დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-140(კ-26) 30 ივნისი, 2026 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მაია ვაჩაძე; გოჩა აბუსერიძე,საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - მ.ი-ა (მოსარჩელე)
მოპასუხე - სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ქმედების უკანონოდ ცნობა, თანხის დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2024 წლის 12 აგვისტოს მ.ი-ამ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიმართ. მოსარჩელის განმარტებით, 2007 წლის 19 აპრილის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შეიძინა ბინა ავტოფარეხთან ერთად შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ...ის შესახვევი №..., ბინა №... (ს/კ...). ვინაიდან, გამყიდველს საკუთრებაში არ ჰქონდა რეგისტრირებული ავტოფარეხი, მოსარჩელემ, 2012 წლის 14 მაისის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა №...-ის კრების ოქმის საფუძველზე საკუთრების უფლებით დაირეგისტრირა ავტოფარეხი. 2022 წლის 24 აგვისტოს ბინა გაყიდა, ხოლო ავტოფარეხი დარჩა მოსარჩელის საკუთრებაში. მოსარჩელის განმარტებით, ავტოფარეხზე მიმაგრებული დოკუმენტაციიდან შეიტყო, რომ უკანონო მშენებლობისათვის დაეკისრა ჯარიმა 8000 ლარი და შენობა-ნაგებობის დემონტაჟი. დადგენილება ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში, რომლითაც დადგენილების ბათილად ცნობა და ასევე პარალელურად მის წინააღმდეგ დაწყებული სააღსრულებო წარმოების შეჩერება და აღსრულების გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებით მიღებული ქმედებების გაუქმება მოითხოვა. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებით ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ასევე არ შეჩერდა სააღსრულებო წარმოება და მოსარჩელისაგან ამოღებულ იქნა ჯარიმის თანხა 8 000 ლარი და აღსრულების საფასური 560 ლარი. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და ამ გადაწყვეტილებების აღსრულებასთან დაკავშირებით მიღებული ქმედებები იყო უკანონო. მოსარჩელემ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2024 წლის 26 თებერვლის №002743 დადგენილების, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2024 წლის 8 ივლისის №899 ბრძანების - მ.ი-ას ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ განუხილველად დატოვებისა და ნაწილობრივ დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ბათილად ცნობა, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2024 წლის 26 აპრილის №4-5 სააღსრულებო ფურცლის გამოცემით განხორციელებული ქმედებისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2024 წლის 26 აპრილის №4-5 სააღსრულებო ფურცლის გამოცემით განხორციელებული ქმედების უკანონოდ ცნობა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისათვის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურ ინსპექციისათვის მოსარჩელე მ.ი-ას სასარგებლოდ 8 560 ლარის სოლიდარულად გადახდის დაკისრება და ასევე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისათვის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურის ინსპექციის 2024 წლის 26 თებერვლის №002743 დადგენილებასთან დაკავშირებით საჩივრის ხელახალი განხილვის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 28 მაისის გადაწყვეტილებით მ.ი-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა. მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ.ი-ამ, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილებით მ.ი-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 28 მაისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მ.ი-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2024 წლის 8 ივლისის №899 ბრძანება მ.ი-ას ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების ნაწილში. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2024 წლის 8 ივლისის №899 ბრძანება მ.ი-ას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა სადავო საკითხებთან დაკავშირებით; მ.ი-ას სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო პალატამ საქმის მასალებით დადგენილი გარემოებებიდან გამომდინარე, ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 128-ე მუხლის მიზნებისათვის სამშენებლო ობიექტს წარმოადგენდა მეტალის კონსტრუქციისაგან შექმნილი ავტოფარეხი, რომელსაც ჰქონდა რომბისებური ფიგურების ერთმანეთთან დაკავშირებით შექმნილი ღია კედლები. საქმის მასალებში წარმოდგენილი ფოტომასალით დასტურდება, რომ უწყებების, შემოწმების აქტისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2024 წლის 26 თებერვლის №002743 დადგენილების სამშენებლო ობიექტზე განთავსება არ იძლევა იმის მტკიცების საფუძველს, რომ იგი განთავსებული იყო იმ ვარაუდით, რომ აქტის ადრესატი შეძლებდა მის გაცნობას მით უფრო მაშინ როცა, ავტოფარეხს არ ეტყობოდა სისტემატურად მოხმარების კვალი და მეტად სავარაუდო იყო ადმინისტრაციული ორგანოსათვის, რომ მ.ი-ა არ იმყოფებოდა მითითებულ ადგილას. ამასთან, სააპელაციო პალატის განმარტებით, ადმინისტრაციული წარმოების მასალებში წარმოდგენილია ამომრჩეველთა ერთიანი სიიდან ამონაწერი, სადაც ფიქსირდება მ.ი-ას მისამართი, თუმცა ადმინისტრაციულ ორგანოს არც კი უცდია სიაში მითითებულ მისამართზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2024 წლის 26 თებერვლის №002743 დადგენილების გაგზავნა. ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ფორმალურად დაიცვა კანონით მინიჭებული უფლებამოსილება სამართალდამრღვევის არყოფნისას ობიექტის ფასადზე დადგენილების განთავსებასთან დაკავშირებით, რაც მოცემულ საქმეზე დადგენილი კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით, არ შეესაბამება სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 128-ე მუხლის პირველ ნაწილის ნამდვილ შინაარს, რაც სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ქმნის მ.