე, მითითებული კოდექსის 207-ე მუხლით განისაზღვრა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმების, პრინციპებისა და საფუძვლების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომლებიც ამავე კოდექსით არის დადგენილი.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ პირს ზიანის ანაზღაურების ვალდებულება დაეკისრება მხოლოდ მაშინ, თუ არსებობს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების შემდეგი პირობები: 1. უნდა არსებობდეს სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა სახელით მოქმედი პირის ქმედებით პირისათვის ზიანის მიყენების ფაქტი; 2. ხსენებულ პირთა ქმედების უკანონო ხასიათი დადგენილი უნდა იყოს სათანადო წესით; 3. პირისათვის მიყენებული ზიანი გამოწვეული უნდა იყოს უკანონო ქმედებით და უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი უკანონო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე №2/3/630 „საქართველოს მოქალაქე თინა ბეჟიტაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). აღსანიშნავია, რომ ნორმაში მოცემული პირობები კუმულაციური სახით არის წარმოდგენილი და აღნიშნულ ელემენტთაგან თუნდაც ერთ-ერთის არარსებობა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველია.
განსახილველ შემთხვევაში, ე.უ-ე ...ის რაიონული პროკურატურისთვის მორალური ზიანის დაკისრებას ითხოვს მისი მეუღლის გარდაცვალების ფაქტზე დაწყებული გამოძიების გაჭიანურების საფუძვლით, კერძოდ, უთითებს მოპასუხის მიერ არაეფექტური გამოძიების წარმოებიდან გამომდინარე ზიანის მიყენების ფაქტზე, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს ზიანის ანაზღაურების დაკისრებისთვის ნორმატიულად განსაზღვრული წინაპირობების არსებობაზე.
უპირველეს ყოვლისა, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ თავისებურებაზე, რომლის მიხედვით სისხლისსამართლებრივი დევნის ერთადერთ ორგანოს პროკურატურა წარმოადგენს, რომელიც ამ ფუნქციის შესრულების უზრუნველსაყოფად ახორციელებს გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობას. პროკურატურა ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, სრული მოცულობით ატარებს დანაშაულის გამოძიებას, სასამართლოში მხარს უჭერს სახელმწიფო ბრალდებას (მუხლი 32). ხაზგასასმელია, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით, დაზარალებული არ განიხილება პროცესის მხარედ და მას მხოლოდ მოწმის ყველა უფლება ენიჭება და ეკისრება მისი ყველა მოვალეობა, შესაბამისად, მას არ გააჩნია საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული საგამოძიებო მოქმედებების დამოუკიდებლად ჩატარების უფლებამოსილება.
სადავო საკითხის შესაფასებლად, ასევე მნიშვნელოვანია ყურადღება გამახვილდეს იმ გარემოებაზეც, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით მკაცრად მოწესრიგებული ბრალდების მხარის უფლებამოსილების ფართო არეალი, მით უფრო მიმდინარე გამოძიების პირობებში, გარკვეულწილად ავიწროებს ადმინისტრაციული სასამართლო კონტროლის ფარგლებს, თუმცა აღნიშნული არ გულისხმობს ადმინისტრაციული სასამართლო კონტროლის სრულ გამორიცხვას. გამოძიების შედეგად დაინტერესებული პირისთვის სასურველი შედეგის მიუღწევლობა არ ნიშნავს გამოძიების ჩაუტარებლობას კანონით დადგენილი წესების დარღვევით. ცალსახაა, რომ აღნიშნული უნდა დადგინდეს ობიექტურ გარემოებებზე დაყრდნობით და არ შეიძლება შეფასდეს კონკრეტული პირის სუბიექტური მოსაზრებით.
