დატოვებულია უცვლელად

ადმინისტრაციული 24.06.2026
საქმის ნომერი
ბს-570(2კ-25)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
24.06.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-570(2კ-25) 24 ივნისი, 2026 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),გიორგი მიქაუტაძე, გიზო უბილავა

კასატორები (მოპასუხეები) – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია

წარმომადგენლები - შ. კ-ი, თ. მ-ა, გ. გ-ე, რ. გ-ე

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – ს. მ-ე

წარმომადგენელი - ნ. ბ-ე

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 19 დეკემბრის განჩინება

დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ს. მ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2021 წლის 18 მაისის №000875 დადგენილება; ბ) ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 7 ივლისის №959 ბრძანება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით ს. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2021 წლის 18 მაისის №000875 დადგენილება და დაევალა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურ ინსპექციას კანონით დადგენილ ვადაში, გადაწყვეტილებაში მითითებული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ს. მ-ის მოთხოვნასთან მიმართებით. ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 7 ივლისის №959 ბრძანება.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ. თბილისი, ... ქ. №13ა, ს/კ ..., 2017 წლის 20 მარტიდან რეგისტრირებულია ს. მ-ის საკუთრების უფლება; ბ) 2020 წლის 14 დეკემბერს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ ს. მ-ის მიმართ შედგა №000875 მითითება, რომლის თანახმად, სამართალდარღვევად დაფიქსირდა ქ. თბილისში, ... ქ. №13ა-ში მდებარე №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე, კაპიტალური შენობა-ნაგებობის მშენებლობა, რომელიც ნაწილობრივ სცილდება საკადასტრო საზღვრებს და გადადის სახელმწიფოს ტერიტორიაზე. ამავე მითითებით, ს. მ-ეს განესაზღვრა 20 (ოცი) კალენდარული დღის ვადა შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის წარსადგენად ან უსაფრთხოების ნორმების დაცვით ობიექტის დემონტაჟის განსახორციელებლად; გ) 2021 წლის 18 იანვარს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ შედგა №000875 შემოწმების აქტი მასზედ, რომ ს. მ-ის მიერ არ შესრულდა 2020 წლის 14 დეკემბრის №000875 მითითებით გათვალისწინებული პირობები; დ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურ ინსპექციის 2021 წლის 5 თებერვლის სხდომის ოქმის თანახმად, ს. მ-ემ განმარტა, რომ კაპიტალური შენობა-ნაგებობა შეიძინა 2012 წელს, ხოლო 2015 წელს განახორციელა სამშენებლო სამუშაოები. არსებულ შენობა-ნაგებობაზე მიამატა ფართი და ააშენა კაპიტალური შენობა-ნაგებობა, სადაც თავად ცხოვრობს; დ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2021 წლის 18 მარტის №4-3/51-გ/21 ბრძანებით ს. მ-ის სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე დადგენილების მიღების ვადა გაგრძელდა 2021 წლის 18 მარტიდან 2021 წლის 18 მაისის ჩათვლით; ე) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის სამშენებლო კონტროლისა და ექსპლუატაციის განყოფილების უფროსი სპეციალისტის 2021 წლის 18 მაისის მოხსენებითი ბარათის თანახმად, ობიექტის ხელმეორედ გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ ს. მ-ის მიერ არ შესრულდა მუნიციპალური ინსპექციის 2020 წლის 14 დეკემბრის №000875 მითითებით გათვალისწინებული პირობები; ვ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2021 წლის 18 მაისის №000875 დადგენილებით ს. მ-ე დაჯარიმდა 25 000 (ოცდახუთი ათასი) ლარით ქ. თბილისში, ქუჩა ..., №13ა-ში მდებარე №... საკადასტრო კოდზე შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე კაპიტალური შენობა-ნაგებობის მშენებლობისთვის (გადადის სახელმწიფოს ტერიტორიასა და №... საკადასტრო კოდზე). ამავე დადგენილებით, ქ. თბილისში, ... ქ. №13ა-ში მდებარე №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს დაევალა შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე აშენებული კაპიტალური შენობა-ნაგებობის (გადადის სახელმწიფოს ტერიტორიასა და №... საკადასტრო კოდზე) დემონტაჟი; ზ) 2021 წლის 11 ივნისს ს. მ-ემ №19/0121162432-01 ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2021 წლის 18 მაისის №000875 დადგენილების ბათილად ცნობა მოითხოვა; თ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 7 ივლისის №959 ბრძანებით ს. მ-ის 2021 წლის 11 ივნისის №19/0121162432–01 ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ძალაში დარჩა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2021 წლის 18 მაისის №000875 დადგენილება.

„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ საქართველოს კანონის პირველ, მე-2, 122-ე, 123-ე, 124-ე, 125-ე და 131-ე მუხლებზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 სექტემბრის №28-94 დადგენილებით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის დებულების“ პირველ და მე-2 მუხლებზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 53-ე მუხლის მე-5 ნაწილზე მითითებით სასამართლომ განმარტა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ სადავო დადგენილება მიღებულ იქნა ისე, რომ არ ყოფილა გამოკვლეული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები. კერძოდ, მოსარჩელე მხარემ განმარტა, რომ მისთვის გაუგებარია, შენობის რა ნაწილია გადასული წითელი ხაზების მიღმა და კონკრეტულად, რომელი ობიექტის დემონტაჟი დაევალა. მისი განმარტებით, შენობა მოქცეულია მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო საზღვრებში და არა - სახელმწიფო ან სხვა კერძო პირის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე. გარდა ამისა, ს. მ-ე მიუთითებს, რომ სამშენებლო სამუშაოები მის მიერ განხორციელებულია არა 2020-2021 წლებში, როდესაც დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება, არამედ გაცილებით ადრე, 2017 წელს. მოსარჩელისთვის მნიშვნელოვან გარემოებას წარმოადგენს, ასევე 08.06.2022 წლის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით მოწვეული პირების განმარტებაც, რომლებმაც მიუთითეს, რომ მოსარჩელემ 2017 წელს დაიწყო სადავო შენობა-ნაგებობის მშენებლობა და 2018 წლის იანვარში უკვე დასრულებული ჰქონდა. მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო სადავო ბრძანებაში, მართალია, მიუთითებს, რომ უტყუარად არ დგინდება, თუ კონკრეტულად როდის განხორციელდა სადავოდ გამხდარი სამშენებლო სამუშაოების მშენებლობა, თუმცა, გასაჩივრებული აქტებიდან არ ირკვევა, რა გარემოებები გამოიკვლია მოპასუხემ იმისათვის, რომ დაედგინა, როდის არის ნაწარმოები უნებართვო სამშენებლო სამუშაოები. სასამართლომ განმარტა, რომ სამართალდარღვევის ჩადენის დროის დადგენას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მოცემული დავის სწორად გადაწყვეტისთვის, ვინაიდან მოსარჩელის მიერ მითითებულ პერიოდში მოქმედებდა საქართველოს კანონი „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ ძველი რედაქცია, რომელიც განსხვავებულ სანქციას აწესებდა მსგავსი ტიპის სამართალდარღვევისთვის. ამდენად, ზემოაღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით ცალსახაა, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არ შეაფასა საქმისათვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე ფაქტები, რაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შეფასებისათვის უმნიშვნელოვანეს გარემოებებს წარმოადგენს.

სასამართლოს განმარტებით, საკითხის ხელახალი განხილვისას ადმინისტრაციულმა ორგანომ სრულფასოვნად უნდა გამოიყენოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება, მოიპოვოს მტკიცებულებები, შეფასება მისცეს, როგორც მხარეთა მიერ ადმინისტრაციულ ორგანოში საკითხის განხილვისას წარდგენილ მტკიცებულებებს, ასევე - თავად უზრუნველყოს დამატებითი მტკიცებულებების მოპოვება და გამოკვლევა, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს (საჭიროების შემთხვევაში, მოწმეებს, მეზობლებს) და რაც მთავარია, დაადგინოს როდის განხორციელდა სამშენებლო სამუშაოები მოსარჩელის მიერ, ვინაიდან აღნიშნულს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დავის სწორად გადაწყვეტისთვის.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 19 დეკემბრის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება.

პალატის მითითებით, საქართველოს ტერიტორიაზე სივრცის დაგეგმარების, ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვის, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის სამართლებრივ მოწესრიგებას უზრუნველყოფს საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი, რომლის მე-3 მუხლის „ჰ’’ პუნქტის თანახმად, უნებართვო მშენებლობაა მშენებლობა, რომელიც ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სამართლებრივი საფუძვლების გარეშე ან სამშენებლო დოკუმენტაციის ისეთი დარღვევით, რომლის დროსაც შენობა-ნაგებობის ფუნქცია იცვლება ან/და ხდება განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის გადამეტება. ამავე კოდექსის 131-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ პუნქტის თანახმად, უნებართვო მშენებლობა (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) საქართველოს ტყის კოდექსითა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიაზე ან ზონაში, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში ან/და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გამოიწვევს დაჯარიმებას სახელმწიფოს ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე - 25 000 ლარის ოდენობით.

