დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-216(კ-25) 13 ივლისი, 2026 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ქეთევან ცინცაძე, გიზო უბილავა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 16 ოქტომბრის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ ...“).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. შპს „...-მ“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს 2021 წლის 26 თებერვლის რევიზიის აქტი №ს/რ-255-54 (პაციენტ ზ.ა-ას სამედიცინო შემთხვევა); ბ) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს 2021 წლის 8 აპრილის №02/4857 გადაწყვეტილება (შპს „...-ის“ ადმინისტრაციული საჩივრით წარდგენილი შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ), დაეკისროს მოპასუხეს სადავო საკითხის გადაწყვეტამდე, 2476.80 ლარის შპს „...-სთვის“ დაბრუნების, ასევე 9907.20 ლარის ნაწილში საჯარიმო სანქციის დაუყოვნებლივი აღსრულების შეჩერების ვალდებულება; გ) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს 2021 წლის 19 აპრილის №02/5507 გადაწყვეტილება (ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ); დ) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს 2011 წლის 26 თებერვლის №ს/რ-256-55 რევიზიის აქტი (პაციენტ რ.მ-ის სამედიცინო შემთხვევა); ე) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს 2021 წლის 19 აპრილის №02/5508 გადაწყვეტილება (შპს „...-ის“ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ); ვ) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს 2021 წლის 26 თებერვლის №ს/რ-257-56 რევიზიის აქტი (პაციენტ ლ.მ-ის სამედიცინო შემთხვევა); ზ) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს 2021 წლის 19 აპრილის №02/5509 გადაწყვეტილება (შპს „...-ის“ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 20 მაისის განჩინებით შპს „...-ის“ სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ბოლნისის რაიონულ სასამართლოს.
2. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილებით შპს „...-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი: სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს 2021 წლის 26 თებერვლის რევიზიის №ს/რ-255-54 აქტი; სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს 2021 წლის 19 აპრილის №02/5507 გადაწყვეტილება (ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ); სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს 2011 წლის 26 თებერვლის №ს/რ-256-55 რევიზიის აქტი; სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს 2021 წლის 19 აპრილის №02/5508 გადაწყვეტილება (შპს „...-ის“ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ); სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს 2021 წლის 26 თებერვლის №ს/რ-257-56 რევიზიის აქტი; სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს 2021 წლის 19 აპრილის №02/5509 გადაწყვეტილება (შპს „...-ს“ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ). მოპასუხეს დაევალა, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, შპს „...-ის“ მიმართ. მოსარჩელე შპს „...-ის“ სარჩელი, სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს 2021 წლის 8 აპრილის №02/4857 გადაწყვეტილების (შპს ,,...-ის“ ადმინისტრაციული საჩივრით წარმოდგენილი შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ) ბათილად ცნობისა და მოპასუხისთვის თანხის დაკისრების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილება.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 16 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ.
კასატორი აღნიშნავს, რომ პაციენტ ზ.ა-ას სამედიცინო დოკუმენტაცია რეცენზირებულია (თერაპიული პროფილი) სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მიერ. რეცენზენტის დასკვნით სამედიცინო დოკუმენტაციის შესწავლისას გამოიკვეთა რამდენიმე შენიშვნა: პაციენტს მკურნალობის მთელ პერიოდში აღენიშნებოდა ჰიპერგლიკემია. ფორმა 100-ში მითითებულია, რომ პაციენტს ჩაუტარდა ენდოკრინოლოგის კონსულტაცია, თუმცა დოკუმენტაციაში შესაბამისი ჩანაწერი ვერ მოიძებნა. ამიტომ, გაუგებარია, რა რეკომენდაცია მისცა ენდოკრინოლოგმა. შაქრიანი დიაბეტის დიაგნოზის დაზუსტებისთვის სასურველი იქნებოდა გლუკოზის ტოლერანტობის ტესტის და გლიკოზირებული ჰემოგლობინის განსაზღვრა, მით უმეტეს, პაციენტს 04.06-ში მაღალი გლიკემიის გამო აუკეთდა აქტრაპიდი. პაციენტს დაენიშნა მედროლი - ჩანაწერებიდან არ ჩანს რატომ, სავარაუდოდ, თრომბოციტოპენიის გამო, თუმცა, ქრონიკული B+ დელტა ჰეპატიტის, ღვიძლის ციროზის შეშუპებით-ასციტური სინდრომის არსებობისას სტეროიდის დანიშვნა არ არის მიზანშეწონილი. დაწესებულების ადმინისტრაციის მიერ მიწოდებული ცნობის მიხედვით, აღნიშნულ შემთხვევაზე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსგან მოთხოვნილმა თანხამ შეადგინა 4 128.00 ლარი. სარეცენზიო დასკვნის გათვალისწინებით საქართველოს მთავრობის №36 (21.02.2013წ.) „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ დადგენილების №1 დანართის მე-19 მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, დაწესებულებას დაეკისრა ჯარიმა ასანაზღაურებელი თანხის (4 128,00 ლარი) სამმაგი ოდენობით (სულ 12 384.00 ლარი).
კასატორის განმარტებით, პაციენტ ლ.მ-ის სამედიცინო დოკუმენტაცია რეცენზირებულ იქნა (კარდიოლოგიური პროფილი) სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სპეცილისტის მიერ. რეცენზენტის დასკვნით: დაავადების მართვისას ...-ში პაციენტის მკურნალობის სქემაში რიგი უზუსტობებია დაშვებული, სახელდობრ, სამედიცინო დოკუმენტაციის ფორმა №100-ში №4641 დაავადების მიმდინარეობაში ნათქვამია, რომ ეკგ-ზე შემოსვლისას აღინიშნება წინაგულების ფიბრილაცია, ST სეგმენტის ქალამნისებური ცდომა იზოხაზს ქვემოთ-სავარაუდოდ დიგოქსინის ეფექტი. პაციენტის გულსცემის სიხშირე იყო 60 შეკუმშვა წუთში. მიუხედავად ამისა, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ პაციენტს გაწერისას კვლავ დიგოქსინი დაუნიშნეს, ასევე, დიგოქსინით მკურნალობდნენ მას სტაციონარში. აღნიშნული ფაქტი მნიშვნელოვანწილად, დიგოქსინით მძიმე ინტოქსიკაციის განვითარების საშიშროების შემცველია. სარეცენზიო დასკვნის გათვალისწინებით საქართველოს მთავრობის №36 (21.02.2013წ.) „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ დადგენილების №1 დანართის მე-19 მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, შპს „...-ს“ დაეკისრა ჯარიმა ასანაზღაურებელი თანხის (1 040,00 ლარი) სამმაგი ოდენობით (სულ 3 120.00 ლარი).
კასატორის განმარტებით, პაციენტ რ.მ-ის სამედიცინო დოკუმენტაცია სარეცენზიოდ გადაეგზავნა (ნევროლოგიური პროფილი) სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს. რეცენზენტის დასკვნით: ცერებრული იშემიური და ჰემორაგიული ინსულტის მწვავე გართულებებს მიეკუთვნება თავის ტვინის შეშუპება და ინტრაკრანიალური ჰიპერტენზია თავის ტვინის შუამდებარე სტრუქტურების შესაძლო დისლოკაციით, რომელიც, როგორც წესი, პიკს აღწევს ინსულტის განვითრებიდან მე-2, მე-5 დღეს. ამიტომ, საკონტროლო კომპიუტერული ტომოგრაფია მარნეულის ...-ში უნდა ჩატარებულიყო კლინიკაში მოთავსებიდან 2-3 დღეში. მკურნალობაში გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო იშემიური კერის არსებობა. დაწესებულების ადმინისტრაციის მიერ მიწოდებული ცნობის მიხედვით, აღნიშნულ შემთხვევაზე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსგან მოთხოვნილმა თანხამ შეადგინა 3 270.00 ლარი.