მოცემულ შემთხვევაში, გამოძიების დაწყების საფუძვლად მიღებული ინფორმაცია უკავშირდებოდა დანაშაულის „არასტანდარტულ“ შემთხვევას - ჩატარებული ქირურგიული ოპერაციის შედეგად პაციენტის გარდაცვალების ფაქტს, რა დროსაც ბრალდების მხარის მიერ დანაშაულთან დაკავშირებული მტკიცებულებების შეგროვების გზით მნიშვნელოვანია დადგენილიყო როგორც თავად დანაშაულის არსებობა, ასევე მართლსაწინააღმდეგო ქმედებაში მონაწილე ბრალეული პირები, უკეთუ უშედეგო მკურნალობა ან მკურნალობის უარყოფითი შედეგი თავისთავად (უალტერნატივოდ) არ იწვევს სამედიცინო პერსონალის პასუხისმგებლობას (სისხლის სამართლის). თუ მკურნალობა სწორადაა წარმართული, მას თუნდაც უარყოფითი შედეგი მოჰყვეს, არ გამოიწვევს ექიმის პასუხისმგებლობას (სუსგ №ას-600-2021, 22.06.2022წ.; №ას-1046-966-2017, 20.07.2018წ.; №260-244-11, 27.06.2011წ.; №ას-1800-2019, 20.02.2020წ.). თავად კასატორიც არ უარყოფს იმ გარემოებას, რომ სამედიცინო პერსონალის მიერ მოსარჩელის მეუღლის მკურნალობის ტაქტიკის სისწორის შესაფასებლად საჭირო იყო გვამის გამოკვლევა და სიკვდილის ზუსტი მიზეზის დადგენა, რაც ექსჰუმაციისა და გვამის სასამართლო-სამედიცინო გამოკვლევის ჩატარების გარეშე იყო შეუძლებელი, თუმცა კასატორი ამ საგამოძიებო მოქმედების ჩატარების მიზანშეუწონლობას ხსნის დაგვიანებული გამოძიების (უთითებს მოსარჩელის ბრალეულობაზე) პირობებში შესაბამისი შედეგის დადგომის შეუძლებლობით.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-2 მუხლით გათვალისწინებული სიცოცხლის უფლება კონვენციის ერთ-ერთ ყველაზე ფუნდამენტურ დებულებას, ასევე, ევროპის საბჭოს შემადგენელი დემოკრატიული საზოგადოებების ერთ-ერთ ძირითად ღირებულებას წარმოადგენს (McCann and Others v. the United Kingdom, judgment of 27 September 1995, Series A no. 324, pp. 45- 46, § 147), რომელიც მოუწოდებს სახელმწიფოს არა მხოლოდ თავი შეიკავოს სიცოცხლის განზრახ ხელყოფისგან, არამედ მიიღოს შესაბამისი ღონისძიებები თავისი იურისდიქციის ფარგლებში მყოფი პირების სიცოცხლის დასაცავად. აღნიშნული პრინციპები ასევე ვრცელდება საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროზე (L.C.B. v. the United Kingdom, judgment of 9 June 1998, Reports of Judgments and Decisions 1998-III, p. 1403, § 36).
საქმეში Silih v. slovenia (09 აპრილი, 2009 წ.), ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-2 მუხლით გათვალისწინებული პროცედურული ვალდებულება მოითხოვს სახელმწიფოებისგან ეფექტური დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის შექმნას, რათა დადგინდეს სამედიცინო პერსონალის მზრუნველობის ქვეშ მყოფი პაციენტების გარდაცვალების მიზეზი, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში, და შესაბამის პირებს დაეკისროთ პასუხისმგებლობა (Calvelli and Ciglio, cited above, § 49, and Powell v. the United Kingdom, (dec.), no. 45305/99, ECHR 2000-V). ეფექტური გამოძიების მოთხოვნები, სხვა საკითხებთან ერთად, ასევე მოიცავს „საფუძვლიანობის“ აუცილებლობას, რაც ნიშნავს, რომ ხელისუფლებამ ყოველთვის სერიოზული ძალისხმევა უნდა გასწიოს იმის გასარკვევად, თუ რა მოხდა და არ უნდა დაეყრდნოს ნაჩქარევ ან დაუსაბუთებელ დასკვნებს გამოძიების დასასრულებლად. მათ უნდა მიიღონ ყველა ხელმისაწვდომი გონივრული ზომა ინციდენტთან დაკავშირებული მტკიცებულებების უზრუნველსაყოფად (Elena Cojocaru v. Romania, no. 74114/12, § 113, 22 March 2016).
