დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ბს-144(კ-26)
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
30 ივნისი, 2026 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გიზო უბილავა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - სს „ე...“ (სს „ს...-ის“, შპს ,,მ...-ს“ უფლებამონაცვლე)
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.02.2023 წლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს ,,მ...-მ“ 30.10.2018 წელს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა: „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 27.04.2018 წლის №04/24186 გადაწყვეტილების, 24.05.2018 წლის №04/30816 გადაწყვეტილების, 24.05.2018 წლის №04/30812 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, აგრეთვე შპს ,,მ...-ს’’ 21.05.2018 წლის №681/02 ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე (გარდა შესრულებულად აღიარებული მომსახურების ანაზღაურებისა და პაციენტების - მ.კ-ის, ბ.გ-ის და გ.ტ-ის შემთხვევების შესაბამისი ნაწილის ანაზღაურებაზე უარისა) სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 02.10.2018 წლის №04/52334 გადაწყვეტილების, შპს ,,მ...-ს’’ 06.06.2018 წლის №792/02 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 02.10.2018 წლის №04/52335 გადაწყვეტილების, შპს ,,მ...-ს’’ 06.06.2018 წლის №813/02 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 02.10.2018 წლის №04/52336 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ახალი გადაწყვეტილების მიღების მოპასუხისათვის დავალდებულება, რომლითაც დასახელებული გადაწყვეტილებებით განსაზღვრული ყველა პაციენტის სამედიცინო მომსახურება დაფინანსდება სრულად (გარდა პაციენტ გ.ტ-ის შემთხვევისა, რომელიც ფინანსდება ნაწილობრივ და პაციენტების-მ.კ-ის, ბ.გ-ის შემთხვევებისა, რომლებიც არ გასაჩივრდა).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 11.01.2019 წლის განჩინებით მოსარჩელე შპს ,,მ...-ს“ უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სს „ს...-ი“.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.01.2019 წლის გადაწყვეტილებით სს „ს...-ის“ (შპს ,,მ...-ს“ უფლებამონაცვლე) სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 27.04.2018 წლის №04/24186 გადაწყვეტილება, 24.05.2018 წლის №04/30816 გადაწყვეტილება, 24.05.2018 წლის №04/30812 გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება პაციენტების - დ.ქ-ის, რ.ი-ის, გ.გ-ის, ნ.ი-ის, კ.ა-ის, დ.მ-ის, ნ.გ-ის, ლ.გ-ას, ნ.ა-ის, ნ.კ-ის, ა.ლ-ის, თ.კ-ის, ა.კ-ის, დ.ე-ის, ბ.ბ-ის, ს.მ-ის, ლ.მ-ის, ბ.შ-ას სამედიცინო მომსახურების სრულად დაფინანსების თაობაზე. ბათილად იქნა აგრეთვე ცნობილი შპს ,,მ...-ს’’ 21.05.2018 წლის №681/02 ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 02.10.2018 წლის №04/52334 გადაწყვეტილება, შპს ,,მ...-ს’’ 06.06.2018 წლის №792/02 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 02.10.2018 წლის №04/52335 გადაწყვეტილება და შპს ,,მ...-ს’’ 06.06.2018 წლის №813/02 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 02.10.2018 წლის №04/52336 გადაწყვეტილება (გარდა შესრულებულად აღიარებული მომსახურების ანაზღაურებისა). მოპასუხეს - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, მოსარჩელე - სს ,,ს...-ის’’ (შპს ,,მ...-ს’’ უფლებამონაცვლე) სასარგებლოდ დაეკისრა 638,25 (ექვსას ოცდათვრამეტი ლარი და ოცდახუთი თეთრი) ლარის გადახდა, ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.11.2019 წლის განჩინებით სს „ს...-ის“ უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სს „ე...“.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.01.2023 წლის სხდომის ოქმით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.02.2023 წლის განჩინებით სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შეიცვალა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.01.2019 წლის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტი და მოპასუხე სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს მოსარჩელე სს „ე...ს“ სასარგებლოდ დაეკისრა 638,25 (ექვსას ოცდათვრამეტი ლარი და ოცდახუთი თეთრი) ლარის გადახდა, ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ პაციენტები: დ.ქ-ე, რ.ი-ი, გ.გ-ი, ნ.ი-ი, კ.ა-ე, დ.მ-ი, ნ.გ-ი, ლ.გ-ა, ნ.ა-ი, ნ.კ-ი, ა.ლ-ე, თ.კ-ი, ა.კ-ი, დ.ე-ი, ბ.ბ-ი, ს.ბ-ი, ბ.შ-ა წარმოადგენდნენ ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 21.02.2013 წლის 36-ე დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის დანართი №1.3-ის მე-2 პუნქტით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების პირობებით მოსარგებლე პირებს, ხოლო პაციენტი ლ.მ-ე - წარმოადგენდა „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 36-ე დადგენილებით დამტკიცებული საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის დანართი №1.3-ის პირველი პუნქტით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების პირობებით მოსარგებლეს.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტი ადმინისტრაციული ორგანოს მითითება პაციენტ დ.ქ-ის რეჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებით და ყურადღება გაამახვილა სამინისტროს ელექტრონულ ვებ-გვერდზე სამედიცინო შემთხვევების რეგისტრაციის მოდულში ასახულ ინფორმაციაზე, სადაც აღნიშნული არ იყო, რომ პაციენტ დ.ქ-ესთან მიმართებით დაფიქსირდა რეჰოსპიტალიზაცია. გადმოცემულ შეტყობინებაში, „პაციენტის დაწესებულებაში მისვლის ფორმაში“ მითითებული იყო: „გადმოყვანილია შპს „ა...-დან“ და დაფიქსირებული იყო წინა კლინიკის მიერ პაციენტზე გახარჯული თანხა - 1919 ლარი, ამასთან, პაციენტი შპს ,,მ...-ში’’ გადმოყვანილ იქნა კატასტროფის მიერ. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პაციენტ დ.ქ-ის სამედიცინო შემთხვევა ექვემდებარებოდა სრულად ანაზღაურებას.
სააპელაციო პალატა არ დაეთანხმა აპელანტი ადმინისტრაციული ორგანოს პოზიციას იმის შესახებ, რომ სამედიცინო დაწესებულების მიერ პაციენტ რ.ი-ისათვის გაწეული მომსახურება განხილული უნდა ყოფილიყო გეგმიურ თერაპიად და არა სტაციონარული სამედიცინო მომსახურების გაწევად. პალატამ პაციენტ რ.ი-ის სამედიცინო შემთხვევასთან მიმართებით მიუთითა ა...-ის პრეზიდენტის 2018 წლის 24 და 27 დეკემბრის წერილებზე და აღნიშნა, რომ გადაუდებელი სტაციონარული სამედიცინო მომსახურება არის სწორედ სამკურნალო და დიაგნოსტიკურ ღონისძიებათა ერთობლიობა, რომლის გარეშეც შეუძლებელია პაციენტის მდგომარეობის შეფასება/დიაგნოზის გამოტანა და შესაფერისი მკურნალობა.
პაციენტ გ.გ-სთან დაკავშირებით სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაცია ადასტურებდა პაციენტის გადაუდებელი მდგომარეობის არსებობასა და ჰოსპიტალიზაციის აუცილებლობას. სამედიცინო ბარათში არსებული მონაცემებით დასტურდებოდა პაციენტის გადაუდებელი მდგომარეობის არსებობა. სამინისტროს ელექტრონულ მოდულში შემთხვევა ფიქსირდებოდა გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების კომპონენტით, დიაგნოზით - ნეკროზული ვასკულოპათია M31.9, კოდით - ..., რაც სრულად ემთხვეოდა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და აკმაყოფილებდა პროგრამით განსაზღვრულ პირობებს.
პაციენტ ნ.ი-ის შემთხვევასთან დაკავშირებით სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმა განპირობებული იყო იმით, რომ თითქოს ადგილი ჰქონდა ერთ უწყვეტ გადაუდებელ სტაციონარულ მომსახურებას, ვინაიდან 20.12.2017 წელს ნ.ი-ისათვის ჩატარებულმა მკურნალობამ არ გამოიღო შედეგი და 23.12.2017 წელს საჭირო გახდა იმავე კლინიკაში რეჰოსპიტალიზაცია. სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს მთავრობის 36-ე დადგენილების, დანართი №1-ის, 22-ე მუხლის, მე-11 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, არასწორად (არაჯეროვნად/არასრულად) ჩატარებული მკურნალობა, რომლის შედეგად გართულდა შემთხვევა ან რომელმაც განაპირობა რეჰოსპიტალიზაცია, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში არ ანაზღაურდება. ამასთან, არასწორად (არაჯეროვნად/არასრულად) ჩატარებული მკურნალობის შედეგად გართულებული პაციენტის იმავე დაწესებულებაში იგივე დიაგნოზით ან მისი გართულებით 30 კალენდარული დღის განმავლობაში დამდგარი რეჰოსპიტალიზაციის შემთხვევა, ასევე მკურნალობის პირველი ეპიზოდი, როდესაც განხორციელდა არასწორად (არაჯეროვნად/არასრულად) ჩატარებული მკურნალობა, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში არ ანაზღაურდება. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა საქმეში მტკიცებულების სახით წარმოდგენილ მედიცინის დოქტორის, პედიატრთა და ნეონატოლოგთა კავშირის - ,,...ას“ თავმჯდომარის, ნ.ყ-ის 07.12.2018 წლის წერილზე, რომლის თანახმად, 20.12.2017 წელს ნ.ი-ისათვის ჩატარებული მკურნალობის ფონზე მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა, რის გამოც გაეწერა ბინაზე სათანადო რეკომენდაციით და მკურნალობის გეგმით. იმ ეტაპისთვის მდგომარეობა იყო დამაკმაყოფილებელი, პაციენტი არ საჭიროებდა ჰოსპიტალურ მეთვალყურეობას, შესაბამისად, სტაციონარში შემდგომი დაყოვნების კრიტერიუმები არ იყო სახეზე. ამდენად, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოპასუხის განმარტება იმის თაობაზე, რომ აღნიშნული ორი შემთხვევა წარმოადგენდა ერთ უწყვეტ გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების შემთხვევას.
პაციენტ კ.ა-ის სამედიცინო შემთხვევასთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა არ დაეთანხმა აპელანტის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ დიაგნოზი SUR3593606-/-N35.9 - შარდსადენის შევიწროება იდენტური იყო საქართველოს მთავრობის 36-ე დადგენილების დანართი №1-ში მითითებული კოდისა - ICD10- R33-/-შარდის შეკავება, NCSP-/-KCSJ00-/-ცისტოსტომა-/-6120000028 / და ამ კოდირებით უნდა მომხდარიყო ჩატარებული ოპერაციის დაფინანსების მოთხოვნა. პალატამ მიუთითა, რომ ნეონატოლოგიურ პერიოდში დაწყებული შემთხვევის ფარგლებში პაციენტის დიაგნოზის კოდირება ხორციელდება NEO კოდებით. დიაგნოზის - N35.9 - შარდსადენის შევიწროება, დაუზუსტებელი, KCSJ00 - ცისტოსტომა, განფასება ვებ-გვერდზე - www....განხორციელდა დადგენილ ვადებში, შემდგომი გენერირება კი არ მომხდარა პაციენტის გაწერიდან 3 საანგარიშგებო თვის განმავლობაში. ამასთან, შეტყობინების „კომენტარის“ ველში ფიქსირდებოდა ჩანაწერის უნიკალური კოდი (3032913), რის საფუძველზეც უნდა ანაზღაურებულიყო ჩატარებული ოპერაციის სრული თანხა, დადგენილი ლიმიტის შესაბამისად.
სააპელაციო პალატამ, პაციენტების: დ.მ-ის, ნ.გ-ის, ლ.გ-ას, ნ.ა-ის, ნ.კ-ის, ა.ლ-ის, თ.კ-ის, ა.კ-ის, დ.ე-ის, ბ.ბ-ის, ს.ბ-ის სამედიცინო შემთხვევებთან დაკავშირებით მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევებში ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი გახდა კოდის არასწორად დაფიქსირება. „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 21.02.2013 წლის №36 დადგენილების დანართი №1-ის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევა, როდესაც ადგილი აქვს მიმწოდებლის მიერ შეტყობინების სისტემაში ერთი მკურნალობის ეპიზოდის/შემთხვევის ფარგლებში დაფიქსირებული რამდენიმე პროგრამული შემთხვევიდან რომელიმე პროგრამული შემთხვევ(ებ)ის შესახებ ინფორმაციის, მათ შორის, შესაბამისი კოდ(ებ)ის არასწორად დაფიქსირებას. ასეთ შემთხვევაში, არ ანაზღაურდება არასწორად დაფიქსირებული პროგრამული შემთხვევა/შემთხვევები და მასთან ერთად, არ ანაზღაურდება ამ მკურნალობის ეპიზოდის/შემთხვევის ასანაზღაურებელი თანხის 10%. სააპელაციო პალატამ საქართველოს მთავრობის 36-ე დადგენილების 22-ე მუხლის მე-5 პუნქტსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 18.08.2018 წლის №04-241/ო ბრძანებით დამტკიცებულ „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ადმინისტრირების წესზე“ მითითებით აღნიშნა, რომ მიმწოდებელი უფლებამოსილია, შემთხვევის ფარგლებში დააფიქსიროს რამდენიმე პროგრამული შემთხვევა, რაც სავსებით სწორია და არ შეიძლება წარმოადგენდეს ანაზღაურებაზე უარის საფუძველს.
პაციენტ ლ.მ-ის სამედიცინო შემთხვევასთან დაკავშირებით სააპელაციო პალატამ მიუთითა საქმეში მტკიცებულების სახით წარმოდგენილ მედიცინის დოქტორის, პედიატრთა და ნეონატოლოგთა კავშირის - ,,...ას“ თავმჯდომარის, ნ.ყ-ის 07.12.2018 წლის წერილზე, რომლის თანახმად, შპს ,,მ...-ს“ გადაუდებელი დახმარების განყოფილებას პაციენტმა მიმართა 24.12.2017 წელს 11:12 საათზე. ბავშვს აღენიშნებოდა ძლიერი მუცლის ტკივილი, გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში პაციენტს გაეწია პირველადი დახმარება, ვიტალური მაჩვენებლები იყო ნორმის ფარგლებში, განყოფილებაში პაციენტმა დაჰყო 3 საათი და 18 წუთი და გაეწერა ბინაზე. წერილში აღნიშნულია, რომ მკურნალობის შემდეგ არცერთი ,,განგაშის ნიშანი" (რაც გათვალისწინებულია 2014 წლის ეროვნული პროტოკოლით ,,მუცლის მწვავე და ქრონიკული ტკივილის მართვა ბავშვთა ასაკში") არ იყო გამოხატული, რომლის დროსაც საჭიროა ან ჰოსპიტალიზაცია ან კვლევების გაღრმავება. 25.12.17 წელს 00:23 საათზე პაციენტმა კვლავ მიმართა გადაუდებელი დახმარების განყოფილებას, რის შემდეგაც მოთავსდა სტაციონარში. ამდენად, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტი ადმინისტრაციული ორგანოს მითითება იმის შესახებ, რომ პაციენტ ლ.მ-ესთან მიმართებით, შპს ,,მ...-ში“ ჩატარებულმა მკურნალობამ არ გამოიღო შედეგი და საჭირო გახდა რეჰოსპიტალიზაცია.
სააპელაციო პალატამ ასევე არ გაიზიარა აპელანტი ადმინისტრაციული ორგანოს მითითება იმის შესახებ, რომ პაციენტ ბ.შ-ასთან მიმართებით შპს ,,მ...-ში“ ჩატარებულმა მკურნალობამ არ გამოიღო შედეგი და საჭირო გახდა რეჰოსპიტალიზაცია, რის უარსაყოფადაც პალატამ მიუთითა საქმეში დაცულ მედიცინის დოქტორის, პედიატრთა და ნეონატოლოგთა კავშირის - ,,...ას“ თავმჯდომარის, ნ.ყ-ის 07.12.2018 წლის წერილში მოყვანილ გარემოებებზე.
სააპელაციო პალატის მოსაზრებით, აპელანტმა სააპელაციო საჩივარში ვერ გააქარწყლა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და გაკეთებული სამართლებრივი დასკვნები, რის გამოც სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილებულიყო. ამასთან, სააპელაციო პალატამ მოპასუხის (აპელანტის) და მოწინააღმდეგე მხარის (მოსარჩელის) უფლებამონაცვლეობის დადგენის პირობებში მიიჩნია, რომ უნდა შეცვლილიყო მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.01.2019 წლის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტი იმ ნაწილში, რომლითაც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაეკისრა მოსარჩელე - სს ,,ს...-ის“ სასარგებლოდ 638,25 (ექვსას ოცდათვრამეტი ლარი და ოცდახუთი თეთრი) ლარის გადახდა, ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.02.2023 წლის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მიერ.
კასატორმა მიუთითა საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნა, რომ პაციენტი დ.ქ-ე (დაბადებული ... ... ... წელს) 16.12.2017 წლის 14:20 საათიდან 19.12.2017 წლის 19:30 საათამდე მკურნალობდა შპს „ა...-ში” გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების კომპონენტით, დიაგნოზით - პნევმონია. პაციენტის გაწერა კლინიკიდან განხორციელდა ხელწერილის საფუძველზე. 19.12.2017 წელს მოხდა მისი რეჰოსპიტალიზაცია შპს „მ...-ში“ გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების კომპონენტით, დიაგნოზით - J18.9 პნევმონია, დაუზუსტებელი. ინსპექტირების ეტაპზე სამედიცინო შემთხვევას განესაზღვრა სტატუსი „არ ექვემდებარება ანაზღაურებას“ 36-ე დადგენილების №1 დანართის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
კასატორის მოსაზრებით, პაციენტი რ.ი-ი (დაბადებული ... ... ... წელს) 25.12.2017 წელს მოათავსეს შპს „მ...-ში" დიაგნოზით -თავის ტკივილის სხვა და დაუზუსტებელი სინდრომები. სამედიცინო ბარათში არსებული მონაცემების თანახმად, ბავშვს ბინაზე აღენიშნა ძლიერი, შეუპოვარი თავის ტკივილი, ტკივილი იყო დიფუზური, არ ემორჩილებოდა ტკივილგამაყუჩებელს, ჰქონდა თავბრუ, ფოტოფობია, აღენიშნა მრავალჯერადი ღებინება, ტკივილი გაგრძელდა დიდხანს და იყო პერმანენტული. პაციენტს ჩაუტარდა ინფუზური თერაპია ფიზიოლოგიური ხსნარით, მოხდა ტკივილის მართვა სიმპტომურად იბუპროფენით. პაციენტი კლინიკიდან გაეწერა 27.12.2017 წელს გაუმჯობესებულ მდგომარეობაში. ინსპექტირების ეტაპზე აღნიშნული შემთხვევა ჩაითვალა გეგმიურ თერაპიად და განესაზღვრა სტატუსი „არ ექვემდებარება ანაზღაურებას” 36-ე დადგენილების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად.
საკასაციო საჩივრის მიხედვით, პაციენტი გ.გ-ი (დაბადებული ... ... ... წელს) 03.12.2017 წელს მოათავსეს შპს „მ...-ში" დიაგნოზით - ნეკროზული ვასკულოპათია, დაუზუსტებელი. ჩატარებული მკურნალობა: ცეტირიზინი, რანიტიდინი, იბუპროფენი. ინსპექტირების ეტაპზე აღნიშნული შემთხვევა ჩაითვალა გეგმიურ თერაპიად და შესაბამისად განესაზღვრა სტატუსი „არ ექვემდებარება ანაზღაურებას” დადგენილების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ე” ქვეპუნქტის თანახმად.
პაციენტი ნ.ი-ი (დაბადებული ... ... ... წელს) 20.12.2017 წელს მოათავსეს შპს ,,მ...-ს’’ აბდომინური და ტრავმატოლოგია-ორთოპედიის დეპარტამენტში. დასკვნა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ან სრული დიაგნოზი: T78.3 ანგიონევროზული შეშუპება. მოკლე ანამნეზი: ავადმყოფმა მიმართა კლინიკას დაავადების დაწყებისთანავე, ზედა სასუნთქი გზების ინფექციის და ოტიტის დიაგნოზით უტარდებოდა თერაპია ექიმის დანიშნულებით, ოტიპაქსის ყურში ჩაწვეთების და ზინატის მიღებიდან დაახლოებით 1 საათში დაეწყო სახის რბილი ქსოვილების შეშუპება - პერიორბიტალური მიდამოდან, რასაც მოყვა ქუთუთოების, ცხვირის, ტუჩების, ლოყების, კისრის წინა ზედაპირის მოპროგრესირე შეშუპება, ჰიპერემია, შეეცვალა ხმის ტემბრი, გაუძნელდა სუნთქვა, ყლაპვა, დედამ ბინაზე მისცა დექსამეტაზონი და სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ შეყვანილ იქნა კლინიკაში. ჩატარებული მკურნალობა: ცეტირიზინი, დექსამეტაზონი, ინჰალაციური თერაპია- NaCl-0.9%, ინფუზური თერაპია- NaCl-0.9%, ჰიპოალერგიული კვების რეჟიმი. პაციენტი სტაციონარიდან გაეწერა 21.12.2017 წელს, თუმცა 23.12.2017 წელს კვლავ მოათავსეს შპს ,,მ...-ს’’ რესპირაციული მედიცინის დეპარტამენტში, დიაგნოზით - მწვავე ბრონქიტი, ბრონქოსპაზმი. ჩატარებული მკურნალობა - ინჰალაციური და ინფუზური თერაპია, იბუპროფენი, ოქსიგენოთერაპია, აუგმენტინი. კასატორი თვლის, რომ 23.12.2017 წელს ადგილი ჰქონდა რეჰოსპიტალიზაციის შემთხვევას, რის გამოც ინსპექტირების ეტაპზე აღნიშნულ სამედიცინო შემთხვევას განესაზღვრა სტატუსი „არ ექვემდებარება ანაზღაურებას“ დადგენილების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ე” ქვეპუნქტის თანახმად.
საკასაციო საჩივრის მიხედვით, პაციენტი კ.ა-ე 2017 წლის დეკემბრის თვის საანგარიშგებო პერიოდში მკურნალობდა შპს ,,მ...-ში’’ გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების კომპონენტით (შემთხვევის №...), დიაგნოზი: INT0045/1-/-Q42.2-/- I დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა, REAN0040N-/-Q42.2-/- II-III დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა, ONC1369690-/-D18.0-D18.0 - ჰემანგიომა, ნებისმიერი ლოკალიზაციის, SUR3593606-/-N35.9 - შარდსადენის შევიწროება, დაუზუსტებელი. კასატორის მოსაზრებით, დიაგნოზი/ჩარევა (SUR3593606) იდენტურია საქართველოს მთავრობის 36-ე დადგენილების, დანართი 1-ში მითითებული კოდის ICD10- R33-/- შარდის შეკავება, NCSP-/-KCSJ00-/-ცისტოსტომა-/-6120000028-/-. საქართველოს მთავრობის 36-ე დადგენილების, დანართი №1-ის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად მიმწოდებელი ვალდებულია შემთხვევის შესახებ შეტყობინება გააკეთოს განმახორციელებლის მიერ განსაზღვრული კოდირების შესაბამისად. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ინსპექტირების ეტაპზე არ ანაზღაურდა SUR3593606 კოდი.
კასატორმა აღნიშნა, რომ დ.მ-ის, ნ.გ-ის, ლ.გ-ას, ნ.ა-ის, ნ.კ-ის, ა.ლ-ის, თ.კ-ის, ა.კ-ის, დ.ე-ის, ბ.ბ-ის, ს.მ-ის სამედიცინო შემთხვევებში ინსპექტირების ეტაპზე არ ანაზღაურდა INT0001 კოდი. ინსპექტირების ეტაპზე მიჩნეულ იქნა, რომ ანაზღაურებას ექვემდებარებოდა ძირითადი ნოზოლოგიური კოდი და შემთხვევა უნდა ანაზღაურებულიყო „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის" მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის პირობების საფუძველზე. კასატორმა მიუთითა, რომ ზემოაღნიშნულ შემთხვევებში პირველი დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლის ხარჯები მოთხოვნილი იყო თერაპიულ კოდთან ერთად.
საკასაციო საჩივრის მიხედვით, პაციენტი ლ.მ-ე (დაბადებული ... ... ... წელს) 24.12.2017 წელს მოათავსეს შპს ,,მ...-ს’’ გადაუდებელი დახმარების, ობსერვაციისა და ტოქსიკოლოგიის დეპარტამენტში. დასკვნა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ან სრული დიაგნოზი: R10.4 სხვა და დაუზუსტებელი ტკივილი მუცლის არეში. მოკლე ანამნეზი: მშობლის გადმოცემით ბავშვს ორი დღის განმავლობაში აღენიშნებოდა მუცლის ტკივილი, რომლის ინტენსივობამ იმატა, რის გამოც მიყვანილ იქნა კლინიკაში. ჩატარებული მკურნალობა: ჰიპერტონული ოყნა, ანტისპაზმური თერაპია. პაციენტი კლინიკიდან გაეწერა იმავე დღეს, ხოლო 25.12.2017 წელს 00:23 საათზე მოხდა პაციენტის რეჰოსპიტალიზაცია იმავე კლინიკაში, სადაც ჩაუტარდა სტაციონარული მომსახურება, დიაგნოზით - მუცლის და მენჯის ტკივილი (ძლიერი ტკივილი, რომელიც საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას). პაციენტი კლინიკიდან გაეწერა 27.12.2017 წელს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე შემთხვევას განესაზღვრა სტატუსი „არ ექვემდებარება ანაზღაურებას” დანართი №1-ის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ე” ქვეპუნქტის თანახმად.
კასატორმა აღნიშნა, რომ პაციენტი ბ.შ-ა (დაბადებული ... ... ... წელს) 26.01.2018 წელს მოათავსეს შპს ,,მ...-ს’’ გადაუდებელი დახმარების, ობსერვაციისა და ტოქსიკოლოგიის დეპარტამენტში. დასკვნა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ან სრული დიაგნოზი: R11 გულისრევა და პირღებინება. მოკლე ანამნეზი: მშობლის გადმოცემით, ბავშვს კლინიკაში მოთავსებამდე 2 საათით ადრე დაეწყო მრავალჯერადი ღებინება, სითხეს და საკვებს არ იღებდა. მშობელი უკავშირებდა საკვებს. წინა დღეს, დაახლოებით 10:00 საათზე ბავშვმა ასევე თავი დაარტყა იატაკს, მაგრამ გონების დაკარგვა და ღებინება იმ დღისით არ ქონია. ჩატარებული მკურნალობა: ინფუზური თერაპია, ორალური რეჰიდრატაცია. პაციენტი გაწერილ იქნა კლინიკიდან 26.01.2018 წლის 05:00 საათზე გაუმჯობესებულ მდგომარეობაში, თუმცა იმავე დღეს 16:03 საათზე ისევ მიმართა სხვა კლინიკას და მიიღო გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება. ინსპექტირების ეტაპზე განესაზღვრა სტატუსი „არ ექვემდებარება ანაზღაურებას“ დანართი №1-ის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ე” ქვეპუნქტის თანახმად.
კასატორმა მიუთითა, რომ სასამართლო გადაწყვეტილების მიღებისას დაეყრდნო პედიატრთა და ნეონატოლოგთა კავშირის - „...ას“ თავმჯდომარის, თსსუ-ის პედიატრიის დეპარტამენტის ნ.ყ-ის 07.12.2018 წლის წერილს, რომლის თანახმად პაციენტებს გაეწიათ ჯეროვანი დახმარება, თუმცა აღნიშნული დავის საგანს არ წარმოადგენდა. კასატორი თვლის, რომ მოცემული დავის ფარგლებში სადავო იყო სამედიცინო დაწესებულების მიერ №36 დადგენილების პირობების დარღვევა და სადავო შემთხვევების შესახებ ინფორმაციის არასწორად მოწოდება. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება იყო დაუსაბუთებელი, სააპელაციო პალატამ არ გაითვალისწინა სააგენტოს პოზიცია, შესაბამისად, არ არსებობდა სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილების წინაპირობები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ევროპის სოციალური ქარტიით უზრუნველყოფილია ჯანმრთელობის დაცვისა და სამედიცინო დახმარების სარგებლობის საყოველთაო უფლება. საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საქართველო არის სოციალური სახელმწიფო. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად კი, სახელმწიფო ზრუნავს ადამიანის ჯანმრთელობისა და სოციალურ დაცვაზე. მოქალაქის უფლება ხელმისაწვდომ და ხარისხიან ჯანმრთელობის დაცვის მომსახურებაზე უზრუნველყოფილია კანონით (კონსტიტუციის 28.1 მუხლი).
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალების მიხედვით, პაციენტები - დ.ქ-ე, რ.ი-ი, გ.გ-ი, ნ.ი-ი, კ.ა-ე, დ.მ-ი, ნ.გ-ი, ლ.გ-ა, ნ.ა-ი, ნ.კ-ი, ა.ლ-ე, თ.კ-ი, ა.კ-ი, დ.ე-ი, ბ.ბ-ი, ს.ბ-ი, ბ.შ-ა წარმოადგენენ ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 21.02.2013 წლის 36-ე დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის დანართი №1.3-ის მე-2 პუნქტით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების პირობებით მოსარგებლე პირებს, ხოლო პაციენტი ლ.მ-ე - წარმოადგენს „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 36-ე დადგენილებით დამტკიცებული საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის დანართი №1.3-ის პირველი პუნქტით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების პირობებით მოსარგებლეს.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 21.02.2013 წლის №36 დადგენილების მე-14 მუხლით განსაზღვრულია საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირების ფარგლები. ინსპექტირების მიზანი წარდგენილი დოკუმენტაციის გამართულობის შემოწმებაა: ა) მოსარგებლის საიდენტიფიკაციო მონაცემების დადარება ფორმა №IV-100/ა-სა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და შემთხვევათა რეესტრთან; ბ) შემთხვევათა რეესტრსა და ხარჯის დამადასტურებელ დოკუმენტში ჯამური ფინანსური მონაცემების სისწორის გადამოწმება; გ) წარდგენილი დოკუმენტაციის შედარება მიმწოდებლის მიერ შეტყობინებისას დაფიქსირებულ მონაცემებთან და მონიტორინგის შედეგებთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ხოლო მე-15 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შემთხვევები შეიძლება კლასიფიცირდეს ორ ჯგუფად: ა) ასანაზღაურებელი შემთხვევა; ბ) შემთხვევა, რომელიც არ ექვემდებარება ანაზღაურებას.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სადავო აქტების თანახმად, პაციენტ დ.ქ-ისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურება არ ანაზღაურდა „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 21.02.2013 წლის №36 დადგენილების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, რომლის თანახმად, ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევა, როდესაც პაციენტი თავისი ან მისი კანონიერი წარმომადგენლის სურვილით იცვლის/ტოვებს მომსახურების მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებას, მიუხედავად სამედიცინო პერსონალის გაფრთხილებისა (რაც დადასტურებული უნდა იყოს პაციენტის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის ხელმოწერით), მეორე დაწესებულებაში გაგრძელებული შემთხვევის ან რეჰოსპიტალიზაციის შემთხვევის დაფინანსება სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში არ განხორციელდება, გარდა II-III დონის ინტენსიური მკურნალობისა/მოვლისა და ამავე მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირობებისა. სადავო გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ 19.12.2017 წელს მოხდა პაციენტის რეჰოსპიტალიზაცია შპს ,,მ...-ში", ხოლო მანამდე 16.12.2017 წლიდან 19.12.2017 წლამდე იგი იმავე დიაგნოზით მკურნალობდა სხვა კლინიკაში, საიდანაც გაეწერა ხელწერილის საფუძველზე. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ პაციენტის მიერ სამედიცინო დაწესებულების თვითნებურად დატოვების ფაქტი არ დასტურდება სამინისტროს ელექტრონულ ვებ-გვერდზე სამედიცინო შემთხვევების რეგისტრაციის მოდულში ასახული ინფორმაციით, სადაც არ ფიქსირდება კომენტარი - „დაფიქსირდა რეჰოსპიტალიზაცია“. ასევე, გადმოცემულ შეტყობინებაში, „პაციენტის დაწესებულებაში მისვლის ფორმაში“ ელექტრონულად დაფიქსირებულია „გადმოყვანილია შპს ა...-დან“, ხოლო კომენტარში მითითებულია, რომ პაციენტი გადმოყვანილ იქნა კატასტროფის მიერ. ამასთან საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნული საფუძვლით „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში გაწეული სამედიცინო მომსახურება არ ანაზღაურდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სამედიცინო დაწესებულების მიერ პაციენტს განემარტა, რომ მკურნალობის დასრულებამდე სამედიცინო დაწესებულების თვითნებურად დატოვების შემთხვევაში, მისი შემდგომი მკურნალობის საფასური აღარ ანაზღაურდება, პაციენტი წინასწარ უნდა იყოს ინფორმირებული სამედიცინო დაწესებულების თვითნებურად დატოვების გამო მოსალოდნელი სამართლებრივი და ფინანსური შედეგების შესახებ, რაც დადასტურებული უნდა იყოს პაციენტის ხელმოწერით (იხ. სუსგ 06.07.2023 წლის №ბს-347(კ-23))., აღნიშნული კი საქმის მასალებით არ დასტურდება, საქმეში არ არის დაცული აგრეთვე სამედიცინო დაწესებულების პაციენტის სურვილით დატოვების დამადასტურებელი ხელწერილი, შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძვლები არ იკვეთებოდა.
პაციენტ რ.ი-ის შემთხვევასთან დაკავშირებით საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ აღნიშნული პაციენტის სამედიცინო შემთხვევა არ ანაზღაურდა „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 21.02.2013 წლის №36 დადგენილების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე’’ ქვეპუნქტის თანახმად, რომლის მიხედვით, ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევა, როდესაც წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, განმახორციელებელი მიიჩნევს, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს. განსახილველ შემთხვევაში პაციენტს ჩაუტარდა გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება, თუმცა სააგენტოს მიერ აღნიშნული შემთხვევა ჩაითვალა გეგმიურ თერაპიად. საკასაციო სასამართლო მიუთითებს ,,სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამების ფარგლებში სამედიცინო და სადაზღვევო მომსახურების მიწოდების წესების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 14.05.2012 წლის №177 დადგენილების მე-2 მუხლის ,,ნ’’ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, გადაუდებელი სტაციონარული სამედიცინო მომსახურება არის სამკურნალო და დიაგნოსტიკურ ღონისძიებათა ერთობლიობა, რომლის გადავადების ან განუხორციელებლობის შემთხვევაში გარდაუვალია დაზღვეულის დაუყოვნებელი სიკვდილი, უნარშეზღუდულობა ან ჯანმრთელობის მდგომარეობის მნიშვნელოვანი გაუარესება და რომელიც საჭიროებს სტაციონარულ მომსახურებას. ამასთან, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს საქმეში დაცულ ა...-ის პრეზიდენტის 2018 წლის 24 და 27 დეკემბრის წერილებზე, სადაც პაციენტ რ.ი-ის სამედიცინო შემთხვევასთან (სამედიცინო ბარათი №21569) დაკავშირებით აღნიშნულია, რომ ბავშვს ესაჭიროებოდა სტაციონარული მეთვალყურეობა, ვინაიდან კლინიკური მდგომარეობიდან გამომდინარე (თავის ტკივილი, ადინამია, თავბრუ) შესაძლოა დღის წესრიგში დამდგარიყო ნეიროინფექციის გამორიცხვის საკითხიც. მრავალჯერადი ღებინების გამო ბავშვს დასჭირდა ინფუზური თერაპია, რაც ასევე ადასტურებს სტაციონირების საჭიროებას. ამავე წერილით ირკვევა, რომ თავის ტკივილის საერთაშორისო გაიდლაინების მიხედვით ძლიერი ინტენსივობის თავის ტკივილი ითვლება ჰოსპიტალიზაციის ჩვენებად, მათ შორის ინტენსიური თერაპიის დეპარტამენტშიც კი. შესაბამისად, დასახელებული საფუძვლით, პაციენტ რ.ი-ისათვის გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარი დაუსაბუთებელია, არ დასტურდება მოცემულ შემთხვევაში საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. №36 დადგენილების №1 დანართის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დარღვევის არსებობა.
რაც შეეხება გ.გ-ის შემთხვევას, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაშიც ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძვლად მითითებულია საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. №36 დადგენილების №1 დანართის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე’’ ქვეპუნქტი. სადავო გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ საანგარიშგებო დოკუმენტაციის მიხედვით გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების ჩატარება არ დასტურდებოდა. საკასაციო პალატა აღნიშნულის საპირისპიროდ მიუთითებს, რომ საქმეში დაცული მასალების თანახმად დასტურდება, რომ სამინისტროს ელექტრონულ მოდულში მითითებული სამედიცინო შემთხვევა ფიქსირდება გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების კომპონენტით, დიაგნოზით - ნეკროზული ვასკულოპათია M31.9, კოდით - ... , რაც სრულად ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას. ამასთან, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპზე მხარის მიერ წარმოდგენილია ა(ა)იპ საქართველოს პედიატრ-რევმატოლოგთა ასოციაციის წევრის, თსსუ-ის ასოცირებული პროფესორის თინათინ კუტუბიძის რეცენზია, რომელშიც აღნიშნულია, რომ ყველა პაციენტი ნეკროზული ვასკულოპატიით საჭიროებს სტაციონარულ მკურნალობას. რეცენზიაში მითითებულია, რომ პაციენტის - გ.გ-ის მართვა მიმდინარეობდა საერთაშორისო პროტოკოლების სრული დაცვით.
პაციენტ ნ.ი-ის სამედიცინო შემთხვევასთან დაკავშირებით აღსანიშნავია, რომ კლინიკას ანაზღაურებაზე უარი ეთქვა №36 დადგენილების 22.11 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის (რომლის თანახმად, არასწორად(არაჯეროვნად/არასრულად) ჩატარებული მკურნალობის შედეგად გართულებული პაციენტის იმავე დაწესებულებაში იგივე დიაგნოზით ან მისი გართულებით 30 კალენდარული დღის განმავლობაში დამდგარი რეჰოსპიტალიზაციის შემთხვევა, ასევე მკურნალობის პირველი ეპიზოდი, როდესაც განხორციელდა არასწორად(არაჯეროვნად/არასრულად) ჩატარებული მკურნალობა, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში არ ანაზღაურდება) და ამავე დადგენილების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე’’ ქვეპუნქტის საფუძველზე. სადავო გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ 20.12.2017 წლიდან 21.12.2017 წლამდე პაციენტი მკურნალობდა შპს „მ...ში“ დიაგნოზით - ანგიონევროზული შეშუპება. 23.12.2017 წელს მოხდა პაციენტის რეჰოსპიტალიზაცია იმავე კლინიკაში დიაგნოზით - მწვავე ბრონქიტი. აღნიშნული 2 შემთხვევა შინაარსობრივად სააგენტოს მიერ მიჩნეულ იქნა ერთ უწყვეტ გადაუდებელ სტაციონარულ მომსახურების შემთხვევად. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა ადმინისტრაციული ორგანოს მითითება სამედიცინო მომსახურების ორი ეპიზოდის ერთ უწყვეტ შემთხვევად განხილვის თაობაზე, რამეთუ საქმის მასალებში არ მოიპოვება რაიმე სახის მტკიცებულება, რომლითაც უტყუარად დადასტურდებოდა, რომ მოცემული პაციენტის რეჰოსპიტალიზაცია არასწორად (არაჯეროვნად/არასრულად) ჩატარებულმა მკურნალობამ (სამედიცინო მომსახურებამ) გამოიწვია. მხოლოდ განმეორებითი მიმართვიანობის ფაქტის არსებობა უპირობოდ არ წარმოადგენს უკვე გაწეული მომსახურების არაჯეროვნად/არასრულად მიჩნევის და ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველს (სუსგ 12.12.2025 წლის №ბს-727(კ-25)). ამასთან, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს საქმეში დაცულ მედიცინის დოქტორის, პედიატრთა და ნეონატოლოგთა კავშირის - ,,...ას’’ თავმჯდომარის, ნ.ყ-ის 07.12.2018 წლის წერილზე, რომლის თანახმად პაციენტი ნ.ი-ი 20.12.2017 წელს 01:41 საათზე მიიყვანეს კლინიკაში, სადაც მან დაჰყო 37 საათი, ამ პერიოდში ჩატარებული მკურნალობის ფონზე მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა, რის გამოც გაეწერა ბინაზე სათანადო რეკომენდაციით და მკურნალობის გეგმით. იმ ეტაპისთვის მდგომარეობა იყო დამაკმაყოფილებელი, პაციენტი არ საჭიროებდა ჰოსპიტალურ მეთვალყურეობას, შესაბამისად, სტაციონარში შემდგომი დაყოვნების კრიტერიუმები არ იყო სახეზე. გაწერიდან 48 საათში 23.12.17 წელს 16:19 საათზე პაციენტმა კვლავ მიმართა გადაუდებელი დახმარების განყოფილებას. გაწერიდან მე-2 დღეს პაციენტს კვლავ აღენიშნა ცხელება და სუნთქვის გაძნელება. ამავე წერილში აღნიშნულია, რომ ვინაიდან 24 საათზე მეტი უსიცხო პერიოდის შემდეგ პაციენტს კვლავ აღენიშნა ცხელება და უკვე ბრონქოსპაზმი, სავარაუდო იყო ახალი ინფექციის ზედდება.
პაციენტ კ.ა-ის შემთხვევაში, ანაზღაურებაზე უარის საფუძველი გახდა №36 დადგენილების დანართი №1-ის, მე-11 მუხლის პირველი პუნქტი, რომლის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებულია შემთხვევის შესახებ შეტყობინება გააკეთოს განმახორციელებლის მიერ განსაზღვრული კოდირების შესაბამისად. სადავო გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ პაციენტის დიაგნოზი იყო შარდსადენის შევიწროება SUR3593606-/-N35.9, ჰემანგიომა, ხოლო დიაგნოზი/ჩარევა (SUR3593606) იდენტური იყო საქართველოს მთავრობის №36 დადგენილების დანართი №1-ში მითითებული კოდის ICD10- R33-/-შარდის შეკავება, შესაბამისად, ინსპექტირების ეტაპზე არ ანაზღაურდა SUR3593606 კოდი. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო პალატის მოსაზრებას და აღნიშნავს, რომ ნეონატოლოგიურ პერიოდში დაწყებული შემთხვევის ფარგლებში პაციენტის დიაგნოზის კოდირება ხორციელდება NEO კოდებით. დიაგნოზის - N35.9 - შარდსადენის შევიწროება, დაუზუსტებელი, KCSJ00 - ცისტოსტომა განფასება ვებ-გვერდზე - www.... განხორციელდა დადგენილ ვადებში, ამასთან, შეტყობინების „კომენტარის“ ველში ფიქსირდება ჩანაწერის უნიკალური კოდი (3032913), რის საფუძველზეც უნდა ანაზღაურებულიყო ჩატარებული ოპერაციის სრული თანხა, დადგენილი ლიმიტის შესაბამისად.
რაც შეეხება პაციენტების: დ.მ-ის, ნ.გ-ის, ლ.გ-ას, ნ.ა-ის, ნ.კ-ის, ა.ლ-ის, თ.კ-ის, ა.კ-ის, დ.ე-ის, ბ.ბ-ის, ს.მ-ის სამედიცინო შემთხვევებს, სადავო გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი იყო რამდენიმე პროგრამული კოდი, მათ შორის I დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლის კოდი, რომელიც წარდგენილი დიაგნოზებითა და ხანგრძლივობით არ დასტურდებოდა, შესაბამისად, ყველა ზემოაღნიშნულ შემთხვევაში, ინსპექტირების ეტაპზე არ ანაზღაურდა INT0001 კოდი. ანაზღურებაზე უარის თქმის საფუძვლად მითითებულია №36 დადგენილების 15.2. მუხლის „კ“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევა, როდესაც ადგილი აქვს მიმწოდებლის მიერ შეტყობინების სისტემაში ერთი მკურნალობის ეპიზოდის/შემთხვევის ფარგლებში დაფიქსირებული რამდენიმე პროგრამული შემთხვევიდან რომელიმე პროგრამული შემთხვევ(ებ)ის შესახებ ინფორმაციის, მათ შორის, შესაბამისი კოდ(ებ)ის არასწორად დაფიქსირებას. ასეთ შემთხვევაში, არ ანაზღაურდება არასწორად დაფიქსირებული პროგრამული შემთხვევა/შემთხვევები და მასთან ერთად, არ ანაზღაურდება ამ მკურნალობის ეპიზოდის/შემთხვევის ასანაზღაურებელი თანხის 10%. საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს მთავრობის 36-ე დადგენილების, 22-ე მუხლის მე-5 პუნქტზე, რომლის თანახმად, მიმწოდებლის მიერ ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესით წარდგენილი ტარიფი უნდა ითვალისწინებდეს პროგრამული შემთხვევის დასაწყისიდან მის დასრულებამდე სამედიცინო დაწესებულებაში პაციენტისთვის აღმოჩენილ ყველა სამედიცინო აუცილებლობით განპირობებულ ჩარევას, მათ შორის, გაუტკივარების, გამოყენებული მედიკამენტების, სხვა სამკურნალო თუ სახარჯი მასალისა და ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევების ღირებულებას, პოსტანესთეზიური მოვლისა და ინტენსიური მკურნალობის/მოვლის განყოფილებაში პაციენტის დაყოვნების გათვალისწინებით, როდესაც პაციენტები იმყოფებიან ერთი ან მეტი სასიცოცხლო ფუნქციის უკმარისობის განვითარების რისკის ქვეშ და ვიტალური ფუნქციების მოსალოდნელი გაუარესების გამო საჭიროებენ მუდმივ ინტენსიურ მეთვალყურეობასა და ფარმაკოლოგიურ ან/და მინიმალურ აპარატურულ მხარდაჭერას. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული აქტები დასახელებულ სამედიცინო შემთხვევებთან მიმართებით არ შეიცავს დასაბუთებას მიმწოდებლის მიერ წარდგენილი პროგრამული კოდით დიაგნოზი რა გარემოებების, მტკიცებულებების, შეფასებების შედეგად გამორიცხავდა I დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლას და დადგენილ დიაგნოზს. ადმინისტრაციულმა ორგანომ მხოლოდ ზოგადად მიუთითა და არგუმენტირებული დასაბუთების გარეშე დაასკვნა, რომ წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციით I დონის ინტენსიური მკურნალობა და შესაბამისი დიაგნოზი არ დასტურდებოდა. მსჯელობა, იმის თაობაზე, კონკრეტულად თუ რატომ არ საჭიროებდა პაციენტი ამგვარ მკურნალობას სადავო აქტებში მითითებული არაა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო სამედიცინო შემთხვევებთან მიმართებით წარმოებული სამედიცინო დოკუმენტაციით ცალსახად დასტურდება გაწეული მომსახურების, დოკუმენტებში დაფიქსირებული სამედიცინო ჩვენების და სააგენტოსთვის მიწოდებული ინფორმაციის ურთიერთშესაბამისობა.
პაციენტ ლ.მ-ის სამედიცინო შემთხვევასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ თავდაპირველად პაციენტი 24.12.2017 წელს მოათავსეს შპს „მ...ში“ დიაგნოზით - ტკივილი მუცლის არეში. ჩატარებული მკურნალობის შემდეგ იგი იმავე დღეს გაეწერა კლინიკიდან, თუმცა 25.12.2017 წელს პაციენტმა კვლავ მიმართა კლინიკას და ჩაუტარდა სტაციონარული მომსახურება. სადავო გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ აღნიშნული 2 შემთხვევა წარმოადგენდა შინაარსობრივად ერთ უწყვეტ შემთხვევას, შესაბამისად, არ დაექვემდებარა ანაზღაურებას საქართველოს მთავრობის 36-ე დადგენილების დანართი №1-ის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს საქმეში დაცულ, მედიცინის დოქტორის, პედიატრთა და ნეონატოლოგთა კავშირის - ,,...ას’’ თავმჯდომარის, ნ.ყ-ის 07.12.2018 წლის წერილზე, რომელშიც აღნიშნულია, რომ 24.12.2017 წელს გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში პაციენტს გაეწია პირველადი დახმარება, მოეხსნა მუცლის ტკივილი და გაეწერა კლინიკიდან. წერილში აღნიშნულია, რომ მკურნალობის შემდეგ არცერთი ,,განგაშის ნიშანი" (რაც გათვალისწინებულია 2014 წლის ეროვნული პროტოკოლით ,,მუცლის მწვავე და ქრონიკული ტკივილის მართვა ბავშვთა ასაკში") არ იყო გამოხატული, რომლის დროსაც საჭიროა ან ჰოსპიტალიზაცია ან კვლევების გაღრმავება. ქირურგიული პათოლოგია გამორიცხული იყო კლინიკური ნიშნებიდან გამომდინარე და არც ჰოსპიტალიზაციის შემდეგ არ გამოვლენილა. იმ ეტაპზე დამატებითი კვლევის ჩატარების ან ჰოსპიტალიზაციის ჩვენება არ იყო გამოხატული. ამდენად, კასატორის მოსაზრება სამედიცინო მომსახურების ორი ეპიზოდის ერთ უწყვეტ შემთხვევად მიჩნევის თაობაზე არ დასტურდება საქმის მასალებით, ამასთან, საქმეში არ არის დაცული რაიმე სახის მტკიცებულება, რომლითაც უტყუარად დადასტურდებოდა, რომ პაციენტის რეჰოსპიტალიზაცია არასწორად (არაჯეროვნად/არასრულად) ჩატარებულმა მკურნალობამ (სამედიცინო მომსახურებამ) გამოიწვია.
რაც შეეხება პაციენტ ბ.შ-ას სამედიცინო შემთხვევას, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქმის მასალების თანახმად პაციენტმა 26.01.2018 წელს შპს „მ...-ში“ მიიღო გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება დიაგნოზით - გულისრევა და პირღებინება. პაციენტი გაწერილ იქნა კლინიკიდან გაუმჯობესებულ მდგომარეობაში, თუმცა იმავე დღეს, 16:03 საათზე ისევ მიმართა სხვა კლინიკას და მიიღო გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება. მოპასუხემ მიიჩნია, რომ აღნიშნული 2 შემთხვევა წარმოადგენდა შინაარსობრივად ერთ უწყვეტ სტაციონარულ შემთხვევას და ანაზღაურებაზე უარის საფუძვლად მიეთითა საქართველოს მთავრობის 36-ე დადგენილების დანართი №ის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი. საკასაციო პალატა ამ შემთხვევაშიც ყურადღებას ამახვილებს საქმეში დაცულ მედიცინის დოქტორის, პედიატრთა და ნეონატოლოგთა კავშირის - ,,...ას’’ თავმჯდომარის, ნ.ყ-ის 07.12.2018 წლის წერილზე, რომელშიც აღნიშნულია, რომ პაციენტს გაეწია ჯეროვანი დახმარება, მდგომარეობა გაუმჯობესდა, პაციენტმა მიიღო საკვები, არ ჰქონია ღებინება, ვიტალური მაჩვენებლები იყო ნორმალური, არ იყო ცხელება, დიარეა, არ იყო სახეზე საშიშროების არცერთი ნიშანი, არ იყო გამოხატული ჰოსპიტალიზაციის არცერთი კრიტერიუმი, რის გამოც გაეწერა ბინაზე. წერილში მითითებულია, რომ ღებინება შეიძლება ყოფილიყო დაკავშირებული კვების რეჟიმის დარღვევასთან, შეიძლება ყოფილიყო გასტროენტერიტის პირველი გამოვლინება, ხოლო როდესაც სხვა სიმპტომი და ნიშანი არ იყო სახეზე, წინასწარ განჭვრეტა თუ როგორ განვითარდებოდა მოვლენები და გაიშლებოდა კლინიკური სურათი, იყო ძნელი. იმ ეტაპისთვის პაციენტისთვის გაწეული იყო ადეკვატური დახმარება. ამდენად, დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა კასატორის მოსაზრება სამედიცინო მომსახურების ორი ეპიზოდის ერთ უწყვეტ შემთხვევად განხილვის თაობაზე, ვინაიდან საქმის მასალებით აღნიშნული არ დასტურდება.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსკ-ის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომელზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. სასკ-ის 17.2 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, მტკიცების ტვირთი ეკისრება მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელსაც ევალება დაამტკიცოს, რომ მან უზრუნველეყო მის მიერ გამოცემული აქტის კანონის საფუძველზე და მის შესაბამისად მომზადება, მიღება და გამოცემა. წარმოდგენილ საკასაციო საჩივარში კასატორი მიუთითებს კლინიკის მიერ საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. №36 დადგენილების ცალკეული მუხლების დარღვევის თაობაზე, თუმცა რაში გამოიხატა კონკრეტული დარღვევა საკასაციო საჩივარში დასაბუთებული არ არის. ამდენად, ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ უზრუნველყო მტკიცების ტვირთის დაძლევა და ვერ წარმოადგინა ისეთი სახის მტკიცებულებები, რომელიც დაადასტურებდა მოცემულ შემთხვევაში საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. №36 დადგენილების №1 დანართის ცალკეული მუხლებით გათვალისწინებული დარღვევების არსებობას.
საკასაციო პალატა მიუთითებს სსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველ წინადადებაზე, რომლის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მოტივების უარმყოფელ სამართლებრივად დასაბუთებულ არგუმენტაციას. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინება შეამოწმა საკასაციო საჩივრის ფარგლებში, რის შედეგადაც მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო პრეტენზიები უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია.
ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.02.2023 წლის განჩინება;
3. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 200294519) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ 16.03.2026 წლის №06318 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 1063.75 ლარის 70% - 744.63 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გიზო უბილავა
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე
გენადი მაკარიძე