გაუქმდა და შეწყდა

ადმინისტრაციული 29.06.2026
საქმის ნომერი
ბს-209(კ-25)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
29.06.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-209 (კ-25) 29 ივნისი, 2026 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობით:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ქეთევან ცინცაძე, გიზო უბილავა

კასატორი (მოპასუხე) – სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

წარმომადგენლები - გ. ხ-ე, ე. ტ-ი

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – შ. შ-ი

წარმომადგენელი - ზ. რ-ი

მესამე პირი - ი. ბ-ე

წარმომადგენელი - ზ. რ-ი

მესამე პირი - ვ. ვ-ი

წარმომადგენელი - თ. მ-ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 15 ივლისის განჩინება

დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. შ. შ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თელავის რაიონულ სასამართლოს მოპასუხის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2008 წლის 18 მარტის №... გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ; ბ) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 07 ოქტომბრის №... გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ.

სარჩელის თანახმად, თელავის რაიონის სოფელ ...ში შ. შ-ი ფლობს ორსართულიან საცხოვრებელ სახლს ეზოთი და დამხმარე სათავსოებით. მოსარჩელემ 2021 წლის 30 დეკემბერს მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა მიწის ნაკვეთზე უფლებათა სპორადული რეგისტრაცია. რეესტრის მიერ დადგინდა, რომ ნახაზზე დატანილი მიწის ნაკვეთის საზღვარი იჭრებოდა მომიჯნავე მიწის ნაკვეთის საზღვარში (ს.კ. ..., მესაკუთრე - ვ. ვ-ი). აღნიშნულთან დაკავშირებით შ. შ-მა ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა რეესტრს, მოითხოვა მიწის ნაკვეთის (ს.კ. ...) მდებარეობის კანონიერების შესწავლა და მიუთითა, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთის მდებარეობა არ შეესაბამებოდა უფლების დამდგენ დოკუმენტსა და თავდაპირველ მდგომარეობას. სარეგისტრაციო სამსახურმა არ დააკმაყოფილა ადმინისტრაციული საჩივარი და მიწის ნაკვეთის მდებარეობა უცვლელი დატოვა, ხოლო 2022 წლის 9 მარტს შეეწყვიტა მოსარჩელის მიერ 30 დეკემბერს წარდგენილი განცხადების წარმოება, ვინაიდან მას ზედდება ჰქონდა სწორედ ზემოაღნიშნულ მიწის ნაკვეთთან. შესაბამისად, შ. შ-ს წარმოეშვა იურიდიული ინტერესი და საფუძველი, რომ მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს მიწის ნაკვეთზე (ს.კ. ...) განხორციელებული იმ რეგისტრაციების გაუქმება, რომლითაც მას შეეცვალა თავდაპირველი მდებარეობა.

თელავის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 12 ივლისის საოქმო განჩინებით სასკ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაებნენ ვ. ვ-ი და ი. ბ-ე.

თელავის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილებით შ. შ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2008 წლის 18 მარტის №... გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2005 წლის 7 ივლისის სააღრიცხვო ბართის თანახმად, უძრავ ნივთზე, მდებარე თელავი, ...ი, ს.კ. ..., 875 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებზე ...ის საკრებულოს 06.07.2005წ. №266 ცნობისა და საარქივო მონაცემების (ტექ-პასპორტი №..., გაც. 20.07.1988წ.) საფუძველზე რეგისტრირებულია ა. შ-ის საკუთრების უფლება (ტ.1, ს.ფ. 178-191); ბ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2007 წლის 19 ივლისის სააღრიცხვო ბართის თანახმად, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების მესაკუთრედ, 2007 წლის 19 ივლისის უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე (რეესტრში რეგისტრაციის №..., დამოწმებული ნოტარიუს ც. კ-ის მიერ) აღრიცხულია შ. შ-ი (ტ.1, ს.ფ. 167-175); გ) შ. შ-ის მიწის ნაკვეთის მომიჯნავე უძრავი ქონების რეგისტრაციის მიზნით 2008 წლის 13 მარტს ი. ბ-ემ განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს. დაინტერესებულმა პირმა წარადგინა 28.12.1993წ. გაცემული მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი და საკადასტრო აზომვითი ნახაზი (ტ.1, ს.ფ. 75-84); დ) რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2008 წლის 18 მარტის №... გადაწყვეტილების თანახმად, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ფართით 1500 კვ.მ და მასზე არსებულ შენობა-ნაგებობაზე, მდებარე თელავი, ...ი, ს.კ. №..., 1993 წლის 28 დეკემბრის მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე დარეგისტრირდა ი. ბ-ის საკუთრების უფლება (ტ.1, ს.ფ. 85-88); ე) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2008 წლის 21 მარტის გადაწყვეტილებით, უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების (დამოწმებული 18.03.2008 წ. ნოტარიუს ც. კ-ის მიერ) საფუძველზე №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების მესაკუთრედ აღირიცხა თ. ს-ე (ტ.1, ს.ფ. 89-102); ვ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 28 სექტემბრის №... გადაწყვეტილებით, უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე (დამოწმებული 27.09.2011წ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ) №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების მესაკუთრედ დარეგისტრირდა ვ. ვ-ი (ტ.1, ს.ფ. 103-112); ზ) 2011 წლის 5 ოქტომბერს ვ. ვ-მა №... განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის დაყოფის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია (ტ.1, ს.ფ. 113-123); თ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილებით №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის დაყოფის საფუძველზე №... საკადასტრო კოდზე დარეგისტრირდა სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) მიწის ნაკვეთი - დაზუსტებული ფართობი 1370 კვ.მ და მასზე არსებული შენობა-ნაგებობა №1 (მესაკუთრე - ვ. ვ-ი) (ტ.1, ს.ფ. 124-128); ი) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილებით №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის დაყოფის საფუძველზე ... საკადასტრო კოდზე დარეგისტრირდა სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი - დაზუსტებული ფართობი 130 კვ.მ (მესაკუთრე - ვ. ვ-ი) (ტ.1, ს.ფ. 129-131); კ) 2021 წლის 30 დეკემბერს შ. შ-მა №... განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა უძრავ ნივთზე, მდებარე თელავი, სოფ. ...ი, საკუთრების უფლების რეგისტრაცია. (ტ.1, ს.ფ. 14-15); ლ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 05.01.2022წ. №... გადაწყვეტილებით შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება და დაინტერესებულ პირს ეცნობა, რომ მის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემებსა და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის დადგინდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება, კერძოდ, განცხადებას თანდართულ საკადასტრო აზომვით ნახაზზე დატანილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები არ შეესაბამებოდა მომიჯნავე უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს და მიწის ნაკვეთის საზღვარი იჭრებოდა მომიჯნავე მიწის ნაკვეთის საზღვარში (ს.კ. ..., მესაკუთრე - ვ. ვ-ი). ამავე გადაწყვეტილებით დაინტერესებულ პირს ეცნობა, რომ წარმოსადგენი იყო კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი (ტ.1, ს.ფ. 41); მ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 09.03.2022წ. №... გადაწყვეტილებით №... განცხადებაზე შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება, ვინაიდან სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი/ინფორმაცია (ტ.1, ს.ფ. 42); ნ) 2022 წლის 31 იანვარს შ. შ-ის წარმომადგენელმა №... ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა 05.01.2022წ. №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა (ტ.1. ს.ფ. 200-202); ო) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 28 თებერვლის №... გადაწყვეტილებით შ. შ-ის წარმომადგენელს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე (ტ.1 ს.ფ. 203-206).

სასამართლოს განმარტებით, საჯარო რეესტრში მესამე პირის - ი. ბ-ის სახელზე საკუთრების სადავო რეგისტრაციისას უძრავი ქონების ადგილმდებარეობის, კონფიგურაციისა და საზღვრების დადგენა მოხდა მხოლოდ მესამე პირის მიერ წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზების მეშვეობით, ანუ მხოლოდ მის მითითებაზე დაყრდნობით და უძრავი ქონების ზუსტი ადგილმდებარეობის შესახებ ეს მონაცემები სხვა რაიმე დოკუმენტს არ ეყრდნობა. საქმის მასალებით დგინდება, რომ მესამე პირის საკუთრებამ გადაფარა მოსარჩელის სარეგისტრაციო განცხადებაში მითითებული უძრავი ნივთი. ამასთან, ი. ბ-ემ სასამართლოში საქმის განხილვისას დაადასტურა, რომ მისი მიწის ნაკვეთის აზომვითი ნახაზი თავის დროზე არასწორად იქნა შედგენილი. მას აზომვაში მონაწილეობა არ მიუღია, რამაც გამოიწვია მოსარჩელის მიწის ნაკვეთის გადაფარვა.

სასამართლოს განმარტებით, მართალია, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო პასუხს არ აგებს წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე, მაგრამ, ამავე ნორმის მიხედვით, იგი პასუხისმგებელია რეგისტრირებული მონაცემების და მასთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. მითითებული კანონის 23-ე მუხლის ,,ვ1“ ქვეპუნქტის თანახმად, რეგისტრაციაზე უარის თქმის ერთ-ერთ საფუძველს სარეგისტრაციო მოთხოვნის რეგისტრირებულ მონაცემებთან იდენტურობა წარმოადგენს. იმის გათვალისწინებით, რომ უძრავ ნივთზე რეგისტრირებული უფლება გამორიცხავს იმავე ნივთზე სარეგისტრაციოდ წარდგენილი უფლების რეგისტრაციას, მარეგისტრირებელი ორგანო ასეთ შემთხვევაში უნდა იღებდეს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოებაზე უარის თქმის შესახებ. განსახილველ შემთხვევაში, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ სარეგისტრაციო სამსახურს მესამე პირის სახელზე უძრავი ქონების რეგისტრაციამდე უნდა გამოეკვლია ამ ქონებასთან დაკავშირებით სხვა პირის სახელზე არსებული ჩანაწერები, სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტაცია შეედარებინა თავისთან დაცულ მონაცემებსა და სააღრიცხვო ბარათებთან, დაედგინა სადავო მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთები, მესაკუთრეები, გეოგრაფიული მდებარეობა, რათა სარწმუნოდ დაედგინა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტები და ისე გადაეწყვიტა საკითხი. საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, გადამოწმების ვალდებულება სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უფრო მაღალი ხარისხით წარმოეშობა იმის გათვალისწინებითაც, რომ უპირატესად თავად მარეგისტრირებელი ორგანოსათვის არის ცნობილი რეესტრში რეგისტრირებული ყველა მიწის ნაკვეთის ელექტრონული სისტემით აღურიცხაობის შესახებ. სწრაფი რეგისტრაცია საფრთხეს არ უნდა უქმნიდეს სხვა სუბიექტების საკუთრების კონსტიტუციურ უფლებას. სარეგისტრაციო სამსახური მესამე პირის საკუთრების სადავო რეგისტრაციის განხორციელებამდე ვალდებული იყო, დაედგინა სხვა პირის სახელზე უფლების დამდგენი დოკუმენტის არსებობა. მოცემულ შემთხვევაში, არსებობდა მოსარჩელე შ. შ-ის სახელზე არსებული უფლების დამდგენი დოკუმენტაცია, რომელიც ინახებოდა მოპასუხესთან. აღნიშნული დოკუმენტაცია შეიცავდა საკმარის მონაცემებს, რომლის საფუძველზეც მარეგისტრირებელ ორგანოს შეეძლო ნაკვეთის ადგილმდებარეობის დადგენა. კერძოდ, მიწის სააღრიცხვო ბარათით, ჩუქების ხელშეკრულებით და მასთან დაკავშირებული სხვა ჩანაწერებით შესაძლებელი იყო მომიჯნავე უძრავი ნივთის მართლზომიერი მფლობელების, მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის, ფართის და კონფიგურაციის დადგენა. მოსარჩელეს გააჩნდა უძრავ ნივთზე უფლების დამდგენი დოკუმენტაცია, რომელიც არც გაბათილებულა და არც ძალადაკარგულად ყოფილა ცნობილი. აღნიშნული კი ადასტურებს, რომ მას გააჩნია საკუთრების უფლების საფუძველი შესაბამის საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახულ უძრავ ქონებაზე.

სასამართლომ მიუთითა, რომ საკითხის ხელახალი განხილვისას ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია სრულფასოვნად გამოიყენოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება, მოიპოვოს მტკიცებულებები, შეფასება მისცეს როგორც მხარეთა მიერ ადმინისტრაციულ ორგანოში განცხადების განხილვისას წარდგენილ მტკიცებულებებს, ასევე თავად უზრუნველყოს დამატებითი მტკიცებულებების მოპოვება და გამოკვლევა და მხოლოდ ამის შემდგომ მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. ამავე დროს, საკითხის ხელახლა განხილვისას ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა იხელმძღვანელოს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით და გადაწყვეტილება მიიღოს იმგვარად, რომ არ შეილახოს პირის კანონით გარანტირებული უფლებები საკუთრებასთან დაკავშირებით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2008 წლის 18 მარტის №... გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

სასარჩელო მოთხოვნა, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 07 ოქტომბრის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ნაწილში არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ განმარტა, რომ გადაწყვეტილება თ. ს-ის სახელზე განხორციელებული რეგისტრაციის შესახებ სადავოდ არ არის გამხდარი და დღესაც ძალაშია. ასევე, სადავოდ არ გამხდარა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება ვ. ვ-ის სახელზე უძრავი ნივთის რეგისტრაციის შესახებ. ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის თანახმად, რეგისტრაცია რომ ბათილად ან არარად გამოცხადდეს, ბათილად ან არარად უნდა იყოს ცნობილი ის დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც განხორციელდა რეგისტრაცია. ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში, სადავოდ არ გამხდარა ზემოაღნიშნული ხელშეკრულებები და რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებები, ძალაში უნდა დარჩეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 07 ოქტომბრის №... გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ.

2. თელავის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული ოფისისა და ვ. ვ-ის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 15 ივლისის განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ვ. ვ-ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა თელავის რაიონული სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებული შეფასება და განმარტა, რომ მოცემულ საქმეში, მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2008 წლის 18 მარტის №... რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების კანონიერება. აქედან გამომდინარე, უნდა შემოწმდეს მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისობა სარეგისტრაციო წარმოებისათვის დადგენილ საკანონმდებლო მოთხოვნებთან.

,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველ პუნქტზე, მე-2 მუხლის ,,თ’’ და ,,კ’’ ქვეპუნქტებზე, მე-3 მუხლის მე-6 პუნქტზე, მე-4 მუხლის პირველ პუნქტზე, მე-8 და მე-9 მუხლებზე მითითებით სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ უძრავ ქონებაზე როგორც რეგისტრაცია, ასევე მასში ცვლილება, წარმოებს კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის, საკადასტრო მონაცემების და სხვა დოკუმენტაციის საფუძველზე. რეგისტრაციის მოთხოვნით სარეგისტრაციო სამსახურს უნდა მიმართოს დაინტერესებულმა პირმა (მესაკუთრემ) და წარადგინოს სარეგისტრაციო დოკუმენტაცია. ამასთან, მარეგისტრირებელი ორგანოს შეფასების საგანს წარმოადგენს საკითხი - არის თუ არა დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი, ასევე, მარეგისტრირებელ ორგანოში დაცული სარეგისტრაციო დოკუმენტი ამ კანონით განსაზღვრული შესაბამისი რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების წარმოშობის საფუძველი. აღსანიშნავია, რომ კანონი არ განსაზღვრავს სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტაციის კონკრეტულ ჩამონათვალს. შესაბამისად, რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, თავისი შინაარსის გათვალისწინებით უნდა უქმნიდეს ადმინისტრაციულ ორგანოს რეგისტრაციის განხორციელების შესახებ დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ შ. შ-ს გააჩნდა მიწის ნაკვეთზე უფლების დამდგენი შემდეგი დოკუმენტაცია: სააღრიცხვო ბარათი, ჩუქების ხელშეკრულება და სხვა. ასევე ი. ბ-ეს მიწის ნაკვეთზე გააჩნდა უფლების დამდგენი დოკუმენტაცია, მათ შორის, მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი. შ. შ-ის მიწის ნაკვეთის მომიჯნავე უძრავი ქონების რეგისტრაციის მიზნით ი. ბ-ემ განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და წარადგინა დოკუმენტაცია, მათ შორის, მიწის ნაკვეთზე უფლების დამდგენი საბუთი და აზომვითი ნახაზი. აღნიშნული დოკუმენტების საფუძველზე სააგენტოს მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ. საჯარო რეესტრში მესამე პირის - ი. ბ-ის სახელზე საკუთრების სადავო რეგისტრაციისას უძრავი ქონების ადგილმდებარეობის, კონფიგურაციისა და საზღვრების დადგენა მოხდა მხოლოდ მესამე პირის მიერ წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზების მეშვეობით, ანუ მხოლოდ მის მითითებაზე დაყრდნობით და უძრავი ქონების ზუსტი ადგილმდებარეობის შესახებ მონაცემები სხვა რაიმე დოკუმენტს არ ეყრდნობა. საქმის მასალებით დგინდება, რომ მესამე პირის საკუთრებამ გადაფარა მოსარჩელის სარეგისტრაციო განცხადებაში მითითებული უძრავი ნივთი. ამასთან, ი. ბ-ემ სასამართლოში საქმის განხილვისას დაადასტურა, რომ მისი მიწის ნაკვეთის აზომვითი ნახაზი თავის დროზე არასწორად იქნა შედგენილი. მას აზომვაში მონაწილეობა არ მიუღია, რამაც გამოიწვია მოსარჩელის მიწის ნაკვეთის გადაფარვა.

,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის ,,ვ1“ ქვეპუნქტზე მითითებით სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სარეგისტრაციო სამსახური მესამე პირის საკუთრებაში სადავო რეგისტრაციის განხორციელებამდე ვალდებული იყო, დაედგინა სხვა პირის სახელზე უფლების დამდგენი დოკუმენტის არსებობა. მოცემულ შემთხვევაში, არსებობდა მოსარჩელე შ. შ-ის სახელზე არსებული უფლების დამდგენი დოკუმენტაცია, რომელიც ინახებოდა მოპასუხესთან. მიწის სააღრიცხვო ბარათით, ჩუქების ხელშეკრულებით და მასთან დაკავშირებული სხვა საბუთებით შესაძლებელი იყო მომიჯნავე უძრავი ნივთის მართლზომიერი მფლობელების, მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის, ფართის და კონფიგურაციის დადგენა. საქმეში წარმოდგენილი მონაცემების მიხედვით, მოსარჩელეს გააჩნდა უძრავ ნივთზე უფლების დამდგენი დოკუმენტაცია, რომელიც არც გაბათილებულა და არც ძალადაკარგულად ყოფილა ცნობილი. აღნიშნული კი, იმას ნიშნავს, რომ მას გააჩნია საკუთრების უფლების საფუძველი შესაბამის საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახულ ქონებაზე. უძრავი ქონების ადგილმდებარეობა და რეგისტრირებული მონაცემები უნდა იყოს თანხვედრაში, ხოლო დუბლირების გამოვლენის შემთხვევაში უნდა გაირკვეს, თუ რომელს გააჩნია უკეთესი სამართლებრივი საფუძველი. ამასთან, მესამე პირის სახელზე განხორციელებული სადავო რეგისტრაციით არ გაუქმებულა მოსარჩელის სახელზე არსებული უფლების დამდგენი დოკუმენტები, მასთან დაკავშირებული სხვა საბუთები და სახეზეა ერთი და იგივე ობიექტზე ორი მონაცემის კონკურენცია. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე შ. შ-ისა და ი. ბ-ის მიწის ნაკვეთების საკადასტრო მონაცემებში ადგილი ჰქონდა ზედდებას.

სააპელაციო პალატის განმარტებით, საკითხის ხელახალი განხილვისას ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია სრულფასოვნად გამოიყენოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება, მოიპოვოს მტკიცებულებები, შეფასება მისცეს როგორც მხარეთა მიერ ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილ მტკიცებულებებს, ასევე თავად უზრუნველყოს დამატებითი მტკიცებულებების მოპოვება და გამოკვლევა და მხოლოდ ამის შემდგომ მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. ამავე დროს საკითხის ხელახლა განხილვისას ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა იხელმძღვანელოს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით და გადაწყვეტილება მიიღოს იმგვარად, რომ არ შეილახოს პირის კანონით გარანტირებული უფლებები საკუთრებასთან დაკავშირებით.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 15 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული ოფისის მიერ.

საკასაციო საჩივრის თანახმად, სასამართლოს მიერ არასწორად იქნა შეფასებული საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და არასწორად იქნა გამოყენებული ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმები, რამაც განაპირობა სადავო გადაწყვეტილების მიღება. მარეგისტრირებელ ორგანოში დაცული სარეგისტრაციო დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2008 წლის 18 მარტს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თელავის სარეგისტრაციო სამსახურმა მიიღო რეგისტრაციის შესახებ №... გადაწყვეტილება, რის საფუძველზეც თელავში, სოფელ ...ში მდებარე 1500 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და მასზე არსებულ №1 შენობა-ნაგებობაზე აღირიცხა ი. ბ-ის საკუთრების უფლება. უძრავ ნივთს მიენიჭა №... საკადასტრო კოდი. საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს მიღება-ჩაბარების აქტი, რომელშიც მითითებულია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმამდე არსებული ნაკვეთი: 1. სახლთან - ფართობი 1500 კვ.მ. აღნიშნული გადაწყვეტილების შემდგომ, უძრავი ნივთის ამჟამინდელმა მესაკუთრემ ჯერ დაყო მიწის ნაკვეთი (№... (07.10.2011) გადაწყვეტილება), ხოლო შემდგომ შეცვალა დაყოფის შედეგად მიღებული მიწის ნაკვეთების საკადასტრო მონაცემები (№... (04.10.2022) და №... (04.10.2022) გადაწყვეტილებები), თუმცა, თელავის რაიონული სასამართლოს მიერ ბათილად იქნა ცნობილი მხოლოდ რეგისტრაციის შესახებ №... გადაწყვეტილება.

კასატორის განმარტებით, სასამართლოში წარდგენილი იყო წერილობითი მტკიცებულებები, რომლითაც დგინდებოდა, რომ მოსარჩელის მიერ სარეგისტრაციოდ წარმოდგენილ მიწის ნაკვეთს ზედდება უფიქსირდებოდა არა პირველადი რეგისტრაციის შედეგად არსებულ საკადასტრო მონაცემებთან, არამედ, სარეგისტრაციო წარმოებაში მყოფ უძრავ ნივთთან. ასევე, გასათვალისწინებელია ისიც, რომ გეოდეზიისა და გეოინფორმაციის დეპარტამენტის კადასტრის უზრუნველყოფის სამსახურის 2023 წლის 26 ოქტომბრის №... სამსახურებრივი ბარათის თანახმად, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ და №... განცხადებით სარეგისტრაციოდ წარმოდგენილ მიწის ნაკვეთებს შორის ზედდება არ დგინდება.

გარდა ზემოაღნიშნულისა, საყურადღებოა, რომ სასამართლო გადაწყვეტილების დასასაბუთებლად ძირითადად დაეყრდნო ი. ბ-ის ჩვენებას, რომელმაც განმარტა, რომ მისი მიწის ნაკვეთის ნახაზის შედგენა თავის დროზე მოხდა არასწორად, მას აზომვაში მონაწილეობა არ მიუღია, რამაც გამოიწვია მოსარჩელის უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემების გადაფარვა. სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ საკადასტრო აზომვითი ნახაზი შედგენილი იყო იმ პერიოდში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და მასზე ფიქსირდებოდა ი. ბ-ის ხელმოწერა. შესაბამისად, აღნიშნული გარემოება ადასტურებდა, რომ აზომვით ნახაზზე ასახულ მიწის ნაკვეთის საზღვრებს ი. ბ-ე ეთანხმებოდა. ასევე, სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოებაც, რომ №... (16.08.2021) სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში წარდგენილი თელავის მუნიციპალიტეტის მერიის №19-262132162 (17.11.2021) წერილისა და მასზე თანდართული ადგილზე დათვალიერების ოქმის თანახმად, არ დადასტურდა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული და საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული უძრავი ნივთის იდენტურობა. ამდენად, სასამართლომ არ გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3-ე მუხლი, რომლის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. სასამართლომ ბათილად ცნო რეგისტრაციის შესახებ ის გადაწყვეტილება, რომელიც ზიანს არ აყენებდა მოსარჩელის უფლებებსა და კანონიერ ინტერესს.

კასატორის განმარტებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივი უსწორობიდან გამომდინარე, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, №... (18.03.2008) გადაწყვეტილების მიღების პერიოდში მოქმედი „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, რეგისტრაცია განმარტებული იყო როგორც - უძრავ ნივთზე უფლების, უფლების შეზღუდვის, უძრავ ნივთზე მიბმული ვალდებულების, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობისა და მასში ცვლილების შესახებ მონაცემთა აღრიცხვა შესაბამის რეესტრში, რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით. ამავე კანონის მე-20 მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, რეგისტრაცია წარმოებდა როგორც უშუალოდ უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის თუ სხვა დოკუმენტაციის, ისე ამ დოკუმენტაციის ელექტრონული ასლების საფუძველზე. საქართველოს იუსტიციის მინისტრის №800 ბრძანებით დამტკიცებული „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქციის მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის მიხედვით, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი განმარტებული იყო როგორც ნორმატიული ან/და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, სასამართლო (საარბიტრაჟო) აქტი, გარიგება ან სხვა სამართლებრივი აქტი, რომელიც წარმოშობდა უძრავ ნივთზე უფლების, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. ასევე, „საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეთათვის სარგებლობაში გადაცემულ მიწის ნაკვეთებზე დოკუმენტაციის გაფორმების რეგულირების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 28 ივნისის №503 დადგენილებით მინისტრთა კაბინეტმა დაამტკიცა მიღება-ჩაბარების აქტის ფორმა და დაწესდა, რომ მიწის მიღება-ჩაბარების აქტი წარმოადგენდა მიწათსარგებლობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო აქტის გაცემის საფუძველს. საქართველოს იუსტიციის მინისტრის №800 ბრძანებით დამტკიცებული „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქციის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირდებოდა უძრავ ნივთზე უფლებები და მისი საკადასტრო მონაცემები. ამავე ინსტრუქციის 66-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო იღებდა გადაწყვეტილებას რეგისტრაციის შესახებ, თუ არ არსებობდა სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის ან სარეგისტრაციო წარმოებაზე უარის თქმის საფუძვლები. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან რაიონულმა სასამართლომ არსებითად არ იმსჯელა განსახილველ დავასთან დაკავშირებით და თბილისის სააპელაციო სასამართლომაც სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, სახეზეა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დარღვევები, რომელსაც საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა მოჰყვა. ასევე, გადაწყვეტილება არ არის საკმარისად დასაბუთებული და შესაბამისად, არსებობს მისი გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული აბსოლუტური საფუძველი.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 28 თებერვლის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული ოფისის საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2026 წლის 5 მარტის განჩინებით დადგინდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული ოფისის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის განხილვა მხარეთა დასწრებით.

2026 წლის 18 მარტს გამართულ სასამართლო სხდომაზე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა, ასევე ვ. ვ-ის წარმომადგენელმა მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს და აღნიშნეს, რომ სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში დაკორექტირდა ვ. ვ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, რის შედეგადაც მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთთან დღეის მდგომარეობით ზედდება აღარ არსებობს.

შ. შ-ისა და ი. ბ-ის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ დღეის მდგომარეობით მიწის ნაკვეთებს შორის ზედდება აღმოფხვრილია, თუმცა, როგორც შ. შ-ს, ასევე ი. ბ-ეს აქვს ინტერესი, რომ ვ. ვ-ის საკუთრებაში არსებულმა უძრავმა ქონებამ დაიბრუნოს საწყისი კონფიგურაცია და კოორდინატები, რა კონფიგურაციითაც სახელმწიფომ ის გადასცა ი. ბ-ის ოჯახს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2026 წლის 20 მაისის განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა განისაზღვრა მხარეთა დასწრების გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და მხარეთა განმარტებების მოსმენის შედეგად მიიჩნევს, რომ შ. შ-ის სარჩელზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

ა) №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ნივთთან დაკავშირებით დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2005 წლის 7 ივლისის სააღრიცხვო ბართის თანახმად, უძრავ ნივთზე, მდებარე თელავი, ...ი, ს.კ. ..., 875 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებზე ...ის საკრებულოს 06.07.2005წ. №266 ცნობისა და საარქივო მონაცემების (ტექ-პასპორტი №..., გაც. 20.07.1988წ.) საფუძველზე რეგისტრირებულია ა. შ-ის საკუთრების უფლება (ტ.1, ს.ფ. 178-191); 2. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2007 წლის 19 ივლისის სააღრიცხვო ბართის თანახმად, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების მესაკუთრედ, 2007 წლის 19 ივლისის უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე (რეესტრში რეგისტრაციის №..., დამოწმებული ნოტარიუს ც. კ-ის მიერ) აღრიცხულია შ. შ-ი (ტ.1, ს.ფ. 167-175);

ბ) №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ნივთთან დაკავშირებით დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 1. შ. შ-ის მიწის ნაკვეთის მომიჯნავე უძრავი ქონების რეგისტრაციის მიზნით 2008 წლის 13 მარტს ი. ბ-ემ განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს. დაინტერესებულმა პირმა წარადგინა 28.12.1993წ. გაცემული მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი და საკადასტრო აზომვითი ნახაზი (ტ.1, ს.ფ. 75-84); 2. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2008 წლის 18 მარტის №... გადაწყვეტილებით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მდებარე თელავი, ...ი, ფართით 1500 კვ.მ და მასზე არსებული შენობა-ნაგებობა, ს.კ. №..., 1993 წლის 28 დეკემბრის მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე დარეგისტრირდა ი. ბ-ის სახელზე (ტ.1, ს.ფ. 85-88); 3. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2008 წლის 21 მარტის გადაწყვეტილებით, უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების (დამოწმებული 18.03.2008 წ. ნოტარიუს ც. კ-ის მიერ) საფუძველზე №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების მესაკუთრედ აღირიცხა თ. ს-ე (ტ.1, ს.ფ. 89-102); 4. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 28 სექტემბრის №... გადაწყვეტილებით, უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე (დამოწმებული 27.09.2011წ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ) №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების მესაკუთრედ დარეგისტრირდა ვ. ვ-ი (ტ.1, ს.ფ. 103-112); 5. 2011 წლის 5 ოქტომბერს ვ. ვ-მა №... განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის დაყოფის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია (ტ.1, ს.ფ. 113-123); 6. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილებით №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის დაყოფის საფუძველზე №... საკადასტრო კოდით დარეგისტრირდა სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) მიწის ნაკვეთი - დაზუსტებული ფართობი 1370 კვ.მ და მასზე არსებული შენობა-ნაგებობა №1 (მესაკუთრე - ვ. ვ-ი) (ტ.1, ს.ფ. 124-128); 7. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილებით №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის დაყოფის საფუძველზე ... საკადასტრო კოდით დარეგისტრირდა სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი - დაზუსტებული ფართობი 130 კვ.მ (მესაკუთრე - ვ. ვ-ი) (ტ.1, ს.ფ. 129-131);

გ) 2021 წლის 30 დეკემბერს შ. შ-მა №... განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა უძრავ ნივთზე, მდებარე თელავი, სოფ. ...ი, საკუთრების უფლების რეგისტრაცია. (ტ.1, ს.ფ. 14-15); დ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 05.01.2022წ. №... გადაწყვეტილებით შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება და დაინტერესებულ პირს ეცნობა, რომ მის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემებსა და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის დადგინდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება, კერძოდ, განცხადებას თანდართულ საკადასტრო აზომვით ნახაზზე დატანილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები არ შეესაბამებოდა მომიჯნავე უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს და მიწის ნაკვეთის საზღვარი იჭრებოდა მომიჯნავე მიწის ნაკვეთის საზღვარში (ს.კ. ..., მესაკუთრე - ვ. ვ-ი). მითითებულ უძრავ ქონებაზე №... განაცხადით მიმდინარეობდა ცვლილების სპორადული რეგისტრაცია. ამავე გადაწყვეტილებით დაინტერესებულ პირს ეცნობა, რომ წარმოსადგენი იყო კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი (ტ.1, ს.ფ. 41); ე) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 09.03.2022წ. №... გადაწყვეტილებით №... განცხადებაზე შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება, ვინაიდან სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი/ინფორმაცია (ტ.1, ს.ფ. 42); ვ) 2022 წლის 31 იანვარს შ. შ-ის წარმომადგენელმა №... ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა 05.01.2022წ. №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა (ტ.1. ს.ფ. 200-202); ზ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 28 თებერვლის №... გადაწყვეტილებით შ. შ-ის წარმომადგენელს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე (ტ.1 ს.ფ. 203-206).

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო სასკ-ის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ. აღნიშნული დანაწესი ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტს, რომლის პირველი წინადადების თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. ამავე პრინციპს განამტკიცებს „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის მე-3 მუხლი, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება, თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით პირდაპირ მიმართოს სასამართლოს. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო ხელმისაწვდომობის უფლება კონსტიტუციით არის გარანტირებული, მხარის მიერ სარჩელის სასამართლოში წარდგენისას სასამართლო ვალდებულია პირველ რიგში დაადგინოს მოსარჩელის უფლებადამცავი ინტერესის არსებობა. თავის მხრივ, მოსარჩელე ვალდებულია დაამტკიცოს, რომ მისი ინტერესი სწორედ მიღებული ზომების შედეგად დაირღვა, ამასთანავე, ინტერესის არსებობა გულისხმობს მხოლოდ მხარის რეალურ, ფაქტობრივ ინტერესს. სახეზე უნდა იყოს პირდაპირი და უშუალო ზიანი პირის სამართლებრივად დაცულ უფლებასა და ინტერესზე ან უკანონოდ უნდა იზღუდებოდეს პირის უფლება (იხ. სუსგ 28.03.2022წ. №ბს-463(კ-19)). მოსარჩელის პატივსადები იურიდიული ინტერესის არსებობის დადგენისათვის არ კმარა ინტერესის შესახებ მოსარჩელის განცხადება, მოსარჩელე უნდა ასაბუთებდეს თავის ინტერესს, რომელიც უნდა იყოს კანონიერი და პატივსადები. ინტერესის არსებობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ფასდება, თუმცა იგი ობიექტურ მონაცემებზე უნდა იყოს დამყარებული (იხ. სუსგ 07.12.2016წ. №ბს-764-764(2კს-18) განჩინება).

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „სამართლიანი სასამართლოს უფლება მოიცავს უფლების დაცვის შესაძლებლობას საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული მართლმსაჯულების ინსტიტუციური გარანტიების, საერთო სასამართლოს სისტემის მეშვეობით. აღნიშნული, მათ შორის, გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრებას საერთო სასამართლოთა სისტემაში, ხოლო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებას ამავე სისტემის ზემდგომ ინსტანციაში“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 19 ოქტომბრის №2/7/779 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე დავით მალანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). „შესაბამისად, სამართლიანი სასამართლოს უფლება ასევე მოიცავს ისეთ უფლებრივ კომპონენტს, როგორიცაა სასამართლოს ეფექტიანი, ქმედითი ხელმისაწვდომობის უფლება, მათ შორის, სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების გზით უფლების სრულყოფილად დაცვის შესაძლებლობა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 17 ივნისის №1/5/1472 გადაწყვეტილება საქმეზე „ნიკოლოზ ლომიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-6).

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით, „სასამართლო უფლება“, სასამართლოსადმი წვდომის უფლება, არ არის აბსოლუტური და ექვემდებარება ნაგულისხმევ შეზღუდვებს, განსაკუთრებით კი საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით, რამდენადაც იგი თავისი ბუნებით მოითხოვს რეგულირებას სახელმწიფოს მიერ, რომელიც ამ საკითხთან მიმართებით შეფასების გარკვეული ფარგლებით სარგებლობს (ევროსასამართლოს 2000 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე García Manibardo v. Spain, App. No. 38695/97, §36; აგრეთვე, ევროპული სასამართლოს 2002 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Zvolský and Zvolská v. the Czech Republic, App. No. 46129/99, §47). თუმცა ამ შეზღუდვებმა არ უნდა შეზღუდოს ინდივიდის სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობა იმ სახით და იმ ხარისხით, რომ შეილახოს თავად უფლების არსი. ამასთან, მსგავსი შეზღუდვები ვერ იქნება თავსებადი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პუნქტთან, თუკი ის არ ემსახურება ლეგიტიმურ მიზანს ან არ არსებობს გონივრული პროპორციულობის თანაფარდობა გამოყენებულ საშუალებებსა და დასახულ მიზანს შორის (ევროსასამართლოს 2006 წლის 24 მაისის გადაწყვეტილება საქმეზე Liakopoulou v. Greece, App. No. 20627/04, §17; აგრეთვე, ევროსასამართლოს 2006 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე Nedzela v. France, App. No. 73695/01, §45 და 1998 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე Guérin v. France, App. No. 51/1997/835/1041, §37).

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე მოითხოვდა ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2008 წლის 18 მარტის №... გადაწყვეტილება, რომლითაც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მდებარე თელავი, ...ი, ფართით 1500 კვ.მ და მასზე არსებული შენობა-ნაგებობა, ს.კ. №..., დარეგისტრირდა ი. ბ-ის სახელზე. მოსარჩელე ასევე მოითხოვდა ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 07 ოქტომბრის №... გადაწყვეტილება, რომლითაც №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის დაყოფის საფუძველზე №... საკადასტრო კოდის მქონე, ფართობი 1370 კვ.მ დარეგისტრირდა ვ. ვ-ის სახელზე. საყურადღებოა, რომ მოსარჩელე სარეგისტრაციო სამსახურის №... (7.10.2011) და №... (18.03.2008) გადაწყვეტილებების ბათილად ცნობას მოითხოვდა იმ საფუძვლით, რომ მის მიერ 2021 წლის 30 დეკემბერს სარეგისტრაციო სამსახურში წარდგენილი №... განცხადებით მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია ვერ განხორციელდა, რადგან ზედდება დადგინდა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებებით რეგისტრირებულ უძრავ ნივთთან. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო პირველ რიგში ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ უძრავი ნივთების საკადასტრო მონაცემებს შორის ზედდება დადგინდა №... განცხადებასთან დაკავშირებული სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში. ამასთან, ირკვევა, რომ საჯარო რეესტრის მონაცემებით, №... (03.12.2021) სარეგისტრაციო განცხადებით ვ. ვ-ი ითხოვდა №... საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ნივთის რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების შეტანას (ტ.1. ს.ფ. 203-206, იხ. სააგენტოს 2022 წლის 28 თებერვლის №... გადაწყვეტილების ფაქტობრივი გარემოება 4.1.3. და 4.1.4.). შესაბამისად, დასტურდება, რომ ზედდება გამოწვეული იყო რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი №...) დაზუსტების მიზნით მიმდინარე სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში და არა უკვე რეგისტრირებულ მონაცემებთან. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას აპელანტის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ წარდგენილია ინფორმაცია, რომლის თანახმად, №... (დაყოფის შემდეგ №... და №... საკადასტრო კოდები) საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ და №... განცხადებით სარეგისტრაციოდ წარმოდგენილ მიწის ნაკვეთებს შორის ზედდება არ ფიქსირდება (ტ.1, ს.ფ. 421). მხარეთა განმარტებით ირკვევა (რაც ასევე დასტურდება საჯარო ინფორმაციის სახით სარეგისტრაციო სამსახურის ელექტრონულ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით), რომ ვ. ვ-ის №... (03.12.2021) სარეგისტრაციო განცხადებაზე სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა. ამასთან, მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების მომიჯნავედ აიზომა მიწის ნაკვეთი განცხადების ნომრით ..., დაინტერესებული პირი - შ. შ-ი. სარეგისტრაციო წარმოებისას დადგინდა, რომ ვ. ვ-ის საკუთრებაში რეგისტრირებული და სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში აზომილი მიწის ნაკვეთების საკადასტრო მონაცემებს შორის დადგინდა კანონით განსაზღვრული ზედდება. ასევე დადგინდა, რომ გადაფარვის ნაწილში ფიქსირდება მყარი სასაზღვრო მიჯნა (ღობე, შენობა-ნაგებობა, მიწაზე არსებული მრავალწლიანი ნარგავები ან სხვა ბუნებრივ-გეოგრაფიული საზღვარი, რომლითაც შესაძლებელია მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი საზღვრის დადგენა). ვ. ვ-ის სახელზე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის №... განცხადებით დაიწყო სარეგისტრაციო წარმოება და დაკორექტირდა ვ. ვ-ის საკუთრებაში №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საზღვრები.

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არაერთ საქმეზე განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. ამდენად, სასამართლოსადმი მიმართვა უკავშირდება მხოლოდ „თავისი“ უფლების ან თავისუფლების დაცვის რეალურ საჭიროებას, რის გამოც სასამართლოში სარჩელის აღძვრის პროცესუალური უფლებით სარგებლობს მხოლოდ საამისო, ნამდვილი ინტერესის მქონე პირი. მოსარჩელის კანონიერი ინტერესისათვის ზიანის მიყენების საფუძვლით სარჩელის აღძვრა შესაძლებელია, თუკი ასეთი ზიანი პირდაპირი და უშუალოა მოსარჩელისათვის. საკითხის სწორად გარკვევას დიდი მნიშვნელობა აქვს იმისათვის, რომ, ერთი მხრივ, მოსარჩელეს არ წაერთვას ნამდვილი უფლება სარჩელზე და შესაბამისად, სამართლიან სასამართლოზე, ხოლო, მეორე მხრივ, შეცდომით არ მოხდეს სარჩელზე მოსარჩელის არარსებული უფლების განხორციელება და ამით გაუმართლებლად არ შეილახოს მოპასუხის ინტერესები და სამართლიან სასამართლოზე მისი შესაბამისი უფლება. სწორედ აღნიშნული საკითხის გამორკვევას ემსახურება სარჩელის დასაშვებობის ინსტიტუტი ადმინისტრაციულ პროცესში, რომლის მიზანია, კანონით გათვალისწინებულ მთელ რიგ აუცილებელ საკითხებთან ერთად წინასწარ, საქმის არსებითი განხილვის დაწყებამდე გაირკვეს, აღძრული აქვს თუ არა სარჩელი მოსარჩელეს „თავისი“ უფლების დასაცავად, ანუ არის თუ არა მოსარჩელე მოცემულ კონკრეტულ მოთხოვნასა და სამართალწარმოებაზე უფლების მქონე (შეად. სუსგ №ბს-764-764(2კს-18); 27.12.2019წ., №ბს-111(კს-25) 18.11.25).

როგორც ზემოთ აღინიშნა, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-2 ნაწილი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით აღძრულ სარჩელს დასაშვებად მიიჩნევს, თუ არსებობს ერთ-ერთი პირობა, როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი: 1. პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას; 2. პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ ინტერესს; 3. უკანონოდ ზღუდავს მოსარჩელის უფლებას.

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არაერთხელ განმარტა, რომ იურიდიული (პროცესუალური) ინტერესის დაკმაყოფილება არ არის თვითმიზანი, იგი მატერიალურ-სამართლებრივი ინტერესის დაკმაყოფილებას ემსახურება, იურიდიული ინტერესი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება არსებობდეს, უკეთუ სახეზეა მატერიალურ-სამართლებრივი ინტერესი (სასამართლო დაცვის საგანი), უკანასკნელის გარეშე პროცესუალურ უფლებას არ ექნებოდა რაიმე ღირებულება. პროცესუალური უფლების არსი მატერიალური უფლების გამოვლენაში მდგომარეობს. ამასთანავე, კანონიერი ინტერესი არ ნიშნავს იმთავითვე მოთხოვნის კანონიერებას, სასამართლოს მიერ სარჩელის უცილობლად დაკმაყოფილებას. სარჩელის დასაშვებობის ეტაპზე ინტერესის არსებობა, როგორც სარჩელის დასაშვებობის ერთ-ერთი პირობა, გულისხმობს დავისადმი მოსარჩელის ინდივიდუალური, პერსონალური ინტერესის, როგორც ასეთის არსებობას. კანონიერ ინტერესში იგულისხმება, რომ დავა უნდა იყოს სამართლებრივი, დავაში ინტერესი უნდა იყოს კონკრეტული, ლეგიტიმური, პატივსადები, მნიშვნელოვანი. კანონიერი ინტერესის არსებობა გულისხმობს იმას, რომ პირი სასამართლოსადმი მიმართვის უფლებას კეთილსინდისიერად იყენებს, დაუშვებელია ამ უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას (სუსგ №ბს-764-764(2კს-18); 27.12.2019წ.).

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „ა1“ ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით შეწყვეტს საქმის წარმოებას თუ არ არსებობს დავის საგანი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლოში დავის წარმოებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება მოსარჩელის მიზანს. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაუქმების მოთხოვნის მიზანია აღმოფხვრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით დამდგარი მდგომარეობა ანუ აღდგეს აქტის გამოცემამდე არსებული მდგომარეობა. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მიზანი იყო სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2008 წლის 18 მარტის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობით, აღმოფხვრილი ყოფილიყო მის მიერ, 2021 წლის 30 დეკემბერს სარეგისტრაციო სამსახურში წარდგენილი №... განცხადებით მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის დამაბრკოლებელი გარემოება. დადგენილია და დავას არ იწვევს ის ფაქტი, რომ შ. შ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება დღეის მდგომარეობით უკვე რეგისტრირებულია და სადავო მიწის ნაკვეთების საკადასტრო მონაცემებს შორის ზედდება აღარ არსებობს, შესაბამისად მოსარჩელის მიზანი მიღწეულ იქნა და მხარეთა შორის არსებული კონფლიქტი მოგვარდა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ვ. ვ-ის №... (03.12.2021) სარეგისტრაციო განცხადებაზე სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტით და შემდეგში სადაო მიწის ნაკვეთის საზღვრების კორექტირებით. ამდენად, წარმოდგენილი სარჩელით დასაცავი უფლება რეალიზებულია, ვინაიდან, სარეგისტრაციო სამსახურის მიერ ჩატარებული ახალი ადმინისტრაციული წარმოების შედეგად სადავო მიწის ნაკვეთებს შორის ზედდება აღმოიფხვრა.

რაც შეეხება მესამე პირის - ი. ბ-ის წარმომადგენლის მიერ გაჟღერებულ მოთხოვნას - მის მიერ გასხვისებული უძრავი ქონების საკადასტრო მონაცემების პირვანდელი მდგომარეობით არსებულ მონაცემებთან შესაბამისობაში მოყვანასთან დაკავშირებით, პალატა განმარტავს, რომ აღნიშნული სცდება განსახილველი დავის ფარგლებს და ი. ბ-ე უფლებამოსილია აღნიშნულ მოთხოვნასთან მიმართებით იდავოს ცალკე სასარჩელო წარმოების გზით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის შესაბამისად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

თელავის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 25 მაისის განჩინებით, შ. შ-ის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს აეკრძალა სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე განკარგვის ან იპოთეკის უფლებით დატვირთვის შესახებ გადაწყვეტილების მიღება ს/კ ... რეგისტრირებულ უძრავ ქონებასთან დაკავშირებით.

ვინაიდან შ. შ-ის სარჩელზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება, შესაბამისად, ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმის გათვალისწინებით, უნდა გაუქმდეს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის შეწყვეტის შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟის ოდენობა განახევრდება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, მე-9 მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, 272-ე მუხლის „ა1“ ქვეპუნქტით, 1991 მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. შ. შ-ის სარჩელზე შეწყდეს საქმის წარმოება დავის საგნის არ არსებობის გამო;

3. გაუქმდეს თელავის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 15 ივლისის განჩინება.

4. მხარეებს განემარტოთ, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ დაიშვება;

5. გაუქმდეს თელავის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 25 მაისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს აეკრძალა სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე განკარგვის ან იპოთეკის უფლებით დატვირთვის შესახებ გადაწყვეტილების მიღება ს/კ ... რეგისტრირებულ უძრავ ქონებასთან დაკავშირებით.

6. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს.კ 202238621) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 13.02.2025წ. №07185 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 50% - 150 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. მაკარიძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

გ. უბილავა