საქმეში Zorina and others v. Ukraine (14 თებერვალი, 2019წ.), ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ გამოძიების ჩატარების ვალდებულების წარმოშობის შემდეგ, კონვენციის მე-2 მუხლის პროცედურული მოთხოვნის დაცვა ფასდება რამდენიმე არსებითი პარამეტრის საფუძველზე: საგამოძიებო ღონისძიებების ადეკვატურობა, გამოძიების სისწრაფე, გარდაცვლილი პირის ოჯახის ჩართულობა და გამოძიების დამოუკიდებლობა (Mustafa Tunç and Fecire Tunç v. Turkey [GC], no. 24014/05, § 225, 14 April 2015). ეფექტურობისთვის, გამოძიება უნდა იყოს საკმარისად საფუძვლიანი და ობიექტური. ხელისუფლების ორგანოებმა უნდა მიიღონ მათთვის ხელმისაწვდომი გონივრული ზომები შესაბამის დანაშაულთან დაკავშირებული მტკიცებულებების მოსაპოვებლად, ისეთი როგორიცაა მოწმეთა ჩვენებების მიღება, ექსპერტის დასკვნების მოპოვება და სხვა მტკიცებულებების შეგროვება. პრინციპში, ნებისმიერ გამოძიებას უნდა შეეძლოს საჭირო ფაქტობრივი გარემოებების დადგენა, დანაშაულისთვის პასუხისმგებელი პირების იდენტიფიცირება და საჭიროების შემთხვევაში დანაშაულის ჩამდენი პირების დასჯა. ეს არის არა შედეგის, არამედ საშუალებების ვალდებულება. თუმცა, ეს მოთხოვნა არ ითვალისწინებს ვალდებულებას, რომ ყველა სისხლისსამართლებრივი დევნა დასრულდეს გამამტყუნებელი განაჩენით ან კონკრეტული სასჯელით (N.Ö. v. TÜRKİYE, Application no. 24733/15; 14 იანვარი, 2025წ.). ევროპული სასამართლო ხაზს უსვამს იმ საკითხის მნიშვნელობასაც, რომ კონვენციის მე-2 მუხლით გათვალისწინებული დაცვის მნიშვნელობის გათვალისწინებით, სიცოცხლის ხელყოფა უნდა განიხილებოდეს უკიდურესად ზედმიწევნით, არა მხოლოდ სახელმწიფო მოხელეების ქმედებების, არამედ ყველა დაკავშირებული გარემოების გათვალისწინებით (Taysumov and other v. Russia, Application no. 21810/03; 14 მაისი, 2009).
მაშინაც კი, თუ კონვენცია, როგორც ასეთი, არ იძლევა მესამე მხარის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის უფლებას, კონვენციის მე-2 მუხლით მოთხოვნილი ეფექტური სასამართლო სისტემა შეიძლება და გარკვეულ გარემოებებში აუცილებლად უნდა მოიცავდეს სისხლის სამართლის კანონმდებლობის გამოყენებას. თუმცა, თუ სიცოცხლის ან ჯანმრთელობის დაცვის უფლების დარღვევა განზრახ არ არის გამოწვეული, მე-2 მუხლით დადგენილი ეფექტური სასამართლო სისტემის შექმნის პროცედურული ვალდებულება აუცილებლად არ მოითხოვს სისხლისსამართლებრივი დაცვის საშუალების უზრუნველყოფას ყველა შემთხვევაში (Mastromatteo v. Italy [GC], no. 37703/97, § 89, ECHR 2002-VIII). სამედიცინო დაუდევრობის კონკრეტულ სფეროში, მაგალითად, ვალდებულება შეიძლება შესრულდეს იმ შემთხვევაშიც, თუ სამართლებრივი სისტემა მსხვერპლს აძლევს სამოქალაქო სამართლებრივი დაცვის საშუალებას, როგორც დამოუკიდებლად, ასევე სისხლის სამართლით გათვალისწინებულ დაცვის საშუალებასთან ერთად, რაც შესაძლებელს გახდის შესაბამისი ექიმების პასუხისმგებლობის დადგენას და სამოქალაქო კომპენსაციის მიღებას, ასევე შეიძლება გათვალისწინებული იყოს დისციპლინური ზომები (Calvelli and Ciglio v. Italy [GC], no. 