სარეცენზიო დასკვნის გათვალისწინებით საქართველოს მთავრობის №36 (21.02.2013წ.) „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ დადგენილების №1 დანართის მე-19 მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, შპს „...-ს“ დაეკისრა ჯარიმა ასანაზღაურებელი თანხის (3 270,00 ლარი) სამმაგი ოდენობით (სულ 9 810.00 ლარი).
კასატორის განმარტებით, „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების მე-16 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, რევიზიისას შესაძლებელია, გამოყენებულ იქნეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის სამართლებრივი აქტით დამტკიცებული კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაციები (გაიდლაინები) და დაავადებათა მართვის სახელმწიფო სტანდარტები (პროტოკოლები) (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და რეცენზენტთა დასკვნები. რეგულირების სააგენტომ შპს „...-ის“ ადმინისტრაციული საჩივრების განხილვისას, არ გაიზიარა საჩივრის ავტორის მოსაზრება, რადგან ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენისას და მისი სხდომაზე განხილვისას მხარის მიერ არ იქნა წარდგენილი ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც გაბათილებული იქნებოდა ის სარეცენზიო დასკვნები, რომლის შესაბამისადაც, რეგულირების სააგენტომ პაციენტების - ზ.ა-ას, ლ.მ-ის და რ.მ-ის სამედიცინო მომსახურება შპს „...-ში“ მიიჩნია არასრულად ან არაჯეროვნად.
კასატორის მითითებით, სამივე პაციენტის შემთვევაში რეგულირების სააგენტოს მიერ გამოყენებულ იქნა საქართველოს მთავრობის №36 (21.02.2013წ.) „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ დადგენილების №1 დანართის მე-19 მუხლის მე-9 პუნქტი, რომლის საფუძველზეც შპს „...-ს“ დაეკისრა ჯარიმა ასანაზღაურებელი თანხის სამმაგი ოდენობით. სამივე სადავოდ ქცეული რევიზიის აქტით და მათზე რეგულირების სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით დასტურდება, რომ შპს „...-მ“ პაციენტებს მომსახურება გაუწია არაჯეროვნად და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოყენებულ იქნა კანონმდებლობით განსაზღვრული ფინანსური სანქცია. საქმეზე წარმოდგენილია რეცენზიის დასკვნები, რომლებიც გახდა იმის საფუძველი, რომ შპს „...-ის“ მიერ პაციენტებისთვის გაწეული სამედიცინო დახმარება მიჩნეულიყო არასრულად/არაჯეროვნად. სწორედ შესაბამისი კომპეტენციის და ცოდნის მქონე დარგის სპეციალისტების მიერ იქნა შესწავლილი შპს „...-ში“ პაციენტებისთვის გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხი და შესაბამისი დასკვნებით დადასტურდა, რომ სამივე პაციენტის მიმართ ადგილი ჰქონდა არასრულ/არაჯეროვან მკურნალობას.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 6 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.
პაციენტ ზ.ა-ას სამედიცინო შემთხვევასთან მიმართებით საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) პაციენტი ზ.ა-ა (59 წლის), 31.05.18წ., სასწრაფო სამედიცინო ბრიგადის მიერ მიყვანილ იქნა შპს „...-ში“ (მარნეული). წინასწარი დიაგნოზი: სუნთქვის მწვავე უკმარისობა, მარცხენამხრივი პნევმონია დაუზუსტებელი, მარჯვენამხრივი ჰიდროთორაქსი, ქრონიკული ვირუსული B ჰეპატიტი, ღვიძლის ციროზი, ღვიძლის უკმარისობა, ასციტი, გულის ქრონიკული უკმარისობა. სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერის მიხედვით: პაციენტი უჩიოდა სუნთქვის გაძნელებას, ჰაერის უკმარისობას, ქოშინს, ტემპერატურის მომატებას, ხველას, ნახველის გაძნელებულ ევაკუაციას. ჩივილები დაეწყო ერთი კვირაა, დინამიკაში მდგომარეობა გაუარესდა, მეორე დღეს გამოეხატა ძლიერი საერთო სისუსტე, რის გამოც ვერ იღებდა საკვებს და წყალს. ობ: T/A 105/60mmHg, P-140, SpO2 - 74%, RR-34-35, t-38,8°C, მიეწოდებოდა ჟანგბადი სველი წესით 7-8ლ/წთ, pulmo - აუსკულტაციით მარცხნივ გაფანტული მშრალი ხიხინი, მარჯვნივ ზემო ველში შესუსტებული სუნთქვა, შუა და ქვემო ველებში სუნთქვა არ ტარდებოდა. ენა - მშრალი, მუცელი - შებერილი, ასციტური, უმტკივნეულო, ღვიძლისა და ელენთის პალპირება ვერ ხერხდებოდა. ჩაედგა ცვკ. დაინიშნა და ჩატარდა შემდეგი კლინიკო-ლაბორატორიული კვლევები: ჰემატოლოგია, ღვიძლის ფუნქციური სინჯები (ალტ-72 (<33), ასტ-74 (32<)), გულმკერდის რენტგენოგრაფია („მარჯვენა ფილტვი ტოტალურად, ინტენსიურად, ჰომოგენურად დაჩრდილულია. მარცხნივ ქვემო ველში აღინიშნება ინფილტრაციული ცვლილებები. ფილტვის სურათი გაძლიერებულია), მუცლის ღრუს ულტრაბგერითი გამოკვლევა, პლევრის ღრუს სონოგრაფიული გამოკვლევა (მარჯვენა პლევრის ღრუ ფიქსირდება 1500-2000 მლ თავისუფალი სითხე; მარცხენა პლევრის ღრუ-თავისუფალი სითხე არ ფიქსირდება) ექოკარდიოგრაფია, სისხლის საერთო ანალიზი (გამოვლინდა: ზომიერი ლეიკოციტოზი, ფორმულის მარცხნივ გადახრით, ნეიტროფილოზი, თრომბოციტოპენია); გაზებისა და ელექტროლიტების განსაზღვრა სისხლში; სისხლის ჯგუფისა და რეზუსის განსაზღვრა; კოაგულოგრამა; ინფექციურ დაავადებათა დიაგნოსტიკა; შარდის საერთო ანალიზი. დაინიშნა შემდეგი მკურნალობა: პრიმაცეფი; ფრაქსიპარინი; ლაზიქსი კარდიოასპირინი; კარდირატი; ტორაგამა; ვეროშპირონი; პულმიკორტი. 06.06.18-ში დანიშნულებაში დაემატა ესენციალე, 08.06-ში - მედროლი. 31.05.18წ. 21:45სთ. პაციენტი კონსულტირებულ იქნა თერაპევტის მიერ, დაისვა დიაგნოზი: „სუნთქვის მწვავე უკმარისობა, მარჯვენამხრივი პნევმონია დაუზუსტებელი, მარჯვენამხრივი ჰიდროთორაქსი, ასციტი, გულის ქრონიკული უკმარისობა II ფ.კ“ (ექ. ქ.ა-ი სახ.სერტ: „კარდიოლოგია“). ასევე, კონსულტირებულ იქნა ქირურგის მიერ. დიაგნოზი: „ასციტი, მარჯვენამხრივი ჰიდროთორაქსი“ (ექ. ა.ა-ი სახ. სერტ „ზოგადი ქირურგია“; სუბსპეც. „ლაპარასკოპიული ქირურგია“; „ენდოსკოპია“ (გასტროდუოდენოსკოპია); „ქირურგიული ონკოლოგია“). პლევრის ღრუში მარჯვნივ დიდი რაოდენობით სითხის გამო, ჩატარდა მარჯვენამხრივი თორაკოცენტეზი, მიღებულ იქნა ქარვისფერი სითხე 3600 მლ, პუნქტატი გაიგზავნა ლაბორატორიულ კვლევაზე. პაციენტს პერიოდულად უტარდებოდა არაინვაზიური ფხვ. შემდეგი მკურნალობისა და გამოკვლევების მიზნით, გადაყვანილ იქნა რეანიმაციულ განყოფილებაში. 01.06.18წ-06.06.18წ. რეანიმაციულ განყოფილებაში პაციენტის მდგომარეობა იყო მძიმე, უტარდებოდა NIV CPAP სეანსები, ჰემოდინამიკური მაჩვენებლები ტენდენციით ჰიპოტენზისკენ. 01.06.18წ. 03:00სთ დაწყებულ იქნა Sol.Mezatori-ის მიკროინფუზია, Pulmo-აუსკულტაციით სუნთქვა ტარდებოდა ბილატერალურად, ქვემო წილებში შესუსტებული სუნთქვის ფონზე მოისმინებოდა კრეპიტაცია, სხვადასხვა კალიბრის სველი ხიხინი. მუცელი პალპაციით - რბილი, დიდი ზომის, ასციტური სითხის ხარჯზე. შარდვა ურეთრული კათეტერით. ღვიძლი სცილდებოდა ნეკნთა რკალს 2-3სმ-ით. 01.06.18წ. 16:00სთ. კონსულტირდა ინფექციონისტის მიერ, დაესვა დიაგნოზი: ქრონიკული B ჰეპატიტი დაუზუსტებელი, ასციტი (ექ. ი.ბ-ნ. სახ. სერტ „ინფექციური სნეულებები“). დაინიშნა მკურნალობა. 06.06.18წ. 23:00სთ. ჩაუტარდა პლევრის საკონტროლო ექოსკოპია (მარჯვენა პლევრის ღრუში ფიქსირდება თავისუფალი სითხე სეპარაცია 3,8 სმ მარცხენა მხარეს 100მლ. (ექიმი მ.მ-ე, სახ.სერტ: „შინაგანი სნეულებები“; „სამედიცინო რადიოლოგია“). 04.06.18წ. პლევრის ღრუების საკონტროლო ექოსკოპიური კვლევის დასკვნის მიხედვით: მარჯვენა პლევრის ღრუში ფიქსირდება 750მლ თავისუფალი სითხე, მარცხენა პლევრის ღრუში თავისუფალი სითხე არ ფიქსირდება“. 07.06.18-12.08.18წ. პაციენტის ჰემოდინამიკური მაჩვენებლები დასტაბილურდა, მოიხსნა Sol. Mezatoni. 07.06-ში მარჯვენამხრივი ჰიდროთორაქსის გამო, პაციენტს ჩაუტარდა მარჯვენა პლევრის ღრუს პუნქცია (მიღებულია 3500მლ+1800 ქარვისფერი სითხე (ექ. ლ.ა-ე სახ. სერტ. „ზოგადი ქირურგია“). 12.06.18წ. პლევრის ღრუების საკონტროლო ექოსკოპიური კვლევის დასკვნის მიხედვით: მარჯვენა პლევრის ღრუში ფიქსირდება 1600მლ თავისუფალი სითხე, ასევე, ჩატარდა ფილტვის არტერიების კტ ანგიოგრაფია ი/ვ დინამიური კონტრასტირებით. 14.06.18წ. კვლავ ჩატარდა მარჯვენა პლევრის ღრუს პუნქცია (დასკვნის მიხედვით; „ციტიმორფოლოგიური სურათი შესაბამება სეროზულ ექსუდატს“). პაციენტის ზოგადი მდგომარეობა დინამიკაში გაუმჯობესდა, ჰემოდინამიკური მაჩვენებლები დასტაბილურდა, თუმცა რჩებოდა საყურადღებო. პაციენტსა და ოჯახის წევრებს აეხსნათ მდგომარეობისა და მოსალოდნელი გართულებების შესახებ. განყოფილების ხელმძღვანელთან შეთანხმებით, ხელწერილის საფუძველზე, 18.06.18წ. პაციენტი გაეწერა ბინაზე. დასკვნითი დიაგნოზი: „პნევმონია დაუზუსტებელი, ქრონიკული ვირუსული ჰეპატიტი B დელტა კომპონენტით, ღვიძლის ციროზი“. პაციენტს მიეცა შემდეგი სამკურნალო და შრომითი რეკომენდაციები: ოჯახის ექიმის მეთვალყურეობა, ინფექციონისტისა და ჰემატოლოგის კოისულტაცია. ასევე, მიეცა დანიშნულება: ესენციალე; პანტაპე; დუოვიტი; ტორაგამა; ვეროშპირონი; პანანგინი (სამედიცინო ბარათში ფიქსირდება პაციენტის კანონიერი წარმომადგენლის უარი სტაციონარულ მკურნალობაზე) (ტ.1, ს.ფ 35-39); ბ) პაციენტ ზ.ა-ას სამედიცინო დოკუმენტაცია რეცენზირებულია (თერაპიული პროფილი) სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მიერ. რეცენზენტის დასკვნით სამედიცინო დოკუმენტაციის შესწავლისას გამოიკვეთა რამდენიმე შენიშვნა: პაციენტს მკურნალობის მთელ პერიოდში აღენიშნებოდა ჰიპერგლიკემია, ფორმა 100-ში მითითებულია, რომ პაციენტს ჩაუტარდა ენდოკრინოლოგის კონსულტაცია, თუმცა დოკუმენტაციაში შესაბამისი ჩანაწერი ვერ მოიძებნა. ამიტომ, გაუგებარია, რა რეკომენდაცია მისცა ენდოკრინოლოგმა. შაქრიანი დიაბეტის დიაგნოზის დაზუსტებისთვის სასურველი იქნებოდა გლუკოზის ტოლერანტობის ტესტის და გლიკოზირებული ჰემოგლობინის განსაზღვრა, მით უმეტეს, პაციენტს 04.06-ში მაღალი გლიკემიის გამო გაუკეთდა აქტრაპიდი. პაციენტს დაენიშნა მედროლი, თუმცა ჩანაწერებიდან არ ჩანს - რატომ, სავარაუდოდ, თრომბოციტოპენიის გამო, თუმცა, ქრონიკული B+ დელტა ჰეპატიტის, ღვიძლის ციროზის შეშუპებით ასციტური სინდრომის არსებობისას სტეროიდის დანიშვნა არ არის მიზანშეწონილი (ტ.2, ს.ფ 142-145); გ) სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს 2021 წლის 26 თებერვლის №ს/რ-255-54 რევიზიის აქტის თანახმად, პაციენტ ზ.ა-ას სამედიცინო შემთხვევაში, საქართველოს მთავრობის №36 „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ დადგენილების №1 დანართის მე-19 მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, შპს „...-ს“ დაეკისრა ჯარიმა ასანაზღაურებელი თანხის (4 125,00 ლარი) სამმაგი ოდენობით (სულ 12 384. 00 ლარი) (ტ.1, ს.ფ 35-39); დ) სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს 2021 წლის 26 თებერვლის №ს/რ-255-54 რევიზიის აქტის ბათილად ცნობის, ასევე სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შეჩერების თაობაზე, შპს „...-მ“ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს (ტ.2, ს.ფ 182-185). სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს 2021 წლის 8 აპრილის №02/4857 გადაწყვეტილებით, შპს „...-ის“ ადმინისტრაციული საჩივარი, სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს 2021 წლის 26 თებერვლის №ს/რ-255-54 რევიზიის აქტის შეჩერების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა (ტ.1, ს.ფ 44-45). სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს 2021 წლის 19 აპრილის №02/5507 გადაწყვეტილებით, შპს „...-ის“ ადმინისტრაციული საჩივარი, სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს 2021 წლის 26 თებერვლის №ს/რ-255-54 რევიზიის აქტის ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ საჩივრის ავტორმა (შპს „...“) ვერ წარადგინა ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც გააბათილებდა სარეცენზიო დასკვნას, რის გამოც, რეგულირების სააგენტომ, პაციენტ ზ.ა-ასთვის ჩატარებული სამედიცინო მომსახურება მიიჩნია არასრულად/არაჯეროვნად (ტ.1, ს.ფ 46-49).
პაციენტ ლ.მ-ის სამედიცინო შემთხვევასთან მიმართებით საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) პაციენტმა ლ.მ-მა (63 წლის), 07.10.2017წ. 11:40 სთ-ზე, თვითდინებით მიმართა შპს „...-ს“ (მარნეული), ჩივილებით: სუნთქვის გაძნელება; ჰაერის უკმარისობა; ქოშინი; მოხრჩობის შეგრძნება; ზოგადი საერთო სისუსტე. ანამნეზში აღენიშნებოდა წინაგულთა ფიბრილაცია, პერმანენტული ფორმა, პერიოდულად ჰქონდა არტერიული წნევის მაღალი ციფრები max 170/90mmHg. მკურნალობდა რეგულარულად, კარდიოლოგის დანიშნულებით იღებდა ვარფარინს, INR-ს არ იკონტროლებდა. წინასწარი დიაგნოზი: „მარცხენა პარკუჭის მწვავე უკმარისობა; ანტიკოაგულანტებით ინტოქსიკაცია; არტერიული ჰიპერტენზია; წინაგულების ფიბრილაცია და თრთოლვა“. პაციენტი მოთავსდა გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტში, აყვანილ იქნა კარდიომონიტორზე, იმყოფებოდა ორთოპნოეს მდგომარეობაში. მიეწოდებოდა ჟანგბადი სველი წესით. T/A 120/70mmHg; P 60’; SpO2-83%; RR-28; t-36,5 C. ცნობიერება ნათელი. Cor-ტონები მოყრუებული. Pulmo - აუსკულტაციით შუა და ქვემო ველებში მოისმინებოდა საშუალო და წვრილბუშტუკოვანი სველი ხიხინი. მუცელი - რბილი, უმტკივნეულო, პერისტალტიკა აქტიური. საჭიროდ ჩაითვალა კარდიოლოგის კონსულტაცია. 07.10.17წ. 13:30 სთ-ზე პაციენტი კონსულტირებულ იქნა ექიმ ნ.ზ-ის მიერ. ჩანაწერის მიხედვით ირკვევა, რომ პაციენტი ბოლო ერთი კვირა იღებდა მედიკამენტებს: დიგოქსინს, ვარფარინს 2,5მგ 1,5 ტაბ. ყოველდღე. საკონტროლო INR - 14, ანამნეზში ჩატარებული ჰქონდა სარქვლის პლასტიკა 25 წლის წინ. ეკგ: წინაგულების ფიბრილაცია, ST სეგმენტის ქალამნისებური ცდომა იზოხაზს ქვემოთ სტანდარტულ და გულმკერდის განხრებში (სავარაუდოდ დიგოქსინის ეფექტი). დაისვა დიაგნოზი: „მარცხენა პარკუჭის მწვავე უკმარისობა; წინაგულების ფიბრილაცია და თრთოლვა; გულის ქრონიკული უკმარისობა II; არტერიული ჰიპერტენზია; ანტიკოაგულაციური საშუალებებით მოწამვლა, რომელიც არ არის შეტანილი სხვა რუბრიკებში“. გაუკეთდა კოაგულოგრამა INR16,2. ვინაიდან გამოვლინდა წამლისმიერი ინტოქსიკაცია, შემდგომი მკურნალობის მიზნით, გადაწყდა პაციენტის გადაყვანა რეანიმაციულ განყოფილებაში. რეკომენდაცია მიეცა ექოკარდიოგრაფიაზე, დაენიშნა შემდეგი მკურნალობა: „დიგოქსინი 0,25 % ½ ტაბ. 1-ჯერ შაბათ-კვირას შესვენება, ლაზიქსი, NaCl“. რეკომენდებულ იქნა ტროპონინის განსაზღვრა და ექოკარდიოგრაფიული კვლევის ჩატარება. 09.10.2017წ. პაციენტს ჩაუტარდა ექოკარდიოგრაფია. დასკვნის მიხედვით, „გულის ულტრაბგერითი სკანირებით გამოვლინდა მკაცრი აორტული სტენოზი, PGmax-60mmHg და ნაკლოვანი AR PHT-668ms, ზომიერი მიტრალური სტენოზი, Mv mean PG-11,31mmHg და მკაცრი ნაკლოვანება +3,5/+4. მარცხენა წინაგული მკვეთრად დილატირებული. ზომიერად დილატირებულია მარჯვენა წინაგული საშუალო/მძიმე ტრიკუსპიდული ნაკლოვანება. პულმონური ჰიპერტენზია, PAPs-58mmHg. სისტოლური ფუნქცია, გ.ფ-51%. პერიკარდიუმში სითხე არ ფიქსირდება“. 07.10.2017წ. გულმკერდის რენტგენოგრაფიული დასკვნის მიხედვით: „pulmo- ქვემო ველებში პნევმატიზაცია დაქვეითებული, ფილტვის გაძლიერებული, ჰილუსები შეგუბებითი, სინუსები თავისუფალი. Cor- განივი ზომა გადიდებულია მარჯვენა წინაგულისა და მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფიის ხარჯზე, ზემო ღრუ ვენა შეგუბებითი, აორტა გაფართოებული“ (ექ. ლ.ლ-ე სახ.სერტ „რადიოლოგია“). ასევე, ჩატარდა შემდეგი კლინიკო-ლაბორატორიული კვლევები: მუცლის ღრუს ორგანოების ულტრაბგერითი გამოკვლევა; სისხლის ჯგუფის და რეზუსის განსაზღვრა; კოაგულოგრამა; სისხლის საერთო ანალიზი; ინფექციურ დაავადებათა დიაგნოსტიკა სწრაფი მარტივი წესით; ტროპონინი <50 (<50ნგ/ლ უარყოფითი); კრეატინინი 99 (45-84); შარდის საერთო ანალიზი. 07.10.2017წ. 13:10 სთ-ზე პაციენტი გადაყვანილ იქნა რეანიმაციულ განყოფილებაში. მდგომარეობა იყო მძიმე, საყურადღებო, ატმოსფერულ ჰაერზე დესატურირებდა, გამოხატული იყო ორთოპნოე, დაწყებულ იქნა ოქსიგენო-ინჰალაციური თერაპია, რესპირატორული პარამეტრების გაუმჯობესების მიზნით, დაინიშნა NIV CPAP სეანსები, რის ფონზეც RR-23; SpO2- 95%. T/A 135/76mmHg; HR-67;t-37,3. მცირე წრის განტვირთვის მიზნით, დაწყებულ იქნა დიურეზის სტიმულაცია, სისხლდენის პრევენციის მიზნით დაენიშნა ჰემოსტაზიური თერაპია. მიმდინარეობდა შემდეგი მკურნალობა: NaCl; Sol Acibloki; Tab. Digoxini; Tab Ratizoli; Sol. Vikasoli; Sol Lazixi. 09.10.17წ. 14:30 სთ-ზე პაციენტის მდგომარეობა იყო სტაბილური, უჩიოდა სუნთქვის გაძნელებას, ქოშინს, უმნიშვნელო ფიზიკურ დატვირთვაზე, აღენიშნებოდა ქვედა კიდურების შეშუპება. ობ: P-80’; SpO2-94%. T/A 170/100mmHg; RR-24; t- 36.5C, პაციენტი შემდეგი მკურნალობის მიზნით, გადაყვანილ იქნა თერაპიულ განყოფილებაში. 10.10.17წ-12.10.17წ პაციენტის მდგომარეობა იყო სტაბილური, აღნიშნავდა ქოშინს უმნიშვნელო ფიზიკურ დატვირთვაზე. ქვედა კიდურებზე აღენიშნებოდა შეშუპება კოჭ-წვივის არეში, პასტოზური. მკვეთრად შესუსტებული ვეზიკულური სუნთქვის ფონზე მოისმინებოდა მრავლობითი წვრილი კალიბრის ხიხინი, აღენიშნებოდა ერთეული მშრალი ხველა. მიმდინარეობდა გლიკემიის კონტროლი. იმყოფებოდა ენდოკრინოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ. მიმდინარეობდა მკურნალობა და მონიტორინგი („ექიმის დანიშნულების ფურცლების“ მიხედვით, პაციენტს ეძლეოდა დიგოქსინი). 12.10.17წ. 14:00სთ პაციენტი გაეწერა ბინაზე. მიეცა შემდეგი დანიშნულება: ქსარელტო, დიგოქსინი, ოფლოტასი. დასკვნითი კლინიკური დიაგნოზი: „გულის ქრონიკული უკმარისობა; ჰიპერგლიკემია დაუზუსტებელი; პორტული სტენოზი; აორტული ნაკლოვანება; არტერიული ჰიპერტენზია; წინაგულების ფიბრილაცია; ანტიკოაგულაციური საშუალებებით მოწამვლა; ზომიერი მიტრალური სტენოზი; მკაცრი მიტრალური ნაკლოვანება; მარცხენა პარკუჭის მწვავე უკმარისობა; სუნთქვის მწვავე უკმარისობა; საშარდე გზების ინფექცია“. 16.10.2017წ. 11:45 სთ-ზე პაციენტმა თვითდინებით მიმართა შპს „გულისა და სისხლძარღვთა კლინიკას“, სადაც ჩაუტარდა ოპერაცია: „აორტული სარქვლის შეცვლა მექანიკური სარქვლით, მიტრალური სარქვლის შეცვლა მექანიკური სარქვლით, სამკარედა სარქვლის პლასტიკა დევეგას მეთოდით. 26.10.17წ. 11:00 სთ-ზე გაეწერა ბინაზე სტაბილური მდგომარეობით (ტ.1, ს.ფ 62-66); ბ) პაციენტ ლ.მ-ის სამედიცინო დოკუმენტაცია რეცენზირებული იქნა (კარდიოლოგიური პროფილი) სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სპეციალისტის მიერ. რეცენზენტის დასკვნით, დაავადების მართვისას შპს „...-ში“ პაციენტის მკურნალობის სქემაში რიგი უზუსტობებია დაშვებული. სახელდობრ: სამედიცინო დოკუმენტაციის ფორმა 100-ში №4641 დაავადების მიმდინარეობაში ნათქვამია, რომ ეკგ-ზე შესვლისას აღინიშნება წინაგულების ფიბრილაცია, ST სეგმენტის ქალამნისებური ცდომა იზოხაზს ქვემოთ-სავარაუდოდ დიგოქსინის ეფექტი. პაციენტის გულისცემის სიხშირე იყო 60 შეკუმშვა წუთში. მიუხედავად ამისა, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ პაციენტს გაწერისას კვლავ დიგოქსინი დაუნიშნეს, ასევე, დიგოქსინით მკურნალობდნენ მას სტაციონარში. აღნიშნული ფაქტი მნიშვნელოვანწილად, დიგოქსინით მძიმე ინტოქსიკაციის განვითარების საშიშროების შემცველია (ტ.2, ს.ფ 139-141); გ) სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს 2021 წლის 26 თებერვლის №ს/რ-257-56 რევიზიის აქტის თანახმად, პაციენტ ლ.მ-ის სამედიცინო შემთხვევაში, საქართველოს მთავრობის №36 „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ დადგენილების №1 დანართის მე-19 მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, შპს „...-ს“ დაეკისრა ჯარიმა ასანაზღაურებელი თანხის (1040 ლარი) სამმაგი ოდენობით (სულ 3120 ლარი) (ტ.1, ს.ფ 62-66); დ) სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს 2021 წლის 26 თებერვლის №ს/რ-257-56 რევიზიის აქტის ბათილად ცნობის თაობაზე შპს „...-მ“ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს (ტ.1, ს.ფ 67-69). სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს 2021 წლის 19 აპრილის №02/5509 გადაწყვეტილებით შპს „...-ის“ ადმინისტრაციული საჩივარი, სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს 2021 წლის 26 თებერვლის №ს/რ-257-56 რევიზიის აქტის ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ საჩივრის ავტორმა (შპს „...“) ვერ წარადგინა ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც გააბათილებდა სარეცენზიო დასკვნას, რის გამოც, რეგულირების სააგენტომ, პაციენტ ლ.მ-ისათვის ჩატარებული სამედიცინო მომსახურება მიიჩნია არასრულად/არაჯეროვნად (ტ.1, ს.ფ 70-73).
პაციენტ რ.მ-ის სამედიცინო შემთხვევასთან მიმართებით საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) 29.07.17წ. 05:20სთ პაციენტი რ.მ-ი (69 წლის), სასწრაფო სამედიცინო ბრიგადის მიერ, მიყვანილ იქნა შპს „...-ში“ (მარნეული) ჩივილებით: მეტყველების გაძნელება, დეზორიენტაცია, აგზნება, გამოხატული მარჯვენამხრივი ჰემიპარეზი, უნებლიე შარდვა. აღნიშნული ჩივილები დაწყებული იყო 5-6 საათით ადრე, მაღალი არტერიული წნევის ფონზე. წინასწარი დიაგნოზი: „სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევა; ინტრაცერებული სისხლჩაქცევა; სომნოლენცია, კომა; გულის უკმარისობა III; წინაგულების ფიბრილაცია და თრთოლვა; არტერიული ჰიპერტენზია“. პაციენტი მოთავსდა გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტში, აყვანილ იქნა კარდიომონიტორინგზე. ობ: t-36,70C, T/A 200/105mmHg, P-80’, SpO2-93%. ჩაუტარდა ნევროლოგის კონსულტაცია, თავის ტვინის კტ კვლევა (დასკვნის მიხედვით: „ვლინდება სუბკორტიკალური ჰემორაგიული მასა მარცხნივ საფეთქლის წილში. სუბარაქნოიდული ჰემორაგიის ნიშნები იფსილატერალურ თხემის წილში. კორტიკალურ-სუბკორტიკალური დარბილების კერა მარცხნივ შუბლში. მარცხნივ საფეთქლის წილში აღწერილი ჰემორაგიული ტიპის ცვლილებები, არ გამორიცხავს ამილოიდური ანგიოპათიის ფონზე განვითარებული ჰემორაგიის, ასევე კორტიკალური ინფარქტის შემდგომ განვითარებული მეორადი ჰიპერფუზიული დიაპედეზის არსებობასაც. რეკომენდებულია ინტენსიური კლინიკო-რადიოლოგიური მონიტორირება დინამიკაში“ (ექ. ს.მ-ი, სახ. სერტ: „ნევროლოგია“; „სამედიცინო რადიოლოგია“ სუბსპეც „მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია“, „კომპიუტერულ-ტომოგრაფიული დიაგნოსტიკა“). ასევე, ჩატარებულ იქნა კარდიოლოგ ქ.ა-ის კონსულტაცია. დიაგნოზი: მარცხენა პარკუჭის ქრონიკული უკმარისობა; გულის უკმარისობა IVფკ, არტერიული ჰიპერტენზია IIსტ; ინსულტი, რომლიც არ არის იდენტიფიცირებული, როგორც სისხლჩაქცევა ან ინფარქტი. ასევე, ნეიროქირურგ, ზვიად ტივაძის კონსულტაცია. ამ ეტაპზე, ქირურგიული ჩარევა საჭიროდ არ ჩაითვალა. პაციენტს, ასევე, ჩაუტარდა გულმკერდის რენტგენოგრაფიული კვლევა და პლევრის ღრუების ულტრაბგერითი გამოკვლევა (მარჯვენა პლევრის ღრუში დაფიქსირდა გამონაჟონი სეპარაციით 34მმ, საშუალოდ 250-300მლ-მდე). მდგომარეობა იყო მძიმე. შემდგომი მკურნალობის მიზნით, პაციენტი გადაყვანილ იქნა რეანიმაციულ განყოფილებაში. დაინიშნა შემდეგი მკურნალობა: Sol. NaCl; Sol. Lazixi; Sol. Zantaci; Tab. Lerkameni; T. Digoxini; T. Verospironi; T/Toragama; T.Beriprili; S. Levomaci. 30.07.17წ-31.07.17წ. პაციენტის ზოგადი მდგომარეობა რჩებოდა მძიმე. ნევროლოგიური სტატუსი: სომნოლენტური, გამოხატული იყო მარჯვენამხრივი ჰემიპარეზი, პერიოდულად ვლინდებოდა ფსიქომოტორული აგზნების ეპიზოდები. ჰემოდინამიკური მაჩვენებლები სტაბილური, ტენდენციით ჰიპერტენზიისკენ. Pulmo - აუსკულტაციურად სუნთქვა ტარდებოდა ბილატერალურად, შესუსტებული ქვემო წილებში. შარდის საერთო ანალიზში გამოვლიდა ლეიკოციტები, დიდი რაოდენობით თირკმლის ეპითელიუმი და საშუალო რაოდენობით ბაქტერიები. 01.08.17წ. პაციენტს ჩაუტარდა ნეფროლოგის კონსულტაცია, დიაგნოზი: „საშარდე გზების ინფექცია; „შარდ-კენჭოვანი დაავადება; „მარჯვენამხრივი ჰიდრონეფროზი“. დიურეზი I დღე 3000მლ, II დღე- 1500მლ. საჭიროდ ჩაითვალა დიურეზისა და მიღებული სითხის კონტროლი დიურეზის შემცირების ან არარსებობის შემთხვევაში, მიეცა რეკომენდაცია უროლოგის კონსულტაციაზე. დანიშნულ იქნა ანტიბიოტიკოთერაპია ფტორქინოლით; ასევე, აზოტოვანი მაჩვენებლებისა და შარდის საერთო ანალიზი-დინამიკაში. ამავე დღეს, პაციენტს ჩაუტარდა ნევროლოგ მ.ნ-ას კონსულტაცია. დიაგნოზი: „ინტრაცერებრული სისხლჩაქცევა“. 02.08.17წ-08.08.2017წ. პაციენტის ზოგადი მდგომარეობა მძიმეა, სუნთქვა სპონტანური, უგრძელდებოდა ოქსიგენაცია, NIV CPAP სეანსები. უტარდებოდა ანტიჰიპერტენზიული თერაპია. T/A 189/113mmHg; HR-100; RR-23, SpO2-95%; T-38,1C. პაციენტს შეეცვალა ანტიბაქტერიული თერაპია, დაწყებულ იქნა Sol Sinogali (ექ. თ. ბ-ი სახ.სერტ: „კრიტიკული მედიცინა, ინტენსიური თერაპია“). 08.08.17წ. ჩატარებული პლევრის ღრუების ულტრაბგერითი დასკვნის მიხედვით: „პლევრის ღრუში ორივე მხარეს ფიქსირდება 100-100მლ სითხოვანი გამონაჟონი“. 10.08.17წ. პაციენტს განმეორებით ჩაუტარდა თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია. დასკვნის მიხედვით: „არსებული კტ კვლევით, წინა კვლევასთან შედარებით, გამოვლინდა ნეგატიური დინამიკა: მოიმატა ინტრააქსიალურმა და სუბარაქნოიდულმა ჰემორაგიულმა მასებმა (ცალკეული კონგლომერატის სახით), გამოიხატა ვრცელი პერიფოკალური შეშუპება და მას-ეფექტი, ტვინის დისლოკაციის ნიშნები. ინტრაკრანიული ჰიპერტენზია. აღწერილი ცვლილებებით, არ გამოირიცხება ვასკულარული ტიპის მალფორმაციის არსებობა. რეკომენდებულია დიგიტალური სუბტრაქციული ანგიოგრაფია“. 11.08.17წ. 20:20სთ პაციენტის ზოგადი მდგომარეობა იყო მძიმე, ცდილობდა კონტაქტში შემოსვლას, რჩებოდა მარჯვენამხრივი ჰემიპარეზი, გამოხატული იყო მოტორული აფაზია. სუნთქვა სპონტანური, ჟანგბადდამოკიდებული. ობ: T/A151-91mmHg HR-96, RR 24, SpO2-98%, t-36,1C, მუცელი პალპაციით რბილი, უმტკივნეულო, ნ/პ მოისმინება. შარდვა ურეთრული კათეტერით. ვინაიდან თავის ტვინის კტ კვლევით გამოიხატა უარყოფითი დინამიკა, შემდგომი კვლევისა და მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრის მიზნით, პაციენტი გადაყვანილ იქნა შპს „მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრ საუნივერსიტეტო კლინიკაში“. სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათის (№19408) მიხედვით, 11.08.17წ. 21:09სთ პაციენტი, კატასტროფის ბრიგადის მიერ, მარნეულის ...-იდან გადაყვანილ იქნა, შპს „მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრი საუნივერსიტეტო კლინიკაში“. წინასწარი დიაგნოზი: „ინტრაცერებრული სისხლჩაქცევა“. 21.08.17წ. 12:00სთ გაეწერა კლინიკიდან გაუმჯობესებული მდგომარობით ამბულატორიულ მკურნალობაზე, მიეცა შესაბამისი დანიშნულება და რეკომენდაციები (ტ.1, ს.ფ 50-54); ბ) პაციენტ რ.მ-ის სამედიცინო დოკუმენტაცია რეცენზირებულ იქნა (ნევროლოგიური პროფილი) სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მიერ. რეცენზენტის დასკვნით: ცერებრული იშემიური და ჰემორაგიული ინსულტის მწვავე გართულებებს მიეკუთვნება თავის ტვინის შეშუპება და ინტრაკრანიალური ჰიპერტენზია თავის ტვინის შუამდებარე სტრუქტურების შესაძლო დისლოკაციით, რომელიც, როგორც წესი, პიკს აღწევს ინსულტის განვითარებიდან მე-2-მე-5 დღეს. ამიტომ, საკონტროლო კომპიუტერული ტომოგრაფია, მარნეულის ...-ში, უნდა ჩატარებულიყო კლინიკაში მოთავსებიდან 2-3 დღეში. მკურნალობაში გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო იშემიური კერის არსებობა (ტ.2, ს.ფ 135-138); გ) სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს 2021 წლის 26 თებერვლის №ს/რ-256-55 რევიზიის აქტის თანახმად, პაციენტ რ.მ-ის სამედიცინო შემთხვევაში, საქართველოს მთავრობის №36 „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ დადგენილების №1 დანართის მე-19 მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, შპს „...-ს“ დაეკისრა ჯარიმა ასანაზღაურებელი თანხის (3270 ლარი) სამმაგი ოდენობის (სულ 9810 ლარი) (ტ.1, ს.ფ 50-54); დ) სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს 2021 წლის 26 თებერვლის №ს/რ-256-55 რევიზიის აქტის ბათილად ცნობის თაობაზე, შპს „...-მ“ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს (ტ.1, ს.ფ 55-57). სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს 2021 წლის 19 აპრილის №02/5508 გადაწყვეტილებით, შპს „...-ის“ ადმინისტრაციული საჩივარი, სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს 2021 წლის 26 თებერვლის №ს/რ-256-55 რევიზიის აქტის ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ საჩივრის ავტორმა (შპს „...“) ვერ წარადგინა ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც გააბათილებდა სარეცენზიო დასკვნას, რის გამოც, რეგულირების სააგენტომ, პაციენტ რ.მ-ის ჩატარებული სამედიცინო მომსახურება მიიჩნია არასრულად/არაჯეროვნად (ტ.1, ს.ფ 58-61).
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ საქმეში, სადავო საკითხს პაციენტ ზ.ა-ასთვის, ლ.მ-ისა და რ.მ-ისთვის გაწეული არასრული ან არაჯეროვანი მკურნალობის გამო, მოსარჩელისათვის დაკისრებული ჯარიმის საფუძვლიანობა წარმოადგენს. ამასთან, საგულისხმოა, რომ მოსარჩელეს სააპელაციო წესით არ გაუსაჩივრებია ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილება. შესაბამისად, მის მიერ არც საკასაციო საჩივარი არის წარმოდგენილი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 16 ოქტომბრის განჩინების გაუქმების მოთხოვნით. ამდენად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში შესულია კანონიერ ძალაში და საკასაციო პალატის მსჯელობის საგანს მხოლოდ სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილი წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მე-4 მუხლის „ა“-„გ“ და „კ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ჯანმრთელობის დაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის პრინციპებია: ა) მოსახლეობისათვის სამედიცინო დახმარების საყოველთაო და თანაბარი ხელმისაწვდომობა სახელმწიფოს ნაკისრი სახელმწიფო სამედიცინო პროგრამებით გათვალისწინებული ვალდებულების ფარგლებში; ბ) ჯანმრთელობის დაცვის სფეროში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვა, პაციენტის პატივის, ღირსებისა და მისი ავტონომიის აღიარება; გ) ექიმისა და სხვა სამედიცინო პერსონალის დამოუკიდებლობა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ფარგლებში; კ) პირველადი ჯანმრთელობის დაცვის, მათ შორის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების პრიორიტეტულობა, მათში სახელმწიფო და კერძო სექტორების მონაწილეობა, საოჯახო მედიცინისა და ოჯახის ექიმის ინსტიტუტის განვითარება და მასზე დაფუძნებული სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.
მითითებული კანონის მე-5 მუხლის თანახმად, საქართველოს მოქალაქესა და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირს უფლება აქვთ, ისარგებლონ დადგენილი წესით დამტკიცებული ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამებით გათვალისწინებული სამედიცინო დახმარებით, რასაც განახორციელებს სათანადო სამედიცინო საქმიანობის სამართალსუბიექტი, განურჩევლად საკუთრებისა და სამართლებრივი ფორმისა.
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის პირველი მუხლის თანახმად, პროგრამის მიზანია: ა) საქართველოს მოსახლეობისათვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის, კერძოდ: ა.ა) პირველადი ჯანდაცვის მომსახურებაზე მოსახლეობის გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდა; ა.ბ) ამბულატორიული მომსახურების მოხმარების გაზრდა ძვირადღირებული და მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალური მომსახურების მოხმარების რაციონალიზაციის მიზნით; ა.გ) მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება გადაუდებელ და გეგმიურ სტაციონარულ და ამბულატორიულ მომსახურებაზე ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდის გზით; ბ) ამ დადგენილების 21 მუხლის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 ან/და 2012 წლის 7 მაისის №165 დადგენილებებით განსაზღვრული შესაბამისი მოსარგებლეებისათვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა იმავე დადგენილებებით განსაზღვრული სადაზღვევო ვაუჩერის შესაბამის სამედიცინო მომსახურებებზე; გ) ჯანმრთელობის დაზღვევის არმქონე ვეტერანებისთვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა ამ დადგენილებით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის.
მითითებული პროგრამა განსაზღვრავს, რომ პროგრამის ზედამხედველობა მოიცავს პროგრამის განხორციელებაზე ზედამხედველობას პროგრამით განსაზღვრული ღონისძიებების ეფექტიანი შესრულების მიზნით (9.1 მუხლი). სადავო პერიოდში მოქმედი პროგრამის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, პროგრამის ზედამხედველობას ახორციელებენ პროგრამის განმახორციელებელი, რეგულირების სააგენტო, დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში, ხოლო შრომის ინსპექცია − ამ დადგენილებით განსაზღვრულ დასაქმებულთა (ექიმი, ექთანი) შრომის ანაზღაურების საკითხებზე ზედამხედველობის ნაწილში ამ დადგენილებისა და „შრომის ინსპექციის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში. თავის მხრივ, შემთხვევები კლასიფიცირდება შემდეგ ტიპებად: ა) გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება (ამბულატორიული და სტაციონარული); ბ) გეგმური ამბულატორიული მომსახურება; გ) გეგმური სტაციონარული მომსახურება (9.4 მუხლი). შემთხვევათა ზედამხედველობა მათ შორის მოიცავს მიმწოდებლის მიერ სამედიცინო მომსახურების გაწევისას ამავე დადგენილებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების კონტროლს (მუხლი 9.5 „თ“). რევიზიისას შესაძლებელია, გამოყენებული იქნეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის სამართლებრივი აქტით დამტკიცებული კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაციები (გაიდლაინები) და დაავადებათა მართვის სახელმწიფო სტანდარტები (პროტოკოლები) (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და რეცენზენტთა დასკვნები. რევიზიის დასრულების შემდეგ დგება აქტი, რომელსაც ხელს აწერენ სარევიზიო ჯგუფის წევრები და მიმწოდებელი მხარის პასუხისმგებელი პირები. აღმოჩენილი დარღვევების შემთხვევაში, აქტის საფუძველზე, მიმწოდებელს დაეკისრება ანაზღაურებული თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნება ან/და დამატებითი ფინანსური ჯარიმის გადახდა. იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი მხარის წარმომადგენელი უარს აცხადებს აქტის ხელმოწერაზე, აქტში უნდა გაკეთდეს შესაბამისი შენიშვნა (მუხლი 16).
პროგრამის მე-19 მუხლის მე-9 პუნქტით (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) დადგენილია, რომ იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელმა პროგრამით გათვალისწინებულ მომსახურებაზე უარი განუცხადა პროგრამის მოსარგებლეს, ან მომსახურება გაუწია დაგვიანებით (მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გარდა), ან არასრულად, ან არაჯეროვნად, მიმწოდებელი იხდის ჯარიმას გასაწევი/გაწეული მომსახურებისთვის განმახორციელებლის მიერ პროგრამით ასანაზღაურებელი/ ანაზღაურებული თანხის ღირებულების სამმაგი ოდენობის სახით.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სადავო რევიზიის აქტები არსებითად დაფუძნებულია საქმეში წარმოდგენილ რეცენზენტთა დასკვნებზე, თუმცა გადაწყვეტილებებში საჯარიმო სანქციის გამოყენების შესაბამისი დასაბუთება მითითებული არ არის და შეფასების გარეშეა დატოვებული რიგი გარემოებები.
პაციენტ ზ.ა-ას ნაწილში რეცენზენტის დასკვნით დადგენილია: პაციენტს მკურნალობის მთელ პერიოდში აღენიშნებოდა ჰიპერგლიკემია, ფორმა 100-ში მითითებულია, რომ პაციენტს ჩაუტარდა ენდოკრინოლოგის კონსულტაცია, თუმცა დოკუმენტაციაში შესაბამისი ჩანაწერი ვერ მოიძებნა. ამიტომ, გაუგებარია, რა რეკომენდაცია მისცა ენდოკრინოლოგმა. შაქრიანი დიაბეტის დიაგნოზის დაზუსტებისთვის სასურველი იქნებოდა გლუკოზის ტოლერანტობის ტესტის და გლიკოზირებული ჰემოგლობინის განსაზღვრა, მით უმეტეს, პაციენტს 04.06-ში მაღალი გლიკემიის გამო გაუკეთდა აქტრაპიდი. პაციენტს დაენიშნა მედროლი, თუმცა ჩანაწერებიდან არ ჩანს - რატომ, სავარაუდოდ, თრომბოციტოპენიის გამო, თუმცა, ქრონიკული B+ დელტა ჰეპატიტის, ღვიძლის ციროზის შეშუპებით ასციტური სინდრომის არსებობისას სტეროიდის დანიშვნა არ არის მიზანშეწონილი. დასკვნასთან დაკავშირებით მოსარჩელის მიერ განმარტებულ იქნა, რომ ენდოკრინოლოგის კონსულტაციის ჩანაწერი წარდგენილ იქნა ადმინისტრაციული საჩივარზე მიმდინარე წარმოებისას, რასაც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ შეფასება არ მისცემია. რაც შეეხება მედიკამენტი „მედროლის“ დანიშვნას, რეცენზენტის დასკვნაშივეა აღნიშნული, რომ მედიკამენტი სავარაუდოდ, თრომბოციტოპენიის გამო დაინიშნა. შესაბამისად, თავად რეცენზენტსაც არ გამოურიცხავს მედიკამენტის დანიშვნის საჭიროება. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც სარეცენზიო დასკვნა ერთმნიშვნელოვნად არ მიუთითებს არასრულ/არაჯეროვან მკურნალობაზე და ადმინისტრაციული ორგანოს სათანადო შეფასება არ მიუცია სადავო საკითხზე მოსარჩელის განმარტებებისათვის, შპს „...-ისთვის“ საჯარიმო სანქციის დაკისრება და შემდგომში, საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოკლებულია დასაბუთებას.
პაციენტ ლ.მ-ის ნაწილში რეცენზენტის დასკვნით დადგენილია: სამედიცინო დოკუმენტაციის ფორმა 100-ში №4641 დაავადების მიმდინარეობაში ნათქვამია, რომ ეკგ-ზე შესვლისას აღინიშნება წინაგულების ფიბრილაცია, ST სეგმენტის ქალამნისებური ცდომა იზოხაზს ქვემოთ-სავარაუდოდ დიგოქსინის ეფექტი. პაციენტის გულისცემის სიხშირე იყო 60 შეკუმშვა წუთში. მიუხედავად ამისა, პაციენტს გაწერისას კვლავ დიგოქსინი დაუნიშნეს, ასევე, დიგოქსინით მკურნალობდნენ მას სტაციონარში. აღნიშნული ფაქტი მნიშვნელოვანწილად, დიგოქსინით მძიმე ინტოქსიკაციის განვითარების საშიშროების შემცველია. დასკვნასთან დაკავშირებით მოსარჩელის მიერ განმარტებულ იქნა, რომ მედიკამენტი „დიგოქსინის“ დაუყოვნებლივი მოხსნა პაციენტისთვის დაუშვებელი იყო და სწორედ თავდაპირველი ვარაუდის გამო („დიგოქსინით“ მოწამვლის შესახებ), პირველ ეტაპზე მედიკამენტის დოზა პაციენტისთვის განახევრებულ იქნა. უდავოა, რომ მითითებულ გარემოებას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ მისცემია სათანადო შეფასება, რის გამოც შპს „...-ისთვის“ საჯარიმო სანქციის დაკისრება და შემდგომში, საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოკლებულია დასაბუთებას.
პაციენტ რ.მ-ის ნაწილში რეცენზენტის დასკვნის დადგენილია: ცერებრული იშემიური და ჰემორაგიული ინსულტის მწვავე გართულებებს მიეკუთვნება თავის ტვინის შეშუპება და ინტრაკრანიალური ჰიპერტენზია თავის ტვინის შუამდებარე სტრუქტურების შესაძლო დისლოკაციით, რომელიც, როგორც წესი, პიკს აღწევს ინსულტის განვითარებიდან მე-2-მე-5 დღეს. ამიტომ, საკონტროლო კომპიუტერული ტომოგრაფია, მარნეულის ...-ში, უნდა ჩატარებულიყო კლინიკაში მოთავსებიდან 2-3 დღეში. მკურნალობაში გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო იშემიური კერის არსებობა. აღნიშნულთან დაკავშირებით მოსარჩელემ განმარტა, რომ პაციენტის ნევროლოგიური სტატუსი იყო უცვლელი, სტაბილური, რის გამოც, მე-5 დღეს არ განხილულა საკონტროლო რაიოლოგიური კვლევის ჩატარების აუცილებლობა. ამგვარი კვლევა ჩატარდა 11.08.17წ. (პაციენტმა კლინიკას მიმართა 28.07.17წ), სადაც ეჭვი გაჩნდა ვასკულური ტიპის მალფორაციის არსებობაზე, რის გამოც, წარმოიშვა დიგიტალური სუბტრაქციული ანგიოგრაფიის ჩატარების საჭიროება. საკონტროლო რადიოლოგიური კვლევის ჩატარების აუცილებლობა დამოკიდებულია პაციენტის მდგომარეობაზე, შესაბამის სამედიცინო ჩვენებაზე და პაციენტის კლინიკაში მოთავსებიდან მე-2-მე-3 დღეს ამგვარი კვლევის ჩატარების უპირობო ვალდებულება „გაიდლაინებით“ გათვალისწინებული არაა. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ დასაბუთების გარეშეა, კონკრეტულად რის საფუძველზე განისაზღვრა კლინიკის ვალდებულების არსებობა, რის გამოც, შეუძლებელია შეფასდეს მისი შეუსრულებლობის საკითხი. აღნიშნულ საკითხს ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე ასევე, არ მისცემია შეფასება.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96.1 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასების და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დაუშვებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.2. მუხლის თანახმად, სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შემოწმებისას აქტის გამომცემმა ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს მიღებული გადაწყვეტილების მართლზომიერების დამტკიცება სასამართლოს წინაშე, ვინაიდან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1. მუხლის მიხედვით ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება, რაც გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს (თანამდებობის პირის) ვალდებულებას და სამართლებრივ პასუხისმგებლობას აქტის კანონიერებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.2. მუხლი სადავო აქტის კანონიერების მტკიცების ტვირთს აკისრებს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს და ავალდებულებს დაამტკიცოს, რომ მან უზრუნველყო მის მიერ გამოცემული გადაწყვეტილების კანონის საფუძველზე და მის შესაბამისად მომზადება, მიღება, გამოცემა (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებები ბს-626-596(კ-07); №ბს-1236(კ-18)).
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო აქტები გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე. ამასთან, იმ პირობებში, როდესაც სადავო საკითხი გამოირჩევა სპეციფიკურობით და დაკავშირებულია სამედიცინო სფეროსთან, რომელიც მოითხოვს შესაბამისი საკითხის სიღრმისეულ და დეტალურ ცოდნას, ხოლო სადავო აქტები არ შეიცავს ადმინისტრაციული ორგანოს სათანადო დასაბუთებას, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას და მიზანშეწონილად მიიჩნევს სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობას.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 16 ოქტომბრის განჩინება;
3. სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს (ს/ნ 205035120) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 18.02.2025წ. №01015 საგადახდო მოთხოვნით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. მაკარიძე
ქ. ცინცაძე
გ. უბილავა