„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ 123-ე, 124-ე და 125-ე მუხლებზე მითითებით პალატამ აღნიშნა, რომ სამშენებლო სამუშაოების კანონიერად განხორციელების საფუძვლად კანონმდებლობა იმპერატიულად მიიჩნევს შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის არსებობას. წინააღმდეგ შემთხვევაში, უნებართვო მშენებლობის სახით ადგილი ექნება სამშენებლო სამართალდარღვევას, რისთვისაც პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად განისაზღვრება. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლივი შეფასების შედეგად, დადგენილია, რომ ს. მ-ის მიერ ჩადენილია სამშენებლო სამართალდარღვევა. ასევე დადგენილია, რომ მან სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის განმახორციელებელი უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ აღმოფხვრა ჩადენილი სამართალდარღვევა. ამდენად, ს. მ-ეს პასუხისმგებლობა დაეკისრა, როგორც უნებართვოდ განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების მწარმოებელ პირს.

სააპელაციო პალატის განმარტებით, სადავო არაა მოსარჩელის მიერ უნებართვო სამშენებლო სამუშაოების განხორციელების ფაქტი. ს. მ-ემ, როგორც ადმინისტრაციული საქმის წარმოებისას, ისე სასამართლოში სარჩელის განხილვისას თავად დაადასტურა სათანადო სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე მშენებლობის განხორციელება. მოცემულ შემთხვევაში, სადავოა სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის დრო, რომლის გამორკვევასაც არსებითი მნიშვნელობა აქვს სამართალდარღვევისათვის საჯარიმო სანქციის სწორად შეფარდებისათვის. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენმა პასუხი უნდა აგოს სამართალდარღვევის ჩადენის დროს და ადგილას მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე. სამართალდარღვევის ჩადენის დროდ განიხილება უშუალოდ უკანონო სამშენებლო სამუშაოების, როგორც კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელების პერიოდი. ანალოგიური შინაარსის დათქმას შეიცავს, ასევე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსიც, რომლის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულია, რომ დანაშაულის ჩადენის დროა ის დრო, როდესაც მოქმედებდა ამსრულებელი ან თანამონაწილე ანდა უნდა ემოქმედა მას. შედეგის დადგომის დროს მნიშვნელობა არა აქვს. მართალია, სისხლის სამართლის კოდექსის ნორმები მიემართება უშუალოდ დანაშაულებრივ ქმედებებს, თუმცა საქმეზე „გრადინგერი ავსტრიის წინააღმდეგ“ ((Gradinger v. Austria), განაცხადი no. 15963/90, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1995 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილება) ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ „ესა თუ ის სამართალდარღვევა და სანქცია, ამ სამართალდარღვევის ხასიათისა და მისთვის დადგენილი სანქციის სიმკაცრის გათვალისწინებით, შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობაში მათი ადმინისტრაციულ დარღვევად და ადმინისტრაციულ სახდელად კატეგორიზაციის მიუხედავად, შეიძლება განხილულ იქნეს, როგორც სისხლის სამართლის დანაშაული და სისხლის სამართლის სასჯელი. შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალწარმოება უნდა მიჩნეული იქნეს სისხლის სამართალწარმოებად და მასზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის (უფლება სამართლიან სასამართლო განხილვაზე) მოქმედება უნდა გავრცელდეს (გადაწყვეტილების პუნქტები 35-36)“. შესაბამისად, მართალია, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევასა და სისხლის სამართლის დანაშაულს ერთმანეთისაგან მკვეთრად განასხვავებს პირის ქმედების სიმძიმე და საკანონმდებლო დონეზე თითოეული მათგანისათვის გათვალისწინებული სადამსჯელო რეპრესიული ღონისძიების ბუნება - ერთ შემთხვევაში სახდელი, ხოლო მეორე შემთხვევაში - სასჯელი, თუმცა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაც ცხადყოფს, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევისა და დანაშაულის შემადგენელი ზოგადსამართლებრივი ელემენტები პრინციპალურ დონეზე ემსგავსება ერთმანეთს. ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსი განცალკევებით არ განმარტავს, თუ რა მოიაზრება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის დროში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის რეგულაციის გათვალისწინებით, სამშენებლო სამართალდარღვევის (როგორც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ერთ-ერთი სახის) ჩადენის დრო გულისხმობს კანონსაწინააღმდეგო მოქმედების - უნებართვო სამშენებლო სამუშაოების განხორციელების მომენტს.

პალატის განმარტებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევასთან მიმართებით გამოცემული დადგენილებით ხდება პირის სამართალდამრღვევად ცნობა და მისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება. შესაბამისად, დადგენილების თარიღი ასახავს ჩადენილ სამართალდარღვევაზე ადმინისტრაციული ორგანოს რეაგირების, კერძოდ, პირის სამართალდამრღვევად ცნობის მომენტს და არა ამ სამართალდარღვევის ჩადენის დროს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ადმინისტრაციული სანქციის დაკისრების ერთ-ერთ მიზანს სწორედ ჩადენილი კანონსაწინააღმდეგო ქმედებისათვის პირის დასჯა წარმოადგენს. ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების შესახებ დადგენილების გამოცემა კი, სწორედ ამ მიზნის მიღწევას უზრუნველყოფს. ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ჩადენილად არ ითვლება ქმედებისათვის სამართალდამრღვევის დასჯის მომენტიდან. სახდელი პირს სწორედ უკვე ჩადენილ სამართალდარღვევასთან მიმართებით ეკისრება.

განსახილველ შემთხვევაში, ს. მ-ე მიუთითებს, რომ სამშენებლო სამუშაოები მის მიერ განხორციელებულია არა 2020-2021 წლებში, როდესაც დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება, არამედ გაცილებით ადრე, 2017 წელს. პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით მოწვეული პირების განმარტებით, მოსარჩელემ 2017 წელს დაიწყო სადავო შენობა-ნაგებობის მშენებლობა და 2018 წლის იანვარში უკვე დასრულებული ჰქონდა. შესაბამისად, დასაბუთებულია პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არ შეაფასა საქმისათვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე ფაქტები. გასაჩივრებული აქტებიდან არ ირკვევა, თუ რა გარემოებები გამოიკვლია მოპასუხემ იმისათვის, რომ დაედგინა, როდის არის ნაწარმოები უნებართვო სამშენებლო სამუშაოები. სამართალდარღვევის ჩადენის დროის დადგენას კი, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მოცემული დავის სწორად გადაწყვეტისთვის, ვინაიდან მოსარჩელის მიერ მითითებულ პერიოდში მოქმედებდა საქართველოს კანონი „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ ძველი რედაქცია, რომელიც განსხვავებულ სანქციას აწესებდა მსგავსი ტიპის სამართალდარღვევისთვის. ამასთან, საყურადღებოა, რომ მოსარჩელის განმარტებით, მისთვის გაუგებარია, შენობის რა ნაწილია გადასული წითელი ხაზების მიღმა და კონკრეტულად, რომელი ობიექტის დემონტაჟი დაევალა. მისი განმარტებით, შენობა მოქცეულია მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო საზღვრებში და არა - სახელმწიფო ან სხვა კერძო პირის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე. ამდენად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ სადავო დადგენილება მიღებულ იქნა ისე, რომ არ ყოფილა გამოკვლეული კონკრეტული გარემოება, რასაც არსებითი მნიშვნელობა აქვს საქმის სწორად გადაწყვეტისათვის.

პალატის განმარტებით, სამშენებლო სამართალდარღვევებთან დაკავშირებული საქმის წარმოებისა და ცალკეული სამართალდარღვევებისათვის პასუხისმგებლობის ზომის განსაზღვრა, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილ ზოგად პრინციპებს, მათ შორის, აღნიშნული კოდექსის მე-8 მუხლით განსაზღვრულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის ზემოქმედების ზომათა შეფარდებისას კანონიერების უზრუნველყოფის პრინციპს ემყარება. აღნიშნული პრინციპის თანახმად, არავის შეიძლება შეეფარდოს ზემოქმედების ზომა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო, თუ არა კანონმდებლობით დადგენილ საფუძველზე და წესით. ამავე კოდექსის 264-ე მუხლი განსაზღვრავს, რომ ორგანო (თანამდებობის პირი) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისას მოვალეა დაადგინოს: ჩადენილი იყო თუ არა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ბრალეულია თუ არა პირი მის ჩადენაში, ექვემდებარება თუ არა იგი ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, არის თუ არა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, აგრეთვე გამოარკვიოს სხვა გარემოებანი, რომელთაც მნიშვნელობა აქვთ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის. ამდენად, როგორც სამართალდარღვევის, ასევე დამრღვევის დადგენის მიზანი მდგომარეობს იმაში, რომ სანქციის შემფარდებელმა ორგანომ, სამართალდარღვევა ყველა შემთხვევაში შეაფასოს ინდივიდუალურად, რა დროსაც ასევე ყურადღება უნდა მიექცეს იმის გამოკვლევას, ხომ არ არსებობს შემამსუბუქებელი ან დამამძიმებელი გარემოებები, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 96-ე მუხლების მოთხოვნები ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას გამოიკვლიოს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები.

სააპელაციო პალატის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2021 წლის 18 მაისის №000875 დადგენილების კანონიერების შეფასებისას სწორად გამოიყენა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მეოთხე ნაწილი. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მითითებული ნორმით განსაზღვრული პროცესუალური შესაძლებლობა ემსახურება ადმინისტრაციული ორგანოების მიერ განხორციელებულ მმართველობის კანონიერებაზე სასამართლო კონტროლის სრულფასოვან რეალიზაციასა და მართლმსაჯულების ეფექტიან განხორციელებას. სწორედ ამიტომ, საქმის ობიექტურად გადაწყვეტის პრინციპები, საქმეში წარმოდგენილი და გამოკვლეული ფაქტობრივი გარემოებები პირველი ინსტანციის სასამართლოს აძლევდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას.

პალატის განმარტებით, საკითხი საჭიროებს დამატებით გამოკვლევას, რაც კონკრეტულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილებიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული წარმოების სრულყოფილად ჩატარებითაა შესაძლებელი. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლების საფუძველზე, სასამართლოსათვის მინიჭებული შესაძლებლობა - გამოიკვლიოს ფაქტობრივი გარემოებები, არ ნიშნავს სასამართლოს უფლებას/ვალდებულებას ჩაანაცვლოს ადმინისტრაციული ორგანო და თავად განახორციელოს ადმინისტრაციული წარმოება. საკითხის ხელახალი განხილვისას, ადმინისტრაციულმა ორგანომ დამატებით უნდა მოიპოვოს მტკიცებულებები, შეაფასოს, როგორც მხარეთა მიერ ადმინისტრაციულ ორგანოში საკითხის განხილვისას წარდგენილი მტკიცებულებები, ასევე თავად უზრუნველყოს დამატებითი მტკიცებულებების მოპოვება და გამოკვლევა, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს (საჭიროების შემთხვევაში, მოწმეებს, მეზობლებს) და დაადგინოს, როდის განხორციელდა სამშენებლო სამუშაოები მოსარჩელის მიერ, ვინაიდან აღნიშნულს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დავის სწორად გადაწყვეტისთვის.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 19 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ.

3.1. კასატორის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის განმარტებით, მუნიციპალური ინსპექციის 2022 წლის 11 ოქტომბრის №003018 დადგენილებით ს. მ-ე დაჯარიმდა 25 000 ლარით ქ. თბილისში, ... ქუჩა №13ა-ში მდებარე №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე, კაპიტალური შენობა-ნაგებობის მშენებლობისთვის, რომელიც გადადის სახელმწიფო ტერიტორიასა და კერძო საკუთრებაზე (ს/კ ...). მასვე დაევალა განხორციელებული მშენებლობის დემონტაჟი. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-9 მუხლის გათვალისწინებით, ასევე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მყარად დადგენილი პრაქტიკის თანახმად, ჩადენილი ქმედების შეფასება ხდება ჩადენის დროს მოქმედი კანონმდებლობით. მოცემულ შემთხვევაში, შესაფასებელია ს. მ-ის ქმედება მშენებლობის განხორციელების დროისათვის ითვლებოდა თუ არა სამართალდარღვევად, სახდელის (ჯარიმის) დაკისრება კი, უნდა მოხდეს ამ სამართალდარღვევის გამოვლენისას მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, კერძოდ, 2020 წლის 14 დეკემბერს მოქმედი კანონის მიხედვით, მაშინ როდესაც სამართალდარღვევა გამოვლინდა, ანუ მოხდა მითითების გაცემა.

განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან უტყუარად ვერ დგინდებოდა მშენებლობის ზუსტი დრო, შესაბამისად, ის ჩადენილად იქნა მიჩნეული მისი გამოვლენის მომენტიდან (დენადობის პრინციპი), ანუ 2020 წლის 14 დეკემბრიდან, როდესაც მოხდა №000875 მითითების გაცემა. შესაბამისად, პასუხისმგებლობის დაკისრებაც უნდა მომხდარიყო იმ დროს მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე. სასამართლოების მითითება მშენებლობის განხორციელების ზუსტი დროის დადგენასთან დაკავშირებით მოკლებულია საფუძველს, რადგან უზენაესი სასამართლოს მყარად დადგენილი პრაქტიკა, რომელიც ხაზს უსვამს მშენებლობის დროის ზუსტად დადგენის მნიშვნელობას, მიემართება იმის გარკვევას, რეალურად მშენებლობის განხორციელების დროისთვის მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ექვემდებარებოდა თუ არა მშენებლობის სამუშაოები შესაბამისი ნებართვის მოპოვების ვალდებულებას, ანუ განხორციელების დროისთვის ს. მ-ის ქმედება წარმოადგენდა თუ არა სამართალდარღვევას. მოცემულ შემთხვევაში, განხორციელებული მშენებლობის პერიოდთან დაკავშირებით სასამართლომ სარწმუნოდ მიიჩნია მხოლოდ მხარის და მოწმეთა ახსნა-განმარტებები. აღნიშნული წარმოადგენს ერთგვაროვან მტკიცებულებებს და ფაქტის უტყუარად დადასტურებისთვის აუცილებელია ახსნა-განმარტება დადასტურდეს საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით. თუმცა, ამ განმარტებათა სარწმუნოდ ჩათვლის შემთხვევაშიც კი, 2015-2017 წლებშიც სადაო მშენებლობის განხორციელებას სჭირდებოდა შესაბამისი ნებართვა (თანხმობა).

კასატორის განმარტებით, მშენებლობის განხორციელების თარიღად ს. მ-ე უთითებდა 2015-2017 წლებს, რასაც ასაბუთებდა ადმინისტრაციულ ორგანოსა და სასამართლოსათვის მიცემული თავისი და მოწმეთა ახსნა-განმარტებით, თუმცა მის მიერ აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი სხვა მტკიცებულება საქმეში არ იყო წარმოდგენილი. საყურადღებოა, რომ შენობა-ნაგებობა 2020 წლის ორთოფოტოზე არ ჩანს იგივე კონფიგურაციით, რაც გამორიცხავს ამ შენობის 2015-2017 წლებში აშენების ფაქტს. სათანადო მტკიცებულების არარსებობის მიუხედავად, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა მხარის ახსნა-განმარტება და სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნო მუნიციპალური ინსპექციის დადგენილება, ანუ სასამართლოებს არ მიუღიათ რაიმე სხვა ზომა ფაქტის დასადგენად, რაც ნიშნავს, რომ სააპელაციო პალატამ აღნიშნულის თაობაზე მხოლოდ ახსნა-განმარტება საკმარისად მიიჩნია.

3.2. კასატორის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მითითებით, საქმეში არსებული მასალებით დადგენილია, რომ მუნიციპალური ინსპექციის 2021 წლის 18 მაისის №000875 დადგენილებით ს. მ-ე დაჯარიმდა 25 000 ლარით, ქ. თბილისში, ... ქ. №13ა-ში მდებარე №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე, კაპიტალური შენობა-ნაგებობის მშენებლობისთვის, რომელიც გადადის სახელმწიფოს ტერიტორიასა და №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე. ამავე დადგენილებით, ქ. თბილისში, ... ქ. №13ა-ში მდებარე №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს დაევალა უნებართვოდ განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების დემონტაჟი. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 24 ივლისის ამონაწერით დგინდება, რომ უძრავი ქონება მდებარე ქ. თბილისი, ... ქუჩა, №13ა, საკადასტრო კოდი №..., წარმოადგენს ს. მ-ის საკუთრებას.

საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 122-ე მუხლის პირველ ნაწილსა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-2 მუხლზე მითითებით კასატორი განმარტავს, რომ საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი განეკუთვნება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ კანონმდებლობის ერთ-ერთ შემადგენელ საკანონმდებლო აქტს, რომლის მიზანსაც სამშენებლო საქმიანობაზე კონტროლი, სამშენებლო სამართალდარღვევათა გამოვლენა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით სამშენებლო საქმიანობის განხორციელების უზრუნველყოფა წარმოადგენს. თავის მხრივ, სამშენებლო სამართალდარღვევა განეკუთვნება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ერთ-ერთ სპეციფიკურ სახეს, რომელზეც ვრცელდება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ზოგადი ნორმები. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-9 მუხლის გათვალისწინებით, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანომ სამართალდარღვევის შემადგენლობა უნდა შეადაროს დადგენილების გამოცემის დროისთვის მოქმედ კანონმდებლობას, მოცემულ შემთხვევაში კი, საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსს. რაც შეეხება უშუალოდ განსახილველი სამშენებლო სამუშაოების დაქვემდებარებას მშენებლობის ნებართვის აღების ვალდებულებასთან, აღნიშნული საკითხი უნდა შეფასდეს ქმედების განხორციელების დროისათვის მოქმედი კანონმდებლობით. გამომდინარე იქიდან, რომ განსახილველ შემთხვევაში, უტყუარად არ დგინდებოდა, თუ კონკრეტულად როდის განხორციელდა სადავო სამშენებლო სამუშაოები, ხოლო სამშენებლო სამართალდარღვევა, თავისი ბუნებით, წარმოადგენს დენად სამართალდარღვევას, დამრღვევი სუბიექტის მიმართ სამართალდარღვევის საქმის დაწყება და შესაბამისი პასუხისმგებლობა დაუკავშირდა დარღვევის ფაქტის გამოვლენის მომენტს და იმ დროისათვის მოქმედ კანონმდებლობას.

„მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის №255 დადგენილების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე, საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის მე-3 მუხლის „ე“ და ,,ჰ18’’ ქვეპუნქტებზე, 93-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 94-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე მითითებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია განმარტავს, რომ სამშენებლო სამუშაოების კანონიერად განხორციელების საფუძვლად კანონმდებლობა იმპერატიულად მიიჩნევს შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის არსებობას. წინააღმდეგ შემთხვევაში, უნებართვო მშენებლობის სახით ადგილი ექნება სამშენებლო სამართალდარღვევას, რისთვისაც პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად განისაზღვრება. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებში წარმოდგენილ დოკუმენტაციაზე, მათ შორის, დაკვალვის აქტსა და სადავო დადგენილების გამოცემის დროისთვის არსებული ვითარების ამსახველ ფოტომასალაზე დაყრდნობით, ადმინისტრაციული ორგანო დადგენილად მიიჩნევს, რომ №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე განხორციელებულია კაპიტალური შენობა-ნაგებობის მშენებლობა, რომელიც გადადის სახელმწიფოს ტერიტორიასა და №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე. ის ფაქტი, რომ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების ფარგლებში მშენებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია ვერ იქნა წარმოდგენილი, ცალსახად მიუთითებს გასაჩივრებულ დადგენილებაში მითითებული ობიექტის უნებართვოდ განთავსების ფაქტზე, რაც, კანონმდებლობის თანახმად, სამართალდამრღვევი პირისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს წარმოადგენს.

კასატორის განმარტებით, მოქმედი კანონმდებლობით ამომწურავადაა განსაზღვრული იმ სუბიექტთა წრე, რომლებზეც შესაძლოა გავრცელდეს სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სფეროში არსებული ნორმების მოქმედება. ზოგადი წესის თანახმად, სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე მშენებლობის განხორციელებისათვის პასუხისმგებლობა, პირველ რიგში, ეკისრება მშენებლობის მწარმოებელ პირს, რომლის ქმედებამაც უშუალოდ გამოიწვია სამშენებლო სამართალდარღვევა. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეს პასუხისმგებლობა დაეკისრა, როგორც უნებართვოდ განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების მწარმოებელ პირს. აღსანიშნავია, რომ სადავო დადგენილებაში მითითებული სამშენებლო სამუშაოების მის მიერ წარმოების ფაქტი დაადასტურა თავად ს. მ-ემ, როგორც ადმინისტრაციულ საჩივარში, ისე 2021 წლის 5 თებერვალს მუნიციპალურ ინსპექციასა და 2021 წლის 23 ივნისს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში გამართულ ზეპირი მოსმენის სხდომებზე დაფიქსირებული განმარტებებით. ამდენად, ს. მ-ის მიერ ჩადენილია სამშენებლო სამართალდარღვევა, კერძოდ, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე, განხორციელებულია კაპიტალური შენობა-ნაგებობის მშენებლობა, რომელიც გადადის სახელმწიფოს ტერიტორიასა და №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე. ასევე, დადგენილია, რომ საჩივრის ავტორმა სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის განმახორციელებელი უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ აღმოფხვრა ჩადენილი სამართალდარღვევა. აღნიშნული კი, წარმოადგენს საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 131-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას და ამავე ნორმით განსაზღვრული პასუხისმგებლობის ს. მ-ისთვის დაკისრების სამართლებრივ საფუძველს. სააპელაციო სასამართლო დაეყრდნო მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებს და დადგენილად მიაჩნია, რომ ს. მ-ის მიერ შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე კაპიტალური შენობა-ნაგებობის მშენებლობა განხორციელებულია 2017-2018 წლებში.

საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 125-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 127-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტსა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილზე მითითებით კასატორი განმარტავს, რომ ჯარიმის დაკისრებასთან ერთად სამართალდამრღვევისთვის უნებართვო სამშენებლო სამუშაოების დემონტაჟის დავალება წარმოადგენდა მუნიციპალური ინსპექციის კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებას და ემსახურება სამართალდარღვევის აღმოფხვრის მიზანს. შესაბამისად, სადავო აქტი გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ამასთან, ადგილი არ ჰქონია კანონის ისეთ დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაში, მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი საფუძვლები ცხადყოფს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ არასწორად შეაფასა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივად არასწორად განმარტა განსახილველი საკითხი. შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, მოწინააღმდეგე მხარეს უარი უნდა ეთქვას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, რადგან სადავოდ გამხდარი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 2 და 16 ივნისის განჩინებებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2026 წლის 8 ივნისის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მათი განხილვა განისაზღვრა მხარეთა დასწრების გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერებისა და საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 19 დეკემბრის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

სადავო სამართალურთიერთობა გამომდინარეობს სამშენებლო სამართალდარღვევიდან და დავის საგანს წარმოადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2021 წლის 18 მაისის №000875 დადგენილებისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 7 ივლისის №959 ბრძანების კანონიერების შეფასება.

განსახილველ საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) უძრავ ნივთზე, მდებარე ქ. თბილისი, ... ქ. №13ა, ს/კ ..., 2017 წლის 20 მარტიდან რეგისტრირებულია ს. მ-ის საკუთრების უფლება (ს.ფ. 102-103); ბ) 2020 წლის 14 დეკემბერს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ ს. მ-ის მიმართ შედგა №000875 მითითება, რომლის თანახმად, სამართალდარღვევად დაფიქსირდა ქ. თბილისში, ... ქ. №13ა-ში მდებარე №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე, კაპიტალური შენობა-ნაგებობის მშენებლობა, რომელიც ნაწილობრივ სცილდება საკადასტრო საზღვრებს და გადადის სახელმწიფოს ტერიტორიაზე. ამავე მითითებით, ს. მ-ეს განესაზღვრა 20 (ოცი) კალენდარული დღის ვადა შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის წარსადგენად ან უსაფრთხოების ნორმების დაცვით ობიექტის დემონტაჟის განსახორციელებლად (ს.ფ. 77-78); გ) 2021 წლის 18 იანვარს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ შედგა №000875 შემოწმების აქტი მასზედ, რომ ს. მ-ის მიერ არ შესრულდა 2020 წლის 14 დეკემბრის №000875 მითითებით გათვალისწინებული პირობები (ს.ფ. 84-85); დ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2021 წლის 5 თებერვლის სხდომის ოქმის თანახმად, ს. მ-ემ განმარტა, რომ კაპიტალური შენობა-ნაგებობა შეიძინა 2012 წელს, ხოლო 2015 წელს განახორციელა სამშენებლო სამუშაოები. არსებულ შენობა-ნაგებობაზე მიამატა ფართი და ააშენა კაპიტალური შენობა-ნაგებობა, სადაც თავად ცხოვრობს (ს.ფ. 92); დ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2021 წლის 18 მარტის №4-3/51-გ/21 ბრძანებით ს. მ-ის სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე დადგენილების მიღების ვადა გაგრძელდა 2021 წლის 18 მარტიდან 2021 წლის 18 მაისის ჩათვლით (ს.ფ. 93); ე) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის სამშენებლო კონტროლისა და ექსპლუატაციის განყოფილების უფროსი სპეციალისტის 2021 წლის 18 მაისის მოხსენებითი ბარათის თანახმად, ობიექტის ხელმეორედ გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ ს. მ-ის მიერ არ შესრულდა მუნიციპალური ინსპექციის 2020 წლის 14 დეკემბრის №000875 მითითებით გათვალისწინებული პირობები (ს.ფ. 71); ვ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2021 წლის 18 მაისის №000875 დადგენილებით ს. მ-ე დაჯარიმდა 25 000 (ოცდახუთი ათასი) ლარით ქ. თბილისში, ქუჩა ..., №13ა-ში მდებარე №... საკადასტრო კოდზე შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე კაპიტალური შენობა-ნაგებობის მშენებლობისთვის (გადადის სახელმწიფოს ტერიტორიასა და №... საკადასტრო კოდზე). ამავე დადგენილებით, ქ. თბილისში, ... ქ. №13ა-ში მდებარე №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს დაევალა შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე აშენებული კაპიტალური შენობა-ნაგებობის (გადადის სახელმწიფოს ტერიტორიასა და №... საკადასტრო კოდზე) დემონტაჟი (ს.ფ. 14-16); ზ) 2021 წლის 11 ივნისს ს. მ-ემ №19/0121162432-01 ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2021 წლის 18 მაისის №000875 დადგენილების ბათილად ცნობა მოითხოვა (ს.ფ. 57-61); თ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 7 ივლისის №959 ბრძანებით ს. მ-ის 2021 წლის 11 ივნისის №19/0121162432–01 ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ძალაში დარჩა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2021 წლის 18 მაისის №000875 დადგენილება (ს.ფ. 18-25).

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2021 წლის 18 მაისის №000875 დადგენილების გამოცემას საფუძვლად დაედო საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 131-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), უნებართვო მშენებლობა (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) საქართველოს ტყის კოდექსითა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიაზე ან ზონაში, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში ან/და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გამოიწვევს დაჯარიმებას სახელმწიფოს ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე − 25 000 ლარის ოდენობით.

საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 93-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შენობა-ნაგებობის მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია მშენებლობის შეტყობინება ან მშენებლობის ნებართვა, გარდა ამ მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის „ჰ18“ ქვეპუნქტით უნებართვო მშენებლობა განიმარტება, როგორც მშენებლობა, რომელიც ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სამართლებრივი საფუძვლების გარეშე ან სამშენებლო დოკუმენტაციის ისეთი დარღვევით, რომლის დროსაც შენობა-ნაგებობის ფუნქცია იცვლება ან/და ხდება განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის გადამეტება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 94-ე მუხლზე, რომლის თანახმად, I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობა, ამ კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, ექვემდებარება მშენებლობის მარტივ შეტყობინებას (1); II−IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობა, ამ კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, ექვემდებარება მშენებლობის ნებართვის მიღების ვალდებულებას (2). ამდენად, მშენებლობის განხორციელებამდე პირმა კანონით დადგენილი წესით უნდა მოიპოვოს უფლებამოსილი ორგანოს თანხმობა, რაც გამოიხატება პირველი კლასის მშენებლობის განხორციელებისას დადასტურების მიღებაში (მშენებლობის მარტივ შეტყობინებაში), ხოლო მეორე, მესამე ან მეოთხე კლასის მშენებლობისას - მშენებლობის ნებართვის მოპოვებაში.

ზემოდასახელებული კოდექსის 122.1 მუხლის თანახმად, სამშენებლო სამართალდარღვევა არის ამ კოდექსის XV თავით გათვალისწინებული ქმედება, რომლის საქმის განხილვასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება ხორციელდება ამ თავით დადგენილი წესით. ამავე კოდექსის 123-ე მუხლის შესაბამისად, ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო ადმინისტრაციულ წარმოებას იწყებს სამართალდამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, რომელიც წარმოადგენს სამშენებლო საქმიანობაზე დამრღვევის მიმართ გაცემულ შენიშვნას შეუსაბამობაზე და მოთხოვნას, რომლითაც განისაზღვრება გონივრული ვადა, რომლის ფარგლებშიც მან უნდა შეასრულოს მითითებით დადგენილი პირობები სამშენებლო სამართალდარღვევის გამოსასწორებლად (1).

ამავე კოდექსის 124-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანო უფლებამოსილია გასცეს მითითება: ა) სამშენებლო დოკუმენტაციის წარდგენის შესახებ ან/და დარღვევის გამოსწორების შესახებ; ბ) სამშენებლო ობიექტზე არსებული სამშენებლო მასალის, ნაკეთობისა და კონსტრუქციის გამოყენების აკრძალვის შესახებ, თუ ისინი ვერ პასუხობენ დადგენილ მოთხოვნებს; გ) მშენებლობის ორგანიზების პროექტით დადგენილი წესების დარღვევის გამოსწორების შესახებ. დარღვევის გამოსწორების შესახებ მითითება გაიცემა გონივრული ვადით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო არაუმეტეს 7 კალენდარული დღის ვადაში ამოწმებს მითითების შესრულებას, ადგენს შემოწმების აქტს და მასში ასახავს ინფორმაციას მითითების შესრულების ან შეუსრულებლობის შესახებ. ამავე კოდექსის 125-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას სამშენებლო სამართალდამრღვევის დაჯარიმების შესახებ. ამავე კოდექსის 127-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო უფლებამოსილია: ა) მიიღოს დადგენილება საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობის მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის შესახებ; ბ) მითითების გაცემის გარეშე მიიღოს დადგენილება უნებართვო მშენებლობის დემონტაჟის შესახებ − თუ ვერ დგინდება უნებართვო მშენებლობის განმახორციელებელი პირი და მიწის ნაკვეთი სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის საკუთრებაა; გ) მიიღოს დადგენილება უნებართვო მშენებლობის დემონტაჟის შესახებ − თუ უნებართვო მშენებლობის განმახორციელებელი პირი დადგენილია და მიწის ნაკვეთი სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაა.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2020 წლის 14 დეკემბერს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ ს. მ-ის მიმართ შედგა №000875 მითითება, რომლის თანახმად, სამართალდარღვევად დაფიქსირდა ქ. თბილისში, ... ქ. №13ა-ში მდებარე №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე, კაპიტალური შენობა-ნაგებობის მშენებლობა, რომელიც ნაწილობრივ სცილდება საკადასტრო საზღვრებს და გადადის სახელმწიფოს ტერიტორიაზე. 2021 წლის 18 იანვარს შედგა №000875 შემოწმების აქტი მასზედ, რომ ს. მ-ის მიერ არ შესრულდა 2020 წლის 14 დეკემბრის №000875 მითითებით გათვალისწინებული პირობები, ხოლო 2021 წლის 18 მაისის №000875 დადგენილებით ს. მ-ე დაჯარიმდა 25 000 (ოცდახუთი ათასი) ლარით ქ. თბილისში, ქუჩა ..., №13ა-ში მდებარე №... საკადასტრო კოდზე შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე კაპიტალური შენობა-ნაგებობის მშენებლობისთვის (გადადის სახელმწიფოს ტერიტორიასა და №... საკადასტრო კოდზე). ამავე დადგენილებით მოსარჩელეს, როგორც №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს, დაევალა შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე აშენებული კაპიტალური შენობა-ნაგებობის (გადადის სახელმწიფოს ტერიტორიასა და №... საკადასტრო კოდზე) დემონტაჟი. საგულისხმოა, რომ მოსარჩელის მიერ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის საფუძვლად მითითებულია იმ გარემოებაზე, რომ კაპიტალური შენობა-ნაგებობა შეიძინა 2012 წელს, ხოლო 2015 წელს განახორციელა სამშენებლო სამუშაოები. არსებულ შენობა-ნაგებობაზე მიამატა ფართი და ააშენა კაპიტალური შენობა-ნაგებობა, სადაც თავად ცხოვრობს.

საკასაციო სასამართლო პირველ რიგში განმარტავს, რომ მყარად დადგენილი სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, უნებართვო მშენებლობა თავისი ბუნებით დენადი სამართალდარღვევაა, რომელთან მიმართებითაც ვადების ათვლა იწყება სამართალდარღვევის არა ჩადენის, არამედ გამოვლენის დღიდან. იგი უწყვეტად გრძელდება დროში და ითვლება დენადად მანამ, სანამ არ მოხდება მისი აღმოფხვრა და სამართლებრივ ჩარჩოში მოქცევა. შესაბამისად, უნებართვო მშენებლობის განხორციელების ფაქტით არ სრულდება არამართლზომიერი ქმედება. მესაკუთრეს/მოსარგებლეს ეკისრება ვალდებულება უზრუნველყოს სათანადო სამშენებლო ნორმების დაცვა, მის სარგებლობაში არსებული ნაგებობის უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესაბამისობა და შემდგომში კანონშესაბამისი ექსპლუატაცია. ამდენად, სამშენებლო სამართალდარღვევა არის დროში განგრძობადი პროცესი და მასზე რეაგირება ხორციელდება სამართალდარღვევის გამოვლენის მომენტში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. უდავოა, რომ სამშენებლო სამართალდარღვევა დენად სამართალდარღვევას წარმოადგენს (იგი იწყება ქმედებით და გამოვლენამდე უწყვეტად ხორციელდება). მოცემულ შემთხვევაში, სამართალდარღვევის საქმის წარმოება 2020 წლის 14 დეკემბერს დაიწყო, როდესაც ს. მ-ის მიმართ შედგა №000875 მითითება, შესაბამისად, შესაძლო სამართალდარღვევა ამ დროიდან გამოვლინდა. ასევე დადგენილია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2021 წლის 18 მაისის №000875 დადგენილებით ს. მ-ე დაჯარიმდა 25 000 (ოცდახუთი ათასი) ლარით და ამავე დადგენილებით, როგორც №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს, დაევალა შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე აშენებული კაპიტალური შენობა-ნაგებობის (გადადის სახელმწიფოს ტერიტორიასა და №... საკადასტრო კოდზე) დემონტაჟი.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მართალია, სამშენებლო სამართალდარღვევა დენად სამართალდარღვევას წარმოადგენს, თუმცა სამშენებლო სამართალდარღვევისთვის პასუხისმგებლობის დასაკისრებლად ერთ-ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს მშენებლობის განხორციელების დროის დადგენა, რათა გათვალისწინებულ იქნას მშენებლობის წარმოების დროს მოქმედი რეგულაციები. ზოგადად, ნებისმიერი იურიდიული მნიშვნელობის მქონე ქმედების/ცდომილების სამართალდარღვევად მიჩნევისთვის აუცილებელია დადგინდეს, თუ რა ნორმატიული მოწესრიგება იყო გათვალისწინებული სახელმწიფოს მხრიდან აღნიშნული ქმედების/ცდომილების განხორციელების/დადგომის დროს. შესაბამისად, ადმინისტრაციული საქმის წარმოებისას, სამშენებლო სამართალდარღვევის არსებობის შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია უტყუარად დაადასტუროს მშენებლობის წარმოების დროის დადგენის შეუძლებლობა და ამის შემდეგ შეაფასოს ქმედების სამართალდარღვევად მიჩნევის საკითხი გამოვლენის მომენტში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

საკასაციო პალატა მიუთითებს „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ 2019 წლის 18 სექტემბრის საქართველოს კანონზე (დოკუმენტის ნომერი 4964-Iს), რომლის მიზანია ერთჯერადი ხასიათის დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით ამავე კანონით განსაზღვრული იმ ფიზიკური პირების ადმინისტრაციული სახდელისგან − ჯარიმისგან და შესაბამისი საურავისგან გათავისუფლება, რომლებმაც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა 2019 წლის 15 იანვრამდე ჩაიდინეს და რომელთა მიმართაც ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება ამ კანონის ამოქმედებამდე არ აღსრულებულა (1-ლი მუხლი).

ზემოაღნიშნული კანონის მე-2 მუხლის თანახმად, (1) ამ კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელისგან თავისუფლდება: ა) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირი, რომლის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი 100 001 ქულაზე ნაკლებია; ბ) ამ კანონის ამოქმედების დროისთვის ასაკით პენსიონერი (ქალი − 60 წლის ასაკიდან, მამაკაცი − 65 წლის ასაკიდან); გ) ამ კანონის ამოქმედების დროისთვის 16 წლიდან 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვანი; დ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი; ე) ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანი; ვ) მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირი; ზ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირი − დევნილი; (2) ამ კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლება გულისხმობს ფიზიკური პირის გათავისუფლებას ადმინისტრაციული სახდელისა − ჯარიმისა და შესაბამისი საურავის აღუსრულებელი ნაწილისგან.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული საკანონმდებლო აქტით ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების ორი სავალდებულო პირობა დადგინდა, კერძოდ, ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ჩადენილი უნდა იყოს 2019 წლის 15 იანვრამდე და ამავდროულად, დადგენილება ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ ამ კანონის ამოქმედებამდე არ უნდა იყოს აღსრულებული. საყურადღებოა, რომ მითითებული კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტი ითვალისწინებს, ადმინისტრაციული სახდელისაგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და რომლის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი 100 001 ქულაზე ნაკლებია. ამასთან, კანონმდებელი არ ზღუდავს მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სოციალურად დაუცველი პირის ადმინისტრაციული სახდელისაგან (ჯარიმისა და საურავისგან) გათავისუფლებას მას შემდეგ, როდესაც მის მიმართ გამოცემულია დადგენილება ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ (მაგალითად, შედარებისთვის, ამავე მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული სახდელისაგან თავისუფლდება ასაკით პენსიონერი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მან საპენსიო ასაკს მიაღწია ამ კანონის ამოქმედების დროისთვის). ამ მიმართებით მნიშვნელოვანია მხოლოდ ის ფაქტი, რომ ეს დადგენილება არ უნდა იყოს აღსრულებული. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ სანქციის შეფარდების დრო მოიცავს არამხოლოდ ორგანოს მიერ მისი გამოყენების მომენტს, არამედ აგრეთვე ზემდგომი ორგანოების ან სასამართლოს მიერ სანქციის გამოყენების კანონიერების შემოწმების პერიოდს. ამდენად, ზემომითითებული საკანონმდებლო ნორმა მოიცავს ისეთ შემთხვევებსაც, როდესაც პირი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში დარეგისტრირდა, მის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების დაწყების შემდეგ.

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილია ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან, რომლის თანახმად, ს. მ-ის ოჯახს 2021 წლის 10 მარტს მიენიჭა სარეიტინგო ქულა 50222 და შესაბამისად, დარეგისტრირდა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზაში. 2021 წლის 1 მაისს და 1 ივნისს ოჯახმა მიიღო საარსებო შემწეობა 300 ლარის ოდენობით, ხოლო 1 ივლისს - 400 ლარი. ამდენად, საქმის მასალებით უტყუარად დასტურდება, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2021 წლის 18 მაისის №000875 დადგენილების გამოცემამდე, ს. მ-ის ოჯახი რეგისტრირებული იყო სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და ოჯახის სარეიტინგო ქულა იყო 100 001 ქულაზე ნაკლები. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, განსახილველ შემთხვევაში, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს სადავო მშენებლობის განხორციელების დროის დადგენა, ვინაიდან, თუ ადმინისტრაციული წარმოების დროს დადგინდება, რომ ს. მ-ის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ჩადენილია 2019 წლის 15 იანვრამდე, ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა იმსჯელოს ს. მ-ის მიმართ „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ 2019 წლის 18 სექტემბრის საქართველოს კანონის (დოკუმენტის ნომერი 4964-Iს) გავრცელების საკითხზე.

განსახილველ შემთხვევაში, როგორც ზემოთ აღინიშნა, მოსარჩელე არ ეთანხმება მის მიმართ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და განმარტავს, რომ კაპიტალური შენობა-ნაგებობა შეიძინა 2012 წელს, ხოლო 2015 წელს განახორციელა სამშენებლო სამუშაოები. არსებულ შენობა-ნაგებობაზე მიამატა ფართი და ააშენა კაპიტალური შენობა-ნაგებობა, სადაც თავად ცხოვრობს. მოსარჩელის აღნიშნულ განმარტებასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს საქმეში წარმოდგენილ საჯარო რეესტრის ამონაწერზე, რომლის თანახმად, 2017 წლის 24 ივლისის მდგომარეობით უძრავი ნივთი მდებარე ქალაქი თბილისი, ... ქუჩა №13ა, საკადასტრო კოდით №... (ნაკვეთის წინა ნომერი ...), დაზუსტებული ფართობი 107 კვ. მეტრი, შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი №1, №2, №3, საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ს. მ-ის სახელზე. აღნიშნული მტკიცებულებით, ირკვევა, რომ ჯერ კიდევ 2017 წლის მდგომარეობთ ს. მ-ის სახელზე რეგისტრირებულია სამი შენობა-ნაგებობა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება, უპირველეს ყოვლისა, არის სამშენებლო სამართალდარღვევის გამოსწორების მიზნით ჩატარებული საქმის წარმოება, რა დროსაც კანონმდებლობა თითოეული სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის დაკისრებამდე საჭიროდ მიიჩნევს შესაბამისი პროცედურების დაცვას. ამ დროს დამრღვევს ეძლევა დარღვევის გამოსწორებისა და პასუხისმგებლობის თავიდან არიდების შესაძლებლობა. ადმინისტრაციული სახდელის გამოყენების მთავარ მიზანს წარმოადგენს არა სუბიექტის დასჯა, არამედ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენით გამოწვეული უარყოფითი შედეგების აღმოფხვრა/გამოსწორება, პრევენციული და აღმზრდელობითი ღონისძიებების განხორციელება, რათა შემდგომში თავიდან იქნეს აცილებული მსგავსი გადაცდომა.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამშენებლო წესრიგის სამართლის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია უნებართვო მშენებლობის აკრძალვა, როგორც საფრთხის თავიდან აცილების მნიშვნელოვანი პრევენციული ღონისძიება. მშენებლობის აკრძალვის საფუძველი - უნებართვო მშენებლობა ფორმალურად სახეზეა, როდესაც ის ხორციელდება სამშენებლო ნებართვის ან (გარკვეული კატეგორიის შენობისათვის) შეტყობინების გარეშე. ამდენად, უნებართვო მშენებლობა იმთავითვე არის სამართალდარღვევა. ის გარემოება, რომ მოქმედი კანონმდებლობა სანქციის გამოყენებამდე აძლევს პირს შესაძლებლობას, გამოასწოროს სამართალდარღვევა და აიცდინოს მის მიმართ სანქციის გამოყენება, არ ადასტურებს პირის უფლებას, აწარმოოს მშენებლობა ნებართვის გარეშე. სამშენებლო სფეროში სამართალდარღვევა მყისიერად არ იწვევს სანქციის დაკისრებას. კანონმდებლობა დამრღვევის მიმართ სანქციის გამოყენებამდე ითვალისწინებს მითითების გამოცემას, რომლითაც პირს განესაზღვრება ვადა დარღვევის გამოსასწორებლად, რაც არ ადასტურებს ნებართვის გარეშე მშენებლობის დაწყების დასაშვებობას. სამშენებლო საქმიანობა ექვემდებარება ნებართვის მოპოვების ვალდებულებას, რაც აძლევს მშენებლობაზე ზედამხედველობის განმახორციელებელ ორგანოს შესაძლებლობას, გადაამოწმოს მშენებლობის კანონმდებლობასთან შესაბამისობა. მშენებლობის ნებართვის მოპოვების ვალდებულება გამოიხატება მშენებლობის სფეროში დადგენილი საქმიანობის პრევენციული აკრძალვით.

განსახილველ შემთხვევაში, როგორც ზემოთ აღინიშნა, საქმის მასალებით ირკვევა, რომ 2017 წლის 24 ივლისის მდგომარეობით უძრავი ნივთი მდებარე ქალაქი თბილისი, ... ქუჩა №13ა, საკადასტრო კოდით №... (ნაკვეთის წინა ნომერი ...), დაზუსტებული ფართობი 107 კვ. მეტრი, შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი №1, №2, №3, საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ს. მ-ის სახელზე. 2026 წლის 26 მარტს მომზადებული საჯარო რეესტრის ამონაწერის შესაბამისად (სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე არსებული საჯარო ინფორმაციის მიხედვით), №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე დაზუსტებულია შენობა-ნაგებობის კონკრეტული ფართობი, კერძოდ, №1 არასაცხოვრებელი (სათავსი) ფართით 21 კვ. მეტრი; №2 არასაცხოვრებელი (სათავსი) ფართით 61 კვ. მეტრი; №3 არასაცხოვრებელი (სათავსი) ფართით 62 კვ. მეტრი. შესაბამისად, დგინდება, რომ საკუთრების უფლება შენობა-ნაგებობაზე რეგისტრირებული იყო მოსარჩელის მიმართ მითითების შედგენის და მისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების მომენტისათვის. აღნიშნული საკუთრების უფლება ძალაშია და სადავოდ არ არის გამხდარი.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი განამტკიცებს საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლებას. საკუთრების უფლება ბუნებითი უფლებაა, რომლის გარეშე შეუძლებელია დემოკრატიული საზოგადოების არსებობა. საქართველოს კონსტიტუციის ზემოხსენებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. ამასთან აღსანიშნავია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულებით „აღიარებულია საკუთრების ინსტიტუტის, როგორც დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთ საფუძვლად არსებული ღირებულების კონსტიტუციური მნიშვნელობა, რომელიც ინდივიდის პიროვნული თავისუფლებისა და ინდივიდუალური თვითრეალიზების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კომპონენტს წარმოადგენს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 29 დეკემბრის №3/7/679 გადაწყვეტილება საქმეზე შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-13). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მითითებით, „საკუთრების უფლება ადამიანის არა მარტო არსებობის ელემენტარული საფუძველია, არამედ უზრუნველყოფს მის თავისუფლებას, მისი უნარისა და შესაძლებლობების ადეკვატურ რეალიზაციას, ცხოვრების საკუთარი პასუხისმგებლობით წარმართვას. ყოველივე ეს კანონზომიერად განაპირობებს ინდივიდის კერძო ინიციატივებს ეკონომიკურ სფეროში, რაც ხელს უწყობს ეკონომიკური ურთიერთობების, თავისუფალი მეწარმეობის, საბაზრო ეკონომიკის განვითარებას, ნორმალურ, სტაბილურ სამოქალაქო ბრუნვას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 2 ივლისის №1/2/384 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – დავით ჯიმშელეიშვილი, ტარიელ გვეტაძე და ნელი დალალიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5).

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „იმისათვის, რომ პირმა შეძლოს საკუთრების უფლებით პრაქტიკული სარგებლობა, არ არის საკმარისი მისთვის აბსტრაქტული საკუთრებითი გარანტიის მინიჭება. მან ასევე უნდა ისარგებლოს იმგვარი სამოქალაქო, კერძოსამართლებრივი წესრიგით, რომელიც შესაძლებელს გახდის საკუთრების უფლებით შეუფერხებელ სარგებლობას და, შესაბამისად, სამოქალაქო ბრუნვის განვითარებას. საკუთრების კონსტიტუციურ-სამართლებრივი გარანტია მოიცავს ისეთი საკანონმდებლო ბაზის შექმნის ვალდებულებას, რომელიც უზრუნველყოფს საკუთრებითი უფლების პრაქტიკულ რეალიზებას და შესაძლებელს გახდის საკუთრების შეძენის გზით ქონების დაგროვებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-33).

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცულ საკუთრების უფლების განხილვისას, უპირველეს ყოვლისა აღსანიშნავია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის შესაბამისად, ზემოაღნიშნულ კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლი შედგება სამი განცალკევებული წესისგან. დიდი პალატის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების თანახმად (საქმეზე - “იატრიდისი საბერძნეთის წინააღმდეგ”) ისინი განმარტებულია შემდეგნაირად: „პირველი წესი, რომელიც პირველი პარაგრაფის პირველ წინადადებაშია ჩამოყალიბებული, ზოგადი ხასიათისაა და აყალიბებს საკუთრებით მშვიდობიანი სარგებლობის პრინციპს. მეორე წესი, რომელიც პირველი პარაგრაფის მეორე წინადადებაშია მოცემული, ეხება მხოლოდ საკუთრების ჩამორთმევას და უქვემდებარებს მას კონკრეტულ პირობებს. მესამე წესი, რომელზეც მეორე პარაგრაფი მიუთითებს, აღიარებს, რომ ხელშემკვრელი სახელმწიფოები უფლებამოსილები არიან, inter alia, საჯარო ინტერესის შესაბამისად განახორციელონ საკუთრების გამოყენების კონტროლი“ (Iatridis v. Greece, no. 31107/96, §55). იმისათვის, რომ საკუთრების უფლებაში ნებისმიერი ფორმით ჩარევა, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის დარღვევის დადგენის საფუძვლად არ მიიჩნიოს, საჭიროა მოცემული ჩარევა პირველ რიგში იცავდეს კანონიერების პრინციპს (Iatridis v. Greece, no. 31107/96, §58). კანონიერების პრინციპი ზემოაღნიშნული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი მოთხოვნაა. ამაზე მეტყველებს ასევე დიდი პალატის გადაწყვეტილება - „ბელანე ნაგი უნგრეთის წინააღმდეგ” (Béláné Nagy v. Hungary, no. 53080/13), რომელშიც ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ ხსენებულ უფლებაში ნებისმიერ ჩარევა მოცემულ მოთხოვნას აუცილებლად უნდა აკმაყოფილებდეს.

საკასაციო სასამართლო, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ შენობა-ნაგებობის დემონტაჟის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით მიუთითებს, რომ საკუთრების უფლების შეზღუდვის საზომი პროპორციულობის პრინციპია, რომლის თანახმად რეგულირება უნდა წარმოადგენდეს ღირებული, ლეგიტიმური მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას, ამასთანავე, უფლების შეზღუდვის ინტენსივობა მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციული, მისი თანაზომიერი უნდა იყოს. დაუშვებელია ლეგიტიმური მიზნის მიღწევა უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე, შეზღუდვა უნდა იყოს კანონით პირდაპირ გათვალისწინებული, უნდა ემსახურებოდეს ლეგიტიმურ მიზანს - აუცილებელ საზოგადოებრივ საჭიროებას და უნდა იყოს პროპორციული. ლეგიტიმური მიზნის არსებობა თავისთავად არ ნიშნავს, რომ უფლებაში ჩარევა გამართლებულია. საჯარო და კერძო ინტერესების ბალანსის დაცვის შემოწმების ერთ-ერთი ეტაპი არის აუცილებლობა. მმართველობითი ღონისძიება აუცილებელია მაშინ, როდესაც არ არსებობს მიზნის მიღწევის სხვა ისეთი საშუალება, რომელიც უფრო ნაკლებ ზიანს მიაყენებს კერძო ინტერესს (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ 2021 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილება, საქმე №ბს-1112(კ-18)) .

„შენობის დემონტაჟის, როგორც სამშენებლო წესრიგის დაცვის ინსტრუმენტის, გამოყენების საფუძველი შეიძლება გახდეს ფორმალურად და მატერიალურად უკანონო მშენებლობა... ფორმალურად და მატერიალურად არალეგალური შენობა-ნაგებობა წინააღმდეგობაში მოდის საჯარო-სამართლებრივ სამშენებლო წესრიგთან და ქმნის შენობის დემონტაჟის შესახებ გადაწყვეტილების მიღების საფუძველს. ამასთან, მართლწესრიგის დაცვის ღონისძიების შერჩევა უნდა მოხდეს თანაზომიერების პრინციპის საფუძველზე. თითოეული შემზღუდავი ხასიათის ღონისძიება უნდა იყოს თანაზომიერი, რაც კრძალავს მმართველობითი ღონისძიების ადრესატის შეუსაბამო შეზღუდვას. თანაზომიერების პრინციპის საფუძველზე მოწმდება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოყენებულ საშუალებასა და მისაღწევ მიზანს შორის არსებული დამოკიდებულება“ (სუსგ №ბს-160(კ-19), 29.12.2021).

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თუ უტყუარად დადგინდება ს. მ-ის მიერ სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სათანადო შეფასება უნდა მიეცეს დემონტაჟის დავალების ნაწილში შენობა-ნაგებობის მოსარჩელის სახელზე საჯარო რეესტრში რეგისტრაციის ფაქტს და უნდა დადგინდეს მოსარჩელისათვის დემონტაჟის დავალება ემსახურება თუ არა შესაბამის ლეგიტიმურ მიზნებს, წარმოადგენს თუ არა აღნიშნული მოსარჩელის უფლებაში პროპორციულ ჩარევას. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოპასუხის მიერ გამოკვლევას საჭიროებს საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები, საკასაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას არსებითად შეაფასოს სადავო საკითხი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96.1 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასების და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დაუშვებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.2. მუხლის თანახმად, სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შემოწმებისას აქტის გამომცემმა ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს მიღებული გადაწყვეტილების მართლზომიერების დამტკიცება სასამართლოს წინაშე, ვინაიდან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1. მუხლის მიხედვით ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება, რაც გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს (თანამდებობის პირის) ვალდებულებას და სამართლებრივ პასუხისმგებლობას აქტის კანონიერებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.2. მუხლი სადავო აქტის კანონიერების მტკიცების ტვირთს აკისრებს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს და ავალდებულებს დაამტკიცოს, რომ მან უზრუნველყო მის მიერ გამოცემული გადაწყვეტილების კანონის საფუძველზე და მის შესაბამისად მომზადება, მიღება, გამოცემა (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებები ბს-626-596(კ-07); №ბს-1236(კ-18)).

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს ძირითად პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ეს უმნიშვნელოვანესი იმპერატიული ხასიათის დანაწესი ემსახურება საჯარო მმართველობის კანონიერების პრინციპს, რამდენადაც ყოველი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს განსახილველი საკითხის გარემოებებისა და ფაქტების ობიექტურ შესწავლა-გამოკვლევას, რომლის შეფასებიდან უნდა გამომდინარეობდეს საკითხის გადასაწყვეტად ჩამოყალიბებული დასკვნა. ამ ვალდებულების შესრულება ემსახურება ადმინისტრაციული ორგანოს ასევე უმნიშვნელოვანეს - მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულებას - ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა ახსნას, განმარტოს, დაასაბუთოს, თუ რატომ რა ფაქტებზე დაყრდნობით მიიღო ამგვარი გადაწყვეტილება. გარდა აღნიშნულისა, გადაწყვეტილების დასაბუთება აუცილებელია ადრესატისათვის, რათა შეაფასოს მისი მართლზომიერება, დარწმუნდეს მის კანონშესაბამისობაში, ხოლო უფლების დარღვევის განცდის შემთხვევაში ისარგებლოს გასაჩივრების შესაძლებლობით, მას უნდა შეეძლოს იცოდეს რა არგუმენტებით უნდა დაუპირისპირდეს მიღებულ გადაწყვეტილებას, რასაც დასაბუთების გარეშე გადაწყვეტილების მიღების პირობებში, მოკლებულია. აგრეთვე, დასაბუთებული აქტის გამოცემა აადვილებს საჩივრის ან სარჩელის განმხილველი ორგანოების მიერ მისი კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების პროცესს. კანონმდებელი იმდენად არსებით და აქტის კანონიერების განმსაზღვრელ ფუნქციას ანიჭებს საქმის გარემოებათა გამოკვლევას, რომ იმპერატიულად კრძალავს, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაუდოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 18 თებერვლის №ბს-463-451(კ-13) გადაწყვეტილება; 2020 წლის 17 სექტემბრის №ბს-974(2კ-19) განჩინება).

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, უფლებამოსილია, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად ცნოს იგი და ადმინისტრაციულ ორგანოს დაავალოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. აღნიშნული დანაწესის გამოყენების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს სასამართლოს მხრიდან საქმის გარემოებების გამოკვლევისა და სადავო საკითხის არსებითად გადაწყვეტის შეუძლებლობა. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს იმ შემთხვევაში, როცა სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება. მათი დადგენა მხოლოდ ადმინისტრაციულ ორგანოს შეუძლია მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილებიდან გამომდინარე ან აღნიშნული საკითხი მის დისკრეციას განეკუთვნება. შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სასამართლოს მიერ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შეფასება (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 13 დეკემბრის №ბს-681-681(კ-18) გადაწყვეტილება).

მოცემულ შემთხვევაში, ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების გათვალისწინებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს სათანადოდ არ გამოუკვლევია სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის დრო ან/და მისი დადგენის შეუძლებლობა, არ შეუფასებია, რამდენად არის შესაძლებელი მოსარჩელის მიმართ გავრცელდეს „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ 2019 წლის 18 სექტემბრის საქართველოს კანონი (დოკუმენტის ნომერი 4964-Iს). დემონტაჟის დავალების თაობაზე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სათანადო შეფასება არ მისცემია შენობა-ნაგებობის მოსარჩელის სახელზე საჯარო რეესტრში რეგისტრაციის ფაქტს, შესაბამისად, არ არის დადგენილი მოსარჩელისათვის დემონტაჟის დავალება ემსახურებოდა თუ არა შესაბამის ლეგიტიმურ მიზნებს და წარმოადგენდა თუ არა აღნიშნული მოსარჩელის უფლებაში პროპორციულ ჩარევას. დასახელებული გარემოებების დამტკიცება კი, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენდა, რამეთუ ,,ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენასთან დაკავშირებული პროცედურის სრულყოფილად ჩატარების ვალდებულება, ერთი მხრივ, საჯარო წესრიგის, ხოლო, მეორე მხრივ, კერძო პირის უფლების დაცვის მიზანს უნდა ემსახურებოდეს. სამშენებლო სამართალდარღვევის გამოვლენაზე უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს კანონისმიერი ვალდებულებიდან გამომდინარეობს ქმედების სწორი კვალიფიკაცია, რაც შესაძლებელია მხოლოდ შესაბამისი ფაქტების გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე. ადმინისტრაციულმა ორგანომ უტყუარად უნდა დაადასტუროს იმ გარემოებათა არსებობა, რომელთაც განაპირობეს კონკრეტული სამართალდარღვევის ჩადენა. ამასთან სავარაუდო სამართალდარღვევა, თავისი შინაარსით, სრულად უნდა შეესაბამებოდეს კანონით ასეთად მიჩნეული ქმედების ნიშნებს. შეფარდებული მუხლის საფუძველზე პირის სანქცირებისათვის, პირველ რიგში, მტკიცებულებათა ერთობლიობით უნდა დადასტურდეს ფაქტის არსებობა, ხოლო შემდგომ - სავარაუდო სამართალდამრღვევის კავშირი ფაქტთან (სუსგ №ბს-53(კ-20), 23.07.2020წ.). ამდენად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოპასუხის მიერ გამოკვლევას საჭიროებს საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები, საკასაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას არსებითად შეაფასოს სადავო საკითხი.

შესაბამისად, სახეზეა სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2021 წლის 18 მაისის №000875 დადგენილების ბათილად ცნობისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურ ინსპექციისათვის, კანონით დადგენილ ვადაში, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლოს მიერ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2021 წლის 18 მაისის №000875 დადგენილება, ასევე სახეზეა გასაჩივრებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 7 ივლისის №959 ბრძანების კანონშეუსაბამობა, რის გამოც იგი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 19 დეკემბრის განჩინება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 19 დეკემბრის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. მაკარიძე

გ. მიქაუტაძე

გ. უბილავა