32967/96, § 51, ECHR 2002-I). ამ კონტექსტში იგულისხმება ოპერატიული და გონივრული სისწრაფის მოთხოვნა. მაშინაც კი, როდესაც შეიძლება არსებობდეს დაბრკოლებები ან სირთულეები, რომლებიც ხელს უშლის გამოძიების პროგრესს კონკრეტულ სიტუაციაში, ხელისუფლების მხრიდან სწრაფი რეაგირება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საზოგადოების ნდობის შესანარჩუნებლად კანონის უზენაესობისადმი მათი ერთგულების მიმართ და უკანონო ქმედებებში შეთქმულების ან მათი ტოლერანტობის ნებისმიერი გამოვლინების თავიდან ასაცილებლად (Paul and Audrey Edwards v. the United Kingdom, no. 46477/99, § 71, ECHR 2002-II). იგივე ეხება მე-2 მუხლით გათვალისწინებულ საქმეებსაც, რომლებიც ეხება სამედიცინო დაუდევრობას. კონვენციის მე-2 მუხლით გათვალისწინებული სახელმწიფოს ვალდებულება არ დაკმაყოფილდება, თუ შიდა კანონმდებლობით გათვალისწინებული დაცვა მხოლოდ თეორიულად არსებობს: უპირველეს ყოვლისა, ის ასევე ეფექტურად უნდა მოქმედებდეს პრაქტიკაში და ეს მოითხოვს საქმის სწრაფ განხილვას გაუმართლებელი დაგვიანების გარეშე (Calvelli and Ciglio v. Italy [GC], no. 32967/96, § 51, ECHR 2002-I; Lazzarini and Ghiacci v. Italy (dec.), no. 53749/00, 7 November 2002; Byrzykowski v. Poland, no. 11562/05, 27 June 2006). და ბოლოს, კონვენციის მე-2 მუხლით გათვალისწინებული უფლებების პატივისცემისადმი ზრუნვის გარდა, თითოეულ ინდივიდუალურ შემთხვევაში, უფრო ზოგადი მოსაზრებები ასევე მოითხოვს საავადმყოფოში გარდაცვალებასთან დაკავშირებული საქმეების დაუყოვნებლივ განხილვას. ფაქტების და სამედიცინო მომსახურების განხორციელებისას დაშვებული შესაძლო შეცდომების ცოდნა აუცილებელია იმისათვის, რომ შესაბამისმა დაწესებულებებმა და სამედიცინო პერსონალმა შეძლონ პოტენციური ხარვეზების გამოსწორება და მსგავსი შეცდომების თავიდან აცილება. ამიტომ, ამ შემთხვევების დროული განხილვა მნიშვნელოვანია ყველა ჯანდაცვის სერვისის მომხმარებელთა უსაფრთხოებისთვის (Byrzykowski v. Poland, no. 11562/05, § 117, 27 June 2006). სწორედ ამიტომ ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ განსაკუთრებით იმ საქმეებში, რომლებიც ეხება პირის საავადმყოფოში გარდაცვალების გარემოებების გასარკვევად აღძრულ სამართალწარმოებას, სამართალწარმოების არაგონივრული ვადა წარმოადგენს ძლიერ მანიშნებელს იმისა, რომ სამართალწარმოება იყო ხარვეზიანი, რაც შესაძლებელია წარმოადგენდეს სახელმწიფოს მიერ კონვენციით გათვალისწინებული პოზიტიური ვალდებულებების დარღვევას, თუ სახელმწიფო არ წარმოადგენს დამაჯერებელ მიზეზს სამართალწარმოების ხანგრძლივობის გასამართლებლად (Bilbija and Blažević v. Croatia, no. 62870/13, § 107, 12 იანვარი, 2016).
საკასაციო პალატა მიუთითებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომელთა თანახმად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 04 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს „...-ს“, დ.ლ-ესა და ხ.ხ-ეს ე.უ-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ მორალური ზიანის სახით - 5000 ლარის გადახდა.