ი-ას ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების ნაწილში, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2024 წლის 8 ივლისის №899 ბრძანების ბათილად ცნობის ფაქტობრივ და სამართლებრივი საფუძველს. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა ასევე იმ გარემოებაზე, რომ სამშენებლო სამართალდარღვევის ობიექტს წარმოადგენს რკინის ანაკრები კონსტრუქციებისაგან შექმნილი ავტოფარეხი, რომელიც მიწასთან მჭიდროდ არ იყო დაკავშირებული. ამასთან, დადგენილია ის გარემოება, რომ შეიტყო რა სამართალდარღვევის არსებობის შესახებ მოსარჩელემ მოახდინა აღნიშნული ავტოფარეხის დემონტაჟი. მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, პალატამ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა იმსჯელოს განხორციელებული ქმედება რამდენად შეიძლება იქნას მიჩნეული პირის სამართალდარღვევად ცნობის საფუძვლად, ხოლო ჩადენილი ქმედების ხასიათიდან გამომდინარე, პროპორციულობის თვალსაზრისით, შესაძლებელია თუ არა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 22-ე მუხლის გამოყენება, რომლის თანახმად მცირემნიშვნელოვანი სამართალდარღვევის შემთხვევაში შესაძლებელია დამრღვევის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება
სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა ასევე იმ გარემოებაზე, რომ მ.ი-ას 2024 წლის 25 აპრილის N19/0124116330-01 ადმინისტრაციული საჩივრის მოთხოვნას წარმოადგენდა 2024 წლის 26 თებერვლის N002743 დადგენილების ბათილად ცნობა და ამავე ინსპექციის 2024 წლის 26 აპრილის N4-5/ს.ფ-438-24 და N4-5/ს.ფ სააღსრულებო ფურცლებით განხორციელებული ქმედებების უკანონოდ აღიარება. პალატის განმარტებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2024 წლის 8 ივლისის N899 დადგენილებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2024 წლის 8 ივლისის №899 ბრძანებით, განუხილველი დარჩა მ.ი-ას 2024 წლის 25 აპრილის №19/0124116330-01 ადმინისტრაციული საჩივარი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2024 წლის 26 თებერვლის №002743 დადგენილების ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში. ამასთან, ამავე ბრძანებით არ დაკმაყოფილდა მ.ი-ას 2024 წლის 25 აპრილის №19/0124116330-01 ადმინისტრაციული საჩივარი მოთხოვნის დანარჩენ ნაწილში და კანონიერად იქნა აღიარებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2024 წლის 26 აპრილის №4-5/ს.ფ-438-24 და №4-5/ს.ფ-439-24 სააღსრულებო ფურცლების გაცემით განხორციელებული ქმედებები. საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 128-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, „მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანოს მიერ მიღებული დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გაცნობიდან 15 კალენდარული დღის ვადაში. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამასთანავე, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს დადგენილებით გასაჩივრება არ აჩერებს მის აღსრულებას მშენებლობის ან დემონტაჟის შეჩერების ნაწილში. ამავე კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამშენებლო სამართალდამრღვევისათვის მითითების, შემოწმების აქტის, დადგენილების ან უწყების გაცნობა უნდა მოხდეს ოფიციალურად, სამშენებლო ობიექტზე. თუ სამშენებლო სამართალდამრღვევი არ იმყოფება სამშენებლო ობიექტზე ან უარს აცხადებს შესაბამისი აქტის/აქტების გაცნობაზე, გაცნობად ჩაითვლება აქტის/აქტების სამშენებლო ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე განთავსება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, „ამ მუხლის პირველი ნაწილის მიზნებისთვის სამშენებლო ობიექტის თვალსაჩინო ადგილად ჩაითვლება: ა) საინფორმაციო დაფა; ბ) სამშენებლო ტერიტორიაზე დროებით განთავსებული შენობა; გ) სამშენებლო ტერიტორიის შემომფარგლავი უსაფრთხოების ღობე; დ) სამშენებლო ობიექტის ფასადი; ე) მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე მშენებლობის განხორციელების შემთხვევაში -აგრეთვე საცხოვრებელი სახლის შესასვლელი კარი. შესაბამისად, ვინაიდან, უფლებამოსილი პირისათვის მუნიციპალური ინსპექციის 2024 წლის 26 თებერვლის №002743 დადგენილების ჩაბარება ვერ მოხერხდა, აღნიშნული დადგენილება 2024 წლის 11 მარტს განთავსდა: ქ. თბილისში, შესახვევი ... №...-ში ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე (ავტოფარეხი, შენობა №...), თვალსაჩინო ადგილზე (ობიექტის ფასადზე), რაც ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიჩნია ჩაბარებად და კანონით დადგენილი წესით გაცნობად და აღნიშნული აქტის კანონით დადგენილი გასაჩივრების ვადის ათვლაც სწორედ მისი ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე გაკვრის თარიღიდან უნდა განხორციელდეს. მ.ი-ამ კი, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში 2024 წლის 26 თებერვლის №002743 დადგენილების ბათილად ცნობის მოთხოვნის თაობაზე №19/0124116330-01 ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა 2024 წლის 25 აპრილს, გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი 15 დღიანი ვადის დარღვევით. ამასთან, ვინაიდან საჩივრის ავტორის მიერ არ მომხდარა სადავო დადგენილების გასაჩივრება კანონით დადგენილ 15 დღიან ვადაში, მუნიციპალური ინსპექციის 2024 წლის 26 თებერვლის №002743 დადგენილება შევიდა კანონიერ ძალაში და მათ საფუძველზე ამავე ინსპექციის მიერ 2024 წლის 26 აპრილს კანონშესაბამისად, საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 128-ე მუხლის მე-8 პუნქტის მიხედვით, 6 თვიანი ვადის დაცვით გაიცა №4-5/ს.ფ-438-24 და №4-5/ს.ფ-439- 24 სააღსრულებო ფურცლები. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მუნიციპალური ინსპექციის მიერ სააღსრულებო ფურცლების გაცემა ამავე ინსპექციის 2024 წლის 26 თებერვლის №002743 დადგენილების აღსრულების მიზნით განხორციელდა კანონშესაბამისად.
ამასთან, სააპელაციო პალატის განმარტებით, ვინაიდან, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2024 წლის 8 ივლისის №899 ბრძანება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2024 წლის 26 თებერვლის №002743 დადგენილების ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში, მ.ი-ას 2024 წლის 25 აპრილის №19/0124116330-01 ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების ნაწილში ბათილად იქნა ცნობილი და ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა საკითხის არსებითი შეფასება, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2024 წლის 8 ივლისის №899 ბრძანების ის ნაწილი, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მ.ი-ას ადმინისტრაციული საჩივარი სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი. მოპასუხეებისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად 8 560 ლარის გადახდის დაკისრების თაობაზე, სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებით, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ წინამდებარე გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2024 წლის 8 ივლისის №899 ბრძანება მ.ი-ას ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების ნაწილში, ასევე სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2024 წლის 8 ივლისის №899 ბრძანება მ.ი-ას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა სადავო საკითხებთან დაკავშირებით, რის გამოც აღნიშნული სასარჩელო მოთხოვნის იურიდიული ბედი პირდაპირ კავშირშია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკითხის ხელახლა შეფასებასთან.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ დავის გადაწყვეტისას არასწორად განმარტა კანონი, რასაც შედეგად მოჰყვა არასწორი და სამართლებრივად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება. სასამართლომ არასწორად დაასაბუთა და გადაწყვეტილების მიღებისას არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმის გარემოებებს. კასატორმა მიუთითა, საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 128-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ მუნიციპალური ინსპექციის დადგენილების გაცნობა უნდა მოხდეს სადავო ობიექტზე. განსახილველ შემთხვევაში, დასტურდება, რომ ვინაიდან უფლებამოსილი პირი არ იმყოფებოდა სადავო ობიექტზე, საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 128-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2024 წლის 26 თებერვლის №002743 დადგენილება 2024 წლის 11 მარტს განთავსდა ქ. თბილისში, ...ის შესახვევი №...-ში (ს/კ...) შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე განთავსებული ცხაურის ტიპის ლითონის ავტოფარეხზე (№...), თვალსაჩინო ადგილას (ობიექტის ფასადზე).
კასატორის მითითებით, როდესაც ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ვერ ხორციელდება სამართალდამრღვევისთვის აქტის პირადად ჩაბარება, ობიექტზე თვალსაჩინო ადგილზე სადავო აქტის განთავსება მიჩნეულ უნდა იქნეს მხარისთვის აქტის კანონით დადგენილი წესით გაცნობად, შესაბამისად, ხსენებული აქტის კანონით დადგენილი გასაჩივრების ვადის ათვლაც სწორედ მისი ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე გაკვრის თარიღიდან უნდა დაიწყოს. გამომდინარე იქიდან, რომ მ.ი-ამ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში №19/0124116330-01 ადმინისტრაციული საჩივარი მუნიციპალური ინსპექციის 2024 წლის 26 თებერვლის №002743 დადგენილების ბათილად ცნობის მოთხოვნით წარმოადგინა 2024 წლის 25 აპრილს, მის მიერ გაშვებული იქნა აღნიშნული დადგენილების გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი 15 - დღიანი ვადა, რაზეც ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან ადმინისტრაციული საჩივარი, კანონიერად, ნაწილობრივ განუხილველად იქნა დატოვებული.
კასატორის განმარტებით, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერია ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის დროს სხვაგვარ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა, ვინაიდან კანონმდებლობით დადგენილ ვადაში მუნიციპალური ინსპექციის დადგენილება არ იქნა გასაჩივრებული, სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღება ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან იქნებოდა კანონმდებლობის უხეში დარღვევა, ვინაიდან, კანონმდებლობა პირდაპირ ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს, რომ დადგენილების გაცნობა მოხდეს სამშენებლო ობიექტზე და არა სატელეფონო კომუნიკაციით ან/და სხვა ობიექტზე, ამასთან, მოსარჩელის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის და სამართალწარმოების ეტაპზე რაიმე ისეთი მტკიცებულება რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს მისცემდა შესაძლებლობას არსებითად განეხილა ადმინისტრაციული საჩივარი და მოსარჩელის მიერ სადავო აქტის გასაჩივრების ვადის გაშვება ჩაითვლებოდა საპატიო მიზეზად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 180-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2026 წლის 19 თებერვლის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო არ არის ვალდებული დეტალურად გასცეს პასუხი მხარის თითოეულ არგუმენტს, მით უფრო მაშინ, როდესაც ასეთ არგუმენტს არ აქვს რაიმე ზეგავლენა მისი მოთხოვნის წარმატების პერსპექტივაზე (ევროპული სასამართლოს 1994 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Van De Hurk v. Netherlands, App. No. 16034/90, §61). ამგვარი სახის არგუმენტებზე სასამართლოს მიერ პასუხის პირდაპირ გაუცემლობა შესაძლოა განიმარტოს ასეთი არგუმენტების ნაგულისხმევ უარყოფადაც (ევროსასამართლოს 1994 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Case of Hiro Balani v. Spain, App. No. 18064/91, §28; ევროსასამართლოს 1994 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Ruiz Torija v. Spain, App. No. 18390/91, §30). თუმცა საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს, რომ მხარის იმ მატერიალურ ან საპროცესო-სამართლებრივ პრეტენზიებს, რომელთაც გადამწყვეტი ზეგავლენა აქვთ საკასაციო მოთხოვნის წარმატების ბედსა და ამდენად, საქმის განხილვის საბოლოო შედეგზე, პასუხი აუცილებლად უნდა გაეცეს „სრულად და ამომწურავად“, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სადავო შემთხვევა უკავშირდება ევროკონვენციით დაცული უფლებების დარღვევასთან დაკავშირებულ შედავებებს (ევროსასამართლოს 2007 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება საქმეზე Wagner and J.M.W.L. v. Luxembourg, App. No. 76240/01, §96; ევროსასამართლოს 1994 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Ruiz Torija v. Spain, App. No. 18390/91, §30; აგრეთვე, ევროპული სასამართლოს 2007 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე Tatishvili v. Russia, App. No.1509/02, §62).
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანია სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2024 წლის 26 თებერვლის №002743 დადგენილებისა და მ.ი-ას ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ განუხილველად დატოვების და ნაწილობრივ დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2024 წლის 8 ივლისის №899 ბრძანების კანონიერება. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2024 წლის 26 აპრილის №4-5/ს.ფ-438-24 სააღსრულებო ფურცლის გამოცემით განხორციელებული ქმედებისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2024 წლის 26 აპრილის №4-5/ს.ფ-439-24 სააღსრულებო ფურცლის გამოცემით განხორციელებული ქმედების უკანონოდ ცნობა, მოპასუხეებისათვის მოსარჩელე მ.ი-ას სასარგებლოდ 8 560 ლარის სოლიდარულად გადახდის დაკისრება და ასევე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისათვის მ.ი-ას ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის დავალება.
საკასაციო სასამართლო თავდაპირველად აღნიშნავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილებით მ.ი-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 28 მაისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მ.ი-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2024 წლის 8 ივლისის №899 ბრძანება მ.ი-ას ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების ნაწილში. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2024 წლის 8 ივლისის №899 ბრძანება მ.ი-ას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა სადავო საკითხებთან დაკავშირებით; მ.ი-ას სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა. მითითებული გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მხოლოდ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, მოსარჩელე - მ.ი-ას სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2024 წლის 26 თებერვლის №002743 დადგენილების ბათილად ცნობა; ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2024 წლის 26 აპრილის №4-5/ს.ფ-438-24 სააღსრულებო ფურცლის გამოცემით განხორციელებული ქმედებისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2024 წლის 26 აპრილის №4-5/ს.ფ-439-24 სააღსრულებო ფურცლის გამოცემით განხორციელებული ქმედების უკანონოდ ცნობა და ზიანის ანაზღაურება) არ გაუსაჩივრებია. ამდენად, საკასაციო სასამართლო მსჯელობს რა საკასაციო საჩივრის ფარგლებში, კონკრეტულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია მხოლოდ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2024 წლის 8 ივლისის №899 ბრძანების კანონიერების შეფასება.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, სამშენებლო წესრიგის სამართალი არის მართლწესრიგის სამართლის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც აწესრიგებს მართლწესრიგის სამართლით დაცული სიკეთეებისათვის სამშენებლო საქმიანობით გამოწვეული საფრთხის თავიდან აცილების საკითხებს. სამშენებლო წესრიგის სამართალი იყოფა პრევენციულ (სამშენებლო ნებართვების სამართალი და სამშენებლო ზედამხედველობა) და რეპრესიულ (დარღვევების გამოვლენა და რეაგირება) სამშენებლო წესრიგის სამართლად. სამშენებლო წესრიგის სამართლის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია უნებართვო მშენებლობის აკრძალვა, როგორც საფრთხის თავიდან აცილების მნიშვნელოვანი პრევენციული ღონისძიება, რამდენადაც მშენებლობის დასრულების შემდეგ განხორციელებული ღონისძიება შეუძლებელს გახდის ან გაართულებს საფრთხის თავიდან აცილებას. მშენებლობის აკრძალვის საფუძველი – უნებართვო მშენებლობა ფორმალურად სახეზეა, როდესაც ის ხორციელდება სამშენებლო ნებართვის ან შეტყობინების გარეშე, რაც საკმარისი საფუძველია მის შესაჩერებლად. აღნიშნულიდან გამომდინარე, სამშენებლო საქმიანობა ექვემდებარება ნებართვის მოპოვების ვალდებულებას, რაც აძლევს მშენებლობაზე ზედამხედველობის განმახორციელებელ ორგანოს შესაძლებლობას, გადაამოწმოს მშენებლობის კანონმდებლობასთან შესაბამისობა.
საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი ადგენს საქართველოს სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების სისტემას, მის ძირითად პრინციპებს, მიზნებსა და ამოცანებს, აგრეთვე სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების იერარქიასა და შემადგენლობას, მათი შემუშავებისა და დამტკიცების წესებს; მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებს და შენობა-ნაგებობის მიმართ ძირითად მოთხოვნებს; მშენებლობის ნებართვის გაცემის, მშენებლობის ზედამხედველობის, სამშენებლო სამართალდარღვევათა ცალკეულ სახეებს, პასუხისმგებლობის ზომებს, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის განხილვასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების წესებს (მუხლი 1). მითითებული კოდექსის მე-3 მუხლის ,,ჰ18“ ქვეპუნქტის თანახმად, უნებართვო მშენებლობა არის მშენებლობა, რომელიც ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სამართლებრივი საფუძვლების გარეშე ან სამშენებლო დოკუმენტაციის ისეთი დარღვევით, რომლის დროსაც შენობა-ნაგებობის ფუნქცია იცვლება ან/და ხდება განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის გადამეტება. ამავე მუხლის ,,ჰ6“ ქვეპუნქტით კი განსაზღვრულია, რომ სამშენებლო დოკუმენტაცია არის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამტკიცებული/შეთანხმებული სანებართვო დოკუმენტაცია, რომელიც მშენებლობის განხორციელების საფუძველია. ამავე კოდექსის 122-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ სამშენებლო სამართალდარღვევა არის ამ კოდექსის XV თავით (სამშენებლო სამართალდარღვევის სახეები) გათვალისწინებული ქმედება, რომლის საქმის განხილვასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება ხორციელდება ამ თავით დადგენილი წესით. კერძოდ, ამავე კოდექსის 123-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო ადმინისტრაციულ წარმოებას იწყებს სამართალდამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, რომელიც წარმოადგენს სამშენებლო საქმიანობაზე დამრღვევის მიმართ გაცემულ შენიშვნას შეუსაბამობაზე და მოთხოვნას, რომლითაც განისაზღვრება გონივრული ვადა, რომლის ფარგლებშიც მან უნდა შეასრულოს მითითებით დადგენილი პირობები სამშენებლო სამართალდარღვევის გამოსასწორებლად. ამავე კოდექსის 124-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანო უფლებამოსილია გასცეს მითითება სამშენებლო დოკუმენტაციის წარდგენის შესახებ ან/და დარღვევის გამოსწორების შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით დარღვევის გამოსწორების შესახებ მითითება გაიცემა გონივრული ვადით, ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო არაუმეტეს 7 კალენდარული დღის ვადაში ამოწმებს მითითების შესრულებას, ადგენს შემოწმების აქტს და მასში ასახავს ინფორმაციას მითითების შესრულების ან შეუსრულებლობის შესახებ. საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო ვალდებულია შემოწმების აქტის შედგენიდან 2 თვის ვადაში მიიღოს დადგენილება სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, კერძოდ, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 18 მაისის ამონაწერით დასტურდება, რომ ქ. თბილისში, ...ის შესახვევის №...-ში მდებარე ავტოფარეხი (შენობა №...; ს/კ...) 2012 წლის 18 მაისიდან წარმოადგენს მ.ი-ას საკუთრებას.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ 2023 წლის 27 ნოემბერს, მისამართზე: ქ. თბილისი, ...ის შესახვევი №..., შედგა №4-6/ო-1830-23 დათვალიერების ოქმი. ოქმის თანახმად, გამოვლინდა, რომ აღნიშნულ მისამართზე შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე მოწყობილი იყო ცხაურის ტიპის ლითონის ავტოფარეხი (№...), რომლის მესაკუთრეს წარმოადგენდა მ.ი-ა. აღნიშნულის გამო, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ 2023 წლის 5 დეკემბერს მ.ი-ას მიმართ გაიცა №002743 მითითება ქ. თბილისში, ...ის შესახვევის №...-ში, სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე მოწყობილი ცხაურის ტიპის ლითონის ავტოფარეხის დემონტაჟის ან კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის თაობაზე. აღნიშნული მითითება უფლებამოსილი პირის ობიექტზე არ ყოფნის გამო 2023 წლის 5 დეკემბერს განთავსდა სამშენებლო ობიექტზე.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ 2023 წლის 26 დეკემბერს, №002743 მითითებით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობის გამო, მ.ი-ას მიმართ შედგა №002743 შემოწმების აქტი. შემოწმების აქტი უფლებამოსილი პირის ობიექტზე არ ყოფნის გამო 2023 წლის 26 დეკემბერს განთავსდა სამშენებლო ობიექტზე.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2024 წლის 26 თებერვლის №002743 დადგენილებით, მოქალაქე მ.ი-ა დაჯარიმდა 8 000 ლარით ქ. თბილისში, ...ის შესახვევის №...-ში ((ს/კ...), შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე, ცხაურის ტიპის ლითონის ავტოფარეხის (№...) მოწყობისათვის. ამავე დადგენილებით ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ფართის მესაკუთრეს - მ.ი-ას დაევალა ქ. თბილისში, ...ის შესახვევის №...-ში (ს/კ...) შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე მოწყობილი ცხაურის ტიპის ლითონის ავტოფარეხის (№...) დემონტაჟი.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2024 წლის 11 მარტის ოქმის თანახმად, ვინაიდან უფლებამოსილი პირი არ იმყოფებოდა ობიექტზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2024 წლის 26 თებერვლის №002743 დადგენილება 2024 წლის 11 მარტს განთავსდა ქ. თბილისში, ...ის შესახვევის №...-ში (ს/კ...) შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე განთავსებული ცხაურის ტიპის ლითონის ავტოფარეხზე (№...), თვალსაჩინო ადგილას (ობიექტის ფასადზე).
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ 2024 წლის 24 აპრილს №17-01241153601 წერილით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიულ საქალაქო სამსახურს და ითხოვა ეცნობებინა - გასაჩივრდა თუ არა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიულ საქალაქო სამსახურში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ მიღებული 2024 წლის 26 თებერვლის №002743 დადგენილება „სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე“. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის 2024 წლის 26 აპრილის №10-01241171995 წერილით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურ ინსპექციას ეცნობა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2024 წლის 26 თებერვლის №002743 დადგენილების ბათილად ცნობის მოთხოვნით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში ადმინისტრაციული საჩივარი არ იყო წარდგენილი.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ, 2024 წლის 26 თებერვლის №002743 დადგენილების საფუძველზე, 2024 წლის 26 აპრილს გაიცა №4-5/ს.ფ-438-24 და №4-5/ს.ფ-439-24 სააღსრულებო ფურცლები.
სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2024 წლის 26 აპრილის განცხადების საფუძველზე დაიწყო №A24128978 სააღსრულებო საქმის წარმოება. №A24128978 სააღსრულებო წარმოების ფარგლებში, 2024 წლის 26 აპრილს გაცემული №4-5/ს.ფ-438-24 სააღსრულებო ფურცლის აღსრულებისათვის, აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა გადაწყვეტილების შესრულების შესახებ 2024 წლის 30 აპრილის №A24128978-005/001 და 2024 წლის 8 მაისის №A24128978-006/001 წინადადებებით მიმართა მ.ი-ას და აცნობა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ 2024 წლის 26 აპრილს გაცემული №4-5/ს.ფ-438-24 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაკისრებული აქვს ჯარიმის სახით 8 000 ლარი და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-6 პრიმა პუნქტის თანახმად, აღსრულების საფასური - 560 ლარი. მ.ი-ას მიეცა წინადადება შეტყობინების მიღებიდან 7 დღის ვადაში დაკისრებული თანხის ნებაყოფლობით გადახდის თაობაზე.
2024 წლის 25 აპრილს მ.ი-ამ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში წარადგინა №19/0124116330-01 ადმინისტრაციული საჩივარი. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში გამართულ ზეპირი მოსმენის სხდომაზე საჩივრის ავტორის წარმომადგენელმა დააზუსტა წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივარი და მოითხოვა მუნიციპალური ინსპექციის 2024 წლის 26 თებერვლის №002743 დადგენილების ბათილად ცნობა და ამავე ინსპექციის 2024 წლის 26 აპრილის №4-5/ს.ფ-438-24 და №4-5/ს.ფ-439-24 სააღსრულებო ფურცლების გაცემით განხორციელებული ქმედებების უკანონოდ აღიარება.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2024 წლის 8 ივლისის №899 ბრძანებით, მ.ი-ას 2024 წლის 25 აპრილის №19/0124116330-01 ადმინისტრაციული საჩივარი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2024 წლის 26 თებერვლის №002743 დადგენილების ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში, დარჩა განუხილველი გასაჩივრების ვადის დარღვევის მოტივით, ხოლო დანარჩენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა და კანონიერად იქნა აღიარებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2024 წლის 26 აპრილის №4-5/ს.ფ-438-24 და №4-5/ს.ფ-439-24 სააღსრულებო ფურცლების გაცემით განხორციელებული ქმედებები.
საკასაციო პალატა მიუთითებს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 128-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სამშენებლო სამართალდამრღვევისათვის მითითების, შემოწმების აქტის, დადგენილების ან უწყების გაცნობა უნდა მოხდეს ოფიციალურად, სამშენებლო ობიექტზე. თუ სამშენებლო სამართალდამრღვევი არ იმყოფება სამშენებლო ობიექტზე ან უარს აცხადებს შესაბამისი აქტის/აქტების გაცნობაზე, გაცნობად ჩაითვლება აქტის/აქტების სამშენებლო ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე განთავსება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილის მიზნებისთვის სამშენებლო ობიექტის თვალსაჩინო ადგილად ჩაითვლება: ა) საინფორმაციო დაფა; ბ) სამშენებლო ტერიტორიაზე დროებით განთავსებული შენობა; გ) სამშენებლო ტერიტორიის შემომფარგლავი უსაფრთხოების ღობე; დ) სამშენებლო ობიექტის ფასადი; ე) მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე მშენებლობის განხორციელების შემთხვევაში − აგრეთვე საცხოვრებელი სახლის შესასვლელი კარი. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანოს მიერ მიღებული დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გაცნობიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მითითებული ნორმით განსაზღვრული კორესპონდენციის ჩაბარების სპეციალური წესის გამოყენებას (აქტის სამშენებლო ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე განთავსება), კანონმდებელი უკავშირებს არა ნებისმიერ, არამედ, კონკრეტული პირობების არსებობას; კერძოდ, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მცდელობის მიუხედავად ადრესატისათვის გზავნილის პირადად ჩაბარება ვერ ხერხდება, შესაძლებელია სამშენებლო ობიექტის ფასადზე დადგენილების განთავსებით მისი ჩაბარება. ასევე, აღსანიშნავია, რომ ორგანოს მხრიდან დადგენილების ჩაბარების მცდელობას არ უნდა ჰქონდეს მხოლოდ ფორმალური ხასიათი.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს, მათ შორის სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას, უწევს ორმაგი ფუნქციის შესრულება, ერთი მხრივ იგი არის საჯარო ინტერესების გამტარებელი, სამართალდარღვევაზე რეაგირების განმახორციელებელი, სანქციის დამკისრებელი სუბიექტი კანონის საფუძველზე, ხოლო მეორე მხრივ მას ეკისრება აქტის ადრესატის ინტერესების დაცვის ვალდებულება (სუსგ №ბს-468-465(კ-17),21.01.2020წ.). კანონით დადგენილი წესით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ადრესატისთვის გაცნობის წესის დაცვა აქტის გამომცემი ორგანოს მხრიდან, მნიშვნელოვან გარემოებას წარმოადგენს საჯარო ინტერესების გატარების კუთხით. ამასთან, აღნიშნული დანაწესის დაცვა აუცილებელია პირის უფლებებისა და ინტერესების დასაცავად განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ის მავალდებულებელი ან შემზღუდავი შინაარსისაა.
საკასაციო სასამართლო საგულისხმოდ მიიჩნევს, მიუთითოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს გაასაჩივროს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ამავე კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დაინტერესებულ მხარეს წარმოადგენს ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, ადმინისტრაციული ორგანო, რომლებთან დაკავშირებითაც გამოცემულია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, აგრეთვე რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება, ხოლო „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული საჩივარი არის დაინტერესებული მხარის მიერ უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში ამ კოდექსით დადგენილი წესით წარდგენილი წერილობითი მოთხოვნა დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით იმავე ან ქვემდგომი ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადების, შეცვლის ან ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი ქმედებისაგან თავის შეკავების შესახებ, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გამოცემას.
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, თუ იქ არსებობს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი თანამდებობის პირის ან სტრუქტურული ქვედანაყოფის ზემდგომი თანამდებობის პირი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, ადმინისტრაციული ორგანოს ხელმძღვანელი თანამდებობის პირის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის თაობაზე წარდგენილ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო. დასახელებული კოდექსის 180-ე მუხლის 1-ელი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული საჩივარი წარდგენილ უნდა იქნეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 182-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, კი ადმინისტრაციული ორგანო არ განიხილავს ადმინისტრაციულ საჩივარს, თუ გასულია ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა.
საკასაციო სასამართლო ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ საქმის მასალებში წარმოდგენილი ფოტომასალა, რომელზეც აღბეჭდილია, უწყებების, შემოწმების აქტისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2024 წლის 26 თებერვლის №002743 დადგენილების სამშენებლო ობიექტზე განთავსება, არ იძლევა იმის მტკიცების საფუძველს, რომ იგი განთავსებული იყო იმ ვარაუდით, რომ აქტის ადრესატი შეძლებდა მის გაცნობას. უფლებამოსილი პირისათვის აღქმადი იყო, რომ მესაკუთრე არ მოიხმარდა ავტოფარეხს. განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციულმა ორგანომ ფორმალურად დაიცვა კანონით მინიჭებული უფლებამოსილება ობიექტზე სამართალდამრღვევის არყოფნისას ობიექტის ფასადზე დადგენილების განთავსებასთან დაკავშირებით, რაც წინამდებარე საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით (მოსარჩელე საქმის წარმოების არც ერთ ეტაპზე არ იყო ინფორმირებული მის წინააღმდეგ მიმდინარე სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე, აღარ ცხოვრობდა ავტოფარეხის მდებარეობის ადგილას არსებულ ბინაში და ფაქტობრივად არ სარგებლობდა ავტოფარეხით, ხოლო შეტყობისთანავე მოახდინა ავტოფარეხის დემონტაჟი), არ შეესაბამება სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის ნამდვილ შინაარს. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან მოსარჩელე - მ.ი-ას კანონით დადგენილი წესით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2024 წლის 26 თებერვლის №002743 დადგენილება არ ჩაბარებია, შესაბამისად მისთვის აღნიშნული დადგენილების გასაჩივრების კანონით დადგენილი 15 დღიანი ვადის ათვლა დადგენილების სამშენებლო ობიექტზე განთავსების თარიღიდან არ უნდა დაიწყოს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას მასზედ, რომ ზემოაღნიშნული გარემოებები ქმნის მ.ი-ას ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების ნაწილში, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2024 წლის 8 ივლისის №899 ბრძანების ბათილად ცნობის ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებს. შესაბამისად ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა დაევალოს არსებითად იმსჯელოს და შეაფასოს ის გარემოებები, რომელსაც მოსარჩელე უთითებდა სადავო დადგენილების კანონიერებასთან მიმართებით.
რაც შეეხება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2024 წლის 8 ივლისის №899 ბრძანების კანონიერებას იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მ.ი-ას ადმინისტრაციული საჩივარი და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2024 წლის 26 აპრილის N4-5/ს.ფ-438-24 და N4-5/ს.ფ სააღსრულებო ფურცლებით განხორციელებული ქმედებები კანონიერად იქნა აღიარებული, საკასაციო სასამართლო აღნიშნულთან მიმართებაში მიუთითებს, სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 128-ე მუხლის მე-8 ნაწილზე, რომლის შესაბამისად, ამ კანონით გათვალისწინებული დადგენილება არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი, რომელიც აღსრულდება ამ კოდექსითა და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს დადგენილება უნდა იყოს დასაბუთებული და შეიცავდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისათვის დადგენილ რეკვიზიტებს, იმ ორგანოს დასახელებასა და მისამართს, რომელშიც შეიძლება ამ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრება, და მისი გასაჩივრების ვადას. აღნიშნული დადგენილება აღსასრულებლად მიექცევა მისი კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან არაუგვიანეს 6 თვისა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში შეფასების საგანს წარმოადგენს სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს მიერ გამოცემული დადგენილების აღსრულების პროცედურის კანონთან შესაბამისობა. ამდენად, არსებითი მნიშვნელობისაა საკითხი პირის დაჯარიმებისა და მისთვის უკანონოდ აშენებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟის თაობაზე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების კანონიერ ძალაში შესვლის მომენტის ზუსტად განსაზღვრა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერ ძალაში შესვლის წინაპირობას წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის გასვლა ან აქტის გასაჩივრების შემთხვევაში მისი უცვლელად დატოვება. ამასთანავე, გასაჩივრების ვადის ათვლისათვის აუცილებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მხარისათვის ოფიციალური გაცნობა, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 6 ოქტომბრის №ბს-770-762(კ-15) გადაწყვეტილებაზე, სადაც განმარტებულია, რომ „...ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის იმ პირისათვის ოფიციალური გაცნობის მოთხოვნა, რომლის მიმართაც არის იგი გამოცემული, კანონმდებლობის კატეგორიული იმპერატივია, ვინაიდან აქტის გამოქვეყნება, მისი ადრესატისთვის გაცნობა არის ადმინისტრაციული წარმოების ფინალი და მისი ნაყოფი - წარმოების შედეგად გამოცემული გადაწყვეტილება, ძალაში შედის მხარისათვის ოფიციალური გაცნობით (სზაკ-ის 54-ე მუხ.). აქტის ძალაში შესვლის მომენტის დადგენა მნიშვნელოვანია აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადების დაცულობის გარკვევისათვის. სწორედ აქტის ძალაში შესვლით ანუ მხარისათვის კანონით დადგენილი წესით გაცნობით იწყება მისი გასაჩივრების ვადის ათვლა, გაცნობის შემდეგ ხდება შესაბამისი ადრესატის უფლებამოვალეობების წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა. შესაბამისად, სწორედ ამ მომენტიდან პირს ეძლევა გასაჩივრების შესაძლებლობა. აქტის ოფიციალური გაცნობის სამართლებრივი მნიშვნელობა მდგომარეობს იმაში, რომ მხარე ადასტურებს მისი შინაარსის გაცნობას, თუმცა გასაჩივრების ვადის დინება არ იწყება მაშინაც კი, როდესაც პირისთვის აქტის შინაარსი ცნობილი გახდა არაოფიციალური წყაროდან ან თუნდაც აქტის პროექტის ან იმ მასალების გაცნობიდან, რომლის საფუძველზე შემდგომში გამოიცა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი“.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ძალაში შედის მხარისათვის კანონით დადგენილი წესით გაცნობისთანავე ან გამოქვეყნების დღეს, ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, კანონით დადგენილ შემთხვევებში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შეიძლება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებამდე ან ოფიციალურ გაცნობამდეც, თუ დაყოვნებამ შეიძლება არსებითი ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ან საზოგადოებრივ ინტერესებს, დანაშაულის აღკვეთას ან გახსნას, აგრეთვე პირის უფლებებს ან კანონიერ ინტერესებს; ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დაინტერესებული მხარისათვის ფოსტის მეშვეობით გაგზავნილი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ძალაში შედის გაგზავნიდან არა უგვიანეს მე-7 დღისა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დაინტერესებულ მხარეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ მიუღია; ამავე მუხლის მე-4 ნაწილით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაგზავნასთან დაკავშირებული დავის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, დაინტერესებული მხარისათვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ოფიციალური გაცნობა ნიშნავს მისთვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გადაცემას ან ფოსტის მეშვეობით გაგზავნას.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომ უფლებამოსილი პირისათვის - მ.ი-ასათვის მუნიციპალური ინსპექციის 2024 წლის 26 თებერვლის №002743 დადგენილების ჩაბარება ვერ მოხერხდა, რის გამოც მითითებული დადგენილება 2024 წლის 11 მარტს განთავსდა: ქ. თბილისში, ...ის შესახვევის №...-ში ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე (ავტოფარეხი, შენობა №...), თვალსაჩინო ადგილზე (ობიექტის ფასადზე), რაც ადმინისტრაციული ორგანოს განმარტებით, მიჩნეულ იქნა საჩივრის ავტორისთვის დადგენილების კანონით დადგენილი წესით გაცნობად და აღნიშნული აქტის კანონით დადგენილი გასაჩივრების ვადის ათვლაც სწორედ მისი ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე გაკვრის თარიღიდან უნდა განხორციელდეს.
დადგენილია, რომ მ.ი-ამ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას 2024 წლის 26 თებერვლის №002743 დადგენილების ბათილად ცნობის მოთხოვნის თაობაზე №19/0124116330-01 ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა 2024 წლის 25 აპრილს, საჩივრის ავტორის მიერ გაშვებული იქნა აქტის გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი 15 დღიანი ვადა. ამასთან, ვინაიდან საჩივრის ავტორის მიერ არ მომხდარა სადავო დადგენილების გასაჩივრება კანონით დადგენილ 15 დღიან ვადაში, მუნიციპალური ინსპექციის 2024 წლის 26 თებერვლის №002743 დადგენილება შევიდა კანონიერ ძალაში და მათ საფუძველზე ამავე ინსპექციის მიერ 2024 წლის 26 აპრილს საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 128-ე მუხლის მე-8 პუნქტის მიხედვით, 6 თვიანი ვადის დაცვით გაიცა №4-5/ს.ფ-438-24 და №4-5/ს.ფ-439-24 სააღსრულებო ფურცლები.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა არსებითად იმსჯელოს მ.ი-ას ადმინისტრაციულ საჩივარზე, რომლითაც ითხოვდა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2024 წლის 26 თებერვლის №002743 დადგენილების გაუქმებას და შეაფასოს ის გარემოებები, რომელსაც მოსარჩელე უთითებდა სადავო დადგენილების კანონიერებასთან მიმართებით. სააღსრულებო ფურცლები კი გაიცა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2024 წლის 26 თებერვლის №002743 დადგენილების აღსრულების მიზნით. შესაბამისად, სააღსრულებო ფურცლების კანონიერება უკანონობის დადგება დაკავშირებულია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2024 წლის 26 თებერვლის №002743 დადგენილების კანონიერებასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მართებულია სააპელაციო სასამართლოს განმარტება, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2024 წლის 8 ივლისის №899 ბრძანების ის ნაწილი, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მ.ი-ას ადმინისტრაციული საჩივარი სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნას ცნობილი. სასამართლოს მიერ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით ზემდგომმა ადმინისტრაციულმა ორგანომ თავიდან უნდა შეაფასოს დასახელებული საკითხი. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2024 წლის 8 ივლისის №899 ბრძანების ის ნაწილი, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მ.ი-ას ადმინისტრაციული საჩივარი 2024 წლის 26 აპრილის N4-5/-438-24 და №4-5/ს.ფ-439-24 სააღსრულებო ფურცლებით განხორციელებული ქმედებების უკანონოდ ცნობის თაობაზე, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ასევე ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს ძირითად პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ეს უმნიშვნელოვანესი იმპერატიული ხასიათის დანაწესი ემსახურება საჯარო მმართველობის კანონიერების პრინციპს, რამდენადაც ყოველი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს განსახილველი საკითხის გარემოებებისა და ფაქტების ობიექტურ შესწავლა - გამოკვლევას, რომლის შეფასებიდან უნდა გამომდინარეობდეს საკითხის გადასაწყვეტად ჩამოყალიბებული დასკვნა. ამ ვალდებულების შესრულება ემსახურება ადმინისტრაციული ორგანოს ასევე უმნიშვნელოვანეს - მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულებას - ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა ახსნას, განმარტოს, დაასაბუთოს, თუ რატომ რა ფაქტებზე დაყრდნობით მიიღო ამგვარი გადაწყვეტილება, გარდა აღნიშნულისა, გადაწყვეტილების დასაბუთება აუცილებელია ადრესატისათვის, რათა შეაფასოს მისი მართლზომიერება, დარწმუნდეს მის კანონშესაბამისობაში, ხოლო უფლების დარღვევის განცდის შემთხვევაში ისარგებლოს გასაჩივრების შესაძლებლობით, მას უნდა შეეძლოს იცოდეს რა არგუმენტებით უნდა დაუპირისპირდეს მიღებულ გადაწყვეტილებას, რასაც დასაბუთების გარეშე გადაწყვეტილების მიღების პირობებში, მოკლებულია. აგრეთვე, დასაბუთებული აქტის გამოცემა აადვილებს საჩივრის ან სარჩელის განმხილველი ორგანოების მიერ მისი კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების პროცესს. კანონმდებელი იმდენად არსებით და აქტის კანონიერების განმსაზღვრელ ფუნქციას ანიჭებს საქმის გარემოებათა გამოკვლევას, რომ იმპერატიულად კრძალავს, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაუდოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ (სუსგ №ბს-974(2კ-19). 17.09.2020წ.).
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველ ორგანოს, გასაჩივრებული აქტის კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების ვალდებულება წარმოეშვება მაღალი ხარისხით. ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის კანონიერების გადამოწმებას როგორც ფორმალური, ისე მატერიალური თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ბ. სტურუა
მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე