დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ბს-267(კ-26)
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
17 ივლისი, 2026 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა
გიზო უბილავა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - ნ.ს-ა
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
მესამე პირები - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, რ.თ-ე
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 1 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
ნ.ს-ამ 2023 წლის 10 ოქტომბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ და მოითხოვა რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 19 ივლისის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით ნ.ს-ას სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა რუსთავის საქალაქო სასამართლოს.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 17 ნოემბრის განჩინებით ადმინისტრაციულ საქმეში მესამე პირებად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ჩაებნენ რ.თ-ე და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 21 მაისის გადაწყვეტილებით ნ.ს-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 1 ოქტომბრის განჩინებით ნ.ს-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 21 მაისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2, მე-8, მე-9 და მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის, ასევე „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის 3¹ მუხლის „რ“ ქვეპუნქტისა და მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მოთხოვნებზე დაყრდნობით შეაფასა სადავო რეგისტრაციის კანონიერება და დაადგინა, რომ ნ.ს-ა ითხოვდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 19 ივლისის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, რომლითაც რ.თ-ის სახელზე დარეგისტრირდა გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ ...ში მდებარე 429 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება. პალატამ მიიჩნია, რომ რ.თ-ის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი 1987 წლის 25 აგვისტოს №607 მებაღის წიგნაკი, რომელიც გაცემულია მოსარჩელის მამის - გ.თ-ის სახელზე, 2023 წლის 26 ივნისის №230842248 სამკვიდრო მოწმობა და საკადასტრო დოკუმენტაცია აკმაყოფილებდა საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის კანონით დადგენილ მოთხოვნებს, ხოლო მებაღის წიგნაკში სოფელ ...ის მითითება ვერ გამორიცხავდა რეგისტრირებული უძრავი ნივთის იდენტურობას, ვინაიდან სოფელი ... ადმინისტრაციულად მხოლოდ 2008 წელს ჩამოყალიბდა. ამასთან, პალატამ აღნიშნა, რომ ნ.ს-ას მიერ ქონების ფაქტობრივი ფლობა და კომუნალური გადასახადების გადახდა არ ქმნიდა რეგისტრაციის ბათილად ცნობის სამართლებრივ საფუძველს, რადგან დადგენილი იყო აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე რ.თ-ის მართლზომიერი მფლობელობის არსებობა. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ არ დააკმაყოფილა ნ.ს-ას სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დატოვა რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 1 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ.ს-ამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
საკასაციო საჩივრის მიხედვით, სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი საფუძვლები, რის შედეგადაც დაუსაბუთებლად დატოვა ძალაში სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 19 ივლისის №... გადაწყვეტილება, რომლითაც რ.თ-ის სახელზე დარეგისტრირდა სადავო უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება.
კასატორის მოსაზრებით, სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში სათანადოდ არ იქნა გამოკვლეული რ.თ-ის მიერ წარდგენილი დოკუმენტების ნამდვილობა და მათი კავშირი სადავო უძრავ ქონებასთან. კერძოდ, მისი პოზიციით, №607 მებაღის წიგნაკში მიწის ნაკვეთის მდებარეობად მითითებული იყო გარდაბნის რაიონი, სოფელი ..., მაშინ როდესაც საკუთრების უფლება დარეგისტრირდა გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ ...ში მდებარე მიწის ნაკვეთზე, რაც, კასატორის შეფასებით, გამორიცხავდა რეგისტრაციის განხორციელების სამართლებრივ საფუძველს.
ამასთან, ნ.ს-ა მიუთითებს, რომ სასამართლოებმა არ გაითვალისწინეს სადავო ქონების ხანგრძლივი ფაქტობრივი ფლობისა და სარგებლობის გარემოებები, კერძოდ, 2007 წლიდან არასრულწლოვან შვილთან ერთად ქონებაში ცხოვრების, აბონენტად რეგისტრაციისა და ელექტროენერგიის საფასურის გადახდის ფაქტები, რაც, მისი მოსაზრებით, ადასტურებდა მის მიერ ქონების ფლობისა და სარგებლობის ფაქტს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2026 წლის 4 მაისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ნ.ს-ას საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ.ს-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით. შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრების განსახილველად დაშვების წინაპირობა. საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
მოცემულ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 19 ივლისის №... გადაწყვეტილების კანონიერება, რომლითაც რ.თ-ის სახელზე დარეგისტრირდა საკუთრების უფლება გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ ...ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე.
საკასაციო პალატა მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლზე, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, საჯარო რეესტრი არის უძრავ ნივთებზე უფლებათა, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების, სამისამართო და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრების ერთობლიობა. უძრავ ნივთთან დაკავშირებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლების მოპოვებისა და ფიქსაციის უპირობო გზა მისი საჯარო რეესტრში რეგისტრაციაა და ამ უფლების ნამდვილობაც რეესტრის მონაცემებით დგინდება. ამ უფლების რეგისტრაციისათვის აუცილებელია დაინტერესებულ პირს გააჩნდეს კანონით გათვალისწინებული უფლების დამდგენი დოკუმენტი, რომელშიც მოცემული უფლების ფარგლები განმსაზღვრელია რეგისტრაციას დაქვემდებარებული უძრავი ქონების საიდენტიფიკაციო მონაცემებისა თუ სხვა კონკრეტული მახასიათებლების ფიქსაციისათვის. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ უფლებას მხოლოდ რეგისტრაცია არ წარმოშობს. რეგისტრაცია წარმოებს სარეგისტრაციო დოკუმენტის საფუძველზე, რომელსაც „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, განეკუთვნება სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. მითითებული კანონის მე-9 მუხლის 1-ლი პუნქტის დანაწესიდან გამომდინარე, დაუშვებელია რეგისტრაციის გაბათილება მისი საფუძვლის ძალაში არსებობის პირობებში. „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, რეგისტრაციის საფუძვლად არსებული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის ბათილად ცნობა იწვევს რეგისტრაციის ძალადაკარგულად გამოცხადებას (სუსგ ბს-585-572(4კ-14) 30.04.2015წ. ბს-30-30(2კ-15) 02.05.2015წ., ბს-193-189(2კ-15) 29.09.2015).
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის №487 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის“ 26-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციის (მოთხოვნის დაკმაყოფილების) შესახებ, თუ არ არსებობს რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლები. ამრიგად, მოცემულ შემთხვევაში, უნდა შემოწმდეს, სადავო გადაწყვეტილებაში ასახული რეგისტრაცია შეესაბამება თუ არა იმ უფლებადამდგენ დოკუმენტებს, რომელიც წარმოშობს მესაკუთრედ რეგისტრირებული პირის რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საკუთრების უფლების რეგისტრაციის განხორციელებისას, კანონმდებლობა მარეგისტრირებელ ორგანოს უფლებამოსილებას ანიჭებს, რეგისტრაცია განახორციელოს არა მხოლოდ საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე, არამედ მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტების არსებობის შემთხვევაშიც, რაც გამომდინარეობს „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი რეგულაციებიდან.
საკასაციო პალატა მიუთითებს, „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „რ“ ქვეპუნქტის თანახმად, მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი ერთ-ერთი დოკუმენტია მებაღის წიგნაკი. ამავე კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შედგენილად მიიჩნევა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე გაცემული მებაღეობის ამხანაგობის მიერ გაცემული მებაღის წიგნაკი, რომელშიც მითითებულია მებაღეობის დასახელება და მიწის ნაკვეთის ფართობი და რომელზედაც დასმულია მებაღეობის ამხანაგობის ბეჭედი, მიუხედავად იმისა, მასში მითითებულია თუ არა მებაღის წიგნაკის გაცემის წელი. ამდენად, საკასაციო პალატამ მიუთითებს, რომ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია დასაშვებია მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტის, მათ შორის მებაღის წიგნაკის საფუძველზე. კანონით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისი მებაღის წიგნაკი წარმოადგენს რეგისტრაციისათვის საკმარის სამართლებრივ საფუძველს (იხ. სუსგ ბს-512(კ-20) 29.10.2020წ.).
საქმეში არსებული მასალებით დადასტურებულია, რომ 2023 წლის 30 ივნისს რ.თ-ემ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიმართა განცხადებით და მოითხოვა გარდაბნის მუნიციპალიტეტის, სოფელ ...ში მდებარე 429 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. სარეგისტრაციოდ წარადგინა საკადასტრო აზომვითი ნახაზი, №607 მებაღის წიგნაკი, რომელიც 1987 წლის 25 აგვისტოს გაცემული იყო მისი მამის - გ.თ-ის სახელზე და 2023 წლის 26 ივნისის №230842248 სამკვიდრო მოწმობა, რომლითაც დასტურდებოდა რ.თ-ის მიერ მამის სამკვიდრო ქონების მიღება. აღნიშნული დოკუმენტების საფუძველზე საჯარო რეესტრმა 2023 წლის 19 ივლისის №... გადაწყვეტილებით დაარეგისტრირა რ.თ-ის საკუთრების უფლება. აღსანიშნავია, რომ მებაღის წიგნაკში გ.თ-ისათვის გადაცემული მიწის ნაკვეთის მისამართად ფიქსირდება სოფელი .... ამრიგად, რ.თ-ის უფლების დამდგენ დოკუმენტს წარმოადგენს 1987 წელს გაცემული №607 მებაღის წიგნაკი.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ მარეგისტრირებელმა ორგანომ, წარმოდგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტებისა და სარეგისტრაციო მასალების, მათ შორის ე.წ. „ყვითელი ფენებისა“ და მომიჯნავედ რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების დოკუმენტაციის შეფასების საფუძველზე, განსაზღვრა უძრავი ნივთის ადგილმდებარეობა და დაარეგისტრირა დაინტერესებული პირის საკუთრების უფლება, შესაბამისად, უსაფუძვლოა კასატორის პოზიცია უფლების დამდგენი დოკუმენტის არაავთენტურობის შესახებ, რადგან სარეგისტრაციოდ წარდგენილი №607 მებაღის წიგნაკი აკმაყოფილებდა კანონით დადგენილ მოთხოვნებს, ხოლო მისი სიყალბის დამადასტურებელი მტკიცებულებები საქმეში არ არის წარმოდგენილი. საგულისხმოა, რომ სარეგისტრაციო დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად არ გამოვლენილა რეგისტრაციაზე უარის თქმის, წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის კანონით გათვალისწინებული საფუძვლები, შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, რაც გამორიცხავს 2023 წლის 19 ივლისის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესაძლებლობას.
რაც შეეხება კასატორის მოსაზრებას უძრავი ნივთის მდებარეობის შეუსაბამობაზე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ „გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასახლების შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 7 მარტის №123 ბრძანებულებაზე, ასევე „დასახლების შექმნის, გაუქმებისა და ადმინისტრაციული საზღვრის შეცვლის წესის შესახებ“ 2008 წლის 4 მარტის №110 ბრძანებულებით დამტკიცებული წესზე მითითებით, მართებულად შეაფასა, რომ ვინაიდან 1987 წლის მდგომარეობით ტერიტორიის სახელწოდება იყო ..., ხოლო დასახელება - სოფელი ... დასახლებად მხოლოდ 2008 წელს შეიქმნა, 1987 წელს გაცემულ მებაღის წიგნაკში აღნიშნული სახელწოდების მითითება შეუძლებელი იყო.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საკასაციო საჩივარში მეორდება სააპელაციო საჩივრის დასაბუთება, რომელზეც ამომწურავად იმსჯელა ქვედა ინსტანციის სასამართლომ და კასატორი დამატებით არ უთითებს სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების არსებით ფაქტობრივ თუ სამართლებრივ უსწორობაზე, შესაბამისად, კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო საჩივარი უპერსპექტივოა, მოცემული საქმე სასამართლო პრაქტიკისთვის არ არის პრინციპული მნიშვნელობის და სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რაც გამორიცხავს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ.ს-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 1 ოქტომბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გიზო უბილავა
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე
გენადი მაკარიძე