ამავდროულად დადგენილია, რომ ე.უ-ის განცხადებების საფუძველზე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ კომისიური წესით შეისწავლა პაციენტ დ.უ-ისათვის შპს „...-ში“ გაწეული სამედიცინო დახმარების საკითხი. შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 74-ე მუხლის შესაბამისად, პროფესიული განვითარების საბჭოს წინაშე დაისვა საკითხი შპს „...-ის“ ექიმების: ხ.ხ-ის (სახ. სერტიფიკატი „ზოგადი ქირურგია“, სუბსპეციალობა „ქირურგიული ონკოლოგია“) და დ.ლ-ის (სახ. სერტიფიკატი „ზოგადი ქირურგია“, სუბსპეციალობა „ზოგადი ქირურგია“) პროფესიული პასუხისმგებლობის შესახებ.
პროფესიული განვითარების საბჭოს გადაწყვეტილებით, შპს „...-ის“ ექიმს - ხ.ხ-ეს შეუჩერდა სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება ერთი თვის ვადით; ექიმ დ.ლ-ეს კი მიეცა წერილობითი გაფრთხილება. პროფესიული განვითარების საბჭომ მიიჩნია, რომ ამ სახის ოპერაცია თავისი სირთულიდან გამომდინარე უნდა ჩატარებულიყო ისეთ კლინიკაში, რომელსაც გააჩნდა მსგავსი ტიპის ოპერაციის გაკეთების მდიდარი გამოცდილება და შესაბამისი ინფრასტრუქტურა, ოპერაცია უნდა ჩატარებულიყო შესაბამისი გამოცდილების მქონე ქირურგიული გუნდის მიერ, სათანადო დიაგნოსტიკური და მაღალი დონის რეანიმატოლოგიური სამსახურის პირობებში, თუმცა ოპერაციის ტაქტიკა სწორად იყო შერჩეული. აღნიშნული სირთულის ოპერაციებისას, ზოგადად, სიკვდილიანობის მაჩვენებელი იყო საკმაოდ მაღალი. ოპერაციის ჩვენება იყო აბსოლუტური. ექსპერტთა დასკვნიდან დგინდებოდა, რომ ოპერაცია ჩატარდა მართებულად, მიუხედავად აღნიშნულისა, პროფესიული განვითარების საბჭოს მოსაზრებით, რადგან ასეთი სირთულის ოპერაციის ჩატარებას აუცილებლად სჭირდებოდა სისხლის გადასხმას და ვინაიდან აღნიშნულის შესახებ პაციენტი და მისი ოჯახი არ ყოფილა სათანადოდ ინფორმირებული, დაისვა მკურნალი ექიმების პასუხისმგებლობის საკითხი.
საქმის მასალების მიხედვით ასევე ირკვევა, რომ ე.უ-ის 2014 წლის 31 ივლისის განცხადების საფუძველზე, ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ...ის სამმართველოს მე-... განყოფილებაში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის №004310714006 საქმეზე, დ.უ-ის სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით. აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის წარმოება არ არის დასრულებული. სადავო არაა, რომ გამოძიებასთან დაკავშირებით გამოძიების ორგანოს მიერ ჩატარებულია საპროცესო მოქმედებები, რომელთა განხორციელებისას საგამოძიებო ორგანოების და მისი თანამშრომლების მხრიდან სამსახურებრივი მოვალეობის დარღვევის ფაქტი ან რომელიმე ქმედების დანაშაულებრივი ხასიათი სისხლის სამართლის კანონმდებლობის საფუძველზე, უფლებამოსილი ორგანოს მიერ დადგენილი არ არის.
როგორც უკვე აღინიშნა, სახელმწიფო მოხელეების მიერ ძალის გამოყენების ლეტალური შემთხვევებისგან განსხვავებით, სადაც კომპეტენტურმა ორგანოებმა საკუთარი ინიციატივით უნდა დაიწყონ გამოძიება, ეფექტიანი გამოძიების ჩატარების ვალდებულება არის საშუალებების და არა შედეგის ვალდებულება. ხელისუფლებამ, შემთხვევასთან დაკავშირებული მტკიცებულებების მოსაპოვებლად, უნდა მიიღოს ყველა გონივრული ზომა, რომელიც მის ხელთ არის (იხ. Jaloud v. the Netherlands [GC], no. 47708/08, § 186, ECHR 2014; და Nachova and Others v. Bulgaria [GC], nos. 43577/98 და 43579/98, § 160, ECHR 2005-VII). ამრიგად, მხოლოდ ის ფაქტი, რომ სამედიცინო დაუდევრობასთან დაკავშირებული სამართალწარმოება დაინტერესებული პირისთვის არახელსაყრელი შედეგით დასრულდა, თავისთავად არ ნიშნავს, რომ მოპასუხე სახელმწიფომ დაარღვია კონვენციის მე-2 მუხლით გათვალისწინებული პოზიტიური ვალდებულება (Besen v. Turkey (dec.), no. 48915/09, § 38 in fine, 19 June 2012, and E.M. and Others v. Romania (dec.), no. 20192/07, § 50, 3 June 2014).
კონვენციის მე-2 მუხლით გათვალისწინებული პროცედურული ვალდებულება ჯანდაცვის კონტექსტში, სხვა საკითხებთან ერთად, მოითხოვს, რომ სამართალწარმოება დასრულდეს გონივრულ ვადაში (Šilih, cited above, § 196). ეს მოთხოვნა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ექსპერტი მოწმეებისგან სამედიცინო დასკვნების მიღების დროს (Karpisiewicz v. Poland (dec.), no. 14730/09, 11 December 2012), რადგან ექსპერტმოწმეთა სამედიცინო დასკვნებს, სავარაუდოდ, გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნებათ სასამართლოს მიერ სამედიცინო დაუდევრობის უაღრესად რთული საკითხების შეფასების დროს, აღნიშნული მათ განსაკუთრებით მნიშვნელოვან როლს ანიჭებს სამართალწარმოებაში (Bajić, cited above, § 95; Lopes de Sousa Fernandes v. Portugal [GC], №56080/13, 19.12.2017).
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ იმის შეფასება, იყო თუ არა გამოძიება საკმარისად ეფექტიანი, უნდა მოხდეს ყველა სათანადო ფაქტის საფუძველსა და პრაქტიკულ საგამოძიებო სამუშაოსთან მიმართებით (იხ. Dobriyeva and Others v. Russia, no. 18407/10, § 72, 19 დეკემბერი 2013; და Centre for Legal Resources on behalf of Valentin Câmpeanu v. Romania [GC], no. 47848/08, § 147, 17 ივლისი 2014). განსახილველ შემთხვევაში საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები არასაკმარისია გამოძიების ეფექტიანობის შესაფასებლად; მათ შორის, საქმეში არ არის წარმოდგენილი სამედიცინო ექსპერტის დასკვნა და მისი გამოკითხვის მასალები, რაც სასამართლოს მისცემდა იმის შეფასებისა და ანალიზის საშუალებას, რამდენად უკავშირდებოდა გამოძიების მოგვიანებით დაწყება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის მიერ სათანადო დასკვნის (სიკვდილის მიზეზის დასადგენად) გაცემის შეუძლებლობას და სხვ.. კასატორი აღნიშნავს, რომ გამოძიების დაგვიანებით დაწყება უკავშირდება ე.უ-ის ხელწერილს, რომლის თანახმად, მას სამედიცინო პერსონალის მიმართ არ გააჩნდა რაიმე პრეტენზია და უარს აცხადებდა ცხედრის გაკვეთის გზით გამოკვლევასა და გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დადგენაზე, თუმცა საქმეში აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება არ მოიპოვება. მორალური ზიანის დადგენა კი უკავშირდება იმ ფაქტის დადასტურებას, თუ რამდენად მნიშვნელოვანი და აუცილებელი იყო ექსჰუმაციის ჩატარება გამოძიების სრულყოფილად მიჩნევისათვის, მათ შორის, იმის გასარკვევად, აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების ჩაუტარებლობით ხომ არ შეილახა მოსარჩელის „სიმართლის ცოდნის უფლება“ - გაიგოს სიმართლე მომხდარის, დამნაშავეების იდენტიფიკაციისა და გარემოებების შესახებ.
ევროპული სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, გამოძიება იქნება ეფექტური, თუ ის, გარკვეულწილად, შეძლებს, გამოავლინოს და დასაჯოს პასუხისმგებელი პირები. ხელისუფლებამ ყველა გონივრული ნაბიჯი უნდა გადადგას ინციდენტთან დაკავშირებული მტკიცებულებების უზრუნველსაყოფად, მათ შორის არის, inter alia, თვითმხილველთა ჩვენებები, სამედიცინო ექსპერტიზის მასალები და, საჭიროების შემთხვევაში, გვამის გაკვეთის შედეგები, სადაც მოცემული იქნება დაზიანების სრული და ზუსტი ანგარიში და ობიექტური კლინიკური დასკვნები, სიკვდილის გამომწვევი მიზეზის ჩათვლით. გამოძიების ნებისმიერი ხარვეზი, რომელიც აკნინებს მის უნარს, დაადგინოს სიკვდილის გამომწვევი მიზეზი ან გამოავლინოს პასუხისმგებელი პირი, ქმნის რისკს, რომ განხორციელებული გამოძიება სტანდარტის შეუსაბამო იქნება (იხ. SALMAN v. TURKEY, § 106, 27 ივნისი, 2000წ.; GÜL v. TURKEY, No. 22676/93, §89, 14 დეკემბერი, 2000წ.).
საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ „..სააპელაციო ინსტანციის სასამართლო საქმის გადასინჯვის დროს განიხილავს როგორც ფაქტის, ისე სამართლის საკითხებს. არასრული (შეზღუდული) აპელაციის მოდელი არ გამორიცხავს ადმინისტრაციული სამართალწარმოების ინკვიზიციურ ელემენტებს, შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს აქვს შესაძლებლობა თავად გამოიტანოს ახალი გადაწყვეტილება. სააპელაციო ინსტანციაში მართლმსაჯულების განხორციელების არსი მდგომარეობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივი და სამართლებრივი ასპექტების შემოწმებაში. სააპელაციო სასამართლო, ერთი მხრივ, ამოწმებს პირველი ინსტანციის მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევასთან მიმართებით დარღვევების არსებობას და პირველი ინსტანციის მიერ დადგენილი ფაქტების შესახებ მსჯელობას, ხოლო, მეორე მხრივ, თავად იკვლევს და აფასებს მტკიცებულებებს, რომელიც აუცილებელია საქმის გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევისათვის.“ (იხ. სუსგ №ბს-568(2კ-კს-20) განჩინება, 02.06.2021წ.).
ამასთან, საკასაციო პალატა ხაზგასმით მიუთითებს, რომ განსხვავებით სამოქალაქო სამართალწარმოებისაგან, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით, ადმინისტრაციულ სასამართლოს ენიჭება საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებების მოკვლევა-შეფასების პროცესუალური კომპეტენცია. კერძოდ, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, ამასთან, სასამართლო უფლებამოსილია თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულების წარმოსადგენად. ამავე კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების გარდა, სასამართლო უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივითაც შეაგროვოს ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ არის დასაბუთებული, სასამართლომ სრულყოფილად არ შეაგროვა და გაანალიზა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არ მისცა მათ სწორი სამართლებრივი შეფასება. სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო საჩივრის აბსოლუტურ საფუძველს ქმნის, აღნიშნული, თავის მხრივ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ზემოხსენებული კოდექსის 412-ე მუხლის საფუძველზე ხელახალი განხილვისათვის დაბრუნების წინაპირობაა. საქმის ხელახალი განხილვისას სასამართლომ სრულყოფილად უნდა გამოიკვლიოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და მისცეს მათ სწორი სამართლებრივი შეფასება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
დ ა დ გ ი ნ ა:
1. ...ის რაიონული პროკურატურის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმეზე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა